(ვუძღვნი პაწია ლევანს)

იზარდე, მწვანე ჯეჯილო,

დაპურდი, გახდი ყანაო;

იკურთხოს იმის მარჯვენა,

ვინც გთესა, მოგიყვანაო!

დაპურდი, ჩემო ნუგეშო,

იზარდე თანდათანაო;

ზეცამ გიგზავნოს ცვარ-ნამი,

მზემ შუქი გფინოს თანაო.

ქარმა გაღელვოს ზღვასავით,

მწყერმა მოგძახოს ნანაო;

იზარდე, გაახარევი

ყმაწვილი ჩემისთანაო.

შრომის შვილი ვარ ყარიბი,

არავინ გამიტანაო:

ვისაც კი ძმურად მივენდე,

მან გულს დამასვა დანაო.

ნეტავი აქ არ მამყოფა,

ქალაქში ჩამიყვანაო:

მასწავლა რამე ხელობა,

მასწავლა ანა-ბანაო.

ამაღლდი, თავი დაისხი,

ჯეჯილო, ნორჩო ყანაო;

იმისი საზრდო შეიქენ,

ვინც გთესა, მოგიყვანაო.

ნამგლებით გარსა გეხვივნენ

ბიჭები ჩემისთანაო:

პეტრე, გიორგი, თევდორე,

ბესო და ალმასხანაო.

ჯერს უმზადებდეს თინია,

ა იმ ბერ კაკლებთანაო;

სოსოს ხელადა მოჰქონდეს,

ცივცივი წყაროდანაო.


1885 წ.

მკათათვე დადგა, ჩამოცხა,

ხმელია ყანა სამკალი;

სიცხისა ლული ტრიალებს,

მუშის მტანჯველი, ტიალი.

ბიჭები მკიან ყანასა,

ნამგლებს გაუდის ჟღრიალი;

ჰაერი აღარ მოძრაობს,

არ ისმის ფოთოლთ შრიალი.

სამკლისა პირსა პანტის ქვეშ

დარბიან გოგო-ბიჭები;

ღორ-ხბო დაყრილა ჭალის პირს,

სიცხით შეჰკვრიათ კრიჭები.

არსად სჩანს კაცის ერთგული

ქოფაკი ძაღლი თოლია,

ჩირგვს ქვეშა წამოწოლილა,

სადაც რომ რბილი მოლია.

მუშა იძახის “ჰოპუნას”,

გადუღეღიათ გულები;

ყანის მკას მწკრივად მისდევენ,

ვით ერთად გადაბმულები.

მზემ გადიხარა, აგრილდა,

მიწყნარდა ნამგლის ტრიალი;

ფრინველთა მორთეს გალობა,

ფოთლებმაც იწყეს შრიალი.

შინ ბრუნდებიან მუშები,

სიმღერას გააქვს გრიალი;

ძნით დადებულმა ურმებმა

უსაპნოდ მორთეს ჭრიალი.

მოდიან გოგო-ბიჭებიც,

უკან მოსდევენ ხბორებსა;

თოლიაც თავის თეთრ კუდსა

მორბის და მოაქროლებსა.


1885

  დაბადების თარიღი:    1 ივლისი, 1850
გარდაცვ. თარიღი:    13 მარტი, 1887  (36 წლის ასაკში)
კატეგორია:        პოეტი
დაბადების ადგილი:    სოფელი გარდატენი, გორის რაიონი.

1880 წელს გამოქვეყნდა მისი ლექსების პირველი კრებული – "სტვირი"; მისი პატრიოტული ლირიკა ("წუთისოფელში ცხოვრება", "ახალ მოლექსეს", "მოხუცის სინანული") "თერგდალეულთა" ზეგავლენას განიცდიდა; პოეტის ზოგიერთი ლექსი სიმღერად იქცა ("სამშობლო", "მუშის სიმღერა", "ბედის წყარო"); ჩაგრულთა ხსნის ერთადერთ პირობად პოეტს ცოდნის შეძენა მიაჩნდა; ცოცხალი სასაუბრო მეტყველება, გულწრფელობა და უშუალობა მის ლექსებს ხალხურ პოეზიასთან აკავშირებს; მისი პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.277


მკათათვე

ჯეჯილი

მუშის სიმღერა

თამარ დედოფლის ლექსი

ია

 
ენა

სამშობლო

გლეხის პასუხი

წუთისოფელში ცხოვრება

კალამს

ბედის წყარო

სისაწყლე