1.     ნეტარისა იპოლიტეს თქუმული თარგმანებაჲ ქებაჲ ქებათაჲ
    2.     სიბრძნჱ აქუნდა სოლომონს, არა თუ თჳთ სიბრძნე იყო;
    3.     მადლი პოვა ღმრთისა მიერ, ხოლო არა თუ თჳთ თავადი იგი მადლი იყო;
    4.     შვილი იყო დავითისი, ხოლო არა თუ თჳთ თავადი ქრისტე იყო.
    5.     მ[ო]ე[მად]ლა ღმრთისა მიერ სამთა წიგნთა გამოთქუმად სოფელსა შინა, რომელთა სამთა წიგნთა ძალსა რასმე გამოაჩინებს სულისა წმიდისა წინამძღურებითა,
    6.     რამეთუ მოძღურებითა მადლისაჲთა მოპოვნილ სიტყუაჲ იგი და სიბრძნისა მის თანა დამკჳდრებითა არა უნაწილო ღმრთისაგან იქმნებოდა.
    7.     სამსა რასმე განყოფასა განუჩინებს, რამეთუ სამნი ესე წიგნნი ნებითა სულისა წმიდისაჲთა და ნეტარისა მის პირისა სულისა წმიდისაგან გამოითქუნეს.
    8.     რამეთუ სული წმიდაჲ არს, რომელი გამოიტყოდა სამებასა, რაჲთა მადლი მამისაჲ და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ განითქუას.
    9.     რამეთუ წინაჲსწარ სიბრძნით გამოიტყჳს იგავთა, რომელთა მიერ დასაკჳრვებელი და გამოუჩინებელი მადლი მამისაჲ გამოითქუმის,
    10.     და შესაკრებელი წიგნთაგან, რომელ დაბნელებულნი სიტყუათა მის მიერ მეცნიერებისაჲთა გჳჩუენნა, რამეთუ ძჱ იყო.
    11.     მესამედ ერთობით სულისა წმიდისასა რასმე განაგებს, რომლისა შესხმასა მას სული წმიდაჲ ასწავებდა მრავალთა.
    12.     აწ სამნი ესე ერთობის წიგნ იქმნნეს, ხოლო მესამჱ იგი იყო აღბეჭდვითა სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ პირველ მამაჲ დასაკჳრვებელ
    13.     და სიმდიდრჱ სიბრძნისაგან გამოთქუმულ ქუეყანაჲ შესაკრებელ ბნელისაჲ ძისა მიერ უწყებითა და ბნელ გულისხმის-ყოფითა სოფელსა გამოთქუმულ.
    14.     მესამჱ შესხმაჲ განსამხიარულებელად სულისა წმიდისა და განსაცხრომელად ნუგეშინის-ცემისა, და ცნობაჲ ღმრთისაჲ გამოჩინებულ ყოფილ მრავალთა.
    15.     აწ მის მადლისა ღირს-ყოფილ ჴელითა სულისა წმიდისაჲთა იტყჳს: „ესე არს, რომელმან დაჰბადა ესე ყოველი“.
    16.     არა თუ თჳთ თავადი ესე იყო, არამედ იყო მსმენელ და სწავლულ მის მიერ ესე ყოველი მის თანა, რამეთუ სიტყუაჲ იგი მის მიერ ღაღადებდა,
    17.     რამეთუ თჳთ სიბრძნე იყო და აჩუენებდა ჩუენდა მომართ ამას, რომელი უნდა მამასა მინიჭებად წინაჲსწარმეტყუელთა სიტყჳსა მის მიერ მყოფელთა;
    18.     რომლისა სიბრძნისაგან არა უნაწილო იყო, არამედ [არა] თჳთ სიბრძნე იყო და სიბრძნჱ ამის თანა წურთილ იყო.
    19.     რომელი-იგი იტყოდა, ვითარმედ: „წინაჲსწარ ყოველთა მთათა ვიშევ მე“.
    20.     აწ შობილ სიბრძნჱ იგი მამისა მიერ წინაჲსწარ ყოველთა მთათა, რომლისა სიბრძნისა მიერ განგებულ შუენიერებაჲ იგი ამის სოფლისაჲ.
    21.     რამეთუ ესრჱთ სიბრძნე პირად-პირადითა მით მადლითა მამისაჲთა გჳჩუენებდა შემკობილებასა ბრძანებითა მამისაჲთა.
    22.     ამასვე სოფელსა სიბრძნისა მის თანადამკჳდრებითა სოლომონის მიმართ იტყჳს: „მე სიბრძნე დავემკჳდრე შენ თანა, ზრახვაჲ და მეცნიერებაჲ“.
    23.     აწ მეცნიერებაჲ მიმადლებულ მორწმუნეთა ნებასა გჳთხრობს მამისა ზრახვითა.
    24.     აწ ესე სიბრძნჱ არა თუ სხუაჲ იყო, არამედ ქრისტე და ქრისტე არს ძჱ.
    25.     და რამეთუ ესრეთ არს ესე, წამებს პავლჱ მოციქული და იტყჳს: „ქრისტესა თუ ვქადაგებთ, ძლიერებასა ღმრთისასა და ღმრთისა სიბრძნესა“.
    26.     აწ ესე სიბრძნჱ ითქუმის პირისაგან ნეტარისა სოლომონისა, კეთილსა მადლსა სულისა ნიჭსა გამოთქუმითა შესხმასა ახალსა.
    27.     რამეთუ შეასხმიდა შესხმასა ახალსა, მოსწავებითა ზრახვასა გამოცხადებისასა, ვინაჲ გულისხმის-საყოფელ არს,
    28.     რომელ მერმე ყოფად იყო თქუმად, რომელთა სიტყუათა წინაჲსწარ დასწერს მწერალი იგი გამოთქუმითა სახიობათა და შესხმათა.
    29.     რამეთუ ითქუმის მისთჳს, ვითარმედ წართქუმულ მის მიერ სამ ათასთა იგავთა და ხუთ ათასთა შესხმათა
    30.     და ნაძუთაგან ლიბანისათა ვიდრე მცენარჱთამდჱ რომელ ერდოთა ზედაცა და მფრინველთათჳს და მჴეცთათჳს და ქუეწარმძრომელთათჳს, რომელი იძრვის ქუეყანასა ზედა.
    31.     და სადა არს ესე ყოველი დიდ-დიდი მეცნიერებაჲ? ანუ სადა არს ზრახვაჲ მრავლით ჟამითგან თქუმული? დაეფარა.
    32.     ანუ ვინმე არს, რომელმანმცა გამოთქუა ესე? სადა არიან წიგნნი იგი? რამეთუ არიან იგავნი ესე ხოლო მცირედ ოდენ, რომელ ითქუნეს სიბრძნით;
    33.     არს სხუაჲცა წიგნი ეკლესიასტჱ, განწესებულ შჳდას და რვა მუჴლ, და ქებაჲ ქებათაჲ, რომელ არა უმეტჱს არს უფროჲს სამისა შესხმისა.
    34.     აწ რეცა თუ ყოველნივე იგი წიგნნი წარწყმედულ.
    35.     ხოლო თუ ვისმე ტყუვილ უჩნდეს წერილი იგი, ნუ იყოფინ! არამედ მრავალი დაკლებულ იყო წერილთაჲ ამათ,
    36.     რომლისათჳს მკუეთრი იგი მონიჭებად მადლი ყოფად რომელთათჳსმე სახეთა.
    37.     და წინაჲსწარ დაწერა შესხმაჲ.
    38.     ამათ მიაუწყებს მრავალთა წინაჲსწარგანწესებულთა ამათ შესხმათა, რამეთუ იტყჳს მეუფებათა შინა, ვითარმედ ხუთ ათასნი იგავნი წართქუნა.
    39.     ხოლო აქა დაარჩოდებს, ვითარმედ შესხმასა შესხმათასა [...] ხოლო რომელსა იტყჳს,
    40.     ვითარმედ შესხმაჲ შესხმათაჲ მოგუასწავებს, რამეთუ აქუნდა მის თანა შეკრებულად ხუთ ათასნი, ერთსა მას შინა მკუეთრ გამოაჩინნა.
    41.     აწ მკუეთრ გამოჩინებასა მას შეუდგს ძალიცა და რომელთაჲ იყო ძუელისა მისგან, ყოვლისა მიმართ საჴმრისა სულისა მიერ გამოირჩია.
    42.     და რომელნი ერთვე მოხარკე არიან ეკლესიაჲსა სტუანვითა, ესე მერმე გულისხმის-საყოფელ იქმნა.
    43.     ხოლო რაჲთამცა უწყოდეთ კრძალვაჲ სიტყჳსა ამისთჳს,
    44.     ყოვლითა შეძლებითა და ცოცხლად გამოთქუმულ იხილეთ წერილთა მათგან, და რომელნი არა მოჴსენებულ იგავთა მათ შინა.
    45.     რამეთუ იტყჳს ესრე შორის წიგნთა წერილი იგი: „ესე იგავნი სოლომონისნი გამოუცდელნი, რომელ-იგი გამოირჩიეს საყუარელთა მათ ეზეკია მეფისათა“.
    46.     და გამორჩევაჲ იგი ესე არს შემდგომად აღსრულებისა მის სოლომონისა.
    47.     აწ ვინაჲ არიან იგავნი ესე სოლომონისნი გამოუძიებელ, რომელი გამოიძიეს საყუარელთა მათ ეზეკია მეფისათა?
    48.     ესე არს რომელ მათგან უწყებულ არს თხრობათა მათგან საყუარელთა მათ ეზეკიაჲსთა,
    49.     რომელნი-იგი ბრძენ იყვნეს გამო-რაჲმე-იძიეს მერმე და შესძინეს ძუელთა მათ გამორჩეულთა აღსაშენებელად ეკლესიაჲსა.
    50.     ხოლო ამისიცა მიზეზი ჩას გამოჩინებისათჳს, რამეთუ რომელიმე გარეწარ იყო, და იყო რომელიმე საჴმრად გამოჩინებულ,
    51.     რაჲთა ამათ გამო შენება იყოს, რომელი შემძლებელ იყოს სმენად.
    52.     აწ მათ ყოფილთათჳს დაცემული ძეს საშუვალ ერთღა, ხოლო სხუა რაჲმე ძუელი თხრობაჲ სულიერადი,
    53.     რამეთუ დაძუელებულთა მათ თხრობაჲ თანააც მათ, რომელნი სარწმუნოვებით თხრობად შემძლებელ არიან.
    54.     აწ შეასხამს სული იგი, რომელ ეკლესიათა შინა განწესებულ არს, რამეთუ პირად-პირადად გჳჩუენებს სახეთა განყოფასა,
    55.     რომელთაჲ თანა-გუაც მითხრობად მათ, რომელნი სარწმუნოვებით შემძლებელ არიან სმენად.
    56.     აწ ამისი მოვედით და ვიხილოთ, წინა-დადებული ესე რასა იტყჳს:
    57.     „ამბოვრს-მიყავ მე ამბორებითა პირისა თჳსისაჲთა, რამეთუ შუენიერ არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა.
    58.     და სულნელებაჲ საცხებელისა შენისაჲ უმეტჱს ყოველთა საკუმეველთასა.
    59.     და ვითარცა სულნელებაჲ საცხებელისაჲ განფენილ არს სახელი შენი“.
    60.     რაჲ-მე არს ნებაჲ სულისაჲ, რომლისა მიმართ არს ძალი ესე, ანუ რაჲ-მე სასწაულ ზრახვისაჲ მის იყოს?
    61.     თანა-გუაც მიუწყებად მათა, რომელნი-იგი ისმენდენ, რამეთუ სახჱ ესე ერისაჲ მის არს, რომელი-ესე ევედრების ზეცისასა მას სიტყუასა,
    62.     რაჲთა ამბოვრს-უყოს, რამეთუ პირი პირსა შეხებად ჰნებავს, რამეთუ ძალი სულისაჲ თჳსა მომართ შეყოფად ჰნებავს.
    63.     და იტყჳს: „ამბოვრს-მიყავ მე ამბორებითა პირისა თჳსისაჲთა“, რომელ არს ესე თავადი: მცნებათა მათ მიერ, რომელთა ამცნებს შემოყოფილ ჩემდა ესე,
    64.     რამეთუ პირისა მაგისგან სიყუარული არს, ღირს-მყავ.
    65.     რამეთუ იტყჳს: „უმჯობჱს არიან ჩემდა ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა“.
    66.     რამეთუ, ვითარცა სახედ განამხიარულის ღჳნომან გული, ესე სახედ განამხიარულებენ მცნებანი ქრისტესნი,
    67.     რამეთუ ვითარცა ჩჩჳლნი, რომელნი გამოსწოვენ ძუძუთაგან გამოწოვად სძისა, ეგრეცა სახედ ყოველნი გამოსწოვდენ შჯულისა და სახარებისაგან მცნებათა,
    68.     საჭმელსა სამარადისოსა მოიპოვებენ, რამეთუ ძუძუ ქრისტესა არა თუ სხუაჲ რაჲ არს, არამედ ორნი იგი შჯულნი,
    69.     და სძჱ ესე არა თუ სხუაჲ რაჲ არს, არამედ მცნებანი იგი შჯულისანი.
    70.     აწ მოწუელჱ ძუძუთა მათგან სძჱ, რაჲთა აღშენებულ და სრულ მოწამჱ იყო, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „საწადელ არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა.
    71.     და სულნელებაჲ საცხებელისა შენისაჲ უფროჲს შეზავებულთა საკუმეველთასაო“;
    72.     ხოლო აწ საცხებელი იგი სულნელი ქრისტესი რაჲმე რაჲ არს, [არა თუ სიტყუაჲ,] რამეთუ სიტყუაჲ იგი უმეტჱს საკუმეველთასა მართლად შერაცხილ?
    73.     რამეთუ ვითარცა სახედ შეზავებულნი იგი საკუმეველთანი გამოსცემენ სულნელებასა, ესრჱსახედცა სიტყუაჲ ამოსრულ მამისაგან განამხიარულებს მსმენელთა.
    74.     „სულნელება საცხებლის განფენილ სახელი შენი“.
    75.     ჵ ახალი განყოფაჲ და საკჳრველთა ზრახვათა სულისა წმიდისა მიერ ქადაგებულთა!
    76.     რამეთუ არამე კმა-იყოა თქუმად „საცხებელ სულნელების სახელი შენი“, არამედ „საცხებელ სულნელების განფენილ სახელი შენიო“?.
    77.     რამეთუ ვითარცა სახედ ჭურჭერსა, რომელსა ნელსაცხებელი დგან, დაკრძალულ და დაბეჭდულ ვიდრე არნ,
    78.     ხოლო რაჟამს აღჰჴსნის, გამოსცის სულნელებაჲ თჳსი და აღავსნის მახლობელნი თჳსნი და შორიელნი, ესრჱ სახედცა სიტყუაჲ იგი გულსა მამისასა იყო.
    79.     და ვიდრე არღა გამოსრულ იყო, არავის რას განამხიარულებდა.
    80.     ხოლო რაჟამს გამოუტევა მამამან სული იგი სულნელებისაჲ, მიჰფინა სიტყუამან მან განმხიარულებაჲ ყოველთა.
    81.     ჵ სიკეთჱ სულნელებისაჲ ამის, რ˜ლ მოჰფინა, რაჲთა სოფელი განავსოს! ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „საცხებელ სულნელების განფენილ სახელი შენიო“.
    82.     რამეთუ განეღო ჭურსა მას სიხარულისასა, რომელ არს პირი იგი მამული; წარმოღებითა პატიოსანი იგი სიტყუაჲ მისგან.
    83.     ამას სულნელებასა ზეცით გარდამოუტევებს.
    84.     ესე გარდამოსრულ აღავსებდა ყოველთა; ამის მიერ ყოველი შესხმაჲ წინაჲსწარმეტყუელთაჲ აღივსებოდა და ყოველთა მართალთა მიაქუნდა
    85.     და იტაცებდეს მტაცებელნი, კეთილი სულთა თჳსთა თანა დაკრებულ, რაჲთა აღივსნენ სულნელებითა ერთობით ყოველნივე.
    86.     აწ ისწავე, ჵ კაცო, წინადადებული ესე და განწესებულნი ესე, რამეთუ სულნელება საცხებლისა მამისა მიერ ქრისტე ჩუენდა.
    87.     რამეთუ, რაჟამს წარმართობასა შინა იქცეოდეს და არავინ შენ ზედა მოავლინებდა გმობასა.
    88.     ხოლო აწ სიტყუაჲ სიწმიდისაჲ წინაშე წარმოღებულ და ქრისტეს მიერ სწავლულ ყოფილ, რაჲთა იქმნე მოწაფჱ მუნთქუეს,
    89.     ადრჱ-ადრჱ შეწირულ იქმნეს საცხებელი იგი შენი განფენილ, შრომათა მიმართ გამოჩინებულ.
    90.     ყოველივე მუნქუეს აღძრულ შენ ზედა, რამეთუ სული იყო, რომელი-იგი სიმძიმე ჩნდა, და რომელთამე დაუმძიმდის და რომელნიმე განამხიარულნის,
    91.     რამეთუ სიძლიერჱ ნელსაცხებლისაჲ მის დასამძიმებელ არნ, და რომელნიმე განამხიარულნის, რამეთუ დაამორჩილნის მორწმუნენი ღმრთისანი და შეატყუნის ურჩნი.
    92.     „სულ სულნელების განფენილ სახელი შენი“, იხილეთ სულნელებაჲ საცხებლისაჲ მის განფენილ ...
    93.     პირად-პირადად მრავალთა ზედა მიფენითა მით, რამეთუ დათხეულ შეურაცხ არს, ხოლო მიფენილი არა მოაკლდის ჭურჭერსაცა მას და აღავსებნ მახლობელთა მათ.
    94.     ესევითარსა ბუნებასა შინა არს საცხებელი ესე.
    95.     ჵ საყუარელნო, წყარო სახარების არს და მარადის გამოეცემის და თჳთ თავადსა არა მოაკლდების.
    96.     მოიღე ჭურჭერი, ჵ კაცო, და მოვედ, შემოეახლჱ, რაჲთა შემძლებელ იყო საცხებელითა მით აღვსებად.
    97.     მიიღე საცხებელი ესე პატიოსანი.
    98.     არა თუ სამასის დრაჰკნის განჰყიდო, არამედ უსასყიდლოდ იცხებდი.
    99.     ნუ იქმნები იუდაჲსებრ, რაჲთა არა დასწუხნე, არამედ დაისხ თავსა ზედა სარწმუნოვებითა ქრისტე, რაჲთა თანა-მკჳდრ იყო.
    100.     ამან საცხებელმან განამხიარულნა მართალნი.
    101.     ესე შეყუარებულ ნოვესა, განმართლდა და კიდობნითა მით განერა.
    102.     ესე შეურაცხ-ყოფილ ქამის მიერ და სარცხჳნელი მამისა თჳსისაჲ გამოაცხადა.
    103.     ამის მიერ განმხიარულებულ ნეტარი იგი ებერ არა შეუდგა მათ თანა, რომელთა-იგი გოდლისა საქმჱ ზრახეს.
    104.     ესე შეურაცხ-ყოფილ ნებროთისაგან და საზრდელსა დაუმზადებდა მჴდომთა ღმრთისათა.
    105.     ამისა წადიერ-ყოფილ ნეტარი იგი აბრაჰამ იწრაფა ქუეყანისა მისგან ქალდეველთაჲსა მოსლვად სამკჳდრებელსა მას.
    106.     ამისა წადიერ-ყოფილ ნეტარი იგი ისაკი, შეწირვაჲ თავისა თჳსისაჲ უნდა სოფლისათჳს.
    107.     ამისთჳს განკრძალულ ნეტარი იგი იაკობ ბრჭალსა შებმა-ეყო ესავისსა.
    108.     ესე შეურაცხ-ყოფილ ესავ [მ]ისგან პირმშოებასა მას განეშორა, რამეთუ განიფრდო იგი ჭამადისა მისთჳს.
    109.     ამისი მიტაცებაჲ გულს-იდგინა ნეტარმან თამარ და თავი თჳსი ვითარცა როსპიკმან გამოაჩინა იუდაჲს მიმართ.
    110.     ესე იხილა და დაუკჳრდა ყრმისა ამქუმელსა მას, რამეთუ ყრმასა მას ზედა მეწამულისფერი ნიში ედვა და „ვითარ-მე ღონე-ეცა შენდა ზღუდესა მას?“
    111.     ესე შეიყუარა ნეტარმან იოსებ, მოთმინე იქმნა მისყიდასა მას ეგჳპტედ.
    112.     ამის გამო არა უნდა მიხუეჭად და არა თავს-იდვა დედოფლისაჲ მის, რაჲთამცა განრყუნილ იქმნა განრყუნით.
    113.     ამის საცხებლისათჳს მოთმინებაჲ ისწავა იოსებმან, მთავრად გამოჩნდა მეგჳპტელთა ზედა,
    114.     ამისთჳს მოშურნე იქმნა ნეტარი იგი მოსჰ, თჳთ შურისმეძიებელ და ჴელმწიფე იქმნა ისრაჱლსა ზედა.
    115.     ამისა წადიერ-ყოფილ ნეტარი იგი აჰრონ მღდელად ეცხო.
    116.     ამას შურსა ეძიებდა ნეტარი იგი ფინეეზ და ლახურითა როსპიკსა მას და ზამბრის დაჰგუმერდა.
    117.     ამისა წადიერ-ყოფილ მოლოდებითა ნეტარი იგი ისუ, ძჱ ნავესი, მსახურად მოსესა დადგა.
    118.     აწ იხილეთ, ჵ კაცნო, შესხმაჲ იგი ყოველთა მართალთაჲ, ვითარ წადიერ იყვნეს ამისა, ამას საცხებელსა სულნელებისასა;
    119.     ჵ ნეტარისა მის ისუ ნავესი, რომელი-იგი ახალსა მას ქვისაგან აჩუენებდა, ვითარმცა საცხებელი იგი გამოაჩინა.
    120.     ამის წადიერ ნეტარი იგი ისუ ნავესი, მეორედ ქვითა წინადასცუეთდა ძეთა მათ ისრაჱლისათა.
    121.     ესე შეიყუარა ნეტარმან დავით.
    122.     ამისგან გულისაგან მამისაჲსა შობილი გამოვიდა.
    123.     და რაჲ-მე არს სახჱ იგი ღმრთისა მიერ ნეტარისა ამის დავითისთჳს, ვითარმედ „ვპოვე კაცი დავითი ძეთა შორის იესესთა, ნებად გულისა ჩემისა?“
    124.     რაჲ-მე ეგულების თქუმად ანუ რაჲ გამოთარგმანება არს?
    125.     ჵ კაცნო, იხილეთღა, შუენიერად თქუა მამამან და უმეტჱსად შუენიერად,
    126.     რამეთუ: „ვითარცა სახედ სიტყუაჲ იგი გულისა ჩემისაგან გამოჴდა, ესრე სახედ დავითისგანცამცა გამოვალს კაცი იგიო“.
    127.     რამეთუ იტყჳს: „ვპოვე დავით, კაცი გულითადი ჩემი, ჩემმან მან გულმან სიტყუაჲ შვა და დავითისგან კაცი“.
    128.     ჵ დავითისი, კაცისა მართლისაჲ, რომელ-იგი გულსა მამისასა შეეზავა! აწ ამიერვე ამისგან დიდი ზრახვაჲ საცხებელისაჲ ამის გამოითქუმის.
    129.     ამისა წადიერ ნეტარი იგი სოლომონ, სიბრძნჱ საუკუნოჲ დაიმკჳდრა.
    130.     იხილეთ, ჵ კაცნო, მართალთა მათ შესხმანი, რომელთა ცვალებითი ცვალებად მიიღეს სული წმიდაჲ, ვითარცა საცხებელი.
    131.     ნეტარი იგი დანიელ ამის საცხებლისა წადიერ-ყოფილ და მღჳმესა მას შინა ლომთასა განერა.
    132.     ანანია, აზარია და მისაელ ამისვე საცხებლისა წადიერებით სწადოდა ცხებად.
    133.     ამის გამო ოთხად გამოჩნდეს საჴუმილსა მას შინა.
    134.     რამეთუ საცხებელი იგი იყო, რომელი ვითარცა ცუარი ქუეყანასა ზედა დამოდიოდა.
    135.     ამის საცხებლისა წადიერ ნეტარი იგი იოსებ თანამზრახვალ ღმრთისა იქმნებოდა.
    136.     ამის საცხებლისათჳს წადიერ-ყოფილ ნეტარი იგი ქალწული მარიამ მუცლად სიტყუასა მას მიიღებდა.
    137.     ჵ ახალნი ზრახვანი და ჭეშმარიტნი მართალთა, რომელთა ეჩუენა.
    138.     ესე საცხებელი წადიერად მიაქუნდა მართას, რომელსა ყოვლითა ვედრებითა და ნუგეშინის-ცემითა ქრისტესა ზედა მიაპკურებდა.
    139.     ესე საცხებელი მოიძულა იუდა.
    140.     და ოცდაათის დრაჰკნის ქრისტე განყიდა, რომლისათჳს ღაღადებით იტყოდა: „რაჲსათჳს იყო დაღურაჲ ამის საცხებლისაჲ? ღირდა სამასის დრაჰკნის განსყიდად“.
    141.     სახეს რასმე გჳჩუენებს თქუმული ესე, ჵ კაცნო.
    142.     აწ ვინ-მე იყო საცხებელი იგი, არამედ თავადი ქრისტე?
    143.     არა თუ წინაჲსწარ ვნებათა მათ სასყიდელი იგი დრაჰკანთა მათ მიერ ვნებათა მათ მოგუასწავებს? ვნებათა მათ ოცდაათ დრაჰკნის განსყიდული იპოვა.
    144.     რამეთუ ღირდავე ეგრე ჭეშმარიტებისა მის, რაჲთა ადვილის სასყიდლის განიყიდოს და რაჲთა გლახაკთაცა ადვილად მოპოვნებად შეუძლონ.
    145.     ესრე იყო, საყუარელნო.
    146.     ხოლო ამისგან დიდი იგი ზრახვაჲ გამოგუეცხადების.
    147.     ამისთჳს [იტყჳს]: „საცხებელ სულნელების განფენილ სახელი შენი-ო.
    148.     ამისთჳს ყრმათა ჭაპუკთა ქალწულთა შეგიყუარეს შენ და შეიმოსნეს“.
    149.     ვინ-მე არიან, რომელთა შეგიყუარეს შენ, არამედ ეკლესიათა?
    150.     ანუ ვინ-მე არიან, რომელთა-იგი შთაიცუეს, არამედ ეკლესიათა სარწმუნოვებაჲ ზეცით გარდამო, რაჲთა „მიეფინოს სულნელებაჲ ჩემი თქუენ ზედა?“.
    151.     „ამისთჳს ქალწულთა შეგიყუარეს შენ.
    152.     შეგიმოსეს შენ შედგომითა კუალსა შენსა, კუალსა სულნელებისა საცხებელთა შენთაჲსა მივისწრაფდეთ“,
    153.     რამეთუ შთაცუმითა ქრისტესითა წესიყო მწრაფლ შედგომად კუალსა მისსა.
    154.     „შემდგომად სულნელებასა საცხებელთა შენთასა მივისწრაფდეთ“.
    155.     შეუდეგ ქრისტესა, ისმინე მცნებათაჲ მათ, იქცეოდე განწესებულითა მით, მობმა უყავ მწუერვალთა მათ, რაჲთა დაეყენოს შენი ეგე გულისთქუმაჲ!
    156.     „შემიყვანა მე მეუფემან საუნჯეთა თჳსთა.
    157.     და ვინ-მე არს მეუფჱ იგი, არამედ თავადი ქრისტე? ანუ რაჲ-მე არიან საუნჯენი იგი, არამედ სამეუფონი იგი?
    158.     ამას ერი იგი იტყოდა: „ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ შენდამი“, რამეთუ ყოველთა ესე მიუწესს.
    159.     პირველ გჳთხრობს ყოფილთა მათ, მერმე ყოფადთა მათთჳს ჟამსა სინანულისასა გამოაცხადებს: „ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ შენდა მიმართ“.
    160.     „შევიყუარენ სასძეურნი შენნი უფროჲს ღჳნისა“.
    161.     არაჲ თუ რომელი-იგი შეიზავების ქრისტეს მიერ, არამედ იგი, რომლითა წინაჲსწარ მთრვალობითა დასულბა ნოვე და აცთუნა ლოთი.
    162.     „უფროჲს ამის ღჳნისა შევიყუარენ სძის გამოსადინელნი შენნი“.
    163.     რამეთუ სასძეურნი იგი ქრისტეს მიერ ორნი იგი მცნებანი იყვნეს.
    164.     განამხიარულნის, არა თუ ვითარმცა შე-ხოლო-სულბნის – ამისთჳსცა მოციქული იგი იტყჳს: „ღჳნოსა გარდარეულად ნუ სუამთ მთრვალობით“.
    165.     აწ ამისგან, საყუარელნო, იტყჳს: „შევიყუარენ სასძეურნი შენნი უფროჲს ღჳნისა-ო.
    166.     – სიმართლემან შეგიყუარა შენ“, რამეთუ ერთვე რომელნი სიმართლესა შეუდგან, ესენი არიან, რომელთა შეგიყუარეს შენ.
    167.     ხოლო ურწმუნოთა მოგიძულეს შენ და თანა-მდებ არიან მსაჯულისა მის მიმგებელ[ი]სა.
    168.     „შავ ვარ და შუენიერ, ასულნო იერუსალჱმისანო“, შეცოდებულ ვარ, ხოლო უფროჲს შუენიერ ვარ, რამეთუ შემიყუარა ქრისტემან.
    169.     „შავ ვარ და შუენიერ, ასულნო იერუსალჱმისანო“.
    170.     ყოველნი ნათესავნი შეკერბით და მოვედით და მიხილეთ მე შეყუარებული ესე,
    171.     „ნუ გიკჳრნ ხილვაჲ ესე ჩემი, რამეთუ ვარ დაშავებულ და ნუცა ამისთჳს, რამეთუ მრომედ მომხედა მე მზემან“.
    172.     იხილე სიტყუაჲ შეკრებულთაჲ მათ, რომელთა აღიარეს წარსრული იგი.
    173.     ნუ დახედავთ შეცოდებულსა ამას და ამისთჳსცა, უგულებელსმყო მე ქრისტემან.
    174.     და რამეთუ ამას ჭეშმარიტად მზისთუალსა იტყჳს, რამეთუ იტყჳს ესრე: „და თქუენ მოშიშთა სახელისა ჩემისათა გამოგიჩნდეს მზჱ იგი სიმართლისაჲ“.
    175.     „ნუ მხედავთ მე, რამეთუ ვარ დაშავებულ და ნუცა ამისთჳს, რამეთუ უგულებელს-მყო მე მზემან“.
    176.     უგულებელს-ყო ამისთჳს, რამეთუ ჰრწმენა მისი, რაჲთა დაეგოს მას სინანულითა, რამეთუ: „შვილნი დედისა ჩემისანი მჴდომ მექმნეს მე,
    177.     წინაჲსწარმეტყუელნი იგი უწყინოდ მაწუევდეს მე, ვითარმედ „მოიქეც შჯულსა მოსესსაო“.
    178.     „დამადგინა მე მჴუმილად ვენაჴისა“.
    179.     ჰგონებდეს ჩემსა წარწყმედად შეწყნარებისათჳს მომავალთაჲსა, „ვენაჴი ჩემი ვერ დავიცევ.
    180.     და რამეთუ ერი იგი [ჩემი ვერ დავიცევ, რამეთუ ერი იგი] ისრაჱლისაჲ ვენაჴად თქუმულ არს.
    181.     მოვედ, ესაჲა, წამე, თუ თქუ: „ვენაჴ უფლისა საბაოთისა სახლი ისრაჱლისაჲ.
    182.     ვდეგ და ველოდე, რაჲთა-მცა გამოიღო ყურძენი და მან გამოიღო ეკალი“ ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ „ვენაჴი ჩემი ვერ დავიცევო“.
    183.     „მითხარ მე, რომელ-ეგე შეგიყუარა სულმან ჩემმან“.
    184.     მარქუ მე, ქრისტე, მომიგე სიტყუაჲ, გევედრები „სადა ჰმწყსი, სადა განისუენებ შუვა დღესა?“ დამაგდე და დამიტევე მე.
    185.     წარმართთა მიმართ მიხუედ, ობლად დავშთი.
    186.     დიდი ესე, სიგლახაკისა წადიერ ვიქმენ.
    187.     „სადა ჰმწყსი, სადა განისუენებ“.
    188.     ნუმცა ვიქმნები უგულებელ, ვითარცა წყმედული სამწყსოჲსაგან“, ნუ იყოფინ ესე ჩემდა! რომელმან პირველვე შევიწყნარენ მომავალნი, ვითარმცა აწ ნასხორ წარმართთა ვიყავ.
    189.     მუნქუესვე მიიწია ჴმაჲ იგი თხოვისაჲ და გამოცხადებულ მიერითგან ქრისტე.
    190.     ჴმაჲ იგი, რომელი უწესს ერსა მას.
    191.     „უკუეთუ არა საცნაურ იყო შენ, შუენიერი დედათა შორის“.
    192.     ხოლო ესე არს: „უკუეთუ არა მოიქცე ყოვლითა გულითა შენითა და თუ აღიარნე ცოდვანი შენნი, რაჲთა განჰმართლდე,
    193.     და თუ არა-საცნაურ იქმნე შუენიერი დედათა შორის, რომელ-ეგე იქადოდე და იტყოდე: „შავ ვარი მე და შუენიერ.
    194.     შეცოდებულ ვარ, ხოლო შეყუარებულ ვარო“, ვერაჲთ შეწევნა არს შენდა შეყუარებაჲ ეგე.
    195.     ხოლო რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი ქვათაგანცა აღდგინებად შვილად აბრაჰამისა, ნუ შეგიტყუვებნ შენ აღთქუმული იგი წინანდელთა მამათაჲ.
    196.     არა თუალვახუნე კაცთა, ხოლო აწ არა თუ იცნა თავი შენი და თუ არა შეინანო, აბრაჰამი აჰა ჴსნილ არს,
    197.     ხოლო შენ ვერაჲ გარგოს, რამეთუ ნათესაობაჲ მისა შესაწევნელ არნ, რომლისა თანა სარწმუნოვებაჲ იპოვის.
    198.     ხოლო მქონანმცა საქმენი კეთილნი, რაჲთა მართალთა მათ ნათესავთა გამორჩევა იყოს.
    199.     ამისთჳს თუ არა ვინმე გიცნას შენ შუენიერი ეგე დედათა შორის, „განვედ და შეუდეგ კუალსა სამწყსოთასა და დამწყსენ თიკანნი შენნი“,
    200.     რომელ არს ესე: უჴამური და შიშუელი მომდევდ მე, რამეთუ ცხოვარნი რჩეულნი გამოვირჩიენ ჩემდა და თიკანთა შორის შერაცხილ ხარ შენ, გარდაწონილი ეგე მარცხლ.
    201.     ხოლო ჩემდა მარჯუენით ცხოვარნი იგი შემირაცხიან.
    202.     არღარა ამიერითგან შენდა ისრაჱლი სამწყსოდ შეთუალულ, რამეთუ იაკობისა თეთრნი იგი და ფერად-ფერადი იგი, და მღიერთა მათ განაშორებდა.
    203.     რამეთუ იაკობს თჳსსა მას სამწყსოსა განუჩინებს და ლაბანისა მრავალფერნი იგი.
    204.     ამისთჳს თეთრი იგი ხოლო თუ ფერი იაკობისა და მრავალფერი იგი ლაბანისა, რამეთუ ერთვე, რომელ-იგი აღბეჭდულ არნ, იგი შესწავებულ არს.
    205.     ხოლო რომელ-იგი აღბეჭდულ არს, იგი დამწყსე უჴამურმან.
    206.     „უკუეთუ არა შუენიერ იყო შენ, საცნაური დედათა შორის, განვედ და შეუდეგ შენ კუალსა სამწყსოთასა და დამწყსენ თიკანნი შენნი სამწყსოსა მწყემსთასა“.
    207.     აწ მივედ წარმართთა და იქმენ სახე ყოველთა შარავანდედთა.
    208.     მეფეთასა მას მწყემსად იტყჳს, რომელთა მიმართ მივიდა, ყოველსა სოფელსა მიეფინა.
    209.     „უკუეთუ არა საცნაურ იყო შუენიერი ეგე დედათა შორის, განვედ კუალსა სამწყსოთასა“.
    210.     „საჴედარსა მას ჩემსა ეტლთა მათ შინა ფარაოჲსთა გამსგავსე შენ, მახლობელი ეგე“.
    211.     ჵ დიდთა ზრახვათაჲ, ჵ ჭეშმარიტებისაჲ, რომელ მართლად მოგუეთხრა! უკუეთუ მოიქცე შენ, ერო, მაშინ შეგრაცხო შენ თავისა ჩემისაო.
    212.     ვითარცა საჴედრისა მის ჩემისაჲ, რომელ შებმულ ეტლთა მათ ფარაოჲსთა.
    213.     და ამათ ჟამთა საჴედარი პატიოსან, და ფარაოჲს მეფისა მეგჳპტელთაჲსა ეტლნი;
    214.     ვითარცა სახედ ესე ურთიერთას შედგომილ დიდებულ არს და შუენიერ, ეგრეცა შენ შუენიერ იყო, უკუეთუ შეინანო.
    215.     და იხილეთ მერმე ახალი მადლი განყოფისაჲ.
    216.     რამეთუ საჴედარი იგი იყო ერისა მისგანი, ვითარცა ნეტარნი იგი მოციქულნი წარტევებულ სრბად, ვითარცა საჴედარნი სოფელსა შინა.
    217.     და ეტლ შესაკრებელი წარმართთაჲ და შებმულ მოციქულნი იგი ეკლესიასა შინა ზიდვედ მართლად განგებითა და აღსავალთა ზეცისათა.
    218.     და რამეთუ საჴედარ მოციქულნი ითქუმიან, იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „წარავლინენ წინაჲსწარმეტყუელნი შენნი და აღარღჳენ წყალნი მრავალნი“.
    219.     და მერმე იტყჳს: „აჰჴედ შენ ეტლთა შენთა, და მჴედრობაჲ შენი ცხორება არს სოფლისა“.
    220.     ხოლო რომელ-იგი თქუა: „წარავლინენ ჰუნენი შენნი, აღარღჳენ წყალნი მრავალნიო“, აღრღუევა ნათესავთა მრავალთა,
    221.     რომელნი ვითარცა წყალნი ღელვითა აღრღუეულ დაიმუსრვოდეს, რომელნი აღრღუეულ დაუცხრომელობისაგან.
    222.     აწ სადგურსა შინა დამწყსილ და მცნობელ ქრისტესა განმართლებულ.
    223.     ჵ შუენიერნი ერნი საჴედარნი, რომელთა ვლდომაჲ სრბით მართალთაჲ მოიპოვეს,
    224.     რომელნი არა ბრკიალებითა ჴრმლისაჲთა, არცა ღუაწლით რას აშენებდეს, არამედ ყოველსავე მშჳდობით ახარებდეს.
    225.     რამეთუ ესე საჴედარნი ურთიერთას დაუღლვილ, არცა განდრეკილ ურთიერთას და არცა მჴდომ, არა რაჲ დაშთომილ გულისაგან და არცა განმგდებელ უღლისა.
    226.     არამედ აჰა, ვითარცა გამოცდილნი უღელსა დამორჩილებულ მოიზიდვენ ნათესავთა მრავალთა ვითარცა ეტლთა ჴსნისათჳს დაუღლებულნი.
    227.     აწ საჴედარნი იგი ათორმეტნი უმწყნი მართალნი დაუღლვილ წარმართებულ იპოვნეს.
    228.     აღსაგებელითა სიყუარულისაჲთა ვითარცა ღუედითა განმტკიცებულ და უღელსა მას სარწმუნოვებისასა დამორჩილებულ.
    229.     ოთხითა რეცა ურმის თუალითა ზრახვასა მიმოდებისასა ოთხთა მათ მახარებელთასა უთხრობდეს;
    230.     კეთილსა, ეტლისა წარმამართებელსა, სიტყუასა მას მიმოდაჰფენდეს და სრბასა სიმართლისათჳს აღმასრულებელ,
    231.     ათორმეტთა მათ მიერ აღსაშენებელად სოფლისა, ყოველთა ნათესავთა თჳსა მიიჩინებდეს, ვითარცა წყალთა აღძრულთა.
    232.     ჵ სანატრელებაჲ ნეტართაჲ მათ საჴედართაჲ, რამეთუ იყვნეს ამათნი იგი ურმის თუალნი,
    233.     ვითარცა შორის ურმის თუალთა, რამეთუ იყო ახალი ესე სახარებაჲ ძუელსა მას შჯულსა შებმულ.
    234.     ხოლო აწ დიდად შუენიერ ეტლნიცა იგი არიან, რამეთუ მრავალ სახედ გამოხატულ იქმნეს.
    235.     რამეთუ იყო მათ თანა ლომი და ვაზი ვენაჴი და კაცი და ორბი იგი.
    236.     ჵ ახლისაჲ პირად-პირადი სახჱ სახარებისაჲ მის, მართალთა თანა ეტლთა დაუღლვილ! რამეთუ იყო ლომი იგი ამისა, ვითარცა მეუფჱ მათჱ მახარებელისაგან ქადაგებულ.
    237.     და იყო ვაზი იგი ვითარცა ვენაჴი მღდელთმოძღურისა ლუკაჲსგან ქადაგებულ.
    238.     და იყო მისა კაცი იგი, ვითარცა ვნებული, მარკოზის მიერ გამოთქუმულ და იყო მისა ორბიცა იგი, ვითარცა სიტყუაჲ ნეტარისა იოვანეს მიერ ცად აღფრინებულ.
    239.     ამის ზრახვისა მიერ მიმოქადაგებისა მის ზრახვაჲ უწყებულ იქმნა.
    240.     ამას ეტლსა შემოდგომილ ურმის თუალნი, რომელთა არა უკუნ-აქციეს კუალსა, რამეთუ იყო ეტლთა მათ შინა სული სასწაულისაჲ.
    241.     რამეთუ ეზეკიელის მიერ მოგუეთხრა, რამეთუ იყო სახარებასა მას შინა სული იგიცა მრავალ თუალითა სავსჱ, პირად-პირადთა ნათესავთა მოწოდებითა მცნებათა მიერ.
    242.     აწ ესე არს საჴედართა მათ შორის მართალ და ამისთჳსცა ღაღადებს და იტყჳს: „საჴედარი ეგე ჩემი ეტლთა შინა ფარაოჲსთა გამსგავსე შენ, მახლობელი ეგე ჩემი“.
    243.     შეინანე, შესაკრებელო, რაჲთა შენცა ჰქადაგებდე ქრისტესთჳს, ვითარცა საჴედარი ექმენ მალჱ სრბად სოფელსა შინა ვითარცა-იგი პავლჱ და მწყემს ვითარცა-იგი პეტრჱ,
    244.     რაჲთა მართალ ქრისტეს მიერ გამოშჩნდე, ანუ ვითარცა სანატრელი მოწაფეთა მათგანი, რაჲთა საჴედართა მათ თანა გამოუთქუმელთა აღბეჭდო.
    245.     ჵ ახალთაჲ მათ ზრახვათაჲ! რამეთუ მიაგებს მისაგებელსა მართალსა, ვითარმედ: „საჴედარსა მას ჩემსა გამსგავსე შენ, ეტლთა მათ ფარაოჲსთა, მოახლებულო ჩემდა“
    246.     უკუეთუ შეინანო, ისწავე, რომლითა შუენიერებითა შემკულ-ყოფად ხარ.
    247.     „რამეთუ განშუენდეს საკეთენი შენნი, ვითარცა გურიტნი“, რამეთუ გაქუს სიმეწამულჱ სარწმუნოვებისაჲ, განმაკრძალებელი სიტყჳსა მიერ.
    248.     „ქედი შენი ვითარცა სეროჲს ძისაჲ“.
    249.     რამეთუ კადნიერებაჲ იგი აზნაურებისაჲ გაქუს.
    250.     არა ხოლო თუ თავდაკიდებულად ხედავ, არამედ მაღლად ზეცად მიმართ.
    251.     „მსგავსი ოქროჲსაჲ გიქმნეთ შენ ქანქართაგან ვეცხლისათა“.
    252.     რამეთუ მათგანი, რომელი ზომად ოდენ შჯულისა მიერ სარწმუნო იქმნა, ხოლო აწ გარდარეულ შუენიერებაჲ ოქროჲსაჲ მკჳდრყოფილ და სახარება.
    253.     რამეთუ ქანქართაგან ვეცხლისათა მსგავს ოქროჲსაგან იქმნეს შენდა, რამეთუ გამსგავსებ შენ კაცთა მართალთა, რომელნი ვითარცა ოქროჲ გამოცდილ და განწმედილ არიან.
    254.     „ვიდრე მეუფჱ იგი საინაჴესა თჳსსა არს“.
    255.     რამეთუ ქრისტე მოსრულ და მოწევნულ მეუფებითა; „ნარდიონ განფენილ სული მისი; ჭურჭერ დაკრძალულ ჩემდა დისწულაკი იგი ჩემი.
    256.     „ნარდმან ჩემმან გამოსცა სულნელებაჲ თჳსი.
    257.     საცხებელი მადლისაჲ განეფინა, რაჲთა წინადაცუეთილებაჲცა შემძლებელ იყოს განრინებად სანელსაცხებლე ჭურჭერ ქრისტე,
    258.     ჴორცთა მათ შემოსითა საბლითა სიყუარულისაჲთა განმტკიცებულ, რაჲთა ამის გამო, ვითარცა ტევანი დაჭყლემულ.
    259.     „დისწულაკი ჩემი შორის სასძეურთა ჩემთა დამკჳდრებულ“.
    260.     რამეთუ ცხებულ შჯულისა და სახარებისა იყო „ჭურჭერ სანელსაცხებლჱ დისწულაკი ჩემი, შორის ძუძუთა ჩემთა დაიმკჳდროს“.
    261.     „ნარდიონ, ვითარცა სიჰპროსისაჲ დისწულაკი ჩემი ვენაჴოვანსა შორის ენდადისასა“.
    262.     ჵ შუენიერებაჲ იგი კიპროსისი ჴელითა, რომლისა მიერ შემკობილ ცხებულებაჲ, რაჲთა ვენაჴოვანი იგი ენდადისაჲ მართლად შერაცხილ იყოს.
    263.     ენდადი ადგილი ერთი არს ჰურიასტანით კერძო, რომელსა-იგი აპრსამი იპოების.
    264.     არიან მუნ ვენაჴოვანნი აღტევებულნი ხეთა.
    265.     ესე მოპოვნილ გამოსახვითა ხეთა მათგან გამოსცემს ნელსაცხებელსა მას.
    266.     აწ იტყოდის: „დისწულაკი იგი ვენაჴოვანსა მას ენდადისასა“.
    267.     მოგუასწავებს ამას: ძლიერ იყო ძელსა მას ზედა ვნებითა, და გუმერითა გუერდსა ძელსა მას ზედა გამოუტევებს სულნელებასა, ვითარცა აპრსამისასა.
    268.     ვითარცა სიტყუაჲ პირისა მისისაგან გამოეცემოდა, ესრეთ ქრისტემან გამოსცა სულნელებაჲ თჳსი.
    269.     ხოლო, საყუარელნო, ვიდრემდის დგენ ნაყოფნი იგი ძელსა მას ზედა ვენაჴსა შინა, ვიდრე არა დაჭყლემულ, არა გამოსცის სულნელებაჲ თჳსი.
    270.     ხოლო რაჟამს ჴელოვნისაგან მახჳლითა დაისხლის, მუნქუესვე ადრჱ-ადრჱ ცრემლი გამოსცის რამეთუ ქრისტეცა მაშინ ერსა მას ზედა ცრემლოოდა,
    271.     რამეთუ შემძლებელ იყო მათ ზედა მიფენად სულნელებისა, შეწევნისა ყოფითა განცხადებულად,
    272.     რამეთუ ძელსა მას ზედა დაიწყლა ვენაჴოვანსა მას, რაჲთა კეთილი სულნელებაჲ ნელსაცხებელისაჲ გჳჩუენოს და რამეთუ სიტყუაჲ იგი, საყუარელნო.
    273.     მერმეცა ჴორცთა მათ შინა დაემკჳდრა და რამეთუ დიდი იგი რეცათუ დამცირებული გამოჩნდა, რაჲთა გამოჩინებულ იყოს; და ახალსა მადლსა განყოფისასა უჩუენებდა.
    274.     მდიდარი იგი დაგლახაკნა ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენ სიმდიდრითა მისითა განვმდიდრეთ.
    275.     აწ ამიერითგან, საყუარელნო, დამოკიდებულ ესე ძელსა, კეთილი სულნელებაჲ ნელსაცხებლისაჲ გამოჩნდა.
    276.     რამეთუ დაიმდაბლა თავი და წარმომართებულ წარმოიმღერნა სიტყუამან მან და მას ჟამსა აღავსნა.
    277.     გამოფენილ სულნელებაჲ იგი, რაჲთა მერმეცა მოწყალებაჲ განყოფისაჲ გამოჩნდეს მის საცხებელისა სულნელებისა მიფენითა განსამხიარულებელ,
    278.     რამეთუ გამოეცა მამისა გულისაგან და ახარა ქუეყანასა.
    279.     თჳთ აღმაღლდა ქუეყანით და გამოჩნდა ვითარცა სულნელებაჲ საცხებელისაჲ და აღისწრაფა ზეცად; ცით მოფენილი ქუეყანით ზეცად აღვიდოდა.
    280.     რამეთუ ცუარი ნაყოფის გამომღებელი მაღლით გარდამოჴდა, რაჲთა ქუეყანისანი ესე ცხორებად აღიბეჭდნენ,
    281.     რომელ არს ესე: სიტყუაჲ იგი გარდამოსრულ, რაჲთა კაცნი ცად აღსლვად შემძლებელ იყვნენ.
    282.     ესე სახეთა მათ მსგავსებაჲ გამოჩინებულ სიტყჳთა მით, ვითარმედ: „დისწულაკი ჩემი ვენაჴოვანსა მას ენდადისასაო“.
    283.     და მუნქუესვე მიუგებს და იტყჳს: „აჰა, მე შუენიერ, მახლობელო ჩემო, აჰა მე შუენიერი“.
    284.     ამასვე მიუგებს მერმეცა: „ხოლო აღმიარე მე კეთილად, ამის სახისათჳს უმეტესად აღგიარო შენ შუენიერი“.
    285.     აწ უკუე რაჲ-მე არს იგი, რომელსა-იგი ქრისტე იტყჳს, ვითარმედ „შუენიერო ეგე-ო“, არამედ მისთჳს თუ „მჴნდე, ასულო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი?“.
    286.     მიუგო მერმეცა და თქუა: „აჰა მე კეთილ, დის-წულაკო ჩემო, და შუენიერ“, რამეთუ ყოველთა მე საყუარელ და მათაცა, რომელთა არა გიციან შენ.
    287.     რამეთუ მას ჟამსა, რომელთაცა არა იცოდეს, მიუწყებულ იქმნნეს ქრისტეს მიერ.
    288.     მაშინ კეთილად გულისხმისმყოფელ წამონ.
    289.     და თქუა: „ჵ ბრძენ ვინმე არს კაცი ესე და დიდ და არა ცნობილ, ვითარმედ ღმერთი არს!“ აწ ამიერითგან, ჵ კაცნო, გულისხმა-ყავთ, რაჲ-ესე წინა-გჳც.
    290.     „აჰა მე შუენიერ, დისწულაკო ჩემო, და განკეთებულცა, ცხედარსა მას ჩემსა მაგრილობელ“.
    291.     რაჲ-მე ეგულების თქუმად სამკჳდრებელისა მისთჳს? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ „ცხედარსა მას ზედა კეთილად მაგრილობელო“.
    292.     მოგუასწავებს გულისასა მას მადლსა, რომელ მაგრილობელ არს ყოველთა, რომელთა ხორშაკი შეემთხჳოს,
    293.     რამეთუ ვითარცა სახედ, რომელნი ხორშაკისაგან საგრილთა ადგილთა მიივლტიედ განსუენებისათჳს მას ქუეშჱ, ესრე სახედცა ყოველნი,
    294.     რომელნი ცოდვითა შეპყრობილ არიედ, წადიერებით მიისწრაფედ საგრილსა მას ქრისტესსა, რაჲთა საგრილსა მას სულისა წმიდისასა მიიწიოს.
    295.     „ცხედარსა მას ჩუენსა ზედა კეთილად მაგრილობელ“.
    296.     „ჴელ სახლთა ჩუენთა ხეთაგან ნაძუთაჲსა“.
    297.     აწ ვინ არიან ესე, არამედ მამანი? რამეთუ ვითარცა სახედ ნაძჳ არა დალპის, ესრე სახედ დიდებაჲ იგი მამათაჲ არა დაფარულ.
    298.     „სათხეველ ჩუენდა საროჲსაგან“.
    299.     რამეთუ სათხეველსა ყოველი იგი მოქმნილებაჲ უტჳრთავს.
    300.     ჵ საყუარელნო, საროჲსა ყუავილი არასადა მოაკლდების, არამედ აქუნ მსგავსებაჲ იგი თჳსი სამარადისოდ და ეგრევე ჰგიენ ზაფხულსა და ზამთარსა.
    301.     ეგრეცა სახედ მოციქულნი არასადა დამცირდიან, სათხეველ და სამტკიცებელ ეკლესიათა არიან.
    302.     ხოლო აქუს ძალი სულისა წმიდისა შეძლებითა და რომელ-იგი მას ზედა არნ, შემძლებელ არნ პყრობად.
    303.     „სათხეველ ჩუენდა საროჲსაგან“.
    304.     იწყებს ამიერითგან ქებად თავისა თჳსისა განმართლებითა და იტყჳს: „მე ყუავილ ველის“.
    305.     რამეთუ არა სივრცესა ქუეყანისასა განფენილ არს, რამეთუ შენდა სარწმუნოვებითა აჰა, ყუავილ ვარ ყოველთა კაცთა.
    306.     და არს ესე მსგავს, რამეთუ რაჟამს წინადაცუეთილთაგანსა ვისმე ჰრწმენეს ქრისტესი და ყუავილის სახედ გამოჩნდიან, ძუელისა და ახლისა შემძლებელ არს.
    307.     „მე ყუავილი, ვითარცა შროშანი ღელეთაჲ და ვითარცა შროშანი შორის ეკლოვანთა“.
    308.     ჵ მართლისა მის პირისანი განცხადებულნი ზრახვანი, რომელ იგავთა ამათ შინა გამოჩნდეს!
    309.     რამეთუ იტყჳს, ვითარმედ; „მე ყუავილ ველის, ვითარცა შროშანი ღელებსა და ვითარცა შროშანი შორის ეკლოვანსა“.
    310.     სულნელებასა მას შროშნისასა სახედ გჳჩუენებს წმიდათა, რამეთუ ვითარცა სახედ არს შროშანი მბრწყინვალჱ შუენიერებისა გამომცემელ,
    311.     ესრე სახედცა საქმენი მართალნი ბრწყინვენ და ღელებსა ყუავიან.
    312.     ეგრეცა სახედ დამცირებულთა მიმართ მადლნი იგი აღორძნდებიან და ვითარცა შორის ეკალთა ქუეყანასა საქმეთა არა დაიშდვნიან.
    313.     და პირად-პირადი, ვითარცა სახჱ შროშნისაჲ, გჳჩუენა სახედ ჭეშმარიტებისა.
    314.     თავსა თჳსსა გამოაჩინებს, რამეთუ არს მას შინა ოქროჲს ფერცა, რამეთუ დაფლვითა ჴელთა მიერ განშუენებითა გამოღებულ და შეპყრობილ,
    315.     ვითარცა ჴორცნი იგი ქრისტესნი სულისა მიერ დაცვულ, გინა თუ რ˜ლთაჲმე ჴელნი ურწმუნოვებითა შებღალულ,
    316.     ხოლო რომელსა ჰრწმენეს, სულნელებითა საცხებლისა მისისაჲთა განმხიარულდენ.
    317.     რამეთუ თეთრსა მას განრეულ არს ოქროჲს ფერიცა.
    318.     რამეთუ სულსა მას შინა გჳჩუენებს ჴორცთა მათ ვნებასა, რაჲთა ზრახვაჲ იგი მიმოფენისაჲ გამოჩნდეს ყოველთა მართალთა აღსარებითა და ბრწყინვალებასა სულისასა მოგებითა.
    319.     „მე ყუავილ ველის, ვითარცა შროშანი ღელეთაჲ და ვითარცა შროშანი შორის ეკლოვანსა“.
    320.     აწ რომელთა სულნელებაჲ ესე შეიწყნარეს, ეტყჳს: „აჰა მე შუენიერ, მახლობელო ჩემო“ და მერმეცა იტყჳს, ვითარმედ: „აჰა მე შუენიერ“.
    321.     და ამას ქრისტესთჳს იტყჳს: „და აჰა მე განკეთებულ, დისწულო ჩემო, ვითარცა ვაშლი ხეთა მაღნარისათაჲ“.
    322.     რამეთუ ვითარცა სახედ, საყუარელნო, ვაშლისაგან გამოეცემის სულნელებაჲ უმეტჱს ყოველთა ხილთასა,
    323.     ეგრეცა ქრისტე შორის ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა ზედა ძელსა მას მოკიდებულ სულნელებასა, ვითარცა ვაშლისასა, გამოსცემდა.
    324.     და იტყჳს, ვითარმედ: „აჰა ესერა დისწულაკი ჩემი მომიგებს და იტყჳს: მომეახლე, მახლობელო და შუენიერებაო ჩემო, ტრედაკო ჩემო, განსრულებულო ჩემო“.
    325.     აწ ჭეშმარიტად ამას ტრედსა იტყჳს დასახლეულებით, რამეთუ მოუწესს მას წადიერებით და იტყჳს: „მოვედით ჩემდა ყოველნი ეგე მაშურალნი და ტჳრთმძიმენი“.
    326.     აწ ვინ-მე არს ტჳრთმძიმჱ იგი, არათუ შესაკრებელთა მათ, რომელთა მიმართ იტყოდა? მახლობელად დამყნასა მას უწესს ამას.
    327.     და აწ დამყნაჲ იგი რაჲ-მე არს, საყუარელნო, არამედ, ვითარცა მარჯულ ზღუდესა თანა? რამეთუ შესავედრებელ წინაშე ზღუდე იგი არს.
    328.     მოვედ, შემომეახლე სახარებასა, რაჲთა თანასწორ მართალთა იპოვო მახლობელად დამყნითა მით.
    329.     „მიჩუენე პირი შენი და მასმინე ჴმაჲ შენი, რამეთუ მშჳდ არს პირი შენი და ჴმაჲ შენი შუენიერ“.
    330.     „მიჩუენე მე პირი შენი და მასმინე ჴმაჲ შენი“.
    331.     კადნიერებით აჩუენე შენ ქრისტეანებაჲ აღბეჭდვითა შუბლსა ზედა.
    332.     „მასმინე ჴმაჲ შენი“.
    333.     აღიარე გამოთქუმით ჭეშმარიტებაჲ.
    334.     „მიჩუენე პირი შენი და მასმინე ჴმაჲ შენი, რამეთუ მშჳდ და ტკბილ არს“, რომელსა აღუვარებიეს ქრისტე, და შუენიერ არნ პირი.
    335.     რომელსა კადნიერებაჲ აქუნ მის მიერ.
    336.     და მიუგებს და იტყჳს: „გჳპყრენით მელნი განმრყუნელნი ვენაჴისანი, რამეთუ ვენაჴნი ჩუენნი ყუავიან“.
    337.     ჵ სანატრელისა ჴმისაჲ, ჵ ჭეშმარიტებისაჲ სიმართლით მიმოდებულ, რომლისა ჴელითა მწვალებელნი შეპყრობილ.
    338.     შეგჳპყრენით მელნი მცირენი, ვიდრე ჩჩჳლღა იყვნეს; შეიკრძალენით, რაჲთა არა იყვნენ განსრულებულ; ზაკულებითა ვენაჴოვანნი, ვიდრე ყუავილსა შინა არიან, აღავსნენ.
    339.     რომელსა სწავლით იტყჳს.
    340.     რამეთუ იტყჳს: „გჳპყრენით ჩუენ მელნი მცირენი“, არა სხუასა რას იტყჳს, არამედ ამას, ვითარმედ: „წვალებაჲ აღიღეთ შორის თქუენსაო“,
    341.     რაჲთა წმიდად ნამწუარევი იგი გამოჩნდეს, უკუეთუ გინდეს გულისხმის-ყოფად, ჵ კაცო, რამეთუ მელ მწვალებელთასა იტყჳს.
    342.     რამეთუ ცრუ წინაჲსწარმეტყუელნი იგი არა თუ სხუა რაჲმე იყვნეს, არამედ მწვალებელ.
    343.     რამეთუ რომელნი-იგი ნაცილსა ასწავებენ და ცილსა ქადაგებენ, იგინი მწვალებელ არიან, რამეთუ იერემია ღაღადებს და იტყჳს:
    344.     „აჰა, ცრუ წინაჲსწარმეტყუელნი იგი შენნი, იერუსალჱმ, ვითარცა მელნი ჴურელსა შეყენებულ არიან“.
    345.     და მერმე მიუგებს თჳთ ქრისტე ჰეროდეს და ეტყჳს: „არქუთ მელსა მას: აჰა, ესერა დღეს და ხვალე ძალსა აღვასრულებ და მესამესა დღესა ვიდიდო“.
    346.     და რასამე სა[მ]ფსონ ახალსა ზრახვასა მელთა მიმართ აღასრულებდა, რამეთუ რაჟამს მისგან მიეღო ცოლი იგი, შეიპყრნა სამასნი მელნი და შეკიცუნა ურთიერთას
    347.     და ყოვლისა მის კუდებსა გამოაბმიდა მუგუზებსა და ყოველსა მას ყანობირსა და ვენაჴოვანსა დასწუვიდა.
    348.     და ესე იყო სასწაულ, რამეთუ რიცხუსა მას იტყჳს, ვითარმედ: სამასნი მელნი შეკიცუნა ურთიერთასო, რომელთა უკუანაჲსკნელ ცეცხლი აღგზებული დასწუვიდესო.
    349.     ამას გჳჩუენებს, ვითარმედ მწვალებელ იყვნესო, რამეთუ ვნებათა მათ ქრისტესთა ვითარცა სამასნი აღიარებდეს.
    350.     ხოლო ძლიერებაჲ არაჲ მოგებულ იყო მათა.
    351.     ხოლო კუდი კუდსა რომელსა-იგი შეჰკრვიდა, რაჲთა შეუმსგავსებელი და ჴდომისაჲ იგი გამოაჩინოს, რამეთუ იგინიცა ურთიერთას ჴდომილ სიტყუა არიან.
    352.     და იყო კუდებსა მათსა ლამპრები აღნთებული, რამეთუ აღსასრულისა მათისა საშჯელი – ცეცხლ შემწუველ.
    353.     აწ ამისთჳს იტყჳს სული იგი: „გჳპყრენით მელნი მცირენიო, განმრყუნელნი ვენაჴთანი“.
    354.     რომელნი – მე ვენაჴნი, არამედ იგი ვენაჴი, რომელი ახალნერგ იყო და ყუავილსავე შინა ნაყოფის გამოცემის უნდა, განრყუნის და განხრწნის, დაჴსნის,
    355.     არა უფლობს, რაჲთა ქრისტეს მიერ ტევანი იგი და მწიფჱ მოისთულოს? „აწ ვენაჴი ჩუენნი ყუავიან“, მიუგებს და ეტყჳს: „აჰა, დისწულაკი ვლდომით მოიწია და მოვიდა“.
    356.     ჵ სანატრელი ჴმაჲ: რამეთუ რაჟამს მერმე შურისგებაჲ იყოს ვენაჴისაჲ მის, რაჲთა შეიწუნენ მელნი იგი,
    357.     სამართლად ღაღადებს და იტყჳს: „აჰა დისწულაკი ჩემი ვლდომით მოიწია ზედა თავთა მთათა გარდავლდომად ზედა ბორცუთა“.
    358.     მსგავს არს დისწულაკი ჩემი ქურციკსა და ნუკრსა მისსა ზედა ღელეთა მათთა საწოლსა ჩემსა“.
    359.     ჵ ახლისა მადლისა განყოფაჲ! ჵ დიდ-დიდთა მათ ზრახვათაჲ! „აჰა დის-წულაკი ჩემი ვლდომით მოიწია და მოვიდაო“ რაჲ-მე არს ვლდომისა მის სიტყუაჲ?
    360.     გარდამოვლდა ზეცით საშოსა მას ქალწულისასა, აღვლდა მუცლისაგან წმიდისა ზედა ძელსა მას, ვლდა ძელიისა მისგან ჯოჯოხეთა,
    361.     აღმოვლდა მიერ კაცობრივითა ამით ჴორცითა ქუეყანად.
    362.     ჵ ახლისა აღდგომისაჲ! მერმე აღვლდა ქუეყანით ზეცად.
    363.     ესე დაჯდომილ მარჯულ მამისა და მერმე გარდამოვლდეს ქუეყანად, რაჲთა ნაცვალი მისაგებელი მიაგოს.
    364.     „აჰა ესერა ესე ვლდომით მოიწია ზედა თავსა მთათასა გარდამოვლდომად ზედა ბორცოთა“,
    365.     რამეთუ იგინი, რომელნი მაღლად ზრახვენ, არა დადგას ფერჴი მათ ზედა, არამედ ვლდომით თანა-წარჰვალს, არა დადგრომილ მათ თანა.
    366.     „მსგავს არს დისწულაკი ჩემი ქურციკსა და ნუკრსა მისსა“, რამეთუ სიმაღლჱ სიტყჳსაჲ მის განახლებული და ადვილი ვის ერთისა ზედა იქადაგა.
    367.     იხილე, ჵ კაცო, ვითარ ადვილ იყო სრბაჲ იგი; აღმოსავალით დასავალთა გამოჩნდა და დასავალით სამხრად მიწევნულ იპოვა;
    368.     სამხრით ეტლსა მას ქალწულსა შინა სარწმუნოდ გამოჩინებულ.
    369.     იხილენით სრბანი სიმართლისანი; ქუესკნელად შთავიდოდა და ზეცად აღისწრაფდა.
    370.     რამეთუ არა დაიყენა ბნელსა ამის ქუეყანისასა, არამედ ნათლად გამოჩინებულ აღვიდოდა ზეცად.
    371.     და მერმეცა აღფრინებულ, ვითარცა ვარსკულავი დიდი გამობრწყინებულ და მზისთუალ სიმართლის გამოჩინებულ, საყდართა მამისა თანა დიდებულ.
    372.     ჵ სიმჴნჱ და დიდად სიმაღლისა მის სრბაჲ! სიყრმითვე ყოველთა წართქრომილ,
    373.     რაჲთა ოდესმე ვითარცა ქურციკი და სადამე ვითარცა ირემმან გამოაჩინოს სიმაღლჱ ფერჴთა თჳსთაჲ.
    374.     აწ იხილჱ ქრისტე სადამე ვითარცა ქურციკი სრბად მალჱ და სადამე ვითარცა ირემი რქაშუენიერი.
    375.     და ორნივე ჭლაკნი განპებულ არიან და აღმოიცოხნიან.
    376.     და ამას შჯული წმიდაჲ გამოცხადებულად გჳჩუენებს, რამეთუ სიწმიდჱ გამოცხადებულ იყო; ქრისტე ორთა მათ შჯულთათასა სარწმუნოვებასა გამოაცხადებს,
    377.     შჯულისა და სახარებისა სიმტკიცესა მარადის აქებს, გამოცხადებულთა და წრფელთა სიტყჳსა მის აღთქუმითა ესე მოეფინა რომელ ზედა, რომლისათჳს ესრე იტყჳს:
    378.     „აჰა დისწულაკი ჩემი ემსგავსა ქურციკსა და ნუკრსა მისსა“.
    379.     მერმეცა ღაღადებს: „აჰა დისწულაკი ჩემი სარკუმლით გამართ ხედავს, გარდახედავს სატირით დისწულაკი ჩემი: მოვედ მახლობელი ჩემი, შუენიერი და ტრედი“
    380.     ჵ ახლისა მიმოქადაგებისაჲ მის! და მერმე განცხადებულად სიწრფოებით ღაღადებს სული იგი: „დისწულაკი ჩემი ჰხედავს გარდამართ სარკუმლით“.
    381.     ხოლო აწ სარკუმელთა მათ ვიეთსა-მე იტყჳს? მოვედ, წარმოდეგ, წინაჲსწარმეტყუელო, წამჱ და თქუ: „სარკუმელნი განეხუნეს ცათა შინაო“.
    382.     და ვიეთსა-მე იტყჳს სარკუმელს, არამედ წინაჲსწარმეტყუელთასა, რომელთა მიერ გამოდუღებულ სიტყუაჲ იგი მიმოდადებულ ამიერ?
    383.     „სარკუმლით გამომართ მხედავს და მეტყჳს მე: მოვედ, მახლობელო ჩემო, მოვედ“.
    384.     ამისთჳს გულისხმისყოფილ, რამეთუ ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ღაღადებს და იტყჳს: „მომეახლენით მე“.
    385.     მოვედ, წარმოდეგ, ჵ ნეტარო ელია, წამჱ.
    386.     სამართლად არქუ ისრაჱლსა: „ვიდრემდის არა დასცხრებით კელობით ორთავე ფერჴთა ზედა?“
    387.     მომეახლე, მოვედ, მახლობელო ჩემო, მოვედ ადრჱ-ადრჱ, ტრედო ჩემო განსრულებულო, მოვედ – ამას მოგუასწავებს.
    388.     ამისთჳსცა მერმე ღაღადებს და იტყჳს: „ღამე ვეძიებდი, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან; ვეძიებდ მას და ვერ ვპოვე.
    389.     მპოვეს მე მცველთა, რომელნი სცვიდეს ქალაქსა.
    390.     ერთი, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან, [და აჰა აწ ვითარცა წუთ გან-რე-ვეშორე, ვპოვე, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან.]
    391.     ვპოვე და არა განუტეო, ვიდრემდის მივაწიო სახიდ დედისა ჩემისა და საუნჯეთა, რომელმან მუცლად მიღო მე“.
    392.     ჵ სანატრელისა მის ჴმისაჲ! ჵ სანატრელთა დედათაჲ წინანდელთაჲ მათ, წინაჲსწარ სახედ გამოჩინებულთაჲ!
    393.     ამისთჳსცა ღაღადებს და იტყჳს: „ღამჱ ვეძიებდი, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმანო“.
    394.     იხილე ესე აღსრულებული მართაჲს და მარიამის ზედა.
    395.     მათ თანა შესაკრებელი გულს-მოდგინებით ეძიებდეს ქრისტესა მკუდარსა, რომელსა-იგი ცხოველად არა ჰგონებდეს,
    396.     რამეთუ ესრე მოგუასწავებს და იტყჳს: „ღამჱ ვეძიებდ და ვპოვე, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმანო“.
    397.     იტყჳან წერილნი იგი სახარებისანი: „მოვიდეს დედანი იგი ღამჱ ძიებად საფლავსა მას“.
    398.     „ვეძიებდ მას და არა ვპოვეო“.
    399.     „რაჲსა მებრ-ვე ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა“ და არავინ იპოვა თჳსი მუნ, რამეთუ არა იყო მისა შირიმი იგი სამკჳდრებელ, არამედ – ცანი.
    400.     რაჲსა ეძიებთ ქუეყანასა ზედა, რომელი-იგი აღმაღლებული საყდართა ზის?
    401.     რაჲსა ეძიებთ დიდებულთა უდიდებულესსა მას შეურაცხსა სამარესა შინა?
    402.     რაჲსა ეძიებთ აღსრულებულსა მას შირიმსა შინა? აჰა ლოდისა მის წარმოგორვებულისა;
    403.     რაჲსა ეძიებთ სამარესა მას, რომელი აჰა ცათა შინა მადლითა აღვსებულ?
    404.     რაჲსა ეძიებთ განჴსნილსა მას, ვითარცა შეკრულსა და მანდა ვითარცა შეყენებულსა საპყრობილესა შინა?
    405.     იხილეთ ახალი ზრახვაჲ აღსრულებულ მუნ; რამეთუ ესრე ოხრის და იტყჳს: „ვეძიებდ მას და არა ვპოვე იგიო.
    406.     მპოვეს მცველთა, რომელნი სცვიდეს ქალაქსა“.
    407.     ვინ იყვნეს, რომელთა-იგი პოვეს, არამედ ანგელოზთა მათ, რომელნი-იგი სხდეს მუნ?
    408.     და რომელსა-მე ქალაქსა, არამედ ახალსა იერუსალჱმსა ჴორცთა მათ ქრისტესთა? „მპოვეს მე მცველთა მათ, რომელნი სცვიდეს ქალაქსა“.
    409.     ჰკითხვენ დედანი ესე: „ნუთუ რომელი-ესე შეიყუარა სულმან, იხილე[თ]? რამეთუ მათ ჰრქუეს: „ვის ეძიებთ? იესუს ნაზარეველსა? აჰა აღდგომილ არს“.
    410.     „და ვითარცა წუთ ერთ გან-რე-ვე-შორე მათგან“.
    411.     და ვითარ უკუნიქცეს და წარვიდეს, შეემთხჳა მას მჴსნელი; მაშინ აღესრულებოდა თქუმული იგი:
    412.     „აჰა ვითარცა გან-რე-ვე-შორე წუთ ერთ, ვპოვე, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან.
    413.     ხოლო მჴსნელმან მიუგო და ჰრქუა: „მართა! მარიამ!“ და მათ ჰრქუეს: „რაბუნი“, რომელი გამოითარგმანების „უფალი ჩემი“.
    414.     „ვპოვე იგი, შევიყუარე და არა განუტევო იგი“.
    415.     რამეთუ მას ჟამსა ფერჴთმოხუევით შეიმტკიცებს.
    416.     და იგი ღაღადებით ეტყჳს: „ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისაო“.
    417.     და მას შებმა-ეყო და იტყოდა: „არა დაგიტევო, ვიდრემდის შეგიყვანო და შეგავლინო გულსა“.
    418.     „არა დაუტევო, ვიდრემდის არა შევიყვანო სახლსა დედისა ჩემისასა და საუნჯეთა, რომელმან მუცლად მიღო მე“.
    419.     მუცელსა დაკრებულ სიყუარული იგი ქრისტესი, არა უნდა განყენების; ამის სახისათჳს ზახებით იტყჳს: „ვპოვე იგი და არა განუტეო“.
    420.     ჵ ნეტარისა მის დედაკაცისა, რომელსა შებმა-ეყო ფერჴთა მისთა, რაჲთა ჰაერთა შემძლებელ იყოს აღფრენად! ამას ეტყოდეს მართაჲ და მარიამ.
    421.     მართაჲსსა მას ზრახვასა წინაჲსწარ აჩუენებდა სოლომონის მიერ: არა გიფლობთ შენ აღფრინებადო.
    422.     აღვედ მამისა და შეწირე ახალი მსხუერპლი.
    423.     შეწირე ევაჲ და არღარა შეცთომილ, არამედ ხესა მას ცხორებისასა ჴელთმობმით წადიერებით.
    424.     აჰა, შებმა-მიყოფია მუჴლთა არა ვითარცა ბადისპირი ვითარმცა განწყდა.
    425.     არამედ შებმა-მიყოფია ფერჴთა ქრისტესთა.
    426.     ნუ დამაგდებ მე ქუეყანასა ზედა, რაჲთა არა შევსცთე, აღმიტაცე მე ზეცად, ჵ ნეტარისა მის დედაკაცისაჲ, რომელსა-იგი ქრისტესგან განყენებაჲ არა უნდა!
    427.     ამის სახისათჳს იტყჳს: „ვითარცა წუთ ერთ გან-რე-ვეშორე, ვპოე, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან“.
    428.     მოიღე, გულო ჩემო, შეეზავე სულსა, დაამტკიცე, აღასრულე, რაჲთა ჴორცთა მათცა ზეცისათა შეყოფად შეუძლოს.
    429.     შეზავენ ზეცისასა მას ჩემნი ესე ჴორცნი.
    430.     სუ, ვითარცა ღჳნოჲ, აღიღე, აღაწიე ცად მერმე ახალი სასუმელი, განზავებული, შედგომად რომელსა ჰნებავს
    431.     და არა შეცთომად, არღარა ნახჭი გამოტკფოლვილ და არცა ძელსა მეცნიერებისასა შეხებულ.
    432.     ხოლო აქა ამიერითგან ძელსა ზედა სიკუდილითა ძლეულ-ყოფილ, შეიწყნარჱ ევა,
    433.     რაჲთა არღარა კუნესით მშობელ, რამეთუ განიდევნნეს სალმობანი, კუნესანი და მწუხარებანი.
    434.     შეიწყნარჱ ამიერითგან ევჰა, წესიერებით მრავალ, მიიღე და იცან ესე ძღუენი, რომელ მიპყრობილ მამისა, ახლად შეწირე,
    435.     არღარა განშიშულებულად ევა, არღარა ფურცელი ლეღჳსაჲ მისა სამოსელ.
    436.     არამედ სულისა წმიდისა მიერ შემოსილ, რამეთუ კეთილი სამოსელი შთაუცუამს, რომლისა განრყუნა არა არს.
    437.     ქრისტე არა თუ განშიშულებულსა აქუნდა; დაღათუ მჩუარნი იგი სამარესა მას ისხნეს, და შიშუელ არა იყო.
    438.     რამეთუ ადამცა პირველ შიშუელ იყო, განახლებული სამკაული შთაეცუა უცოდველებისაჲ და სიმშჳდისა და უხრწნელებისაჲ,
    439.     რომლისაგან გარდაცთომილ შიშუელ იპოვნეს, ხოლო აწ განცხადებულად შემოსილ მერმე იპოვების.
    440.     და ამისა შემდგომად ზახებით აღიარებს შესაკრებელი ამათ დედათა მიერ.
    441.     კეთილსა წამებასა გჳჩუენებენ, რომელნი-იგი მოციქულ მოციქულთა იქმნებოდეს, მივლინებულ ქრისტეს მიერ,
    442.     რომელთა მათ პირველ ანგელოზნი იგი ეტყოდეს: „მივედით და უთხართ მოწაფეთა მათ; წინა გიძღჳს გალილეად, მუნ იხილოთ იგი“.
    443.     ხოლო რაჲთა არა ანგელოზთა მათ გამო მოციქულნი შეორგულდენ, შეემთხჳა თჳთ ქრისტე მოციქულთა მათ,
    444.     რაჲთა დედანი იგი ქრისტეს მოციქულ იყვნენ და დაკლებული იგი ძუელისა მის ევაჲსი მორჩილებითა აღავსოს.
    445.     ამიერითგან მორჩილებით მსმენელ აღსრულებულად გამოჩნდინ.
    446.     ჵ ახალთა ნუგეშინის-ცემათაჲ! ევა მოციქულ იწოდების.
    447.     აჰა, ამიერითგან გუელისა მის ძმაცვულებაჲ გულისხმა-ყოფილ და არღარა შესცთების,
    448.     რამეთუ რომელსა-იგი დახედა, ამიერითგან მოიძულა და მტერად შეჰრაცხა, რომელმან გულისთქუმითა იგი აცთუნა.
    449.     არღარა ამიერითგან აცთუნოს ესე ხემან მან შეცთომილებისამან.
    450.     აჰა ცხორებითა მით ამიერითგან განმხიარულებულ ხითა აღსარებითა.
    451.     ხისა მის გამო გემოჲ იხილა ქრისტესგან, ღირს იქმნა კეთილსა და გულმან უთქუა ჭამადისა.
    452.     არღარა ამიერითგან ჰშიოდის და არცა მიუპყრას კაცთა ჭამადი განსარყუნელი; მიუღებიეს განურყუნელებაჲ ერთობით არს ამიერითგან და შემწე, რამეთუ ადამი ევას უძღჳს.
    453.     ჵ კეთილსა მის შემწისაჲ, სახარებითა ქმრისა მის მიმართ შეწირვითა! რომლისათჳსცა დედათა მათ მიახარეს მოწაფეთა მათ.
    454.     და ამისთჳს შეჰრაცხნეს იგინი, ვითარცა ცთომილნი, რომლისათჳს ურგულებდეს.
    455.     ხოლო მიზეზ ესე იყო, რამეთუ ჩუეულებაჲ ესე იყო ევაჲსი მითხრობაჲ საცთურისაჲ და არა ჭეშმარიტებისაჲ.
    456.     რაჲ-მე არს ესე ახალი თხრობაჲ, ჵ დედანო, აღდგომისაჲ და მისთჳს შეჰრაცხნეს იგინი ვითარცა ცთომილნი,
    457.     რაჲთა არა გამოჩნდენ ვითარცა მაცთურნი, არამედ ჭეშმარიტებისა მეტყუელ.
    458.     მას ჟამსა ქრისტე გამოცხადებულ მათა.
    459.     და ჰრქუა: „მშჳდობაჲ თქუენ თანა.
    460.     ამას მოსწავებითა, ვითარმედ: „მე, რომელ-ესე დედათა ამათ ვეჩუენე, და თქუენ მოციქულთა მიმართ მივლინებად ვინებე“.
    461.     აწ ყოფილთა ამათთჳს, რამეთუ, საყუარელნო, ამიერითგან აწ აჰა დაამშჳდებს შესაკრებელსა მას და ეკლესიაჲ იდიდების.
    462.     და რასა-მე იტყჳს: „ვინ არს ესე, რომელი გამოვალს უდაბნოჲთ,
    463.     ვითარცა ბურქუად-ბურქუად კუამლისა აღსლვაჲ, საკუმეველისა სულნელებაჲ აღტევებული, მური და გუნდრუკი ყოვლითურთ სულნელებითა შესაზავებელთაჲ“?.
    464.     ჵ ახლისაჲ მის ჴმისაჲ! ჵ საკჳრველთა მათ ზრახვათაჲ! ჵ ეკლესიაჲ, რომელი უდაბნოჲთ გამოვალს, ამისთჳს, რაჲთა მოქალაქე ქრისტესა იყოს,
    465.     „ვინ არს ესე, რომელი გამოვალს უდაბნოჲთ?“ რამეთუ მრავლით ჟამითგან წარმართნი უდაბნო-ქმნულ ღმრთისა მიმართ.
    466.     ხოლო ამიერითგან მადლითა ღმრთისაჲთა მოქალაქე წმიდათა თანა შერაცხილ, ვინაჲთგან ეკლესიაჲ შემკული, გამოჩინებულ სულნელთა ნელსაცხებელთა შეზავებითა.
    467.     და იტყჳს: „აწ ვინ-მე არს ესე, რომელი გამოვალს უდაბნოჲთ, ვითარცა კუამლი საკუმეველთაჲ აღტევებული?“
    468.     ჵ კეთილთაჲ მათ საკუმეველთაჲ, სულნელთაჲ საკუმეველთა შეზავებულთაჲ! რამეთუ რომელსა-იგი იტყჳს: „ვითარცა კუამლი სულნელი საკუმეველთაჲ აღტევებულო“,
    469.     რამეთუ კუამლი ცეცხლისაგან გამოსრულ და ჰაერთა აღიწიის და ალსა მას, ვითარცა ეტლთა წარმმართებელსა, გჳჩუენებს და გამოჩნდების;
    470.     ეგრეცა ქრისტეს ზრახვაჲ კეთილი მიმოდებულ, მოუწყებულ, აღმავალ ქუეყანით ზეცად; რამეთუ შუენიერთა საკუმეველთა აღმოაცენებდა ზრახვისა აღდგომისაჲსა მოუწყებითა.
    471.     ვითარცა ბურქუად-ბურქუადი კუამლი აღმავალი საკუმეველთაჲ; რამეთუ ამის სახისათჳს, მსგავსად სულნელებისა მოპოვნებითა,
    472.     არა ხოლო თუ მას ქუე კუამნ, არამედ ზეცადცა აღწევნულ, ვითარცა ალი ცეცხლისა აღკუმეულისაჲ.
    473.     “მური და გუნდრუკი ყოვლითურთ შემზავებელთა მიერ“.
    474.     ჵ მერმე დიდ-დიდთა ზრახვათაჲ! ჵ მართლისა ქადაგებისაჲ! რამეთუ მურსა მას ვნებათა მათ ქრისტესთა მოსათხრობელ დაფლვისა მის იქმნების.
    475.     ხოლო გუნდრუკი სადიდებელად ღმრთისა მიერ აღკუმეულ.
    476.     არამედ ყოვლითურთ შეზავებულ შემზავებელთა მათ მენელსაცხებელთაჲთა.
    477.     ხოლო ყოველი ერთად შეკრებულ სულნელება ქრისტესა, იგი რომელ მცნებათა და სახარებისაგან ქადაგებულ.
    478.     ამისთჳს ღაღადებით იტყჳს: „მური და გუნდრუკი ყოველთა მიერ შემზავებელთა მათ მენელსაცხებელთაჲთა“.
    479.     „აჰა ესერა ცხედარი იგი სოლომონისი და სამეოცნი ძალნი გარემოხუეულ მისა ძლიერთა მათგან ისრაჱლისათა, თითოვეულად მახჳლი ბარკალსა მათსა, სწავლულნი ღუაწლსა“.
    480.     ჵ სანატრელისა მის პირისაჲ! ჰოჲ ცხედრისაჲ მის განსასუენებელისა! რამეთუ ცხედარსა სოლომონისსა არა თუ სხუასა მას გამოაცხადებს, არამედ თავადსა ქრისტესა.
    481.     რამეთუ სახედ ვითარცა დამაშურალი ვინ მრავლითა დაშრომითა აღჴდეს განსუენებად ცხედარსა ზედა, რაჲთა მაშურალობაჲ იგი განიშოროს განსუენებითა მით,
    482.     ეგრეცა ჩუენ, მოქცეულ ამის სოფლისა ამაოვებისაგან, ტჳრთსა მასმცა განვიშორებთ, რომელ ზედა მჴართა გუედვა სიმძიმე ცოდვათაჲ,
    483.     შევრდომითა ჩუენითა ქრისტესა განსასუენებელსა ვჰპოვებთ ვითარცა ცხედარსა.
    484.     ესრევე სახედ ყოველნი ნათესავნი მამათანი სრულისა მის განსუენებისა დამკჳდრებად შემძლებელ, არათუ სხჳთ რაჲთ განსუენებულ იქმნებოდეს, არამედ ქრისტეს მიერ.
    485.     ჵ კეთილთა განსასუენებელთაჲ, სახითა ზრახვისაჲთა ყოვლისავე შეკრებად შემძლებელ! ამას ცხედარსა სომანიტელი იგი განუმზადებდა ნეტარსა მას ელისეს.
    486.     ამას ცხედარსა ზედა შესუენებელნი იგი მკუდარნი აღდგებოდეს.
    487.     ძჱ იგი ქურივისაჲ მის მომადლებულ და ყრმაჲ იგი სომანიტელისაჲ მის აღდგომილ.
    488.     ესე ცხედარი განღებული მიაქუნდა და ვიდრე არღა განსრულ იყო ბჭესა მას, შებმაყოფილ ქრისტე გამოჩნდა და თჳთ თავისა თჳსისა აღდგომისა მის მჩუენებელ
    489.     და ჴელმწიფედ ეტყოდა, რომელთა-იგი აღეღო; „დადგით ტჳრთი ეგე, ნუ აღიღებთ, რომელსა-იგი ვერ შემძლებელ ხართ ტჳრთად“.
    490.     მუნქუესვე, ვითარცა დაიდგნეს ცხედარნი, ჴელი უპყრა ყრმასა მას და მისცემდა ქურივსა მას.
    491.     ზედა ამასვე ცხედარსა დავრდომილი იდვა ასული მთავრისაჲ მის, რომელი იყო ათორმეტის წლის.
    492.     მას ჟამსა შევიდა სახლსა მას წინაშე მოწამებისა მის და აღადგინა ქალი იგი.
    493.     ამის ცხედრისა მიისწრაფდა დედაკაცი იგი, რომელი დედათა შჯულსა ზედა მრავლით ჟამითგან ვერ განკურნებულ, ფესუსა მას ჴელსა შეახებდა.
    494.     იხილენით ცხედარნი საკჳრველნი, რამეთუ ყოველნი, რომელნი ამას ჰხედვენ, მართლისა ქორწილისა ჩინებულ, წყლისა ღჳნოდ გარდაქცევად გემოჲს ხილვითა.
    495.     ჵ სანატრელისა ცხედრისა, რომელსა ზედა აბრაჰამს ინაჴ-უდგამს,
    496.     რომელსა ზედა ისაკი შეიწირვის, რომელსა ზედა იაკობი განდიდნების, რომელსა ზედა მოსე ჴელმწიფე-ყოფილ, რომელსა ზედა აჰრონ ლოცვის შემწირველ!
    497.     ჵ ნეტართა შვილთა, რომელნი მართლად მამათა სამკჳდრებელსა დაიმკჳდრებდეს.
    498.     იხილენით პირად-პირადნი ცხედარნი, რომელსა ზედა სამეოცნი ძალნი გამოჩინებულ.
    499.     ესე ცხედარნი მართალსა ნათესავსა მამათასა მიიჩინეს თჳსა, შეკრებითა ყოველთა მართალთა ქრისტეს მიმართ, რამეთუ ყოველთაგან გამოიშვების.
    500.     რამეთუ იტყჳს წერილი: „სამეოცნი ძალნი გარემოჲს მისა ერისა მისგან ისრაჱლისა, რამეთუ ყოვლისა მისგან ერისა ისრაჱლისა
    501.     უძლიერესნი ესე გამორჩევით მომღებელ, მამად გამოჩინებულ, რომელნი მახჳლსა ბარკალსხჳლთა შებმად შემძლებელ არიან.
    502.     და რაჲ-მე არს მახჳლი იგი ბარკალ-სხჳლსა, არამედ სიტყუაჲ იგი.
    503.     რომელმან განვლო შორის მამათა მათ, წყვილთაგან გამოსრულ, რაჲთა მისა, რომელ-იგი წყვილთაგან გამოშობად შემძლებელ-ყოს?
    504.     ესე არიან სამოცეულნი იგი ათასეულნი და არა თუ ტყუვილ არს.
    505.     რამეთუ ადამითგან ვიდრე ქრისტესამდე აღესრულებიან სამეოცჯერ ათასეულნი იგი ცხედარსა მას ზედა განსუენებულნი,
    506.     რომელთა მიერ სიტყუაჲ იგი მიფენილ; წყვილთა მათგან გამოსულასა მოგუასწავებს.
    507.     ამისთჳს აბრაჰამ ჴელთა ეზოჲსმოძღურისათა მათ წყვილთა თჳსთა დადებად სცემდა, რამეთუ სიტყუაჲ იგი წყვილთა მათგან გამოსულად იყო.
    508.     და იაკობ ფიცით ბარკალსხჳლთა თჳსთა ზედა დადებად სცემდა ჴელთა იოსებისთა.
    509.     ჵ სანატრელთა მათ წყვილთაჲ, სანატრელსა მის სიტყჳსა შემძლებელ გამოშობად, რომელსა-იგი მამაჲ გულით გამოშობს! ამას წყვილთა მათგან გამოსრულსა ვხედავთ.
    510.     სამართლად ამის გამოცხადებულისა ზრახვისა მომთხრობელ სიტყუაჲ იგი იქმნების,
    511.     და რამეთუ სამეოცნი მამანი არიან ესე ადამითგან ვიდრე ქრისტესამდე აღსრულებულ და ზრახვაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ განცხადებულად მიმოდებულ.
    512.     და ცხედარნი იგი სოლომონისნი გამოჩნდებიან, რამეთუ არა თუ სოლომონ იყო ცხედარ, არამედ სოლომონისგან ცხედარნი გამოჩინებულ,
    513.     რ˜ ყოველთა განსუენებისა ზრახვაჲ და ფიქლით გარდართულ სიყუარული გამოჩნდეს.
    514.     იხილე ნათესავი მამათაჲ მათ დასაბამითგან სოფლისაჲთ მიმოდებულ, ნათესავნი მართალნი გამოჩინებულ, და დაუნჯებული მამათაჲ მათ გამოცხადებულ,
    515.     და ცხედარი იგი განსასუენებელი მიმოდებულ და ვინ-მე არიან ესენი მამათა მათგანნი?
    516.     მოვედით და ვიხილოთ. აწ შენ იხილეღა, რამეთუ პირველ ადამს ესუა სეითი და სეითს ენუსი და ენუსს – კაიან, კაიანანს – მალელი, მალელს – იარჱდ.
    517.     იარედ[ს] – ენუქი, ენუქს – მათუსალა, მათუსალას – ლამექი, ლამექს – ნოვე, ნოვეს – სემი, სემს – არფაქსადი, არფაქსადს – სალლა, სალლას – ებერ, ებერს – ფალეგი,
    518.     ფალეგს – რაგავი, რაგავს – სერუქი, სერუქს – ნაქორ, ნაქორს – თარა, თარას – აბრაჰამ, აბრაჰამს – ისაკი, ისაკს – იაკობი, იაკობს – იუდა, იუდას – ფარეზ,
    519.     ფარეზს – ესრომი, ესრომს – არამი, არამს – ამინადაბ, ამინადაბს – ნაასონ, ნაასონს – სალმუნ.
    520.     სალმუნს – ბოოზი, ბოოზს – იობედ, იობედს – იესჱ, იესჱს – დავითი, დავითს – სოლომონ, სოლომონს – რობოამ, რობოამს – აბია, აბიას – ასა, ასას – იოსაფატ,
    521.     იოსაფატს – იორამ, იორამს – ოზია, ოზიას – იოათამ, იოათამს – აქაზ, აქა[ზ]ს – ეზეკია.
    522.     ეზეკიას – მანასჱ, მანასეს – ამოსი, ამოსს – იოსია. იოსიას – იექონია და ძმანი მისნი, მკჳდრობისა მისგან აღძრულ ბაბილონს.
    523.     და შემდგომად წარტყუენვისა მათისა ბაბილონდ იექონია შვა სალათიელ, სალათიელ – ზორობაბელ.
    524.     ზორობაბელ – აბიოდ, აბიოდ – ელიაკიმ, ელიაკიმ – აზორი, აზორ – სადუკი.
    525.     სადუკ – ზაქინი, საქინ– ელიოდი, [ელიოდ] – ელიაზარ.
    526.     ელიაზარ – მატათანი, მატათან – იაკობი, იაკობ – იოსები.
    527.     იოსებსა მითხოვილ მარიამი ქალწული.
    528.     ამისგან იშვა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე.
    529.     ესე არიან წმიდანი ცხედარნი, რომელთა ზედა მიიკრებს წმიდათა მართალთა,
    530.     რ˜ლსა გარემოდგომილ მახჳლოსანნი სამეოცნი იგი განდევნითა მაცთურისა მის, რაჲთა ზედა-მიხებად ვერ ჴელ-იწიფოს.
    531.     ამას ზედა შემოკრებულ წარმართთაგანნი განმართლებულ განსუენებით, მადიდებელ ღმრთისა, რომლისა დიდებაჲ და ძლიერებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

“ბალავარიანი” – ქართული თარგმანის წარმომავლობის შესახებ. ვრცელი და მოკლე რედაქციები

ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ ერთ-ერთი უადრესი აპოლოგეტის, არისტიდეს, აპოლოგიას და აგრეთვე წამოვჭერით ის საკითხიც, რაც აღნიშნულ აპოლოგიას ორგანულად უკავშირდება, ეს გახლავთ, როგორც უკვე შეფასებაც მივეცით, შუა საუკუნეების საეკლესიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული ძეგლი “ბალავარიანი” ანდა “სიბრძნე ბალავარისა”. ჩვენ ვალდებულად ვთვლით ჩვენს თავს, რომ ამ ძეგლის შესახებ დაწვრილებითი საუბარი გვქონდეს, რამდენადაც ეს თხზულება უაღრესად მჭიდროდ უკავშირდება ძველ ქართულ საეკლესიო ლიტერატურასაც.
რა თქმა უნდა, მსმენელისთვის დიდი მოღვაწენი, კონკრეტულად ბალავარი, მისგან მოქცეული იოდასაფი ცნობილია, მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებით საგალობლებია, ისინი კანონიზებული წმინდანები არიან, მაგრამ შესაძლოა ყველასთვის ცნობილი არ იყოს თუ როგორ მოხდა ამ პირთა კანონიზება და რა ძეგლია ის ძეგლი, რა ისტორიის მქონეა ის ძეგლი, რომელიც მათ შესახებ ჩვენ გვაუწყებს. “ბალავარიანი”, რა თქმა უნდა, ზოგადად ცნობილია, მაგრამ ეს ძეგლი გახლავთ უაღრესად რთული ისტორიის მქონე და ეს რთული ისტორია ეხება არა მხოლოდ საკუთრივ ძეგლის ისტორიას, არამედ არანაკლებ რთული გახლავთ ამ ძეგლის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის ისტორიაც, ურთიერთმიმართებაც სხვადასხვა თვალსაზრისებისა და დღესაც და დღემდე მკვეთრი განსხვავებანი შეხედულებებისა სამწუხაროდ კვლავაც სახეზეა. რა იგულისხმება აქ უპირველეს ყოვლისა და რით არის ამ შემთხვევაში ჩვენთვის, რადიო საუბრებში ამ ძეგლის განხილვა მნიშვნელოვანი? მნიშვნელობა აღნიშნული თხზულებისა და ის პოპულარობა, რაც ამ ძეგლს შუა საუკუნეების დროს ქონდა და დღესაც, რა თქმა უნდა, იგივე პოპულარობა შენარჩუნებული აქვს, ეს ყოველივე ძეგლის ტექსტობრივ ისტორიას მეტი ყურადღებით შეგვასწავლინებს, მეტი ყურადღებით გაგვადევნებინებს თვალს იმ რთულ პროცესზე, რასაც “ბალავარიანის”, როგორც საეკლესიო-საღვთისმეტყველო ლიტერატურული ძეგლის, საღვთისმეტყველო ლიტერატურული ისტორია ეწოდება. მრავალი გამოკვლევა შექმნილა ამასთან დაკავშირებით, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაშიც არაერთგზის განხილულა ცალკეული ასპექტები “ბალავარიანისა”, განხილულა თუნდაც იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ეს ძეგლი ძველი ქართული უბრწყინვალესი თარგმანით ჩვენამდე მოღწეული გახლავთ და არა მხოლოდ ძველი ქართული თარგმანია ჩვენამდე მოღწეული “ბალავარიანისა”, არამედ არსებული ძველი ქართული თარგმანის შემოკლებული რედაქცია და როგორც სავსებით დამაჯერებლად არის სპეციალურ ლიტერატურაში ეს გამოკვლეული და არგუმენტირებული, შემოკლებული რედაქციის შედგენა “ბალავარიანისა” საკუთრივ ქართულ ნიადაგზე უნდა მომხდარიყო, ე.ი. სხვა ენოვანი ტექსტები “ბალავარიანისა” ამგვარ რედაქციას არ იცნობს.

ბალავარიანი ქართულად ითარგმნა დაახლოებით IX ს-ის დამდეგს (ჩვენ ამაზე ალბათ მოგვიანებით კვლავ ვისაუბრებთ) და ის საკმაოდ მოცულობითი ძეგლი გახლავთ. ვისაც უნახავს სრული გამოცემა ამ თხზულებისა (ილია აბულაძის მიერ შესრულებული, ერთ-ერთი შესანიშნავი პუბლიკაცია აღნიშნული მეცნიერის, მრავალ სხვა პუბლიკაციასთან ერთად), მისთვის ადვილი წარმოსადგენია თუ რა საკმაოდ შთამბეჭდავი და სოლიდური მოცულობისა ყოფილა ეს ძეგლი. ჩვენ ამ მომენტს ხაზს ვუსვამთ იმის გამო, რომ განვმარტოთ და თვალსაჩინო გავხადოთ თუ რატომ გახდა აუცილებელი მისი რედაქტირება შემოკლებისკენ, შემოკლებული რედაქციის შექმნა. ეს გახდა აუცილებელი იმიტომ, რომ ეკლესიაში საკითხავად ასეთი ვრცელი ძეგლი ნაკლებად მოსახერხებელი იქნებოდა. ძველად ეს თითქმის მიღებული წესი იყო, რომ ამა თუ იმ წმინდანის ხსენების ჟამს, რომელ დღესაც მისი ხსენება აღესრულებოდა, რა თქმა უნდა, იკითხებოდა ან სვინაქსარული, ან თავდაპირველი კიმენური, ან ზოგ შემთხვევაში მეტაფრასული აღწერილობა ხსენებული წმინდანის ცხოვრებისა ან მარტვილობისა. და თავისთავად ცხადია, როდესაც იოდასაფისა და ბალავარის ხსენება დაკანონდა, მათი ხსენების დღეს ასევე ამ პირთა მოღვაწეობის ამსახველი ძეგლი უნდა წაკითხულიყო. ვრცელი რედაქციები საერთოდ ასეთ ხსენებათა ჟამს ძნელად იკითხებოდა. ეკლესიის ადრეულ პერიოდში კიდევ უფრო შესაძლებელი იყო, რომ ცხოვრება, აღწერილობა ამა თუ იმ წმინდანთან დაკავშირებით თითქმის მთლიანად წაკითხულიყო, რადგანაც ლიტურგიკული განგება ისე რთული, მრავალ კომპონენტიანი და რიცხვმრავალი საგალობლებით შევსებული ჯერ კიდევ არ გახლდათ. საეკლესიო ისტორია ამ ნიშნითაც ხასიათდება, მრავალ სხვა ნიშანთან ერთად, რომ რაც ეპოქალური ხნოვანება ქრისტიანობის ამქვეყნიური ისტორიისა მატულობს, რა თქმა უნდა, ჰეორტოლოგიური წელიწადიც ანუ საეკლესიო დღესასწაულთა საწელიწდო ციკლიც უფრო და უფრო ივსება ახალ-ახალი ლიტურგიკული ელემენტებით, ძველი ნარჩუნდება და ივსება ახალით. ძველის შენარჩუნება ეკლესიაში გულისხმობს ყოველთვის პირველ რიგში შენარჩუნებას აუცილებლად საკითხავებს საღვთო წერილიდან, აქაც პირველ რიგში სახარებიდან და ფსალმუნთაგან. ფსალმუნური ნაწილი ლიტურგიკისა ყოველთვის იყო და არის ერთ-ერთი ძირითადი, მაგრამ, როგორც ჩვენ უკვე ამაზე ნაწილობრივ ვიმსჯელეთ (როდესაც ლიტურგიკული ძეგლების და ლიტურგიკული ჟანრის განხილვას შევეცადეთ), ლიტურგიკული ჟანრი შევსებადია, სხვა ჟანრებიც თავისთავად ცხადია, მაგრამ ამ ჟანრის თავისებურება ის გახლავთ, რომ ეს შევსებადობა ლიტურგიაშიც უნდა აისახოს. დავუშვათ როდესაც ახალ-ახალი ეგზეგეტური შრომები იქმნება ეკლესიის ისტორიაში, ისინი მსახურების ჟამს თავისთავად ცხადია ამბიონიდან არ იკითხება და ლიტურგიკულ პროცესს არც ართულებს და არც ამარტივებს, იმიტომ, რომ ლიტურგიკულ პროცესსთან უშუალო კავშირი მას არა აქვს, ისევე როგორც ზოგიერთ სხვა ჟანრს, თუნდაც ასკეტურს და ა.შ. მაგრამ ისეთი ძეგლები, როგორიცაა საგალობლები, ამა თუ იმ წმინდანისა ანდა ამა თუ იმ სიწმინდის, ამა თუ იმ დღესსწაულის პატივად დაწერილნი, აი ამგვარი საგალობლები და აგრეთვე ლოცვებიც (ლოცვითი ნაწილიც თანდათანობით უფრო და უფრო მეტი და მეტი იქმნება ეკლესიის მამათაგან), პირდაპირ კავშირში არიან ღვთისმსახურებასთან. ჩვენ ადრეც აღვნიშნავდით, რომ თუნდაც ერთ-ერთი ჰიმნოგრაფი რომ ავიღოთ იოსებ მგალობელი, IX ს-ის ბიზანტიელი მოღვაწე, როგორც მის შესახებ არის ცნობა, ის ათასი საგალობლის ავტორია. რა თქმა უნდა, საგალობელი იმ მიზანდასახულობით იწერება, რომ ის ნაგალობები იყოს, უნდა იგალობებოდეს. ცხადია, ნებისმიერი ჰიმნოგრაფიული ტექსტი ტექსტობრივადაც საყურადღებოა, მაგრამ ესაა მხოლოდ მეორე ხარისხოვანი, პირველადი მნიშვნელობა ყველა ჰიმნოგრაფიული ტექსტისა არის, რა თქმა უნდა, ღვთისმსახურებაში მისი ჩართვა გალობის სახით. მაგრამ როდესაც ამ გალობათა რიცხვი მნიშვნელოვანი ხდება და უკვე ერთი წმინდანის ხსენებას მრავალი საგალობელი ამშვენებს, ყველა მათგანის გალობა ცხადია უკვე შეუძლებელი ხდება, რადგანაც გალობითი ნაწილი ლიტურგიას, ღვთისმსახურებას უაღრესად განავრცობს, ღვთისმსახურებას კი, რა თქმა უნდა, თავისი აუცილებელი საზღვრები აქვს, უზომოება ყოველთვის დაგმობილია ეკლესიისგან, რადგანაც ვერც მრევლი და ვერც თვით ღვთისმსახურნი უკვე სარგებელს ვეღარ მიიღებენ ასეთი უზომოდ გახანგრძლივებული მსახურებისგან და მექანიკურ პროცესად წარმოჩნდება მათი სულიერი აღქმის წინაშე. ამიტომ ეკლესიურ ტრადიციაში ყოველთვის იყო მკაცრი რეგლამენტირება ყოველგვარი საღვთისმსახურო პროცესისა. წმინდანების ხსენებასთან დაკავშირებითაც იგივე ითქმის. როდესაც ამგვარი ლიტურგიკული მასალა ჯერ კიდევ უსაზომოდ გავრცობილი არ იყო, როგორც ეს გვიანდელ საუკუნეებშია სახეზე, შესაძლებელი იყო, რომ ლიტურგიკულ რეგლამენტს თავის თავში დაეტია ამა თუ იმ წმინდანის სახელზე დაწერილი, თუნდაც ვრცელი ცხოვრების მთლიანი წაკითხვა, მაგრამ როდესაც უკვე მრავალი ჰიმნოგრაფიული, მრავალი ევქოლოგიური ელემენტით შეივსო ღვთისმსახურება და გაფართოვდა იგი, უკვე მთლიანი ცხოვრების წაკითხვა, რეგლამენტის შეზღუდულობიდან და კანონიკურობიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ მეტაფრასული და ხშირ შემთხვევაში ვრცელი კიმენური აღწერილობანიც დაექვემდებარა მაქსიმალურ შემოკლებას, რომ ამა თუ იმ წმინდანის შესახებ აუცილებლად ეკლესიაში მრევლის წინაშე, მცირედი სიტყვით მაინც მისი ღვაწლის წარმოჩენა უნდა ყოფილიყო და ეს ღვაწლის წარმოჩენა წერილობითი აღწერილობის საფუძველზე ხდებოდა ყოველთვის. მაგრამ რამდენადაც ეს აღწერილობა, კვლავ აღვნიშნავთ, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ვრცელი იყო, ზოგჯერ კი ძალიან ვრცელი (თუნდაც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება), მთელი ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი გახლდათ და შესაბამისად დგებოდა მოკლე ანდა ძალიან მოკლე რედაქციები ამა თუ იმ ვრცელი ჰაგიოგრაფიული აღწერილობისა. აი ამგვარი ვითარება როდესაც აშკარად ლიტურგიკული მიზანდასახულობიდან გამომდინარეობს და ეს ყველა სხვა შემთხვევაში სხვა ჰაგიოგრაფიულ და ამა თუ იმ წმინდანის სახელთან დაკავშირებულ ძეგლში ასეთია, რომ სვინაქსარული და შემოკლებული რედაქციები სწორედ ლიტურგიკული მიზანდასახულობით კეთდებოდა, ეჭვი არ არის რომ იგივე მიზანდასახულობა იყო სახელმძღვანელო როდესაც “ბალავარიანის” ძველი ქართული ვრცელი თარგმანის, მოკლე რედაქცია შეიქმნა.

როდესაც ვამბობთ, რომ ეს მოკლე რედაქცია უშუალოდ ქართულ ნიადაგზე არის განხორციელებული, ვგულისხმობთ იმ არგუმენტს, რომ რა თქმა უნდა, ქართულად მრავალი წმინდანის სახელთან დაკავშირებით ჩვენ მოგვეპოვება როგორც ვრცელი ასევე მოკლე რედაქციები, მაგრამ როგორც თავის მხრივ ვრცელია თარგმანი სხვა ენიდან, ძირითადად ბერძნული ენიდან, ასევე მოკლე რედაქციებიც დამოუკიდებელი თარგმანები გახლავთ იმავე ბერძნული ენიდან, იმიტომ, რომ ეს მოკლე რედაქციები სწორედ იმ ბერძნულ ენაზე გაკეთდა და იქიდან ითარგმნა ქართულად. რაც შეეხება ბალავარიანს, ამ ძეგლთან დაკავშირებით ეს მოვლენა სხვაგვარად იმიტომ დგას, რომ ბერძნულად ჩვენ არავითარი მოკლე რედაქცია არ მოგვეპოვება და მეტიც საკუთრივ ბერძნულ ენაზე “ბალავარიანის” ვრცელი ტექსტის გამოჩენა გვიანდელია ქართულ თარგმანზე. ე.ი. ქართულ ენოვან საეკლესიო მწერლობაში “ბალავარიანი” გაცილებით ადრე ჩნდება, ვიდრე ბერძნულენოვან სამყაროში და შემდეგ ბერძნულიდან ლათინურენოვან სამყაროში. შესაბამისად არათუ ის ვრცელი ტექსტი “ბალავარიანისა”, რაც ქართულად ითარგმნა IX საუკუნის დამდეგს, არამედ მოკლე რედაქციაც ქართულად არსებული, ხნოვანებით წინ უსწრებს ბერძნულ ენაზე საერთოდ “ბალავარიანის” ნებისმიერი სახის ტექსტის გაჩენას. ბერძნულში ბალავარიანი ჩნდება X ს-ის მიწურულიდან, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით XI ს-ის დამდეგიდან, მაშინ როცა ქართული მოკლე რედაქცია ბალავარიანისა X ს-ის დამდეგით თარიღდება, ანდა IX-X ს-ის მიჯნით.

ამრიგად ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მოკლე რედაქცია “ბალავარიანისა” სხვა, ამ შემთხვევაში ბერძნული, ენიდან არის თარგმნილი და რამდენადაც ჰაგიოგრაფიული ძეგლების შემოკლებანი და მოკლე რედაქციების შექმნა სწორედ ბერძნულ ენაზე ხდებოდა, შესაბამისად ჩვენ არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ ქართულად არსებული “ბალავარიანის” მოკლე რედაქცია ვთქვათ ბერძნულიდან არა, მაგრამ თარგმნილია თუნდაც იმ ენიდან საიდანაც ის ვრცელი რედაქცია ითარგმნა. ესეც არ შეგვიძლია ვთქვათ, კვლავ გავიმეორებ, იმიტომ, რომ არცერთ სხვა ენაზე დამოუკიდებლად ასეთი მასშტაბური პროცესი, ჰაგიოგრაფიული ძეგლების ვრცელ აღწერილობათა მოკლე რედაქციებამდე დაყვანა და ამ მოკლე რედაქციების ჩამოყალიბება, არ ხდებოდა, გარდა ბერძნულისა და ქართულადაც მხოლოდ ბერძნულიდან ითარგმნებოდა. რამდენადაც “ბალავარიანთან” დაკავშირებით ეს ვითარება გამორიცხულია, გამომდინარე იქიდან, რომ ბერძნულად იმ დროს როდესაც ქართული მოკლე რედაქცია უკვე შემუშავებული იყო, “ბალავარიანი” საერთოდ არ არსებობდა და სხვა ენებზე ამგვარი პროცესი შემოკლებებისა არ ხდებოდა, რჩება ერთადერთი აზრი, რომ ეს შემოკლება ტექსტისა საკუთრივ ქართულ ნიადაგზეა შესრულებული. მსგავსი მოვლენები ქართულ საეკლესიო ისტორიაში სახეზეა, და თვით ამ მოკლე რედაქციის მიმართება ვრცელთან, ე.ი. ორი ქართული რედაქციის ერთი მეორესთან მიმართება, აშკარად ცხადყოფს, რომ მოკლე რედაქცია გამოკრებილია ვრცელისგან, სწორედ იმ ძველი ქართული თარგმანიდან და დამოუკიდებელი თარგმანი არ არის. ამას ცხადყოფს ის გარემოება, რომ მოკლე რედაქცია თანმხვედრ ადგილებში ვრცელ რედაქციასთან სიტყვასიტყვით ეთანხმება მას, ე.ი. მისგან მომდინარეობს. ქართველი ავტორისგან ქართული თარგმანის ვრცელი რედაქცია აღებულია სამუშაო ტექსტად და შემოკლებულია იგი ლიტურგიკული მიზანდასახულობით. ასე რომ ქართულად ორი რედაქცია არსებობდა, ვრცელი და მოკლე, და საკითხი სწორედ ამასთან დაკავშირებით წამოიჭრება და ეს საკითხი არ გახლავთ მხოლოდ ქართული საეკლესიო ფილოლოგიის პრობლემა, ესაა ზოგადად ბიზანტინისტიკის საეკლესიო მწერლობის, საეკლესიო ისტორიის პრობლემატიკა და ამიტომაა, რომ “ბალავარიანის” ქართული თარგმანის ტექსტით დაინტერესებულნი არიან თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც კი საეკლესიო მწერლობა მეცნიერულად შეისწავლება. საქართველოშიც უკვე დღეისათვის, თავისთავად ცხადია, მყარი საფუძველი არსებობს “ბალავარიანის” კვლევისა.

კვლევა-ძიების შედეგები, ის უეჭველი შედეგები, რაც მყარია, უთუოა, შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: “ბალავარიანის” ვრცელი რედაქცია (მოკლე რედაქციის ვითარება სავსებით გარკვეულია, იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნეთ ის ვრცელისგან გამოკრებილია საკუთრივ ქართულ ნიადაგზე) არის თარგმანი. შეიძლება ზოგადად რომ ვთქვათ საკითხის დასკვნის ასე გამოტანა გულუბრყვილობადაც ჩანდეს, რადგან ქართული ტექსტი აუცილებლად თარგმანი უნდა იყოს, მაგრამ რადგანაც იგივე ტექსტი ბერძნულ ენაზე ამ დროისათვის არ ჩანს და სხვა ენებზეც ნაკლებ გამჭვირვალეა, ვთქვათ სომხურზე, სლავურზე და სხვა, ბუნებრივად იბადება კითხვა ხომ არაა ეს ქართულადვე დაწერილი? რა თქმა უნდა, ეს ასე არ გახლავთ, ძეგლი თარგმანია და რა ენიდან არის ის თარგმნილი ესეც მეტნაკლებად დადგენილია, რომ თხზულება ქართულად თარგმნილი უნდა იყოს არაბული ენიდან. როდესაც ფილოლოგიური პრობლემა დაისმის და მას გადაჭრა უნდა მოედევნოს, ხოლო პრობლემა ასე ყალიბდება, რომ  ესა თუ ის ქართულენოვანი ტექსტი საიდან, რომელი ენიდან მომდინარეობს, ასეთ დროს არსებობს რამდენიმე საზომი, რამდენიმე არგუმენტი, კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ზოგ შემთხვევაში საკმაო ალბათობით, ზოგ შემთხვევაში კი აბსოლუტური დარწმუნებულობით დგინდება ამა თუ იმ ქართულენოვანი ტექსტის წარმომავლობა. ძველი ქართული ძეგლების ფილოლოგიური ანალიზი სავსებით უეჭველად ცხადყოფს, რომ თუმცა უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, ბერძნული ენიდან მომდინარეობს, მაგრამ აბსოლუტურად ყველა მათგანი ბერძნულიდან თარგმნილი არ გახლავთ. ქართულად შესამჩნევია აშკარად არაბულიდან მომდინარე თარგმანები, ზოგ შემთხვევაში სახეზეა, ყოველ შემთხვევაში ცალკეული მკვლევარების აზრით, სირიულიდან მომდინარეობა ქართული ტექსტებისა, არის თითქოს გამოთქმული შეხედულებები კოპტურ, ეთიოპურ საეკლესიო ლიტერატურებთან კავშირისა. ჩვენი აზრით ძველ დროში ასევე ხელშესახები უნდა ყოფილიყო ალბანური საეკლესიო მწერლობაც, იმიტომ, რომ ეს ძალიან მასშტაბური ლიტერატურა, რომელიც შემდეგში მთლიანობაში დაიკარგა, თავის დროზე არსებობდა და უმჭიდროესი შეხება ქონდა მასთან ქართულს და ძნელი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ალბანური საეკლესიო ლიტერატურა საერთოდ აუსახველი დარჩა ქართულ საეკლესიო მწერლობაში, ასევე სომხური ზოგიერთი ძეგლი და სხვა. პირდაპირ რომ ვთქვათ ძველი ქართული მთარგმნელობითი დიაპაზონი წვდებოდა იმ დროინდელ ყველა ქრისტიანულ ენას, მთელ ქრისტიანულ მსოფლიოს, რაც ერთ-ერთ ღირსეულ თავისებურებად უნდა ჩაითვალოს ძველი ქართული, მართლმადიდებლური, სამწერლობო და ამ შემთხვევაში კონკრეტულად მთარგმნელობითი ტრადიციისა. ეს ერთ-ერთი უდიდესი ღირსებაა, დადასტურება გლობალიზმისა, უფართოესი თვალსაწიერისა, საკუთარ სულიერ ხედვაში მთელი ქრისტიანული მსოფლიოს მოცვისა, რომ არაფერი დარჩეს შეუმჩნეველი, უკონტაქტო, უცნობი იმ დროინდელ საეკლესიო მსოფლიოში. მაგრამ ეს დიდი ღირსება ზოგჯერ მცდარად გაიგება, რომ რომელიმე ენიდან როცაა აშკარად ესა თუ ის ძეგლი შესრულებული, ეს ცალკეულ პირთა მიერ ზოგჯერ ხელოვნურად იჩქმალება, რომ დავუშვათ რაღაც ძეგლი სომხურიდან არის თარგმნილი, ეს მიჩნეულია ზოგიერთი მკვლევარის მიერ რაღაც დიდ უბედურებად, რაც არის აშკარა პროვინციალიზმი, მეცნიერულობისგან აბსოლუტურად დაცილებული ქმედება და იმავე, სამწუხაროდ, სომეხი მეცნიერის სულისკვეთების მსგავსი. ეს პრინციპი სომხეთში ძალიან დაფუძნებული გახლავთ, რომ როგორმე მაქსიმალურად მიიჩქმალოს ის ძეგლები, რომლებიც აშკარად ქართულიდანაა სომხურად თარგმნილი. მაგრამ გასაგებია იქ რატომაც ხდება ეს ყოველივე, რომ სომხური ლიტერატურა უაღრესად ჩაკეტილი გახლდათ და ამ ჩაკეტილობამ თავისი დაღი დაასვა მეცნიერულ კვლევასაც ლიტერატურისას, მაგრამ როდესაც თვალსაწიერი უფართოესია ქართული საეკლესიო ლიტერატურის წარსულისა და მთარგმნელობითი ხედვისა და უმდიდრესი შენაძენები გვაქვს ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მიჩქმალვა სრულიად შეუძლებელია. არაფრის მიჩქმალვა ჩვენ არ გვჭირდება, რადგან უმდიდრესი, უდიდესი, უდიადესი სულიერი კულტურაა დატოვებული უადრესი ეპოქიდან. მიჩქმალვა და რაღაცის შელამაზება კი მაშინ ხდება, როცა ამა თუ იმ ერის კულტურას, ადრეც აღვნიშნავდით და კვლავ გავიმეორებთ, შელამაზება ჭირდება. როცა რაიმე მოვლენა ანდა რაიმე საგანი თავისთავად არ არის ღირსეული, თავისთავად არ არის დიდი, დიადი და მშვენიერი, და გვინდა, რომ სხვათა თვალში ასეთად გამოვაჩინოთ, მაშინ ვალამაზებთ ამა თუ იმ საგანს, მაშინ მოვაპირკეთებთ მას, რომ გარეგნულად სხვათათვის ასეთი წარმოჩნდეს. მაგრამ როდესაც რაიმე მოვლენა, რაიმე სიწმინდე თავისთავად დიადია მას არავითარი შელამაზება არ სჭირდება და არც დაიფარება. როდესაც მრავალი არაქართველი მეცნიერის აშკარა ყალბისმქმნელობა და ტენდენციურობა გამჟღავნდა, ე.ი. მცდელობდნენ რა იმას, რომ საკუთარი კულტურა უფრო შელამაზებულად წარმოეჩინათ და ქართული დაეკნინებინათ, რაც გამჟღავნდა მსოფლიო მეცნიერების წინაშე, ის რაც ღირსება იყო ამ კულტურებისა (გასაგებია ალბათ მსმენელისთვის რომელ კულტურებს ვგულისხმობთ) ისიც კი უკვე საეჭვო გახდა. როცა ჩვენ რაღაცას ვჩქმალავთ, რაც აუცილებლად გარკვეულ დროს გამჟღავნდება სხვათა თვალში, და როდესაც ამ მიჩქმალულის გამჟღავნება მოხდება, უკვე რაც ნამდვილად ჩვენია, რაც ჭეშმარიტია ისიც კი საეჭვო გახდება სხვათა თვალში, რამდენადაც უკვე საეჭვოობის, არამყარობის, განწყობილება იქმნება ყველას წინაშე. ამიტომ საჭიროა, რაც საეკლესიო პრინციპი გახლავთ, აბსოლუტური ობიექტურობა, როგორც ეს ეკლესიის მამებს ახასიათებდათ, სრული მართლის თქმის პრინციპი, ყოველგვარ გარეგან შელამაზებასთან ანდა გარეგან საფრთხესთან (რაც ზოგჯერ ძალიან სერიოზული იყო) მიმართებით სრულიად შეუგუებელი და ანგარიშ გაუწეველი. ერთი ნიმუში რომ მოვიტანოთ, დავუშვათ ამა თუ იმ არაქრისტიანმა მოაზროვნემ რაღაც ღირსეული აზრი თქვა, აი ამ ღირსეული აზრის მოხმობა ზოგჯერ ხდებოდა წყაროზე მითითების გარეშე, რადგან წყაროდ არაქისტიანის დასახელების ეშინოდათ, ამ წყაროს მომხმობისთვის არაქრისტიანობა არ დაებრალებინათ, მაგრამ ნამდვილად ჭეშმარიტი მამები ვინც იყვნენ ყოველთვის უთითებდნენ წყაროს და ამბობდნენ, რომ ზოგჯერ გაკრთება ჭეშმარიტების მარცვალი იქაც კი, სადაც კი სარეველაა მოდებული და არაჭეშმარიტების წიაღია. სრული ობიექტურობა, აბსოლუტური მართლის თქმის პრინციპი, ეს გახლავთ საეკლესიო მოძღვრების ქვაკუთხედი, საფუძველი, მაცხოვნებელი გზის სათავე. მეცნიერებაშიც აუცილებლად იგივე უნდა ვლინდებოდეს, რომ ამ შემთხვევაში რომელი ძეგლი რომელი ენისგან არის თარგმნილი, რომელ ქვეყანასთან რა კულტურული კავშირი გვაკავშირებს, თუ რაიმე ღირსეული გაუკეთებია ჩვენთვის რომელიმე ერს, ანდა რაიმე ფასეული მოვლენა ჩვენი კულტურისადმი სხვათაგან გამოვლენილა, ეს ყოველივე აუცილებლად მისხალ-მისხალ უნდა იქნეს აღნუსხული, დაუნჯებული და მადლიერების გამომხატველ მოქმედებაზე აუცილებლად მადლიერება გამოხატული. ხოლო იქ სადაც პაექრობაა საჭირო და საკუთარი მართლმადიდებლური ტრადიციის დაცვის აუცილებლობა, ასევე აბსოლუტური ობიექტურობა. ეს სამოღვაწეო პრინციპი ღვთის მადლით ქართულ მეცნიერებაში მართლაც მწვერვალზეა, ჩვენ მხოლოდ ზოგიერთ უმნიშვნელო გამონაკლისს ვგულისხმობდით ზემოთ, სადაც ამ შემთხვევაში კონკრეტულად სომხურიდან თარგმნილ ძეგლებს ეხებოდა საკითხი, რაც ზოგჯერ იჩქმალება იმის შიშით, რომ ამის მთქმელს რაიმე არაეროვნული არ დაბრალდეს, არმენოფილობა არ დაბრალდეს და სხვა. ეს ყოველივე სასაცილოა, ღიმილის მომგვრელია. ფაქტი ისაა, რომ ძველ ქართულად თარგმანები არსებობდა, კვლავ აღვნიშნავთ, არსებითად და უდიდესი ნაწილი ბერძნული ენიდან, თან არააერთგზისი, და მის გვერდით, თავისთავად ცხადია, შესამჩნევია და გამოკვეთილია სომხურიდან თარგმნილი ძეგლებიც და ამ ძეგლების უდიდესი ნაწილი არის იმ ეპოქისა, როდესაც სომხები განდგომილნი არ იყვნენ ჯერ კიდევ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ზოგიერთი მოგვიანებითაც ითარგმნა, მაგრამ ითარგმნა დიდი განმრჩეველობისა და მრავალგზისი შემოწმებების შემდეგ, როგორც ამას გვიდასტურებს თუნდაც “შატბერდის კრებულის” ბოლო ძეგლი, რომელიც ერთ-ერთი, X საუკუნის, მთარგმნელის დაჩის მიერ სომხურიდან იქნა შესრულებული, მაგრამ შემოწმება გავლილი სტეფანე მტბევრისგან და სხვა. და აი ამ სხვაენოვან თარგმანთა შორის, არაბერძნულ თარგმანთა შორის, ერთ-ერთი გამოკვეთილია აგრეთვე არაბული ენა. არაბულიდან ქართულად საკმაო რაოდენობის ძეგლებია თარგმნილი, ეს ჯერ კიდევ ნიკო მარმა წარმოაჩინა საკმაოდ დასაბუთებულად, შემდგომ ეს მიმართულება ქართული ფილოლოგიისა კიდევ უფრო გამოიკვეთა გვიანდელ მკვლევარებთან, განსაკუთრებით ბატონ ილია აბულაძესთან, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, ქალბატონ რუსუდან გვარამიასთან და ზოგიერთი დაკვირვებანი ამ კუთხით, ძველ ტექსტებზე მომუშავე თითქმის ყველა მკვლევრის გამოკვლევაში შეგვიძლია ვნახოთ. ასე რომ არაბულიდან მომდინარე ტექსტების ჯგუფი საკმაოდ ხელშესახებია და მეცნიერულადაც დღეისათვის დამუშავებული. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ სწორედ “ბალავარიანი”.


“ბალავარიანის” წარმომავლობის საკითხი

ჩვენ კვლავ იმავე თემას შევეხებით, რასაც წინა საუბარში ვეხებოდით, კერძოდ ვმსჯელობდით “ბალავარიანის” ქართულ თარგმანზე. ვეხებოდით მის წარმომავლობას და აღვნიშნავდით, რომ მეცნიერული კვლევით დასაბუთებულია ამ თარგმანის წარმომავლობა არაბული ენიდან. სხვათაშორის რაზეც წინა საუბრის II ნაწილში გამოვთქვამდით ჩვენს აზრს და დამოკიდებულებას, იმავეს “ბალავარიანის” წარმომავლობასთან დაკავშირებითაც უნდა შევეხოთ, რადგანაც ამ ძეგლის არაბულიდან თარგმნილობაც ასევე პრობლემური და მიუღებელი აღმოჩნდა ცალკეული მკვლევრისთვის. ამ საკითხზე საკმაოდ მკაცრი პაექრობა გაიმართა, ვიდრე მოხდებოდა უკვე მართლაც საყოველთაოდ აღიარება იმისა, რომ დაკვირვება “ბალავარიანის” ქართული თარგმანის არაბული ენიდან მომდინარეობის შესახებ ნამდვილად სიმართლეს შეესაბამება. ჩვენ ვსაუბრობდით კრიტერიუმებზე თუ რის მიხედვით განისაზღვრება ამა თუ იმ ძველი ქართული ტექსტის თარგმანის წარმომავლობა, თუ რომელი ენიდან უნდა მომდინარეობდეს ის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს ტექსტობრივ შედარებას, ე.ი. როდესაც ესა თუ ის ტექსტი მოღწეულია ბერძნულადაც, არაბულადაც, სომხურადაც და ქართულადაც. აი ასეთ დროს, იმის დასადგენად ქართული ტექსტი რომელი ენიდანაა თარგმნილი, გადამწყვეტი აგუმენტები მოიპოვება იმ მეცნიერული მუშაობის შედეგად, რაც გულისხმობს ხელმისაწვდომ ყველაენოვანი ტექსტის ძველ ქართულ თარგმანთან შედარებას. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ლექსიკური შედარებანი, არა მხოლოდ მორფოლოგიური შედარებანი, არამედ მთლიანობაში, ენობრივ-ტერმინოლოგიურად, რაც მრავალ არგუმენტს მოგვცემს უეჭველად ამა თუ იმ ქართულად არსებული თარგმანის მომდინარეობის საკითხთან დაკავშირებით. იმდენად წარუშლელად აღიბეჭდება უშუალოდ სათარგმნი დედნის ნაკვალევი თარგმანში, რომ თითქმის შეუძლებელია ჩვენ წარმოვიდგინოთ რაიმე ტექსტი, რომლის წარმომავლობაც კვლავ გაურკვეველი დარჩება თუ პარალელური სხვა ენოვანი ტექსტები ხელმისაწვდომია. ბერძნულ ენას თავისი ლექსიკა აქვს, თავისი ენობრივი თავისებურებები, რაც მკვეთრად აისახება ყოველ თარგმანში და ასეთ თავისებურებებს ბერძნიზმები ეწოდება, გრეციზმები ეწოდება. ასევე არაბულ ენას თავისი მკვეთრი თავისებურებანი აქვს და მას არაბიზმები ეწოდება, როცა თარგმანშია ის გამოვლენილი. სომხურს არმენიზმები, სირიულ ენას სირიიზმები და სხვა. აქედან გამომდინარე “ბალავარიანში” გამოვლენილია აშკარა არაბული, ერთი მხრივ ლექსიკა და მეორე მხრივ ცალკეული ენობრივი მოვლენები, რომლებიც ალბათ ამ დასკვნას, ე.ი. რომ ქართული თარგმანი არაბულიდან მომდინარეობს, უეჭველს ხდის. ცხადია აქ მაინც არ იყო დიდი არჩევანი, იმიტომ, რომ ბერძნულ ენაზე ეს ტექსტი გვიანდელია (რომელზეც შემდეგ გვექნება საუბარი), ასევე სომხური ადრინდელი თარგმანი “ბალავარიანისა” არ მოგვეპოვება და შესაბამისად ქრისტიანულ ენათაგან რჩებოდა, იმ რეგიონების ენათაგან, რომლებზეც “ბალავარიანი” შეიძლებოდა არსებულიყო, სწორედ ეს ორი არაბული და სირიული. სირიულადაც დღეისათვის “ბალავარიანის” ტექსტი ცნობილი არ გახლავთ, ის არაბულადაა არსებითად ცნობილი და რამდენადაც ქართულ ტექსტშიც არაბიზმები გამჭირვალეა, დასკვნა მკვლევარებისა სრულიად ბუნებრივია, რომ ქართული მომდინარეობს არაბულიდან.

მაგრამ როდესაც საკუთრივ მოვლენის წარმოშობაზე მახვილდება ყურადღება, ე.ი. ბალავარის, იოდასაფის და აბენესის ამბავი საერთოდ რა ენაზე აღიწერა და საიდან მომდინარეობს ეს ამბავი, ამასთან დაკავშირებით გახლავთ დიდი დაპირისპირება მკვლევართა შორის. ნაწილი მიიჩნევს, რომ “ბალავარიანის” ამბავი სხვა არაფერია თუ არა ქრისტიანიზებული, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ გაქრისტიანებული თხრობა გაუტამა ბუდას შესახებ, ინდური ლეგენდის თუ ინდური გადმოცემის გაქრისტიანებული ვარიანტი, გაქრისტიანებული ვერსია. ასე მიაჩნია მკვლევართა ნაწილს და ეს აზრი მეცნიერულ კვლევაში დღეისათვის საკმაოდ ფეხმოკიდებულია, მიუხედავად იმისა, რომ ძნელია ჩვენ ამ თეორიას რაღაც მყარი საფუძველი მოვუძებნოთ, რადგან დასტურდება, რომ IV საუკუნეში ინდოეთში მართლაც იყო მეფე აბენესი, ე.ი. ისტორიული მოვლენა გვიდასტურებს ამ ძეგლში გამოვლენილი ერთ-ერთი პიროვნების ნამდვილ ისტორიულობას. ამასთან ისიც აშკარაა, რომ ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთშიც მოციქულისგან ნაქადაგები ქრისტიანობა, რა თქმა უნდა, იმ ნაყოფს ვერ გამოიღებდა, რომ იქ ქრისტიანული ელემენტი გვიანდელ საუკუნეებში მკვეთრად შესამჩნევი ყოფილიყო. თითქმის უმრავლეს ნაწილში მოციქლთაგან ნაქადაგები ქვეყნებისა, მათ შორის საქართველოშიც, საკუთრივ მოციქულთა ქადაგება ეს იყო შეუმუსრავი მარცვალი, რომელიც მართლაც ბალავარად და საძირკვლად დაედო შესაბამის ქვეყანაში ქრისტიანობას, მაგრამ მისი გაღვივება საუკენეთა შემდგომ მომხდარა. ანდრია პირველწოდებულისგან დადებული მტკიცე საფუძველი, ანუ ის სულიერი მარცვალი, სულიერი თესლი სარწმუნოებისა, მარად შეუმუსრავი და თავის დროზე აღმოცენებადი, რა თქმა უნდა, პირველ საუკუნეში დაიდო, მაგრამ აღმოცენდა IV საუკუნის I ნახევარში წმ. ნინოს მოციქულებრივი ღვაწლითა და ძალისხმევით. მსგავს ვითარებას ჩვენ თითქმის ყველა სხვა ქვეყანაშიც ვხედავთ და მათ შორის, როგორც ჩანს, ინდოეთშიც იგივე ვითარება იყო, რომ თომა მოციქულისგან ნაქადაგები მარცვალი გაღვივებულ იქნა IV საუკუნეში აბენესის დროს. როგორც არ უნდა იყოს, ის ფაქტი, რომ ორი თხრობა ერთი მეორეს ემსგავსება, ე.ი. ქრისტიანული თხრობა აბენესის, იოდასაფის და ბალავარის შესახებ და ინდური, წარმართული თხრობა ბუდას შესახებ, აუცილებლად უპირატესობას პირველს არასოდეს არ უნდა ვანიჭებდეთ. ზოგადად, რამდენადაც არაეკლესიურ ცნობიერებაში პირველადობა, უპირატესობა ყოველთვის წარმართულს, არაეკლესიურს ენიჭება, ეს შინაგანი მექანიკური მოქმედებითაც ხშირად ხდება ხოლმე, რომ როდესაც ორი მსგავსი მოვლენა დასტურდება ვთქვათ საეკლესიო ტრადიციაშიც და წარმართობაშიც, უყოყმანოდ პრიორიტეტს განუკუთვნებენ სწორედ იმ წარმართულს და მისგან მომდინარედ სახავენ ქრისტიანულს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ ავიღოთ თუნდაც ისეთი, ალბათ ეკლესიური თვალთახედვით, მართლაც კურიოზულ ფაქტზე მსჯელობა, რომ ჯვრული გამოსახულებანი, ჯვრები, რაც თუნდაც საქართველოს მთაშია, ეს წარმართული ჯვრებია პირველადი და ჯვრის წარმართული თაყვანისცემაა პირველადი თუ საეკლესიო თაყვანისცემა? მრავალი ფოლკლორისტი ფიქრობს, რომ წარმართობაში არსებობდა ჯვრის კულტი, აქედან შემოაღწია ქრისტიანობაში ამ თაყვანისცემამ ჯვრისამ და ქრისტიანობამ ის განავითარა. მაშინ როცა აბსოლუტურად საწინააღმდეგოს გვიჩვენებს ჩვენ არგუმენტაცია, ფაქტოლოგია, რომ თაყვანისცემა ჯვრისა სწორედ ეკლესიაში აღსრულდა და მას თავისი საფუძველი აქვს, რომ ჯვრის თაყვანება ეფუძნება ამ თავის დროზე შეურაცხ საგანზე განკაცებული ღვთის გაკვრას, ამით გახდა ის ჩვენთვის უწმინდესი და ამ ჯვარცმით რამდენადაც მტერი კაცობრიობისა დაიძლია და ჯოჯოხეთი შეიმუსრა, სწორედ ეს ფაქტი ხდის მორწმუნეთათვის ჯვარს უდიდესი თაყვანისცემის საგნად. ამის ფონზე კი რას უნდა ეფუძნებოდეს წარმართული თაყვანისცემა ჯვრისა, ამაზე პასუხს ვერცერთი მკვლევარი, წარმართული მსახურების პრიორიტეტის მოსურნე, ვერასოდეს ვერ გაგვცემს. მსგავსად ამისა როდესაც გარკვეული პარალელები ჩანს არეოპაგეტულ შრომებსა და წარმართ პროკლე დიადოხოსს შორის, რა თქმა უნდა, უყოყმანოდ პრიორიტეტი, პირველადობა და უპირატესობა პროკლეს განეკუთვნება, მაშინ როცა გაცილებით სარწმუნოა პირუკუ ვითარება. იგივე ითქმის ამ შემთხვევაშიც, რომ როდესაც გარკვეული ასპექტით ეს ორი თხრობა ერთმანეთს ემსგავსება, ერთი მხრივ ბუდისტური ბუდას შესახებ და მეორე მხრივ საეკლესიო გადმოცემა ბალავარის შესახებ, რატომ უნდა მიეცეს უყოყმანოდ უპირატესობა პირველს, როდესაც თუ დავფიქრდებით გაცილებით უფრო მიზანშეწონილია უპირატესობა მიეცეს სწორედ ამ უკანასკნელს. სრულიად გარე თვალით რომ შევხედოთ ამ მოვლენას, არც საეკლესიო ხედვიდან და არც ბუდისტური ხედვიდან გამომდინარე, არამედ ლოგიკურად მსჯელობით, თუკი ეს თხრობა ბუდისტური იყო და გაქრისტიანდა, სად უნდა გაქრისტიანებულიყო? ბუდისტური და ინდური თხრობა, რა თქმა უნდა, ინდურ გარემოში იქნებოდა ცნობილი და ინდურ გარემოში როდის გაქრისტიანდებოდა ის, როდესაც III-IV საუკუნეების შემდეგ ინდოეთის ქვეყნები მთლიანად წარმართობას ეძლევიან და იქ ქრისტიანობის ელემენტები მინიმუმადე დადის, ზოგ ეპოქაში კი საერთოდ აღმოფხვრილია, ანუ ამ შრომის გაქრისტიანების საფუძველი რა უნდა გამხდარიყო? განა გაცილებით უფრო სარწმუნო არ არის ვიფიქროთ, რომ ეს მოვლენა, ეს თხრობა დიდ ამბავს დაეფუძნა და დიდი ამბავია აბენესის, ინდოეთის მეფის გაქრისტიანება, რადგან იმ მომენტში ეს მთელი ინდოეთის გაქრისტიანებას ნიშნავს, მაგრამ რამდენადაც ინდოეთში ქრისტიანული სარწმუნოება ასეთ აღმატებულ მდგოამრეობაში, ყოფითი გაგებით, დიდხანს ვერ შენარჩუნდა და ისევ წარმართობამ სძლია ინდოეთს, ეს თხრობა ამ დიდი მოვლენის შესახებ, ფორმაცვლილი და გადაგვარებული, მაინც შემორჩა. გადაგვარების ახსნა აქ ადვილი გასაგებია, რამდენადაც შეიცვალა სარწმუნოებრივი სახე ამ ქვეყნისა, ძველი ტრადიცია შემორჩა მაგრამ გადაგვარებული სახით. მოგეხსენებათ არაფერი არ ისპობა უკვალოდ, არც ეს დიდი მოვლენა არ მოისპობოდა უკვალოდ, იქაც შემორჩა, ოღონდ უკვე, რამდენადაც სარწმუნოებრივი პრიორიტეტი ბუდაზე იყო, თავისთავად ცხადია ბუდისტურ თხრობად გადაიქცა ის. პირუკუ გარდაქმნის ახსნა არანაირი არგუმენტით დღესდღეობით არ ხერხდება, ამ ქრისტიანიზების საფუძველი რა უნდა გამხდარიყო ამას ჩვენ ვერცერთი მკვლევარი ვერ გვაუწყებს. ამას ხელს უწყობს ბალავარიანის გამოჩინების ეპოქაც, თუ ჩვენ ასეთ წინა საფუძვლებს ვიგლისმხებთ, რომ ქართულის წყარო არაბულია, არაბულად საეკლესიო მწერლობა კი VII-VIII ს-ში ყალიბდება და ფუძნდება. თუ საკუთრივ არაბული ხშირ შემთხვევაში სირიულს ეფუძნება, თავის მხრივ სირიულის ტრადიცია არსებითად IV-V-VI საუკუნეებია, სირიულ ენაზე თუ ვიფიქრებთ პირველ წერილობით გამოვლინებას “ბალავარიანისას”, მაშინ ჩვენ ასეთი სურათი გვქონია, რომ სწორედ ამ დროს უნდა მომხდარიყო ქრისტიანიზება ბუდისტური თხრობისა და ჩაწერა სირიულ ენაზე. მაგრამ ეს ხომ აპოკრიფული ეპოქა არაა საეკლესიო ტრადიციაში. რაღაცეების, ამგვარი ამბების გარდაქმნა, ტრანსფორმაცია, გადაგვარება მაშინ ხდება, როდესაც არ არის მყარი, ნათელი, მეცნიერულ-საღვთისმეტყველო აზრი, როდესაც აპოკრიფულობა, როდესაც ცრუ რწმენები ბატონობს, მაშინ ყველანაირი გარდაქმნები შესაძლებელია. მაგრამ IV-VI ს-ბი ეს გახლავთ მოგეხსენებათ საეკლესიო ღვთისმეტყველების ოქროს ხანა, ყველაზე უფრო მკაცრი, მეცნიერული, შეუვალ გალავნ შემოვლებული საეკლესიო მოძღვრება ამ დროსაა, ამის საფუძველზე კი უმყარესი საფუძველი აქვს რწმენას შექმნილი და როგორ შეამოაღწევდა ასე იოლად, ასე თავისუფლად ეს ბუდისტური თხრობა ამ უმტკიცეს საეკლესიო გალავანში, ეს აბსოლუტურად აუხსნელია. ან რატომ უნდა მიეცათ გზა მისთვის, როდესაც ეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი თხრობა იყო, როცა თვითონ თხრობის არქიტექტონიკაში და ძირითად სიუჟეტში არაფერი არ დევს ისეთი, რომ პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონოდა მას საეკლესიო ისტორიისთვის, მითუმეტეს V-VI საუკუნეებში, როდესაც ინდოეთი ქრისტიანული ქვეყანად არ წარმოჩნდებოდა. ასე რომ ბუდისტურიდან ანუ ინდური თხრობიდან გაქრისტიანება ამ ამბისა, უაღრესად რთულად ასახსნელია, ფაქტობრივად აუხსნელია, მაშინ როცა, კვლავ აღვნიშნავთ, პირუკუ პროცესი სავსებით შესაძლებელია. ჩვენ ყველა ქვეყნის ზეპირ თხრობაში და ფოლკლორულ ტრადიციაში მსგავსი ვითარება შეგვიძლია განვჭვრიტოთ. სხვა რომ არაფერი საქართველო რომ ავიღოთ, ვნახავთ თუ როგორ არის ტრანსფორმირებული საეკლესიო სწავლებანი, საეკლესიო თხრობანი, საეკლესიო წიაღში წაკითხული ძველი და ახალი აღთქმის საკითხავები ხალხურ მეხსიერებაში. თუნდაც თხრობა ელიას, ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის შესახებ, რაც სრულიად ფოლკლორიზებული, სხვა შინაარს შეძენილი და სხვა განწყობილება მიღებულია, გახალხურებული ოღონდ ისე, რომ ორიენტაცია შეცვლილი მთლიანად, რომ ელია წვიმისა და ჭექა-ქუხილის ღმერთია. გასაგებია თუ რას ეფუძნება ეს ამბავი, ბიბლიურ თხრობას იმის შესახებ თუ როგორ მიეცა სასწაულის აღსრულების ღვთიური მადლმოსილება ელიას, რომელმაც დახშა ცა ანუ აღარ წვიმდა დედამიწაზე და შემდეგ როგორ გახსნა ცა, აი ამ თხრობას ეფუძნება მაგრამ გაწარმართებულია იგი, იმიტომ, რომ ჭექა-ქუხილის ღვთაებადაა წარმოჩენილი ელია. ისევე როგორც წმ. გიორგი, როგორ არის ხალხურ მეხსიერებაში მის შესახებ ამბები გაწარმართებული და სხვა. და რა ვიფიქროთ, რომელია ელიასთან დაკავშირებული ამბავი პირველადი? ნუთუ ის ხალხური ტრადიციაა პირველადი და აქედან მივიღეთ ბიბლიური თხრობა ელია წინასწარმეტყველის შესახებ? ანდა წმ. გიორგისთან დაკავშირებით ხალხური ტრადიციებია პირველადი და აქედან მივიღეთ წმ. გიორგის შესახებ ჰაგიოგრაფიული აღწერილობა და სხვა. რა თქმა უნდა, ყველაფერი სავსებით ცხადია, სავსებით გასაგებია. ჩვენ იმასაც კი ვხედავთ, რომ ხალხურ მეხსიერებაში როდესაც ეკლესიური ცნობიერება მოშლილია, ასეთ გაწარმართებას და ტრანსფორმირებას განიცდის ლიტურგიკული ნაწილიც კი. კარგად არის ცნობილი კურთხევითი ტექსტები როგორაა თითქოს მექანიკურ დონეზე შენარჩუნებული, მაგრამ ორიენტაციით მთლიანად შეცვლილი. ეს ყველაფერი ყველა ქვეყანაში, ყველა ერში ამგვარად ხდება და ეჭვი არ არის, რომ ამგვარ ვითარებასთან გვაქვს ჩვენ საქმე “ბალავარიანთან” დაკავშირებით, რომ როდესაც კვლავ იმძლავრა ინდოეთში წარმართობამ და მთელი ქვეყანა მოიცვა, ეს თხრობაც დიდი მოვლენის შესახებ ასევე გაწარმართთდა და ეს დიდად მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ძეგლიც, რა თქმა უნდა, ტრანსფორმირებულ იქნა ბუდისტურ და ინდურ თხრობად. ამგვარად წარმოგვიჩნდება ჩვენ წარმომავლობა “ბალავარიანის” საფუძვლისა და მართებული გვეჩვენება ის აზრი, რომ შესაძლოა პირველ აღწერილობა სწორედ სირიულ ენაზე მომხდარიყო ამ ძეგლისა. სირიულიდან უამრავი რამ შემდეგ არაბულად ითარგმნა და სწორედ არაბული ხდება ამ შემთხვევაში, დღეისათვის ცნობილი ტექსტების მიხედვით, ამოსავალი წყარო “ბალავარიანის” კვლევისა. მაგრამ ეს ამოსავალი წყარო იმდენად მნიშვნელოვანი არ გახლავთ მსოფლიო ასპარეზზე ამ ძეგლის გასვლის პერსპექტივაში, რამდენადაც არაბულიდან მომდინარე ძველი ქართული თარგმანი. ძველი ქართული თარგმანი ამ შემთხვევაში მართლაც გამოიყოფა თავისი გადამწყვეტი მნიშვნელობით, რადგანაც სწორედ ეს თარგმანი გახლავთ ხიდი “ბალავარიანის” ტექსტის, კვლავ აღვნიშნავთ, მსოფლიო არენაზე გასვლისა არაბულიდან ბერძნულისკენ. ბერძნულ ენას, როგორც მსოფლიო ენას, თუმცა ამ დროისათვის ლათინური ფაქტობრივად ეცილება მას ამ მსოფლიოობაში, გლობალურობაში, მაგრამ ეს მდგომარეობა ამ შემთხვევაში მას (ბერძნულ ენას) ჩრდილს არ აყენებს, იმიტომ, რომ ბერძნული თვით ლათინურთანაა უმჭიდროესად დაკავშირებული და ნებისმიერი რამ მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ბერძნულ ენას უკავშირდება, მყისვე აისახება ლათინურშიც. შესაბამისად როდესაც ვამბობთ, რომ ქართული ხიდია არაბულიდან ბერძნულისკენ, ეს თავისთავად ნიშნავს იმასაც, რომ ქართული ხიდია არაბულიდან ლათინურისკენ ბერძნულის გზით და ლათინურიდან მთელი მსოფლიოსკენ. აი ეს საკითხი გახლავთ უაღრესად საყურადღებო, რაც ქართულ ტექსტს მსოფლიო მნიშვნელობის ტექსტად წარმოგვიჩენს და კვლავ აღვნიშნავთ ამითვე აიხსნება ის უდიდესი ინტერესი, რასაც “ბალავარიანის” ქართული თარგმანისადმი მსოფლიო ბიზანტინისტიკა, ზოგადად საეკლესიო ფილოლოგია იჩენს.


“ბალავარიანის” ბერძნული ტექსტის წარმომავლობისა და ავტორობის შესახებ

ჩვენ შეძლებისდაგვარად წინა საუბარში მიმოვიხილეთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უკავშირდებოდა ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურის ერთ-ერთ უაღრესად საყურადღებო ძეგლს სახელწოდებით “ბალავარიანი”. რა თქმა უნდა, მონაცემებს რაზეც უკვე საუბარი გვქონდა კვლავ აღარ შეგახსენებთ, აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ამ ძეგლის ისტორიასთან დაკავშირებით ჩვენ მივედით იმ პუნქტამდე და იმ მომენტამდე, როდესაც ეს თხზულება გამოჩნდა ძველ ქართულ საეკლესიო ლიტერატურაში არაბულიდან თარგმნის გზით. აღვნიშნავდით, რომ “ბალავარიანის” თხრობა, რაც ემსგავსება ბუდას შესახებ არსებულ ინდურ გადმოცემას, ცალკეული არგუმენტების საფუძველზე, პრიორიტეტულად უეჭველად ქრისტიანულ სამყაროს გულისხმობს და არა პირიქით. ჩვეულებრივ, კვლავ აღვნიშნავთ, მიღებული იყო, რომ ბუდისტური თხრობა გააქრისტიანეს, მაგრამ რადგან ამის არავითარი საფუძველი არ ჩანს და პირუკუ ვითარება სავსებით მიზანშეწონილია, რომ ეს დიდი მოვლენა, რაც მეფის (აბენესის) გაქრისტიანებას უკავშირდება, შემდეგში როდესაც ინდოეთში ქრისტიანობა კვლავ დაიჩრდილა წარმართობით, ბუდიზმით, გაწარმართებული სახით შემორჩა. ჩვენ ამის არაერთი ნიმუში მივუთითეთ, თუნდაც ქართული სინამდვილიდან, თუ როგორ ხდება ამა თუ იმ საეკლესიო თხრობის გაწარმართება ხალხურ ცნობიერებაში, მითუმეტეს წარმართულ ცნობიერებაში. მაგრამ შემორჩენილი ამბავი ქრისტიანთაგან, რა თქმა უნდა, დაკარგული არ იქნა და როგორც ჩანს პირველად ის ჩაწერილ იქნა სირიულ ენაზე, ანდა შესაძლოა ის სანსკრიტზეც ყოფილიყო ჩაწერილი და შემდგომ ყოფილიყო სირიულად თარგმნილი, მაგრამ მთავარია, რომ თვით არაბული თარგმანი ალბათ უეჭველად სირიული ტექსტიდან უნდა მომდინარეობდეს. ე.ი. დღევანდელი ჩვენი თვალსაწიერიდან “ბალავარიანის” ისტორიის საწყის წერტილად უნდა ვიგულვოთ სირიული ტექსტი, რომელსაც ეფუძნება არაბული, არაბულიდან კი, როგორც აღვნიშნეთ, IX ს-ის დამდეგს შესრულდა ძველი ქართული თარგმანი. ქართულ ენაზევე შეიქმნა ამ ძეგლის მოკლე რედაქცია, ხოლო X ს-ის მიწურულში, ანდა XI ს-ის დამდეგს აღნიშნული თხზულება ითარგმნა ქართულიდან ბერძნულად. ეს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ამ ძეგლის ზოგად ისტორიაში. რა თქმა უნდა, საკუთრივ ჩვენთვის, ქართველი ქრისტიანებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია არაბულიდან ამ ძეგლის ძველ ქართულად თარგმნა, მაგრამ ზოგადი აზრით, მასშტაბური თვალსაწიერიდან გამომდინარე, უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ძველი ქართულიდან ამ ძეგლის თარგმნა ბერძნულზე, იმიტომ, რომ იმდროინდელ ქრისტიანულ და ზოგადად კაცობრიობის ოიკუმენაში ბერძნული კვლავაც პრიორიტეტული, კვლავაც მსოფლიო ენა იყო. ბერძნულიდან დაუყონებლივ ითარგმნა იგი ლათინურად და აქედან მართლაც მსოფლიო ასპარეზზე გავიდა, ყველა ქრისტიანულ ენას დაუკავშირდა ეს ძეგლი, მათ შორის რუსულსაც. ასეთი გლობალური განფენა ამ თხზულებამ შეიძინა სწორედ მას შემდეგ, რაც ქართულიდან ის ბერძნულად ითარგმნა. თავისთავად ცხადია საკუთრივ ქართული ენა არ გახლდათ მსოფლიო მნიშვნელობისა, მსოფლიო განფენადობისა და ამ ენაზე არსებული ძეგლი საქრისტიანოს უდიდესი ნაწილისთვის უცნობი დარჩებოდა. შესაბამისად მთელი ქრისტიანული მსოფლიოს განფენადობაში თხზულება “ბალავარიანი” სწორედ ქართულიდან ბერძნულად თარგმნის შემდეგ ექცევა. ვინ დგას ამ მოვლენის სათავესთან? ვინ შეასრულა ეს უდიდესი მნიშვნელობის მთარგმნელობითი ღვაწლი ქართულიდან ბერძნულად “ბალავარიანის” თარგმნისა?

ქართული წყაროებიდან კარგად არის ცნობილი, რომ ამ თარგმანის ავტორი და შემსრულებელი გახლდათ ჩვენი დიდი მოღვაწე წმ. ექვთიმე ათონელი (955-1028), დიდი ქართველი ღვთისმეტყველი. ექვთიმემ რომ თარგმნა ნამდვილად “ბალავარიანის” ბერძნული ტექსტი ქართულიდან, ანუ “ბალავარიანის” ბერძნული ტექსტის ავტორი, თუნდაც მთარგმნელობითი სახით, მაგრამ სათავე რომ ბერძნული ტექსტისა ექვთიმე ათონელია, ამაზე ჩვენ სრულიად არაორაზროვნად მიგვითითებს წმ. გიორგი მთაწმინდელი, ექვთიმესა და მისი მამის - იოანე ათონელის ბიოგრაფი, რომლის შესაბამისი ჰაგიოგრაფიული თხზულება საყოველთაოდაა ცნობილი, შესწავლილიც გახლავთ მრავალი კუთხით და არც ერთი ცნობა, რაც ამ ძეგლშია მოტანილი, ცხადია არასოდეს არ დამდგარა ეჭვის ქვეშ, მათ შორის ეს ცნობაც, რაც სრულიად უტყუარ კონტექსტშია ჰაგიოგრაფის, ამ შემთხვევაში წმ. გიორგი მთაწმინდელის, მიერ მოხმობილი. გიორგი მთაწმინდელი ჩამოთვლის ექვთიმეს მიერ აღსრულებულ დიდ მთარგმნელობით ნაღვაწს, რა ძეგლებიც მან ბერძნულიდან ქართულზე გადმოიტანა. ეს სია დღესაც უმნიშვნელოვანესი წყაროა ჩვენთვის, მისი (ექვთიმეს) მამის იოანე ათონელის მიერ შედგენილი ანალოგიური ტიპის ძეგლთან ერთად, სადაც ასევე ექვთიმეს შრომებია აღნუსხული. აი ეს ორი სია დღესაც ჩვენთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობისაა, როდესაც ექვთიმე ათონელის ლიტერატურულ, კონკრეტულად მთარგმნელობით მოღვაწეობაზე ვსაუბრობთ. მაგრამ გიორგი მთაწმინდელის ცნობის მნიშვნელობა ამ შემთხვევაში იმ თავისებურებას შეიცავს, რომ გიორგი ჩამონათვალს არ აბოლოებს მხოლოდ იმ ძეგლებით, რომლებიც ექვთიმემ ბერძნულიდან თარგმნა ქართულად, ესაა ერთი უვრცელესი, მაგრამ მაინც ერთი ნაწილი ამ შრომისა და ამთავრებს რა ამ ჩამონათვალს გიორგი მთაწმინდელი, იქვე საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ექვთიმე ათონელის სახელოვნება და სიდიადე არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიებში არის განცხადებული, არა მხოლოდ საქართველოს ეკლესია ოხრის (ძვ. ქართული ტერმინი), ანუ ხმამაღლა წარმოთქვამს მის სიდიადეს, არამედ ბერძნული ეკლესიაც ექვთიმე ათონელის სიდიადის მაუწყებელია, “რადგანაც, - დასძენს გიორგი მთაწმინდელი, ბალაჰვარი და აბუკურა და სხუანიცა რაოდენნიმე წერილნი ექვთიმეს ქართულიდან უთარგმნია ბერძნულზე”. აქ მითითებული “ბალავარი”, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ძეგლს შეიძლება ეწოდებოდეს, რომ “ბალავარიანი” აშკარად ქართულიდან არის ბერძნულად თარგმნილი.

თითქოს ამ ცნობაში საეჭვო არაფერია, მაგრამ მოვლენები მეცნიერულ, და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ევროპულ, კვლევაში, ევროპულ ფილოლოგიაში ისე წარიმართა, რომ არა უბრალოდ დაეჭვების საგანი გახდა ექვთიმეს პიროვნება ბერძნული ტექსტის ქართულიდან თარგმნასთან დაკავშირებით, არამედ თითქმის მთლიანად უარყოფილ იქნა ეს მოვლენა ცალკეულ უაღრესად ავტორიტეტულ მკვლევართა მიერ. მაგრამ ამ უარყოფასაც თავისი გარკვეული წანამძღვრები ქონდა, რაზედაც ორიოდე სიტყვით შევაჩერებთ ყურადღებას. მართალია წმ. გიორგი მთაწმინდელი ჩვენ გვაუწყებს იმაზე, რომ ექვთიმემ ქართულიდან თარგმნა ბერძნულად “ბალავარიანი”, მაგრამ ეს არის ცნობა რაც ქართულ ძეგლშია დაცული და ეს ძეგლი ევროპელი მეცნიერებისთვის ცხადია ადრე ხელმისაწვდომი არ იყო, მაშინ როცა “ბალავარიანის” ტექსტი საყოველთაოდ იყო ცნობილი, გავრცელებული და მკვლევართაგან უდიდესი ინტერესითა და მეცნიერული ზედმიწევნითობით ყოველი კუთხით შესწავლილი. ერთ-ერთი მკვლევართაგანი, რომელმაც დიდი ყურადღება და დრო დაუთმო ამ ძეგლის შესწავლას, გახლავთ XX ს-ის ბიზანტინისტიკის ერთ-ერთი მწვერვალი დელგერი, რომლის მრავალტომეულები კარგად წარმოაჩენს აღნიშნული მკვლევრის განსაკუთრებულობას, მისი ნაშრომების მეცნიერულ სიღრმეს, დასკვნების სანდოობას და სხვა. დელგერმა მოიპოვა უდიდესი ავტორიტეტი და ფაქტობრივად ის ყველაზე დიდი ავტორიტეტი გახლდათ 50-60-70-იანი წლების ევროპულ მეცნიერებაში. ამ მკვლევარმა, სანამ ის რაიმეს შეიტყობდა ქართული წყაროდან მომდინარე ცნობის შესახებ, იმასთან დაკავშირებით, რომ ბერძნული ტექსტის ავტორი ექვთიმეა, რომელმაც ეს ტექსტი ქართულიდან თარგმნის საფუძველზე შეადგინა, მანამ სანამ ეს ინფორმაცია საერთოდ დელგერის ყურამდე მივიდოდა, მან დეტალურად შეისწავლა ტექსტობრივად ბერძნული “ბალავარიანი”, ე.ი. “ბალავარიანის” კონკრეტულად ბერძნული ტექსტი, და გამოიტანა დასკვნა, რომ ეს ძეგლი არის ბერძნულად დაწერილი ორიგინალური შრომა, ხოლო მისი ავტორი არის წმ. იოანე დამასკელი, VIII ს-ის უდიდესი ბიზანტიელი ღვთისმეტყველი. გამოქვეყნდა კიდეც მისგან და შემდეგ ეს გამოცემა რამდენჯერმე განმეორდა, “ბალავარიანის” ტექსტი სწორედ იოანე დამასკელის ავტორობით, თითქოს როგორც საბოლოოდ დაგენილი დებულება. მთავარი არგუმენტი ამ შემთხვევაში დელგერისთვის გახლდათ ის ფაქტი, რომ “ბალავარიანის” ბერძნული ტექსტი მრავალგან ეყრდნობა, შეგვიძლია ვთქვათ ისრუტავს, წმ. იოანე დამასკელის საღვთისმეტყველო ნააზრევს, ფრაზეოლოგიას, ზოგ შემთხვევაში კი მთლიანად იდენტური ფორმულირებანია და აი ამგვარი მსგავსება სტილისა, საღვთისმეტყველო სწავლებისა, ცალკეული ფორმულირებებისა, მკვლევარს აძლევს იმის საშუალებას, რომ მისი აზრით მყარად დაასკვნას “ბალავარიანის” ბერძნული ტექსტის იოანე დამასკელისგან დაწერილობა, რომ იოანე დამასკელი გახლავთ მისი ავტორი. როდესაც დელგერმა ეს დებულება მკვეთრად გამოთქვა ანუ როდესაც მან ჩათვალა, რომ დაამთავრა “ბალავარიანზე” მეცნიერული მუშაობა და გადაჭრილად ეგონა ეს საკითხი, სწორედ მაშინ ინგლისურად, ცნობილი ქართველოლოგის ლენგის მიერ, გამოქვეყნდა ერთ-ერთი სტატია, სადაც ლენგი, როგორც ქართულ წყაროებში გაცილებით უფრო განსწავლული, ვიდრე დელგერი, იშველიებს გიორგი მთაწმინდელის ცნობას იმასთან დაკავშირებით, რომ ბალავარიანის ბერძნული ტექსტი არის არა ორიგინალური შრომა, არამედ თარგმანი ქართულიდან და ამ თარგმანის შემსრულებელი არის X-XI ს-ის მიჯნის ქართველი მოღვაწე ექვთიმე ათონელი. ლენგის ამ ცნობამ სენსაციასავით ეფექტი მოახდინა ევროპულ მეცნიერებაზე, ევროპელ მკვლევარებზე და განსაკუთრებით დელგერზე, მაგრამ არა მხოლოდ მასზე. როდესაც დელგერმა თავისი გამოკვლევა დაამთავრა, მისი ეს, ზემოთ ხსენებული, დასკვნა უყოყმანოდ გაიზიარა ბიზანტინისტიკის მეორე მწევერვალმა, ასევე უდიდესმა ავტორიტეტმა ჰანს გეორგ ბეკმა, რომელსაც დაახლოებით იმავე ტიპის შრომა აქვს დაწერილი ბერძნულ საეკლესიო მწერლობაზე, რაც, პარალელი რომ გავავლოთ, ბატონ კორნელი კეკელიძეს ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურის შესახებ. დაახლოებით ამ მასშტაბის, წყაროთმცოდნეობითი, უდიდესი ინფორმაციის შემცველი შრომა ბეკისა დამადასტურებელი გახლავთ, ისევე როგორც დელგერთან დაკავშირებით აღვნიშნეთ, განსაკუთრებული მეცნიერული ნიჭიერებისა, ინფორმატიულობისა, განსწავლულობისა და სხვა. სწორედ ამ მეცნიერმა უყოყმანოდ გაიზიარა, როგორც აღვნიშნეთ, დელგერის დასკვნა და რამდენადაც ეს ორი კორიფე ასკვნიდა, რომ ბერძნული “ბალავარიანის” ავტორი იოანე დამასკელია, ცხადია ევროპულ კვლევაში ეს დასკვნა მთლიანად იქნა მიღებული, როგორც საბოლოოდ დადგენილი ფაქტი. სწორედ ამის შემდეგ ხდება ლენგის მიერ ზემორე ინფორმაციის მიწოდება ევროპელი მკითხველისათვის, რომ უტყუარი ქართული წყაროს მიხედვით ბერძნული ტექსტი არის თარგმანი ქართულიდან, შესრულებული ექვთიმე ათონელის მიერ. როგორც ჩანს ჩვენ აქ აუცილებლად მხედველობაში უნდა მივიღოთ გარკვეული ადამიანური სისუსტე, რადგან სხვანაირად ძნელია ახსნა იმ მოქმედებისა, რაც კონკრეტულად დელგერმა განახორციელა. როდესაც ხსენებულმა მეცნიერებმა, დელგერმა და ბეკმა, შეიტყვეს ამ ცნობის შესახებ მათ თავიანთი შეხედულების გადასინჯვის მაგივრად აბსოლუტურად სხვა რამ ქმედება განახორციელეს. უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში გადასინჯვა ევალებოდა კონკრეტულად დელგერს, იმიტომ, რომ საკუთრივ ბეკს ეს საკითხი სპეციალურად არ შეუსწავლია, არამედ ის დაყრდნობილი იყო დელგერის შრომაზე და მის დასკვნას იზიარებდა. ამიტომ დელგერს ევალებოდა, რადგან ახალი ინფორმაცია გამოჩნდა, ხელახლა გადაეხედა თავისი დებულებებისთვის, ეს ინფორმაცია შეემოწმებინა და მეტი თუ არა ეჭვის ქვეშ მაინც დაეყენებინა დროებით თავისი ადრე გამოთქმული თვალსაზრისი. სამწუხაროდ მოხდა სრულიად პირიქით, დელგერი უაღრესად აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ მისგან თითქოსდა საბოლოოდ დაგენილი ფაქტი ამ ახალი მონაცემის საფუძველზე ეჭვის ქვეშ დადგა, რომ ამხელა სამუშაო, რაც მისგან იქნა ჩატარებული აღნიშნულ ძეგლზე, ამ ცნობის მიხედვით სრულიად ფუჭი აღმოჩნდა, რადგან იოანე დამასკელს აღარავითარი კავშირი აღარ ექნებოდა ამ ძეგლთან. თუ ბერძნული ტექსტი X ს-ის მიწურულიდან ანდა X-XI ს-ის დამდეგიდან ხდება ცნობილი, ე.ი. მაშინ იქმნება ეს ტექსტი, VIII ს-ის იოანე დამასკელი როგორღა დაწერდა ამ ძეგლს, თავისთავად ცხადია მას არავითარი კავშირი “ბალავარიანთან” არ ექნებოდა და აქედან გამომდინარე აშკარად შესამჩნევი კვლევითი ხარვეზი დელგერის მრავალწლიან მეცნიერულ ბიოგრაფიაში სავსებით თვალსაჩინო იქნებოდა. როგორც ჩანს, საფიქრებელია, ამან იმოქმედა განსაკუთრებით ხსენებულ მკვლევარზე და მან მოინდომა საკუთარი თვალსაზრისის ყველანაირი საშუალებით დაცვა და არა შემოწმება, გადასინჯვა და მეცნიერულად ობიექტური დასკვნის გამოტანა, რაც მოსალოდნელია და აუცილებელიცაა არათუ ასეთი მწვერვალისგან,  არამედ ნებისმიერი რიგითი მკვლევრისგანაც კი, რითაც ფასობს კიდეც მეცნიერული კვლევა თუ იქ ობიექტურობის კრიტერიუმი შენარჩუნებულია, და თუ ოდნავ მაინც ეს კრიტერიუმი ირღვევა ჩვენ მეცნიერულ კვლევასთან უკვე აღარ გვაქვს საქმე, ის უკვე აპოკრიფია, ის უკვე ტენდენციაა და დასკვნებიც, რა თქმა უნდა არაობიექტური და ყალბია. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ამგვარად ემოქმედა დელგერს, მან, როგორც უკვე გითხარით, ყველა საშუალებით სცადა თავისი უკვე გამოთქმული თვალსაზრისის ხელახლა დაცვა. მაგრამ როგორ შეიძლებოდა მას თავისი თვალსაზრისი დაეცვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წმ. გიორგი მთაწმინდელის ცნობას იმასთან დაკავშირებით, რომ ექვთიმე ათონელმა “ბალავარიანი” ქართულიდან ბერძნულად თარგმნა, არაჭეშმარიტად წარმოაჩენდა, ამ ცნობის სანდოობას თუ ეჭვის ქვეშ დააყენებდა, ე.ი. თუ ამ არგუმენტის უარყოფას მოახერხებდა. რა თქმა უნდა, სწორედ ამას შეეცადა დელგერი და მან ასე ვთქვათ სამი არგუმენტი წამოაყენა იმასთან დაკავშირებით, რომ ექვთიმე ათონელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ბერძნული “ბალავარიანის” ავტორი. ეს არგუმენტები მდგომარეობდა შემდეგში: 1) “ბალავარიანის” ბერძნულ ტექსტს ვერანაირად ვერ დაწერდა არაბერძენი, იმიტომ, რომ “ბალავარიანის” ენას სრული ბუნებრივობა ახასიათებს, რაც მხოლოდ ბერძნულ ენაზე ბუნებრივად მოსაუბრე პირისგან არის მოსალოდნელი, ანუ ისეთი ადამინისგან, რომლისთვისაც ბერძნული არის მშობლიური, ღვიძლი ენა. ხოლო არაბერძენი ექვთიმე ათონელი, რომელიც იბერიელია, დელგერის მტკიცებით ვერანაირად ვერ შეძლებდა ასეთი ბუნებრივი ბერძნულით “ბალავარიანის” დაწერას. 2) ამ ძეგლში არის უაღრესად დიდი ერთი მხრივ თეოლოგიური განსწავლულობა და მეორე მხრივ საკუთრივ საღვთისმეტყველო წვდომის მართლაც შეუდარებელი სიღრმე, რაც ცხადყოფს, რომ ამ ძეგლის ავტორი ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველია, ხოლო ექვთიმე ათონელი, დელგერის მტკიცებით, სრულიად უცნობი პიროვნებაა ღვთისმეტყველების ისტორიაში და ამ რანგის საღვთისმეტყველო შრომას ის ვერანაირად ვერ დაწერდა. 3) “ბალავარიანის” ბერძნულ ტექსტში ყოველ ნაბიჯზე ავლენს თავს იოანე დამასკელის სტილი, საღვთისმეტყველო ფრაზეოლოგია, ანუ იოანე დამასკელის შრომებით არის გამსჭვალული ეს ნაწარმოები. ასეთი ღრმა განსწავლა კი იოანე დამასკელის შრომებში, იმ ზომამდე, რომ სხვა ტექსტიც, ამ შემთხვევაში “ბალავარიანი”, მთლიანად ამ სტილით არის მოცული, აი ამგვარი რამ ვიღაც შემთხვევითი (დელგერისთვის ექვთიმე შემთხვევითი პიროვნებაა) პირისგან სრულიად წარმოუდგენელია.

ეს სამი არგუმენტი, შემოთავაზებული დელგერისგან, მანვე, ასე ვთქვათ, “დააგვირგვინა” თითქოსდა დოკუმენტური დადასტურებით იმისა, რომ ექვთიმე ათონელი ვერანაირად ვერ იქნებოდა ბერძნული “ბალავარიანის” ტექსტთან რაიმე სახით დაკავშირებული. ეს არგუმენტი კი გახლავთ ის, რომ როდესაც თავდაპირველად დელგერი ამ საკითხს იკვლევდა, ხსენებულმა მკვლევარმა ბერძნული “ბალავარიანის” ხელნაწერებიც შეისწავლა, დაათარიღა რა თქმა უნდა, და არცერთ მათგანს არ მიიჩნევდა იგი XI საუკუნეზე ადრინდელად. ამის შემდეგ დელგერმა ხელახლა შეისწავლა აღნიშნული ხელნაწერები და ასეთი მოულოდნელი თვალსაზრისი შემოგვთავაზა, რომ ერთ-ერთი ხელნაწერი, რომელსაც აქამდე იგი სხვაგვარად ათარიღებდა, გადაათარიღა თითქოსდა გარკვეული ტექსტოლოგიური მონაცემის საფუძველზე და დაათარიღა X ს-ის I ნახევრით. თავისთავად ცხადია თუ ბერძნული “ბალავარიანი” ჩვენამდე X ს-ის I ნახევრის ბერძნული ხელნაწერითაა მოღწეული, ე.ი. თუ X ს-ის I ნახევარში ბერძნულად “ბალავარიანი” უკვე არსებობს, ცხადია ექვთიმეს კავშირი ამ ტექსტთან უქმდებოდა, იმიტომ, რომ ექვთიმე ყველაზე უფრო მიღებული გამოანგარიშებით 955 (თავის ცხოვრებაში 965) წელს არის დაბადებული და X ს-ის II ნხევრის მოღვაწეა, ისევე როგორც აგრეთვე XI ს-ის I ნახევრის. ასე რომ X ს-ის I ნახევარში ის ვერანაირად ქართულიდან ბერძნულად ტექსტს ვერ თარგმნიდა. აი ეს იყო დელგერისთვის ყველაზე ხელმოსაჭიდი ამ შემთხვევაში, რომ თითქოს იმგვარი ხელნაწერი გამოვლინდა ბერძნული “ბალავარიანისა”, რაც წინ უსწრებს ექვთიმე ათონელის საზოგადო მოღვაწეობას. ასე რომ ის სამი არგუმენტი ამ ე.წ. დოკუმენტური არგუმეტითაც თითქოსდა დასაბუთდა და დელგერის მცდელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ცნობა უარყოს და ექვთიმესეულობა ბერძნული ტექსტისა არათუ საეჭვო გახადოს, არამედ საერთოდ, როგორც არანაირი მეცნიერული ძალისა და დამაჯერებლობის არ მქონე, უკუაგდოს, აი ეს მიზანდსახულობა დელგერისა, ზემორე მისგან ჩამოყალიბებული არგუმენტების საფუძველზე, თითქოს მოხერხდა. მაგრამ იმდენად გამჭირვალეა ყოველი ამ არგუმენტის უსაფუძვლობა, რომ მართლაც წყაროების არმცოდნე პიროვნებაზე თუ მოახდენს ზეგავლენას, ამ შემთხვევაში ევროპელ მკითხველზე, რომლისთვისაც ნაკლებად ან საერთოდ არ იყო ცნობილი ძველი ქართული საეკლესიო ისტორია, კონკრეტულად ძველ ქართველ ღვთისმეტყველთა შესახებ მათთვის ყოველგვარი ცნობა აქამდე თითქმის მთლიანად მიუწვდომელი იყო და არც იყვნენ დაინტერესებულნი ამ ცნობათა გამოძიებით. აი ასეთ პიროვნებაზე, რომლისთვისაც ექვთიმე ათონელი საერთოდ უცნობია, დელგერის არგუმენტებს გარკვეული ძალა, რა თქმა უნდა, შეიძლება ქონდეს. მაგრამ ქართველი მკითხველისთვის, ქართველი მკვლევარისთვის, რომლისთვისაც ექვთიმე ათონელის მოღვაწეობის სიდიადე კარგად არის ცნობილი და ეს სიდიადე იმ მასშტაბისაა, რომ თავის დროზე ის საქართველოს ეკლესიით კი არ იფარგლებოდა, არამედ პირიქით, პირველ რიგში საბერძნეთის ეკლესია ხმოვანებდა და აღმოიტყოდა მის შესახებ, რომ ექვთიმე ათონელი კანონიზებულ წმინდანად, მისი აღსრულების ჟამს, პირველად საბერძნეთის ეკლესიაში წარმოჩნდა, იქ მოხდა მისი კანონიზება და მყისვე დაიწერა სვინაქსარული თხრობა მის შესახებ, რაც შემდეგ ქართულადაც ითარგმნა და საქართველოშიც, რა თქმა უნდა, ბერძნულის კვალობაზე და ათონის წმინდა მთის კვალობაზე, ექვთიმეს წმინდანობა, თავისთავად ცხადია, დიფტიხში იქნა შეტანილი. ანუ საბერძნეთის ეკლესია გახლავთ ექვთიმე ათონელის ღვაწლისა და სიდიადის პირველი წამომჩენი და დამამტკიცებელი. რა თქმა უნდა, საქართველოს ეკლესიაც იმავეს ღაღადებს (გიორგი მთაწმინდელი, ეფრემ მცირე). აქედან გამომდინარე იმ ტიპის მკვლევართათვის, როგორიცაა თუნდაც დელგერი, ვისთვისაც ქართულ წყაროებს მნიშვნელობა არა აქვთ, არამედ კვლავ აღვნიშნავთ საკუთრივ ბერძნული სამყაროა მნიშვნელოვანი, თუ ის ოდნავ მაინც გაეცნობოდა ამ სამყაროს იმ ეპოქისას, X-XI ს-ისას, ექვთიმეს შესახებ მრავალ საგულისხმო ცნობას შეიტყობდა, თუნდაც მათ შორის ისეთი დიდი პიროვნების ცნობას, როგორიც ათანასე ათონელი გახლდათ, ათონის ლავრის საზოგადოდ ფუძემდებელი.

შესაბამისად ეს ოთხივე არგუმენტი აბოსლუტურად მცდარი გახლავთ, სრულიად ობიექტური მეცნიერული ხედვით და რამდენადაც ვფიქრობთ, რომ მათ შესახებ მსჯელობა ქართველი მკითხველისთვის, ქართველი მსმენელისთვის, საზოგადოდ ქართველი მკვლევრისთვის, ქართველი მორწმუნისთვის საინტერესო უნდა იყოს, აქედან გამომდინარე უფლებას ვიტოვებთ, რომ ყოველ მათგანს მცირედით მაინც შევეხოთ, რასაც შემდეგ საუბარში შევასრულებთ.


“ბალავარიანის” ბერძნული ტექსტის ავტორობის შესახებ. მისი ექვთიმე ათონელისეულობა (გაგრძელება)

ჩვენი ბოლო საუბარი შეეხო “ბალავარიანის” ტექსტის ატრიბუციის საკითხს (კონკრეტულად აქ იგულისხმება ბერძნული ტექსტი), რომლის შესახებაც წმ. გიორგი მთაწმინდელის უწყებით სრულიად გარკვეული მონაცემი არსებობს, რომ წმ. ექვთიმე ათონელმა X-XI საუკუნეების მიჯნაზე, არაბულიდან ქართულად თარგმნილი “ბალავარიანი” თარგმნა ბერძნულად. ამ ფაქტმა როგორც აღვნიშნავდით ზოგი ევროპელი მკვლევრის უკიდურესი აღელვება გამოიწვია, განსაკუთრებით დელგერისა, რომელსაც მანამდე სპეციალური შრომა ჰქონდა ჩატარებული “ბალავარიანის” ბერძნულ ტექსტზე და რომელიც მიიჩნევდა, რომ ამ ტექსტის ავტორი იყო VIII ს-ის ბიზანტიელი მოღვაწე იოანე დამასკელი. შესაბამისად ახალმა ცნობამ, რამაც მთლიანად გამოაცალა საფუძველი მის თეორიას, აღნიშნული მკვლევრის დიდი აღშფოთება გამოიწვია. მან წამოაყენა ოთხი არგუმენტი ბერძნული ტექსტის ექვთიმე ათონელის შესაძლო ავტორობის წინააღმდეგ. ეს არგუმენტები წინა საუბარში ჩვენ ჩამოვთვალეთ, ამჯერადაც შეგახსენებთ და შემდეგ ორიოდე სიტყვით განვიხილავთ მათ. პირველი არგუმენტი გახლდათ ის, რომ დელგერის აზრით ბერძნული ტექსტი შესრულებულია იმდენად ბუნებრივი ენით, ბუნებრივი ბერძნულით, რომ არაბერძენი მას ვერანაირად ვერ შექმნიდა, ანუ ისეთი პიროვნება რომლისთვისაც ბერძნული ღვიძლი ენა არ იქნებოდა. მეორე არგუმენტი გახლდათ ის, რომ ბერძნული ტექსტი ავლენს ღრმა საღვთისმეტყველო, ერთი მხრივ განსწავლულობას და მეორე მხრივ საკუთრივ პიროვნულ საღვთისმეტყველო წვდომას, ანუ ამ ტექსტით დადასტურება ხდება იმისა, რომ მისი ავტორი ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველია, ხოლო ექვთიმე ათონელი, დელგერისთვის სრულიად უცნობი პიროვნება, ნაკლებად გამოდგებოდა ღვთისმეტყველისთვის განკუთვნილი ადგილის შესაფერის კანდიდატად (დელგერისთვის). და მესამე, რომ ბერძნული ტექსტი გამსჭვალულია იოანე დამასკელის სტილით, საღვთისმეტყველო ფრაზეოლოგიით, ფორმულირებებით, რაც ხსენებული მეცნიერის მტკიცებით სხვა პიროვნებისგან, მითუმეტეს არაბერძენისგან წარმოუდგენელია და უფრო იაონე დამასკელზე მიგვითითებს როგორც ავტორზე. ხოლო “დამაგვირგვინებელი” არგუმენტი გახლდათ ის, რომ თითქოს მან მოძებნა ერთ-ერთი ხელნაწერი, რომელიც ადრეც ჰქონდა შესწავლილი, მაგრამ უფრო გვიანდელი ეპოქით ათარიღებდა, აი ეს ხელნაწერი ხელახალი შესწავლის შედეგად მან თითქოს უფრო მართებულად დაათარიღა და ეს დათარიღება დელგერის მიხედვით X ს-ის I ნახევარს უნდა გულისხმობდეს, ე.ი. იმ ეპოქას როდესაც ექვთიმე ჯერ დაბადებულიც არ იყო, ანუ თითქოსდა გამოიძებნა ხელნაწერი ბერძნული “ბალავარიანისა”, რომელიც ექვთიმეს მოღვაწეობას წინ უსწრებს. შესაბამისად თითქოსდა დასკვნა სახეზეა, რომ ბერძნული “ბალავარიანის” ტექსტთან მიმართებით ექვთიმე ათონელს არანაირი ღვაწლი არ აქვს გაწეული, იმიტომ, რომ უკვე არსებობდა ბერძნული “ბალავარიანი” როდესაც ექვთიმე დაიბადა.

რაც შეეხება პირველ არგუმენტს, რომ ”ბალავარიანი” დაწერილია უაღრესად ბუნებრივი ბერძნული ენით და თითქოს ექვთიმე როგორც არაბერძენი ასეთი ენით ვერ დაწერდა ამ ტექსტს. რა თქმა უნდა, ამგვარი რამ მხოლოდ იმას შეუძლია განაცხადოს, ვისთვისაც ექვთიმე ათონელი მართლაც სრულიად უცნობი მოღვაწეა. ხოლო ქართველი მკითხველისთვის, რომელსაც თუნდაც მხოლოდ წმ. გიორგი მთწმინდელის, ჩვენს მიერ წინა საუბარში ხსენებული, ჰაგიოგრაფიული თხზულება აქვს წაკითხული, სრულიად ცხადია, რომ ექვთიმე ათონელი ისევე მშობლიურად თვლიდა ბერძნულს და ისევე თავისუფლად მეტყველებდა ბერძნულზე, როგორც ქართულზე. მეტიც, კარგად არის ცნობილი, რომ ექვთიმემ საუბარი დაიწყო სწორედ ბერძნულად. მის ცხოვრებაში წმ. გიორგი მთაწმინდელი საგანგებოდ გვაუწყებს იმის შესახებ, რომ მამა წმ. ექვთიმე ათონელისა, იოანე ათონელი, მწუხარე იყო იმ ფაქტის გამო, რომ ექვთიმე ბერძნულად თავისუფლად ლაპარაკობდა, მაგრამ ქართულად “ვერ ხსნილად უბნობდა” (თავისუფლად ვერ მეტყველებდა). ამავე ძეგლში არის ერთ-ერთი უდიდესი სასწაული გადმოცემული თუ როგორ მოხდება, რომ ექვთიმე ათონელი დასნეულდება, მამამისი იოანე სენაკში მის გვერდითაა, მაგრამ ერთ დღეს მცირე ხნით დატოვებს ექვთიმეს და როდესაც უკან დაბრუნდება განსაკუთრებული კეთილსურნელება იქნება შეგრძნობილი მისგან ექვთიმეს სენაკში და, რა თქმა უნდა, მიხვდება იოანე ათონელი, რომ უჩვეულო მოვლენას უნდა ჰქონოდა ადგილი თავისი შვილის სარეცელის ახლოს. ის კითხავს ექვთიმეს თუ რა მოხდა და ექვთიმე მას აუწყებს იმ სასწაულის შესახებ, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადებას გულისხმობს, რომ გამოეცხადა მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელმაც ქართულად მიმართა ექვთიმეს: “რაი გელმის ეფთვიმე” (რა გტკივა ექვთიმე), ექვთიმეს კი, როგორც თვითონვე პირველ პირში აუწყებს მამას, უპასუხია: “მოვუკვდები დედუფალო” (აქ მოვუკვდები არ ნიშნავს მომავალში მოვკვდების, რასაც დღეს ნიშნავს ეს სიტყვა. გრამატიკული კუთხით რომ აღვნიშნოთ ზმნისწინი სრულ ასპექტს არ აწარმოებდა და მოვუკვდები ახალ ქართულად სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა ვკვდები, ანუ ვკვდები დედოფალო), და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პასუხი: “არა რაი არს ვნებაი შენთანა, აღდეგ და ხსნილად უბნობდე”, ე.ი. არაფერი არ არის გაჭირვება შენთან, ადექი და თავისუფლად იმეტყველე. და ამის შემდეგ, როგორც იოანე აუწყებს შემდგომ სხვებს, ისე თავისუფლად და ისე შეუფერხებლად იწყო ექვთიმემ ქართულ ენაზე საუაბრი, რომ წყაროსებრ ამოდიოდა მისგან მეტყველება, რითაც შემდეგში მან დაარწყულა მთელი საქართველო, როდესაც უმდიდრესზე უმდიდრესი სწავლანი, თარგმანთა სახით, ჩვენს ერს მოანიჭა.

ამრიგად თუნდაც ამ ცნობიდან გამომდინარე სრულიად უეჭველია, რომ ექვთიმე სწორედ ბერძნულად ლაპარაკობდა თავდაპირველად თავისუფლად და ქართულად თავისუფალი საუბარი მას შემდეგ იწყო მან, რაც უდიდესი მოვლენა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადება მის წინაშე აღსრულდა. ასე რომ ექვთიმე, რომელიც ბერძნულენოვან გარემოში მოღვაწეობდა და ცხოვრობდა, თავისთავად ცხადია, ისევე თავისუფლად ლაპარაკობდა ბერძნულად, ისევე მშობლიური იყო მისთვის ბერძნული, როგორც ნებისმიერი ბერძენისთვის. ესაა სრულიად უპირობო და უეჭველი ფაქტი, რასაც სხვა მონაცემებიც ადასტურებს, ანუ მონაცემები იმის შესახებ, რომ ექვთიმე ბერძნულ ენაზე ისევე წერდა შრომას როგორც ქართულზე. ცნობილია, რომ ექვთიმემ ბერძნულად დაწერა უშესანიშნავესი ლოცვა (სამწუხაროდ ის მხოლოდ ერთხელ გამოიცა კორნელი კეკელიძის მიერ), რომლის ძველი ქართული თარგმანიცაა ცნობილი. ეს ძველი ქართული ტექსტი ამ ლოცვისა, ჩვენამდე რომ არის მოღწეული, სათაურში შეიცავს პირდაპირ მინიშნებას, რომ ეს ლოცვა ექვთიმემ “ბერძენთა ენითა დაწერა”, გვიანდელმა მოღვაწემ კი რომელმაც ჰპოვა ბერძნულად ექვთიმეს მიერ დაწერილი ლოცვა, ქართულად თარგმნა ის, რომ ექვთიმესეული ნამუშაკევი ქართველებს არ დაჰკარგვოდათ. აგრეთვე აღსანიშნავია ის წესი და განგება, რომელიც ექვთიმე ათონელმა, ცხადია ბერძნულ ენაზე, შეუდგინა ერთ-ერთ განდეგილს, რომელმაც მას სთხოვა სწორედ, რომ მისთვის წესი განეჩინა. სათაურში ეს პირდაპირაა მითითებული თუ როგორ სთხოვა ერთმა განდეგილმა ექვთიმეს რომ წესი განეჩინა მისთვის და რომ ექვთიმემ ეს წეს-განგება განუჩინა, რაც, საფიქრებელია XIII ს-ის დამდეგს, უცნობმა ქართველმა მოღვაწემ ბერძნულიდან ქართულად თარგმნა, “ხოლო აწ ითარგმნა ბერძულითგან ქართულად”, როგორც მას სათაურში აწერია. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ ექვთიმე, როგორც წინამძღვარი ივერთა მონასტრისა, ბერძნულად აწარმოებდა სხვა მონასტრებთან მიწერ-მოწერას, ურთიერთობას და სხვა. აურაცხელი ინფორმაციაა ამ კუთხით ათონის აქტებში დაუნჯებული, რის შესწავლაც და სხვათაშორის თარგმნაც ეხლახანს არის დაწყებული და დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს. ცნობილია არაერთი ანდერძები იოანესა და ექვთიმეს ხსენებით, თვით მათი მონაწილეობით ბერძნულ ენაზე, ურთიერთობა მათი და ამ შემთხვევაში ექვთიმესი ათანასე ათონელთან, რომელსაც ამ ურთიერთობის, საკუთრივ ექვთიმეს წვლილის შესახებ ზოგადად ათონის ისტორიაში საგანგებო თხზულება აქვს დაწერილი, სამწუხაროდ უცნობი აქამდე ქართული მეცნიერებისთვის, რაც ათანასე ათონელის შრომებშია შესული და კონკრეტულად ივერთა მონასტერს, იბერებს ეხება, ძირითადად კი იოანე და ექვთიმე ათონებელებს, სათაურად კი მას ეწოდება “სამადლობელი”, ე.ი. მადლობა იბერთა მიმართ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ათონის საეკლესიო სამონასტრო ისტორიაში. აი ეს შრომა, რაც მცირე მოცულობისაა და აუცილებლად სათარგმნია ქართულად, ჩვენ ამ შემთხვევაში იმასთან დაკავშირებით გვაქვს მოხმობილი, რომ დავადასტუროთ კონკრეტულად ექვთიმე ათონელის უაღრესად ცოცხალი ბერძნულენოვანი კავშირი სხვა ბერძენ მოღვაწეებთან, დამადასტურებლად იმისა, რომ ექვთიმესთვის ბერძნული იყო ისევე მშობლიური როგორც ქართული ენა. ამრიგად ის ფაქტი, რომ “ბალავარიანი” ბუნებრივი ბერძნულითაა დაწერილი, სავსებით ესადაგება ექვთიმე ათონელის პიროვნებას და ყოვლად შეუძლებელია ჩვენ ოდნავ მაინც გავიზიაროთ დელგერის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ბუნებრივი ბერძნულით არაბერძენი ვერ დაწერდა.

რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომ ღრმა საღვთისმეტყველო განსწავლულობა და წვდომა ჩანს ამ ძეგლში. აქაც ვისთვისაც ექვთიმე ათონელი, როგორც ღვთისმეტყველი, ცნობილია, ყოვლად შეუძლებელია ოდნავ მაინც შეყოყმანება, რომ თითქოს ექვთიმე ათონელი ამ სიმაღლის მოღვაწე არ შეიძლება იყოს. პირიქით ექვთიმე ათონელი გახლავთ გამორჩეული ტიპის ღვთისმეტყველი ზოგადად ღვთისმეტყველების ისტორიაში და კონკრეტულად საქართველოს საღვთისმეტყველო ისტორიაში. ჩვენ მართლაც უდიდესი ღვთისმეტყველნი გვყოლია, თუნდაც წმ. გიორგი მთაწმინდელი, თეოფილე ხუცესმონაზონი, ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი, გელათური სკოლიდან ნიკოლოზ გულაბერისძე, პეტრე გელათელი, იოანე პეტრიწი და სხვები, მაგრამ ყველა მათგანი აღიარებს ექვთიმე ათნელის პირველადობას და უპირატესობას. მარტო ეფრემ მცირის ანდერძები რომ ვნახოთ ჩვენ ექვთიმე ათონელთან დაკავშირებით, სავსებით წარმოჩნდება ჩვენს წინაშე რაღაც ზეადამიანური აღმატებულება ამ პიროვნებისა (ექვთიმე ათონელისა), რაც თავისთავად ცხადია საკუთრივ საღვთისმეტყველო წვდომაშიც ვლინდება. ექვთიმეს ეს განსაკუთრებული საღვთისმეტყველო სიმაღლე თუნდაც იმითაც დასტურდება, სხვა ფაქტებს რომ თავი დავანებოთ, რომ როდესაც ექვთიმე ბერძნულიდან რაიმე ტექსტს ქართულად თარგმნიდა, ძალიან ხშირად უაღრესად თავისუფლად ექცეოდა ბერძნულ ტექსტს, უდიდეს წმინდანთა შრომებს და როგორც საჭიროდ მიიჩნევდა ისე გადააკეთებდა, ან შეამოკლებდა ან განავრცობდა, გამომდინარე იქიდან თუ რა მიზანდსახულობით აღასრულებდა ის თარგმანს, ე.ი. შესაბამისობაში რომ მოეყვანა ბერძნული ტექსტი ქართველი მკითხველის შესაძლებლობებთან. თუ რთული იყო ტექსტი ტერმინოლოგიურად ექვთიმე ამარტივებდა მას, რომ ადვილად გასაგები გამხდარიყო მკითხველისთვის, და თუ რამ ცნობა ლაკონურად იყო მოცემული, პირუკუ გაშლიდა მას და ვრცელ სწავლებას ჩაურთავდა, ერთი მამის შრომას ზოგჯერ სხვა მამის შრომაში ჩართავდა და ასე შემდეგ. ამრიგად ექვთიმე ათონელი არა მხოლოდ მთარგმნელი იყო იმ ძეგლთა უმრავლესობისა, რომლებიც ბერძნულიდან ქართულზე გადმოიტანა მან, არამედ უეჭველად თანაავტორი. სხვაგვარად შეუძლებელია ასე თავისუფალი მონაწილეობა ბერძნულ ტექსტში თუ საკუთარ თავს თანაავტორის სიმაღლემდე არ აიყვან. ექვთიმეს მოღვაწეობის ეს ნიშან-თვისება შესანიშნავად გამოთქვა წმ. ეფრემ მცირემ, რომელმაც წმ. იოანე დამასკელის “გარდამოცემის” მისეული თარგმანის შესავალში ექვთიმე ათონელის შესახებ საგანგებოდ აღნიშნა: “მას (ექვთიმეს) მადლითა სულისა წმიდისაითა ხელეწიფებოდა შემატებაიცა და კლებაიცა”, რომ სულიწმინდის მადლით იყო ექვთიმე აღვსილი და ბერძნულ ტექსტებს შეჰმატებდა კიდეც და დააკლებდა კიდეც. ხოლო ასეთი მოქმედება მხოლოდ იმ პირისგან არის ნებადართული და შესაძლებელი, ე.ი. ღვთივმოწონებული, რომელიც ჭეშმარიტ საღვთისმეტყველო სიმაღლეზეა და არც გავრცობისას დაამახინჯებს ბერძნულ ტექსტს და არც შემოკლებისას რაიმეს დააკლებს მას. სხვაგვარად ამგვარი მოქმედება არის დამახინჯება ტექსტისა, ანუ ნებისმიერმა რომ სცადოს და აიღოს ამა თუ იმ წმინდანის შრომა, ვთქვათ წმ. ბასილი დიდის რომელიმე შრომა, და თვითნებურად გადააკეთოს, გადმოაკეთოს და ასე გადმოიტანოს ქართულად, ცხადია ის ამით უდიდეს მკრეხელობას ჩაიდენს, ჩაიდენს იმიტომ, რომ მან ყოვლად უბირმა უდიდესი წმინდანის შრომა თავისი უგულისხმობის და გაუცნობიერებლობის საფუძველზე გადააკეთა, შეუცვალა მას სტრუქტურა, არქიტექტონიკა და ფაქტობრივად ფორმობრივად მაინც ახალი შრომა დაწერა. ამგვარი ქმედება არასოდეს აპრობირებული არ იყო ეკლესიაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოქმედების აღმსრულებელი იმავე საღვთისმეტყველო სიმაღლეზე იყო, იმავე სულიწმინდის მადლით იყო შთაგონებული, რითაც საკუთრივ ორიგინალის ავტორი. მართლაც ჩვენ ხშირად ვხედავთ დიდ მოღვაწეთა მთარგმნელობით საქმიანობაში შედარებით თავისუფალ დამოკიდებულებას ტექსტთან, მაგრამ ეს თავისუფალი დამოკიდებულება მხოლოდ მაშინ ხდება როდესაც მთარგმნელი იმავე საღვთისმეტყველო სიმაღლისაა, იმავე სულიწმინდის მადლითაა ღვთივგანბრძნობილი. ამიტომ თუნდაც ეს ფაქტი აშკარად წარმოაჩენს, რომ ექვთიმე ათონელი, თავისი საღვთისმეტყველო სიმაღლით, უტოლდებოდა ბიზანტიელ მოძღვართ, წმინდანებს და რამდენადაც ერთი სულიერებისა იყო მათთან, უკვე ღვთის კურთხევა და ნებადართულობა ჰქონდა მას იმისა, რომ ბერძნული ტექსტები, ქართველი მრევლის მომზადებისდა შესაბამისად და მისდამი მისადაგებულად, გადაეკეთებინა, ახალი რედაქცია შეექმნა.

ასე რომ მეორე არგუმენტიც დელგერისა, რომ თითქოს ექვთიმე ათონელი სათანადო საღვთისმეტყველო მომზადების არ უნდა ყოფილიყო, იმ მომზადების რა მომზადებაც ვლინდება “ბალავარიანში”, როგორ ვხედავთ აბსოლუტურად უსაფუძვლოა. მაგრამ მაინც ახსნას ითხოვს და კონკრეტულად ამ შემთხვევაში მესამე არგუმენტი გხლავთ ეს დელგერისა, ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ბერძნული “ბალავარიანი” იოანე დამასკელის სტილით არის გამსჭვალული, შეეძლო კი ეს ექვთიმეს განეხორციელებინა? პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ X-XI საუკუნეებში თუ ვინმეს მსგავსი მოქმედების აღსრულება შეეძლო, უპირველეს ყოვლისა, ეს შეეძლო სწორედ ექვთიმე ათონელს და შეეძლო გამომდინარე იქიდან, რომ ექვთიმე ათონელი უბადლოდ, უღრმესი დაწვრილმანებითა და ზედმიწევნითობით იცნობდა წმ. იოანე დამასკელის შრომებს. როგორც ცნობილია ექვთიმე ათონელი არის ის პიროვნება, რომელმაც სცადა იოანე დამასკელის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შრომის (“მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა”) ქართულად შეჯამებულად გადმოტანა, ანუ უფრო ზუზტი იქნება თუ ვიტყვით, ქართულადაც იმავე ტიპის სახელმძღვანელოს შედგენა სცადა ექვთიმე ათონელმა, რაც თავის დროზე იოანე დამასკელმა შეადგინა,  ანუ მან სცადა კატეხიზმური ტიპის კრებულის შედგენა, რაც გულისხმობს ყველასთვის გასაგები ენით უღრმესი სწავლებების კომპენდიუმის წარმოდგენას, თავმოყრას რაც უაღრესად რთული საქმეა. გაცილებით ადვილია დამოუკიდებელი საღვთისმეტყველო შრომის დაწერა, ვიდრე კატეხიზმოს შედგენა, რადგან ამ უკანასკნელს აქვს თავისი აუცილებელი მიზანდსახულობა, რაც დაწერილმა შრომამ უნდა გაამართლოს, რომ კატეხიზმო მასობრივი მკითხველისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მასობრივი მკითხველისადმი განკუთვნილობამ საკუთრივ მოძღვრების დაკნინება და გაუბრალოება არ უნდა მოგვცეს. სტილი უნდა იყოს სადა, გამჭვირვალე, აზრნათელი და ამასთან მოძღვრება უნდა იყოს მთელი თავისი სიღრმითა და სიდიადით აი ამ სიმარტივეში და აზრ გამჭვირვალეობაში სრულყოფილად დატევნილი. ამიტომაა კატეხიზმოს დაწერა უდიდესი სირთულის მქონე და ამიტომვეა, რომ მთელი რვა საუკუნის მანძილზე მხოლოდ იოანე დამასკელმა მოგვცა ჩვენ ის სწორუპოვარი ძეგლი, პირველი სრულყოფილი კატეხიზმური შრომა, რაც მართლაც წარუვალი ღირებულებისაა და დღესაც ეს შრომა რჩება ჩვენთვის სახელმძღვანელოდ. აი ამ ტიპის შრომის შექმნა სცადა და განახორციელა წმ. ექვთიმე ათონელმა ქართულად, რომელსაც “წინამძღვარი” უწოდა, სადაც საეკლესიო მოძღვრების უარსებითესი სწავლებანი უაღრესად წარმატებული გამთლიანებით არის მოცემული, შემოკრებილი და ეს მან სცადა სწორედ იოანე დამასკელის პირველ რიგში ამ შრომაზე (გარდამოცემა) და აგრეთვე სხვა შრომებზე დაყრდნობით. ე.ი. იოანე დამასკელის საღვთისმეტყველო მემკვიდრეობა შეისწავლა ექვთიმე ათონელმა და ვალდებულიც იყო, იმიტომ, რომ იოანე დამასკელმა შექმნა ეს ეტაპი საეკლესიო ისტორიაში, კატეხიზმური დაგვირგვინება მთელი შვიდსაუკუნოვანი საღვთისმეტყველო ძიებებისა და ექვთიმე, რომელიც X ს-ის მიწურულში ამავე შეჯამებას აღასრულებს საღვთისმეტყველო სწავლებისას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იოანე დამასკელისგან უკვე შეჯამებული, უკვე განხორციელებული შრომის შესწავლას გულმოდგინედ ეცადა, უაღრესი ზედმიწევნითობით და არა მხოლოდ ამ შრომისას, არამედ იოანე დამასკელის ყველა სხვა შრომისას და ამ შრომათა მთლიანად შესწავლის საფუძველზე, საკუთრივ ექვთიმეს ორიგინალური შემჯამებლობითი მოღვაწეობით, შეიქმნა ის შრომა, რასაც “წინამძღვარი” ეწოდება და რაც არსებითად იოანე დამასკელის საღვთისმეტყველო შრომებზეა დაფუძნებული. კვლავ აღვნიშნავთ, ერთი რომელიმე საღვთისმეტყველო შრომის დაწერა უფრო ადვილია, ვიდრე კატეხიზმური შრომის დაწერა, ასევე ერთი საღვთისმეტყველო შრომის თარგმნა მეორე ენაზე გაცილებით ადვილია, ვიდრე ამა თუ იმ მოღვაწის საღვთისმეტყველო შრომათაგან ერთი კომპენდიუმის შედგენა მეორე ენაზე. იმიტომ, რომ კომპენდიუმი აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ ამა თუ იმ ღვთისმეტყველის შრომები მთლიანობაში იქნეს შესწავლილი და არსებითი მათგან გამოკრებილი, რაც ძალიან ღრმა ანალიზის, მეცნიერული შრომისა და გარჯის ნაყოფი უნდა იყოს. აი ეს ღვაწლი აღასრულა ექვთიმე ათონელმა იოანე დამასკელის შრომებზე და ამ უკანასკნელის შრომათა დეტალური შესწავლის შემდეგ კომპენდიუმი მოგვცა იოანე დამასკელის სწავლებებისა, ანუ შეჯამება, თავმოყრა, ყველაზე არსებითი სამოძღვრო ასპექტებისა.

ასეა თუ ისე თუ ვინმე იოანე დამასკელის შრომებს ზედმიწევნით იცნობდა, ამუშავებდა და მათ საფუძველზე კატეხიზმურ კომპენდიუმს ქმნიდა, აი ასეთი სწორედ ექვთიმე ათონელი გახლდათ. ამიტომ ვამბობთ, რომ იოანე დამასკელის მოღვაწეობის შემდეგ IX-X-XI ს-ში ექვთიმე ათონელი უეჭველად ის მოღვაწე გახლდათ, რომელმაც ყველაზე ღრმად შეისწავლა ეს პიროვნება. აქედან გამომდინარე სრულიადაც არაა გასაკვირი, რომ ექვთიმეს შრომებში ჩვენ იოანე დამასკელის საღვთისმეტყველო სტილს, ფრაზეოლოგიას, ფორმულირებებეს ყოველ ნაბიჯზე ვხედავდეთ და ვხედავთ მას “ბალავარიანშიც”. პირუკუ ეს არგუმენტი ჩვენ სწორედ იმაზე მიგვითიეთებს, რომ “ბალავარიანის” ავტორი არის პიროვნება, რომელსაც იოანე დამასკელის შრომები ზედმიწევნითი გულმოდგინებით, სპეციალისტურად შეუსწავლია გარკვეული მიზანდსახულობით, როგორიც გახლდათ სწორედ ექვთიმე.

და ბოლოს, რაც შეეხება მეოთხე არგუმენტს, “დამაგვირგვინებელს” დელგერისას. რა თქმა უნდა, რაკი დელგერმა ერთ-ერთი ხელნაწერი X ს-ის I ნახევრით დაათარიღა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მართლაც ასეა,  ასე არ ჩაუთვლია თვით ევროპულ კვლევასაც. “ბალავარიანის” ხელნაწერები, რამდენადაც უკვე პრობლემა წარმოქმნილი იყო და კამათი მიმდინარეობდა, ხელახლა იქნა შესწავლილი ტექსტოლოგიურ-ფილოლოგიური თვალთახედვით და აღმოჩნდა ასეთი საყურადღებო რამ, რომ ის ხელნაწერი, რომელიც დელგერმა X ს-ის I ნახევრით დაათარიღა, არათუ X ს-ის I ნახევრისა არ ყოფილა, არამედ არ ყოფილა თვით XI საუკუნისაც კი, აღმოჩნდა, რომ ის არის XII ს-ის ხელნაწერი და ცხადია აბსოლუტურად მოიხსნა ის დაბრკოლება, რომ თითქოს “ბალავარიანის” ბერძნული ტექსტი ცნობილი იყო თითქოს ექვთიმე ათონელის დაბადებამდე. ის ფაქტი, რომ ბერძნული ტექსტი “ბალავარიანისა” სწორედ ექვთიმე ათონელის მოღვაწეობის შემდეგ იწყება, უეჭველად ცხადყოფს ამ ორ ფაქტს შორის კავშირს, ე.ი. ექვთიმე ათონელის მოღვაწეობასა და “ბალავარიანის” ბერძნული ტექსტის გაჩენას შორის. მაგრამ დამაგვირგვინებელი და სრულიად ეჭვგარეშე რომ ამ მოვლენას წარმოაჩენს მართლაც, გახლავთ ის ფაქტი, რომ საკუთრივ ბერძნულ ტექსტში და ლათინური თარგმანის უადრეს ხელნაწერებში ექვთიმე ათონელი პირდაპირაა მითითებული, ზოგჯერ მარტო ექვთიმე წერია, ზოგჯერ ექვთიმე იბერიელი, როგორც ამ ტექსტის ავტორი, ამ ტექსტის შემდგენელი, ბერძნულ ენაზე მისი გადამტანი.

ასე რომ აბსოლუტურად ყველა მონაცემი ადასტურებს ექვთიმესეულობას “ბალავარიანის” ბერძნული ტექსტისას. ერთადერთი დაბრკოლება, რასაც თავის დროზე ბატონმა კორნელი კეკელიძემ მიაქცია ყურადღება, გახლავთ ის, რომ “ბალავარიანის” ბერძნული ტექსტი მოცულობით ორჯერ აღემატება “ბალავარიანის” ქართული ტექსტის ვრცელ რედაქციას. მაგრამ ეს ფაქტი დაბრკოლებას შექმნიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩვენ რომ არ გვცოდნოდა ექვთიმე ათონელის საღვთისმეტყველო და კონკრეტულად მთარგმნელობითი მოღვაწეობის პროფილი და სტილი. უკვე ვისაუბრეთ, რომ ექვთიმე ათონელისთვის დამახასიათებელი იყო შემატება და დაკლება და შესასბამისად როდესაც მას ქართულიდან ბერძნულზე გადაჰქონდა ეს ძეგლი, თავისთავად ცხადია, მიზნად ისახავდა იმგვარი ტექსტის შექმნას ბერძნულად, რაც საყოველთაოდ აღიარებას მოიპოვებდა. მას ფაქტოლოგიური მონაცემი არაფერი არ შეუცვლია, მაგრამ განსაკუთრებით საღვთისმეტყველო სწავლებებში, სადაც ქრისტიანული მოძღვრების აპოლოგია, დასაბუთება საეკლესიო მოძღვრებისა იყო მოცემული, რაც კი მას განსწავლულობა ქონდა, იოანე დამასკელის შრომებიდან გამომდინარე, რაც კი არგუმენტები მისთვის ცნობილი იყო, ამ ყოველივეთი მან გაამდიდრა თარგმნის ჟამს ეს ტექსტი “ბალავარიანისა” და მართლაც შედევრივით ბერძნულად მოგვცა ჩვენ ნიმუში საღვთისმეტყველო თხრობისა, ჰაგიოგრაფიული თხრობისა. “ბალავარიანი” ჟანრობრივად ჰაგიოგრაფიული თხზულება გახლავთ, იმიტომ, რომ “ჰაგიოსთა” ანუ წმინდანთა მოღვაწეობაა მასში აღწერილი, გაქრისტიანებაც და საეკლესიო მოღვაწეობაც, ასეთია პირველ რიგში ბალავარი, შემდეგ იოდასაფი, ნაწილობრივ აბენესიც. აი ასეთი უბადლო ჰაგიოგრაფიული შრომა შექმნა ექვთიმე ათონელმა, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ სასულიერო რომანიც, იმიტომ, რომ უაღრესად ღრმა სიუჟეტური თხრობაა მასში მოცემული. იგავური ნაწილიც ზედმიწევნით შთამბეჭდავად და გამომსახველადაა გადატანილი ქართულიდან ბერძნულად და მთლიანობაში ყოვლისმომცველი სახით ეს ძეგლი ზოგადად ბიზანტიური ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის მწვერვალად უნდა ჩაითვალოს.

აი ამ შემატებებში, ე.ი. არგუმენტირებანი როდესაც ხდება ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებისა, ექვთიმეს ქართულ ტექსტთან შედარებით, აურაცხელი არგუმენტი შეაქვს ბერძნულში და სწორედ მათ შორის გახლავთ ის არგუმენტები, რაც არისტიდე ათენელის აპოლოგიას გულისხმობს, რაზეც ჩვენი მსჯელობა იყო შეჩერებული, რომ არისტიდეს ბერძნული ტექსტი სწორედ აქ არის შემონახული და სხვა ღირსებებთან ერთად ექვთიმე ათონელს ესეც უნდა დავუფასოთ აუცილებლად, რომ მან არა მხოლოდ “ბალავარიანის” ბერძნული ტექსტი დაწერა და  გაამდიდრა ეს ტექსტი მრავალრიცხოვანი მონაცემებით, არამედ კონკრეტულად ამ კუთხით არისტიდეს ბერძნულეონოვანი ტექსტიც ფაქტობრივად სწორედ ექვთიმე ათონელმა შემოგვინახა, რადგან მან ეს ტექსტი თითქმის მთლიანად შეიტანა “ბალავარიანის” ბერძნულ რედაქციაში, რაც თავის მხრივ დადასტურებაა იმისა, რომ X ს-ში არისტიდეს აპოლოგია ტექსტობრივად ჯერ კიდევ არსებობდა, ექვთიმესაც ხელთ ჰქონდა. ხოლო ექვთიმემ შეიტანა რა ეს ტექსტი “ბალავარიანში”, ამით დღესაც შემოგვინახა და გადაარჩინა ფაქტობრივად არისტიდეს აპოლოგიის ორიგინალი.

აი ასე იკვრება მსჯელობა არისტიდეს აპოლოგიასთან დაკავშირებით. ამ მსჯელობაში შესულია განხილვა “ბალავარიანისა”, რაც როგორც აღვნიშნეთ აუცილებელი იყო. ხოლო დასკვნა კვლავ იგივეა, რომ ბერძნულენოვანი ტექსტი “ბალავარიანისა” არის ექვთიმე ათონელისგან დაწერილი და მნიშვნელობა ამ ტექსტისა იმაშიც მდგომარეობს, რომ მასში დაცულია არისტიდე ათენელის აპოლოგიის ბერძნული ტექსტი თითქმის მთლიანად და ეს დაცულობა, პატივი იმისა, რომ ეს ტექსტი ჩვენ შემოგვენახა, აუცილებლად ექვთიმე ათონელს უნდა განეკუთვნოს.


ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე




მოუსმინეთ აუდიო ფაილს