ვითა პეპელა

არხევს ნელნელა

სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,

ასე საყურე,

უცხო საყურე,

ეთამაშება თავისსა აჩრდილს.

ნეტავი იმას,

ვინც თავისს სუნთქვას

შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!

შენის შერხევით,

სიო-მობერვით

გულისა სიცხეს განიგრილებდეს!

ჰოჲ, საყურეო,

გრძნებით ამრევო,

ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?

მუნ უკვდავების

შარბათი ვინ სვის?

ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?


1839 წ.

***

ვლოცავ დღეს ჩემის გაჩენის, ბედნიერი ვარ მე, თასი:

სამღერალო ვარ ტურფა ხელთ და მოსალხინო მართასი!

მოვედით, სევდით მაშვრალნო, გასვათ სასმელი ღმერთასი,

და მყის გიქარვოთ გულისა, ვით ერთი, ჭირი ათასი.

***

შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს,

გულსა დავიწვავ დასანაცრებელს,

და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს,

შევსწირავ სატრფოს, ჩემსა სალოცველს!

მისთ თვალთა ხარობს სამოთხე ჩემი,

მისი ღიმია შვების მომცემი,

ჩემი წარმწყმედი, მაცხონებელი,

განმაბრძნობელი, გამხელებელი!

ვით არ ვადიდო სიტურფის ღმერთა!

ყოვლნი კეთილნი მან შეიერთა,

სულსა მოჰბერა ცის ნიჭნი ქვეყნად

და თავის მკობად ქმნა იგი მგოსნად!


1843 წ.