ვისი ხმა არის ეს საკვირველი?

რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი?

რა ვსცან პირველად წუთისოფელი,

დავშთე ადგილი, სადაცა წრფელი

რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის

სწორთა, თანზრდილთა, მეგობართ შორის, —

მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა

ჩემთა ზრახვათა და საწადელთა!

ცხადად თუ სიზმრად, მე იგი მარად

სულ ერთსა მიწვრთნის გულისა ჭირად:

“ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი,

ვინძლო იპოვო შენი საშვენი!”

მაგრამ მე მხვედრსა ჩემსა ვერ ვჰპოვებ,

და მით კაეშანს ვერღა ვიშორებ!

ნუთუ ხმა ესე არს ხმა დევნისა

შეუწყალისა სინიდისისა?

მაგრამ მე ჩემში ვერ ვჰპოვებ ავსა,

მისს საშფოთველოს და საქენჯნავსა.

ანგელოზი ხარ, მფარველი ჩემი,

ან თუ ეშმაკი, მაცთური ჩემი?

ვინცა ხარ, მარქვი, რას მომისწავებ,

სიცოცხლეს ჩემსა რას განუმზადებ?

როს ვსცნა მე შენი საიდუმლობა,

როს მხვდეს ამ სოფლად ჩემი წილობა?..


1836 წ.

 

ზვირთები მოდუდუნებენ,

ჭალები ბუჩქნარეობენ,

ხშირნი ლამაზთა კიდეთა

მჩქეფრად მდინარის ქსნისათა.

მიმქრქალებული მთოვარე მოწყენით ჰნათობს მუნ ქალსა;

მდინარის პირზედ ზის იგი, ხელთა ჩონგურის მპყრობელი;

გიშრისა თმანი ნაშალნი ჰშვენიან სპეტაკს საცმელსა,

და დამღერს იგი საკვდავად, ცხარეთა ცრემლთა მდენელი:

“ავ-ენანნო, ოდეს დასცხრეთ,

მოასვენოთ ეზდენ სული?

რა გარგოთ, რომ შეიშურეთ

უბიწოო სიყვარული?”

“გულის-სწორო, ერთის ცილით

აგრე როგორ შეიცვალე,

რომე ტრფობა ჩვენი ამ ხნით

მას აგრე მსწრაფლ ანაცვალე?”

“თუ ვერ მცნობდი, რად მეტყოდი:

მე შენი ვარ საუკუნოდ?

სიყმაწვილეს რად მილხენდი,

თუ მოჰკლავდი ასე უდროდ?”

“რად შემიპყარ მე გლახ გული,

უმანკო და უზრუნველი?

რად დამიჭკნე მე ყვავილი

ყმაწვილობის, ჯერ უშლელი?”

“ეს ნუგეშს მცემს, საყვარელო,
რომე არის სხვა სოფელი;

ოდეს სცნა, რომ ვარ უბრალო,

მოვედ, მოვედ, მუნ მოგელი!”

სდუმდა — და მეცა ვიცანი

ქეთევან ჰაეროვანი,

ქეთევან, ნაქები გულით,

ნაქები მშვენიერებით!

ნეტა რა ქარმან დააზრო მისის სიცოცხლის ყვავილი?

მეც ამატირა მის მხვედრმან, მაგრამ ვერ ვეცი ნუგეში:

ქეთევან შუა ქსანშია მარად შეერთო ღელვილი;

მხოლოდ ისმოდა სახელი ამილბარისა ზვირთებში!


1835 წ.

***

სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი

მშვენიერნი ცრემლით კრთოდენ,

და ბაგენი მდუმარენი

ხვაშიადსა მიმალვიდენ!

მაგრამ, სულო, იგი ცრემლი

არ სტიროდა ამ სოფელსა;

სახე შენი მოწყენილი

არა ჰგავდა ხორციელსა!

აწ მივხვდი მე, უბედური,

თვალთა შენთა მეტყველებას:

თურმე ცრემლი უცნაური

მოელოდა ჩემს ობლობას!

ახლაც, ოდეს ვნახავ სადმე

ცრემლსა თვალთა მშვენიერთა,

გულამოსკვნით ვიგონებ მე

დღეთა ჩემთა ბედნიერთა!


1840 წ.