მიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამო,

მაისის ღამე, მიბუნდვილი, გრილი და ამო;

მაგრამ უმეტეს მიყვარს ღამე, როს მთვარე შუქით

მოჰფენს ყაბახსა და კოჯორი დაჰქრის ნიავით,

და მომდინარე ხან ზვირთთცემით, ხან ნელად მტკვარი,

მოოხრავს შორით, ვით მიჯნური, ჟამთ მოჩივარი!

ამგვარი იყო ის ღამეცა, ოდესცა გარე

ფიქრით მოცულმან ჩვეულებრივ ყაბახს ვიარე.

აქა გუნდ-გუნდად დარაზმულნი აქა-იქ ქალნი

პირად-პირადად სეირნობდენ, კეკლუც-მოსილნი,

და მათ გარემო შეფრფინვიდენ ყრმაწვილნი კაცნი,

ზოგნი დამძნილნი, ზოგნი ტრფიალ და ზოგნი ანცნი.

თვითონ ცის მთვარეც მოწიწებით ღრუბელთ ეფარა,

როს ქვეყნის მთვარეთ შეეტრფოდენ და მას კი არა. —

“სთქვი რამ”, ეტყვიან ყაფლანს ზოგნი-ერთი ქალები,

“თუნდ თავსა უფლად, ახლა პრანჭვას ნუ კი მოჰყვები!”

ყაფლანც, სულდგმული აშიკობით, დაიღიღინებს

გულის საკვდავად და თან და თან ყელს მოიღერებს.

ვის არ სმენია ლექსი ესე, რომ მყის სევდები

არა აშლოდეს, ჩვენსა ქალსა — ტრფობის ჭირები!

უეცრად მათში დავინახე თეთრკაბიანი

და მეყვსეულად მან მიმიღო ჩემნი ცნობანი.

არ ვიცი, ამ დროს რად აღვიგზენ უფროს ცეცხლისა?

სად არს სილაღე, სად არს ძალი გრილის გულისა!

ვნახე სადღაცა ქალთ კრებაში როდისღაც ერთი,

მას აქეთ თვალი ვეღარ მოჰვკარ და ახლა ერთი

სდგას აქა კრძალვით, ვით ქურციკი ვეფხვთა შორისა,

ყელი ყელყელობს, აღმგზნებელი გულთა ჭირისა!

თვალი შემასწრა მან ამ დროს მე და შემომცინა;

ამან გამამხნო და გულს ძგერით წარვსდეგი წინა

და ასე ვუთხარ: “ნეტარ მე, რომ მეღირსა კვალად

სანატრი ჩემთვის ნახვა თქვენი აწ მხიარულად!”

“გმადლობთ, მითხრა მან, რომ თქვენ მაინც გახსოვართ კიდევ:

ახლა მოდაა, ვინც ვის იცნობს, ივიწყებს ისევ”.

“დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვერც მოდები

ვერ მამიშლიან თქვენსა ხსოვნას და ვერც დროები!”

ამა სიტყვაზე ვარდი ღაწვთზედ მყის აეფურცლა,

ამ დროს ნიავმაც თეთრი კაბა მიმოუქროლა

და ბუდეშური მის ფეფები ლამაზად მოჩნდა,

რომელთ სიამით ცნობა ჩემი წარიღეს თვისდა.

ამ დროს მთოვარემც შუქი თვისი მისტეხა ბროლსა,

რომელმან შვება სილამაზით ჰფინა ჩემს გულსა;

მაგრამ სხვა მუნით მიიხმობდა სატრფოსა ქალსა,

რომელი მყისვე მიეფარა, ნათელი — თვალსა!


1836 წ.

ძრწოდე, კავკასო! ახლო არს დღე შენის აღსასრულისა,

შეთქმულან შენზედ ერთპირად ძენი ქართლისა სრულისა,

აღებად შენგან სისხლისა, უბრალოდ დაქცეულისა,

და აღმორთმევად უწყალოდ შენს შორის ბოროტ სულისა!

ქართლითგან მოვალს მარადის მამულის მონა ლაშქარი,

წინ ერისთავი მოუძღვის, მიწასა გააქვს ზანზარი!

კავკასო, ქართლოსს საფლავზედ არიან გაფიცებულნი,

და მათ წინ ვერღა დაუდგნენ ვერც შენნი პირველ რჩეულნი!

სომხითით მოსჭექს სასარდლო, ძველადგან სახელგანთქმული,

მის შორის ბრუნავს ცხოველად დავით სარდრისა კვლავ სული!

ჰე, დაღისტნელნო, სომხითის კედელნი, თქვენგან ნგრეულნი,

მის ძეთა თქვენის თავებით ყონ ახლად აღშენებულნი!

კავკასო, აჰა კახნიცა შენზედ გულამღვრეულები,

მეფის ირაკლის გაწრთვნილნი, გმირებად დასახულები!

ნუ ჰგონებ, აღხოცილიყვნენ მათ შორის ძველნი მამაცნი:

ყოველსა დაშთა შვილები, საშვილიშვილოდ ვაჟკაცნი!

ნაუნჯნი ყმანიც მეფისა, თუშები მოუღალავნი,

სდევნიან მტერთა მძვინვარედ, ვით მგელნი, ცხვართა მლალავნი!

თქვენი ჭირიმე, თუშებო, ბიჭობა თქვენი ქებულა,

მახვილი თქვენი მარადის დაღისტნელთ ქედზედ ლესულა!

ამ გმირულს ჯარსა ერთობრივ ჰყავს ღირსი წინამძღომელი;

მან თავი დასდვა სპათათვის, სახელითა ქმნა სახელი,

და საკადრისად გვარისა გამოჩნდა ნამდვილ ქართველად:

მტერთ სიხარულით შეებმის მჭვრეტელთა საოცნებელად!

კავკასო, ძრწოდე! შეირყა ჩეჩენიც დასამხობელი!

ვის არა აღეტაცების სული ამ ამბვის მცნობელი?

ჰე, ძმანო, ნუ თუ არ გესმით მეფის ირაკლის ხმა მაღლით?

გიხმობთ: ”ქართველნო, ჰე, შაბაშ! კურთხევა თქვენდა ზე მადლით!”

ძმანო, თქვენ ჰქმენით საქმენი, ღირსნი თქვენთა წინაპართა!

მეფესა თავი შესწირეთ, ვაგლახი ეცით წარმართთა!

აჩრდილნი ჩვენთა მამათა იშვებენ საიქიოსა,

და გიკურთხებენ სახელსა, მომავალთ მოსალხინოსა!


1844 წ.

მწირი

სუმბულო, სად არს ფეროვნება შენი საამო,

რომ შენსა მჭვრეტელს არ გააჩნდა დილა, საღამო?

მარქვი, სადა არს სუნი შენი, ამო და ნელი,

რომლით ათრობდა სიცოცხლის ჟამთ ლამაზი ველი?

სუმბული

მწირო, ხომ ხედავ, მოვჰკლებივარ ჩემს სამშობლოს გულს,

ჩემთ სწორთა ყვავილთ, მშვენიერს ცას და ჩემსა ბულბულს.

აგერ მაისი ააყვავებს ტურფად ბუნებას,

მოვა ბულბული და დაუშტვენს სიყვარულის ხმას,

ხოლო მე ხშული ბნელსა სადგურს და სევდიანსა,

ვეღარ ვიხილავ ჩემსა ტურფას და ტკბილს მგოსანსა!

მწირი

ნუ თუ ვერ ჰპოვებ აქ სანაცვლოს, ვერც რას საამურს,

სადაც ოქროთი და ვერცხლითა გიმკობენ სადგურს;

სადაცა კაცი შენს შვენებას ესრეთ ინახავს,

რომ მზე ვერ გიჭკნობს და სიცივე ვერა დაგაზრავს?

სუმბული

მაგრამ მარქვ, რა არს ჩემთვის სახლი დიდ-მშვენიერი,

ვით გააღიმებს ჩემს შვენებას ხშული ჰაერი?

არღა მევლება გარე წყარო, ცივი, კამკამი,

არღა მეცემის დილით გულსა სიცოცხლის ნამი;

გრილი ნიავი ჩემთა ფურცელთ არ უალერსებს

და მაყვლის ბუტკი მზისა სხივთა არღა უჩრდილებს.

მწირი

სუმბულო ტურფავ, მოიგონე მკაცრი ზამთარი,

მისგან შენ ახლა იქნებოდი უწყალოდ მკვდარი;

ნახე, რა ძალუძს შენთვის მზრუნველს კაცისა ხელსა,

რომ მისი სუსხი ვერ შეგირყევს ვერც თუ ფურცელსა.

სუმბული

ჰე, მწირო, სოფლად ყოველსა აქვს ჟამი და ბოლო,

მაგრამ ამას ვწუხ, რომ უჟამოდ მეღების ბოლო!

ზამთრით ბუნება არა კვდება, — სევდით იმოსვის,

რომ თავისს სატრფოს, გაზაფხულსა, განეშორების!

და მყის ვითარის შვენებითა კვლავ შეიფურცვლის,

ოდეს მერცხალნი ახარებენ მოსვლას საყვარლის!

ახ, როდის ვნახო მეცა ველად ჩემი ბულბული,

რომ განვიშალო კვლავ სიტურფით მისი სუმბული!

მწირი

მშვიდობით, წავალ, მეც მოვძებნი ჩემსა ყვავილსა;

ისიც შენსავით განაშორეს სამშობლო ველსა!

ვაი თუ მასაც უდროდ აჭკნობს უწყალო ხელი,

და არღა მომხვდეს სუნი მისი, ჭირთ უკუმყრელი!


1842 წ.