სიმინდსა თოხნა დავუწყოთ,

ერთხმად დავსძახოთ მუშური;

ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს,

რომ გლეხნი ვართ უბედური!


მარტო ჩვენთვის არ ვმუშაობთ,

სხვისაც გვმართებს სამსახური:

ბატონი გვყავს, ვართ საწყალი,

უპატრონო, უბედური!


ყველა თავში გვიჩაჩქუნებს,

გარეშე და შინაური;

ცხელსა მიწას უხვად ალბობს

ოფლი, ჩვენგან მონაწური.


ჩვენი ჯაფით მონაყვანი

სხვასთან მიდის საზრდო პური,

შინ ცოლ-შვილს შიმშილი გვიკლავს,

მაგრამ ვინ მიუგდოს ყური?


მათსა საზრდოს სხვა იტაცებს,

სტირის ცოლი მეძუძური,

შიმშილისგან რძე უშრება,

წივის შვილი უსუსური!


ღმერთს ბატონად მოუცია

ჩვენთვის ერთი აზნაური,

მისთვის სუყველა ჩვენა ვართ -

მებეგრეცა და მსახური.


მისგან ტანჯვას რომ მოვრჩებით,

მაშინ გვტანჯავს მისი ფური!

უპატრონოდც არ ვარგივართ,

როგორც ცხვარი უმწყემსური.


მაშინ ყველა ბატონია!

გამკითხავი სადღა არი!...

მდივანბეგის ბოქაულებს

გაეღებათ სახლის კარი.


სულ მათ მიაქვთ, რაც რომა გვაქვს:

ქათამი, თხა, ძროხა, ცხვარი.

ჩვენ ყოველდღე ტანჯვას ველით!..

გლეხებს რა გვაქვს გასახარი?


სამართალს კოლოფში სძინავს,

ის არს ფულის მეგობარი,

არ იღვიძებს, თუ უფულოდ

მასთან მივიდა სტუმარი!


შინდის წკნელებზე სწერია

ჩვენი სახელი და გვარი...

განვაგრძოთ, ძმებო, მუშური,

ჩვენი სევდის განმაქარი!


ბანს გვეტყვიან ნაღვლიანად

არე-მარე, მთა და ბარი!

ნუთუ გულგრილად უყურებს

ჩვენს ტანჯვასა მაცხოვარი!...


1861 წ.

ყანაო, მუშის სამოთხევ,

გლეხის დიდებავ, ყანაო!

ცისკრის სხივებმა შეგმოსეს

და ნამმა გადაგბანაო;


დილის ნიავმა დაგქროლა,

ალერსით გითხრა ნანაო;

ჟუჟუნა წვიმამ ზედ დაგკრა,

ალერსით აგამწვანაო.


ყანაო, გულ-ხელგაშლილო,

ქვეყნის მოკეთევ, ყანაო!

მოყვრულად შემოგსევივართ,

მტრულად გიმეტებთ განაო.


გავმარგლავთ ბალახ-ბულახსა,

გაგთოხნით ყოველგანაო!..

ყანაო, დაუზარებო,

უხვად მომცემო, ყანაო!


ზედ უფლის თვალი დაგყურებს,

შენი ბარაქა ბრძანაო;

აგშორდეს გვალვა და სეტყვა,

მოსავლის გამოცანაო...


ყანაო, ოქრო-ზურმუხტო,

ყანაო, ჩემო ყანაო!

მაღალმა ღმერთმა აკურთხოს

სხვაც ბევრი შენისთანაო!


1886 წ

ვისაც რა უნდა უყვარდეს,

სულ სხვაა ჩემი ტრფიალი:

მიყვარს პირწმინდა ნამგალი,

მისი ყანაში ტრიალი!..


თავი მოუკვდეს ზოგიერთს,

რომ იტაცებენ სხვისასა…

საწყალ კაცს ჯიბეს აჭრიან,

ურცხვად ივსებენ ქისასა.


ქორი ვარ, სხვას რომ მოვტაცო?

რად გავიშავო პირი მე?

გარს შემოვევლე ჩემს გუთანს!

ჩემი სახნისის ჭირიმე!


რად დავიბნელო სიხარბით

სამიწე წუთის თვალები?

ხერხსა, ხელეჩოს, სატეხსა,

ნაჯახ-ცულს ვენაცვალები!..


რაც ჩემი ურმის არ არის,

სახლში არ შემიტანია!

ღმერთმა მაშოროს, რაც ჩემის

ოფლით არ გამიბანია!


ბედს არ ვემდური, ღმერთს ვმადლობ!

თავი არ მომაქვს საკვეხნად,

თავდებად მაღლა ზეცა მყავს

და დედამიწა ამ ქვეყნად.


ვისაც ვინ უნდა უყვარდეს

სულ სხვაა ჩემი ტრფიალი,

სანამდი მადლით დამყურებს

საშვილიშვილოდ ღვთის თვალი.


1890