***

მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო,

დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო!

შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანსვსცემ შენსა სახელსა;

დედის ერთა ვარ, ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!

ღარიბი ვინმე მოვსულვარ, სოფლისა მუშა საწყალი,

ამხანაგად მყავს ნაბადი, ძმობილად — ბასრი ხანჯალი,

მე სხვა სიმდიდრე რად მინდა? მე შენი გულიც მეყოფის,

მის ფასი კიდე საუნჯე ცას ქვეშეთ განა იმყოფის?

1845 წ.

კნიაზ ბარათაევის

აზარფეშაზედ

ამავსებ ღვინით,

აგავსებ ლხინით.

შესვი? გაამოს!


1842 წ.

ღმერთო მამაო, მომიხილე ძე შეცთომილი

და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ-ღელვილი!

ნუ თუ მამასა არღა ჰქონდეს გულის-ტკივილი,

ოდეს იხილოს განსაცდელში შემცოდე შვილი?

ჰოჲ, სახიერო, რად წარვიკვეთ მე სასოებას:

პირველ უმანკომ თვით ადამმაც სცოდა შენს მცნებას,

უმსხვერპლა წადილს სამოთხისა მშვენიერება,

გარნა იხილა სასუფევლის მან ნეტარება.

ცხოვრების წყაროვ, მასვ წმიდათა წყალთაგან შენთა,

დამინთქე მათში სალმობანი გულისა სენთა!

არა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა,

არამედ მოეც მას სადგური მყუდროებისა!

გულთა-მხილავო, ცხად არს შენდა გულისა სიღრმე:

შენ უწინარეს ჩემსა უწყი, რაც ვიზრახო მე,

და — ჩემთა ბაგეთ რაღა დაუშთთ შენდა სათქმელად?

მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად!


1840 წ.