კნიაზ ბარათაევის

აზარფეშაზედ

ამავსებ ღვინით,

აგავსებ ლხინით.

შესვი? გაამოს!


1842 წ.

ღმერთო მამაო, მომიხილე ძე შეცთომილი

და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ-ღელვილი!

ნუ თუ მამასა არღა ჰქონდეს გულის-ტკივილი,

ოდეს იხილოს განსაცდელში შემცოდე შვილი?

ჰოჲ, სახიერო, რად წარვიკვეთ მე სასოებას:

პირველ უმანკომ თვით ადამმაც სცოდა შენს მცნებას,

უმსხვერპლა წადილს სამოთხისა მშვენიერება,

გარნა იხილა სასუფევლის მან ნეტარება.

ცხოვრების წყაროვ, მასვ წმიდათა წყალთაგან შენთა,

დამინთქე მათში სალმობანი გულისა სენთა!

არა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა,

არამედ მოეც მას სადგური მყუდროებისა!

გულთა-მხილავო, ცხად არს შენდა გულისა სიღრმე:

შენ უწინარეს ჩემსა უწყი, რაც ვიზრახო მე,

და — ჩემთა ბაგეთ რაღა დაუშთთ შენდა სათქმელად?

მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად!


1840 წ.

ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას,

და თქვა: «აბაო ხელმწიფებამ რა შემიძინა?»

და რა იხილა თვისს დიდების მსხვერპლი თვის წინა,

მისს მოღრუბლულს შუბლს შუქი რაღაც გარდაეფინა.

«ახლა კი კმარა», თქვა მან გულში, «სურვა აღმიხდა:

სახელი ჩემი ვასახელე ქვეყნის საოცრად,

შევმოსე ძალით საყვარელი ჩემი საშვენად

და დაუმონე გულმტკიცენი მას სადიდებლად».

«მაგრამ მე გვამში სული ვერღა მომთავსებია!

მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი,

ხოლო მე უნდა მას მოვასხა შარავანდედი;

ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!»

«მაგრამ ვინ იცის, იქნება რომ ბედსაც მოვსწყინდე,

და სხვა მან ჩემის სახელითა დააგვირგვინოს!..

არა, არა მრწამს, რომე ბედმა მე მიორგულოს:

მე მან გამზარდა და თვისს გაწვრთნილს რაღა მიხერხოს!»

«ვერა გაუძლებს ნაპოლეონ მეტოქეებსა!

რა გინდ ძლიერად, მეცნიერად, ვინ ხელმწიფებდეს,

მაინც მე იგი ვერ ვითვისო, ვერ ჩემოდნობდეს,

თვითონ სამარეც მევიწროოს, თუ ტოლი მყვანდეს!»

ბევრი დღე გავა, რომ ჯერ ბევრი ვერ ვცნათ ჩვენ მისი!

თვითონ სიკვდილიც მას უებროდ აღმოგვიჩინებს:

დამქრალი ცეცხლი და ზღვის ღელვა წარმოგვიდგინებს

მისს ცეცხლსა სულსა და ზღვა გულსა განსაკვირველებს!


1838 წ.