თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს

ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!..

მოდი, ჯალათო, შენი მახვილი

შეუბრალებლად ზედ გულზე დამჰკარ!


ყოველი წვეთი ჩემი სისხლისა

თუკი გამოზდის მამულიშვილსა,

ცოდვა არ არის, რომ მოვერიდო

მაშინ მე ტანჯვას და თვით სიკვდილსა?


არა! სიკვდილი ვერ შემაშინებს,

მომზადებულსა მამულის მსხვერპლსა!

მზად ვარ შევსწირო სული და ხორცი

და სამშობლოზე ვჰყრიდე თვით ფერფლსა!


თუმცა პირადი ჩემი ცხოვრება

ყოველთვის იყო ტანჯვა-ვაება,

მაგრამ სიკვდილში ვჰპოვებ სიცოცხლეს

და ის იქნება თვით უკვდავება,


თუკი იმედი მე საიქაოს

გამყვა უკეთეს მომავალისა,

რომ ჩემს შემდეგი შთამომავლობა

იქნება შემგნე თვისის ვალისა!


დიახ! თუ მოძმეთ გამოადგება

ჩემი სიკვდილი, მზადა ვარ მეცა...

გამოღვიძებულს სურვილს ქვეყნისას

ხელს მოუმართავს, მრწამს მე, თვით ზეცა!..


1911 წ.

მინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა,

უსამართლოდ ალაგმულმა?

ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ

შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა!


მე ამ ლაგამს წავიძრობდი,

არ მაქვს უცხოს მორიდება;

მაგრამ რა ვქნა, რომ ხელმარჯვედ

ჩემივე ძმა მეჭიდება!


იმის აზრი სულ სხვა არის

და სულ სხვას გრძნობს ჩემი გული;

მე სხვა რამე მენატრება, -

მაგას ჯილდო, ანუ ფული!


ეჰ, რა მეთქმის? მირჩევნია

უხმოდ მოვკლა გრძნობა გულში

და არვის კი არ მივყიდო

არც ჯილდოში და არც ფულში!..


1880 წ.

ეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ?

სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი?

ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე,

ვინ ამინთო ამ ბოლოს დროს ლამპარი?


ყეენივით შემასკუპეს მაღლობზე,

ჩემს წინ დადგა თითქმის მთელი ქვეყანა;

მილოცვენ და მადლს მიხდიან... და რისთვის?

რა მიმიძღვის სამსახური მისთანა?


ქალი, კაცი, ერი, ბერი, ბავშვები,

გაურჩევლად ტომისა და წოდების,

აქ არიან, რომ გამიქრონ მიზეზი

ჩემი ტანჯვის და ჩემი ცეცხლმოდების!..


მაგრამ მე კი, რომ ვგონივართ, ის არ ვარ!..

სხვა იქნება მომავალი ის გმირი!..

მე უბრალო მიზეზი ვარ დღეის-დღის,

იმ მომავლის აჩრდილი რამ და პირი!


ჩემს სუსტ შრომას ეს აჭარბებს ყოველი!..

საამისო, აბა, რა მომიცია?

ეს ეკუთვნის ყოლიფერი მომავალს

და იმისი არის რეპეტიცია!


მაშ, ამნაირ ხალხის აღფრთოვანებას

შევუერთებ დღეს ჩემს სურვილს, გულისთქმას:

“ვაშა! ვაშა, სათაყვანო მომავალს!”

ამ-თავითვე წარვუგზავნი ჩემს სუსტ ხმას!..


1908 წ.