მინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა,

უსამართლოდ ალაგმულმა?

ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ

შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა!


მე ამ ლაგამს წავიძრობდი,

არ მაქვს უცხოს მორიდება;

მაგრამ რა ვქნა, რომ ხელმარჯვედ

ჩემივე ძმა მეჭიდება!


იმის აზრი სულ სხვა არის

და სულ სხვას გრძნობს ჩემი გული;

მე სხვა რამე მენატრება, -

მაგას ჯილდო, ანუ ფული!


ეჰ, რა მეთქმის? მირჩევნია

უხმოდ მოვკლა გრძნობა გულში

და არვის კი არ მივყიდო

არც ჯილდოში და არც ფულში!..


1880 წ.

ეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ?

სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი?

ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე,

ვინ ამინთო ამ ბოლოს დროს ლამპარი?


ყეენივით შემასკუპეს მაღლობზე,

ჩემს წინ დადგა თითქმის მთელი ქვეყანა;

მილოცვენ და მადლს მიხდიან... და რისთვის?

რა მიმიძღვის სამსახური მისთანა?


ქალი, კაცი, ერი, ბერი, ბავშვები,

გაურჩევლად ტომისა და წოდების,

აქ არიან, რომ გამიქრონ მიზეზი

ჩემი ტანჯვის და ჩემი ცეცხლმოდების!..


მაგრამ მე კი, რომ ვგონივართ, ის არ ვარ!..

სხვა იქნება მომავალი ის გმირი!..

მე უბრალო მიზეზი ვარ დღეის-დღის,

იმ მომავლის აჩრდილი რამ და პირი!


ჩემს სუსტ შრომას ეს აჭარბებს ყოველი!..

საამისო, აბა, რა მომიცია?

ეს ეკუთვნის ყოლიფერი მომავალს

და იმისი არის რეპეტიცია!


მაშ, ამნაირ ხალხის აღფრთოვანებას

შევუერთებ დღეს ჩემს სურვილს, გულისთქმას:

“ვაშა! ვაშა, სათაყვანო მომავალს!”

ამ-თავითვე წარვუგზავნი ჩემს სუსტ ხმას!..


1908 წ.

აღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ!

გაიღვიძე პროლეტარო!

ჩვენვე უნდა მოვუპოვოთ

ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო!


უნდა მტერი დავამარცხოთ,

ძალმომრევი, უსამართლო!

რა გვაქვს მასთან ჩვენ საერთო,

საპირფერო ან სამადლო?


ეს იქნება საბოლოო

შეტაკება... მწარე ომი!..

და, თუ ვსძლიეთ, ჩვენთან ერთად

გაიხარებს ყველა ტომი.


ეს-ღა მხოლოდ დაგვრჩენია!

ამით ვფიქრობთ თავის დახსნას!

გაუმარჯოს მშიერ მუშას,

მის მკლავსა და მის მარჯვენას!


სხვა სუყველა ტყუილია:

ღმერთი, მეფე, ვინმე გმირი!..

ძალა არის შეერთება -

ერთი ლხინი!.. ერთი ჭირი!..


მსხვერპლი უნდა დიად საქმეს,

კავშირი და შეერთება.

საბერველს რომ დაუბერვენ,

რკინა მაშინ ფოლადდება.


ჩვენც დავჰბეროთ, თავს ნუ ვზოგავთ!

საბოლოო მწარე ომი!...

მხოლოდ ჩვენის გამარჯვებით

გაიხარებს ყველა ტომი.


მოცლილ ხალხის მუქთახორას,

ამ ქვეყნად რომ დაწანწალებს,

ნამუშევარს სტაცებს ღარიბს

და უკიდებს გულში ალებს,


უნდა დავსცეთ თავზე მეხი,

გაურჯელად ვინც ნეტარებს!...

გაუმარჯოს მხოლოდ შრომას,

მუშებსა და პროლეტარებს!...


ყოველი მხრის მუშა ხალხი,

დროა შევკრბეთ, ნუ გვაქვს შიში!

უნდა მედგრად მივიტანოთ

იმ ჩვენს მტრებზე იერიში!


ეს იქნება საბოლოო

მშრომელ ხალხის მწარე ომი!...

ეს დაგვიხსნის მხოლოდ და მით

გაიხარებს ყველა ტომი!


1905