მუხამბაზო, რა ტკბილი რამ ხმა ხარო.

ჩამჩი-მელქო

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!

თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ყმასავითა მე ერთგული შენი ვარ,

გინდა მკლავდე, არას გეტყვი — შენი ვარ.

სადაც წახვალ, მე მაშინვე იქა ვარ,

გინდ ვერ მნახო, იცოდე რომ იქა ვარ,

რას გაწუხებ? მე ჩემთვისა იქა ვარ!

ჩემთვის ჩუმად ვამბობ: ”რა ლამაზი ხარ!”

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!

თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

რტო ალვისა, შენი წელი მგონია,

მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია,

ეგ თვალები — ცაში ელვა მგონია.

ვარდის სუნთქვა — შენი სუნთქვა მგონია.

როს მეღირსოს, ვჰსთქვა: ”გეთაყვა, ჩემი ხარ!”

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!

თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ათი გზა მაქვს, ათივე შენკენ მოდის!

ფიქრები მაქვს, წინ შენი სახე მოდის!

მინდა რამ ვჰსთქვა — შენი სახელი მოდის!

ჩემს გულში რა ამბებია, რა მოდის?

ერთხელ მაინც მკითხე: “აგრე რათა ხარ?”

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,

თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ჩემს დარდებსა ვინ ინაღვლის, ვინ არის?

ვის რათ უნდა, ლოპიანა ვინ არის?

მკვდარია თუ ცოცხალია, ვინ არის?

ქვეყანაში აბა რაა, ვინ არის?

შენ არ მეტყვი, ვიცი სულით ნაზი ხარ!

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,

თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ,

დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ!

ჯამით ტოლუმბაში მნახე, ვინა ვარ!

აბა მუშტის კრივში მნახე, ვინა ვარ! —

მაშინ შეგიყვარდე, სთქვა: “ძვირფასი ხარ!”

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,

თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!


1861 წ.

მნათობო! თვით შენ აღმიხსენ, რა მემართების, რასა ვჰგრძნობ,

როს გხედავ ვჰწითლდები, რად ვჰკრთები, ვჰშიშობ და

ვჰხარობ?

მაშინ რად ენა სდუმდების, როს შენთან უბნობას ვჰცდილობ,

და რისთვის ნაცვლად სიტყვათა, მხოლოდ ოხრვითა ვმეტყველობ?

მრავალგზის ვფუცავ არ გნახო, მაგრამ ყოველ ჟამს გეძიებ,

როს გხედავ, გულსა სახმილსა მდუმარედ მყოფსა აღმიგზნებ.

მაშინ მე, შმაგი, ყოველთა გარე ჩემს საგანთ ვივიწყებ;

ხანა ვჰსწყევ შენთა სიტურფეთ და ხან კი მათვე ვაღმერთებ.

მრავალ გზის ვფუცავ გივიწყო, და ვჰქმნაცა ნება გონების;

მარამ როს გხედავ, გონების რჩევა სრულიად არ მესმის...

გული ხელმწიფებს და უფრო უძლიერესად შენ გეტრფის,

და გულის მონად შექმნილი გონებაც შენდა მოჰფრინვის!


1830 წ.

შენს წმინდა სახეს,

შვენებით სავსეს,

სახიერებით განსხივებულსა,

ვუმზერ კრძალვითა,

თაყვანცემითა,

ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!

მიხარის — გიმზერ,

ვჰსწუხვარ — და გიმზერ,

და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,

არ გამოვფხიზლდე,

რომ აღარ ვჰგრძნობდე

ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..

ყვავილოვანი

წალკოტი შენი,

შენის დიდების სხივ-მოკლებული,

აღარა ჰშვენის,

აღარ გვიბრწყინვის

შავ დროთაဪ ძალით, ფერ წახდენილი!..

და, ვით განვლილსა

სიზმარსა ტკბილსა,

მზეს დიდებულად ჩასვენებულსა,

ვიგონებთ შენს დროს,

გული გვიმაგროს,

სრულად არ წავჰსწყდეთ ცის შემრისხავნი!

ხნით დამაშვრალი,

დაღონებული,

შენადვე, მეფევ, მოველ ვედრებით:

მოხედო ბედკრულს

შენს სატრფოს — მამულს,

და ჯვარითဪဪ შენით აკურთხო კვალად.

შენი ივერი

აღსდგეს ძლიერი,

და დადგეს ერად სხვა ერთა შორის,

წმიდით საყდარით,

ენით მდიდარით,

სწავლისა შუქით განათებული!

ზნე ამაღლებით,

ძლევის დიდებით,

სამშობლო მიწის სიყვარულითა! —

და გაგვიცოცხლდეს,

რომ კვლავც მოგვესმეს

სიტყვა ქართული რუსთაველისა.

რომ განვიღვიძნეთ,

სულით განვახლდეთ,

და განქრეს ბნელი უმეცრებისა!..

...მარამ ცად თვალნი

გაქვს მიქცეულნი,

და მე ვეღარ მცნობ გულ-შემუსვრილსა,

დამცირებულსა,

ხმა-მიღებულსა,

ბედ-დაკარგულის ივერიის ძეს!

ეჭვით აღვსილსა,

უსასოდ ქმნილსა,

გულ-უიმედოს, გაუხარებელს!..

ვაჰ თუ რაც წახდეს

ვეღარა აღჰსდგეს,

ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით?

და რაც დაეცა

ის წარიტაცა

შავმან ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი!

ჰე, ცრუ სოფელო,

დაუნდობელო,

შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ?

დიდება ჩვენი,

ცად სხივ-მიმფენი,

ნუთუ ესღა გვაქვს, ვჰხედავთ რასაცა?

დაყრუებულსა,

გზა შეუვალსა,

უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს,

სად სახე მეფის,

დიდის თამარის,

სჩანს ძველს კედელზე გამოხატულად!..


1877 წ.

* შემოსვლა ლანგ-თემურისა და შაჰ-აბაზისა, რომელთა საშინლად გააოხრეს ჩვენი ქვეყანა. ქართველთა დაარქვეს შავი დრო ამათ შემოსვლასა.

ဪဪ როდესაც საქართველოს ჯარი შეიყრებოდა სალაშქროდ, თამარ მეფე თვით აკურთხებდა მას ჯარსა ჯვარითა.