შენს წმინდა სახეს,

შვენებით სავსეს,

სახიერებით განსხივებულსა,

ვუმზერ კრძალვითა,

თაყვანცემითა,

ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!

მიხარის — გიმზერ,

ვჰსწუხვარ — და გიმზერ,

და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,

არ გამოვფხიზლდე,

რომ აღარ ვჰგრძნობდე

ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..

ყვავილოვანი

წალკოტი შენი,

შენის დიდების სხივ-მოკლებული,

აღარა ჰშვენის,

აღარ გვიბრწყინვის

შავ დროთაဪ ძალით, ფერ წახდენილი!..

და, ვით განვლილსა

სიზმარსა ტკბილსა,

მზეს დიდებულად ჩასვენებულსა,

ვიგონებთ შენს დროს,

გული გვიმაგროს,

სრულად არ წავჰსწყდეთ ცის შემრისხავნი!

ხნით დამაშვრალი,

დაღონებული,

შენადვე, მეფევ, მოველ ვედრებით:

მოხედო ბედკრულს

შენს სატრფოს — მამულს,

და ჯვარითဪဪ შენით აკურთხო კვალად.

შენი ივერი

აღსდგეს ძლიერი,

და დადგეს ერად სხვა ერთა შორის,

წმიდით საყდარით,

ენით მდიდარით,

სწავლისა შუქით განათებული!

ზნე ამაღლებით,

ძლევის დიდებით,

სამშობლო მიწის სიყვარულითა! —

და გაგვიცოცხლდეს,

რომ კვლავც მოგვესმეს

სიტყვა ქართული რუსთაველისა.

რომ განვიღვიძნეთ,

სულით განვახლდეთ,

და განქრეს ბნელი უმეცრებისა!..

...მარამ ცად თვალნი

გაქვს მიქცეულნი,

და მე ვეღარ მცნობ გულ-შემუსვრილსა,

დამცირებულსა,

ხმა-მიღებულსა,

ბედ-დაკარგულის ივერიის ძეს!

ეჭვით აღვსილსა,

უსასოდ ქმნილსა,

გულ-უიმედოს, გაუხარებელს!..

ვაჰ თუ რაც წახდეს

ვეღარა აღჰსდგეს,

ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით?

და რაც დაეცა

ის წარიტაცა

შავმან ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი!

ჰე, ცრუ სოფელო,

დაუნდობელო,

შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ?

დიდება ჩვენი,

ცად სხივ-მიმფენი,

ნუთუ ესღა გვაქვს, ვჰხედავთ რასაცა?

დაყრუებულსა,

გზა შეუვალსა,

უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს,

სად სახე მეფის,

დიდის თამარის,

სჩანს ძველს კედელზე გამოხატულად!..


1877 წ.

* შემოსვლა ლანგ-თემურისა და შაჰ-აბაზისა, რომელთა საშინლად გააოხრეს ჩვენი ქვეყანა. ქართველთა დაარქვეს შავი დრო ამათ შემოსვლასა.

ဪဪ როდესაც საქართველოს ჯარი შეიყრებოდა სალაშქროდ, თამარ მეფე თვით აკურთხებდა მას ჯარსა ჯვარითა.

სიხარულო, შვებავ, ლხინო,

ახლისა აკვნის გუშაგნო!

მზევ, შინ შემოდიო!

თქვენ, სულსა აღნაგსა ახლად,

დაჰფრინვეთ თვალ მოულულად!

მზევ, შინ შემოდიო!

მე მისსა მშობელ ვენერას

დაუმღერ ტკბილსა ”მზე შინას”!

მზევ, შინ შემოდიო!

გიმღერ, გალხენ, — განისვენო,

ჩემო მაკრატლის გვირგვინო!

მზევ, შინ შემოდიო!

ეჭვი ვის აქვს, მამა ვინც არს?

ჩემს ნაკერსა ვსცნობ ფრიად შორს!

მზევ, შინ შემოდიო!

ნუ გწყინს, ვარდო, ყვავილთ მეფევ,

რომ ზოგჯერ იასაც ვსუნავ,

მზევ, შინ შემოდიო!

რა ვქნა, გულს ვერ ვეტყვი უარს.

ვარდიც მიყვარს, იაც მიყვარს!

მზევ, შინ შემოდიო!

მარამ რაყიფთ ვმზერ შენთან როს

მწვენ, გულს მისმენ ცეცხლის უთოს,

მზევ, შინ შემოდიო!

შენ სანთელი, მე ფარვანა!

დაე დაიწოს ბეჟანა!

მზევ, შინ შემოდიო!

სიყვარულმა მათქმევინა,

თვარა მე ვინ, — ლექსი ვინა?

მზევ, შინ შემოდიო!


1834 წ.

ჩემო იარალი, ნეტავი ოდეს

ლხინით აღვსილნი ვჰსხდეთ ველსა მწვანეს,

ჩვენებურადა,

ძველებურადა,

ვსვამდეთ,

ვიძახდეთ:

იარი-არალი!

ჯეირნის მწვადი შიშინით

ცეცხლზედა დასტრიალებდეს,

ყნოსვა დამტკბარი მის სუნით,

მადასა განგვიღვიძებდეს.

კახურის ღვინით აღვსილი

აზარფეშაცა ხელს გვეპყრას,

მოთალი, თევზი, მწვანილი

აგვიჭრელებდნენ წინ სუფრას.

ცა მშვენიერი,

ცა მშობლიური

მარად ბრწყინვალე ზე დაგვნათიდეს,

გაცხელებულთა

ღვინისგან შუბლთა

კოჯრის ნიავი განგვიგრილებდეს...

შენ მომითხრობდე,

მე ყრმა გისმენდე,

გამოუცდელი მოხუცებულსა,

თუ ვით ივერნი,

ლომგულნი გმირნი,

ჰბრძოდნენ, ჰსცხოვრებდნენ დროსა წარსულსა.

გისმენდე, თუ ვით მდევარის ხმაზე

ჭაბუკნი მხნობით აღტაცებულნი,

მტერთ საძიებლად, დაცემად მათზე

შეგროვდებოდნენ წამს შეჭურვილნი.

ვაჲ მას მტერსა, ვის ანუ კლდენი,

ანუ ტყეთ სიღრმე ვერ დაჰფარვიდნენ,

ვითა შურდულებრ, ტრედთ შავარდენნი

მიესეოდნენ და შემუსვრიდნენ.

დავნატრი მათ, ვინც თვისი სიცოცხლე თვისსა მამულსა

შეჰსწირა მსხვერპლად,

დავნატრი დროთა, როს აქვნდათ ტრფობა მამულისადმი

გულს აღბეჭდილად,

როს ერთგულება, სარწმუნოება,

ივერთ თვისებას შეადგინებდნენ,

ოდესცა ბრძოლა და მამაცობა

მათსა სახელსა განადიდებდნენ...

გისმენდე, თუ ვით დღესასწაულსა,

შექცევით, ლხინით მოწოდებულნი,

ჭაბუკ მხედარნი ყაბახსა∗ ვრცელსა

ტურფად დარახტულ და დაკაზმულნი,

ვით ალვა რგულნი, ცხენზედ უძრავად,

ესრედ მოჰქრიან, ვითა ნიავი;

ჰკრეს ნაღარასა - განიყვნენ ორად,

აჰა, საამო სჩანს სანახავი.

ცხენთა გრიალი,

შუბთა ტრიალი,

ჯირითთ სრიალი,

ყურთ მაჯთ ბრიალი,

ცხენით ქვე ხტომა,

კვალად შეხტომა,

უზანგთა ცემა

და ხმალთ კრიალი!..

ზოგი არწივსა

ზეცას მფრინავსა

ისრითა მკვეთრით განუპობს გულსა.

ჯირითი ზოგის

ზუზუნით მოჰქრის

და მოხვდა ქვაზე *∗თასს ნიშნად დგმულსა.

ამ ვაჟკაცობრივს შექცევას იგი**∗ სიამით მარად უმზერდა შორით,

ვისცა ეწერა დიდება სახეს, ვინცა არღა არს, ვისთვისაც ვჰსტირით.

წარსულთა დროთა, დიდების დროთა, ყოვლი კეთილი თანა წარიღეს,

აწ უცხოს ცის ქვეშ, ზოგსა ვჰჭვრეტთ ოხრვით, და ცრემლით

ზოგის წმიდა სამარეს!..

ვინ აღჩნდეს გმირი,

რომ მის ძლიერი

ბედს დაძინებულს ხმა აღადგენდეს?

რომელ მარჯვენით,

ერთისა დაკვრით

უსულოდ ვეშაპს მიწად დაჰსცემდეს?

მაგრამ ამაო, ჩემო იარალი,

არს ჩემი ნატვრა და ჩემი როტვა!

სად აზარფეშა, სად არს მწვანილი?

ღვინის წილ - კვასი, მზისა წილ - ყინვა!

გარდმოხვეწილმან ჩრდილოს წყვდიადსა

სადღა იხილოს ცა მშობლიური?

შენ ხარ პეტერბურღს, მე ნოვღოროდსა,

გარეთ მკლავს ყინვა და შინ “უგარი”.

გულს ეწუხების, რა აგონდების დღენი წარსულნი ნეტარებისა,

მაგრამ მოთქმითა ნუგეშ-ეცემის და ჭმუნვა მითცა შემცირდებისა.


1832 წ.

∗სადაც ეხლა არის სასეირნო ბაღი ალექსანდროვსკისა, იყო დიდი საჯირითო მეიდანი, სახელად ყაბახი.

∗∗ ყაბახის თავს და ბოლოს იდგნენ ორნი ქვანი, რომელთა ზედაც დაჰსმიდნენ თასსა და ესროდნენ ჯირითს და ვინც მოარტყამდა, თასი იმისი იყო ჯილდოდ გამარჯვებისა. უკანასკნელ ჯირითში კონა ერისთავმა გაიმარჯვა.

∗∗∗ მეფე ირაკლი.