ვით სნეულსა თანაუგრძნობს

მისივე მსგავსი სნეული,

ისე მკვნესარ შიქასტის ხმას

ძგერით უგრძნობს ჩემი გული.


ახ, მეზურნევ, დაჰკა! დაჰკა!

გამაგონე ეგ სევდის ხმა!

მაგაშია ჩემთა ძველთა

მამაცური ოხვრა, მოთქმა.


გამიხურე ჰანგით გული,

ეგებ დასდნეს მწუხარება

და ჩემთ თვალთა გადმოსთხიონ

ნაღვლიანი მდუღარება!


ვიცი, ცრემლი მამაკაცსა

შეარცხვენს და არ შეშვენის,

მაგრამ მიჯობს, ჩუმად ტანჯვას

ცრემლი ვღვარო, არა მრცხვენის.


ნურვინ სცდილობს, იმ ცრემლებში

ნახოს კერძო სიყვარული!

იქ იქნება საიდუმლო,

გულგამხეთქი, დაფარული!


ყოველს წვეთში ტანჯვას ნახავს,

საქართველოს გამომხატველს

და მწარესა ნაკადულში

გრძელ მოთხრობას, გულის დამწველს.


ახ, მეზურნევ, დაჰკა, დაჰკა!

ეგებ დადნეს მწუხარება

და ჩემთ თვალთა გადმოსწურონ

ნაღვლიანი მდუღარება!


1862 წ

ერთმა უგნურმა თაგუნამ
იუკადრისა თაგვობა,
დასწყევლა თვისი გაჩენა,
ბუნების იწყო მან გმობა:

იმ უსამართლო ბუნებამ
თაგვად რად გამაჩინაო?
მე სხვაგან ყოფნა მინდოდა,
მან ჭერქვეშ მომცა ბინაო!

,,ვის ეკადრება თაგვებთან
კუდის ბზეკა და ლხენაო?
მე შემშვენოდა ჩიტობა,
რომ მეწყო აღმა ფრენაო.

,,რომ ვინმე ჩიტად მაქცევდეს,
გამომაბამდეს ფრთებსაო,
გავფრინდებოდი, ერთ წამსა
გადავივლიდი მთებსაო!\"

რომ დაასრულა ეს ნატვრა,
ნახა, რომ ფრთები ესხმება
და მეტის სიხარულითა
საბრალოს თავბრუ ესმება...

ზიზღით შეხედა თვის ტოლებს,
დაუყონებლივ ავარდა,
ჩიტებში გამოერია,
იმანაც გაინავარდა...

ჩიტებმა ახედ-დახედეს,
სთქვეს: ,,ვინ მოსულა ესაო?
რა სჯულის ცხოველი არის?
ჩვენთან ვინ გააწესაო?

,,თვალტანადობა თაგვს უგავს,
ფრთები ასხია ჩვენიო!
როგორღაც კეთილ სულს არ ჰგავს...
ჭირი არის და სენიო!

,,ეგება მტრებმა მოგზავნეს,
შემოჩენილი იყოსო!
არიქა, ფრთხილად იყავით,
არავინ გაგვაბრიყვოსო!..\"

დასჟღივლეს, ჩაუნისკარტეს,
გაჰკრეს, გამოჰკრეს ბრჭყალები,
სისხლი ადინეს ღამურას,
გამოუბნელეს თვალები!

დაღმა დაეშვა ღამურა,
მიმართა ისევ ძველ სადგურს...
მაგრამ იქ უფრო შავი დღე
დაუდგა მაშინ უბედურს:

თაგვებმა აითვალწუნეს,
აღარ მიიღეს, რომ ნახეს,
მივარდნენ ერთად საკბენად,
,,ჰკა მაგასაო!\" დასძახეს...

მაშინ კი მიხვდა ღამურა,
რომ ანგარიში წაუხდა
და თვისი ნატვრა უგნური
საჭირბოროტოდ აუხდა!

გვიანღა იყო! გაფრინდა
გაკიცხულ, თავლაფდასხმული,
ერთ ძველ ნანგრევში შეფრინდა
და მოიბრუნა იქ გული.

მას შემდეგ ნანგრევში ბუდობს,
დღე-დღე ვერ ჩნდება სირცხვილით,
და მუდამ ამას წრიპინებს
კვნესით და გულისტკივილით:

,,კრულ იყოს მისი სახელი,
ვინც მთა გასცვალოს ბარზედა!
თვის ტომის დამწუნებელსა
ჭირი მიუვა კარზედა!

,,ნურავინ ისხამს სხვის ქურქსა
და ნუ სცვლის თვისსა ენასა,
თორემ ბოლო დროს მოიმკის
ჩემსავით ცრემლთა დენასა!

,,გადაგვარების მოსურნე
ბუნებისაგან კრულია!
მისი პირადი ღირსება
ყოველგან დაჩაგრულია!

,,ძველ ტომში გამოსხლეტილსა
არ მოუშლიან კბენასა
და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:
დაუწუნებენ ფრენასა!

,,კრულია მისი ხსენება,
ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,
თვის ტომს ჰღალატობს და მითი
თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!..\"

1880

მშვენიერო ქუთაისო,

სავარდო და სამაისო!

ვინ ყოფილა შენი მავნე,

გულს ეკალი რომ დაგისო?


შენი ციხე-გალავანი,

ბევრჯერ სისხლით განაბანი,

მიწასთან ვინ გაგისწორა,

ერთხელ მტკიცე, ახოვანი?


თავს დაგყურებ აოხრებულს,

ქვით და ეკლით რომ ივსებ გულს!

ვეღარ ვხედავ ოქროს ჩარდახს,

ერთ დროს განთქმულს და დიდებულს!


ეგ ფაზისი თავმომწონი,

სახელცვლილი დღეს რიონი,

გულამღვრევით რას ბუტბუტებს,

გადასული დროს მომგონი?


აგონდება ოქროს კრავი,

ვით ქონება რამ უძრავი?

და მრისხანე ზვირთებზედაც

არგო, ფრთხილად მომცურავი?


შიგ იაზონ ელინებით,

ვერ შემრთველი სურვილ-ნებით,

მედეიას მომპარავი

მედიასვე მანქანებით?


სადღა არის ოქროს სილა?

შლამ-ტალახით ამოვსილა!..

მწუხრის ზეწარს დაუფარავს

მაგის მზე და მაგის დილა!..


გარბის შენგან მგლოვიარე!

ცრემლით ირწყვის არემარე

და შავ ზღვასვე შეჰღრიალებს:

“ჩემი ტანჯვა მიიბარე!”


მაგრამ, ჩემო ქუთაისო,

ძალით სხვასთან შენათვისო!

მოთმინება!.. მოთმინება!..

სევდით გული არ აივსო!..


1893 წ.