***

მისი სახელი კიცხვითა მარადის იხსენებოდეს,

ვინცა საღმრთოსა სიყვარულს მამულისადმი არ ჰგრძნობდეს,

და ვინცა მისსა ტყვეობას გულსიგრილითა ჰხედავდეს

და მის დახსნისთვის უზრუნველ თვისს სიცოცხლეს კი ჰზოგავდეს.

მტერსა ხანჯალზედ აღგებულს ვინცა სიამით არ ჰსჭვრეტდეს

და სმენა მისთა კვნესათა გრძნობათა არა უტკბობდეს!

რა სასურველ არს სიცოცხლე, ვაით ამ სოფელს მოსული,

და სამარემდის კვნესითვე უღელსქვეშ დამწარებული!

ჰსჯობს იგი მოკვდეს და ანუ არ იქნას დაარსებული!

მხვედრი ესრეთი ვაგლახი არს ვისთვისც განმზადებული!

ვისაც ნუგეში ცხოვრების იმედიც არა ჰშთომოდეს,

რომელ ოდესმე ცისკარი თავისუფლების აღმოჩნდეს! —

ვაი მას მხარეს, სად მხოლოდ ძალა რა მსაჯულოვნობდეს...

სად ჰსჯულზედ მჯდომი ხანჯალი კანონთა აღასრულებდეს!


1832 წ.

სულით ერთნო, მოლხინენო, აწ შეკრბით

თასით, ჯამით, ყანწით, აზარფეშებით!

ლხინის სუფრა მოჰფინეთ ყვავილებით;

ალავერდა∗ დასვით თარით ნაქებით,

ყოჯა ბულბულ ტკბილის ხმით აღუღუნეთ,

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

ლხინის პაპა,∗∗ სახით არაბისტნელი,

ღვინისა და ეშხისათვის შექმნილი,

ტოლუმბაშად დასვით ქუდ ჩაკეცილი!

მის შკოლაში ვინ არა ვართ ნასწავლი?

ორმოცი წლის რომ შეიქნეს, - გააგდეთ,

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

სიჭაბუკე, ვით მაისი მშვენივრად

აღყვავდების და მისებრ ჰქრების ჩქარად:

ვაი ვისთვის ეს დრო განვლის უგრძნობლად,

და ცის ალით - ეშხით არ ჰყოფს გულ-დამწვრად!

სიჭაბუკე არს ლხინის დრო, მერწმუნეთ:

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

ვითა ბაღი უყვავილოდ, უვარდოდ,

არა მიყვარს ლხინი უეშხ უსატრფოდ!

მოდი, მნათო, სავსე თასი სალხინოდ

ჩაგვირიგე, თუ გინდ ისე, უპროშტოდ.

შენი თასი არს სადგური სიამეთ!

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

სატრფოს ხალი არს ტახტი სიყვარულის,

ეს ფიალა იყოს სადღეგძო ხალის,

ვისც არ უყვარს, რა ნახოს კეთილ სოფელს?

შავნი ფიქრნი განსტვენენ, - მტანჯნი გულის...

გულში ეშხით, ხელში ჯამით ილხინეთ,

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

ვისთა დღეთა მწუხრამდის ნათლად განვლეს?

ვისი მზე არ ღრუბელსა მიჰფარვიეს?

ვისი ბედის კოჭი სულ ალჩუ დაჯდეს?

არ მიენდოთ დამღუპავს, წყეულს ხვალეს!

დღეს მოხარულთ, დღესვე ისიამოვნეთ,

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

მიმოხედეთ, რავდენთ ვეღარ იპოვნით

ერთად მსხდომთა, მოხარულთ თქვენთან ყოფნით.

სად არიან? ზოგნი შორს ვლენან ოხრვით;

ზოგნი უდროდ განვიდნენ სოფლის ლხინით!

ამ თქმაში რად, ცრემლნო, თასში შთაცვინდით,

და ჭირთ მდევნი, ღვინო ტკბილი დამწარნეთ?..

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!


1835 წ.

∗ იყო გამოჩენილი მომღერალი მეფეებისვე დროს.

∗∗ მირზაჯანა მადათოვი.

რა გინდა ჩემგან, არ დამეხსნები?

ვიწვი, მედება ეშხის ალები!

მინდა დაგწყევლო, — ენა არ მომდევს,

ვფიქრობ გეჩხუბო — გული არ მომდევს,

ვამბობ გაგექცე, — ფეხი არ მომდევს!

ვაი, ამ ცეცხლში როგორ გავები!

რა გინდა ჩემგან, არ დამეხსნები?