აჰა ადგილი, აჰა ის არე,

სად ხელმწიფობდი მშვენიერებით;

ჭალაკი იგი, იგივ მდინარე

და გაზაფხული მის ფეროვნებით!

საცა შენ იყავ, მუნცა ყვავილნი

უმეტეს სუნნელთ აღმოფშვინვიდენ;

მზე ბრწყინვალებდა; აშიკ-ბულბულნი

შენდამო ქებას ტკბილად გალობდნენ!

გახარებული შენის მშვენებით

ნიავიც ფრთეთა ამოდ განშლიდა;

ხან შენსა კავებს ნაზად შეხებით,

ხან შენსა ლეჩაქს ეთამაშიდა!

საცა შენ იყავ, მუნცა მე ვრბოდი,

გულ-მხიარული, სულ აღტაცებით;

ვითა წყალობას ცისას, ველოდი

შენს ერთს მოხედვას ლმობიერებით!

სულ განაბული, ვით ანგელოზსა,

გიმზერდი კრძალვით, გულ-ძგერით, სურვით;

გისმენდი ტკბილად ხმა სირინოზსა,

ტრფიალი შენდა სულის შეწირვით!

აწ მასვე ადგილს ვჰზი მარტო ჭმუნვით,

და დრო წარსული თვალ-წინ მეხატვის,

როს გულს მინათდი მშვენების სხივით,

მსურდა ცხოვრება შენთან და შენთვის!

დრონი წავიდნენ... თანა წარიღეს

გულისა გრძნობა, ძალი ტრფობისა:

მარამა მე კი მარად მახსოვდეს

იგივე დრონი ნეტარებისა!

აწ არც კი მიცნობ, - გულით იცვალე...

ამ მოგონებამ არ შეგაწუხოს;

შენ განსვენებით ოღონდ იცოცხლე

და მე, თუ-გინა, საფლავმა მფაროს.


1851 წ.

სავათნავა მქვიან, არუთინა ვარ,

ანაბანა ვიცი, სიტყვით წინა ვარ!

სავათნავა

ჭიანურო! მაღლად, ტკბილად დაუკარ!

ვინცა გაქოს, თავი მდაბლად დაუკარ,

შენსა მტერსა კბილის კრიჭა აუკარ!

ხინიკო, ხინკიკო!

ავი კაცის წვერი წყევით აივსოს,

ჩემი თასი წითელ ღვინით აივსოს,

ჩემი გული კვალად ლხინით აივსოს,

ხინიკო, ხინკიკო!

ერთხელ მეც მეჭირა სიამის ვარდი,

შავმან ბედმან უცებ დამკრა, დავარდი,

სოფლის გარეს, ვაის მხარეს გავარდი!

ხინიკო, ხინკიკო!

უზრუნველად დავმღერდი ერთხელ მეცა...

გესლით სავსე აწ გულს ისარი მეცა...

ნუგეშად პყრობილსა მექმნას მე ცა!

ხინიკო, ხინკიკო!

ჭიანურო! აქვე გული მისმინა,

ვის ვეტრფოდი სულით, და მანც მისმინა...

სიამით აწ ვეღარ ვნახო მის მინა!

ხინიკო, ხინკიკო!

მაგონდების რა მის ღაწვზედა ხალი,

სიყვარულის გულს მეგზნება ახ, ალი!

მოვშორდი, ვჰსცან ოხრვა, კვნესა ახალი,

ხინიკო, ხინკიკო!

სიყვარული არს თავის დავიწყება!

ვაის უფსკრულს ვგდივარ, - მაგრამ გონება

მაინც მასვე შორით ეტრფიალება.

ხინიკო, ხინკიკო!

ბედმან ადრე მწარე ფიალით მასვა;

არ იკმარა, გულს ლახვარი დამასვა!

არ მაკმარა, - განმაშორაცა მას, ვა!

ხინიკო, ხინკიკო!

ბედო! ჩემის ლხინის ძაფი რად ჰსწყვიტე?

ჭიანურო! შენც სიმი რაღად ჰსწყვიტე!

მაშ შენც, ჩემო თავო უბედო, ხმა ჰსწყვიტე!

ხინიკო, ხინკიკო!

მოეც, მუშაკო,∗ ბულბულად ქებულო,

ჩემს ჭიანურს ადგილი წალკოტს∗∗ ბოლო.

ეგებ ვინმემ ჰსთქვას: ვაჲ გრიგოლ საბრალო!

ხინიკო, ხინკიკო!

1833 წ.

∗ გიორგი თუმანიშვილი, რომელიცა თავის ლექსში იწოდება მუშაკად.

∗∗ ”წალკოტი მრავალყვავილოვანი”, ლექსების წიგნი, რომელიცა აქვნდა მას.

ჰე, განუსჯელნო,

უმადლო შვილნო,

საუბედუროდ ცუდ დროს შობილნო,

სადღაც მიმალვით,

რას ჰროტავთ, ჰკნავით,

გაბოროტებით რათა ჰსწყევთ მამათ?

უკადრისობით

და უმეცრებით

ვერ დააბნელებთ მათ სახსენებელს,

მხოლოდ თქვენ სიტყვებთ

თქვენვე ინანებთ,

თქვენსვე გულს უკბენს უსამართლობა!

დრო მამებისა,

მამაცობისა,

წარვიდა მათთა სახელთა ქებით,∗

მამანი თქვენნი,

თავის დროს ძენი,

თავის დროს იყვნენ სახელოვანნი!

ოსმალ-სპარსები,

დაღისტნის მთები,

ქებით გეტყვიან დიდთა მათ საქმეთ!

მათ დაიფარეს,

სისხლით დაიცვეს

სისხლ-შემოსილი მამული თვისი,

და სასო ღვთისა,

მცველი ერისა,

ენა საყდარი, სარწმუნოება!..

დრო შეიცვალა,

გამეფდა სწავლა,

გაგეღოთ შვილებს სახლი სიბრძნისა!

სწავლის მამები,

პროფესორები,

თქვენთვის მოცლილნი, თქვენთვის მქადაგნი,

თქვენ გასწავებდენ

და მზად გაძლევდენ

რაც შეეძინათ საუკუნოებს!..

ჩვენც ვჰნუგეშობდით,

გულით ვჰხარობდით,

შვილი მამასა ემჯობინება!

და მოგელოდით

დიდის იმედით

სიხარულისა ღელვით აღვსილნი!

ვითმინოთ, მოვლენ,

და გაგვინათენ

ჰსწავლისა ლამპრით დავრდომილს მხარეს!

ჩვენც მივეგებოთ

მხიარულებით,

ღირსთა შვილებთა კურთხევის სიტყვით!..

*

მოვიდენ... და რა?

სულ ჩაგვამწარა...

ვაი ჩვენს იმედს... ვაი თქვენს მოსვლას!..

პირველად იწყეს,

შკოლა გამართეს...

ვსთქვით ახლა მხარე გაგვინათლდება!..

ყმანი საწყალნი,

უბიწო გულნი,

ჰსწავლად მისულნი, წაჰხდნენ ზნეობით!..

უსასოება,

ურწმუნოება,

უმანკოთ გულში ღრმად ჩაუნერგეს;

“— ლოცვა რათ გვინდა?

ღმერთი რათ გვინდა?∗

ჩვენი გონება არს ჩვენი ღმერთი!”

და დაიწყევლა

თქვენი აქ მოსვლა,

და თქვენი სიბრძნის ნაყოფი შხამი!

ღმერთი არ არის?..

შენთვის ნუ არის!

შენ რა გაწუხებს, რომ ჰსუფევს სხვისთვის?

*

სხვათა ხელი ჰყვეს

კეთილსა საქმეს:

სტამბით მოჰფინონ სწავლა მამულსა!..

აღჩნდნენ მწერლები,

ჟურნალისტები,

ვაი საბრალოს... ვაი ჩვენს ენას!..∗

მათ უსწავლელთა,

ცრუ რუსთაველთა,

სრულ წაგვიბილწეს ენა მდიდარი,

ენა მაღალი,

მის ძალი, მადლი,

უწყალოდ წახდა უწმინდურთ ხელში!..

ერის ცხოვრება,

მისი დიდება,

მის ისტორია დაცულ არს ენით;

რა ენა წახდეს,

ერიც დაეცეს...

წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!..

*

ახლა რას ელით?

მამათ რად ჰსწყევლით?

ვიგემეთ თქვენის ღვაწლის ნაყოფი!

ძველთ უძველესი

არს ესე წესი,

რაც ვერ ჰქმნეს მამათ, ისი ჰქმნან შვილთა!

შვილნო, გამოჩნდით,

ჰსწავლითა, საქმით!

მამის გალანძღვა შვილს ვერ ადიდებს!

ცუდ მეტყველებით

ვერ ამაღლდებით,

დიდებას ეძებთ? კეთილი ჰქმენით!

თქვენი დიდება

ჩვენც გვეამება:

მის სხივის შუქიც ჩვენც მოგვინათებს!..

აჰა დიდების

და სახელ-ქების

ასპარეზია თქვენთვის დაცლილი!..

რაღასა ელით?

რატომ გვირგვინით

არ შეიმოსვის ვინცა გყავთ ღირსი?..

რომ ბრძოლის ცეცხლი

ასტყდეს ფიცხელი,

ხმლისა ტრიალით, ძლევის ყიჟინით,

იმ თქვენმა გმირმა,

სულით ძლიერმა,

ხელს ბაირაღით ძირს დასცეს ყარსი!

რომ მისმა ხმამა,

ქუხილის მსგავსმა,

შეჰსძრას ქვეყანა მის აღსადგენად?..

ვაი საბრალოს,

ჩვენს საქართველოს,

თქვენ დაებადეთ მის სადიდებლად!..

*

ან სად არიან?

აღარ ისმიან

თავისუფლების მაღალ ფრაზები:

“მოყვასს — შეწევნა,

ბოროტსა — დევნა,

საზოგადობის სულით აღდგენა!..

ერთობა, ძმობა,

ზნეთ ამაღლება,

მამულისათვის თავის განწირვა!..”

სიტყვა — სიტყვაა,

საქმე კი — სხვაა...

ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას!..

.....................

*

გონების ბრწყინვას,

ჰაზრების ელვას,

წმინდისა გულით კეთილის თესვას,

ნეტავი მიხვდეთ,

ნეტავი მისწვდეთ,

მაღალსა ცაში შავარდნის ფრენას!..

და გულით ოჰხრავს

ის, ვინცა ჰხედავს

თქვენსა სიცოცხლეს ფუჭად მიმავალს...

თქვენსა უქმობას,

არარაობას,

და უმეცრების ამაყობასა!..

.....................

*

ჰე, სასურველო

გმირთა მამულო,

ნუთუ შენ მართლად ესრედ დამცირდი,

რომ შენსა ბედსა,

შენსა იმედსა,

დაეხელმწიფნენ ცრუ პოეტები?

ცრუ ლიბერალნი,

პატრიოტები,

მ[ე]ს[ხ]ი, მეველე, მელიქ აღები.

1874 წ.

∗ ღენერალი ივანე აფხაზი. ალექ. ჭავჭ., ვასილი ბებუთოვი, მოსე არღუთ., ივანე. ანდრონ., ზაქ., ილია და სოსიკო ორბელ., იასონ და ნიკო ჭავჭ., ნიკო ერისთავი, ნიკო ამილახვარი, დავით ვახვახოვი, ზაქ. ანდრონ., ივანე ბაგრატიონი, იოსებ თარხ., ქობულოვი, სვიმ., შალიკოვი, ბაქრაძე! და ას სამოცნი, სხვანი დახოცილნი და დაჭრილნი უკანასკნელს ბრძოლაში ესენი უნდა იყვნენ თქვენგან გასალანძღავნი?

∗ ნათქვამი იმავე შკოლის მოწაფისაგან ლ. მე...საგან.

∗ წაიკითხეთ ”დროება” და იხილავთ ქართულის ენის დაპრანჭვას.