(ხალხური)


დედის ტკბილი რძის ჭირიმე!

ძუძუებს ვენაცვალები!!

ვინც მათი გემო არ იცის,

ახვეული აქვს თვალები.


ხელში ჩამიგდო ობოლი

კუდურმა დედინაცვალმა.

დამწყევლა ენაბოროტმა,

გამღალა მისმა მე თვალმა…


აღარც ვიზრდები, არც ვკვდები,

შევკვნესი სხვისა კერასა,

დედის სახელსაც ვერ ვამხელ,

ვაი ჩემს ბედისწერასა!..


დედას ვეძახი - “მამასა”,

ვეძახი მამას - “პაპასა”;

არც ერთი პასუხს არ მაძლევს

და იმან გამაკაპასა.


ოჰ, რა ძნელია ობლობა

და უძნელესი - გერობა!

დედინაცვალის დედობა,

მისი მოყვრული მტერობა!!.


დედის რძე თაფლი ყოფილა

და დედინაცვლის - ნაღველა:

დავლიე - ყელზე დამადგა,

ძირმწარედ წამომახველა!..


ისევ დედის რძის ჭირიმე,

ძუძუებს ვენაცვალები!

ოცნებით მაინც შევეტკბო,

სიცხადით განაწყალები!


1895 წ.

ასრულდა თითქმის, რასაც ვნატრობდით

ჩვენ ამ ნახევარ საუკუნეში

და, როგორც სვიმონ მოხუცებულსა,

მეც მომეფინა, მოხუცს, ნუგეში.


გამოიღვიძა ხალხმა მძინარმა,

რომ მოიპოვოს თავისუფლება

სიტყვის, მწერლობის, კრება-ერთობის

და აასრულოს საერთო ნება!..


გუშინ არ იყო, რომ აკრძალული

ძალმომრეობით გვქონდა ეს ყველა?

ბიუროკრატი, როგორც რომ ჩრჩილი,

კაცურ ღირსებას ღრღნიდა ნელ-ნელა!


მადლობა უფალს! მოვიდა წარღვნა,

რომ წაილეკოს უსამართლობა

და დაემკვიდროს ამიერიდან

“შვება”, “თანხმობა”, “ძმობა”, “ერთობა”!


შრომა ხალხისა, შეერთებული

ძალთა-ძალია სტიქიონური,

ვერ შეაჩერებს მას ვერაფერი,

გინდა ბრძანებაც იყოს მეფური!…


ახლა კი სწორედ შემიძლია ვთქვა:

თუმცა გავლიე ცხოვრების გზანი,

მაგრამ ნუგეშად მიმყვება მე თან

დიდი იმედი, კარგი ნიშანი!…


ეს არის მხოლოდ პირველი ბიჯი

და თან მოჰყვება მას სიარული!

შვილების პირველ ფეხის ადგმაზე

მისი მშობელი არს მხიარული.


ესეც პირველი ნაბიჯი არის,

ჩვენის ხალხისგან დღეს გადადგმული.

ჯერ იბარბაცოს!… რომ გამაგრდება,

მაშინ წინ წავა გამხნევებული.


ადრეც მეჯერა და ახლაცა მწამს:

სიტყვა თესლია, საქმე - ნაყოფი!

თუ არ ხანგრძლივის მოვლა-წამლობით,

არ იკურნება ხომ ავადმყოფი?!


ბედმა გვარგუნა ჩვენ ხვნა და თესვა,

რაც კი მოითხოვს ხანდახან გასვრას!

თქვენ მომკლები ხართ! ხელს თუ გაიჭრით,

ნუ ერიდებით ცოტა სისხლის ღვრას!


თუმცა მოვხუცდი, არ შემიძლია

დავატრიალო თქვენებრ ნამგალი,

მაგრამ მაინც კი გადაბმული ვარ

და თქვენ შეგყურებთ სიამით თვალი!


აბა, “ჰოპუნა” დააგუგუნეთ

პურის სამკალად, ეკლის საჭრელად,

და მეც შორიდან ბანს გეტყვით ყველას

სიამოვნებით, უკანასკნელად!


1905 წ.

ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე,

სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე.


არ მშორდება მწუხარება და ჭირი,

მაგრამ მაინც სულ ვიცინი, არ ვტირი.


რას მიქვიან პირადი მწუხარება?

- მოკვდეს კაცი, თუ პირუტყვს ედარება!


ვიღას ახსოვს თავისი სატკივარი,

თუ სატრფოც ჰყავს იმ დროს მას ცოცხალ-მკვდარი?


მაგრამ იცით, ჩემი სატრფო ვინ არი?

- ძველი ტურფა, დღეს მკვდარივით მძინარი!


ფეხშიშველა, თავზე ლეჩაქმოხდილი,

უგრძნობლად ჰხდის საწყალს საღათას ძილი!


თავს ვადგივარ მისი ჭირისუფალი;

თუმცა გულს მწვავს მწუხარების მე ალი,


მაგრამ მაინც ვიცინი სხვანაირად,

და მჭვრეტელთაც ესა აქვთ გასაკვირად:


“ჭირისუფალს მხოლოდ ცრემლი შვენისო!

ეს იცინის!.. როგორ არა რცხვენისო?!”


რა იციან, რომ ეს გული მკვდარია!...

რომ სიცილი ბევრჯელ ცრემლზე მწარია!...


1872