უწყალო სენმან, ყოვლთ მაწყენმან გვიკოდა გულნი,

გვყო ჭირთა მთმენად, მგლოვარენად ყოვლნი სულდგმულნი,

სუსტ-გვქმნა ვათაგან მთიებთაგან დაშორებულნი;

გარნა უფრ ამად, და ყოვლ ჟამად ვართ გულმოწყლულნი,

რომ ბანოვანნი, მუნ მავანნი, ჰყო დაბზარულნი.

ეჰა, მნათობთა, ტფილისს მყოფთა გულნი ლმებიან,

სავანთ მტევებნი, მათთვის მვებნი სოფელს ჰხლებიან!

ვარდნი უშლელნი, მიჯნურთ მწყლველნი უდროდ ზრებიან,

მათზედ ბულბულნი ხელებულნი აღარ ჰკრბებიან...

ამისთვის გულთა, დადაგულთა გვეხდების სულნი,

რომ ბანოვანნი, მუნ მავანნი, ჰყო დაბზარულნი.

ჩვეულნი ლხინსა მიგვცა ჭირსა უბედობამან,

მოგვაკლო შვება, გვმატა ვება შავ-სვეობამან.

გვიტევა ყოვლმა განსაცხრომმა, თანაზრობამან,

მოგვიცვა ალმან, შეუწყალმან, გვალმო გრძნობამან,

გვეკვეთა სასო დაუფასო, ვშთომილვართ კრულნი,

რომ ბანოვანნი, მუნ მავანნი, ჰყო დაბზარულნი.

როს მწირთა თვალთა, დამაშვრალთა ეცემის ძილი,

წარმოუდგების კეთილ-დღების შვება განვლილი,

გონება ჰხარის, მათთან არის გული დაღლილი,

არ უწყის, რომე თვისთან მჯდომე არს ოდენ ჩრდილი,

გარნა განღვიძვით, ოხვრათ აღძვრით ეახლვინ წყლულნი,

რომ ბანოვანნი, მუნ მავანნი, ჰყო დაბზარულნი.

ნეტა ხილვა როს უკვმეღირსოს ელისეს ველთა!

მუნ ვიხარებდე, ვიქარვებდე განვლილთ ჭირთ მწველთა,

მდელოთა სუნსა, მოსასურნსა ვჰყნოსვიდე მრთელთა,

ვჰხედვიდე ყოვლთა განხარებულთ კეთილ-მდღეველთა!..

მე აწ მტირალმან მუნა ვჰპოვო ნუგეში სრულნი,

რომ ბანოვანნი, მუნ მავანნი, ჰყო დაბზარულნი.

შენის გონების სხივნი ესრედ ბრწყინვენ ძლიერად,

შვენებაც გინა არა გქონდეს, მით იმნათობებ;

შვენება შენი ესრედ მძლევლობს ამ ქვეყნიერად,

რომელ გონების უმწეოდაც ნამდვილ იმფლობებ!

მარამ რას ხელ-ჰყრი, მარქვი, მაგა ნიჭთა კეთილთა,

თუ გული შენი სიყვარულსა არ მიიკარებს?

მგრძნობელობა ჰსჯობს ყოვლთ თვისებათ, ცით მოვლენილთა,

შვენებასაც და გონებასაც ის ასულდგმარებს!

სახე შენი მემახევა, მებადა,

სრულ განმძარცვა რაცღა ცნობა მებადა.

პატიმრობას მიმცა დაუსრულებელს,

მღერად ოხრვა, ლხინად გლოვა მებადა.

მე მოგმართე შენ მკურნალად დანაგულს,

შენ წამლის წილ მყის მომაპყარ დანა გულს.

ზილფნი რყევით, უარის-თქმის მსახენი,

მიჩვენებდენ ბალახშის კარს დანაგულს.

გული ჩემი მუჯამარი ახალი,

სურვილს აკმევს სიყვარულის, ახ, ალი!

არ ვიკვირვო, მაშა რა ვჰყო ბედ-კრულმან,

იგი გტრფობდა, შენ მახვილი ახალი!

რა მეხშირა შენთა ისართ მალება,

მეტმან ცრემლმან ლაჟვარდის ფერ მალება;

გლახ პყრობილი ამას ვაებს, ვალალებს,

ვერ განერა, ესრედ ვითაც მალ ება.