სიყვარულსა შეუპყრივარ აწ შენსა,

გეტრფის გული

სურვილ რგული.

ამის ნაცვლად რად მცემ მე სენსა?

პირო მზეო, განმინათლე ბნელ გული:

თმა გიშერო,

ღამის ფერო,

სიგრილესა მიმეც დაგული.

მშვილდო ხრილო, ნუ მეზიდვი საკვდავად;

განშლით მყარე

სევდა მყარე,

ახლად მექმენ სულის ჩამდგავად!

მელნის ტბათა გარ-მდგომელნო მცველადა,

შავნო ჰინდნო,

მახვილთ მზიდნო,

ნუ მექმნებით მე გლახ მკვლელადა!

ღაწვნო ვარდნო, რად განმაძებთ ბულბულსა,

ეშყის მსტვენსა,

ტრფობის მჩვენსა,

ოდენ თქვენის ხედვით სულ-დგმულსა?!

ბაგე ლალო, მარგალიტებთა მცველო,

მომემტკბარე,

განმახარე

საამოთა სიტყვათა მთქმელო.

ბროლის ველო, ორთა მათ საბუდარო,

მნათო ყელო,

სავედრველო,

მცირ არს, რაზომცა გემუდარო!

საროვ ნაზო, რტოთა მათ შენთა რხევა

მტაცებს გულსა

ხელებულსა:

ამად მაქვს მე გრძნობათა რყევა!

შვენებანო, აღსავსენო სიამით,

მიმიახლეთ,

განმანათლეთ, -

შემისმინეთ მკვდარსა აჯა მით!

ვიწყო წერა მაჯამით,

დაშვრეს ჩემი მაჯა მით;

ღებევ, ნეკტარის ნაცვლად

მასვი, ვასტირ მა ჯამით.

მუზნო, ჩემ კერძ მომართვით

მოდით ებნის მომართვით,

გრაციის აღსამკობად,

ლექსნი თხზულნი მომართვით.

მსურს მას ვრქვა ბაიათი

შემკული ბაიათი,

კუპიდონისა ისრებს

ვინ ისვრის ბაიათი.

ბედსა ვხედავ მზარადა,

რისხვას მირევს მზარადა,

მიკვირს თუ კრული გული

საკვდად არის მზა რადა?

გული ეშხზე წარეგო -

მის ლახვარზედ წარეგო;

სუსტ ქმნილი დანაშთომი,

ცრემლო, შენ არ წარეგო!

სულის ყვავილო, გულისა ვარდო,

შვების წალკოტო მოსანავარდო,

შენგან მომეცა თვალთა ჩენანი,

გავამუსიკე შენთვის ენანი.

ამად გეტრფობი, გებულბულები,

ვარდი ხარ ბუტკთა დამალულები.

ოდეს რა გნახავ აკოკბებულსა,

ბაგით გაგფუჩნი ფერად ქებულსა,

სუნსა ვიყნოსებ სუნნელებულსა.

არომატისა აღმატებულსა.