წმიდა ნინოს წყარო მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამიტომაც ეწოდება წმიდა ნინოს წყარო. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი იკურნება.

წყაროსთან აშენებულია წმიდა ნინოს მშობლების - წმიდათა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია.


http://www.orthodoxy.ge

ჯვარი პატიოსანი, რომელიც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული, ერთ-ერთი იმ ჯვართაგანია, რომელიც წმინდა ნინომ გამოაკვეთინა სასწაულთმოქმედი ხისგან და აღამართვინა მტკვრისა და არაგვის შესართავთან (დღევანდელი ჯვრის მონასტერი).

ჯვარში ჩაბრძანებულია ცხოველსმყოფელი ჯვრისა და წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის წმინდა ნაწილები („ქართლის ცხოვრება“).

მირიან მეფეს და ახლადმოქცეულ ქართველობას ჯვრისათვის შესაწირი შეუწირავს და მისი მსახურების დღეც დაუდგენიათ. ჯვარი უზომო სასწაულებსა და კურნებებს აღასრულებდა. საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ფიცის დადების ტრადიცია ამ ჯვრის წინაშე. რადგან ვერავინ იკადრებდა სიცრუეს წინაშე მისსა („მოქცევაი ქართლისაი“).

1725 წელს, მეფე თეიმურაზ II-მ პატიოსანი ჯვარი ვერცხლის პერანგით შემოსა. ლეკთა შემოსევისას გაძარცვული სიწმინდე, 1751 წელს, ხელმეორედ შეამკო ვერცხლის პერანგით ნაზირმა დავით ავალიშვილმა.

1964 წელს იგი ორგზის გაუძარცვავთ.

2004 წლის 16 თებერვალს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილის, არქიმანდრიტ ილიას (ნასიძე) მიერ შემჩნეულ იქნა წმინდა ჯვრიდან მირონდენა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჯვარს რესტავრაცია ჩაუტარდა (რესტავრატორი თ.ჯაფარიძე).

მრავალგზის გაძარცვული ჯვარი, 2004 წლის 24 ივნისს, ჩააბრძანეს ძველი ქართული ტრადიციქული მინანქრული წესით შესრულებულ ვერცხლის მოოქროვილ ლუსკუმაში (ხატმწერი დ.კაკაბაძე).

საუკუნეებგამოვლილი ჯვარი-პატიოსანი დღესაც სასწაულებრივად კურნავს სასოებითა და რწმენით მიახლოვებულთ.


http://www.orthodoxy.ge

წმიდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა, სწორედ იმ ადგილზე, რომელიც უფალმა წინასწარვე გამოირჩია მისთვის სათნოდ. მეფე მირიანმა სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვართთან ახლოს მოისურვა მისი გადასვენება, მაგრამ ორასმა კაცმა ძვრა ვერ უყო წმიდანის მცირე სარეცელს და იქვე, ბოდბეში, დაკრძალეს. დამწუხრებული მეფე თავის სამეფოსთან ერთად ოცდაათი დღე გლოვობდა „სიობლესა თვისსა“. საფლავთან ხალხიც დიდძალი შეკრებილიყო, რადგან მრავალი კურნება აღესრულებოდა ქრისტეს მადლით. პირველი ტაძარიც წმიდა ნინოს ლუსკუმაზე, „ფრიად დიდი“ და „ყოვლითა სამკაულითა“ შემკული, სწორედ მეფე მირიანმა ააგო. გარდაცვალების წინ კი ანდერძად დაუტოვა ნანა დედოფალს: „შენ, ნანა, თუ დაგცალდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ, სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმიდა ნინოს საფლავს შესწირე, რათა უკუნისამდე შეუძვრელად ეგოს ეს ადგილი“, მთავარეპისკოპოსს კი მეფე ევედრა, განედიდებინა ბოდბე, რადგან პატივი შვენოდა ამ ადგილს.

XIX საუკუნის 80-იან წლებში ცნობილმა ჰაგიოგრაფმა და ხატმწერმა მიხეილ საბინინმა წმიდა ნინოს საფლავის ძველი ქვა მარმარილოს ლუსკუმით შეცვალა.


http://www.orthodoxy.ge