ღმერთო!.. აკურთხე ამ ყმისა ძალნი,

ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე,

აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი,

ტანჯვის ნუგეში მას შთააგონე.


ღმერთო!... მოჰმადლე მადლი ზეცისა,

შთაბერე ყრმასა ძლიერი სული,

რათა შეიქმნეს თავის ერისა

მოძმე ერთგული და მოყვარული.


ღმერთო!.. თან სდევდე უსუსურს ბავშვსა,

რომ დღენი ისე არ დაელიოს,

მინამ ტანჯვისა ცრემლი თვის ხალხსა

ცოტათი მაინც მან არ მოსწმინდოს.


1863 წ.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
   მძიმე ყალნით,
   ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
   უწყინარი,
   უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
   უშფოთველი,
   ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
   ყოვლად მთმენი,
   ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
   ყველა უნჯი,
   ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
   თვალაბმული,
   თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
   ყველა ყრუი,
   ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
   მცირე, დიდი -
   ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
   მტვერწაყრილი,
   თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
   უზღუდონი,
   გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
   მტრის არმცნობი,
   მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
   არრის მქონე,
   არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?

    29 აგვისტო, 1871 წ.

ბაზალეთისა ტბის ძირას

ოქროს აკვანი არისო,

და მის გარშემო, წყლის ქვეშე,

უცხო წალკოტი ჰყვავისო.


მწვანეა მუდამ წალკოტი,

არასდროს, თურმე, არ სჭკნება,

ქვეყნისა დროთა ტრიალსა

იგი არ ემორჩილება.


ვერ ერჩის, თურმე, მის მწვანეს

ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,

და იმის მზიან ჩრდილებში

მუდამ გაზაფხული არი.


წალკოტის შუაგულშია

ის აკვანი ასვენია,

და ჯერ კაცთაგანს იქ ჩასვლა

არავის გაუბედნია.


მარტო ერთნი სირინოზნი

იმ აკვანს გარს ეხვევიან,

მარტო იგინი გრძნეულნი

დასტრფიან და დამღერიან...


ამბობენ, — თამარ დედოფალს

ის აკვანი იქ ჩაუდგამს,

და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით

ტბა კარვად ზედ გადუხურავს.


ამას კი აღარ ამბობენ —

აკვანში ვინ ჩააწვინა,

ან თვით ერმა თვისი ცრემლი

ზედ ტბად რისთვის დაადინა...


იქნებ, აკვანში ის ყრმა წევს,

ვისიც არ ითქმის სახელი,

ვისაც დღე-და-ღამ ჰნატრულობს

ჩუმის ნატვრითა ქართველი?


თუ ესე არის, ნეტა მას,

ვაჟკაცსა სახელოვანსა,

ვისიცა ხელი პირველად

დასწვდება იმა აკვანსა!


თუ ესე არის, ნეტა მას,

დედასა სახელდებულსა,

ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის

თვის ძუძუს მადლით ცხებულსა!


14 ივლისი,

1883 წ.