მეფე ფარნავაზი. ქართული დამწერლობა
 
    ქრისტეს შობამდე IV საუკუნეში, ქართლის მთავარ ქალაქში მცხეთაში იჯდა მამასახლისი სახელად სამარა. ამ დროს საქართველოს პონტოდან დიდძალი ლაშქარით შემოესია სარდალი აზო, ტომით პონტოელი ქართველი. მან დაიპყრო მცხეთა, ხოლო სამარა და მისი ძმა მიტრიდატი სიკვდილით დასაჯა. აზოს მბრძანებლობა შეუბრალებლობითა და სისასტიკით გამოირჩეოდა. ქართველები მზად იყვნენ მისი ბატონობის წინაშე გაელაშქრათ, თუმცა ელოდნენ გმირს, რომელიც მათ სათავეში ჩაუდგებოდა. ასეთი გმირი მალევე გამოჩნდა. ეს გახლდათ სამარას ძმისწული ფარნავაზი, რომელიც დედამ აზოს შიშით ოვსეთში გადამალა და იქ იზრდებოდა. ერთ დღეს სანადიროდ წასულმა ფარნავაზმა გამოქვაბულში დამალულ დიდძალ განძს მიაგნო. სამ დღეში ჩუმად გამოზიდა ოქრო–ვერცხლი გამოქვაბულიდან და ოჯახის დახმარებით საიდუმლო ადგილას დამარხა. ამის  შემდგომ ფარნაოზი დიდი ქონებით ეწვია კოლხეთის მამასახლის ქუჯის. ქუჯი დაპირდა მას დახმარებას აზოს წინააღმდეგ ბრძოლაში. ორი გმირი მალევე შეუდგა მძადებას და ლაშქრის მოგროვებას საქართველოს გასათავისუფლებლად. მათ შეაგროვეს კოლხეთში დიდი ლაშქარი, დაიქირავეს ოსები და ლეკები, მოიწვიეს ქართლელები და მიიმხრეს ნაწილი მაკედონელთა ჯარისა. ბრძოლა გაიმართა ქაჯთა ქალაქის მახლობლად. ქართველთა ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა მტრის ურიცხვი არმია, ხოლო თვით აზო ამ ბრძოლაში დაიღუპა. საქართველოში დაარსდა მეფობა და მის პირველ მეფედ ქართველებმა აღიარეს გმირი ფარნავაზი. ფარნავაზი შეუდგა საქართველოში დიდ აღმშენებლობით საქმიანობას. გაამაგრა სატახტო ქალაქი მცხეთა და მის ახლოს ააგო ახალი კერპი არმაზი. მეფემ აღადგინა მტრის მიერ შემუსრული მრავალი ქალაქი და ციხე–სიმაგრე. ააშენა შორაპნისა და დიმის ციხე, ხოლო ქუჯიმ ეგრისის ცენტრში ააგო ციხე–გოჯი. ძვწ. აღ. IV-III საუკუნეთა მიჯნაზე ფარნავაზმა განახორციელა ყველაზე დიდი კულტურული ღონისძიება ( შექმნა მწიგნობრობა ქართული), რომელიც დაფუძნებული იყო ქართულ ანბანძე. მან კიდევ უფრო შეავსო და დახვეწა ქართული ანბანი. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო საქართველოში ხელოვნებისა და მრეწველობის განვითარებას. მეფე ფარნავაზი გახდა ქართველთა პირველი გამაერთიანებელი და ფარნავაძიანთა დინასტიის დამაარსებელი. ქრისტეს შობამდე II საუკუნეში მეტად გაძლიერდა რომის იმპერია. მან დაიპყრო მთელი დასავლეთ და სამხრეთ ევროპა, ასევე მცირე აზიის დიდი ნაწილი მათ შორის პალესტინა სპარსეთი, მესოპიტამია. ამ დროს საქართველო ოთხი სამეფოსაგან შედგებოდა: პონტო, კოლხეთი, იბერია ანუ ივერია და ალბანეთი. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად რომის მძლავრმა იმპერიამ თავის ბატონობის ქვეშ საქართველოც მოაქცია.


ავტორი: ქეთი სილაგაძე (სპეციალურად Allgeo.org-თვის)

კოლხეთი, აიეტი, ოქროს საწმისი

    საქართველოს უძველესი ისტორია იწყება კოლხეთიდან, რომელიც წარმოადგენდა დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს. “ოქროს ქვეყანად წოდებული” კოლხეთის სატახტო ქალაქი იყო ქუთაისი. კოლხეთს მართავდა მზე-ჰელიოსის ძე - აიეტი. აიეტის და - პასიფაე გახლდათ კრეტის სახელგანთქმული მბრძანებლის მინოსის ცოლი. აიეტს სამი შვილი ჰყავდა ტახტის მემკვიდრე - აფსირტე და ორი ასული ქალკიოპე და მედეა. საბერძნეთი კოლხეთის მოკავშირე და მეგობარი სახელმწიფო იყო. საბერძნეთიდან სიკვდილს გამოექცა უფლისწული ფრიქსე და აიეტს თავშესაფარი სთხოვა. ძღვნად კი ოქროსმატყლიანი ვერძი მიართვა. აიეტმა გულთბილად მიიღო ფრიქსე და თავის უფროსი ქალი – ქალკიოპე შერთო ცოლად. ოქროს ვერძი მისი ბრძანებით კოლხმა ქურუმებმა ღრუბელთა ბატონს შესწირეს და მისი ტყავი, შემდგომში ოქროს საწმისად წოდებული, ცადატყორცნილ მუხაზე დაჰკიდეს. ოთხი ვაჟი ჰყავდათ ქალკიოპეს და ფრიქსეს. მამის სიკვდილის შემდგომ, მათ ზურგი აქციეს კოლხეთს და ვითომდა მამულის დასაპატრონებლად საბერძნეთში წასვლა გადაწყვიტეს. აიეტმა ხომალდი მისცა შვილიშვილებს, მაგრამ ზღვაზე ამოვარდნილმა ქარტეხილმა გემი ერთიანად დალეწა, ფრიქსეს ვაჟები კი არეტიადის კუნძულზე გარიყა.
    ზღვის და მიწის ბედისწერამ სწორედ ამ კუნძულზე მოიყვანა საბერძნეთიდან წამოსული გემი “არგო” ორმოცდაათი “არგონავტელით”. გმირებს სათავეში ედგათ თესალიის ქალაქ იოლისკოს უფლისწული იასონი.  არგონავტები კოლხეთში მიდიოდნენ საიდანაც საბერძნეთში უნდა წაეღოთ ოქროს საწმისი - სიმბოლო ქვეყნის სიმდიდრისა და სიმძლავრისა. იმ შემთხვევაში თუ იასონი ვერ შეასრულებდა ამ დავალებას, იგი ვერ მიიღებდა იოლისკოს სამეფო ტახტს, რომელიც მის ბოროტ ბიძას პელიასს ჩაეგდო ხელში.
    ფრიქსეს ვაჟები მიუძღვნენ არგონაველებს კოლხეთის მიწაზე. აიეტმა სიხარულით მიიღო სტუმრები და გულუხვად გაუმასპინძლდა. მედეას - აიეტის უმცროს ქალიშვილს და იასინს ძლიერ შეუყვარდათ ერთმანეთი და მოკავშირეები გახდნენ. მედეა გახლდათ ბრძენი მკურნალი, ასტროლოგი, გულთმისანი და წინასწარმეტყელი. მის სახელს უკავშირდება მედიცინის წარმოშობის ისტორია. იასონმა აიეტს გაანდო თავის სურვილი ოქროს საწმისის შესახებ, რამაც ძლიერ განარისხა კოლხეთის ბრძანებელი. იასონს დავალება მისცა და მისი შესრულების შემთხვევაში ოქროს საწმისს დაპირდა. დავალების შესრულებაში იასონს მედეა დაეხმარა და ოქროს საწმისი მოატაცებინა. მედეას კოლხეთში აღარ დაედგომებოდა და იასონს საბერძნეთში გაჰყვა. უცხოობში მისი ბედი უკუღმა დატრიალდა და მისი სახელი სასტიკი შურისძიების ანალოგად იქცა ისტორიაში. არ არის ცნობილი როგორ დაასრულა სიცოცხლე ჩვენთვის ცნობილმა “პირველმა ქართველმა ქალმა”, თუმცა აიეტის “პირველი ქართველი მეფის” აღსასრულს გვამცნობს მის საფლავის ქვაზე ამოტვიფრული ეპიტაფია: “აიეტი ოქრომრავალ კოლხთა მეუფე, აქ გააპატიოსნა ღმერთმა ყოვლისდამთრგუნველმა ბედისწერამ”.
   ძველი წელთაღრიცხვით XIII საუკუნეში, დღევანდელი არზრუმისა და სამხრეთ ტერიტორიებზე შეიქმნა ძლიერი ქართული ტომობრივ-სახელმწიფოებრივი გაერთიანება - დიაოხი, რომელიც ექვსასი წელი იგერიებდა ასურეთისა და ურარტუს შემოტევებს. ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში დიაოხი დაიპყრო სამხრეთ–დასავლეთ ქართველთა ახალმა მძლავრმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ კოლხამ_ კოლხეთმა. ახლა კოლხეთსა და ურარტუს შორის გაჩაღდა ომი. მალევე ორივე სახელმწიფო დაეცა. ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე მერვე საუკუნეებში, სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში, ქართლის ტომებმა სასპერებმა ანუ იბერებმა, შექმნეს სპერის სამეფო. ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნეში კიროსმა საფუძველი დაუდო სპარსეთის სახელმწიფოს, რომლებმაც მალევე დაიპყრეს მიდია, ლიდია, მესოპოტამია, დასავლეთ წინა აზია, ეგვიპტე და ბოლოს ცენტრალური აზია ინდოეთამდე. ქართველებიც აქემენიანთა სამბრძანებლო საზღვრებში მოექცნენ. დასავლეთ საქართველომ ჭოროხიდან კავკასიონამდე ახალი ცხოვრება განაგრძო. შეიქმნა ახალი ეგრისის ანუ კოლხეთის სამეფო. შავი ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთით დაარსდნენ სავაჭრო  და კულტურული ცენტრები: სინოპი, ტრაპეზუნტი, ფასისი (ფოთი), დიოსკურია (სოხუმი).
  იმავე მეექვსე საუკუნეში აღმოსავლეთ და სამხრეთ ქართველთაგან შეიქმნა ქართლის ანუ იბერიის სამეფო. მისი სატახტო ქალაქი გახდა მცხეთა. ქართველთა ცხოვრება თითქოს კალაპოტში ჩადგა, თუმცა მრავალმხრივი შემოსევები და სისხლიანი ბრძოლები კვლავაც მრავალ საუკუნეს გრძელდებოდა. ძველი წელთაღრიცხვის 334 წელს გამოჩნდა უძლველი დამპყრობელი, მაკედონიის ახალგაზრდა მეფე ალექსანდრე, რომელმაც მთლიანად დაიპყრო მცირე, შუა და ცენტრალური აზია, ბოლოს კი ინდოეთის დიდი ნაწილიც. ქართველები კი მაშინდელი მსოფლიოს ყველაზე დიდი დამპყრობლის მბრძანებლობასაც გადაურჩნენ. ალექსანდრეს სიკვდილის შემდგომ მისი იმპერია მრავალ სახელმწფოდ დაიშალა. მათ შორის ყველაზე ძლიერი გახლდათ პონტოს სახელმწიფო, რომელიც ძირითადად ქართული ტომებით იყო დასახლებული.
 

ავტორი: ქეთი სილაგაძე (სპეციალურად Allgeo.org-თვის)

საქართველოს რუქები   ლიტერატურის ისტორია   ქართული ხელნაწერი წიგნი   ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონი
             
ძველი ქართული ანბანი   ქართული თეატრი   უცხო თვალით  
 

 

საქართველო უძველესი, მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი კულტურის მატარებელი ქვეყანაა, რაზეც მეტყველებენ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში შექმნილი კულტურის ძეგლები და სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღიცხვამდე, არსებულ ქართული სახელმწიფოებში (იბერია, კოლხეთი) განვითარებული იყო ოქრომჭედლობა და არქიტექტურა, (ვანი, უფლისციხე), ენეოლითის ხანაში ქართველი ტომები აწარმოებდნენ ლითონს, ბერძნული წყაროების და მითების მიხედვით კი კოლხეთი ოქროთი მდიდარი ქვეყანა იყო.

ისტორიული პერიოდების განმავლობაში ქართულ კულტურულ ტრადიციებს სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტრადიცია ერწყმოდა რაც უფრო მეტად ამდიდრებდა ადგილობრივ ცივილიზაციას. განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ანტიკურმა კულტურამ ძველ საქართველოში (გამარჯვების ქალღმერთის ნიკეს ქანდაკება, ვანი).

 

მეთორმეტე საუკუნის გელათის ბიბლიის გვერდი აღწერს ქრისტეს შობას (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი თბილისში)

და ვეფხისტყაოსანის მანუსკრიპტი მეთექვსმეტე საუკუნიდან

 

ძველი ცნობებით ქართული ანბანი შექმნა ქართლის მეფემ ფარნავაზმა(ძვ.წელთაღრიცხვით 3-4 საუკუნე). მცხეთაში, არმაზისხევში აღმოჩენილია მეორე საუკუნის ორენოვანი ბილინგვა. ქართული დამწერლობის ნიმუში ნაპოვნია პალესტინაში და თარიღდება მე-5 საუკუნის 30-იანი წლებით. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ წარწერათა შორის უძველესია ბოლნისის სიონოს წარწერა (493—494).

პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი არის ჰაგიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები “შუშანიკის წამება” (მე-5 საუკუნე), რომლის ავტორია იაკობ ხუცესი, ცურტაველი.

 

     

წმინდა გიორგი კლავს ურჩხულს (მეთხუთმეტე საუკუნიდან ხელოვნების ნაციონალური მუზეუმი)

და ნიკო ფიროსმანის დედა-შვილი

და 14–15 საუკუნის წმინდა მამის გამოსახულება გელათის მონასტერში

 

მინდა ნინოს ყურძნის მტევნის ჯვარი მეოთხე საუკუნიდან

 

მეათე საუკუნის ხატი მარტვილში

 

ძველ-ქართული ასომთავრული ანბანი დავით გარეჯის მონასტერში

 

მეოთხე საუკუნეში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ, ქრისტიანულ კულტურას. ქართულმა ქრისტიანულმა კულტურამ განსაკუთრებული აღორძინება განიცადა IX საუკუნიდან, როდესაც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში(ტაო-კლარჯეთში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორია), ჩამოყალიბდა საეკლესიო-კულტურული ძეგლები: ხანძთა, ოპიზა, შატბერდი, იშხანი, ოშკი და სხვა. ამაში უდიდესი ღვაწლი მიუძღოდა გრიგოლ ხანძთელს,, რომელიც სათავეში ედგა სამონასტრო ცხოვრებას ამ მხარეში.

ქართული კულტურის რენესანსის ხანაა XII-XIII საუკუნეები. Aამ დროს აშენდა ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუშები (გელათის, იკორთის, ბეთანიის, ქვათახევის ტაძრები, სვეტიცხოველი), დაიწერა არა მხოლოდ ამ ეპოქის, არამედ საერთოდ ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ნიმუში შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”. გელათის ეკლესიაში დაარსდა აკადემია, რომლის ხემძღვანელიც ცნობილი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი იყო.

 

     

მცხეთის კათედრალის "სვეტიცხოველი", ერთ-ერთი უძველესი ორთოდოქსული ეკლესია საქართველოში           მეთორმეტე საუკუნის ვარძია თბილისის ხედი

 

მუდმივი ომიანობის და შემოსევების გამო, მეჩვიდმეტე საუკუნემდე ქართული კულტურა რეგრესს განიცდიდა. 1629 წელს გამოიცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი. Aამ პერიოდში აგრეთვე მოღვაწეობდა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი დავით გურამიშვილი (1705-1792) (დავითიანის ავტორი), ასევე სულხან საბა ორბელიანი (სიტყვის კონა, სიბრძნე სიცრუისა) ვახტანგ მეექვსე, ბესიკი, არჩილი.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში საქრთველოში განსაკუთრებულად აღორძინდა მწერლობა, პოეზია და პუბლიცისტიკა (ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა ფშაველა და სხვა.)

მეოცე საუკუნეშე მოღვაწეობდნენ მსოფლიო მნიშვნელობის ქართული მეცნიერების და ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენლები რომელთა შესახებ ჩვენს გვერდძე შეძლებთ მრავალი საინტერესო ინფორმაციის მოძიებას.

 

     

ჭიდაობის გამოსახვა ქართულ ანტიკურ ხელოვნებაში ანანურის ციხე და ეკლესია

ძველი თბილისი

ელენე ახვლედიანის იმპრესიონისტული ნახატი

 

და ბოლოს მკითხველს ალბათ დააინტერესებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე წლის წინ დმანისში არქეოლოგიურმა გათხრებმა აღმოაჩინა ევრაზიის ტერიტორიაზე პირველი ადამიანების თავისქალები, რომლებიც მიჩნეულნი არიან პირველ ევროპელებად და ცხოვრობდნენ მილლიონ რვაასიათასი წლის წინ.

ქართველები ყოველთვის ამაყობენ თავისი მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციებით და თუმცა საქართველო პატარა ქვეყანაა, იგი ყოველთვის ცდილობდა თავისი წვლილი შეეტანა მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების პროცესში.

 

ავტორი: ერეკლე შველიძე (სპეციალურად Allgeo.org-თვის)