ოჰ, სად არიან, სიჭაბუკევ, სიტკბონი შენნი?

სად არს აღმტაცის სიყვარულის ტანჯვა, სამოთხე?

განძრცვილვარ გრძნობით, უდროოდა მეკვეთნენ ფრთენი,

გაზაფხულია, მე კი ვდგევარ ვით უფოთლო ხე.


აღმესპნენ იგი საოცარნი ყრმობის სიზმარნი,

გულმა დაჰკარგა იმ სიზმრების სარწმუნოება...

თვალ-წინ მიყრია უკეთესნი ყვავილნი მჭკნარნი,

მომიკვდა ეჭვ-ქვეშ მაცხოვარი თვით სასოება.


ჭკვამ მოჰკვეთა ფრთა ჩემ ჭაბუკ დღის ლაღსა გრძნობასა,

ცივად დაარქვა ”ფუჭი ალი” ღვთიურ ტრფობასა,

მან დამინგრია წმინდა გრძნობის წმინდა ტაძარი...

ვაი, მას, ვინცა ჭაბუკობას ჭაბუკ არ არის!..


30 ნოემბერი, 1859 წ.

    * * *

    (მიბაძვა ჰეინესი)

მეცა მქონია კარგი მამული!..
თურმე სუფევდა იქ სიყვარული,
თურმე იქ ჰფენდა ბედი მღიმარი, -
ეხლა კია ეს მარტო სიზმარი!

თურმე იქაცა ბრწყინავდნენ დღენი,
იქაც სცხოვრობდნენ ერთგულნი ძენი,
ღია ჰქონიათ მაშინ ცის კარი, -
ეხლა კია ეს მარტო სიზმარი!

    1859 წელსა, 19-სა იანვარს
    ს. პეტერბურღი


მესმის, მესმის სანატრელი

ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!

სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს

დასათრგუნვლად მონობისა.


აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა

და აღმიგზნებს იმედს გულში...

ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი

გამაგონე ჩემს მამულში!


29 ივლისი, 1860 წ.

პავლოვსკი.