001. საქართველოს გზების საავტომობილო და სარკინიგზო რუკა

002. გზის და სარკინიგზო მაგისტრალის რუკა

003. საქართველოს გზა და სარკინიგზო მაგისტრალი

004. საქართველოს გზა, სარკინიგზო და აეროპორტი

005. ამიერკავკასიის რკინიგზის სქემა

006. საქართველოს რკინიგზის რუკა

007. საქართველოს გზატკეცილებისა და მაგისტრალების რუკა

008. საქართველოს რეგიონები

009. აფხაზეთი

010. აჭარა

011. გურია

012. იმერეთი

013. კახეთი

014. ქვემო ქართლი

015. მცხეთა-მთიანეთი

016. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

017. სამეგრელო და ზემო სვანეთი

018. სამცხე-ჯავახეთი

019. შიდა ქართლი

020. დეტალური რუკა - გურია

021. დეტალური რუკა - იმერეთი

022. დეტალური რუკა - კახეთი

023. დეტალური რუკა - ქართლი

024. დეტალური რუკა - აჭარა

025. დეტალური რუკა - ფშავი

026. დეტალური რუკა - რაჭა

027. დეტალური რუკა - სამხრეთ საქართველო

028. დეტალური რუკა - სვანეთი

029. კოლხეთის, იბერიის, ალბანეთის და მეზობელი ქვეყნების რუკა

030. საქართველოს რუქა

I. 1. გზა არის ორი: ერთი სიცოცხლისა და ერთი სიკვდილისა. ამ ორ გზას შორის დიდი სხვაობაა.

2. სიცოცხლის გზა ამგვარია: პირველად შეიყვარე ღმერთი, შემოქმედი შენი (II სჯ. 6,5; ზირ. 7,30; მათე 22,37). მეორედ - მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი (ლევ. 19,18; მათე 22,39). ყველაფერი ის, რაც არ გსურს, რომ შეგემთხვეს შენ, არც შენ შეამთხვიო სხვას (ტობ. 4,15; მათე 7,12; ლუკა 6,31).

3. ამ სიტყვათა მოძღვრება ასეთია: აკურთხეთ თქვენი დამაწყევრები და ილოცეთ თქვენი მტრებისათვის, იმარხულეთ მათთვის, ვინც გდევნით თქვენ (მათე 5,44; ლკ. 6,28)1. რა მადლი იქნება, თუკი შეიყვარებთ თქვენს მოყვარულებს? ნუთუ ამასვე არ შვრებიან წარმართებიც (მათე 5,46 - 47; ლკ. 6,32 - 33)? ხოლო თქვენ შეიყვარეთ მოძულენი თქვენი და არ გეყოლებათ მტერი (მათე 5,44; ლკ. 6,27).

4. განეშორე ხორციელ და სხეულებრივ სურვილებს (შერ. 1 პეტრე 2,11)2. თუკი ვინმე მარჯვენა ყბაში გაგარტყამს, მიუშვირე მას მეორე (მათე 5.39; ლკ. 6.29) და იქნები სრული. თუ ვინმე ერთ მილიონს3 გაგარბენინებს, მასთან ერთად განვლე ორი (მათე 5,41). თუკი ვინმე მოსასხამს აგართმევს, უბოძე მას პერანგიც (მათე 5,40; ლკ. 6,29). თუ ვინმე შენგან რამეს წაიღებს, აღარ მოთხოვო, რადგანაც ვერ ძალგიძს (შდრ. ლკ. 6,30)4.

5. ყველას ვინც კი გთხოვს, მიუბოძე და აღარ მოთხოვო (მათე 5,42). მამას სურს, ყველას მიანიჭოს თავისი მადლი. ნეტარია ის, ვინც გასცემს თანახმად მცნებისა, რადგანაც არ განისჯება იგი. ვაი მას, ვინც თვით მიიღებს; თუ მოვალეა, რომ მიიღოს, არ განისჯება; თუკი არ არის მოვალე, განისჯება იმის გამო, რატომ მიიღო და რა მიზნით. საპყრობილეში მიყვანილს გამოჰკითხავენ მის საქმეებს და მანამდე არ გაუშვებენ, ვიდრე უკანასკნელ კოდრატსაც5 არ აზღვევინებენ (მათე 5,26; ლკ. 12,53).

6. ამის შესახებაც თქმულა: „გაიოფლოს მოწყალება შენი შენსავე ხელებში, ვიდრე შეიცნობ, თუ ვისთვის გასცემ“. (ზირ. 12,1).

II. 1. მოძღვრების მეორე მცნება:

2. არა კლა, (გამოსვლ. 20,15; II სჯ. 5,18), არა იმრუშო (გამოსვლ. 20,3; II სჯ. 5,17), არ მიეცე მამათმავლობას, სიძვას, პარვას (გამსლ. 20,14; II სჯ. 5,19). გრძნეულებას, მეწამლეობას (II სჯ. 18,10). არ მოკლა ჩვილი ნაადრევი შობით, არცთუ ნაშობი მოაკვდინო; ნურაფერი გწადია შენი მოყვასისა (გამოსლ. 20,17; სჯ. 5,21).

3. ნუ მისცემ ამაო ფიცს (მათე 5,33), ცრუდ ნურავის დაემოწმები (გამოსლ. 20,16; II სჯ. 5,20), ნუ ბოროტმეტყველებ (მათე 15,4), ნუღარ გახსოვს ცუდი (იგავ. 12,28).

4. ნუ იქნები ორგული და ორენოვანი (ზირ. 5,9; 5,14; 6,1), რადგანაც ორენოვნება მახეა სიკვდილისა (ტობ. 14,10; ფს. 17,6; იგავ 14,27; 21,6).

5. ნუ იქნება შენი სიტყვა ცრუ და ლიტონი, არამედ - საქმით აღსავსე.

6. ნუ იქნები ნაყროვანი, ხარბი, პირმოთნე, მზაკვარი, ანდა გოროზი. ნუ განიზრახავ ბოროტს შენი მოყვასისათვის.

7. არ შეიძულო არცერთი კაცი; ერთნი ამხილე, მეორეთათვის ილოცე. სხვანი კი შეიყვარე შენს სულზე მეტად.


III. 1. შვილო ჩემო, განეშორე ყოველგვარ სიავეს და ყოველივეს, რაც მისი მსგავსია.

2. ნუ განრისხდები, რადგან რისხვა დაღუპვისაკენ წაგიძღვება; ნუ იქნები შურიანი, ნურც მოკამათე, ნურც გულმწყრალი. ყველა მათგანი სიკვდილს შობს.

3. შვილო ჩემო, ნუ აღივსები გულისთქმით, რადგანაც გულისთქმა სიძვისაკენ წაგიძღვება; ნუ იქნები ურცხვადმეტყველი, ნურც ურცხვადმჭვრეტი, რადგანაც მათგან ჩნდება მრუშობა.

4. შვილო ჩემო, ნუ იქნები ფრინველთგრძნეული6, რადგანაც იგი კერპმსახურებისაკენ გიწინამძღვრებს; ნუ შელოცავ, ნუ ვარსკვლავთმეტყველებ, ნუ განწმედ7, ნურც ისურვებ, იხილო ეს ყოველივე ანდა ისმინო მათთვის. კერპმსახურებას შობენ ისინი.

5. შვილო ჩემო, ნუ იცრუებ, რადგანაც სიცრუე ქურდობისაკენ მიგიძღვება; ნუ იქნები ვერცხლისმოყვარე, ნურც ცუდმედიდი, რადგანაც მათგან ქურდობა ჩნდება.

6. შვილო ჩემო, ნუ დრტვინავ, რადგანაც დრტვინვა ავსიტყვაობისაკენ გიწინამძღვრებს. ნუ იქნები თავმომწონე, ბოროტმზრახველი, რადგანაც მათგან ავსიტყვაობა იბადება.

7. იყავი მშვიდი, რადგანაც „მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა“ (ფს. 36,11; მათე 5,5).

8. იქმენ სულგრძელი, გულმოწყალე, უბოროტო, წყნარი, კეთილი; მარადის ძრწოდე იმ სიტყვათაგან, რომლებიც გესმა (ეს. 66,2).

9. ნუ აიმაღლებ თავს; ნურც კადნიერებას მისცემ შენს სულს. თავმოთნეებს ნუ შეერთვება შენი სული; მართალთა და მდაბალთა შორის იმყოფებოდე.

10. ყველაფერი, რაც შეგემთხვა, მიითვალე, როგორც კეთილი და იცოდე, რომ ღვთის გარეშე არარა ხდება.


IV. 1. შვილო ჩემო, ვინც ღვთის სიტყვას გიქადაგებს, მოიხსენე იგი დღეცა და ღამეც; პატივი მიაგე მას როგორც უფალს: სადაც მეუფება იქადაგება, იქვეა უფალიც.

2. დღითიდღე ეძიე პირნი წმიდათანი8, რომ შვება მოგცეს მათმა სიტყვებმა.

3. ნუ ქმნი განხეთქილებას; დაამშვიდე მოდავეები; სიმართლით საჯე და ნუ მიიღებ ისეთ სახეს, თითქოს ამხილებ ცთომათა გამო9.

4. ნუ იეჭვებ, ასე იქნება, თუ არა10.

5. ნუ გაშლი ხელებს, რათა მიიღო, და ნუ შეკრავ რათა არ გასცე (ზირ. 4,31).

6. თუკი მას გასცემ, რაც შენი ხელით მოიპოვე, გამოისყიდი შენსავე ცოდვებს.

7. გაცემის ჟამს ნუ შეეჭვდები და ნუღარ დრტვინავ, როდესაც გასცემ; შეიცნობ მას, ვინც კეთილად მოგიზღავს კუთვნილს (იგავ. 19,17).

8. ნუ გააბრუნებ გაჭირვებულს (ზირ. 4,5). შენსავე მოძმეს უწილადე ყოველივე; არკი უთხრა: ჩემია ეს ყველაფერი. თუ ზიარნი ხართ უკვდავებაში, რამდენად უფრო მოკვდავთა შორის?

9. ხელს ნუ ააღებ შენს ძეს თუ ასულს; სიყრმიდანვე შეასწავლე მათ შიში ღვთისა.

10. მონას თუ მხევალს, რომლებიც იმავ ღმერთს სასოებენ, გამკაცრებით ნუ უმბრძანებლებ, რომ არ დაკარგონ ზენა ღვთის შიში, რადგანაც ღმერთი მათთან მოდის ვისი სულიც თვით შეამზადა, პირისპირ კი არავის უხმობს11.

11. თქვენ კი, მონებო, კრძალვით და შიშით მორჩილებდეთ თქვენსავე უფალთ, ვით სახეს ღვთისას12.

12. გძულდეს ყოველი პირმოთნეობა, ყოველივე, რაც არ თნავს უფალს.

13. არ დაივიწყო უფლის მცნებები და რაც მიიღე, დაიმარხე; არცრა შემატო, არცრა დააკლო (11 სჯ. 4,2; 13,1).

14. ეკლესიაში აღიარე ცთომანი შენი; ბოროტი გულით ნუ შეხვალ ლოცვად.

აი, ეს არის გზა სიცოცხლისა.

V. 1. სიკვდილის გზა კი ამგვარი არის: უპირველესად, ბოროტია ეს გზა და წყევლით აღსავსე: მკვლელობა, მრუშობა, გულისთქმა, სიძვა, ქურდობა, კერპმსახურება, გრძნეულება, მეწამლეობა, ტაცება, ცრუმოწმეობა, პირმოთნეობა, ორგულობა, მზაკვრობა, ამპარტავნება, სიავე, თავმოთნეობა, ნაყროვანება, ურცხვადმეტყველება, მოშურნეობა, კადნიერება, გოროზობა, მედიდურობა, უკრძალველობა.

2. კეთილთა მდევნელნი, ჭეშმარიტების მოძულენი, სიცრუის მოყვარულები, რომლებსაც საზღაური სიმართლისა ვერ შეუცნიათ; განელტვიან სიკეთეს და მართლმსაჯულებას; კეთილის წილ სიბოროტეს ეშურებიან. შორს არის მათგან სიმდაბლე და მოთმინება; ამაოების მოყვარულნი მისაგებელს განიშორებენ; არ იწყალებენ დაცემულებს, არ ზრუნავენ დამაშვრალთათვის, ვერ შეუცნიათ შემოქმედი;

ჩვილთა მკვლელები, საღვთო შესაქმის13 განმხრწნელები, რომლებიც უკუმიაქცევენ მათდამი მთხოვნელს; ცოდვით სავსენი ჭირვეულებს შეაურვებენ, მდიდრებს იცავენ, არასაქმოსნებს ურჯულოდ სჯიან. განშორდით, შვილნო, ყველაფერს ამგვარს.


VI. 1. გაფრთხილდი, ვინმემ არ აგაცდინოს გზას მოძღვრებისას. ღვთის გარეშე გასწავლის იგი.

2. თუკი ძალგიძს, რომ სრულად იტვირთო უფლის უღელი, სრული იქმნები (მათე 11,29). თუ ეს არ ძალგიძს, რაც ძალგიძს ის ქმენ.

3. ხოლო ჭამადი, როგორც ძალგიძს, ისე იტვირთე. კერპშეწირულს ფრიად ეკრძალე, რადგანაც - მსახურებაა მკვდარი ღმერთების (საქმე 15,29).


VII. 1. ნათლისღებისათვის

ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერს ამას, სახელითა მამისა, ძისა და სულიწმიდისა, მდინარი წყლით14 ნათელი ეცით. (შდრ. მათე 28,19).

2. თუ არა გაქვს მდინარი წყალი14, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე.

3. თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე, სამგზის დაასხი თავზე წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმიდისა (შდრ. მათე 28,19)

4. ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმაც და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე, იმარხულოს ერთი-ორი დღე.


VIII. 1. პირმოთნეთა15 მარხულობას ნუ დაემთხვევით. მათი მარხვა ორშაბათსა და ხუთშაბათს ხვდება; თქვენ იმარხულეთ ოთხშაბათსა და პარასკევს.

2. ნუ ილოცებთ ისე, როგორც პირმოთნეები, არამედ როგორც უფალმა ბრძანა სახარებაში, ასე ილოცეთ:

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცასა შინა16, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცასა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა17 მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადები ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან (მათე 6,9-13; ლკ 11,2-4). რამეთუ შენი არს ძალი და დიდება, უკუნითი უკუნისამდე!

3. დღეში სამგზის ილოცეთ ასე.


IX. 1. ევქარისტიისათვის:

ასე მადლობდეთ:

2. უპირველესად, სასმისის გამო: გმადლობთ, შენ, მამაო ჩვენო, დავითის შენი მსახურის18, წმიდა ვენახისათვის, რომელიც გაგვიცხადე შენი ძის18, იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე!

3. პურის განტეხვისათვის: გმადლობთ შენ, მამაო ჩვენო სიცოცხლისა და ცოდნისა გამო, რაც გაგვიცხადე შენი ძის18 იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე!

4. როგორც ეს პური, მთების ზემოთ მიმოფანტული, შეიკრიბა და ერთი გახდა, ამგვარადვე შეიკრიბოს კიდით-კიდე ეკლესია შენი სასუფეველში, რამეთუ შენი არს დიდება და ძალი იესუ ქრისტეს მიერ უკუნისამდე!

5. არავინ ჭამოს, არავინ შესვას თქვენეული ევქარისტია19. თუ არა იმან ვინც ნათელიღო უფლის სახელით. ამის შესახებ თქვა უფალმა: „ნუ მისცემთ ძაღლებს მას, რაც წმინდაა“ (მათე 76)


X. 1. ავსების20 შემდეგ ასე მადლობდეთ:

2. გმადლობთ შენ, წმიდაო მამაო, შენი წმიდა სახელის გამო, ჩვენს გულებში რომ დაამკვიდრე; - ცოდნის, რწმენის, უკვდავების გამო, რაც გაგვიცხადე შენი ძის იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე!

3. შენ, უფალო ყოვლისმპყრობელო, დაბადე ყოველივე სახელისა შენისათვის საზრდელი და სასმელი მიანიჭე ადამიანებს, რათა იშვებდნენ და შენ გმადლობდნენ; ჩვენ კი მოგვმადლე სულიერი საზრდელ-სასმელი, და საუკუნო სიცოცხლე, შენი ძის, იესუს მიერ!

4. გმადლობთ შენ ყველაფრისთვის, რადგანაც ძლიერ ხარ შენ! დიდება შენდა უკუნისამდე!

5. მოიხსენე, უფალო, ეკლესია შენი და იხსენ იგი ყოველგვარი ბოროტისაგან, შენს სიყვარულში სრულყავი იგი და წმიდაქმნილი ოთხივ ქარისგან შემოკრიბე სასუფეველში, რომელიც მასვე განუმზადე; რამეთუ შენი არს ძალი და დიდება უკუნისამდე!

6. მოვიდეს მადლი და გარდავიდეს ეს სამყარო; ოსანა ღმერთსა დავითისა (მათე 21,9; 21,15)! თუკი წმინდაა ვინმე, მოვიდეს! და თუ არ არის - შეინანოს! მარანათა (1 კორ. 16,22)! ამინ!

7. წინასწარმეტყველთ ნება დართეთ, აღავლინონ სამადლობელი, რამდენიც სურდეთ.


XI. 1. ვინც თქვენთან მოვა და გასწავლით ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ითქვა, მიიღეთ იგი.

2. იქნებ მოძღვარი თვით მიიქცეს სხვა სწავლებისკენ. თუ თქვენ წარწყმედას ცდილობს იგი, არაფერი ისმინოთ მისი, მაგრამ თუ სურს, კიდევ უფრო შეგემატოთ სიმართლე და ცოდნა უფლისა, შეიწყნარეთ, როგორც უფალი.

3. მოციქულებისა და წინასწარმეტყველების მიმართ სახარების მცნების თანახმად იმოქმედეთ.

4. ყოველი მოციქული, ვინც თქვენთან მოვა, შიწყნარეთ, როგორც უფალი.

5. არ დარჩება იგი ერთ დღეზე მეტად (თუ საჭიროა - მომდევნო დღესაც), და თუ სამი დღით დაყოვნდება, ცრუწინასწარმეტყველი ყოფილა იგი.

6. როცა დაგტოვებთ მოციქული, არაფერი წაიღოს საგზლად, გარდა პურისა; თუ ვერცხლს მოითხოვს, ცრუ წინასწარმეტყველი ყოფილა იგი.

7. ნუ გამოცდით და ნუ განსჯით წინასწარმეტყველს, რომელიც სულის მიერ გემეტყველებათ, რადგანაც ყოველი ცოდვა მიეტევება კაცს, ეს ცოდვა კი არ მიეტევება (მათე 12,31).

8. ყველა, ვინც სულის მიერ მეტყველებს, წინასწარმეტყველი ვერ იქნება, თუ უფლის წესებს არ ფლობს იგი21. სწორედ წესთაგან შეიცნობა ცრუწინასწარმეტყველი და წინასწარმეტყველი.

9. ყოველმა წინასწარმეტყველმა, რომელმაც სულის მიერ განაწესა ტრაპეზი, არ ჭამოს მისგან; და თუ შეჭამს ცრუწინასწარმეტყველი ყოფილა იგი.

10. ყოველი წინასწარმეტყველი, რომელიც ჭეშმარიტებას ასწავლის, მაგრამ თავად არ მოქმედებს ისე, როგორც ასწავლის, ცრუწინასწარმეტყველია იგი.

11. თქვენ კი ნუ განსჯით იმ გამოცდილსა და ჭეშმარიტ წინასწარმეტყველს, რომელიც ეკლესიის ამქვეყნიური საიდუმლოს თანახმად მოქმედებს22. მაგრამ არავის ასწავლის იმას, რასაც თავად იქმს. ღვთისაგან განისჯება იგი; ამასვე შვრებოდნენ ძველი წინასწარმეტყველებიც.

12. ვინმემ რომ გითხრათ სულის მიერ: „მომეცით ვერცხლი“, ან სხვა ამგვარი, არაფერი ისმინოთ მისი; ჭირვეულთათვის მისაცემად თუ გეტყვით ამას, ნუ განიკითხავთ.


XII. 1. ვინც თქვენთან მოვა უფლის სახელით, შეიწყნარეთ; შემდეგ გამოცდით მას და შეიცნობთ, რადგანაც იცით თქვენ გარჩევა მარჯვენისა და მარცხენისა.

2. თუკი მოსული მგზავრია ვინმე, შეეწიეთ, როგორც შეგეძლოთ, არ დაყოვნდება იგი თქვენთან, ან თუ დასჭირდა, დაიხანებს ორი-სამი დღე.

3. თუკი ისურვებს თქვენთან ყოფნას და თუ ხელობაც ეხერხება, იშრომოს და ისე ჭამოს.

4. თუკი არა აქვს რამ ხელობა, გონივრულად განჭვრიტეთ მისთვის: არავინ იყოს ქრისტიანი თქვენს შორის უქმად.

5. თუ არ ისურვებს ამგვარად ყოფას, ქრისტეს მოვაჭრე ყოფილა იგი. ეკრძალეთ მას.


XIII. 1. ყველა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი, რომელიც თქვენთან დამკვიდრებას მოისურვებს, ღირსია თავისი საზრდელისა (შდრ. მათე 10,10; 1 ტიმ. 5,18).

2. ასევე, ჭეშმარიტი მოძღვარი, როგორც მუშაკი, ღირსია თავისი საზრდელისა.

3. რასაც კი შეკრებთ საწნახელში თუ კალოზე, საქონლის ჯოგში თუ ცხვრის ფარაში, წინასწარმეტყველთ მიუბოძეთ პირველნაყოფი. მღვდელმთავრები არიან ისინი თქვენთვის.

4. თუკი არა გყავთ წინასწარმეტყველი, უბოძეთ გლახაკთ.

5. თუ პურს მოიწევ, გამოიღე პირველნაყოფი და მცნებისამებრ გაეცი იგი.

6. როცა თავს ახდი ღვინის ჭურჭელს ანდა ზეთისას, პირველთავი გამოიღე და უბოძე წინასწარმეტყველთ. ვერცხლის ფულის, სამოსელის, მთელი ქონების პირველთავი ისე აიღე, როგორც ისურვებ და გაეცი მცნების თანახმად.


XIV. 1. უფლის კვირადღეს შეიკრიბეთ, განტეხეთ პური და აღავლინეთ სამადლობელი23, აღიარეთ შეცოდებანი რომ წმინდა იყოს მსხვერპლი თქვენი.

2. ვინც ექიშპება თავის მოყვასს, ვიდრე დაცხრება, ნუ მოვა თქვენთან, რომ არ შებილწოს მსხვერპლი თქვენი.

3. უფალმა ეს თქვა: "ყოველ ადგილას და ყოველ ჟამს შემომწირეთ მე წმიდა მსხვერპლი. მეუფე ვარ დიდი, - ამბობს უფალი - სახელი ჩემი საკვირველია წარმართთა შორის". (მალ. 1,11).


XV. 1. დაადგინეთ თქვენთვის ეპისკოპოსები და დიაკვნები, ღირსნი უფლისა, კაცნი მშვიდნი და უვერცხლონი, ჭეშმარიტნი და გამოცდილნი. რომ წინასწარმეტყველთა და მოძღვართა ლიტურგია ამსახურონ მათაც თქვენს შორის.

2. არ მოიძაგოთ ისინი, რადგანაც თქვენს მიერ წინასწარმეტყველთა და მოძღვართა დარად არიან პატივდებულნი24.

3. ამხილეთ ერთურთი, არა რისხვით არამედ დაწყნარებით, როგორც თქმულა სახარებაში. ხმა არ გასცეთ მას, ვინც სხვას აცდენს; არც არაფერი ისმინოთ მისი, ვიდრე თვით არ მოინანიებს.

4. თქვენი ლოცვები, მოწყალებანი და ყველაფერი, რასაც შვრებით, იმგვარად ქმენით, როგორც უფალმა დაგვიწესა სახარებაში25.


XVI. 1. იფხიზლეთ თვენი ცხოვრებისათვის. ნუ ჩაქრება თქვენი სანთლები, ნურც სარტყლები შემოგერღვევათ (ლკ. 12,35); განემზადენით! არავინ იცით, როდის მოვა უფალი ჩვენი (მათე 24,42).

2. ხშირად და ხშირად შეიკრიბეთ; გამოეძიეთ უმჯობესი თქვენი სულისა. ვერაფერს გარგებთ თქვენი რწმენის მთელი წინდა დრო, თუ არ იქნებით სრულყოფილნი ბოლო ჟამისთვის.

3. ბოლო დღეებში ცრუწინასწარმეტყველები და გამხრწნელები გამრავლდებიან; შეიცვლებიან ცხვრები მგლებად, სიყვარული კი სიძულვილად გადაიქცევა (მათე 24,11-12).

4. განივრცობა ურჯულოება (მათე 24,12) და ერთმანეთს მოიძაგებენ; განდევნიან და გასცემენ ერთურთს (მათე 24,10). სწორედ მაშინ გამოჩნდება ქვეყნისმაცდური, როგორც ძე ღვთისა, და ჰყოფს იგი ნიშნებსა და სასწაულებს (მათე 24,24). მიწაც მის ხელებს მიეცემა. იმგვარ ურჯულოებას აღასრულებს ქვეყნისმაცდური, რაც არ ქმნილა საუკუნიდან26 (შდრ. იოველ 2,2).

5. გამოცდის ცეცხლს მიეცემა კაცთა არსება. ბევრი მათგანი შეცდება და წარიწყმიდება, ხოლო ვინც რწმენით განიმტკიცდება, გამოიხსნება წყევლისაგან (შდრ. მათე 24,13; 10,22).

6. ჭეშმარიტების ნიშანდებაც სწორედ მაშინ გამოვლინდება: უპირველესად, ეს იქნება ნიშანი ცაში გავრცობისა27, შემდეგ - ნიშანი საყვირთა ხმისა (მათე 24,31), ხოლო მესამე - მკვდართა აღდგომა, -

7. არა ყველასი, არამედ ისე, როგორც თქმულა: „მოვა უფალი და მასთან ერთად ყველა წმინდანი“ (ზაქ. 14,5).

8. მაშინ იხილავს სამყარო უფალს „მომავალსა ღრუბელთა ზედა ცისათა“ (მათე 24,30)...28

 

----------------------------------------------------------------------------------------------------


1 - შესაძლოა აქ საუბარი ეხებოდა ებრაელთა კვირეულ მარხვას (ოთხშაბათსა და პარასკევს), რაც დაზუსტებულია მომდევნო ნაწილში: იხ. თავი VIII, I (La Doctrine…p.145).

2 - შდრ. "ხორციელი" - σαρκικός, "სხეულებრივი" - σωματικός.

3 - "მილიონი" (μίλιον) - სიგრძის ერთეული = 1, 48 კილომეტრს.

4 - ბოლო ფრაზა "რადგანაც ვერ ძალგიძს" (οὐδὲ γὰρ δύνασαι - car tu ne le peux pas), როგორც განმარტავენ, გულისხმობს შემდეგს: ჭეშმარიტი ქრისტიანი ძალადობას არ მიმართავს, არც წარმართთა სასამართლოს სთხოვს იგი დახმარებას: შესაბამისად, თუკი ვინმე რამეს წაართმევს ქრისტიანს, იგი წართმეულის უკან დაბრუნებას ვერ შეძლებს.

5 - "კოდრატი" (κοδράντης) - იგივეა რაც ლათინური "quadrans" (=3 უნცია = 81,86 გ.)

6 - შდრ. οἰωνοσκόπος - ვინც ფრინველთა ფრენის მიხედვით მკითხაობს (οἰωνος - ფრინველი, σκόπος - დამკვირვებელი, მჭვრეტელი).

7 -  μηδὲ περικαθαθαίρων - "ნურც განმწმედი (იქნები)" შდრ. ni aux purifications (t’adonne) - როგორც ჩანს, იგულისხმება ცეცხლით განწმედა (La Doctrine... p.153, n.7)

8 - τὰ πρόσωπα τῶν ἁγίων - იგულისხმება წმინდანთა გარემო, წმინდანთა საკრებულო.

9 - οὐ λήψῃ πρόσωπον ἐλέγξαι ἐπὶ παραπτώμασιν - ეს არის საკმაოდ ბუნდოვანი ადგილი. შდრ. ფრ. et tu ne feras pas acception de la personne pour corriger les fautes საკამათოა რუსული თარგმანი: Обличая проступки, не взирая на лицо (Раннехристианские отцы, с. 18). აღნიშნულ ადგილას შესიტყვება λάμβανω πρόσωπον უთუოდ "პირფერობას" გულისხმობს. ხსენებული გამოთქმა უარყოფით კონტექსტში οὐ λήψῃ πρόσωπον ზედმიწევნით უიგივდება ქართულ ფიგურალურ ფრაზას "ნუ მიიღებ ისეთ სახეს, თითქოს..." საგულისხმოა, რომ ბერძნულ მწერლობაში არსებობდა ციტირებული ფრაზის საფუძველზე შექმნილი კომპოზიტი ἀπροσωπόλεπτος, რაც სწორედ "პირუთვნელს" აღნიშნავს. ეს სიტყვა გვხვდება, მაგალითად იპოლიტე რომაელის სახელგანთქმულ შრომაში "უწყება ქრისტესა და ატიქრისტეს შესახებ": "ღვთის სიტყვამ ... საკუთარი გულმოწყალება და პირუვნელობა გამოაჩინა" (PG. 10, col. 729 C). ძველ ქართულ თარგმანში ἀπροσωπόλεπτον-ს შეესატყვისება "დაურიდებლად", რაც იმავე "პირუთვნელობის" შენაარსს შეიცავს. ლათინური თარგმანით ამავე შინაარსისაა: minime acceptor est personarum. ამგვარად, ვფიქრობთ "დიდაქეს" ზემომოტანილ ფრაზაში ნაგულისხმევი უნდა იყოს სწორედ "პირუთვნელობა".

10 - οὐ διψυχήσεις, πότερον ἔσται ἢ οὔ - ეს ფრაზა ბუნდოვანია, კრიტიკულ გამოცემაში იგი კვალიფიცირებულია, როგორც „verset plutôt enigmatique“ (იხ. La Doctrine… p. 159) ფრანგული თარგმანი ასეთია: Tu ne t’inquéteras pas de savoir ce qu’il adviendra ou non. საყურადღებო გააზრებას გვაწვდის რუსული თარგმანი: Не сомневайся в том, будет ли (суд Божий), თუმცა მთარგმნელისეური ჩანართი (суд Божий) ორიგინალის მიხედვით გამართლებული არ არის. როგორც ჩანს აღნიშნულ ადგილას საუბარი ეხება იმას, რომ ღვთისაკენ მიქცეული ადამიანის ყოველი ქმედება გამსჭვალული უნდა იყოს ჭეშმარიტი რწმენით. იგი არ უნდა დაეჭვდეს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, სასურველ შედეგს მოიტანს მისთვის. აღნიშნული ფრაზა მორწმუნეებს მოუწოდებს მთელი არსებით მიენდონ უფალს.

11 - οὐ γὰρ ἔρχεται κατὰ πρόσωπον καλέσαι, ἀλλ’ ἐφ’ οὓς τὸ πνεῦμα ἡτοίμασεν; შდრ. ფრ: il ne vient pas pour appeler selon l’apparance, mais ceux dont it a préparé l’ésprit. იგივე აზრი გვხვდება „იოანეს აპოკრიფში“ (იხ. W.P Hauschild, Gottes Geist und der Mensch, Munchen 1972 p.225 s. იხ La Doctrine… p.163, n. 5)

12 - შდრ. ბერძ. ...ὡς τύπτῳ θεοῦ.

13 - შდრ. ბერძ. ...πλάσματος θεοῦ.

14 - შდრ.  ...ἐν ὕδατι ζῶντι. τὸ ὕδωρ ζῶν. პირაპირი თარგმანით ნიშნავს „ცხოველ წყალს“. დღეისათვის გარკვეულია, რომ ნათლისღებასთან დაკავშირებით აღნიშნულ შესიტყვებაში ζῶν ნაგულისხმევია გამდინარე წყალი, შდრ. ფსევდო-კლემენტის სიტყვები: …მიიყვანენ მას მდინარესთან ანდა წყაროსთან, რომელიც არის ცხოველი წყალი (ζῶν ὕδωρ), რომელშიც მართალთა ხელახალი შობა აღსრულდება“ (La Doctrine…p.171). აქვე ხაზგასმულია ისიც, რომ ხსენებული ფრაზა თავისთავადღრმა მისტიკური შინაარსისაა და სულიერ სამყაროს მიემართება. ამ აზრით გვხვდება τὸ ζῶν ὕδωρ ეგნატი ანტიოქიელთანაც:ὕδωρ δὲ ζῶν ἀλλόμενον ἐν ἐμοὶ ἔσωθεν μοὶ λέγει• Δεῦρο πρὸς τὸν Πατέρα (PG. 5. p. 814); შდრ. გიორგი მთაწმინდელის ტარგმანი: „წყალი ცხოველი ვალს ჩემ შორის შინაგან და მეტყვჳს მე: მოვედ მამისა ჩემისა“ (საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1998, გვ. 623 გამოსცა ი. ბოროდამ).

15 - „პირმოთნენი“ (ὑποκριταί) - ებრაელთა ერთ-ერთი რელიგიური სექტა; შესაძლოა უიგივდებოდნენ „ფარისევლებს“.

16 - სახარებისეული მრავლობითი „ცათა შინა“ „დიდაქეში“ მხოლობითითაა წარმოდგენილი (ἐν τῷ οὐρανῷ).

17 - შდრ. ἐπιούσιος. ეს სიტყვა სახარების ქართულ რედაქციებში თარგმნილია, როგორც: „არსობისაჲ“, „თანაარსობისაჲ“, „სამარადისოჲ“. შინაარსობრივად იგი ნიშნავს „დღიურს“, „ყოველდღიურს“.

18 - ორიგინალში გვაქვს „პაის“, რომელიც ნიშნავს როგორც „ყრმას“, „ბავშვს“, ასევე - „მსახურს“.

19 - „ევქარისტია“ (εὐχαριστία), საზოგადოდ სამადლობელს ნიშნავს. რადგანაც ამ შემთხვევაში იგი ტექნიკური ტერმინია (ნიშნავს იმავეს, რასაც „ზიარება“), უთარგმნელად დავტოვეთ.

20 - ἐμπλησθῆναι - საზოგადოდ ნიშნავს „საჭმლით ავსებას“, „დანაყრებას“, „გაძღომას“. აღნიშნულ ადგილას მას სპირიტუალური შინაარსი აქვს. ქრისტეს ხორცთან და სისხლთან ზიარება დაულეველი სულიერი სსაზრდოთი „აღავსებს“ ზიარებულს.

21 - ... ἀλλ’ ἐὰν ἔχῃ τοὺς τρόπους κυρίου - იგულისხმება უფლისმიერი ცხოვრების წესი (შდრ. les facons de vivre du Seigneur; Нрав Господень).

22 - შდრ. ποιῶν εἰς μυστήριον κοσμικὸν ἐκκλησίας; როგორც ჩანს იგულისხმება ის საიდუმლო ეკლესიისა, რომელიც ხილულ სამყაროში არსებობს (κοσμικός - სამყაროეული, მსოფლიო, ამქვეყნიური)

23 - შდრ. Κατὰ κυριακὴν δὲ κυρίου συναχθέντες κλάσατε ἄρτον καὶ εὐχαριστήσατε. „დიდაქეს“ ეს ნაწილი საყურადღებოა პირველქრისტიანთა ყოფის შესასწავლად.

24 - შდრ. μὴ οὖν ὐπερίδητε αὐτούς· αὐτοὶ γὰρ εἰσιν οἱ τετιμημένοι ὑμῶν μετὰ τῶν προφητῶν καὶ διδασκάλων. ფრ. თარგ. Car ils sont parmi vous ceux qui sont honorés au même titre que les prophetes et les docteurs.éê

25 - ძნელია ზუსტად განსაზღვრა, თუ სახარების რომელ მუხლს ეხება მითითება. შესაძლოა აქ იგულისხმებოდეს მათე 18,15.

26 - ἐξ αἰῶνος (შდრ. depuis le commencement des siecles - იგულისხმება „დასაბამიდან“).

27 - შდრ. πρῶτον σημεῖον ἐκπετάσεως ἐν οὐρανῷ. მიიჩნევენ, რომ "ცაში გავრცობა" მოასწავებს ჯვარს, რომლის განფენილი მკლავები შემოწერს მთელ სამყაროს (იხ. La doctrine... p. 198. n. 1)

28 - აქ წყდება ტექსტი. დარჩენილი ნაწილი მიახლოებითი სიზუსტით შეიძლება აღდგეს ცნობილი ადრექრისტიანული ძეგლის „მოციქულთა განწესებების“ მიხედვით, რომელიც „დიდაქეს“ ბოლო ნაწილის ასეთ პარაფრაზს გვაწვდის:

„და მაშინ მოვა უფალი - მიწისძვრის ჟამს „ღრუბელთა ზედა“ (I თეს. IV, 16) სამეუფეო ტახტზე ანგელოზთა შორის, რომლებიც მისი ძალისაგან არიან გვერდით (იქნება); და განსჯის იგი ქვეყნის-მაცდურ ეშმაკს და საქმის მიხედვით მიაგებს ყველას(შდრ. მათე 16,27); ნაშინ განიდევნება ყველა ბოროტი საუკუნოსატანჯველში, ხოლო მართალნი საუკუნო ცხოვრებაში შევლენ (მათე 25, 46), და დაიმკვიდრებენ მას, რაც „თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა ნოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა“ (I კორ. 11,9) და განიხარებენ ღვთის სასუფეველში, რომელიც არის იესუ ქრისტეს შორის“.



ძველი ბერძნულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ე. ჭელიძემ

ჟურნალი "ჟვარი ვაზისა", 1988 წ. №3

  გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ

დიდნი კურთხევანი, თბილისი, 2002

ელექტრონული ვერსია მომზადებული საპატრიარქოს ბიბლიოთეკის მიერ 
     
  ძველი ქართული ხელნაწერების მიხედვით გამოსაცემად მოამზადა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ

დიდნი კურთხევანი, თბილისი, 2006

ელექტრონული ვერსია მომზადებული საპატრიარქოს ბიბლიოთეკის მიერ