თუ მიაყურებ დუმილს ღამისას
და მახვილ სმენის შეგწევს უნარი,
მოისმენ გულის ცემას ამ მთისას:
ის კრთის, იდუმალმოგუგუნარი.

გამიგონია, რომ ამირანი
გაბედვისათვის მისცეს წამებას -
ფლობდა სიბნელე გულგამგმირავი
მის გათენებას და შეღამებას.

ადამიანებს მოსწყვიტეს ის, ვის
ასე უყვარდა ადამიანი,
ვერ შეეხედა ელვარე მზისთვის,
კლდე იყო ცივი და ნამიანი.

თოვლის ნამქერი, წვიმა და ქარი
გარე უვლიდენ ველურ კივილით,
საუკუნეთა ურიცხვი ჯარი
მის წინ ვიდოდა ასე ტკივილით.

თუმც გულს უწეწდა ყორნების გუნდი,
დღე ღამეს სცვლიდა და ღამე - დღესა,
გმირმა იცოდა, რა არის ხუნდი
და არ იცოდა, რა არის კვნესა.

წლიდანწლით იგი არყევდა პალოს
და ყოველ ასი წლის დასასრულზე
ლამის მოჰგლიჯოს, ლამის დასძალოს,
ლამის სურვილი გმირის ასრულდეს...

ყოველთვის მაშინ ხმადამცინველი
კავკასიონის კლდე-ფრიალოზე
მოფრინდებოდა შავი ფრინველი,
და დაიწყობდა ფრთებს ამ პალოზე.

მოსწევდა გმირი უროს საძალოს,
მაგრამ ფრინველი უცებ სწყდებოდა,
ურო სიმძიმით სწვდებოდა პალოს,
და პალო ისევ გამაგრდებოდა.

და ერთხელ ფრინველს დაუწყდენ ფრთანი,
დააკვდა პალოს და, აი, ბოლოს,
თავისუფალი სდგას ამირანი
და აწ ვერავინ ვერ დაიმონოს.

თუ მიაყურებ დუმილს ღამისას
და მახვილ სმენის შეგწევს უნარი,
მოისმენ გულის ცემას ამ მთისას:
ის კრთის, იდუმალ მოგუგუნარი.

ციკლიდან „პაციფიზმი“

ამერიკისა
იმგვარ სცემს გული,
რომ არ ივიწყებს ძველებურ რომანსს,
გამომიგზავნე, ევროპა, ფული,
ნუ დაიზარებ ქვეყნისთვის შრომას.

ცოტა კი უნდა გქონდეს ნამუსი,
პატივისცემაც სხვისადმი ცოტა,
რომ არ ჩაიცვა ტანისამოსი,
ასი წლის წინათ რომ იყო მოდა.

ახლა არ გშვენის მარაოს ქროლა
და მაგიდაზე დაიდაყვება,
Dinstiction-ი, რომელიც მხოლოდ
დაბადებას და აღზრდას დაჰყვება.

ამაოებავ! ვგრძნობ, რად არ აჰგვი

ფერფლს, თრთვილივით რომ დაჰფარა ჯვარი.

დაიძვრი მარჯვნივ - დაგწევს არაგვი,

გაიწევ მარცხნივ - დაგხვდება მტკვარი.

მოუხვევ - და გზას გადაგიჭრიან

გათხრათა ფშნები, როგორც არხები.

არ მიხვალ - ლალნი თვალებს გიჭრიან,

მიხვალ და - ცოცხლად დაიმარხები.

თუ იტყვი ძველი გზებით დახევას,

შენს აქ მომგზავნელს რას ეუბნები?

თვით მცხეთა შიგნით დაგშლის ნახევარს,

ნახევარს - მცხეთის გარეუბნები.

ზე აიხედავ - სივრცეა ზეცის,

ძირს დაიხედავ - რა გეფიცება?

მკვდარს - გვერდზე წვენილს, ხელფეხმოკეცილს -

ორმო-სამარხში გაეღვიძება!

ხმალს მივარდება მტერთ სამუსვრელად -

მტკვარი მოხვდება ხელთ ბრინჯაოსი

და ცხარე ბრძოლის იქცევა ველად

ველი სამთავროს სასაფლაოსი.

სვეტიცხოვლიდან შეხედავ ტყე-ველს

ძვირფასი ქვებით მოოჭვილ ჭაღში -

და ივერიის როსმე უძლეველთ

გმირთ წინ მიუძღვის თვით პიტიახში.

ახ, მტერი, მტერი, ის ტყისკენ იხევს,

არმაზის ხევით მისდევს წვალება,

მაგრამ უძლეველს არმაზის ციხეს,

მთაზე მდგომს, როგორ დაემალება?

უზარმაზარი გალავნის კედელს

ის გაეკვრება, შიშისგან მკვდარი.

ახალო მცხეთავ, შენს შეუწყვეტელს

ამღელვარებას ჟღერს ჩემი ქნარი.