შეხედე: ვარდნი მშვიდი თვალებით
სძლებენ ნარიდნი მსუბუქ ძალებით,
ვარდები უფრო კეთილშობილი
კვდებიან სწრაფი გარდაცვალებით.

გაყვითლებულა მიდამო-არე
შემოძარცული მთებით მოარე.
ფავნმა სიცილით მოვლო მთა-ველი
და არა ერთი მოჰკლა ყვავილი.

შემოდგომაა... ტკივილი ჩუმი
და ხელის გულთა ნაზი ქავილი.
ყვითელო, ჩემო ყვითელო ვარდო,
შთენილხარ მარტო, სრულიად მარტო.

რითმების გარდა არაფერი მაქვს...
რითი გაგართო? როგორ გაგართო?

აელვარებულ ღუმელთა შორის
იქ, სადაც კვამლში ქანაობს ძილი,
აჩრდილი მაღალ გლადიატორის
დადის საშიში, როგორც სიკვდილი,
გამოხედვა აქვს ზვიადი ქორის
და ბაგეების კერპი დუმილი,
გარშემო ნისლის იშლება ქუფრი,
ჭვარტლი, გუგუნი, ტალახი, კუპრი.

როგორც შეთქმულებს, ჩვენ არ გვაშინებს,
რომ არ ეტყობათ რტოებს რტოობა.
სულს დიდი ხნიდან აშალაშინებს
სხვა მარტოობა.
გაზაფხულია მაინც ასეთი,
კეთილი, როგორც კარგი ხარება,
ახალგაზრდობით მოკისკასეთი
ახარხარება.
მალე გადნება ყინული ლოდის,
მტკვარი ღრიალებს ტივების ტევით.
ამოდის მთვარე... ჰეი, ვინ მოდის?
ხელები ზევით!