თუ ჩემი ლექსი იქროლებს ქროლით,

შენ სიყვარულით მუდამ იმგზავრებ,

ვეალერსები ცას - ბროლით ნაჭედს,

შენს მთებს, ვენახებს, ბაღებს, ნიგვზნარებს.

 

ჩემი ოცნების მზე არ ჩაქრება,

სადაც შენა ხარ, დარეკს იქ ზარებს,

შენმა მინდვრებმა, შენმა ჩანჩქრებმა

ლექსისთვის სუნთქვა გამომიგზავნეს.

 

სადაც შენ ნათობ, მეც იქ ველვარებ,

თავზე მადგია შენი კაშკაში,

სადაც შენ იბრძვი, მეც იქ ვმღელვარებ,

შენი მხედარი, შენი ვაჟკაცი!

 

სადაც შენ ხარობ, მეც იქ ვნავარდობ,

განათებული შენი ოცნებით.

ჩემი სამშობლოს იავ და ვარდო,

თქვენს წმინდა წიაღს შევეხორცები!..

რასაც მღეროდა ჩანგური,

და რასაც სწერდა ბატისფრთა,

რაც გულში მქონდა ჩარგული,

ჩემში აჟღერდა, ატირდა.

 

რაც ჩოჩქოლობდა, ღელავდა,

სჩქეფდა ჩემს გარეშემოსა,

რაც კი სიცოცხლით ელავდა -

ის გულმა ლექსით შემოსა.

(ნაწყვეტები საყმაწვილო პოემიდან)

 

1. პროლოგი

 

*

წყნეთის ქუჩაზე

ბავშურ ღიმილით,

ვხედავ მიმელის

შიო მღვიმელი!

მართლაც მემღვიმე

სიღარიბისა,

რა გაჭირვების,

რა სიმძიმილის...

...მერცხლების მამა,

ჩიტების ელჩი,

კურდღლების ძია,

წყაროს ძმობილი,

იის ნათლია,

ყანის დარაჯი,

ხის და ხეხილის

ხმათა მცნობელი...

- ასე გვიყვარდა

შიო-მღვიმელი,

ბავშვების გულის

მიმომხილველი...

„გულთაფლიანო“, - ეტყოდა ვაჟა,

„ძიას“ ეძახდა

ამერ-იმერი...

 

*

წყნეთის ქუჩიდან მე რას მავალებს

და რას მაბარებს თქვენთან,

ბავშვებო? -

რომ ოცნებათა დილა ვაშენოთ,

რომ გაზაფხული იყოს გარშემო!

- თქვენ გიმღერეთ, მალხაზებო,

ენა გავამერცხალეო,

კუდრაჭებო, თქვენ სალხენად

არ მჭიროდა ხვეწნა, მეო;

ლერწამებო,

ვეწამეო,

უგოლგოთოდ ვერ წავეო!

 

*

- რომ აქანებ მწვანე წნორებს,

ჰე, ნიავო, მორხეულო,

მითხარ სწორე,

მითხარ სწორე,

უმიხვეულ-მოხვეულოდ -

ვინც ქვეყანა მისცა მძორებს,

რატომ არა რცხვენიანო?

ხალხი როდის გაასწორებს

საკუთარ ბედს, ჰე, ნიავო!..

 

*

ნიავო, ვარდზე ნუღარ ქანაობ,

და შენც, დაჩუმდი, ბულბულო

მთვრალო,

ნუღარ შრიალებ, ოქროს ყანაო,

მაცალე, ჩემი წყლულები ვთვალო!

 

რამდენი არი, რა უამარი,

ნეტამც ვინ არის მისი დამთვლელი?

დროება შემხვდა მე უამური

პოეტი ვიყავ...

            ისიც ქართველი!

 

დილის სხივებით შეუკონია

„სამი ცელქი“ და „ოქროს თავთავი“.

დედაჩემისაგან გამიგონია:

ყვავილებით აქვს ლექსი ნართავი...

 

გვირილით შეჰკრა შიომ წიგნები,

ბალახის ყდაში ჩასვა ხელწმინდად,

ხალხს უმღეროდა გულის მიგნებით,

ცანგალას ცრემლი სიმით შესწმინდა.

 

- ის პატარა, ერთი ცრემლი

რად ედება ნისლად მიწას?

რომ ის ნისლი გაიფანტოს

გაქარწყლდეს და გადაიწვას!

 

მე გულიდან ვაჩენ ცეცხლსა,

დავიწვი და მას კი დავწვავ!

ნუ დაზოგავთ ნურც თქვენს

                        თავსა!..

 

შეიყვარეთ მამული,

ცრემლით მოცვარნამული,

ყვავილები, სიმართლე!

და გონების ალმურით

ბნელი გაასინათეთ!

 

*

ეს ანდერძი შიოსია,

ყვავილსა და ყვავილ-შუა.

ბედის უარშიოსია*!

ღვაწლი რომ არ დაიშურა!

 

- მისთვის გვიყვარს ძია შიო,

რომ ლექსებით დაგვაჟიოს!

 

გამოუთქვას ლექსი მერცხალს,

წყაროს ალმას-დანავერცხლარს,

ყაყაჩოს და ფერისულას,

შეჰღაღადოს ერის სულსა!

 

უთხრას ლექსი მხვნელსა,

                        მთესველს -

ქართულ მიწის მოალერსეს! -

იძახიან კუწო, წრუწო,

მიხა, თამრო, შაქრო, სესე...

 

*

- ჭიი-ჭიი, ჭიკჭიკაო,

გაზაფხულის შიკრიკაო!

 

მიწა ფერსახეს იცვლიდა,

მერცხალი ცაში ჟღიოდა...

და ყვავილები მიწიდან

სტუმრად მოდიან შიოსთან:

- ლექსები დაგვიწერეო,

გვამღერე აგვაჟღერეო!

შიო ჰკოცნის და ემთხვევა

- დარდები გადამეყარა!

ამოდი, იავ, მიწიდან,

მოდი დაბურე ქვეყანა!

შემოიქროლე, ნიავო,

ტანი შეჰყარე, ჯეჯილო,

ჰყვაოდე, ვარდო, მზიანო,

მთელი ხმელეთი გეჭიროს!

 

*

გული გადიდნო კურცხლებად,

იმ ცრემლით ჩვენ გვაკურთხებდა...

დაგვაძმობილა მოლაღურს,

ნამილოკია კურდღლებსა!..

 

*

ბეღურები ნადირობენ

მზის სხივსა და ნამცეცებზე;

ქინძისთავის ტოლა თვალებს

ბურთის ტოლად აცეცებენ...

და თუ შიო გამოჩნდება,

ხელზე მიაფრინდებიან,

შეჟღივიან ძია-მგოსანს,

შთაგონებას ჰპირდებიან...

ბევრ სათქმელად ვერ მცალია,

ჩამოვთვალო ყველა რიგით,

შიოს მუზა - მერცხალია,

ეგზავნება აქეთ-იქით.

 

*

დამიბრუნებს ყრმობის აჩრდილს,

განედლდება მშრალი ფესვი.

ჩემს ბავშვობას დროსგან

 წაშლილს

კვლავ აღმიდგენს შიოს ლექსი!

 

მყის ხელთ დამამშვენებინებს

ქაღალდის ნავ-იალქანით,

თეთრ კოშკს ამაშენებინებს,

ვერ წამიქცევს ნიავქარი!

 

მომაწოდებს მოღიმარე

აკიდოს თუ ბლის კუნწულას...

შიოს მშობლად ვაღიარებ,

მისი მადლი დამეწურა.

 

*

...და მოდიან მწყობრი სვლითა

თაობიდან თაობები...

დაქანცულნი ოფლის ღვრითა,

ნაბრძანები, ნაომები.

 

და შიო კი, ბავშვად რჩება

უბერებელ გულით მღერის,

არასოდეს არ გახდება

ბერი პაპა თეთრი წვერით.

 

დგას ღიმილით ძველ პალტოში,

უხარიან, რომ გვიყურებს;

რომ ვერ აზრობს ზამთრის თოში,

კიდევაც გულს გაგვიხურებს.

 

და სიცოცხლეს ახალს გვმატებს...

უსმენს ყრმათა ჟივილ-ხივილს...

და საფლავშიც ბნელს უნათებს

სიყვარულის ჩვენის სხივი!

 

*

შიო წავიდა,

მერცხალი დარჩა,

წავა მერცხალიც,

ლექსი დარჩება!

 

ვისაც ხალხისთვის

მიუძღვის გარჯა,

და ვინც ერის გულს

დაესარჩლება, -

მუდამ ვუმღერით,

მარად ვადიდებთ,

კიდევაც წამლად დავენაყებით!

 

მათ სადღეგრძელოდ უნდა

                        დავწუროთ

სიტკბოთი ზვრები და ვენახები...

თუ სხვისი აღთქმა დავიდასტუროთ,

წინაპრებს ვეღარ დავენახვებით...

 

 

 

2. ვაჟა

 

- გულზე არწივის ფრთები ასხია! -

ასეთი გვწამდა ვაჟა ბავშვობას,

ლექსის ღვართქაფი გადმოაზღვია,

მთების ძარღვიდან წარმონაშობმა.

 

მის გულში ზვავმა აიდგა ფეხი,

და სიტყვამ დროშა შეაჟღრიალა,

ჩვენ აგვიკვნესა ყრმობა ზარტეხით

დაჭრილ არწივის ფრთების ფრთხიალმა.

 

როცა დამღრჩვალი იყო ჰაერი,

როცა სუნთქვისთვის იბრძოდა ერი,

მაშინ მღეროდა...

                        გადამთელები

როს გულს ჩექმური ლურსმნით ჰყინავდნენ

და გვირგვინები დიდ ქართველების,

დიდი გმირების სულში ბრწყინავდნენ...

მათ შორის გვყავდა ვაჟა-ფშაველაც,

იმ დროს მზეგრძელი, თვისი ხანჯალით

მთებიდან ლექსი რომ გააველა,

და გადმოუშვა, როგორც კანჯარი!

 

მას პირი ჰქონდა სიმწარით სავსე,

მაინც მღეროდა წყევის მაგიერ...

აჩქროლებული სამშობლოს ცაზე

რა უღმერთობით დააკარგვინეს!

 

ღვაწლი აანთო ცრემლის სანთელმა,

და სისხლი სულად იქცა ერისა.

სულს არა სძინავს... გაგვიჯანმთელა

სიტყვა ერთხელ რომ გადაგვენისლა.

 

დრო გადავიდა შენი ჩაგვრისა,

გაცვეთილ ჩოხას ცრემლთ რომ ადენდი;

როგორ დაენთო ჭრაქი ჩარგლისა

მთაწმინდას, დიდი შარავანდედით.

 

*

მთების გზებით თბილისისკენ

დათოვლილი ნაბდით მოდის...

თოვლი მისდევს ორ-წყრთა სისქე,

და ზრიალით ქარაშოტი.

ნისლი მოსდევს სიმღერებით

არაგვის ჩქრო

სევდის ხმაზე;

და უთქმელ ლექსს გზად კითხულობს,

ვით წარწერას გორდა ხმალზე.

- ვაჟა, ვაჟა! - ხარობს შიო, -

მიყვარდი და გამიხარდი!

სად ხარ, სადა, უარშიო*,

აგრე უნდა? სად მიჰფარდი?!

როგორც მუხას მწვანე სვია,

შიო მკერდში ჩაეხვია:

- რასა იქ და რა ამბავი!

მოგაქვს ლექსი სასტამბავი?

ისევ გიჭრის ხომ ფარხმალი?

- მთას მივები ჩემი ფესვით,

არც ძველი და არც ახალი!

მარტო ხალხის კვნესა მესმის

და ჯიხვების რქის ჯახანი...

დაშარტული გულით ვმღერი,

წინ მიდგია თაფლ-ნაღველი,

თვალი მტკივა, მაგრამ ერის

წყლულების ვარ დამნახველი!

 

*

...და ჩვენ, ბავშვები თან ავყვებოდით,

ვაჟას და შიოს ქუჩაში, ჩუმად...

ორივე მგოსნის მზერით ვტკბებოდით,

მათზე ოცნება დაგვედო რჯულად.

ვით ქალაქელი და თავჩენილი,

შიო ქალაქის ამბებს ჰყვებოდა,

როგორც სოფლელი ჩამორჩენილი,

ვაჟა მორჩილად თან მიჰყვებოდა.

- ჰმ! - შესძახებდა ვაჟა-ფშაველა, -

მართლა? უყურე, როგორ გვბრიყვობენ!

რა მამული გვაქვს, ორი მტკაველა,

იმასაც მტრები ჩუმად იყოფენ!

ღმერთგადამდგრები! ჩვენი კარაქით

და ჩვენი თაფლით თუ ყელს იპოხენ,

ხმას რად არ იღებს თბილის-ქალაქი?

ჰხედავ, რომ სხვებმა გადაიღობეს!

ოჰ, რად არა ვართ ძალაძლიერი,

როგორც ვყოფილვართ, ერთხელ, ძველადა,

გამოჩნდებოდა პოლიციელი,

სუნს აიღებდა და შებღვერავდა...

 

- დაბადებული ორ დღის ტალახად

არყით ტანჯული ჩვენი მტანჯავი! -

გადაიწევდა მხრებიდან ნაბადს,

გამოჩნდებოდა ვაჟას ხანჯალი!

...სხვა იყო მათი გასაბჭობელი -

ცენზორი, სიტყვის დამახრჩობელი!

ჭკუამოღლილი კრიტიკოსები,

სიტყვას რომ გულით არ ეგზნებიან...

და პოეზია: რა ლექსებია,

ქაღალდზე ადრე როცა ლპებიან

და უსახელოდ იღუპებიან.

მრავალი, კიდევ სხვაც ეგებოდათ,

ზოგსაც ვხვდებოდით ჩვენი გუმანით, -

გამომცემლისგან რომ ერგებოდა,

ვაჟას „ცრემლებში“ ხუთი თუმანი,

როგორ აეღოთ, რა იერიშით,

რა მოხერხებით, ძალმიტანებით?

გამომცემელს კი არ ჰქონდა შიში,

ბევრი ენახა ამისთანები!

ქაჯეთის ციხის აღების თათბირს

მიჰგავდა მათი ბჭობა-რჩევანი,

მაგრამ სად ჰქონდათ მეჩხუბრის ზავთი

ორივე იყო დაუჩვევარი!

 

...და შემამჩნიეს...

ამაკანკალა...

ჩამოიხედეს ალბათ გულშიგნი...

- მოდი, პატარავ, მოდი, ცანგალავ,

როგორა სწავლობ?

ხომ გიყვარს წიგნი?

ხომ გტანჯავს ფიქრი თავისუფლების,

სევდა სამშობლოს, ავადმყოფისა?

„ - თქვენგან მელები სურთ გამოწურთნონ,

ღონე იღონეთ ლომად ყოფნისა!“

- მთების სული,

იის თვალი,

დაწმენდილი ზეცის რკალი,

ლექსის ფუძე,

სიტყვის დედა, -

ყველა მთაში დამებედა! -

იტყვის ვაჟა! - სხვა ქონება,

ოცნება და შთაგონება,

მე აღარსად მეგონება!

ნამოს გული, - შებარდებულ

ბუერათი ტინის წყარომ;

მე ხმელ წიფელს შევბრალდები,

უნდა ქუჩმა შემიწყალოს!

 

მთის შვილები - ქართველები,

მთისგან ვსწავლობთ ამაღლებას,

ჟამთა ღამენათევები

მისთვის დავრჩით ამაყებად!

ალმასშხაპა მთის ჩანჩქრისებრ,

ყრმათა ბროლის დამხვეწელო,

ვით მშობლები, მთებიც ისე,

მოდი, შიო, ვადღეგრძელოთ!

 

*

ჭირსაცემი ფიქრი ჰქონდათ,

ახლაც მრავლად აუქროლდათ,

რომ გაჰქონდათ ქართლი ქორთა,

წინაპართ ძვლით დაჯავშნული...

და კიდევ სთქვა ვაჟამ სმური:

- სამშობლოს ღმერთებს მივცეთ სალამი!

მიგვემატება მუდამ ძალა მით...

 

თუ არ ვახსენეთ გმირ-მოწამენი,

დაგვაწვებიან ძნელნი ღამენი...

რძეს ვეღარ შესწოვს ფესვი მუხისა,

ცეცხლი ინაცრებს,

დვრიტა წახდება,

ცა გადმოუშვებს სეტყვა-ქუხილსა,

მტერი მით უფრო გაგვილაღდება!

 

*

ღარიბ ღუმელში არ ენთო ცეცხლი...

დარდის ლოგინში ორთავ ეძინათ...

ღამის ოსტატს კი, ნაწური ვერცხლით

შიოს ფანჯრები მოევერცხლინა.

რა ღამე იყო, - თავნამქრიანი...

გაუდიოდა გრიგალს გრიალი...

 

*

თავზე ხილაბანდწაკრული ვაჟა

უცბად შეშფოთდა დაძინებული,

- ვაჟავ, რა იყო, რა დაგემართა? -

აღვიძებს შიო განცვიფრებული.

წამოიფშმუვლა ვაჟამ, ეტყობა,

დაჩხვლეტილი აქვს გული ეკლითა:

- სიზმრად ირმები შემომბღაოდნენ,

გრძლად ყინულები რქებზე ეკიდათ!

- გვცივა, გვშიანო... რა მომივიდა?

თუ ვერ უთიბე, მაინც მეყიდა!

აბა მითხარი, რა მაქვს საქები?

ირმებს ვერ მივე ზამთრის საკვები,

ეჰ, ვერ დავუდგი თივის ზვინები,

მეცოდებიან, როგორც შვილები...

- ვაი ჯონქაო, ვაი ფიწალავ!

მიყუჩდა ვაჟა... ისევ წასთვლიმა,

თუმცა სიზმარში დიდხანს ეწვალა.

 

*

და განა მარტო შიო მღვიმელი,

უფულობის ღმერთს დაუსეტყვია!

ვაჟაც, თვით ვაჟაც გულთამხილველი...

რედაქციაში მასაც ეტყვიან:

- ჩვენი ხარ ვაჟა, განა სხვისი ხარ,

მოგვილოდინე... ფული გვექნება!

შენ ცოცხლივ ძეგლის დადგმის ღირსი ხარ.

განა არა გვაქვს ამის შეგნება!

მაგრამ ქაღალდი გვიჭირს ძალიან,

ვერც გავისტუმრეთ ასოთამწყობი...

ვაჟავ, ჯერ შენთვის არა გვცალიან,

ჯერ სხვა პური გვაქვს გამოსაცხობი!

 

*

...და ვაჟა დგას, როგორც ურჩი,

ვით ნაწყენი სოფლის ბავშვი,

ნავაჭრიან სავსე ხურჯინს

ვერ წაუღებს ცოლ-შვილს ფშავში!

- სულ ვშიმშილობ დღე ცისმარი,

მაგრამ სული არ დამემშა! -

სთქვა ვაჟამ და ვით ისარი,

კარის ზღურბლზე გადაეშვა...

 

*

დამჭირნეობამ დაამჭუნვარა,

რა ჰქნას, თუ ლექსებს ვერ შეელია,

და უბით დააქვს ფარატინები...

რად ვერ შველიან,

რად ვერ შველიან

საქართველოზე მექვითინენი?

ხომ არ უწყვიათ გულში ტინები?

არა უშავს რა!

ცრემლი და ლექსი

ერთად ივლიან მწყობრი დინებით...

 

*

მიდის ფშავისკენ ვაჟა-ფშაველა

და მუხლით არაგვს მიაჩქაფუნებს,

დე, გაუგრილონ შუბლი ფშანებმა,

იმ ცვრით ვაჟაი, ლექსებს აპურებს.

მაგრამ ჩარგალში ქოხი კვნესოდა.

აყრილ ლაფანის ჭრაქი ქრებოდა,

ხმა მომდურავი ვაჟას ესმოდა.

სარკმელი ფიქრით ენამქრებოდა;

ეზმანებოდა ლაშარის რაში,

დარახტული რომ ყალხზე დგებოდა,

იერიშის დროს ელოდა მაშინ

და მიწა ფეხქვეშ ეზნიქებოდა...

 

*

ხან არი თოფი

ვაჟას გამრთობი,

უხმობს ირმის ხრო ნამარილევი...

მაგრამ თუ შეჰხვდა სადმე ირემი,

თოფს ძირს დაუშვებს დამნაშავისებრ,

ნახვას სჯერდება...

მყის შეჩერდება...

არ ემეტება მისთვის შავი მზე!

 

*

მოკამკამეობს ჩარგალში ღამე,

ირმის ყვირილით, შველთა ხავილით...

არაგვს მოსწყდება ვაჟას სტრიქონი,

კლდეზე იშლება თეთრი ყვავილი...

 

*

სწერს და იგრძნობს ვაჟა

არწივს ბეჭის ფრთაში...

და გადაღმა მთაში

ისმის მეხის ტაში:

            - ვაშა,

            ვაჟა!..

 

*

...და ასე უცებ, რამ დაანელა?

ნუ თუ აკრიფა განძი სრულებით?

წევს ჰოსპიტალში ვაჟა-ფშაველა

და მთებს ეძახის განწირულებით.

იქ კენჭიც კი აქვს მოსაფერები,

იქ, თითო ბიჯზე მისი ტერფია!

იქ დარჩა ბევრი! უხვი ფერები,

ჯერ ყველა როდი აუკრეფია!

კედლებს ასკდება შევარდენივით,

მოწყალების და ვეღარ აჩერებს;

და მთაზე, მთაზე გულშევარდნილი,

ეზახის ნიავს, არწივს, ჩანჩქერებს,

ჩოქზე დამდგარი ხეს ეხვეწება,

მისცეს ფოთოლი ცვარნამცხებული...

და იატაკზე დაენარცხება,

როგორც სარდალი გამარცხებული!

 

*

- დეკას ყვავილი მოუთხოვია,

როგორ ვუშოვო? - შიო გმინავდა...

- მთაში იპოვი, საუცხოვოა!

და შიოს ნატვრა გულს უგმირავდა!

- წავალ, შავს კლდეებს დავებღატები,

შევთხოვ ქარაფებს, ჭიუხ-ნაპრალებს,

არ დამიჭერენ სალი ღრანტები,

ვაჟას სიცოცხლეს მათ შევაბრალებ!

 

*

მაგრამ დარეკეს ოქროს ზარებმა,

ვაჟა შოთასთან მიემგზავრება...

ეყო, რაც ვაჟამ მოხნა, დაბარა,

სამშობლოსათვის ოფლი იწურა,

შოთამ ბაღნარი გადააბარა

მოსავლელად და ვაჟამ ირწმუნა...

ერთად სხედან და ტკბილსაუბრობენ,

შოთა ჰკითხავს და ვაჟა მიუგებს

სამშობლოს ამბებს... ორთავეს სტკივათ,

და უკვირთ ქართლის ჭირთა სიუხვე...

დღე მომავლისა ერთად იწამეს

და სამშობლოს მზეს ერთად ჰფიცავენ...

სისხლით შეღებილ ველს თუ ჭიუხებს...

 

*

- შენ როდის გაჩნდი საძილედ?

გაყარე ცეცხლის ბურჯღალი!

ისევ ნაპერწკლით აზილე

ერის ბოღმაში კურცხალი!

ვინ დაგვიმღერა მაგდენი

ფოლადიანი სიმებით?

მიწასამც დაუმაგრდები! -

ხალხი მისძახდა იმედით.

 

* უარშიო - ჯიუტი, დაუმორჩილებელი.