მე თუ ვერასდროს ვერ მოვედი, ძვირფასო, შენთან
და თუ ვერასდროს ვერ გითხარი ჩემი სათქმელი,
თუკი ვერასდროს გაგაგონე ამ გულის ფეთქვა,
თუ ნაადრევად მიმითვისებს ცივი ნამქერი,
დამპირდი ჩემო, დამპირდი, რომ მატარებ ფიქრად,
რომ მოგონებად გადამაქცევ, რომ ცრემლად დამღვრი,
რომ ხან ჩუმ სევდად გამომსახავ, ხან კი ღიმილად,
რომ შემიფარებს შენი სული სიშორით დაღლილს,
რომ შენს თვალებში ჩამასახლებ შეუცნობ დარდად,
რომ შემინახავ საიდუმლოდ სულ მუდამ, კარგო,
და მე არ მინდა სხვა იმედი იმ ერთის გარდა,
რომ შენ არასდროს, რომ არასდროს დამტოვებ მარტო...


06.04.2008

ვითარც სამოსი მომეხვია სიჩუმე ღამის
და ღელვა ამ ზღვის ჩამისახლდა სულის სიღრმეში,
რომ მოხვიდოდე ეხლა ჩემთან თუნდ ერთი წამით,
რომ მოხვიდოდე ისე უცებ, როგორც ფიქრებში,
გავგიჟდებოდი უფრო მეტად ვიდრე ზღვა ქარში,
ავტირდებოდი უფრო ძლიერ ვიდრე შავი ცა,
გაგიღიმებდი უფრო ნაზად ვიდრე მზე მარტში
და დავიწყებდი სულ ყველაფერს ისევ თავიდან...


12.03.2008

გაქრნენ ფიქრები, გაქრა მუზა, გაქრა ოცნება,
გაქრა ღიმილი, გაშრა ცრემლი, სევდასაც ვერ ვგრძნობ,
დავცარიელდი! ვაი, როგორ დავცარიელდი...
სულში ბოროტად მომღიმარი წყვდიადი მეფობს.
გაქრნენ სიტყვები, გაქრა მზერა და მოლოდინი,
გაქრა ყოველი... შენთან ერთად ყოველი გაქრა...
ირგვლივ სიცივე, ისევ წვიმა და სიმარტოვე...
მე მხოლოდ ღამის ყრუ ჩურჩულით ვერთობი ახლა...


14.03.2008