ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი,

ტყეები გადიყირმიზა,

ენკენისთვეში მთებიდან

ისმის ყვირილი ირმისა.

- რასა ჰყვირიან ირმები

ყორან-მთას, ყარაიასა?

სახუნდარიდან მარეკი

გულში გაარტყავს ტყვიასა...

ხარი ირემი ფურს ეძებს,

მთაში ნასუქი ღიჭითა;

ქაფსა ჰყრის გადაკაწრული

ეკლებითა და ხიჭვითა.

თავი ანება ცალისთვის

იალაღების მწვანესა.

მოამტვრევს რქების ლაწანით

ჩალას ტყეს, ლერწმოვანებსა.

დაშტერებული ჯოგები

მორბიან თავდაყირანი...

ხარი ფურს ეძებს ღრიალით,

მე - სიყვარულსა მყვირალი!

გახელებული ხარი ვარ,

გეშს ვიღებ ნიავქარზედა,

მაჩვენეთ ჩემი ოცნება,

რქა ზედ მივაფშვნა რქაზედა!                            

სულ მივამტვრიო, მივლეწო,

გულში რაც გადაირაზა,

შევყვირებ,

როგორც ირმები

ჰყვირიან ყარაიასა!


1928 წ.

შალვა აფხაიძეს

 

სულ ოთხნი იყვნენ... სახედინჯები,

ქაფიან ჩქერში ზვირთის მჩეხელი....

სულ იყვნენ ოთხნი... იაფინჯები,

ნიგვზის ფოთლები, სველი ფეხები...

 

მოჰყავდათ ტივი ტურფად შეკრული,

ვით კიდობანი ნესტანჯარისა;

ნაციხარები ჩანდა ბედკრული,

ლურჯი ყანები... ტყე ფიჭვნარისა...

 

წინ ეგდო მტკვარი და კლდე შვეული,

ცხვრის ფარასავით რიყე ეყარა;

მოჰყავდათ ტივი მთას აშვებული,

თითქოს მოჰყავდათ ბრძნულად ქვეყანა.

 

გამოიარეს ვიწრო ალაგი

და ფაფასავით სქელი მორევი,

შორს დაინახეს დიდი ქალაქი,

აშენებული ნაძვის მორებით.

 

და გაუღიმეს ერთიმეორეს...

და როცა ტალღამ დაჰკრა  ყვირილით, -

მეტივეები ჰგავდნენ მეომრებს,

ტალღას აპობდნენ ორთაყვირებით.

 

მოსაღამურდა.

ხვადი მგლები დასხდნენ შავადა,

ლუკმას ხლეჩავენ დამკლავებითა;

ღვინიან ჯამში

ნარგიზივით მთვარე ჩავარდა,

ივსება მტკვარი ვარსკვლავებითა...


1927 წ.

მარმარილოს ნაწურივით

მოიმცვრევა ბროლის ქულა;

მთას ირემი დაცემული,

მთას ირემი დაცემულა!

სადღაც ტურფა და ლამაზი

ანაზდეულ დაღუპულა...

მთის მწვერვალებს ცის სიწმინდე -

თოვლი დასდით ფეხბუმბულა;

ხეობებში გასძახიან:

მთას ირემი დაცემულა!


1927 წ.