რა მწუხარეა და რა ოცნებით

ოქროს ფოთლები მტვერში რეული...

ეს შემოდგომა თვისი ძონძებით,

წვიმა-ტალახში შემოთრეული.

 

აბურდულია წვიმის ფაფარი

და ყველა სკამი ბაღში სველია,

თითქოს არ იყო არსად საფარი

და აღარც ვინმე მოსასვლელია...

 

ძველს როიალზე უცნობი ქალი

ეთამაშება მოწყენით გამმებს...

გასცოცხლებია ოცნება მქრქალი,

წყლულებს გაუჩენს, თან დაუამებს!

 

ჰქუხს როიალი... ნუთუ იპოვა? -

ალბათ, რომ ვინმე მოსასვლელია.

მას ელოდება, მაგრამ ვინ მოვა? -

ეჰ, ყველა სკამი ბაღში სველია!

 

ეს შემოდგომა შემოთრეული

რა მწუხარე და რა შიშველია...

მზე იბჟუტება რქამომტვრეული,

სარკმლიდან მოსწვიმს...

სულიც სველია...


1926 წ.

დილა ნარგიზნარევი,

ვენახი, ნიგვზნარები,

და მზის ცვარის მწოვარი

მხიარული მინდვრები -

ჩემი სამშობლო არი,

ჩემი ნამემკვიდრები,

ჩემი გულის მეგზური

და ოცნების მანძილი...

ჩემი სიტყვა ლექსური

არი მისი ნაწილი...

სიტყვას რომ შუქს ვადენდი, -

მისი შარავანდედის

არი გამონაჭვირი...


1926 წ.

- „ხელსახოცსა გადმოგიგდებ,

ოქრომკედით მოქარგულსა“.

- შიგ დამწვარ გულს ნუ გამიხვევ.

იოლად ნუ გზავნი ნურსად;

მე ისედაც ტვირთი მაწევს,

გზას ვერ ვიგნებ ბაიბურსა,

შენი გული რისთვის მინდა,

ჩემი როცა ჩაილურსმა!

 

- „ხელსახოცსა გადმოგიგდებ...“

- ნუ, ნუ მახვევ ოქრომკედსა,

ნუ დამახრჩობ ხელსახოცით,

ლექსის ძარღვს ნუ დამიკეცავ.

სიმღერების ბოლი მახრჩობს,

მოგუბდა და ყელს მილეწავს;

შენი ოხვრა რისთვის მინდა.

შენი ტკბილი სინაზეცა!

 

- „ხელსახოცსა გადმოგიგდებ,

ოქრომკედით მოქარგულსა“!

- ნუ იმეტებ, მშვენიერო,

ნუ გაუშვებ მარტოს ნურსად,

თუ იმეტებ, გაიმეტე,

წყალს მიეცი ჩაილურსა,

შენი გული რაღად მინდა,

როცა ჩემი ჩაილურსმა!

- ხელსახოცსა...

- ხელს გაკოცებ,

თუ გამიხვევ მუჭა ნუშსა!


1926 წ.