ამოიყარა მტკვარმა ბურუსი,

გზები ნისლებით გადაირაზა,

თითქოს დაძრულა დიდი ულუსი

და მოაბნელებს ყარაიასა.

 

თითქოს ტომარი გადამახურეს...

სადღაც მიწყნარდა ეტლის ეჟვანი:

მახათის მთაზე, სახრჩობელაზე,

ერთად ვფართხალებთ მე და ბეჟანი.

 

უცბათ იყივლებს ცისკრის მამალი,

ჩნდება მთაწმინდა თეთრი ფრთებითა;

ბრწყინავს სამგორის დიდი ტრამალი

ყარაყორუმის ყვავილებითა.


1925 წ.

ეს ეკლესია

ერეკლესია!...

ამბობს წარწერა ზედ ამოჭრილი.

არ ჩანს არავინ ეკლესიაში,

არც დაჩოქილი მოჩანს მორჩილი...

 

გადაპობილა თაღი შუაზე

და ხავსს კედელზე გააქვს  ბიბინი...

შუაღამისას ისმის უეცრივ

ტანაბჯრიანი კაცის ქვითინი...


1925 წ.

განწირულო, ცხოვრებას

ოცნებანი არჩიე,

ხეზე სჭრიდი ფრინველებს,

ყვავილებს და არშიებს.

 

სველი ყანა გიყვარდა,

სოფლის სუფთა ღრუბელი,

ბურბუშელის ჩანჩქერი

და ლექსი დამღუპველი.

 

ლექსი რაღად გინდოდა,

უბედურო ხარატო?

არ იცოდი, ოცნება

ხშირად გულსაც ღალატობს!

 

არ იცოდი, დიდებას

ბევრი ცრემლი სჭირდება?

გადაგჩეხეს, დაგღუპეს,

წითელგულა ჩიტებმა!

 

იალქნების მკერვალი,

ჯეჯილების დარაჯი.

რა ცახცახით დამიწდი

დახეულ სუდარაში!

 

უძეგლო მომღერლებო,

თქვენს სახელს ვინ გამთიშავს...

მტვერიმც მომენატრება

თქვენი ჩოხის კალთისა!


1925 წ.