ისევ აყვავდა გული ვარდივით,

და ისევ მინდა შენზე დავწერო...

დარიალიდან გადავარდნილი

ხაზარეთისკენ მისცურავს წერო.

                                  

დახანძრებული წევს ივერია,

მტკვარზე წნორები უკრავენ თარებს,

მეტივეები  სადღაც მღერიან,

სოფლის გუბეში გაჩრილა მთვარე...

 

სთვლემენ ბეღლებში ლურჯი ყანები,

ელვარებს ხვავი, თითქოს ლამპარი.

ჩალაგდნენ ყველა ჩინგისხანები...

სთქვი, მეწისქვილევ, ერთი ზღაპარი.

 

სთქვი ნაღვლიანი ძველი ქართლივით,

ან აზნაურის ქალზე ვიმღეროთ...

დარიალიდან გადავარდნილი

ხაზარეთისკენ მისცურავს წერო...


1925 წ.

            „გადამაგდე და დამკარგე,

            როგორც ჩერქეზმა ისარი“,

            ასე გავარდა სამგორში,

            ცას დაეხალა ციცარი.

           

            ვაჲ, ნაგზაურო ციცარო,

            გაზრდილო ჩემის ხელითა,

            შენს სადღეგრძელოს აღარ ვსვამ

            ქაფქაფა საწნახელიდან.

                                  

            არც დაგიღებავ ფრჩხილებსა,

            ზაფრანა-დარიჩინითა,

            წადი და იმას აკოცე

            ვინც მინდვრად გაგაჯირითა!

                                  

            ის ბაზიერი გიყვარდეს,

            გაჭმევდეს აღჯანაბადსა;

            მე ჩემს გზას გამოვუდგები,

            ცხენზე დავაკრავ ნაბადსა.

                                  

            სათათრეთს გადავარდები,

            დამკვრელად ვივლი თარისა;

            ჩოხა წვიმისა მეცმევა

            და ყაბალახი მთვარისა...


1925 წ.

ვეფხი მოკლული დიღომში 1922 წელს ნოემბერში.

ვალერიან გაფრინდაშვილს

 

სარაცინების თესლით ამტყდარი

და პამირების ბურში მყვირალი,

მოატყდა სივრცეს გასაკვირალი,

პანმონგოლიზმის ბაირახტარი.

 

ხალიფატების დასტოვე ტახტი

და სისხლი მღვრიე ვერსად დასტიე,

ალბათ შენ ყავდი ბრწყინვალე რახტით -

უკანასკნელი ძველ დინასტიებს.

 

რომელი უნდა გელეწნა რასა

და მერამდენე გემტვრია რომი,

როცა დაეშვი დაუდგრომელი

და მზე გტეხავდა ბარბაროსული.

 

ვერ გაჰხეთქავდი რომელს ავშარას,

რომელ გუმბათზე ხმალით დადგები?

ბერდუჯის წყალზედ წივის ჯავშანი

გამოქცეული ათაბაგების.

 

მაგრამ ავია ბედის ტრიალი.

შენი ვარსკვლავიც ყოფილა მკვდარი.

ვეღარ დალაშქრე შენ დარიალი.

სისხლი შაასხი მსუქან კედარებს.

 

გადმოვარდნილი წითელი ფაშვი

შენ აზრაილის შუბზე მბრუნავი,

ურემზედ ეგდე ვით ქუჩის ბავშვი

ასპიტ ღამეში დასახურავი.

 

და საყვირების ხმები გრგვინავი:

მემკვიდრის გული აღარა ტოკავს.

თესლო! ყველაზე ნაგვირგვინარო,

გადაგეფარა სიკვდილის ტოგა!


1924 წ.