აზიის კახპავ! თარაქამა გიჯვარედინებს,

გიყნოსა თეძო და მსუქანი კაბის შრიალი.

მეწველ ჯიქანებს ახვრეპინებ ჯალალ-ედ-დინებს

და გამოშიგნულს შაგადგება შავრაშიანი.

 

დაგეძებს ბუღა და ყუდროში ვერსად დაგაბით

ბუნდრად მომსკდარან ურდოები ვით კანჯარები:

ჩაგენგრა მკერდი დალახტული, ორად ნაკაფი

და ხერხემალზედ შემოგალპა ნახანჯრალები.

 

დაობებული შენი თესლი ვერ დაიჭექებს,

ვეღარ აყვავდეს შენი ძვლები მტვრათ დაგროვილი.

და მონღოლისგან დახანჯლული ძირს ჩაიჩოქებს

შენი ლაშარი, დაირმული, დაოქროილი.

 

მოდგა და მოდგა დარუბანდით სისხლის დგანდგარი,

დატუშა რიყით საძოვარი შრატით მცვრეული

და ჩემი რასა - ულაყების ჯიში მაგარი,

საღრჩობელიდან იყურება განაცრებული!


1922 წ.

გახსოვს, ტაბახმელავ,

ბრძოლები გმირული

და მკერდი მრავალის

შენთვის განგმირული.

 

ქალებო, შეამკეთ

მათი საფლავები,

საქართველოსათვის

ვინც დადეს თავები.


1922 წ.

სისხლიან ქუჩებს მივანდე თავი

და შევიყვარე ბარიკადები.

მე სიჭაბუკე ცეცხლში დავჰყავი

და მხიბლავს მხოლოდ ცეცხლის ვარდები.

ზეცის ეტრატზე როცა იელვებს,

შავი ღრუბლები აიშლებიან,

ო, ჩემი ქუჩაც მაშინ იელვებს,

ბაირაღები გაიშლებიან.

 

მე მაშინ მიყვარს ქუჩის ხმაური,

ბარიკადებზე ყოფნა მზადება,

შურის ძიება, სისხლის აღება.

ცხოვრება მშვიდი მე აღარ მინდა

ყოფნა ალერსით, ფიქრი ბაღებში,

მე ყველაფერი ბრძოლისთვის მინდა,

მსურს მოვკვდე წითელ ბაირაღებში.

სისხლიან ქუჩებს მივანდე თავი

და შევიყვარე ბარიკადები

და სიჭაბუკე ცეცხლში დავჰყავი

და მხიბლავს მხოლოდ ცეცხლის ვარდები.


1922 წ.