1. რადგანაც არაწმიდა ვნებებს დავემონეთ და დავემორჩილეთ, ამიტომ ნაკლებად ვიცით მზაკვრობა და მოხერხებულობა იმ ბოროტი სულებისა, რომლებიც საბრალო სულს ეუფლებიან; მაგრამ არიან ისეთები, ვინც სულიწმიდის მიერ, რომელმაც იხნსა ისინი ამ უწმინდურთაგან, იციან მათი ხერხები; რადგანაც სულ სხვაა, როდესაც ვინმე ტკივილსა და სნეულების გადატანით იგრძნობს ჯანმრთელობის მთელ სიხარულს და სულ სხვაა, როდესაც ვინმე ჯანმრთელობის სიხარულით შეიცნობს და წარმოიდგენს ავადმყოფობის მთელ სატანჯველს.

ახლა, ჩვენი უძლურების გამო, დაყუდების შესახებ თქვენთან საუბარი გვაშინებს, რადგანაც ვიცით, რომ როგორც ძაღლი ცდილობს ტაბლიდან პურის გატაცებას და მის შეჭმას, ასევე დგას ეშმაკი მორჩილი და კეთილი ძმების კრებულში და ცდილობს, რომ დაყუდების მიზეზით წარიტაცოს მათგან სული - მარტო მყოფი, შემწის გარეშე დარჩენილი ჩაიგდოს ხელში და შეჭამოს იგი; სწორედ ამის გამო, რომ ჩვენი სიტყვა მიზეზად არ ქცეოდა მას, ვინც მიზეზს ეძებს, აქამდე საჭიროდ არ მივიჩნიე მეთქვა რაიმე ცათა მეუფის მებრძოლ მხედართა დამშვიდებისა და დაყუდების შესახებ, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: ვინც კეთილად იბრძვის, მათთვის სიმშვიდისა და დაყუდების გვირგვინია გამზადებული; ახლა კი, თუ გსურს ცოტაოდენი ვთქვათ დაყუდების შესახებ, რათა არ დავამწუხროთ ვინმე იმის გამოისობით, რომ სხვა საგნებზე საუბრისას ამ თემას გვერდი ავუარეთ.

2. ხორცის დაყუდება ხორციელი გრძნობებისა და ჩვევების მოწესრიგებაა; სულიერი დაყუდება კი - გულის ზრახვების მოწესრიგება და გონების წარუტაცებელი მდგომარეობა.

3. დაყუდების მოყვარეს აქვს მეტად მხნე და ვაჟკაცური ზრახვა, რომელიც მტკიცედ დგას მისი გულის კართან და მოახლოებულ აზრებს ან განდევნის, ან - იქვე კლავს.

4. ვინც გულისხმიერებით აღასრულებს დაყუდების ღვაწლს, მან კარგად იცის ზემოთქმულის შესახებ, ხოლო მას ვინც დაყუდების საქმეში ჯერ ჩვილია, ეს სიკეთე ჯერაც არ უგემია და ვერც შეუცვნია.

5. სულიერად განბრძნობილ დაყუდებულს სიტყვიერი განსწავლა აღარ ჭირდება, რადგან საკუთარი სიტყვით იგი განანათლებს საქმეებსაც.

6. დაყუდების დასაწყისი ამგვარია: მოღვაწე გონების შემაშფოთებელ ქვეყნიურ ხმაურსა და შფოთს უნდა გაურბოდეს; დასასრულს კი მას აღარ უნდა აშინებდეს, რომ ერის ხმაური უშფოთველობას დაურღვევს, არამედ მათდამი სრულიად უვნებლად უნდა იმყოფებოდეს.

7. დაყუდებული, რომელიც ხორციელად ტოვებს სენაკს, მაგრამ საუბარს თავს არიდებს, მეტად კრძალულია და სიყვარულის სახლად გადაიქცევა; ის, ვისაც საერთოდ მრავალმეტყველება არ სჩევია, მრისხანებაშიც თავშეკავებულია. ამის საპირირსპირო კი თავისთავად ცხადია.

8. დაყუდებული ის არის, ვინც უხორცო და უხილავ გონებას ნივთიერ სახლში გამოკეტავს: ეს ღვაწლი მართლაც რომ იშვიათი და განსაცვიფრებელია.

9. მარგალიტს მარგალიტის მაძიებელნი ეძებენ, ხოლო უხილავ მარგალიტს დაყუდებულის გონება ეძებს.

10. ამ სწავლას თუ უარყოფ, ჩანს დაყუდების აზრს ჯერაც ვერ ჩაწვდომიხარ.

11. მარტომყოფი მონაზონი* სულ სხვაა და სხვა მონაზვნებთან ერთად მყოფი - სხვა; რადგან მარტომყოფელ მონაზონს დიდი სიფრთხილე და სრულიად წარუტაცებელი გონება სჭირდება.

12. სხვებთან ერთად მყოფს ხშირად მოყვასი ეხმარება, ხოლო მარტომყოფს - ანგელოზი.

13. ანგელოზთა გონიერი ზეციური ძალები შეეწევა დაყუდებულს და მასთან იმყოფება; ხოლო მათ წინააღმდგომებზე სჯობს, საერთოდ არაფერი ვთქვა.

14. ღრმაა საღმრთო საქმეთა უფსკრული, ხოლო დაყუდებულის გონება მასში მყოფობს.

15. სამოსლით ცურვას ხიფათი მოსდევს და არც ვნებული ადამიანის ღვთისმეტყველება დამთავრდება მშვიდობიანად.

16. დაყუდებულის სხეული სენაკშია გამომწყვდეული, მისი გონება - ამ სხეულში, თავად მასში კი გულისხმიერების სახლია აგებული.

17. ვისაც რაიმე ვნება აქვს და დაყუდებას შეუდგება, იმ კაცს ჰგავს, ნავიდან შუაგულ ზღვაში რომ ხტება, ხელთ მხოლოდ პატარა ფიცარი უპყრია და ხელის მოუსმელად სურს ნაპირამდე გაცურვა.

18. მათთვის, ვინც ვნებებს ებრძვიან, დროულად დაყუდება სასარგებლოა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ წინამძღვარი ჰყავთ. რდგანაც განმარტოებული ცხოვრება ანგელოზებრივ სიმტკიცეს მოითხოვს.

19. ჩემი სიტყვები ჭეშმარიტ დაყუდებულებს ეხება; მათ, ვინც სულითაც და ხორცითაც დაყუდებულია.

20. მოწყინებაში მყოფი დაყუდებული ტყუის და მინიშნებებით აიძულებს ადამიანებს, რომ მის დაყუდებას ხელი შეუშალონ.

21. ასეთები, როდესაც სენაკს დატოვებენ, ამას ეშმაკს აბრალებენ და ვერ ხვედებიან, რომ საკუთარ თავებს ეშმაკად აქცევენ.

22. ვნახე ისეთი დაყუდებულები, რომელთაც ღვთის სიყვარულით აღგზნებული სურვილი აღისრულეს და ცეცხლით - ცეცხლი, ტრფიალებით - ტრფიალება და სურვილით სურვილი შვეს.

23. დაყუდებული ქვეყანაზე მყოფი ანგელოზის ჭეშმარიტი სახეა, საღმრთო სურვილის ქარტიაზე ხელწერილით მან საკუთარი ლოცვა სიზარმაცისა და მოწყინებისაგან გაათავისუფლა.

24. დაყუდებული ის არის, ვინც გულწრფელად ღაღადებს: „განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო“.

25. დაყუდებული ის არის, ვინც თქვა: - მე მძინავს, მაგრამ გული ჩემი მღვიძარეა.

26. საყვარელო, სენაკის კარი დაუკეტე საკუთარ სხეულს; ბაგე დუმილისათვის დაგმანე; ხოლო სულის შინაგანი კარი დახშე ბოროტ სულთათვის.

27. სიჩუმე და შუადღის ზღვის სიმხურვალე გამოცდის მეზღვაურის მოთმინებას, ხოლო ცხოვრებისეულ სახმართა ნაკლებობა - დაყუდებულისას.

28. როდესაც მეზღვაურს მოსწყინდება, წყალში ცურვას იწყებს, ხოლო დაყუდებული მოწყინებისაგან ხალხმრავლობას ეძებს.

29. ეშმაკების ხმაურის ნუ შეგაშინებს, რადგანაც გლოვისთვის უცხოა ამაო შიში, მას ვერც ოცნება შეაძრწუნებს.

30. ვინც გონიერი, ჭეშმარიტი ლოცვა ისწავლა, იგი პირისიპირ ესაუბრება უფალს, როგორც ის კაცი მეფეს ყურში რომ ჩასჩურჩულებს, ხოლო იგი, ვინც მხოლოდ სიტყვით, ხორციელად ლოცულობს იმ კაცს ემსგავსება, მხოლოდ მთავართა თანდასწრებით რომ წარსდგება მეფის წინაშე; ის კი, ვინც ერისკაცთა შორის იმყოფება, ჰგავს ადამიანს, რომელიც მხოლოდ სახალხო ამბოხების ჟამს ევედრება მეფეს.

31. თუ ლოცვის ხელოვნება პირადი გამოცდილებით შეგიცვნია, ჩემი ნათქვამი შენთვის გასაგები იქნება.

32. თუ შეგიძლია, საკუთარ ზრახვებს მცველად დაუდექი და მაშინ ნახავ ვინ, როდის და საიდან შედის შენს ვენახში მოსაპარად.

33. როდესაც ეს დარაჯობა და თვალყურის დევნება მოგქანცავს, ადექ და ილოცე და შემდეგ საქმეს ისევ მხნედ შეუდექ.

34. ერთ გამოცდილ და გონიერ მუშაკს სურდა, ამ საგნის შესახებ, რომელზედაც მე ვლაპარაკობ, ცოტაოდენი რამ ეთქვა, მაგრამ შიშობდა, რომ მას ვისაც ამ საქმეზე შედგომა გულმოდგინედ სურდა, მისი სიტყვები სიზარმაცის გამო დააბრკოლებდა.

35. ვინც ასეთი სიფრთხილითა და გულმოდგინებით განსჯის დაყუდების ღვაწლს, ეშმაკების მრისხანებას იწვევს იგი, რადგან მასავით ვერავინ გააცხადებს ეშმაკების მთელ სისაძაგლეს.

36. ვინც დაყუდებაში სრულყოფილებამდე მივიდა, მას საიდუმლოთა სიღრმე აქვს შეცნობილი, მაგრამ აქამდე ვერ მივიდოდა, ჯერ ღელვა და ამბოხი და ქარიშხლების სიმძიმე რომ არ გადაეტანა.

37. ამ ნათქვამს ამოწმებს პავლე მოციქული, რადგანაც, თუ იგი სამოთხემდე - ანუ დაყუდებამდე არ იქნებოდა აღტაცებული, ვერასოდეს მოისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს.

38. დაყუდებულის ყურს ღვთისაგან საოცარი რამ განეცხადება; ამიტომაა, რომ ყოვლადბრძენი დაყუდება ამბობს იობის მიერ: „ნუუკუე ყურთა ჩემთა შეიწყნარონ ღმრთისაგან საკვირველება“.

39. დაყუდებული ის არის, ვინც იმის შიშით, რომ ღვთის სიტკბოება არ მოაკლდეს, ადამინებს ისევე გაურბის - ყოველგვარი სიძულვილის გარეშე, - როგორც მცონარა და სულმოკლე ეტანება ადამიანებს.

40. „წარვედ და“ განაბნიე (რადგანაც აქ სიტყვა „განყიდე“ დროს გულისმხმობს) „მონაგები შენი და მიეც გლახაკთა“, რათა ისინი ლოცვებით შეეწიონ შენს მიერ სრული უშფოთველობის (დაყუდების) მოხვეჭას და „აღიღე ჯვარი შენი“ მორჩილებისა, საკუთარი ნების უარყოფის სიმძიმე იტვირთე და შემდეგ „მოვედ და შემომიდეგ მე“ ნეტარ დაყუდებით და უხილავ ძალთა საქმეებსა და მოქალაქეობას გასწავლი.

41. ზეციური ძალები ვერ ძღებიან შემოქმედის დიდებითა და გალობით უკუნითი უკუნისამდე, ვერც დაყუდების ზეცაში მყოფნი გაძღებიან დამდაბლების დიდებით.

42. უხორცო ძალები ხორცისათვის არას ზრუნავენ; არც ეს ხორციელი უხორცოები ზრუნავენ რაიმეს ქვეყნიური საჭიროებისათვის.

43. ანგელოზთა შორის არ არსებობს გემოთმოყვარეობა, არც დაყუდებულები განიცდიან რაიმე გულისთქმას კაცობრივის მიმართ, ან - ხორციელი განსვენებისათვის.

44. ზეციურ ძალებს არ ადარდებთ ფული და მოსახვეჭელი, ხოლო ამათ - ეშმაკთა უკეთურება და ბრძოლები

45. ზეციურებს ქმნილ არსებათა მიმართ სურვილები არ გააჩნიათ, არც ამათ აქვთ გრძნობადის ხილვის სურვილი.

46. ანგელოზები გამუდმებით ღვთისადმი სიყვარულში წარემატებიან, ხოლო ესენი გამუდმებით წარემატებიან მათ მიბაძვაში.

47. პირველთა წარმართებისა და მცდელობისა მთელი სიმდიდრე სრულიად აშკარაა; ასევე აშკარაა მეორეთა მცდელობა ზეცად აღსავლისათვის.

48. არ დაცხრებიან ზეციური ძალები, ვიდრემდე სერაფიმთა სიმაღლეს არ მიაღწევენ, არც ესენი - ვიდრემდე ანგელოზებად არ იქმნებიან.

49. ნეტარია იგი, ვისაც ამ სიმაღლემდე მიღწევის იმედი აქვს; სამგზის სანატრელია ის, ვინც მიახლოებულია მასთან და ანგელოზია ის ვინც მას მისწვდა.


სხვადასხვა სახის დაყუდებისათვის

50. ყველასათვის ცნობილია, რომ ნებისმიერი მეცნიერებისა და ხელოვნების მკვლევართათვის არსებობს ცოდნის სხვადასხვა საფეხური და ასევე - სხვადასხვა განზრახვა. რადგანაც სრულყოფილებას ყველა ვერ ფლობს. ზოგი - მცდელობის, ხოლო ზოგი ბუნებრივი ძალების სიმცირის გამო. ზოგიერთი დაყუდებას, ან უკეთ რომ რომ ვთქვათ, ამ უფსკრულს და მორევს მიმართავს ენის შეუკავებლობის ან ცუდი ხორციელი ჩვევების აღმოსაფხვრელად. სხვები - იმისათვის, რომ მრისხანენი არიან და საერო ცხოვრების შუაგულში ეს საბრალოები გულისწყრომას ვერ ამარცხებენ; სხვებმა თვითურჯულობისა და ამპარტავნების გამო ისურვეს ამ ზღვაში შეცურვა; სხევბმა იმისთვის, რომ საგანთა შორის ყოფნისას საგნების ტყვეობას თავი ვერ დააღწიეს; სხვები იმისთვის მოვიდნენ, რომ მარტოობის საშუალებით გულმოდგინება შეიძინონ; სხვებმა ეს გზა იმისთვის აირჩიეს, რომ საკუთარი თავი მალულად ტანჯონ ცოდვებისათვის. სხვებმა ამ გზას იმისთვის მიმართეს, რომ კაცთაგან დიდება მიიღონ; და ბოლოს, არიან ასეთებიც (და როდესაც ქვეყანაზე ძე კაცისა მოვა, სწორედ იგი აღმოაჩენს მათ); რომლებიც ღვთის სიყვარულით შევიდნენ დაყუდების ასპარეზზე, მაგრამ იქ შესვლამდე არ განეშორენ მოწყინებას, რადგანაც ამ ვნებასთან თანაცხოვრება დაყუდებისას სიძვად ითვლება.

51. იმ მცირეოდენი გონიერების წყალობით, რომელიც მე, როგორც გამოუცდელ არქიტექტორს მომეცა, გამოვთვალე კიბე; ახლა კი ყველამ მონახოს, თუ ამ დაყუდების კიბის რომელ საფეხურზეა მისი ადგილი.

52. პირველი საფეხური თვითრჯულობისათვის არის; მეორე - კაცთა ქება-დიდებისათვის; მესამე - ენის უძლურებისათვის; მეოთხე - გულისწყრომის მომძლავრებისათვის; მეექვსე - საკუთარი თავის სატანჯველად; მეშვიდე - გულმოდგინეობის შესაძენად; მერვე - მოშურნეობაზე მოშურნეობის დასართველად.

53. ამ რვა საფეხურიდან დაყუდების პირველი შვიდი სახეობა ამ ცხოვრების შვიდეულის სახეა; ზოგი მათგანი კეთილია, ზოგი კი - სრულიად უნაყოფო; ხოლო მერვე, მომავალი - მერვე საუკუნის მომასწავებელია.

54. მარტოდ მყოფო მონაზონო, დააკვირდი რომელ დროს რომელი მხეცი გიტევს; ამას თუ არ იზამ, მათთვის შესაფერისი მახეების დაგებას ვერ შეძლებ;

55. თუკი მოწყინება სრულიად განეშორა, მაშინ ხელსაქმის აუცილებლობას ვეღარ იგრძნობ, მაგრამ თუ ის ისევ გესხმის თავს, არ ვიცი დაყუდებას როგორღა შეძლებ.

56. რატომ მოხდა, რომ წმიდა ტაბენესელთაგან იმდენი მნათობი არ გამობრწყინდა, რამდენიც - სკიტელთაგან, ვინც ამას ჩაწვდება, დაე, თავისით მიხვდეს, რადგანაც მე ამის თქმა არ შემიძლია და არც მსურს.

57. დაყუდების სირღმეში ყოფნისას ისინი ვნებებს ავიწროვებენ; ზოგი გალობით იქმს ამას; ზოგი - განუწყვეტელი ფსალმუნებით; ზოგიერთი - ლოცვაზე დგომით; ზოგიერთნი ჭვრეტას არიან მიცემულნი; ეს ღვაწლი კიბის საფეხურებად განვლაგე და ვისაც ღვთისაგან გულისხმისყოფა მიუღია დაე, ჩაწვდეს ამას.

58. არიან ზარმაცი სულები, რომლებიც თანაცხოვრებულთა მონასტერში შესვლისას იქ საკუთარი სიზარმაცისათვის კარგ პირობებს ნახულობენ; ამგვარად ისინი სრულ დაღუპვამდე მიდიან; მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ძმათა შორის ცხოვრების საშუალებით სიზარმაცისგან თავისუფლდებიან; ამგვარი რამ მარტო ზარმაცებსა და დაუდევრებს კი არ მოსვლიათ, არამედ - გულმოდგინეებსაც.

59. იგივე შეიძლება, დაყუდებულ მეუდაბნოეთა შესახებაც ითქვას. უდაბნოს მრავალი გამოცდილი მიუღია და შემდეგ განუშორებია იგი - როგორც გამოუცდელი, უმხილებია მისი გემოთმოყვარეობა, რომელშიც ეს ადამიანი თვითრჯულობის გამო ჩავარდა; მაგრამ მასვე (უდაბნოს) მიუღია ზოგიერთი ნაკლებად გამოცდილი და ის მხურვალე და მოშურნე ადამიანად უქცევია; მასში შიში და საკუთარ ცოდვათა ტვირთზე პასუხისმგებლობის გრძნობა დაუნერგავს.

60. დაე, ნურავინ, ვინც გულისწყრომისაგან და ქედმაღლობისაგან, ორგულობისა და ავმეხსიერებისგან ძლეულია, ნუ გაბედავს და დაყუდების კვალსაც კი ნუ დაუწყებს ძებნას: შესაძლებელია, ამის გამო იგი ჭკუიდან შეცდეს; ხოლო მან ვინც ყველა ამ ზემოჩამოთვლილი ვნებისაგან თავისუფალია, აირჩიოს უმჯობესი; თუმცა ვფიქრობ, რომ შეიძლება, ეს მანაც ვერ შეძლოს.

61. ვინც დაყუდების საქმეს ჯეროვნად აღასრულებს, ამ ნიშნებით შეიცნობა: დაუძინებელი გონება, წმიდა გული, ღვთის მიმართ სწრაფვა, საუკუნო ტანჯვის წარმოდგენა, სიკვდილის სიახლოვის ხსოვნა, გაუძღომლად ლოცვა, დაუძინებელი დაცვა თავისა, სიძვის მოკვდინება, ცუდი სიყვარულის არცოდნა, სიკვდილი სოფლისათვის, ნაყროვანების სიძულვილი, ღვთისმეტყველების დაწყება, განსჯის წყარო, ცრემლთან დამეგობრება, მრავალმეტყველების მოკვდინება და სხვა მრავალი ამის მსგავსი, რაც ხალხმრავლობასთან შეუთავსებელია. ხოლო, ვინც ჯეროვნად არ აღასრულებს დაყუდების ღვაწლს, ისიც იცნობა გარკვეული ნიშნებით; ესენია: მრსიხანების მოზღვავება, ავმეხისერების შეკრება, სიყვარულის განქარვება, ქედმაღლობის შემატება; ამის შემდგომზე* კი დავმდუმდები.

62. რადგანაც დაყუდებულებზე ჩამოვარდა სიტყვა, კარგია, თუ ჭეშმარიტი მორჩილების შესახებაც ვიტყვი. თუ როგორია მათი სახე და როგორ უნდა ვინცოთ ისინი; მით უმეტეს, რომ საუბარს სწორედ მათ შესახებ განვაგრძნობ.

63. ვინც რჯულის დაცვით, ჯეროვნად და კეთილად აღარსრულებენ მორჩიელბას, წმიდა მამათა სიტყვით, მათი ცნობა ასე შეიძლება: ახლადმოსულთა შორის სიმდაბლის ყოველდღიური მატება, გულისწყრომის შეძულება, სიბნელის გაუჩინარება, ვნებათაგან გამოხსნა, სიძულვილისაგან გათავისუფლება, მხილების შედეგად სიძვის ვნებისაგან გათავისუფლება, მოწყინების არცოდნა, გულმოდგინების გამრავლება, გულმოწყალების მოხვეჭა, ამპარტავნებისაგან განრიდება; აი, ის წარმატებები, რომლებიც იმასხურებენ, რომ მათ ყველა ეძებდეს, თუმცა მათ მოხვეჭას ცოტა თუ ახერხებს.

64. თუკი წყაროს წყალი დამშრალია, მას წყაროს ვეღარ ვუწოდებთ; დანარჩენს კი ვინც გონიერია ის მიხვდეს.

65. სული, რომელიც უფლისადმი დადებულ აღთქმას არღვევს, ბილწავს საკუთარ თავს და მისი სიბილწიდან ეს საქმეები გამომდინარეობენ სიკვდილის დავიწყება, მუცლის გაუმაძღრობა, თვალდაუჭერელობა, ამპრტავნების აღორძინება, ძილით გაუმაძღარობა, გულფიცხელობა, რომელსაც ღვთის შიშის არქონა მოსდევს, რაც ყოველგვარი დაცემისა და ვნების დედაა.

66. დაყუდებულს, რვიდან ხუთი ვნება ებრძვის, ხოლო - მორჩილებაში მყოფთ - სამი*.

67. იმ დაყუდებულს, რომელსაც მოწყინების ვნება ებრძვის, ძალიან გაუჭირდება, რადგანაც ჭვრეტისა და ლოცვისათვის განკუთვნილ დროს ამ ბრძოლაში კარგავს.

68. ერთხელ ჩემს სენაკში ყოფნა მომწყინდა და სულმოკლეობამ შემიპყრო, იმდენად, რომ მის დატოვებას ვაპირებდი, ის იყო უნდა გამოვსულიყავი, რომ ვიღაც კაცები მოვიდნენ და ჩემი დაყუდებული ცხოვრების გამო ქება დამიწყეს, მაშინათვე მოწყინების ვნება პატივმოყვარეობამ განდევნა და გამიკვირდა, თუ ყველა სხვა ეშმაკს როგორ ამარცხებს პატივმოყვარების სამრქიანი ეშმაკი.

69. გამუდმებულად უნდა გრძნობდე შენი გონების მუდმივ თანამგზავრებს; მის მიდრეკას, აღმაფრენას, გადახრასა და შეცვალებას; და კარგად აკვირდებოდე, როგორ და რომელ მხარეს მიგდრეკენ ეს მოძრაობები; ვინც სულიწმიდის მიერ უშფოთველობა მოიპოვა, ჩემს ნათქვამს ის გაიგებს.

70. დაყუდების საქმე უპირველეს ყოვლისა ყოველგვარი საჭირო და არასაჭირო საზრუნავის უგულებელყოფას მოითხოვს; რადგანაც, ვინც პირველს გაუღებს კარს, მას მეორეც შეიპყრობს; ხოლო დაყუდების მეორე უმნიშნვნელოვანესი საქმე არის ყოველგვარი სიზარმაცისაგან თავისუფალი ლოცვა; მესამე კი - გულის სიფრთხილის დაცვა.

71. როგორც ანბანის უმეცარისთვის შეუძლებელია წიგნის კითხვა, ასევე მისთვის, ვინც პირველს არ შეიძენს, შემდგომი ორის მოპოვებაა შეუძლებელია.

72. *როდესაც ამ სამი ღვაწლთაგან საშუალოს აღვასრულებდი, ჭვრეტის საშუალო საფეხურზე ვიდექი და ანგელოზი უფლისა განმანათლებდა, ხოლო უმეტესი გამოცხადება მწყუროდა და კვლავ, იმავე საფეხურზე მყოფმა ვკითხე მას: „როგორი იყო უფალი მანამდე, ვიდრე კაცის ხილულ სახეს მიიღებდა“? მაგრამ ზეციურ ძალთა მთავარმა ვერ შეძლო ამ საქმეში ჩემი განსწავლა; მას ამის ნება არ ჰქონდა ბოძებული; შემდეგ ვევედრე მას, ეუწყებინა ჩემთვის, თუ როგორ მდგომარეობაშია იგი ამჟამად; - „მისთვის თვისობრივში…“ - მომიგო მან. მე კვლავ ვკითხე: - „რაგვარია მისი დგომა და ჯდომა მარჯვენით მამისა“? მან მიპასუხა: - „შეუძლებელია, ვინმეს სმენამ ეს გონიერი საიდუმლონი შეიწყნაროს“. მე ვევედრებოდი მას იქამდე მივეყვანე, სადამდეც სურვილი მეზიდებოდა, მაგრამ მან მითხრა: „ამის დრო ჯერ არ მოსულა, რადგანაც შენში ჯერ კიდევ მცირეა ცეცხლი უხრწნელებისა“. ამასთანგ არ შემიძლია, ვთქვა, სხეულში ვიყავი, თუ - სხეულის გარეთ, როდესაც ყოველივე ეს აღესრულა.

73. ძალიან ძნელია, განადგო შუადღის ძილი, განსაკუთრებით - ზაფხულში, ამიტომ ასეთ დროს კარგია ხელსაქმე.

74. ვნახე მოწყინების ეშმაკი, რომელიც უსწრებდა და წინ მიუძღოდა სიძვის ეშმაკს, რათა დაეუძლურებინა ხორცი, ძილში დაენთქა და ამგვარად მოევლინა დაყუდებულთათვის ყოველგვარი სიბილწე.

75. თუ წინ აღუდგები, შენთან ბრძოლას გააძლიერებენ, რათა ფარ-ხმალი დაყარო და იფიქრო - მათთან მაინც ვერაფერს გავხდებიო და დაყუდების ღვაწლზე, როგორც შენთვის სრულიად უნაყოფოზე, უარი თქვა; მაგრამ ეშმაკებზე გამარჯვებას არაფერი ადასტურებს იმგვარად, როგორც მათი მხრიდან მძვინვარე ბრძოლის გაძლიერება.

76. სენაკიდან გასვლისას ძლიერ დაიცავი ის, რაც იქ ყოფნისას შეკრიბე, რადგანაც როდესაც კარებს აღებ, დამწყვდეული ფრინველები გაფრინდებიან და შენი დაყუდება უშედეგოდ დარჩება.

77. პატარა ბეწვი ამღვრევს თვალს, ხოლო მცირეოდენი საზრუნავი კი დაყუდებას ამღვრევს; რადგნაც დაყუდება გონების მოკრბა და ყოველგვარი ცხონებისათვის არასაჭირო საზრუნავის მოკვეთაა.

78. ვისაც ჭეშმარიტი დაყუდების ღვაწლი მოუპოვებია, ის არც საკუთარი ხორცისთვის ზრუნავს, რადგან არ არის სიცრუე მასთან, ვისაც მან აღუთქვა.

79. ვისაც საკუთარი გონების უფლის წინაშე წმიდად წარდგინება სურს და ამავდორულად საზრუნავს იმრავლებს, იმ კაცს ჰგავს, ვინც ფეხები მაგრად შეიკრა და სწრაფად სირბილი სურს.

80. ზოგიერთი ამბობს, რომ ყოველგვარი ფილოსოფიის სწავლა ძნელიაო და ამიტომ მცირედ არიან სწავლულნი; მე კი ვიტყვი, რომ კიდევ უფრო ცოტაა ისეთი, ვინც ჭეშმარიტი დაყუდების საღვთო სიბრძნე იცის.

81. ვისაც ჯეროვნად არ შეუცნია ღმერთი, ის დაყუდების საქმეში სრულიად გამოუცდელია და მრავალი განსაცდელი დაატყდება თავს.

82. გამოუცდელებს უჭირთ დაყუდება; რადგანაც რაკი ღვთის სიტკბოების გემო არ უხილავთ, მოწყინებით, გონების წარტაცებითა და სხვადასხვაგვარი ფიქრებით ატარებენ მთელ დროს.

83. ვისაც* ლოცვის მთელი სიკეთე უნახავს, ხალხის სიმრავლეს გაურბის, როგორც კანჯარი, რადგან გაველურებულ კანჯარს ლოცვის მეტი სხვა რა განკურნავს?!

84. ვნებით შეპყრობილი უდაბნოში მათი გამოძიებითაა გართული; როგორც მოგვითხრობდა ამის შესახებ წმიდა ბერი - გიორგი არსელაელი, რომელსაც შენი პატიოსნებაც იცნობს. იგი ჩემს სიგლახაკეს დაყუდების საქმეში განსწავლიდა და მეუბნებოდა: შევნიშნე, რომ პატივმოყვარებისა და სიძვის ეშმაკები განთიადისას მოდიან ჩემთან; შუადღისას - მოწყინების, მწუხარებისა და მრისხანებისა; ხოლო მწუხრისას მოვლენ ხოლმე სიბინძურისმოყვარე ნაყროვანების ეშმაკები.

85. გლახაკი მოწაფე საზრუნავით შეპყრობილ დაყუდებულზე უპირატესია.

86. თუ ვინმე დაყუდებული ყოველდღიურად არ წარემატება, უნდა იცოდეთ: ის ან დაყუდების საქმეს არ აღასრულებს, ან - ამპარტავნება ღუპავს.

87. დაყუდება განუწყვეტლად ღვთის წინაშე დგომა და მისი მსახურებაა.

88. უფალი იესო ქრისტეს ხსენება სუნთქვასავით განუშორებელი იყოს შენგან და დაყუდების კეთილ შედეგს მაშინ შეიცნობ.

89. მოწაფის დაცემა მისი ნებით ხდება; ხოლო დაყუდებულისა - ლოცვასთან განშორებით.

90. თუკი სტუმრის მოსვლა გახარებს, უნდა იცოდე, რომ მოწყინებას მისცემიხარ და არა - ღვთის მსახურებას.

91. ლოცვის მაგალითად გყავდეს სახარებისეული ქვრივი, რომელსაც მევალე ავიწროვებდა, ხოლო დაყუდების მაგალითია დიდი და ანგელოზთასწორის დაყუდებული არსენი.

92. მარტოდ მყოფო, გაიხსენე ამ დაყუდებული ანგელოზის საქმეები და ნახე, რომ ხშირად იგი უკან აბრუნებდა მიმსვლელებს, რათა უფრო მნიშვნელოვანი რამ არ დაეღუპა.

93. ვიხილე ეშმაკები, რომლებიც უდებ და მოხეტიალე ბერებს დაყუდებულ მოღვაწეებთან აგზავნიდნენ, რათა ეს სათნოების მუშაკები მცირეოდენად მაინც დაებრკოლებინათ.

94. ეს იცოდე, ჭეშმარიტო დაყუდებულო და ნუ შეგრცხვება ამ უდებთა მხილება, რათა ისინი ამგვარ ხეტიალს დაეხსნენ.

95. მაგრამ უფრთხილდი, რომ ზემოთქმულის მიზეზით ის სულიც არ დააბრკოლო ტყუილუბრალოდ, რომელიც შენთან ნამდვილად მწყურვალე მოვა და დარწყულებას ითხოვს; ასე რომ, საჭიროა ყველაფერს განსჯის სანთელი გინათებდეს.

96. დაყუდებულის და საერთოდ ყველა მონაზვნის ცხოვრება სინდისისა და გონების მიხედვით უნდა წარიმართოს.

97. ვინც წესიერად იმყოფება, ის ყოველგვარ საქმეს, ფიქრსა და მოძრაობას ღვთის ნებით და ღვთისათვის, სულიერი გრძნობების მიხედვით წარმართავს; ისე მოქმედებს, თითქოს ღვთის პირის წინაშე იმყოფებოდეს. თუკი ასე არ არის, ჩანს, სათნოებათა კანონებით ჯერაც არ ცხოვრობს.

98. წინასწარმეტყველი ამბობს: „აღვაღო იგავით პირი ჩემი“. მე კი ვიტყოდი: ლოცვით აღვამაღლებ ნებასა ჩემსა ღვთისა მიმართ და მისგან მივიღო სავსება.

99. სარწმუნოება ლოცვის ფრთებია და თუ ისინი არ ექნება, უკანვე დაგვიბრუნდება.

100. სარწმუნეობა სულის ერთგული ზედგომაა, როდესაც მას წინააღმდგომი ქარიც კი ვერ არყევს;

101. მორწმუნე ის კი არ არის, ვისაც სჯერა, რომ ღმერთს რაღაცის გაკეთება შეუძლია, არამედ იგი, ვისაც სწამს, რომ უეჭველად მიეცემა, რასაც ითხოვს.

102. სარწმუნოება აღასრულებს ისეთ საქმეებს, რომელთა აღსრუელბის იმედიც კი არ არსებობდა და ეს ავაზაკმა აჩვენა.

103. სარწმუნოების დედა შრომა და მართალი გულია; რადგანაც პირველი ერთგულს გახდის კაცს, მეორე კი თხოვას საქმით აღასრულებს.

104. დაყუდებულთა დედა სარწმუნოებაა, რადგანაც, თუკი არ სწამს, რანაირად დაეყუდება სიმართლით.

105. ვინც დილეგში ბორკილდადებულია, მსაჯულის შიში აძრწუნებს, ხოლო, ვინც სენაკში დაყუდებულია, მას უფლის შიში განლევს.

106. პირველს სასამართლო იმდენად არ აშინებს, ამდენადაც მეორეს - ქრისტეს სამსჯავრო.

107. ჰოი საყვარელო, დაყუდებისას ღვთის დიდი შიში იქონიე, რადგან მოწყინებას მასავით ვერაფერი განდევნის.

108. საპყრობილეში მყოფი ბრალდებული ელის, როდის მოვა მოსამართლე; ხოლო დაყუდებული - როდის მოვა სიკვდილი.

109. პირველი მათგანი მწუხარებითაა მოცული; მეორე კი - ცრემლის წყაროთი.

110. თუ მოთმინების კვერთხს მოიპოვებ, მოწყინების ეშმაკები განგეშორებიან.

111. მოთმინება სულის ძარღვი და ძალაა, რომელსაც ვერ დასცემს ჭირი და ბრძოლები.

112. მომთმენი მოღვაწე არ ეცემა და რომც დაეცეს, ამითაც იმარჯვებს.

113. მოთმინება ყოველდღიურ განსაცდელთა მოლოდინია.

114. მოთმინება თავის მართლების უარყოფა და საკუთარი თავისადმი ყურადღებაა.

115. როგორც ჩვენი ბუნებისათვის საჭმელია აუცილებელი, ასევე ჭირდება დაყუდებულს მოთმინება.

116. მეორე ამათგანი გვირგვინთა მოგების მიზეზია, ხოლო პირველი - ხშირად ვნებების მიზეზი გამხდარა.

117. მონაზონი სიკვდილამდე და დამარხვამდე მკვდარია და მისი საფლავი მისივე სენაკია.

118. მოთმინებას იმედი და გლოვა შობს, რადგანაც იგი, ვინც ამ ორის გარეშე არსებობს, მოწყინების მონაა.

119. ქრისტეს მხედარს აუცილებლად უნდა ეუწყოს, თუ რომელი მტერი განდევნოს შორიდანვე და რომელი - ახლოს მოუშვას და ხელდახელ შეებას.

120. ზოგჯერ ბრძოლას გვირგვინი მოაქვს; ხოლო ბრძოლისაგან განრიდება ადამიანს გამოცდილებას მოაკლებს.

121. სიტყვით ყველა ამ წესს ვერ ვისწავლით, რადგანაც ყველა ჩვენთაგანს ერთი და იგივე ჩვევები არა აქვს და არც ერთნაერი ბრძოლები გვიწევს.

122. ერთ ვნებას* გამუდმებით ადევნე თვალი, რადგან ის დაუცხრომელად გებრძვის: ზიხარ, დადიხარ, დგახარ, წევხარ, ლუცულობ თუ გძინავს.

123. ყველა დაყუდებული ერთი და იმავე სიტყვებით როდი წვრთნის საკუთარ თავს; ზოგიერთს ეს აქვს განსასწავლად: „წინასწარ ვხედავ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის“; სხვები - „მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სულნი თქვენნი“; სხვებს „იღვიძებდით და ილოცევდით“; სხვები იხსენებენ ამას: „განმზადენ საქმენი შენნი დღისა მისთვის სიკვდილისა“; სხვები ამას: „დავმდაბლდი და მაცხოვნა მე უფალმან“; სხვები: „არა ღირს არიან ვნებანი ესე ამის ჟამისანი მერმისა მისთვის დიდებისა“; სხვები კი ამ სიტყვების იგონებენ: „ნუ უკუე წარსადმე-გიტაცნეს და არავინ იყო მხსნელ თქუენდა“; ყველა მათგანი რბის, მაგრამ ამთგან მხოლოდ ერთი მიიღებს უშრომელად გვირგვინს*.

124. ვინც სისრულის გზაზე სწორად მიდის, იგი არა მარტო მღვიძარებისას, ძილშიც კი თავის საქმეს აკეთებს; ამიტომაა, რომ ზოგიერთი ძილშიც კი ებრძვის და ამარცხებს ეშმაკებს.

125. ნუ ელოდები სტუმრებს და მათ მისაღებად ნუ მოემზადები, რადგანაც დაყუდებულის ცხოვრების წესი უბრალო და ძალდაუტანებელი უნდა იყოს.

126. ვერავინ შეძლებს, დაყუდების კოშკი აღმართოს, თუ მანამდე არ დაჯდა და არ გამოიანგარიშა, აქვს თუ არა საკმარისი მასალა ამ მშენებლობისათვის. ისე ნუ იზამს, რომ საძირკვლის ჩაყრის შემდეგ მტრების დასაცინი და სხვა კეთილ მუშაკთა დამაბრკოლებელი გახდე.

127. დაყუდებისას კეთილად გამოიკვლიე შენში შემოსული სიტკბოება, რომ ის ადამიანთა სულების მზაკვარი მკვლელის მიერ არ იყო მოწამლული.

128. ღამის განმავლობაში ძირითადი დრო ლოცვას დაუთმე ად მხოლოდ მცირეოდენი - ფსალმუნებას; დღისით კი შენი ძალების მიხედვით მოიქეც.

129. წიგნის კითხვა მცირედ როდი მოკრებს და ანათებს გონებას, რადგნაც იქ სულიწმიდის სიტყვებია და მის მკითხველს განამტკიცებენ.

130. სათნოებებისა და ვნებების შესახებ იკითხე და - ისეთები, რაც შენს ცხოვრებას რამეს შემატებენ, რათა კეთილად შეიკრიბო გონებაში.

131. მაგრამ ცხონების სიტყვები უმეტესად შრომაში ეძებე და არა - წიგნებში.

132. ვიდრე დიდ სისრულეს არ მოიხვეჭ, ნუ წაიკითხავ არამართლმადიდებლურ წიგნებს, რადგანაც ისინი სიბნელითაა აღსავსე და აბნელებენ გონებით შემცდართ.*

133. ღვინის ერთი თასი საკმარისია, რომ ამ ღვინის გემო გაიგო, ასევე, ბრძენი მოძღვრისათვის ერთი სიტყვაც საკმარისია, რომ დაყუდებულის ყოველგვარი შინაგანი საქმე შეიტყოს.

134. მთელი შენი ძალებით ებრძოლე პატივმოყვარეობას, რადგან მასზე მეტად გონებას ვერაფერი მიიტაცებს.

135. როდესაც სენაკიდან გახვალ, საკუთარ ენას უფრთხილდი, რადგანაც ის უცებ განაბნევს დიდი შრომით მოპოვებულს.

136. უბრალო ცხოვრებით იცხოვრე, რადგანაც ისე არაფერი შეურაცხჰყოფს დაყუდებას, როგორც - ცნობისმოყვარეობა.

137. შენთან მომსვლელებს ყველაფერი მიეცი, ხორციელი იქნება ის, თუ - სულიერი.

138. თუ ჩვენზე ბრძენი იქნება მომსვლელი, ჩვენი სიბრძნე დუმილით განვუცხადოთ მას; თუკი სულიერი საზომით ჩვენი თანასწორია, ზომიერად გავაღოთ კარი ჩვენი საუბრისა; საერთოდ კი ჯობს, რომ ყველა ჩვენზე აღმატებულად შევრაცხოთ.

139. მეფის ძალა ხალხისა და განძის სიმრავლეა; ხოლო დაყუდებუთა ძალა - განუწყვეტელი ლოცვა.

140. ერთი შეხედვით სარწმუნოების სიმბოლოში ერთმანეთს უპირისპირდება ერთი მხრივ, წმიდა, დაუბადებელი და თაყვანისაცემელი სამების აღსარება და მეორე მხრივ - წმიდა სამების ერთ-ერთი პირის განხორციელება; რადგანაც ის, რაც პირველ შემთხვევაში მრავლობითად ითქმის, აქ ითქმის მხოლობითად. რადგანაც იქ სამ გვამსა და ერთ ბუნებას ვამბობთ, აქ კი - ერთ გვამსა და ორ ბუნებას; სწორედ ასევე, სრულიად სხვადასხვაგვარია საქმე დაყუდებისა და საქმე მორჩილებისა.

141. წმიდა წინასწარმეტყველი და წმიდა მოციქული ამბობენ: „ვინ ცნა გონებაი უფლისა“ მე კი ვიტყვი: ვინ შეიცნობს ჭეშმარიტად სულითა და ზორცით დაყუდებული კაცის გონებას, ძალითა უფლისათა, რომელი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეფის ძლიერებას მისი სიმდიდრე და ქვეშევრდომთა სიმრავლე წარმოადგენს; ასევე დაყუდებულის ძლიერებას შეადგენს სიუხვე ლოცვისა.


კომენტარები
ბერძნული ტექსტის ძველი ქართული თარგმანისათვის

11.
ნეტარი მამა ამბობს: მარტომყოფობა ძნელი საქმეა, რადგან ვინც სხვებთან ერთად ცხოვრობს, მას განსაცდელის ჟამს შეეწევიან, ხოლო განდეგილს დიდი სიფრთხილე მართებს, რომ არ დაეცეს; იგი გამუდმებით უნდა ევედრებოდეს უფალს და უფრთხილდებოდეს თავს, ხოლო როდესაც ღმერთი ნახავს, რომ ის კეთილად იღწვის, შემწედ ანგელოზს მოავლენს.

61.
ამას მგონი, რომ ხორციელი ცოდვით დაცემა მოსდევს, ანუ გონების დაღუპვა და გაცოფება, რადგან ისინი, გმობის მსგავსად, ამპარტავნებისაგან არიან შობილნი.

66.
დაყუდებულობას ებრძვის ვეცხლისმოყვარება, მოწყინება, მწუხარება, მრისხანება, ამპარტავნება. ხოლო კრებულში მყოფებს: ნაყროვანება, სიძვა, თავმაღლობა.

83.
რადგანაც დანიელის ლოცვა ნაბუქოდონოსორს შეეხო და კანჯარივით გაველურებული განკურნა - ამიტომ ამბობს ამას ნეტარი მამა.

122.
სიძვის ეშმაკი შესახებ ამბობს.

123.
ამ შვიდიდან რომელი მიიღებს გვირგივნს? ზოგი ამბობს, რომ - პირველი, რომელიც პირისპირ ჭვრეტს უფალს, მე კი ვიტყვი, რომ - მეხუთე, რომელიც ამბობს: „დავმდაბლდი და მაცხოვნა მე უფალმა“.

132.
გონებაზე შემცდარად მწვალებელთა (ერეტიკოსთა) წიგნებს უწოდებს.

1. ახლადშემონაზვნებულთათვის განკითხვა (გულისხმისყოფა) საკუთარი სულიერი მდგომარეობის ჭეშმარიტი შეცნობაა; საშუალოთათვის - გონიერი გრძნობა, რომელიც ცოდვის გარეშე განსჯის, თუ რა არის ჭეშმარიტი კეთილი, რა - ბუნებითად და რა - სიკეთის საწინააღმდეგო; სრულთა შორის კი განკითხვა არის მათში არსებული სულერი გონება, რომელიც საღმრთო განათლებით მიენიჭათ, რომელსაც თავისი ნათლით იმის განათებაც შეუძლიათ, რაც სხვათა სულებში ბნელითაა მოცული. ანდა განკითხვა საერთო აზრით იმაში მდგომარეობს, რომ ზუსტად და მართლად მისწვდეს კაცი ღვთის ნებას - ყოველთვის, ყველგან და ყოველგვარ საქმეში. ის მხოლოდ მათთან იმყოფება, ვინც წმიდაა გულით, ხორცითა და ბაგით.

2. რომელმაც სამი კეთილად დასძლია, იგი დასძლევს ხუთსაც, მაგრამ ვინც ამ სამს არად აგდებს, ის ხუთთაგან ვერცერთს ვერ დაამარცხებს.

3. განკითხვა არის სრულიად უმწიკვლო და წმიდა გრძნობა, გონება, რომელსაც კეთილისა და ბოროტის გარჩევა ძალუძს, ღმერთმა ის კაცში ბოროტების მამხილებლად დანერგა.

4. მიუხვედრელობის გამო ურწმუნოებაში ნურვინ ჩავარდება, თუ ნახავს ან შეიტყობს, რომ მონაზვნობაში მყოფნი ბუნებაზე აღმატებულ საქმეებს აღასრულებენ; რადგან, სადაც ყოველგვარ ბუნებაზე აღმატებული ღმერთი ავლენს თავის არსებობას, იქ მრავალი ბუნებაზე აღმატებული საქმე არსებობს.

5. ყოველგვარი ეშმაკეული ბრძოლა სამი უმთავრესი მიზეზიდან გამომდინარეობს: ან - საკუთარი დაუდევრობიდან, ან - ამპარტავნებიდან, ან - ეშმაკის შურისაგან. პირველი საწყალობელია, მეორე უბადრუკი, ხოლო მესამე - სამგზის სანატრელი.

6. ყოველგვარ ვითარებაში სამიზნედ და კანონად ჩვენი სინდისი გვქონდეს, რათა ვიცოდეთ, თუ ქარი რომელი მხრიდან ქრის და მისი მითითებით ავმართოთ აფრები.

7. ყოველგვარ საქმეში, რომელიც გვსურს, ღვთისა სასურველად აღვასრულოთ, ეშმაკები სამ ორმოს გვითხრიან. პირველით ისინი იბრძვიან, რომ ჩვენს კეთილ საქმეებს აღუდგნენ წინ; როდესაც აქ დამარცხდებიან, მეორეს მოიხმარნენ, რათა აღსრულებული საქმე ღვთის ნების შესაბამისი არ იქმნას; ხოლო თუ აქაც დაიძლევიან, მაშინ უკვე ფარულად შემოგვიჩნდებიან და დაგვნატრიან და გვაქებენ, რომ ეს საქმე საღმრთოდ აღვასრულეთ; პირველის მტერი გულმოდგინება და სიკვდილის ხსოვნაა, მეორესი - მორჩილება და თავმდაბლობა, მესამესი - საკუთარი თავის მუდამ დამნაშავედ ცნობა.

8. ეს არის ის ღვაწლი, რომელიც აღსასრულებლად მოგვეცა, რათა ჩვენს სიწმინდეში ღვთის ცეცხლი შემოვიდეს, რაც თავდაპირველი ჩვევების ბრძოლას შეწყვეტს, რადგანაც „ღმერთი ჩვენი ცეცხლი გამლეველ არს“ (ებრ. 12.29) - ვნებათა ყოველგვარი აღგზნებისა და განხურვების, ყოველგვარი ბოროტი ჩვეულებისა, სისასტიკისა და სიბნელის, გარეგნულისა და შინაგანის, ხილულისა და უხილავისა.

9. ეშმაკები, თავის მხრივ, ჩვეულებრივ, ყველაფერს იმის საწინააღმდეგოს აკეთებენ, რაც ახლა ვთქვით. როდესაც ისინი სულს დაეუფლებინათ და გონებას დააბნელებენ, ჩვენ - უბადრუკთა შორის აღარც გონების სიფხიზლეა, აღარც თავის განკითხვა, არც გულისხმიერება, არც სირცხვილი, არამედ სისასტიკე და უგუნურება, საკუთარი თავის განუკითხველობა. ამას ისინი მიხვდებიან, ვინც სიძვის ცოდვაში იყვნენ და მოექცნენ, ან კადნიერებას სძლიეს, ან უტიფრობა სირცხვილით ალაგმეს. მათ იციან, თუ ამ სიბრმავისაგან განთავისუფლების და სიბნელის გაფანტვის შემდეგ, როგორი სირცხვილი დაეუფლათ საკუთარი თავის წინაშე ყველაფერი იმის გამო, რასაც სიბნელეში მყოფნი იქმოდნენ და ამბობდნენ.

10. თუ სულიერი დღე არ დაღამდა და არ დაბნელდა, მპარავი გასაძარცვად, დასაღუპად და მოსაკლავად შემოსვლას ვერ შეძლებს.

11. სულის ძარცვა არის ბუნებით სიკეთეების დაკარგვა.

12. ძარცვა ის არის, როდესაც კაცი ბოროტებასა და სისაძაგლეს, როგორც სიკეთის - ისე აღასრულებს.

13. პარვა არის სულიერი სიმდიდრის შეუმჩნევლად დაკარგვა.

14. სულის მოკვლა არის ბოროტ საქმეთა აღსრულებით პირმეტყველი გონების სიკვდილი.

15. სულის წარწყმედა ურჩობის შედეგად ყოველგვარი იმედის დაკარგვაა.

16. თუ ვინმე სახარებისეულ მცნებებს არ აღასრულებს, საკუთარ უძლურებას ნუ მოიმიზეზებს, რადგან მრავალია ისეთი, ვინც იმაზე მეტი აღასრულა, რასაც სახარება მოითხოვს ჩვენგან. ამაში იგი დაგვარწმუნებს, ვინც მოყვასი საკუთარი თავზე მეტად შეიყვარა, სული თვისი დასდვა მისთვის, თუმცა უფლის მცნება ამასთან დაკავშირებით არ მიუღია.

17. დაე, თავი ინუგეშონ და გამხნევდნენ ის ვნებათაგან ძლეული ადამიანები, რომელთაც მხოლოდ სიმდაბლე მოუხვეჭიათ. რადგან, ყველა ორმოშიც რომ ჩაცვივდნენ ისინი, ყველა მახეში რომ გაებან და ყოველგვარი სენითაც რომ დაუძლურდნენ, განკურნების შემდეგ სხვებისათვის მკურნალები, მნათობები და წინამძღვრები გახდებიან; ისინი სხვებს, ვინც დაცემის გზაზე დგას, ასწავლიან, თუ როგორი სულიერი სნეულებები არსებობს და საკუთარი გამოცდილებით გადაარჩენენ მათ.

18. თუკი ვინმეს, ვინც ძველი მავნე ჩვევებისაგან იტანჯება და შეუძლია თუნდაც მხოლოდ უბრალო სიტყვით სხვას ასწავლოს, დაე ასწავლოს მან, მაგრამ ისე, რომ წინამძღვრობა არ დაიწყოს, იქნებ თანდათან საკუთარი სიტყვისა შერცხვეს და თანდათანობით ჭეშმარიტი სარწმუნოება მოიხვეჭოს. მათ ის დაემართებათ, რაც ვნახე ზოგიერთ უწმინდურებაში ყელამდე ჩაფლულ ადამიანებთან დაკავშირებით: ისინი ყველა გზად გამვლელს ასწავლიდნენ, თუ თავად როგორ აღმოჩნდენ ამ უწმინდურობაში და ევედრებოდნენ მათ, რომ იმავე გზით არ გაევლოთ და იმავე ხრამში არ ჩაცვენილიყვნენ.

19. რადგანაც სხვათა ცხოვნებისათვის იზრუნეს, ყოვლადძლიერმა ისინიც იხსნა იმ საფლობისაგან. თუკი გულისთქმით შეპყრობილი ადამიანები ნებით მიეცემიან ვნებებს, დაე, დუმილით სწავლონ სხვებს, რადგანაც წერილი ამბობს: „იწყო იესო ყოფად და სწავლად“ (საქმ. 1,1).

20. ჭეშმარიტად მძვინვარე და მღელვარე ზღვის გავლას ცდილობთ მონოზვნებო, ის სავსეა ქარიშხლებითა და გრიგალებით, მოქცევებითა და კლდეებით, მხეცებითა და ავაზაკებით, სიფონებითა და ბოროტი მღელვარებით.

21. სულიერ გრიგალად წარმოვსახოთ ძლიერი და უეცარი გულისწყრომა, ზღვის მოქცევად - სასოწარკვეთილება, რომელიც გონებას გარს ეხვევა და მის უფსკრულში დანთქმას ცდილობს, კლდე მიუხვედრელობაა, რომელიც ბოროტებას სიკეთედ იღებს, მხეცად ეს ველური და მძიმე ხორცი მივიჩნიოთ და ავაზაკად ქედმაღლობის ბოროტი ეშმაკები, რომლებიც ჩვენი სათნოებების ტვირთსა და ნაშრომს გვტაცებენ, ღელვას გამძვინვარებულ და გამძღარ მუცელს ვუწოდებ, რომელიც მძვინვარებით მხეცის ხახაში ჩაგვაგდებს. ხოლო სიფონი არის ის ზეციდან გამოდევნილი ამპარტავნება, რომელიც ჯერ ცად გვამაღლებს და მერე უფსკრულში ჩაგვიყვანს.

22. ყველამ, ვინც წერილს ასწავლის, იცის, თუ რა არის განკუთვნილი დამწყებთათვის, რა - საშუალოთათვის და რა - მოძღვართათვის.

23. გავფრთხილდეთ, რომ მრავალწლიანი სწავლის შემდეგადაც ისევ ანბანს არ ვსწავლობდეთ, რადგანაც სირცხვილია, სწავლაში დაბერებული კაცი კვლავ ანბანს სწავლობედეს. მონოზვნობის ანბანია: მორჩილება, მარხვა, მღვიძარება, ძაძით შემოსვა, ნაცარზე ჯდომა, ტირილი, აღსარება, დუმილი, სიმდაბლე, მხნეობა, სიცივის ყინული, შრომა, უბადრუკი და შეურაცხი ყოფა, გულის შემუსვრილება, ავის არ მოხსენება, ძმათა სიყვარული, სიკეთე, მარტივი სარწმუნოება და ქვეყნიურისადმი უზრუნველყოფა, მშობლების მიმართ წმიდა სიძულვილი, სოფლისაგან განრიდება, უმანკოება და ნებსით სიგლახაკე.

24. მათ, ვინც მონაზვნობის გზის შუაში იმყოფებიან, უნდა იცოდნენ: ქედმაღლობის უარყოფა, ურისხველობა, იმედის სიუხვე, დაყუდება, განსჯა, მტკიცედ და ღვთისმოშიშებით ხსოვნა სასჯელისა, გულმოწყალება, უცხოთმოყვარება, სიკვდილის ხსოვნა, სრული სიყვარული, ზომიერი სწავლა, უვნებელი ლოცვა, ქონების სიძულვილი.

25. მათთვის ვინც ხორცში იმყოფებიან, მაგრამ სათნოებებით სრულყოფილებას მისწვდნენ, საზღვარი, ნიშანი და კანონი სულისა და ხორცისა ასეთია: წარუტაცებელი გული, სრული სიყვარული, სიმდაბლის წყარო, გონების ღმერთამდე ამაღლება, სულში ქრისტეს დამკვიდრება, სინათლისა და ლოცვის მოუკლებლობა, ღვთის ბრწყინვალების სიუხვე, სიკვდილის სურვილი, ამ ცხოვრების სიძულვილი, ხორცისაგან გაუცხოება, ანგელოზებთან ერთად იმგვარი ლოცვა ამქვეყნისათვის, რომელიც ღმერთის მოწყალების მოღებას აიძულებს, გულისხმიერების სიღრმე, საიდუმლოებათა ტაძარი, გამოუთქმელ საქმეთა მხილველობა, კაცთა მაცხოვნებლობა, ის არის ღმერთი ეშმაკთა, ვნებათა უფალი, ხორცის მბრძანებელი, გონების ბატონი, ცოდვათაგან უცხო, უვნებლობის სამყოფელი, მეუფის შეწევნით - მეუფის მიმსგავსებული.

26. ხორცის უძლურებისას გონების უდიდესი სიფრთხილეა საჭირო, რადგან, როდესაც ეშმაკები სარეცელზე დავრდომილებს გვნახავენ და მიხვდებიან, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლას სნეულების გამო ვერ შევძლებთ, შეეცდებიან, რომ განსაკუთრებულად მძიმე ბრძოლებს შეგვამთხვიონ.

27. მათ, ვინც სოფელში ცხოვრობენ, უძლურებისას მრისხანების ეშმაკი ესხმის თავს, ზოგჯერ კი - გმობის ეშმაკი ებრძვის; ხოლო მათ, ვინც სოფელს განშორებიან, თუკი ნივთიერი საშუალება მოეპოვებათ, ნაყროვანებისა და სიძვის ეშმაკი შეუტევს; ხოლო თუ მკაცრ და ყოველგვარ ხორციელ ნუგეშს მოკლებულ ადგილას ცხოვრობენ, მოწყინებისა და უმადურობის ეშმაკი დატანჯავს.

28. დავაკვირდი სიძვის ეშმაკის მოქმედებას და ვნახე, რომ იგი უმეტეს ტკივილსა და სიმწარეს უვლენდა სნეულს და ამ ტკივილითა და სიმწარით ხორცთა აღძვრა და დაცემა მოჰქონდა. და ეს მართლაც განსაცვიფრებელი რამ არის: როდესაც ტკივილისა და სიმწარის დროს ხორცი აღიძვრება და იმძლავრებს; მინახავს სარეცელს მიჯაჭვული სხვა სნეულნი, რომელთაც ღვთის ძალითა და მოწყალებით ნუგეში ეცათ, ამიტომ აღარაფერი აწუხებდათ და ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს აღარც სურდათ, რომ სნეულებისაგან გათავისუფლებულიყვნენ; ვნახე ისეთი სნეულებიც, რომლებსაც სნეულება - როგორც კანონი ღვთისაგან ისე მიეცათ და მისი საშუალებით სულიერი სენისა და ბოროტი ვნებისაგან გათავისუფლდნენ. და ვადიდე ღმერთი, რომელმაც ხორცის მიერ სულთან ერთად ხორციც განწმინდა.

29. გონიერი გონება, გონიერ სულს შეიმოსავს და იმისდა მიუხედავად, არის თუ არ არის ის ჩვენში, მასზე უნდა ვზრუნავდეთ და საკუთარი თავში ვეძებდეთ, რადგან, როდესაც ის გამოჩნდება, მაშინ გარეგანი გრძნობები სულზე მაცდუნებელ მოქმედებას ყოველმხრივ შეწყევტენ; ეს რომ კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ თქვა ერთმა ბრძენმა: „ცნობა საღმრთო ჰპოვე შენ“.

30. მონაზონს ცხოვრების ყოველგვარ საქმესა და სიტყვაში, აზროვნებასა და ქმედებაში სწორედ ეს სულიერი გულისხმიერება უნდა სდევდეს თან; ეს თუ ას არ იქნა, მაშინ ცხოვრება მონაზვნური აღარ იქნება და მით უმეთეს - ანგელოზური.

31. სხვა რამ არის განგებულება ღვთისა, სხვა - ღვთის შეწევნა, სხვა - მფარველობა მისი, სხვა - წყალობა მისი. ღვთის განგებულება ყოველგვარ ქმნილებაზე ვრცელდება; ღვთის შეწევნას მხოლოდ მორწმუნეები მიიღებენ; მფარველობა მტკიცე და ჭეშმარიტ მორწმუნეებს მიეცემათ; წყალობას - ისინი, ვინც მთელი სულით უფლისთვის იღწვიან; ხოლო ნუგეშინისცემას მხოლოდ მისი მოყვარულები მოიპოვებენ.

32. ხშირად ის წამალი, რომლითაც ერთი განიკურნება, მეორისათვის მომაკვდინებელი აღმოჩნდება. ხშირად დროულად მიღებული რომელიმე წამალი არგებს კაცს, ხოლო თუ უდროო დროს მიიღო, შეიძლება სასიკვდილო ღმოჩნდეს.

33. ვნახე უგუნურნი მკურნალნი, რომელმაც დამწუხრებული სნეული გინებით და შეურაცხყოფით შეაწუხა და მას სასოწარკევთილების მეტი ვერაფერი მოუტანა; ვნახე სხვა დახელოვნებული მკურნალი, რომელმაც ამპარტავნებით სავეს გული გინებით შეურაცხყოფით გააპო და სნეულებისა და სიმყრალისაგან დაცალა ის.

34. ვნახე ერთი და იგივე სნეული, რომელიც არაწმიდა ვნებათაგან განსაკურნებლად ხან მორჩილების წამალს სვამდა და მაშინ აქეთ-იქით დადიოდა და არ ეძინა; ხოლო სხვა დროს, როდესაც სულიერი თვალი დაუუძლურდებოდა, დეყუდებოდა და მდუმარებაში იმყოფებოდა. „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ“.

35. ზოგიერთს, არ კი ვიცი, რატომ (რადგანაც მე ღვთის მიერ ბოძებულ ნიჭებს ჩემი გონებით ვერ გამოვიძიებ), ასე რომ ვთქვათ, ბუნებრივი მიდრეკილება აქვს მარხვის, დაყუდების, ხორციელი სიწმიდის დაცვის, სიმშვიდის ან ლმობიერებისადმი.

36. არიან სხვები, რომელთა ბუნება ამ კეთილი საქმეების წინააღმდეგაა მიმართული, ისინი შეძლებისდაგვარად აიძულებენ თავს, და თუმცა ზოგჯერ ეცემიან კიდეც. მე მაინც, როგორც საკუთარი ბუნების მაიძულებელნი, ისინი პირველებზე აღმატებულად მიმაჩნია.

37. ჰოი კაცო, თავს ნუ იწონებ იმ სიმდიდრით, რომლის მოსახვეჭად შრომა არ დაგიხარჯავს, არამედ იცოდე, რომ ყოველგვარი ნიჭის მომცემელმა იცოდა შენი უძლურება და ამგვარი უვნებლობის მადლი უსასყიდლოდ მოგცა, რომ დიდი შრომის გარეშე ეცხონებინე.

38. ბავშვობაში მიღებული აღზრდა, განათლება და საქმიანობა სათნოებათა მოხვეჭაში და მონაზვნურ ცხოვრებაში ან შეგეწევა, ან - დაგვაბრკოლებს.

39. მონაზონთა ნათელი ანგელოზებია, ხოლო მთელი კაცობრიობის ნათელს მონაზვნები წარმოადგენენ. ამიტომაც მოვალენი ვართ, ყოველგვარ საქმეში და მოღვაწეობაში კეთილი მაგალითის მიმცემნი ვიყოთ, რათა ჩვენი სიტყვის ან საქმის გამოისობით „ნუცა ერთსა დაბნელდება, მაშინ განა ქვეყნიური სიბნელე უმეტეს წყვდიადად არ გადაიქცევა?!

40. ასე რომ, თუკი ჩემი მოსმენა და მორჩილება გსურთ, მაშინ ისმინეთ: ჩვენთვის სასარგებლო იქნება, თუ ცხოვრებაში ცვალებადები არ ვიქნებით და ჩვენს საბრალო სულს არ განვაბნევთ იმით, რომ ათასობით და ათიათასობით მტერს შევებრძოლებით, რადგანაც ჩვენთვის შეუძლებელია მათი ათასგვარი ხრიკისა და ბოროტმანქანების გამოძიება.

41. წმიდა სამების ძალით შევიარაღდეთ სამი უმთავრესი სათნოებით - სამი უმთავრესი ვნების დასათრგუნავად, თორემ სხვაგვარად საკუთარი თავს დიდ გარჯას მოვაწევთ.

42. ჭეშმარიტად, თუკი ჩვენთან იქნება იგი, „რომელიც გარდააქცევს ზღუასა ხმელად“, მაშინ ჩვენი ისრაელიც, - რომელშიც ღვთისმხედველი გონება უნდა ვიგულისხმოთ, - ვნებათა ზღვას დაუნთქმელად გადაურჩება და ეგვიპტელებს, ანუ - ვნებებს, საკუთარი ცრემლის ზღვაში დანთქმულს იხილავს. მაგრამ თუკი ის არ მოვა ჩვენში, მაშინ „ოხრასა ღელვათა მისთასა“, ანუ - ჩვენს ხორცს „ვინ დაუთმოს“?!

43. თუკი ღმერთი ჩვენ შორის საქმით აღდგება, მაშინ „განიბნინენ მტერნი მისნი“, ხოლო თუ სახილველად მივუახლოვდებით მას, „ილტვოდნენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა“ და ჩვენგანაც და სრულიადაც გაუჩინარდებიან.

44. შევეცადოთ, რომ საღმრთო საქმეები სიტყვით კი არა - საქმით ვისწავლოთ, რადგანაც სოფლიდან განსვლის ჟამს სიტყვებს კი არ წარვუდგენთ ღმერთს, არამედ - საქმეებს.

45. როდესაც ვინმე დამალული განძის შესახებ შეიტყობს, ცდილობს მის პოვნას და ამისათვის თავს არ ზოგავს, ხოლო როდესაც იპოვის, არანაკელბ შრომობს იმისათვის, რომ ნაპოვნი დაიცვას, რადგანაც უშრომელად გამდიდრებული, ადვილად აბნევს ქონებას.

46. ძველი ცოდვილი ჩვეულებებისა და ვნებების დაძლევა უშრომელად შეუძლებელია, ხოლო თუ ვინმე მათ კიდევ რაიმეს შემატებს და დაურთავს, ასეთი ან ცხონების იმედს კარგავს, ან - მონაზვნური ცხოვრებისაგან სარგებლობას ვერ მიიღებს. თუმცა ვიცი, რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია და „შეუძლბელ მის მიერ არარაი არს“.

47. ძალიან რთული და უაღრესად ძნელადმოსაფიქრებელი კითხვა დამისვეს, ის ჩემს გონებასაც აღემატებოდა და არც სადმე წამეკითხა: რისგან იშობა რვა ცოდვილი ვნება და მათგან რომელიც სამია დანარჩენი ხუთის მშობელი? მე კი მათ კითხვას საქებარი უმეცრება დავახვედრე და თვითონვე ვკითხე და ვეევდრე, რომ ესწავლებინა ჩემთვის და ამ ნეტარმა მამებმა მართლაც ყველაფერი მითხრეს: სიძვის დედა ნაყორვანებაა; მოწყინებისა ქედმაღლობა; ხოლო მწუხარებას სამი რამ შობს - ნაყროვანება, ვეცხლისმოყვარება და ქედმაღლობა; მრისხანებაც ამ სამი ვნების ნაშობია. ამპარტავნების დედა კი ქედმაღლობაა.

შემდეგ ვევედრე ამ წმიდა მამებს და ვთხოვე, ეთქვათ, თუ რომელნი არიან რვა გულისსიტყვის ნაშობნი, ან რომელი რომლის შვილია. ამ უვნებელმა ადამიანებმა კი სიყვარულით მასწავლეს და მითხრეს: უგუნური ვნებები ყოველგვარ წესრიგსა და აზრს მოკლებულნი არიან, მათში ყოველგვარი უწესობა და არეულობა მეფობს; ნეტარი მამები ამას ერთობ დამაჯერებელი მტკიცებულებებით ამოწმებდნენ; ბევრი საგულისხმო და სარწმუნო მაგალითი წარმოადგინეს, რომელთაგან ზოგიერთს აქვე მოვიტანთ, რათა მათი საშუალებით სწორად ვიმსჯელოთ და ყველაფრის შესახებ მართებულად განვსაჯოთ.

მაგალითად უდროო და ცუდი სიცილი ზოგჯერ სიძვისაგან იშობა, ზოგჯერ კი - ქედმაღლობისაგან, როდესაც ვინმე შინაგანად ურცხვად იქებს თავს, ზოგჯერ მას დასვენება და შვება შობს. ძილიც ასევე განშვებისაგან იშობა, ზოგჯერ - მარხვისაგან, როდესაც მმარხველი ქედმაღლობით არის შეპყრობილი, ზოგჯერ კი მოწყინებისაგან; ზოგჯერ - ბუნებისგანაც. მრავალმეტყველება ზოგჯერ მოწყინებისაგან გამომდინარეობს და ზოგჯერ - ქედმაღლობისაგან, მოწყინებას კი ზოგჯერ შვება შობს და ზოგჯერაც ღვთის უშიშობა. გმობა ამპარტავნების ნაშობია, ხოლო ზოგჯერ მას ის შობს, რაშიც მოყვასს ვდებთ ბრალს; ანდა იგი ეშმაკის შურისაგან მომდინარეობს. გულფიცხელობას - სიმაძღრე, ულმობელობა და ბოროტი სიყვარული იწვევს; ბოროტ სიყვარულს ან სიძვა შობს, ან - ვეცხლისმოყვარება, ან - ნაყროვანება, ან - ქედმაღლობა და სხვა ამის მსგავსთაგან. ცბიერება ამპარტავნებისა და მრისხანებისაგან იბადება; თვალთმაქცობა - თვითმაამებლობის, თვითრჯულობისა და თავმოთნეობისაგან; მათი მოწინააღმდეგეები კი მოწინააღმდეგე მშობლებისაგან იბადებიან; ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, რადგანაც მათი სათითაოდ აღწერა დიდ დროს მოითხოვს, მოკლედ ვიტყვი, რომ ყველა ზემოაღწერილი ვნების მკვლელი არის სიმდაბლე და ვინც ეს სათნოება მოიხვეჭა, ის ყოველთვის გამარჯვებული იქნება.

48. ყოველგვარი ბოროტების მშობლები სასატკბილობა და მზაკვრობა არიან, ვისაც ისინი დაეუფლებიან, იგი უფალს ვერ იხილავს, ერთ-ერთი მათგანისაგან განშორება ვერანაირ სარგებელს ვერ მოიტანს, თუ მეორეც არ მოსცილდა სულს.

49. შიში, რომელსაც ხელისუფალთა და მხეცების წინაშე განვიცდით, ღვთის წინაშე შიშის მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის. ხოლო სხეულებრივი სილამაზისადმი სიყვარული ღვთისადმი სიყვარულის სახედ უნდა გვექცეს; რადგანაც არაფერი გვაბრკოლებს, რომ მაგალითები სათნოებათაგან და მათი საპირისპირო საქმეებიდან ავიღოთ.

50. მეტისმეტად აივსო ბოროტი ქედმაღლობით, მზაკვრობითა და ორგულობით სამყარო, ხორციელ ღვაწლსა და შრომას გარდასულ მამათა მსგავსად მოითხოვს, ხოლო მათგვარ მადლს აღარავის ანიჭებს, თუმცა ალბათ არასოდეს ყოფილა ღვთის მადლი ისე აუცილებელი, როგორც დღეს; სამართლიანად მოგვეწია ეს ყოველივე; რადგანაც შრომით კი არა, არამედ - უბრალოებითა და სიმდაბლით გამოავლენს თავს ღმერთი ჩვენს სულში.

51. თუმცა უფლის ძლიერება უძლურებაში ჩნდება, უფალი თავმდაბალ მუშაკს არასოდეს უგულებელჰყოფს.

52. როდესაც რომელიმე მოღვაწეს ხორციელად დაუძლურებულს ვნახავთ, ჩვენი უკეთურებით მისი სასჯელის მიზეზის გამოძიებას ნუ დავიწყებთ, არამედ - სიყვარულით, როგორც საკუთარი თავი, ისე მივიღოთ და როგორც ბრძოლაში დაღლილ მხედარს, ისე ვუმკურნალოთ და მოვასვენოთ.

53. ბევრჯერ უძლურება ცოდვათა განსაწმედელად მოიწევა ჩვენზე, ზოგჯერ კი - გონების დასამდაბლებლად.

54. როდესაც ჩვენი სახიერი და ტკბილი ღმერთი ნახავს ვინმეს, ვისაც მოღვაწეობა ეზარება, მაშინ უძლურების მეშვეობით მრავალჯერ დაამდაბლებს მის ხორცს, ზოგჯერ კი იგი ავადმყოფობით სულს ვნებებისაგან და ბოროტი ზრახვებისაგან განწმენდს.

55. რაც არ უნდა აღესრულოს ჩვენზე, ყოველივე შეიძლება, მოვიღოთ როგორც კეთილად ისე, - საშუალოდ და ისე - ბოროტად

56. სამი ძმა ვნახე, რომელთაც რაღაც უჭირდათ, ერთი განრისხდა, მეორე უმოქმედოდ იდგა, ხოლო მესამე - ხარობდა.

57. ერთგან ვნახე, რომ მიწათმოქმედნი ერთსა და იმავე თესლს თესდნენ, მაგრამ თოთოეულს სხვადასხვაგვარი განზრახვა ჰქონდა; ერთს ვალის გადახდა უნდოდა, მეორეს - სიმდიდრის დაგროვება, მესამეს - უფლის მომადლიერება ძღვნის შეწირვით, სხვას ის სურდა, რომ გზად გამვლელებისათვის თავისი შრომა ეჩვენებინა და მათგან ქება დაემსახურებინა, სხვას - მტრის გულში შიშის და მწუხარების აღძვრა განეზრახა, სხვას - მხოლოდ ის, რომ უსაქმურობისათვის კაცთაგან საყვედური არ დაემსახურებინა.

58. ამ მუშაკების თესლი არის: მარხვა, მღვიძარება, მოწყალება, მსახურება და ამის მსგავსნი. ხოლო ზრახვებში რას ვგულისხმობდი, დაე, თვით ძმებმა დაწვრილებით გამოიკვლიონ.

59. როდესაც წყალს ვავსებთ, ხშირად ბაყაყი ამოყვება ხოლმე; ამგვარადვე, როდესაც სათნოებებს აღვასრულებთ, მათში ხშირად ფარულად ვნებებიც შეერევა. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უცხოთშემწყნარებლობას თან ნაყროვანება მოსდევს, სიყვარულს - სიძვა, გონიერებას - ეშმაკობა, სიბრძნეს - მზაკვრობა, სიმშვიდეს - მოწყინება და მცონარობა, ქალწულობას - სიფიცხე, სიმდაბლეს - თავხედობა, და ყოველივე ამას ერთად კრავს ამპარტავნება.

60. საყვარელნო, ნუ შეწუხდებით, თუ ზოგჯერ რაიმეს სთხოვთ უფალს და იგი აყოვნებს და თქვენს სათხოვარს ყურად არ იღებს.. რადგანაც ღმერთს სურს, რომ ყველა ადამიანი დაუყოვნებლივ უვნებლობას ეზიაროს. მაგრამ თუ ვინმე რაიმეს ითხოვს ღვთისაგან და სათხოვარს არ იღებს, ეს აქ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მიზეზით ხდება: ის ან უდროოდ ითხოვს, ან - უღირსად და ქედმაღლურად, ან თუკი მიეცემა, ამპარტავნებაში ჩავარდნა ელის, ან - სიზარმაცით შეპყრობა.

61. ყველამ იცის, რომ ზოგჯერ ვნებები ცოტა ხნით ან მუდმივად გვტოვებენ, მაგრამ ყველამ არ იცის, თუ რა მიზეზით გვშორდებიან ისინი.

ზოგიერთს - მარტო მორწმუნეს კი არა, არამედ - ურწმუნოსაც ერთის გარდა ყველა ვნება განეშორა; რადგან ეს ერთი ვნება, როგორც ყოველგვარი ბოროტების წინამძღვარი და ყოველგვარი სხვა ვნების მაგიერ მოქმედი და აღმასრულებელი დარჩა, ეს ბოროტება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მან ანგელოზის ეშმაკად გადაქცევა შეძლო.

62. ვნებას საღმრთო ცეცხლის ძალა დასწვავს და განლევს და მისი სულის მიერ აღმოიფხვრება.

63. კიდევ იმისთვის განეშორებიან კაცს ეშმაკები ნებით, რომ იგი უზრუნველობამ შეიპყროს და მერე მოულოდნელად დაესხმიან თავს, გაიტაცებენ და იმდენად ძლიერ ვნებებში დანთქამენ, რომ საკუთარი თავს უკვე თვითონვე აღუდგება წინ და ებრძვის.

64. ვიცი, რომ ეშმაკები შესაძლოა, განეშორონ მაშინაც, როდესაც სული ვნებებს ეჩვევა. ამის მაგალითად ჩვილი ბავშვი გამოდგება, რომელიც ძუძუს წოვასაა მიჩვეული და როდესაც ძუძუს მოსწყვეტენ, საკუთარი თითს წოვს ხოლმე.

65. ვიცი ბოროტი ეშმაკებისა და სულიერი ვნებების განშორების კიდევ ერთი, მეხუთე შემთხვევა, რომელიც უდიდესი უმანკოებისა და სულიერი სიწმიდისაგან მომდინარეობს, რადგანაც სწორედაც, რომ ჭეშმარიტი და სამართლიანია, თუ ასეთი ადამიანები შეწევნას მიიღებენ უფლისგან, „რომელმან განარინნის წრფელთა გულითა“ და მათგანვე ფარულად იხსნის ბოროტებისაგან, როგორც ჩვილებს, რომლებსაც მრავალგზის ხდიან სამოსელს და ისინი კი საკუთარი სიშიშვლს ვერ ხვდებიან.

66. თავისი ბუნებით ბოროტი ვნება ადამიანის ბუნებისათვის თვისობრივი არ არის, რადგანაც ღმერთი არ არის ვნებათა შემოქმედი. სათნოებანი კი მრავლად უწყალობა ჩვენს ბუნებას, რომელთაგანაც ცნობილია: მოწყალება, როგორც თვისობრივი ჩვენი ბუნებისათვის. ამიტომაა, რომ წარმართებიც კი ავლენენ მას ადამიანების მიმართ; თვისობრივია სიყვარული, რადგან ერთმანეთთან განშორება პირუტყვებსაც კი აწუხებთ; სარწმუნოებაც თვისობრივია, რადგანაც ყველა საკუთარი თავიდან იღებს და საკუთარი სულის სიღრმეში შობს მას; იმედი თვისობრივია ჩვენთვის, იმიტომ, რომ იმედით ვინათლებით და ყოველგვარ ხორციელ საქმეშიც გამდიდრების იმედით ვხელმძღვანელობთ: ვთესავთ და ვასესხებთ, ზღვით ვმოგზაურობთ. ამგვარად, როგორც ვთქვით, სიყვარული თვისობრივია ჩვენი ბუნებისათვის, სწორედ სიყვარულია აღსურლება სჯულისა და წინასწარმეტყველებისა. აქედან გამომდინარე სათნოებანი ჩვენი ბუნებისაგან არცთუ შორს ყოფილა და რცხვენოდეს ყველას, ვინც ამბობს, სათნოებათა აღსრულება შეუძლებელიაო.

67. ბუნებაზე აღმატებულია სრული ქალწულების სიწმიდე, ურისხველობა, სიმდაბლე, ლოცვა, მღვიძარება, მარხვა, განუწყვეტელი ტირილი და გლოვა. ზოგიერთი მათგანი კაცთაგან ვისწავლეთ, ზოგი - ანგელოზთაგან, ხოლო ზოგიეთის მასწავლებელი და მომცემელი თვით სიტყვა ღმერთია.

68. როდესაც ორი ბოროტებიდან ერთერთის არჩევა გვიწევს, ნაკლები ბოროტება უნდა ავირჩიოთ; მაგალითად, ზოგჯერ ლოცვის დროს შესაძლოა, რომელიმე ძმა გვესტუმროს, მაშინ ან ლოცვის გაგრძელება მოგვიწევს და ასეთ შემთხვევაში ძმას ვერ ვნახავთ და დავამწუხერბთ მას, ან - ლოცვის შეწყვეტა; მაშინ უნდა მივხვდეთ, რომ სიყვარული ლოცვაზე აღმატებულია, რადგანაც ლოცვა პირადი ღვაწლია, ხოლო სიყვარული ყოველგვარ სათნოებათა მომცველია.

69. სიჭაბუკეში ერთ ქალაქში მივედი, როდესაც სუფრას მივუჯექი, ნაყროვანებისა და ამპარტავნების ზრახვები დამესხნენ თავს; მე შემაშინა ნაყროვანების სულმა, რადგანაც ის სიძვას შობს, ამიტომ ამპარტავნებისაგან ვიძლიე.

70. ერისკაცებში ყოველგვარი ბოროტების საფუძველი ვეცხლის მოყვარეობაა; მონაზონთა შორის კი - სიძვა.

71. ზოგჯერ უფალი, თავისი საიდუმლო განგებულებით, სულიერ ადამიანებში მსუბუქ ვნებებს ტოვებს, რათა ამ უმნიშვნელო და თითქმის უცოდველი ვნებების გამო ეს ადამიანები გამუდმებით აყვედრიდნენ საკუთარი თავს და ამით შეიძინონ სანატრელი სიმდაბლე.

72. ახლადმოსულებისათვის მორჩილების გარეშე შეუძლებელია სიმდაბლის მოხვეჭა, რადგანაც თუ ვინმე რაიმე ხელობას თავისით ისწავლის, ეს მას აუცილებლად ამპარტავნებამდე მიიყვანს.

73. როგორც მამები ამბობენ, სათნოებათა ყოველგვარის სახე ორ სათნოებაში იკრიბება, ესაა მარხვა და მორჩიელბა; ერთი მათგანი ვნებებისაგან იხსნის ადამიანს და მეორე სიმდაბლის საშუალებით ამ გამოხსნილს სამუდამოდ იცავს. ამიტომ გლოვასაც ორგვარი ძალა აქვს, ის ანადგურებს ცოდვებს და სიმდაბლეს ნერგავს.

74. ღვთის მოშიში ადამიანებისათვის დამახასიათებელია მისცენ მათ, ვინც ითხოვს, ისინი, ვინც მათაც კი აძლევენ, ვინც არ ითხოვს, უფრო აღმატებულნი არიან, ხოლო ისინი, ვინც უკან აღარ ითხოვენ თავის მიერ გაცემულს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს, უვნებლობას არიან მიღწეულნი.

75. საკუთარი თავში ყოველგვარი ვნება და სათნოება გამოვიკვლიოთ და მივხვდეთ რომელ საფეხურზე ვართ: ვიწყებთ, შუაში ვართ თუ დასასრულს მივაღწიეთ.

76. ეშმაკები სამი მიზეზით გვებრძვიან: ან გემოთმოყვარების ან - ამპარტავნების, ან - შურის გამო. უკანასკნელი მართლაც რომ სანატრელია, საშუალო - სრულიად უბადრუკი, ხოლო პირველი - ყოვლად უსარგებლო.

77. არსებობს ერთგვარი გრძნობა, ან - უკეთ რომ ვთქვათ, ჩვევა, რომელსაც „ჭირთა თავსდებას“ უწოდებენ, როდესაც ის დამკვიდრდება კაცში, იგი აღარაფერს შეუშინდება და არც ღვაწლსა და ხორციელ გაჭირვებას უჩვენებს ზურგს.

78. სხვაა ზრახვების დაცვა და სხვაა გონებისა და როგორც „განშორებულ არს აღმოსავალი დასავალსა“, იმგვარადვე აღემატება ეს უკანასკნელი ღვაწლი პირველს.

79. სწორედ ამ გრძნობის თუ ჩვევის მიერ იყვნენ შეპყრობილნი მოწამეები და ამიტომ იყო, რომ სატანჯველის არად ჩაგდება შეძლეს.

80. ერთი საქმეა ილოცო ზრახვების წინააღმდეგ, სხვაა წინააღმდეგობა გაუწიო მათ და სულ სხვა - დათრგუნო და დაამდაბლო ისინი. პირველზე ეს ნათქვამი მოწმობის: „უფალო შეწევნად ჩემდა ისწრაფე“. და სხვა ამის მსგავსნი. მეორეზე: „მიუგო მაყვედრებელთა ჩემთა სიტყვა“. - ანუ შეწინააღმდეგება სიტყვით. და კიდევ: „მყვენ ჩვენ სახდომელ გარემოისთა ჩვენთა“. მესამეს კი ფსალმუნში ნაგალობევი ამოწმებს: „დავყრუვდი და არა აღვაღე პირი ჩემი“. და: „დასდევ საცოი პირსა ჩემსა, მიხდებოდა რა ცოდვილი წინაშე ჩემსა“ და კიდევ: ამპარტავანნი უსჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე“ შენი ხილვისაგან „არა გარდავაქციე“. საშუალონი ხშირად საკუთარი მოუმზადებლობის გამო პირველს მიმართავენ, მაგრამ პირველები მეორეს ვერასოდეს მიწვდებიან, რომ მტერი მისი საშუალებით დაამარცხონ, ხოლო მესამეს სრულად უძლევია ეშმაკები.

81. ბუნებით შეუძლებელია, რომ უხორცო ხორციელმა შემოსაზღვროს, მაგრამ ვინც საკუთარი თავში ღმერთს დაამკვიდრებს, იგი ყოველივეს შესძლებს.

82. როგორც ნებისმიერ ყნოსვის შეგრძნების მქონეს შეუძლია, მიხვდეს, თუ გარშემომყოფთაგან ნელსაცხებელის სურნელი ვისგან მოდის, ასევე განწმენდილი სული შეიცნობს სხვებში როგორც კეთილ სურნელს - რომელიც ღვთისაგან თვითონაც მიიღო, ასევე - ბოროტსიმყრალეს, რომლისგანაც სრულიად გაუცხოებულია; თუმცა სხვები ამას ვერ გრძნობენ.

83. თუმცაღა შეუძლებელია, რომ ყოველი ადამიანი უვნებლობას მისწვდეს, მაგრამ ცხონება და სათნოყოფა ყველასათვის შეუძლებელია.

84. დაე, ნურასოდეს დაგეუფლებიან უცხოტომელები, ანუ - ზრახვები, რომლებიც ღვთის შეუცნობელი განგებულების გზების გამოძიებას გაიძულებენ, ასევე - ხილვები, რომლებიც ადამიანებს ესტუმრებიან ხოლმე და ჩააგონებენ - უგუნურ აზრს, თითქოსდა ღმერთი თვალმღებელია. ყოველივე ეს თავმაღლობის გამოვლინება და მისგან ნაშობი ზრახვებია.

85. ზოგჯერ ვეცხლისმოყვარების ეშმაკები ცდილობენ, სიმდაბლე დაიბრალონ, ასევე პატივმოყვარების ეშმაკები მოწყალების გასაცემად აღგვძრავენ, ასევე - გემოთმოყვარების ეშმაკები, ხოლო თუ ამ ორი უკანასკნელის დათრგუნვას შეძლებთ, მაშინ შეგიძლიათ, მოწყალება დაუბრკოლებრივ გაცსეთ.

86. მითხრეს, არსებობენ თვით ეშმაკების მოწინააღმდეგე ეშმაკებიო, მაგრამ მე მიხვედრილი ვარ, რომ ყოველი მათგანი ჩვენს დაღუპვას ცდილობს.

87. ყოველგვარ ხილულ თუ უხილავ სულიერ საქმეს წინ განზრახვა და კეთილი სურვილი უძღვის, - ღვთის შეწევნასთან ერთად, რადგანაც ამის გარეშე სათნოებები არ აღესრულება.

88. როგორც ბრძენი სოლომონი იტყვის: „ყოველივეს თავისი დრო აქვს და თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“. ეს გამონათქვამი იმ საგნებსა და საქმეებსაც შეეხება, რომელთაც მონასტრულ თანაცხოვრებაში აქვთ ადგილი. ამიტომ გონება უნდა მოვიკრიბოთ და ყოველი საქმე დროულად აღვასრულოთ, რადგანაც მოღვაწეს უვნებლობის ჟამიც აქვს და ისეთი დროც, როდესაც ღვაწლის სიმცირის გამოისობით ჯერაც ვნებულ მდგომარეობაში იმყოფება.

არის ჟამი ცრემლისა და არის ჟამი გულფიცხელობისა; არის ჟამი მორჩიელბისა და არის წინამძღვრობისა; არის ჟამი მარხვისა და არის ჟამი ჭამისა; არის ჟამი, როდესაც კაცი ხორცის მტრებს უნდა ებრძოდეს და არის ჟამი, როდესაც ამ მხურვალებას სრულად უნდა მოაკვდინებდეს; არის ჟამი სულიერი ზამთრისა და არის ჟამი გონების სიმშვიდისა; არის ჟამი გულის მწუხარებისა და არის ჟამი სულიერი სიხარულისა; არის ჟამი სწავლისა და არის ჟამი სმენისა; არის ჟამი, როდესაც ამპარტავნება შებილწავს და არის ჟამი, როდესაც სიმდაბლე განსწმენდს;

არის ჟამი ბრძოლისა და ჟამი განსვენებისა; არის ჟამი დაყუდებისა და ასევე - ჟამი უზრუნველობისა, საზრუნავისა და გარესვლისა; არის ჟამი სიმშვიდეში ლოცვისა და ჟამი წრფელი მსახურებისა; ამგვარად, ამპარტავნებით ნურაფრის ძიებას უჟამოდ ნუ დავიწყებთ; ზამთარში ზაფხულის საქმის პოვნას ნუ მოვინდომებთ, ნურც თესვისას მოგვინდება მკა, რადგანაც თესვის ჟამი ჟამია შრომისა, ხოლო მკისას გამოუთქმელ მადლს ვიმკით; მაგრამ თუ უდროოდ მოვინდომებთ რამეს, მასე ვერც თავის დროზე მივიღებთ.

89. ზოგიერთმა ღვთის გამოუკვლეველი განგებულებით საკუთარი ღვაწლის შედეგი მოღვაწეობის დაწყებამდე მოიმკო, ზოგმა - მოღვაწეობის ბოლოს, ზოგიერთმა კი - მხოლოდ სიკვდილის ჟამს; გამოსაკვლევია, ამ სამს შორის რომელია უმდაბლესი.

90. არსებობს სასოწარკვეთილება: ცოდვათა სიმრავლის, სინდისის დამძიმების და უაღრესი მწუხარების გამოისობით; როდესაც სული დაწყლულდება და ყოველივე ამის სიმძიმისაგან სასოწარკვეთილების უფსკურლში ჩავარდება; არსებობს ასევე სასოწარკვეთილება, რომელსაც ამპარტავნება და ქედმაღლობა მოაწევს სულს, როდესაც დაცემული კაცი ფიქრობს, რომ ეს დაცემა მისთვის დაუმსახურებელი და შეუფერებელია; თუკი ვინმე ამას დაუფიქრდება, მიხვდება, რომ ამ ორ მდგომარეობას შორის ასეთი განსხვავება არსებობს: პირველი მათგანი დაუდევრობას მიჰყოფს ხელს, ხოლო მეორე სასოწარკვეთილებისაგან - ღვაწლს. მაგრამ ამით ვერ ეშველებათ, იმიტომ რომ პირველს მარხვა და ღვთის სასოება განკურნავს, ხოლო მეორეს - სიმდაბლე და სხვათა განუკითხველობა.

91. ყოველგვარი საქმის დაწყებისას: მორჩილებაში იქნები თუ - არა, შენი ღვაწლი ხილული იქნება, თუ - უხილავი, კანონად და წესად ერთი რამ გაიხადე: გამოსცადე ჭეშმარიტად ღვთისათვის აღასრულებს მას?! მაგალითად, თუკი დამწყებები ვართ, რაიმე საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ ამით ჩვენს მიერ მანამდე მოხვეჭილი სიმდაბლე არ იზრდება, გამოდის, რომ ღვთისათვის არ ვიღწვით; ეს საქმე დიდი იქნება თუ მცირე, დამწყებთათვის მთავარი ის არის, რომ ღვაწლი უფლის ნებასთან თანხვდომილი იყოს. საშუალოებში ის შინაგან ბრძოლას დააცხრობს, ხოლო სრულთათვის საღმრთო ნათლის გამრავლება და სიუხვე მოაქვთ.

92. მცირე ცოდვა დიდი ადამიანებისათვის შესაძლოა, მცირედ აღარ ჩანდეს, ხოლო პატარასთან დიდი ცოდვა შეიძლება, დიდიც არც იყოს.

93. როდესაც ცას ღრუბელი გადაეყრება, მზე კარგად მაშინ გამოჩნდება, ხოლო სული მაშინ იხილავს საღმრთო ნათელს, როდესაც ძველი ცოდვებისაგან განიწმიდება.

94. სხვა რამ არის ცოდვა და სხვა - უქმობა; სხვა რამ არის უქმობა და სხვა - ვნება; სულ სხვაა დაცემა; ვისაც ღვთისგან ამის შეცნობა შეუძლია, დაე გამოიძიოს.

95. ზოგიერთი სხვა სულიერ ნიჭზე და მადლზე მეტად სასწაულმოქმედების და წინასწარმეტველების ნიჭს ნატრობს, მან არ იცის, რომ ძალიან ბევრია ამაზე აღმატებული ნიჭი, რომელიც დაფარულია და ამდენად - დაცემისგან დაცული.

96. ვინც სრულად განწმენდილია ცოდვებისაგან, იგი მოყვასის სულს, ხედავ, მაგრამ მის არსებას კი - ვერა; ვერ გრძნობს, როგორ განწყობილებაზეა იგი, რას განიცდის, ხოლო, იგი, ვინც ჯერ კიდევ მოღვაწების გზაზე დგას, ხორციელ საქმეებში მოყვასის სულსაც შეიცნობს.

97. მცირე ცეცხლი ხშირად ყოველ ნივთს განწმენდს, მცირე ხვრელი კი ყოველგვარ შრომას ცარიელზე ტოვებს.

98. ბევრჯერ, როდესაც ეს ჩვენი მტერი ხორცი მოგვასვენებს, გონების ძალას მაშინ ვიგრძნობთ ხოლმე და დამღუპველი მხურვალება აღარ გვაწუხებს; ზოგჯერ კი - პირიქით, სხეულის დათრგუნვა მაში ბოროტ აღძვრას შობს, რათა საკუთარი თავზე კი არ ვამყარებდეთ იმედს, არამედ მასზედ, ვინც უხილავად მოაკვდინებს ჩვენს ცოცხალ მტერს - სხეულს.

99. როდესაც ისეთ ადამიანებს ვნახავთ, ვისაც ღვთის მიერ ვუყვარვართ, მათ მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა არ გავკადნიერდეთ, რადგან არაფერი აქრობს სიყვარულს ისე და არ შობს სიძულვილს, როგორც - კადნიერება.

100. სულიერი თვალი, ანგელოზების შემდგომად ყველაზე მშვენიერი და კეთილი რამ არის, ის მშვენიერებით ყოველგვარ ქმნილებას აღემატება. ამიტომ ხშირად მათ ვინც თავად ცოდვით იძლევიან, შეუძლიათ მათდამი სიყვარულის გამო, სხვების სულის იდუმალ ზრახვებს ჩაწვდნენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ხორციელად არ არიან შებილწულნი.

101. რადგან უხორცო ბუნებისთვის არაფერია ისე საძულველი, როგორც - ხორციელი; ვინც ამას წაიკითხავს, კარგად გაიაზროს.

102. სულით უძლური უფლის მიახლოებას ჭირისა და ხორციელი განსაცდელის სიმრავლით უნდა ხვდებოდეს, ხოლო სრულნი სულიწმიდის მოვლინებით და მადლის გამრავლებით უნდა შეიცნობდნენ.

103. არიან სრულნი, რომლებიც საღმრთო სურვილით მხნევდებიან და გულის სიმდაბლით დიდ სათნოებებს აღასრულებენ. სხვები კი იმავე საქმეს ამპარტავნებით შეუდგებიან და სირცხვილში ჩავარდებიან ხოლმე.

104. არის ეშმაკი, რომელიც სარეცელზე წოლისას მოვა და ბოროტი და უწმინდური ზრახვებით ცდილობს ჩვენს შებილწვას; ამიტომ თუ ჩვენ უდებება დაგვძლევს, მის წინააღმდეგ ლოცვით არ აღვიჭურვებით და ამ ბოროტი ზრახვებით დავიძინებთ, ბილწი სიზმრები მოგვიცავს.

105. არის კიდევ ეშმაკი, რომელსაც მსტოვარი ეწოდება და რომელიც გაღვიძებისთანავე წარმოგვიდგება და ჩვენს პირველივე აზრებს შებილწავს.

106. ყოველი დღის დასაწყისი უფალს მიუძღვენი, რათა გათენებისთანავე მის მიერმა ზრახვებმა დაიმკვიდრონ შენში, და არა - ეშმაკეულმა, რადგანაც, ვისაც თუ ახლადდაწყებული დღე როგორ ჩაივლისო.

107. ერთმა ღირსეულმა მოღვაწემ ყურადსაღები რამ მითხრა: - გათენდა თუ არა, მაშინვე ვხვდები, თუ ახალდდაწყებული დღე როგორ ჩაივლისო.

108. ღვთისმსახურებისა და წარწყმედის უამრავი გზა არსებობს; ხშირად ხდება, რომ ერთისთვის მოუხერხებელი გზა მეორისთვის ძალზედ წარმატებულია, და ამასთან: ორივე მოგზაურის მიზანი უფლისთვის სათნოა.

109. როდესაც რაიმე განსაცდელი შეგვემთხვევა, მაშინ გვებრძვის ეშმაკი, რათა რაიმე ბოროტი ვთქვათ ან მოვიმოქმედოთ, ხოლო თუ ამას ვერ გვაქნევინებს, მაშინ ფარულად მოვა და ამპარტავნებით სავსე მადლობას დანერგავს ჩვენში.

110. ვინც ზეციურ საქმეებს იქმს, სიკვდილის შემდეგ ზეცაში ადის, ხოლო, ვინც ქვეყნიურზე ფიქრობდა, მისი ადგილი ქვემოთ იქნება. გარდაცვლილთაგან შუაში არავინ დარჩება.

111. უფლის ქმენილებათაგან მხოლოდ სულია, რომელიც ცალკე კი არ არსებობს, არამედ სხვასთან (სხეულში). და საოცარია, როგორ შეუძლია მას არსებობა იმის გარეშე, საიდანაც სიცოცხლე მიიღო?!

112. კეთილ ასულებს დედები შობენ, თვითონ დედებს - უფალი; მათ მოწინააღმდეგე ბოროტ ასულებსაც დედები შობენ, ამ დედებს კი - ეშმაკი.

113. მშიშარა სამბრძოლოდ ნუ გამოვა - ამბობს მოსე, უფრო ზუსტად კი ამას ღმერთი ამბობს; რათა მისი უკანასკნელი სულიერი დაცემა იმ პირველ - ხროციელზე უარესი აღმოჩნდეს.

ყოველ ხორციელი სხეული ხორციელი თვალით იხედება, ხოლო საღმრთო სათნოებათა გონიერი თვალი არის გამოძიება და შეცნობა.

114. „ვითარცა სურის ირემსა წყაროსა მიმართ წყალთასა, ეგრეცა სურის“ მონაზონთა სულებში, რათა შეიცნონ სახიერი, კეთილი და სრული ღმერთის ნება, ასევე ისიც: თუ როდის ერევა მასში ჩვენი პირადი ნება და როდის - მოწინააღმდეგისა; ხოლო თუ როდისაა ნება შეერთებული (*) - ამასთან დაკავშირებით ვრცელი და რთული მსჯელობაა საჭირო; ანუ რომელიც საქმეები უნდა აღვასრულოთ სრულიად დაუყოვნებლად, ამ გამონათქვამის მიხედვით: „ნუ აყოვნებ და... სახვალიოდ ნუ გადადებ“ (ზირ. 5,8); რომელნი - მოთმინებითა და სიბრძნით, იმ ბრძნის სიტყვისამებრ, რომელიც ამბობს: „თავგზიანად წარმართე ბრძოლა“ (იგავ. 24,6); კიდევ: „ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდნენ“ (1კორ. 14,40); იმიტომ, რომ - ვიმეორებ - ყველას არ ძალუძს, სწრაფად და კეთილგონივრულად გაერკვეს ამ ძნელადგასაგებ ვითარებებეში. თვით ღმერთშემოსილი წინასწარმეტყველი, რომელშიც სულიწმიდა იყო დამკვიდრებული და მისი ბაგეებით მეტყველებდა, ხშირად ლოცულობდა თავისი ნიჭისათვის და ამბობდა: „მასწავე მე, რაითა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი“ (ფს. 142,10); ანდა ამგვარად: „მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე“ (ფს. 24,5). ან კიდევ: „მაუწყე, მე უფალო, გზაი, რომლესაცა ვიდოდე,“ რაითა უარვყო ყოველგვარი ვნება და ქვეყნიური საზრუნავი და „აღვიღო“ და შეგავედრო „სული ჩემი“ (ფს. 142,8).

115. ყველამ, ვისაც ღვთის ნების შეცნობა სურს, ჯერ საკუთარი თავში პირადი ნება უნდა მოაკვდინოს, გულის სიწმიდითა და სიმარტივით აღავლინოს ლოცვა, ჰკითხოს სულიერ მამემბსა და ძმებს, მათი ნათქვამი მიიღოს, თუნდაც ის მის პირად აზრს ეწინააღმდეგებოდეს და თუნდაც ეს ადამიანები არც დიდი სულიერებითა და გონიერებით იყვნენ გამორჩეულნი; რადგანაც უფალი არ უარყოფს მას, ვინც სიწმიდითა და სარწმუნოებით მიენდობა აზრს მამებისა, რომლებიც შესაძლოა, უმეცარნი არიან, მაგრამ მათ მიერ ყოვლადბრძენი და სახიერი უფალი მეტყველებს.

116. ამ საქმის სიხარულითა და ერთგულებით მოქმენდნი უდიდესი სიმდაბლით არიან აღსავსენი, რადგან თუკი ვინმე „საგალობელითა აღიღებდა იგავსა“, ამ უსულო საგალობელს რამდენად აღემატება სიტყვიერი გონება და გონიერი სული;

117. ვინც ამას არ აღასრულებს, მას საკუთარი ძალებით სურს ნების შეცნობა და ამისთვის ყოველგვარ ღონეს ხმარობს, მან გვიამბო ის, რასაც ახლა გეტყვით:

118. ზოგიერთმა მათგანმა, ვინც ორი არჩევანის წინაშე იდგა და სურდა, შეეტყო, მათგან რომელიც იყო სათნო ღვთისათვის, გონებისაგან სრულად მოიკვეთა ყოველგვარი ხორციელი სიყვარული და ისე მოიზღუდა გონება, რომ ამ ორთაგან არცერთს არ მიმხრობოდა ის; და ამგვარად ყოველგვარი პირადი ნებისაგან განძარცვული გონება დადგენილ დღეს - მხურვალე ლოცვით წარადგინა უფლის წინაშე და ამგვარად შეიცნო ნება ღვთისა: ასეთ დროს ან უხილავი გონება უხილავად ესაუბრება მათ გონებას და უმჯობესს აუწყებს, ან - ერთ-ერთმა ზრახვამ სრულიად დატოვა გონება; სხვებმა კი ის მაშინ შეიცნეს, როდესაც თავსდატეხილმა განსაცდელმა შეუშალათ ხელი და მიხვდნენ, რომ ეს ხელისშეშლა ღვთისაგან იყო, როგორც მოციქულიც ამბობს: „ვინებეთ მისვლა თქუენდა მე, პავლე, ერთგზის და ორგზის და დამაბრკოლა ჩუენ“ (1თეს. 2,18); სხვებმა კი პირიქით - მოულოდნელი ხელშეწყობით შეიცნეს, რომ ესა თუ ის საქმე ღვთისათვის სასურველი იყო, რადგან ყველა კეთილისმოქმედს გამარჯვებას აძლევს ღმერთი;

119. ვისაც საკუთარი თავის განმანათლებლად ღმერთი ჰყავს, მისი გონება თავისთავად ნათლდება ღვთისაგან და არჩევს, თუ რომელი საქმეა მსწრაფაღსასრულებელი და რომელ საქმეში დაყოვნებაა საჭირო; ეჭვი და ბევრი ფიქრი რაიმე საკითხთან დაკავშირებით, როდესაც კაცს გადაწყვეტილების მიღება უჭირს, ნიშანია იმისა, რომ მისი სული ჯერაც გაუნათლებელი და დიდებისმოყვარეა.

120. არ არსებობს ღვთისაგან ისეთი უსამართლობა, რომ მან კარი დაუხშოს მათ, ვინც სიმდაბლით რეკს და ევედრება მას.

121. რასაც უნდა ვაკეთებდეთ, შევამოწმოთ ჩვენი სურვილები, თუ საით არიან მიდრეკილები ისინი, რადგან რომელ საქმესაც აღვასრულებთ ღვთისათვის, ყოველგვარი ხორციელი საქმისა და სურვილისაგან განწმენდილი ნებით, დასასრული მისი კეთილი იქნება, თუნდაც თავდაპირველად ეს ასე არ ჩანდეს. ხოლო თუ მასში ხორციელი სურვილია გარეული, არ ვიცი, რამდენად კარგი იქნება ამ საქმის აღსრულება, ამიტომ რომ საშიშია.

122. ღვთის სამართალი ჩვენთვის მიუწვდომელია, ხშირად თავის ნებას ფარავს ღმერთი ჩვენგან, რადგან იცის, რომც შევიტყოთ, მაინც არ აღვასრულებთ მას; სწორედ ამიტომ არ გვიცხადებს, რომ აღუსრულებლობისათვის უმეტესად არ დავისაჯოთ.

123. წრფელმა გულმა არ იცის მზაკვრობა და უმანკოების ნავით უხიფათოდ მიცურავს.

124. არიან მხნე სულები, რომელნიც საღმრთო სიყვარულით და გულის სიმდაბლით ისეთ ღვაწლს ტვირთულობენ, რომელიც მათ შესაძლებლობას აღემატება; ასევე არსებობენ ამპარტავანი გულები, რომლებიც ასევე იქცევიან, რადგან ხშირად ეშმაკები აღგვძრავენ, რომ საკუთარი ძალებზე აღმატებულ საქმეებს შევეჭიდოთ, რათა ამის გამო სულმოკლეობაში ჩავვარდეთ და რისი გაკეთებაც შეგვეძლო, ისიც ვერ აღვასრულოთ და მტრის დასაცინები გავხდეთ;

125. ვნახე ისეთები, რომელთაც – სულით და ხორცით უძლურთა ცოდვათა სიმრავლის აღსახოცელად, საკუთარი შესაძლებლობებზე აღმატებული საქმე იტვირთეს და მისი აღსრულება კი ვერ შეძლეს; მათ ვასწავლე და ვუთხარ: - ღვაწლის სიმრავლის კი არა, არამედ სიმდაბლის სიმრავლის მიხედვით იწირავს ყოველთა შემოქმედი ღმერთი ადამიანის სინანულს მეთქი.

126. ზოგჯერ უკიდურეს ბოროტებათა მიზეზი აღზრდა ხდება, ზოგჯერ - ბოროტ ადამიანებთან ერთად ყოფნა; მაგრამ ყველაზე ხშირად სულის უკეთურება და გონების განდგომილებაა დაღუპვის მიზეზი.

127. ვინც ამ პირველი ორისაგან განშორებულია, ის მესამისაგანაც განშორებული, ხოლო იგი, ვისაც ეს მესამე სჭირს, ყველგან დაუცველია, რადგან ადვილი არ არის ცოდვისაგან დაცვა იმ კაცისა, ვინც თვითონ არ ერიდება ცოდვას.

128. თუკი ურწმუნოები ან ერეტიკოსები გვესაუბრებიან და ბოროტი ნებით ცდილობენ ჩვენს გადაბირებას, მცირეოდენი შეგონებისთანავე განვეშოროთ მათ, მაგრამ თუკი ჭეშმარიტების შეცნობის გულწრფელი სურვილი აქვს ვინმეს, ნუ დავაყოვნებთ და კეთილი ვასწავლოთ მას; მაგრამ ორსავე შემთხვევაში საკუთარი სიმტკიცისა და სულიერების საზომის მიხედვით ვიმოქმედოთ.

129. დიდი უგუნურებაა, თუ ვინმეს დიდი მამების საოცარი საქმეების შესახებ ამბები სასოწარკვეთილებმადე მიიყვანს, რადგან თუ კაცი ისურვებს, აქედან ორმაგი სარგებელის მიღება ძალუძს: მას შეუძლია, საღმრთო შური აიღოს და მიბაძოს კეთილს, ან - შეიცნოს საკუთარი თავი, თავისი უძლურება – სიმდაბლით, რაც სიკეთის მომასწავებელია.

130. უწმიდურ სულთაგან არიან მათ შორის უბოროტესები, რომლებიც მარტო ჩვენ კი არ გვებრძვიან და მიგვიზიდავენ ცოდვისაკენ, არამედ ცდილობენ, რომ სხვებიც ვაზიაროთ ცოდვას და ამით უმეტეს სატანჯველს მივეცნეთ.

131. ვნახე ისეთი კაცი, რომელმაც ბოროტი ჩვევა სხვიგან შეიძინა, შემდეგ მისი ამ საქმის მასწავლებელი გონს მოეგო, ამ ბოროტებას განერიდა და სინანული მოიპოვა, მაგრამ მისი მოწაფის ცოდვაში ყოფნის გამო მისი სინანული უძლური და ძალიან ძნელი აღმოჩნდა.

132. ძალიან მრავალგვარი და მრავალრიცხოვანია ბოროტ სულთა მზაკვრობანი, ცოტას თუ ძალუძს ზოგიერთი მათგანის შეცნობა, ყველა მათგანისა კი - არც იმ ცოტას შეუძლია; როგორ ხდება, რომ ზოგჯერ განშვებულები და გამაძღარნი კეთილ სიფხიზლეს მოვიპოვებთ, ხოლო მარხვისა და მოღვაწეობისას საბრალობელად ვართ ძილში დანთქმულნი, ან - დაყუდებაში მყოფნი მრისხანებაში ვვარდებით, ხოლო სიმაძღრისას - არაფერს; მოღვაწეობისას მოღუშულები ვართ, ხოლო ღვინოს თუ დავლევთ, გავმხიარულდებით და ლმობიერებას მოვიპოვებთ; ვისაც უფალმა საამისო ძალა მიანიჭა, დაე მან გაანათლოს გაუნათლებლები, რადგან ამგვარ საქმეთა აღსასრულებლად ჩვენ განათლება არ გვყოფნის. მაგრამ იმასაც ვიტყვით, რომ ყოველგვარი ცვლილება ეშმაკისაგან არ ხდება, არამედ ზოგჯერ - ჩვენივე ბილწი, მღვრიე და საპყარი ხორცის გამოისობით.

133. როდესაც რომელიმე ზემოხსენებული მდგომარეობა დაგვეუფლება, მაშინვე მხურვალედ და სიმდაბლით ვევედროთ უფალს, და თუკი მრავალგზისი ვედრებაც კი ვერ მოგვიტანს ნუგეშს უნდა მივხვდეთ, რომ ყოველივე ეს ეშმაკისაგან კი არა - ბუნებიდან მოდის. ან ყოველივე ღვთის განგებულებით მოიწევა და უფალს სურს, რომ ამგვარი წინააღმდეგობის დაძლევით მოვიპოვოთ მადლი და ჩვენი ამპარტავნება დამდაბლდეს.

134. მეტად საშიშია, თუკი ვინმე ღვთის განგებულებით მოწევნული სასჯელის გამოკვლევას დაიწყებს, რადგანაც ამგვარი მკვლევარები ამპარტავნების ნავში სხედან.

135. ერთხელ ერთმა დაფარულთა მჭვრეტელმა ბერს ჰკითხა: ვისი დაცემაც ღმერთმა წინასწარ იცოდა, რაღად შეამკო ისინი წინასწარმეტყველებისა და სასწაულთა აღსრულების ნიჭით? მან კი მიუგო: ჯერ ერთი იმისათვის, რომ სხვა სულები გაფრთხილდნენ; მეორე: იმისათვის, რომ ადამიანის ნების თავისუფლება აჩვენოს და მესამე: რათა მათ ვეღარაფრით იმართლონ თავი სამსჯავროზე.

136. ძველი სჯული, როგორც უძლური, ამბობს: „ეკრძალე თავსა შენსა“, ხოლო ძლიერების მქონებელმა უფალმა ძმის მოქცევაც გვიბრძანა და თქვა: „უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან“... და ა.შ.

137. თუკი სიწმიდით ამხელ და სიმდაბლით ასწავლი, უფლის სიტყვების მიხედვით იმოქმედე, განსაკუთრებით მათთან, ვინც მას შეიწყნარებენ; მაგრამ თუკი ამ საფეხურისათვის ჯერ არ მიგიღწევია, სჯულის მიხედვით მოიქეცი და საკუთარი თავს გაუფრთხილდი.

138. ნუ გაგიკვირდება, თუკი შენთვის საყვარელი ადამიანებიც მხილების გამო მტრად მოგეკიდებიან, რადგანაც უგუნურები ადამიანები ხშირად ეშმაკის იარაღად იქცევიან, განსაკუთრებით კი მისი მტრების (ანუ - ღვთის მონების) მიმართ.

139. ერთი რამ მეტად საკვირველია! როგორ ხდება, რომ სათნოებაში შეგვეწევა ღმერთი, რომელიც ყოვლის შემძლეა და ამ შემწეობას წმიდანებისა და ანგელოზების მეშვეობით მოგვივლენს, ბოროტების შემწედ კი მხოლოდ ეშმაკები არიან; ჩვენ კი ბოროტი და ავი საქმის აღსრულება უფრო გვიადვილდება, ვიდრე კეთილის.

140. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: ყველა ქმნილება ის არის, რადაც შეიქმნა და რანაირად ხდება, რომ მე ღვთის ხატად ვარ შექმნილი და ხრწნად თიხაში აღრეული?! თუკი რომელიმე ქმნილება როგორღაც განსხვავდება იმისაგან, რადაც თავდაპირველად შეიქმნა, მას უდიდესი სურვილი აქვს, რომ თავისი ბუნებრივი მდგომარეობა დაიბრუნოს.

141. ადამიანები ყოველგვარ ღონეს უნდა ხმარობდნენ და ცდილობდნენ, რომ ეს თიხა ავიდეს ზეცამდე და ღვთის საყდართან დაჯდეს; ნურავინ მოიმიზეზებს, თითქოსდა ასვლა შეუძლებელი იყოს, რადგანაც გზა და კარი ღიაა.

142. სულიერი მამების ღვაწლისა და სათნოებების შესახებ ამბების მოსმენა გონებასა და სულში მოშურნეობას აღძრავს; ხოლო მათი მოძღვრების მოსმენა კი მოშურნეებს მათ მიბაძვაში წარმართავს და ხელმძღვანელობს.

143. ყოველივე ამის განსჯა არის ბნელის მანათობელი სანთელი, ის შეცდომილთა წინამძღვარი და ბრმათა თვალის ამხილველია.

144. განმსჯელი ჯანმრთელობას მოიპოვებს და ყოლვეგვარი ტკივილისაგან გაითავისუფლებს თავს.

145. ვისაც სხვისი მცირე და უმნიშვნელო ღვაწლი უკვირს, ასეთი რამ შესაძლოა, ორი მიზეზით დაემართოს: ან სრული უმეცრების მიზეზით, ანდა - სიმდაბლის გამოისობით: მოყვასის სააქმეთა განდიდების მიზნით.

146. ვეცადოთ, რომ არა მხოლოდ შევებრძოლოთ ეშმაკებს, არამედ დავამარცხოთ კიდეც ისინი, რადგანაც ვინც იბრძვის, ის ოდესმე ან დამარცხდება ან - გაიმარჯვებს; ხოლო ის, ვინც გამუდმებით იბრძვის - საუკუნოდ ამარცხებს.

147. ვინც ვნებები დაამარცხა, იგი დაჭრის და შემუსრავს ეშმაკებს; მათ კი იმგვარად მოაჩვენებს, თითქოს კვლავაც ვნებებში იყოს, ასე აცდუნებს მტერს და გადაურჩება ბრძოლასა და განსაცდელს.

148. ერთ-ერთი ძმა სხვამ შეურაცხჰყო და გალანძღა, მაგრამ მან გულში შფოთი არ შეუშვა, არამედ გონიერად ილოცა; მერე კი ხმამაღლა ისეთი ღაღადი დაიწყო, თითქოს მრისხანების ვნებით იყო ძლეული, თავს აჩვენებდა, თითქოსდა ეს ლანძღვა და გინება დიდად ტკენდა გულს. ამგვარად დაფარა მან თავისი უვნებლობა.

149. სხვა ძმა წინამძღვრობის მოძულე იყო და თავი ისე ეჭირა, თითქოსდა წინამძღვრობის ვნება და სურვილი ედო გულში.

150. რა უნდა გითხრა იმ ძმის შესახებ, რომელიც საროსკიპოში შევიდა, ვითომდა სიძვის საქმის აღსასრულებლად და იქ მეძავიც კი წმიდა და ღვაწლმოსილი ცხოვრების სურვილით აღავსო?!

151. ერთ დაყუდებულს ვიღაცამ დილაადრიან ყურძნის მტევანი მიართვა და, როდესაც შემომწირველი წავიდა, ბერი ყურძენს მიუბრუნდა და ყოველგვარი გულისთქმის გარეშე სასწრაფოდ შეჭამა, რათა ეშმაკებისათვის თავი ნაყროვანად მოეჩვენებინა.

152. ერთი სათნოებით შემკობილი ძმა ბაიის დაკარგულ ტოტს მთელი დღის განმავლობაში ეძებდა, თითქოსდა დიდად აწუხებდა ეს ამბავი, სინამდვილეში კი ამ საზრუნავისაგან სრულად თავისუფალი იყო.

153. მაგრამ ამის მოქმედთ დიდი მღვიძარება და სიფრთხილე სჭირდებათ, რათა იმის სურვილით, რომ ეშმაკებს დასცინონ, თვითონ არ გახდნენ ეშმაკების დასაცინი. რადგან სწორედ ეს ადამიანები არიან, ვის შესახებაც ნეტარი პავლე ამბობს: არიან „ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი“.

154. ვისაც სურს, ქრისტეს წინაშე უბიწო გული და სხეული წარადგინოს, მან გულში უნდა დაიმარხოს მარხვა და ურისხველობა, რადგანაც ამ ორი რამის გარეშე ყოველგვარი შრომა ამაოდ ჩაივლის.

155. როგორც ხორციელ სინათლეს აღიქვამს სხვადასხვაგვარად თვალი, ასევე გონიერი მზე განსხვაევბულად და სხვადასხვაგვარად მოეფინება სულს.

156. ზოგჯერ მას ხორციელი ცრემლი ბადებს, ზოგიერთს – სულიერი; ზოგჯერ ის ხორციელი თვალით ხედვისას იშობა, ზოგჯერ კი - გონიერი; ზოგჯერ სიტყვების მოსმენით იბადება, ზოგჯერ კი თავისთავად - სულის მოძრაობით იქმნება; სხვაგვარია ის - მორჩილებისაგან გამომდინარე და სხვა - დაყუდებისაგან; ამის გარდა არსებობს კიდევ განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც გამოუთქმელი და მიუწვდომელი გონებრივი აღფრთოვანებით ქრისტეს წინაშე წარადგინებ სულს.

157. არსებობს სათნოებები და არსებობენ სათნოებათა მშობელნი, ვინც ბრძენია, ის უმეტესად მშობლების მოპოვებას ცდილობს.

158. მშობელ სათნოებათა მასწავლებელი თვითონ ღმერთია - თავისი უშუალო მოქმედებით, ხოლო პირმშოებს სხვა ბევრი მასწავლებელიც ჰყავთ.

159. გავფრთხილდეთ, რომ მარხვისას საჭმლის ნაკლებობა ძილით არ ავანაზღაუროთ, რადგან ეს ისეთივე უგუნურებაა, როგორც - მღვიძარებისას მომეტებული ჭამა.

160. მინახავს ისეთი მოღვაწეები, რომლებმაც გარკვეული საჭიროებიდან გამომდინარე სტომაქი რამდენადმე გააძღეს, სამაგიეროდ მათ წყეული ხორცი მთელი ღამის ზედგომით მოაუძლურეს და ამით ასწავლეს მას, რომ გაძღომას უნდა გაურბოდეს.

161. ვეცხლისმოყვარების ეშმაკი ებრძვის უპოვარს და როდესაც ვერ დაეუფლება, მაშინ მის წინაშე წარადგენს გლახაკებს, გულმოწყალების სახელით გამოეცხადება, გლახაკების სიღატაკეს მოიმიზეზებს და ასე აიძულებს, რომ სრულიად უპოვრებს ქონებისადმი ინტერესი გაუღვიძოს.

162. როდესაც სასოწარკვეთილების სული შეგვებრძოლება, გავიხსენოთ უფლის მიერ პეტრესთვის მიცემული მცნება, როგორ უბრძნა, რომ სამოცდაჩვიმეტჯერ შეენდო ძმისთვის; რადგან განა იგი, ვინც სხვას აძლევს მცნებას, თვითონ უმეტესს არ იზამს?! ხოლო, როდესაც ამპარტავნებაში ვართ, იაკობ მოციქულის სიტყვები გავიხსენოთ: „იქმნა იგი ყოვლისავე თანამდებ“.

163. მზაკვარ და შურით აღსავსე სულებში შორის ისეთებიც არიან, რომლებიც საგანგებოდ განშორებიან წმიდანებს იმ განზრახვით, რომ მათ ბრძოლაში გამარჯვებით გვირგვინი არ მოიპოვონ.

164. „ნეტარ იყვნენ მშვიდობისმოყოფელნი“ და ამას ვერავინ უარყოფს; მე კი ისეთი ვინმე ვნახე, ვინც ორს შორის მტრობა ჩამოაგდო და შევნატრე მას.

იყო ორი ვინმე, რომელთაც ერთმანეთში სიძვის სიყვარული ჰქონდათ, ხოლო ერთმა გამოცდილმა და ბრძენმა ბერმა მათ შორის სიძულვილი აღზრა; ერთს მეორესთან აბეზღებდა, შენზე გამუდმებით ავ სიტყვას ამბობს და ბოროტებას ლაპარაკობსო. ამასვე ეუბნებოდა მეორეს; და ამ ბრძენმა ადამიანმა შესძლო, ეს უკეთური ეშმაკი დაეძლია და სიძვის გამანადგურებელი სიძულვილი დათესა.

165. არიან ისეთები, რომელნიც ერთი მცნებისათვის მეორეს არ აღასრულებენ; ვნახე ჭაბუკები, რომელთაც წმიდა გულით, საღვთო სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ სხვებისთვის საცდურად რომ არ ქცეულიყვნენ და მათი სინდისისათვის არ ევნოთ, ერთმანეთში მოილაპარაკეს და დროებით ერთურთს განეშორნენ.

166. როგორც ქორწილისა და სიკვდილის დღე ვერ ეთანხმება ერთმანეთს, სწორედ ასევე ეწინააღმდეგება ერთურთს ამპარტავნება და სასოწარკვეთილება; და მაინც ხდება, რომ ეს ორი შეუთანხმებელი ეშმაკიც კი შეეზავება სულში ერთმანეთს, რაც თავისთავად ერთობ საკვირველია.

167. არიან ისეთი არაწმიდა ეშმაკები, რომლებიც წერილის განმარტებას მოგვანდომებს, ამას უმეტესად ამპარტავანი ადამიანის გულში ნერგავენ, ანდა ისეთს, ვინც ფილოსოფიაში განსწავლულია; ჯერ სიმართლეს ჩაუნერგავენ, რომ მერე ცოტცოტაობით აცდუნონ და წვალებისა და გმობაში ჩაყარონ ისინი.

168. ჩვენ შეგვიძლია, ეს ეშმაკეული ღვთისმეტყველება, ან უკეთ რომ ვთქვათ, ღვთისმბრძოლობა ამოვიცნოთ შინაგანი შფოთით, მოუსვენრობითა და უწესო სიხარულით, რომელიც სულში ამგვარი განმარტებების შედეგად ჩნდება.

169. ყოველგვარ ქმნილებას შემქმნელისაგან მიცემული აქვს არსებობის წესი და დასაწყისი, ზოგიერთისათვის კი დასასრულიც წინასწარგანსაზღვრულია, მაგრამ სათნოებების დასასრული და საზღვარი მიუწვდომელია, რადგანაც ამბობს მეფსალმუნე: „ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი“; და რომ „ფართო არს მცნებაი შენი ფრიად“.

170. და ჭეშმარიტად, ზოგიერთი სათნოების მოღვაწე „ძალისაგან საქმისა“ მიდიან „ძალად ხედვისა“ (*). - თუ სიყვარული არასოდეს ილევა და თუ „უფალმან იცევინ შესვლაი“ შიშისა და „გამოსვლაი“ სიყვარულისა, მაშინ ცხადია, რომ ამგვარი სიყვარული უსასრულოა; ჩვენი ზეაღსვლა ამ სიყვარულში მარადიული იქნება და არც ამ და არც იმ ცხოვრებაში არასოდეს დამთავრდება. ნათელს ნათელი დაემატება და კეთილის შეცნობა სამარადისოდ გაგრძელდება.

171. თუმცა შესაძლოა, ბევრს ნათქვამი უცნაურად, მაგრამ დანამდვილებით ვიტყვი, ნეტარო მამაო, რომ თვით ანგელოზებიც - ეს უხორცო ქმნილებები - გამუდმებით ერთ მდგომარეობაში (წარუმატებლად) კი არ იმყოფებიან, არამედ დიდებიდან დიდებამდე ზე ადიან და შეცნობის სისრულეს ამრავლებენ.

172. ნუ გაგაკვირვებს, თუ ეშმაკი ხშირად კეთილ ზრახვებსაც ნერგავს ჩვენში საიდუმლოდ, შემდეგ კი სხვა ზრახვებით უპირისპირდება მათ. ბოროტს განზრახული აქვს ამ ეშმაკობით დაგვარწმუნოს, რომ ჩვენი დაფარული გულისზრახვებიც კი ნაცნობია მისთვის, მაგრამ ეს ასე არ არის, მათ მხოლოდ იმის მიხვედრა შეუძლიათ, რასაც თვითონ ჩაგვაგონებენ.

173. როდესაც ხედავ, რომ ვიღაც სათნოებებზე ბევრს საუბრობს, მაგრამ თვითონ კი მათ აღსრულებაში სიზარმაცეს იჩენს, მკაცრად ნუ განსჯის მას, რადგანაც ხშირად საქმის ნაკლოვანებას სასარგებლო სიტყვა ავსებს.

174. ჩვენ ყველაფერი თანაბრად როდი გვაქვს მოხვეჭილი: ზოგი წარმატებულია საქმეში, ზოგი კი სიტყვაშია წარმატებული.

175. ღმერთს ბოროტი არც დაუბადებია და არც შეუქმნია რაიმე; ამიტომ შემცდარია იგი, ვინც ამბობს, რომ ვნებები სულის ბუნებითი თვისებებია, და იმას კი ვერ ხვდება, რომ ჩვენს ბუნებაში კეთილად და ჩვენივე ბუნების სასარგებლოდ დაბადებული საქმეები ვნებად ვაქციეთ. თესლი იმისთვის ჩაიდო ჩვენში, რომ შვილიერება მივიღოთ, ჩვენ კი მას სიძვისათვის ვიყენებთ. ბუნებით მრისხანება ჩვენში ეშმაკების მიერ დაინერგა, ჩვენ კი მას მოყვასისკენ მივმართავთ. შური იმისთვის გვაქვს, რომ კეთილი საქმის მოშურნენი ვიყოთ, ჩვენ კი მას ბოროტებისათვის ვიყენებთ. ბუნებით ჩვენი ლტოლვა სასუფევლის მიმართ უნდა წარმართულიყო, ჩვენ კი ცოდვის მიმართ წავრმართეთ ის. ბუნებით მხოლოდ ეშმაკებზე უნდა ვიმაღლებდეთ თავს, ჩვენ კი სწორედ იქ ვავლენთ ქედმაღლობას, სადაც მისი გამოვლენა არ შეიძლება. ბუნებით სიხარულის განცდა უფლის მიმართ და მოყვასის სიკეთისათვის მოგვეცა, ჩვენ კი ბოროტება გვახარებს. ავმეხსიერებაც ბუნებითია, მაგრამ მხოლოდ სულის მტრების მიმართ, ჩვენ კი შევცვალეთ ის და ძმებისადმი მივმართეთ.

176. გულმოდგინე სული ეშმაკებს მის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ აქეზებს; ბრძოლების გამრავლებით კი გვირგვინი მრავლდება.

177. ვინც ბრძოლაში არ დაიჭრება, ის ვერც გვირგვინს მოიპოვებს, ხოლო იგი, ვინც დაცემული (*) სასოს არ წარიკვეთს, ანგელოზები მხნე მხედრის დარად განადიდებენ მას.

178. ქრისტე, რომელმაც (*) სამი დღე მიწაში დაჰყო, ცოცხალია უკუნისამდე; ხოლო იგი, ვინც სამ სხვადასხვა ჟამს გაუძლებს, არ დამარცხდება და არც მოკვდება უკუნისამდე.

179. თუკი განგებულებით ღვთისა, რომელსაც ჩვენთვის სასჯელი აქვს განსაზღვრული, ჩვენზე მოფენილმა სულიერმა „მზემან სცან ჟამი დასვლისა თვისისა“, მაშინ ცხადია, რომ უკვე დაიდო „ბნელი და იქმნა ღამე და მას შინა ვიდოდიან“ ჩვენსკენ მანამდე განშორებული ველური „ლეკვნი ლომთანი“ და „ყოველნი მხეცნი მაღნარისანი“ ანუ - ეკლიანი ვნებები „მყვირალნი ტაცებად და თხოვად... საზრდელსა“ სურვილებისა, ან - საქმეებისა, ან - ზრახვებისა.

180. მაგრამ, როდესაც სიმდაბლის სიღრმიდან მზე კვლავ გამოანათებს, ეს მხეცებიც „შეკრბეს და სადგურადვე თვისთა დაადგრეს“. ანუ ისინი შეკრიბებიან გემოთმოყვარე გულებში და არა - ჩვენში; მაშინ ერთმანეთს ეტყვიან ბოროტი სულები: „განადიდა უფალმან ყოფაი მათ თანა“ და წყალობას მიაგებს მათ! ჩვენ კი მივუგებთ: „განადიდა უფალმან ყოფაი ჩუენ თანა და ვიქმნეთ ჩვენ სახარულევან“ და განგდევნეთ თქვენ!

181. „აჰა, ესერა ზის უფალი ღრუბელსა სულმცირესა“ ანუ იმ სულზე, რომელიც ყოველგვარ მიწიერ სურვილზე ამაღლდა და „შევალს ეგვიპტედ“, ანუ - ვნებით დაბნელებულ გულში და „დაეცნენ ხელით ქმნულნი კერპნი“ - გონების ამაო ზრახვვები.

182. თუკი ქრისტე, საკუთარი ყოვლისშემძლეობის მიუხედავად, ხორციელად გაურბოდა ჰეროდეს, ეს ამპარტავნებს გაკვეთილად უნდა ექცეთ, რათა ნებით არ ჩაიგდონ თავი განსაცდელში, რადგანაც ნათქვამია: „ნუ მისცემ შეძვრად ფეხსა შენსა“, „არცა ჰრულეს მცველსა შენსა“.

183. ქედმაღლობა ვაჟკაცობას ჩაეწვნება, ისევე როგორც კვიპარისს - ზმილაკი (სვიის მსგავსი შხამიანი მცენარე, რომელიც კვიპარისთან იზრდება და ახმობს მას).

184. კეთილად უნდა ვიძიებდეთ საკუთარი თავს, რათა მივხვდეთ, რომელი სათნოებაა ჭეშმარიტი ჩვენში და ამგვარად დავრწმუნდებით, რომ ყოველგვარ ჭეშმარიტ სიკეთეს მოკლებულნი ვართ.

185. ვნებებიც გამუდმებით ეძებე საკუთარი თავში და მათ სიმრავლეს შენში აუცილებად იპოვი, ხოლო გონებით უძლური მათ ვერ დანახავს. მაგრამ თუ სულის თვალი გაგვინათდება, მაშინ სრულიად ცხადად შევნიშნავთ, რადგან ვიდრე ჩვენზე არიან გაბატონებულნი, მათი დანახვა შეუძლებელია.

186. ღმერთი ჩვენს ზრახვებს განიკითხავს, ხოლო საქმეს ჩვენი ძალების მიხედვით მოითხოვს და ყოველივე ამას კაცთმოყვარებით იქმს.

187. დიდია ის კაცი, რომელიც არც ერთ საქმეს, რომლის აღსრულების ძალაც შესწევს, აღუსრულებლად არ დატოვებს; მაგრამ მასზედ აღმატებულია იგი, ვინც სიმდაბლიდან გამომდინარე მის ძალებზე აღმატებულ საქმეს არ შეეჭიდება.

188. ბევრჯერ ეშმაკები მიგვატოვებინებენ იმ მცირე საქმე, რომლის შესასრულებლადაც ჩვენი ძალები საკმარისია და მძიმე და ჩვენს ძალაზე აღმატებულ საქმეს გვაწვდიან ხელში.

189. ვფიქრობ, რომ იოსები ნეტარი იქმნა იმის გამო, რომ ცოდვას ზურგი აქცია და არა - სრული უვნებლობისათვის.

190. უნდა გამოვიკვლიოთ, თუ რომელი და რამდენი ცოდვისაგან განშორებას მოაქვს გვირგვინი; რადგანაც სხვაა სიბნელისაგან გაქცევა და სულ სხვა, ამაზე უდიდესი ლტოლვა მზისაკენ.

191. სიბნელე დაბრკოლების მომტანია; დაბრკოლება - დაცემისა; და დაცემა - სიკვდილისა.

192. ღვინისგან დაბრკოლებული და დაცემული ხშირად წყლით დაიბანს, ხოლო - ვნებებით დაცემული მხოლოდ ცრემლით განიბანება.

193. სხვა რამ არის გონების ამღვრევა; სხვა - შეშფოთება; სხვა - დაბნელება; პირველ მათგანს მარხვა კურნავს; მეორეს - დაყუდება; მესამეს - მორჩილება და იესო ქრისტე, რომელიც თვით იყო მორჩილი.

194. ორი ადგილი, სადაც მიწიერი საგნები განიწმინდება, შეიძლება მაგალითად, გამოვიყენოთ მათთვის, ვინც განწმენდას ესწრაფვის: მონასტრის კრებული არის სწორედ სულიერი განსაწმენდელი, რომელიც გარეცხს სულის ყოველგვარ უსახურობას, სიბილწესა და სიტლანქეს. ხოლო განდეგილობა და დაყუდება შეძლება, სამღებროდ მოვიხსენიოთ მათთვის, ვინც ვნებათაგან, ავმეხსიერებისა და შფოთისაგან განიწმიდა, მხოლოდ ამის შემდეგ განეშორა სოფელს და ამიტომაც მისი დაყუდება მშვენიერი ფერის საღებავით შეიმკო.

195. ზოგიერთი ამბობს, რომ ერთი და იმავე ცოდვით დაცემა ძველ შეცოდებათა გამო არასრული სინანულის შედეგია; მაგრამ ისიც გასარკვევია, ვინც ერთი და იგივე ცოდვით არ ეცემა, მან კი შეინანა ჭეშმარიტად?!

196. ზოგიერთი ერთი და იმავე ცოდვით ეცემა იმის გამო, რომ ძველი არაერთგზისი დაცემა დავიწყებას მისცა, ანდა განსაკუთრებით დიდი ვნებათმოყვარების გამო უფალს გადაჭარბებულად კაცთმოყვარედ წარმოიდგენს, ანდა იმის გამო, რომ ცხონების იმედი დაკარგა; არ ვიცი, შეძილება ვინმემ შეცდომად ჩამითვალოს, თუკი ვიტყვი, რომ ზოგიერთის დაცემის მიზეზი ისაა, რომ მტრად ქცეული ხორცის ალაგმვას ვერ ახერხებს რადგან ის ჩვეულების ძალით სძლევს მას.

197. ისიც უნდა გამოვიძიოთ, თუ როგორ ხდება, რომ სულს, რომელიც თავად უხორცოა, რატომ არ შეუძლია დაინახოს, თუ მასთან მისული სულიერი არსებები როგორები არიან თავიანთი ბუნებით. იქნებ ეს იმის გამო ხდება, რომ თვით სული სხეულთან არის დაკავშირებული?! მაგრამ ალბათ ეს მხოლოდ მათმა დამკავშირებელმა იცის.

198. ერთმა ღვთისულიერმა ძმამ, თითქოსდა იმისათვის, რომ ჩემგან განსწავლა სურდა, მკითხა: „მითხარ, რომელი ცოდვები სძენენ გონებას სიმდაბლეს და რომლები პირიქით, ამაღლებენ მას?“, მაგრამ რადგანაც ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა, ფიცით დავარწმუნე იგი ჩემს უმეცრებაში და მან თავად მასწავლა პასუხი ამ კითხვაზე: „რამდენიმე სიტყვით განსჯისათვის მოგცემ საფუარს, მერე დანარჩენის გამოძიებას კი შენვე მოგანდობ. სიძვის ეშმაკსა და მრისხანების ეშმაკს, გაუმაძღრობის ეშმაკს, მოწყინების ეშმაკსა და ძილის ეშმაკებს არ შეუძლიათ, გონება ამპარტავნებით აღამაღლონ; ხოლო ვეცხლისმოყვარება და მთავრობისმოყვარება, მრავალმეტყველება და განკითხვა, კიდევ სხვა მრავალ ბოროტებას ბოროტებაზე დაურთავენ და აღამაღლებენ გონებას“.

199. თუკი განდეგილი ერის ადამიანებს ესტუმრება, ან თავის სენაკში ისტუმრებს მათ, ერთი საათის თუ ერთი დღის შემდეგ, როდესაც მათ განეშორება, მწუხარების ისრით დაიჭრება, იმის მაგიერ, რომ საფრთხისა და დაბრკოლებისაგან განრიდებამ გაახროს. ასეთი ბერი ან სიძვის ან ამპარტავნების ეშმაკის მიერ არის ძლეული.

200. ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, ქარი საიდან უბერავს, რომ არასწორად აღმართულმა აფრამ საწინააღმდეგო მხარეს არ გაგვიტაცოს.

201. მოხუც ბერებს, რომლებმაც თავი მარხვის ღვაწლით შემუსრეს, სიყვარულით ეცი ნუგეში და მცირედი მოსვენება მიეცი.

202. ახალგაზრდებს კი, რომელთაც საკუთარი სულები ცოდვით შემუსრეს, მარხვა აიძულე და გამუდმებით საუკუნო სატანჯველი შეახსენე.

203. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, შეუძლებელია სოფლისაგან განრიდებისთანავე დაუყოვნებლივ განვიწმინდოთ ნაყროვანებისა და ამპარტავნებისაგან. მაგრამ ნურც იმას ვიზამთ, რომ ამპარტავნების წინააღმდეგ ნაყროვანება მივმართოთ, არამედ უმეტესი მარხვით ვევედროთ უფალს, რომ ამ ვნებისაგან გვიხნას, „რამეთუ მოწევნულ არს ჟამი“, და ვისაც სურს, მათთვის „აწვე არს“, როცა უფალმა „დაამორჩილოს ფერხთა ქუეშე მათთა“ ამპარტავნება.

204. მონაზვნურ ღვაწლს შედგომილი მოხუცი და ახალგაზრდა ერთსა და იმავე ბრძოლებს არ განიცდის; პირიქით, ხშირად მათ სრულიად საპირისპირო უძლურებები აქვთ; ამიტომ ნეტარი და აღამტებულად ნეტარია წმიდა სიმდაბლე, რადგანაც ის მოხუცებსაც და ახალგაზრდებსაც აუცილებლად სინანულამდე მიიყვანს.

205. ნუ გაგაკვირვებს ის სიტყვები, რომლის თქმასაც ახლა ვაპირებ: იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობენ მართალი, უზაკველი, ყოვეგვარი თვალთმაქცობისა მზაკვრობისაგან თავისუფალი სულები, რომელთათვისაც კრებულში ცხოვრება სრულიად უსარგებლოა; მაგრამ მათ შეუძლიათ, რომ წინამძღვართან ერთად დაყუდებული ცხოვრების საშუალებით მიაღწიონ ზეცამდე და ამისათვის საცდურთან ბრძოლის გამოცდილება არ ჭირდებათ.

206. სიძვისმოყვარეს ადამიანი განკურნავს, ცბიერს - ანგელოზი, ხოლო ამპარტავანს - უფალი.

207. არსებობს სიყვარულის ასეთი გამოვლინებაც: როდესაც მოდის ჩვენთან მოყვასი, მას ნებაზე მივუშვებთ და რაც უნდა აკეთოს, მხიარული სახით ვეჩვენებით.

208. მაგრამ უნდა გამოვიკვლიოთ, თუ ამგვარად როდემდე და როგორ უნდა ვიქცეოდეთ; და როდის ანადგურებს სინანული კეთილს, (*) როდესაც ის საერთოდ ბოროტების გამანადგურებელია.

209. დიდი განსჯაა საჭირო იმის გასარკვევად, როდის რა შემხვევაში და როდემდე უნდა ვუწევდეთ წინააღმდეგობას ვნების აღმძვრელ საგნებს და ვებრძოდეთ მათ და როდის უნდა შევწყვიტოთ წინააღმდეგობა; რადგან ზოგჯერ სჯობს, უძლურების გამო გავრბოდეთ, ვიდრე სულიერად მოვკვდეთ.

210. დავაკვირდეთ და მივხვდებით, თუ რომელ ეშმაკებს მივყავართ ამპარტავნებამდე, რომლებს - სიმდაბლემდე, რომლები განგვარისხებენ და რომლები ცრუ სინათლით გაგვანათლებენ; რომლები მოგვივლენენ სიზარმაცეს და რომელნი - გულმოდგინებას, რომლებს მოაქვთ სიხარული და რომლებს - მწუხარება.

211. ნუ გაგვაკვირვებს, თუ მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში საკუთარ თავს უფრო ვნებულს ვნახავთ, ვიდრე - ერში ცხოვრებისას ვიყავით; რადგან საჭიროა: ჯერ ნივთიერი ვნებები აიშალნონ და დაგვტოვონ, ხოლო ამის შემდეგ მოვიდეს სიმრთელე; ანუ - თავდაპირველად ეს მხეცები დამალულები იყვნენ ჩვენში და ვერ ვხედავდით, ახლა კი დავინახეთ ისინი.

212. როდესაც ვინმე სისრულეს მიაღწევს, ეშმაკი მას რომელიმე ბრძოლაში დასძლევს, თანაც ეს სრულიად უმნიშვნელო რამესთან იქნება დაკავშირებული; ასეთ დროს მოღვაწე მთელი ძალით უნდა შეეცადოს, რომ ასწილად აანაზღაუროს ეს საქმე.

213. ქარი წყნარ ამინდში მხოლოდ წყლის ზედაპირს არხევს, სხვა დროს კი აღძრული ზღვის უფსკრულებს ამღვრებს. ასევე არიან ვნებები, რომლებიც ვნებაში მყოფი ადამიანების გულებს სიღრმემდე ამღვრევენ, ხოლო მათ, ვინც სრულყოფილებას მიაღწია, მხოლოდ გონებას თუ შეუშფოთებენ, თანაც ისე, რომ ისინი ადვილადვე ჰპოვებენ სიმშვიდეს.

214. სისრულეს მიღწეულ ადამიანებს შეუძლიათ, მიხვდნენ, თუ რომელი აზრი მოდის სინდისიდან, რომელია ღვთისაგან და რომელს მოავლენს ეშმაკი; რამდენადაც ეშმაკები თავდაპირველად ყოველთვის ბოროტი ზრახვებით არ მოდიან, ამდენად მათი ამოცნობა ძნელია.

სხეულს ორი გრძნობადი თვალი ანათებს, ხოლო გულის თვალს ანათებს ზრახვებისა და აშკარა ქმედებების განსჯა.


კომენტარები
ბერძნული ტექსტის ძველი ქართული თარგმანისათვის

2.
ამ სამში იგულისხმება: ნაყროვანება, ვეცხლისმოყვარება, პატივმოყვარება. ხოლო ვინც ამ სამს დაამარცხებს: ნაყროვანებას - მარხვით, პატივმოყვარებას - სიმდაბლით, ვეცხლისმოყვარებას - ღვთის იმედით და ლოცვით, მას დანარჩენით ხუთიც დაუმარცხებია. ანუ - სიძვა, მრისხანება, მწუხარება, მოწყინება და ამპარტავნება.

10.
სულის ღამე და სიბნელე არის სიზარმაცე, მოწყინება და გულისხმიერი ვნებები.

16.
პავლე მოციქულის შესახებ ამბობს, რომლებიც ძმებისთვის საკუთარი თავს შეაჩვენებდა.

21.
ზეციდან რომ ღრუბლის სვეტი ზღვაზე დაეშვება და წყალს ზემოთ აიტაცებს სიფონი ამას ეწოდება.

22.
რაც ახლად მოსულებმა უნდა ისწავლონ, არის: მორჩილება, მარხვა, მოთმინება, სულის სიმხნევე, ნათესავებისა და ნივთიერეისადმი სიყვარულის მოკვეთა, სიმდაბლე და ლოცვა; საშუალოებმა: სულგრძელება, სიტკბოება, სიკეთე, მოწყალება, ბოროტის არ მოხსენება, უპოვარება, მარხვა, კრძალვა და ლოცვა; ხოლო სრულებმა - სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, განსჯა; ყოველ დროს, ადგილს და საქმეში შეუმცდარი სიბრძნე.

41.
სამი ვნებაა გემოთმოყვარება, ვეცხლისმოყვარება და ამპარტავნება.

47.
რვა ვნება არის: ნაყროვანება, სიძვა, ვეცხლისმოყვარება, მრისხანება, მწუხარება, მოწყინება, პატივმოყვარება, ამპარტავნება.

სამი მთავარი: ნაყროვანება, ვეცხლისმოყვარება და პატივმოყვარება, ხოლო დანარჩენი ხუთი: სიძვა, მრისხანება, მწუხარება, მოწყინება და ამპარტავნება.

79.
გონება არის წარმოსახვის თავი, ძალა და ადგილი, ის სულის თვალია. ხოლო ზრახვა გონების მიერ წარმოსახული და მოფიქრებულია. გონების დაცვა არის, რომ კაცმა იგი დაიცვას ყველაფრისგან - უმცირესი რამისგან და ბოროტი ზრახვებსგან. ზრახვა დაცვა არის ის, რომ გონებაში შემოსული უკუაქციოს.

89.
ისინი ორად იყოფიან: ერთ შემთხვევაში პირველია უმდაბლესი, ხოლო მეორე - უკანასკნელი.

94.
ცოდვა ეწოდება ყოველგვარი მცნების დარღვევას, უქმობა - უსაქმურობას, საღვთო სამქეთა არაქმნა - სიზარმაცეს, როდესაც კაცი კეთილ საქმეს აღასრულებს, მაგრამ უძლურად და ვერ დაასრულებს, აქ დანამდვილებით მყარად ფესვგადგმული და ძნელად განსადევნი ვნებაა და ჩვენი ვნებული გონების მიდრეკილება; დაცემა არის ურწმუნოებაში, ან რომელიმე ხორციელ ვნებაში ჩავარდნა.

101.
უნივთო სულია, - ნივთიერი - ხორცი და ამიტომ ხორცი წინაღუდგება სულს.

102.
ეს იმას ნიშნავს რომ, როდესაც სულიერად უძლური სნეულებისა და განსაცდელის საშუალებით მოთმინებას მოიპოვებს, მაშინ უნდა მიხვდე, რომ მას ღმერთმა გადმოხედა.

110.
განშორებას აქ სიკვდილის ჟმას უწოდებს. ხოლო სიტყვებსი „ზე აღვლენ“ და „ქვე შთავლენ“ იგულისხმება სული, რადგან იგი ან ზეცაში ავა, ან ქვესკნელში ჩავა. მისთვის საშუალო არ იარსებებს, ხოლო ხორცი მიწაზე დარჩება.

111.
კაცის სულისა და ხორცის შესახებ ამბობს; რადგნა კაცის სულმა ხორცში არსებობა მიიღო და მასში დაიბადა, ამიტომ უკვირს ამ ნეტარ მამას, თუ როგორ უნდა განშორდეს მას, რომელშიც დაიბადა და რომლშიც სრულიად, უვნბელად და შეუცვალებად იმყოფება.

113.
ა) მშიშარას მას უწოდებს, ვისაც საკუთარი ხორცი უყვარს, რადგან ვინც მშიშარა და უგულოა, საკუთარი ხორცი უყვარს და ებრალება, ის მოღვაწეობას არ უნდა შეუდგეს.

ბ) დაცემას ხორციელ ცოდვას უწოდებს, ცდომას სულის სასოწარკვეთილებას, ხოლო ცდომას პირველ დაცემაზე უარესად მიიჩნევს, რომ თუ ვინმე სულიერი ცხოვრების შესახებ დადებულ აღთქმას უარყოფს და დაეცემა, მისი წამოდგომა მეტად ძნელია, რადგან იგი დიდი სიმაღლიდან დაეცა, მაგრამ უკანასკნლე ცდომად იგი სასოწარკვეთილებას თვლის, რადგან ვინც მასში ჩავარდება, თუ აღმადგინებელი არ ჰყავს, დაიღუპება.

114.
რას უწოდებს ნეტარი მამა შეერთებულ ნებას? იმას, რომ ხშირად კაცი აკეთებს რაღაცას, რაც ღვთისთვის სასურველია; შემდეგ მას უეცრად ეშმაკის ნება შეუერთდება და იგი ბოროტ საქმეთა აღსრულებას იწყებს, შემდეგ კვლავ საღვთო ნება შეუერთდება და კვლავ კეთილად საქმიანობს.

170.
ამას იმიტომ ამბობს, რომ შიში ადამიანს საქმეს ასწავლის, სიყვარული - ხედვას. ამის შემდეგ სიყვარულით ხედვას დასასრული არა აქვს და ამგვარად გაძლიერდება იგი. უფალმა დაიცვას შემოსვლა შიშისა, რომელიც საქმის დასაწყისია და გამოსვლა სიყვარული, რომელიც იმიტომ გამოდის, რომ ხედავდეს.

177.
„დაცემა შეემთხვა“ - ნიშნავს იმას, რომ კაცმა უწესო საქმე გონების აღტაცებულობით ჩაიდინა. - ამბობს წმ. მამა, რათა როდესაც ადამიანს მსგავსი რამ შეემთხვევა, იმედი არ დაკარგოს, არამედ თუ დაეცემა, კვლავ იღვაწოს, წამოდგეს და ებრძოდეს მტერს, თითქოს არც კი დაცემულაო. ასეთ ადამიანს ანგელოზები განადიდებენ, როგორც იმ ძმას, რომელიც სიძვის ეშმაკმა დასცა, მაგრამ სასოწარკვეთილებამ ვერ დასძლია; ამიტომ ეუწყა ბერს მის შესახებ, რომ რომელიღაცა ძმამ დაცემის შემდეგ დაძლია მტერი.

178.
ვინც სამი დღე დაჰყო საფლავში - ქრისტემ, და საუკუნოდ ცოცხალია, ხოლო იგი, ვინც სამ საათს გაძლებს, აღარ მოკვდება. სამი საათი არიან სიყმაწვილისა, სიჭაბუკისა და სიბერისა; რომელიც ამ სამ საათს დაამარცხებს ვნებას, სულიერი ცოდვის მიზეზით მის სულს დაღუპვა აღარ მოელის.

208.
ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად სინანული სიკეთის აღუდგება წინ. რადგან როდესაც სიკეთეს ვაკეთებთ და შემდეგ ვნანობთ მას და ვფიქრობთ, რომ სჯობს, სხვა რამე გაგვეკეთებინაო, მაშინ ჩვენს მიერ მოპოვებულ სიკეთის ვფანტავთ. ეს მათ ეხება, ვინც მორჩილებაში წარმატებას აღწევენ და მერე ნანობენ, დაყუდება რატომ არ მოვანდომეთო და ამით მორჩილების შეურაცხყოფენ. მაშინ ეს სინანული გაფანტავს მათ მიერ შეძენილ სიკეთის და როდესაც სრულიად გამოელევათ, მაშინ მიხვდებიან საკუთარი დაცემას.

ვისაც სურს, სიტყვით, მთელი სიზუსტით ახსნას ღვთის სიყვარულის გრძნობა და მისი მოქმედება, ყოვლადწმიდა სიმდაბლე განცხადებულად გამოააშკარაოს, სანატრელი სიწმიდე და საღვთო ბრწყინვალება დაგვანახოს და ჭეშმარიტი შიში და გულში შეკრებილი ღვთის სიუხვე განგვიცხადოს, იგი იმ კაცის მსგავსია, ვისაც უნდა სიტყვითა და თხრობით აგრძნობინოს თაფლის სიტკბოებას იმ ადამიანს, ვისაც მისი გემო არ გაუსინჯავს და ამიტომ ამაოდ მეტყველებს. ხოლო პირველი, ან სრულიად გამოუცდელია იმ სიტყვასა და საქმეში, რომლის განმარტებაც სურს, ან - ამპარტავნებით შეპყრობილი.

ოდესღაც მამათა კრებულში გამოიკვლევდნენ განძს, რომლის ბუნება სიტყვით აუხსნელია, მისი გამოცნობა მხოლოდ იმ სახელის მიხედვით შეიძლებოდა, რომელიც ზედ ეწერა: სანატრელი სიმდაბლე; ყველა, ვინც ღვთის სულის მტვირთველი იყო, შეიკრიბა სულიერ სამსჯავროზე და თითოეულის სიბრძნისა და ცოდნის ფიცარი მოჰქონდა; დაიწყეს გამოძიება, თუ რა იყო სანატრელი სიმდაბლის ბუნება. ზოგი ამბობდა, სიმდაბლე საკუთარი სათნოებების დავიწყებააო, სხვებმა თქვეს, სიმდაბლე ის არის, როდესაც კაცი საკუთარ თავს ყველაზე უკანასკნელად და უცოდვილესად მიიჩნევსო, სხვებმა - საკუთარი უძლურების კეთილად მიხვედრაო, კიდევ სხვებმა - სიმდაბლეა, როცა კაცი მრისხანების ჟამს მოყვასს პატიების თხოვას დაასწრებსო. ზოგიერთმა ასე ახსნა; სიმდაბლე ღვთის მადლისა და წყალობის მიხვედრააო; ითქვა ისიც, რომ სიმდაბლე არის სულიერი შემუსვრილების მიღწევა და საკუთარი ნების უარყოფა.

1. ხოლო მე, როდესაც ყოველივე ეს მოვისმინე, საკუთარ თავში გულმოდგინებით გამოვიკვლიე ამ სანატრელი სათნოების ბუნება. ზემოთქმულიდან გამომდინარე ვერაფერს მივხვდი და ძაღლის მსგავსად ავლოკე ამ სანატრელი მამების ბაგეთაგან და ტაბლისგან გადმოცვენილი ნამცეცები. ასე განვმარტავ და ვიტყოდი ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ სიმდაბლე უთქმელი მადლია, რომელიც მხოლოდ მან იცის, ვინც იგი მოიპოვა.

ის არის სიმდიდრე, სახელი და საჩუქარი ღვთისა, რადგან ამბობს: ისწავლეთ არა ანგელოზთაგან, არც კაცთაგან, არც წიგნთაგან, არამედ ჩემგან - ყოველთა შემოქმედისაგან, „რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქუენთა“ (მათ. 11.29) - ტვირთისა და მაცდური ზრახვებისაგან.

2. ეს წმიდა ვენახი სრულიად სხვაგვარად გამოიყურება ვნებების მიერ დაზამთრებული, სხვანაირია მისი მიდამო სათნოებათა გაზაფხულზე, სულ სხვანაირია ზაფხულში და სხვანაირი - კეთილი ნაყოფის მომკის ჟამს; თუმცა ყოველგვარი გამოვლინება მისი - ერთად შეკრებილი სიხარულისა და მხიარულების მომასწავებელია და ამიტომ თითოეული მათგანი თავისი ნიშნით გამოირჩევა.

როდესაც ამ ყოვლადსაქებარი სათნოების მტევანი ყვავილობას იწყებს, მაშინ იმისთვის ვიშრომოთ, რომ ყოველგვარი კაცობრივი ქება-დიდება მოვიძულოთ და საკუთარი თავიდან ყოველგვარი გულისწყრომა და მრისხანება განვდევნოთ.

როდესაც სათნოებათა ეს დედოფალი აღორძინდება ჩვენს სულში და სულიერად გაიზრდება, მაშინ ჩვენს მიერ ქმნილ სათნოებებს სისაძაგლედ მივიჩნევთ და გამუდმებით იმას ვიფიქრებთ, რომ ცოდვის ტვირთს ყოველდღიურად ვიმძიმებთ ჩვენთვისვე გაუგებარი ფლანგვით და რომ მადლის სიუხვეს, რომელიც ღვთისგან მოგვეცა და რომლის ღირსიც არ ვიყავით, მომავალ ცხოვრებაში სატანჯველს გამრავლებისათვის ვხარჯავთ. სწორედ ასეთ დროს იმყოფება ჩვენი გონება უვნებლად, გულის შემუსვრილების კიდობანში კრძალვით შენახული. თავის გარშემო ქურდების ხმა და ფიქრები ესმის, მაგრამ თვითონ უვნებელია, რადგან სიმდაბლე ხელშეუხებელი საუნჯეა.

3. ამგვარად, მცირეოდენი სიბრძნისმეტყველება გავბედე იმაზე, თუ ეს მარადაყვავებული ნაყოფი სიმდაბლისა, ამის შესახებ თვით უფალს ჰკითხონ მისმა უახლოესმა მეგობრებმა.

4. ამ სიმდიდრის რაოდენობის შესახებ საუბარი შეუძლებელია; მის ხარისხზე - კიდევ უფრო ძნელი; თუმცა მისი თვისებების შესახებ შევეცდებით ჩვენთვის მომადლებული გონების ძალით ვთქვათ.

5. ჭეშმარიტ სინანულს, ყოველგვარი უწმინდურობისაგან განშორებულ ლოცვას და ახლადმოსულების ყოვლადწმიდა სინანულს ისე განვასხვავებთ ერთმანეთისაგან, როგორც ფქვილს, ცომს და პურს. რადგან სული ჭეშმარიტი სინანულის საშუალებით შეიმუსრება და დაიფქვება; მას შეერთვის და, ასე ვიტყოდი, შეეზილება ღვთისთვის დაღვრილი კეთილი ცრემლი წყლად, შემდეგ ღვთისმიერი ცეცხლი აენთება მასში; გამოცხვება და გამტკიცდება ნეტარი სიმდაბლე, რომელიც აღუზავებელი და მედიდურობას მოკლებული იქნება.

6. ამიტომ ეს სანატრელი ჯაჭვი და, უკეთ რომ ვთქვათ, ცისარტყელა*, შეერთდება და ერთი ძალის მქონე იქნება. შეერთებული იმოქმედებს მათი ძალა და საქმეები და რა უნდა თქვა ამ სამთაგან ერთ-ერთზე ისეთი, რომ მეორესა და მესამეს არ მიესადაგებოდეს. ამიტომ, რაც აქ მოკლედ ვთქვი, მინდა თქვენს წინაშე ის წარმოვაჩინო.

7. პირველი თვისება ამ კეთილი და დიდებული სათნოებების სამებისა არის სიხარულით მიღება და ტვირთვა ყოველგვარი ლანძღვისა და შეურაცხყოფისა. როდესაც კაცი სულის გაშლილი ხელებით მიიღებს და შეიტკბობს ყოველგვარ მხილებასა და სირცხვილს - როგორც სულიერ სნეულებათა გამანადგურებელ წამალს და დიდი ცოდვებისგან განმწმენდელს; მეორე თვისება ამ სამი ძლიერი სათნოებისა არის მრისხანების მოკვლა, გულის შემუსვრა და ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება; ხოლო მესამე კეთილი კიბე არის თავისი სათნოებების სრული დაუჯერებლობა და დაურწმუნებლობა დასარწმუნეობით სურვილი სწავლისა.

8. „დასასრული სჯულისა ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“ (რომ. 10.4); ხოლო ყოველგვარი უწმიდური ვნების მწვერვალი არის პატვიმოყვარეობა და ამპარტავნება, რომელთაც ეს წმიდა და სანატრელი ირემი - სიმდაბლე კლავს, იგი იფარავს თავის მეუღლეს ყოველგვარი შხამისაგან; რადგან არასოდეს ყოფილა, რომ მასში თვალთმაქცობის ამ ბოროტ გველს თავი გამოეჩინოს და ნეტარ სიმდაბლეს მაშინათვე არ შეერცხვინოს და მოეკლას იგი. მას ვერასოდეს შეეწყვილება სიძულვილი, ვერც ურჩობა, ვერც შეპასუხება, გარდა იმისა, როდესაც ურწმუნოებს მართლმორწმუნის სიტყვებით ეპასუხება.

9. ვინც სანატრელ სიმდაბლეს შეუერთდება, იგი ტკბილი, კეთილი, მოწყალე, მშვდი, განათლებული, უდარდელი, მღვიძარე, გულმოდგინე იქნება, და ბევრი რომ აღარ ვთქვა, იგი გათავისუფლდება ყოველგვარი ვნებისგან, რადგან ნათქვამია: „სიმდაბლესა შინა მომიხსენა ჩვენ უფალმან და მიხსნნა ჩვენ მტერთა ჩვენთაგან“ (ფს. 135. 23-24), ყოველგვარი ვნებისა და ბრძოლებისაგან.

10. თავმდაბალი მონაზონი არ იკვლევს ღვთის მიერ დაფარულ და უთქმელ საქმეებს, ხოლო ამპარტავანი ცდილობს, ღვთის განგებულების სიღრმეე ჩასწვდეს.

11. ერთ სულიერ მონაზონს პირისპირ ეჩვენნენ ეშმაკები და ნეტარს უწოდებდნენ მას. ამ ყოვლადბრძენმა ბერმა კი მიუგო: „თუ ქებას თავს ანებებთ და განმეშორებით, ეს მიმახვედრებს, რომ მართლაც დიდებულებისათვის მიმიღწევია, თუ ჩემს ქებას არ დაეხსნებით, სწორედ ეს დამარწმუნებს, რომ არაწმიდა ვყოფილვარ; რადგან „ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე“ (იგავ. 16.5). ამგვარად, ახლა ან განმშორდით, რომ თავი დიდებულ ადამიანად ჩავთვალო, ან მაქეთ და თქვენი საშუალებით უდიდეს სიმდაბლეს მოვიპოვებ“. ისინი განაცვიფრა მისმა სიბრძნემ და დამარცხებულნი მაშინათვე გაუჩინარდნენ.

12. ძმაო, ნუ იქნება შენი სული ის ჭა, რომელიც ხან სიმდაბლის მაცოცხლებელ წყალს აღმოადინებს და ხან ამპარტავნების და პატივმოყვარეობის სიცხე აშრობს; არამედ უვნებლობის წყარო იყოს იგი, რომელიც სიგლახაკის წყალს აღმოადინებს.

13. იცოდე, ძმაო, რომ „ღელეთა განამრავლონ იფქლი“ (ფსალ. 64.13).

14. ღელე არის თავმდაბალი სული, რომელიც ამოედინება „ბორცვთა შორის“ (ფს. 64.12) შრომისა და სათნოებისა; და ის უძრავად, ქედმაღლობის გარეშე იმყოფება.

15. დავითი ამბობს: არ მიმარხულია, არც მღვიძარებაში ვყოფილვარ, არც შიშველ მიწაზე ვწოლილვარ, არამედ „დავმდაბლდი და მაცხოვნა მე“ უფალმა (ფს. 114.6).

16. სინანული აღადგენს და აღამაღლებს სულს, გლოვა ცის კარზე რეკს, ხოლო ნეტარი სიმდაბლე გააღებს მას, მე - მთქმელი ამისა, თაყვანსვცემ სამგვამოვნებასა ერთარსებით და ერთ-არსებასა - სამებით.

17. ყოველივე ხილულს მზე ანათებს და სათნოების ყოველგვარ საქმეს სიმდაბლე განამტკიცებს.

18. თუ ნათელი არ არის, ყოველივე დაბნელებულია, ხოლო თუ სიმდაბლე არ არის, ყოველგვარი შრომა ამაოდ ჩაივლის.

19. ერთი* ადგილი არსებობს ყოველივე შექმნილთა შორის, რომელმაც მზე მხოლოდ ერთხელ იხილა და ერთი საფიქრალი, რომელიც მრავალჯერ სიმდაბლეს შობს.

20. ერთი დღე იყო*, როდესაც დედამიწის ყველა მკვიდრმა გაიხარა; და ეს ის ერთადერთი სათნოებაა, რომელსაც ეშმაკი ვერ მიითვისებს.

21. ერთი საქმეა თავმაღლობა, მეორე - თავაუმაღლებლობა, მესამე - სიმდაბლე; რადგან პირველი მათგანი განიკითხავენ სხვებს, მეორე - არავის განიკითხავს, მაგრამ არც საკუთარ თავს განსჯის, მესამე კი - უდანაშაულო, გამუდმებით ისჯის თავს.

22. სხვაა სიმდაბლე, სხვა - მოღვაწეობა სიმდაბლის მოსახვეჭად და სულ სხვა - ქება მდაბლისა. პირველი სრულთა კუთვნილებაა, მეორე - ჭეშმარიტი მორჩილების, ხოლო მესამე - ყოველი მართლამდიდებელი მორწმუნისა.

23. ვინც შინაგანად მდაბალია, ენის მიერ ვერ გაიძარცვება. რადგან, თუ შიგნით სიმდიდრე არ არსებობს, კარიდან მას ვერ გაიტანენ.

24. ცხენი ვიდრე მარტო მირბის, თავი სწრაფი ჰგონია, მაგრამ, როდესაც სხვა ცხენებთან ერთად ირბენს, თავის უძლურებას შეიცნობს.

25. როდესაც კაცს ბუნებრივი* სიკეთით თავმაღლობა აღარ სჩვევია, ნიშნავს, რომ მისი განკურნება დაწყებულა, მაგრამ ვიდრე ამ ვნების სიმყრალეს იყნოსავს იგი, კეთილსურნელებას ვერ იგრძნობს.

26. წმიდა სიმდაბლე ამბობს: ვისაც ვუყვარვარ, მაგრამ ჯერ სრულად ვერ შეერთებულა ჩემთან, ის არავის განსჯას არ მოჰყვება, უფროსობას არ დაიწყებს და თავისი სიბრძნის წარმოჩინებას არ შეეცდება, ხოლო ჩემთან შეერთების შემდეგ მას უკვე „სჯული არა უც“ (1 ტიმ. 1.9).

27. ერთ მონაზონს, რომელსაც ამ წმიდა სათნოების შეძენა სურდა, ეშმაკები მიეძალენენ და მის გულში თავისქება ჩანერგეს. ამ ნეტარმა კი კეთილი საშუალება მონახა მათ დასაძლევად: თავისი სენაკის კედელზე მან ჩამოწერა დიდი და მაღალი სათნოებების სახელები, როგორიცაა სრული სიყვარული, ანგელოზებრივი სიმდაბლე, წმიდა ლოცვა, გამოუთქმელი სიწმიდე და სხვა ამის მსგავსნი. როდესაც აზრები ქებას დაუწყებდნენ მას, იტყოდა: ვიჩქარო სამხილებელში მისვლა!Qმივიდოდა, სათნოებათა სახელებს წაიკითხავდა და საკუთარ თავს ეუბნებოდა: ჰოი, საბრალოვ, ეს ყველაფერი რომ შეგეძინა, მაშინაც კი ჯერაც შორს იქნებოდი ღვთისაგან, არც ერთი ამათგანი ჯერაც რომ არ შეგიძენია, როგორღა ამპარტავნდები?!

28. ამგვარად, ჩვენ ვერ შევძლებთ, ვთქვათ, თუ რაში მდგომარეობს ამ სიმდაბლის ძალა და ბუნება, მაგრამ მისი თვისებებისა და საქმეთა მიხედვით მის არსებასაც მივწვდებით.

29. სიმდაბლე ღვთაებრივი საფარველია, რომელიც საკუთარი სათნოებების დანახვის საშუალებას არ გვაძლევს.

30. სიმდაბლე არის თვითგანსჯის უფსკრული, რომელსაც უხილავი მტერი ვერ სწვდება.

31. სიმდაბლე არის „გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა“ (ფს. 60.40).

32. „არა ირგოს მტერმან მისგან და შვილმან“ ანუ „განზრახვამ უსჯულოებისამ ვერ შესძინოს ვნებათა მისა“ (ფს. 88.23). და მის წინაშე დასცემს მის მტრებს და მოძულეებს დაამხობს (ფს. 88.24).

33. აქ ნაჩვენებ თვისებათა გარდა, რომელთაგან ყველა - გარდა ერთისა - ამ სულიერი საგანძურის მხოლოდ გარეგნულ ნიშნებს წარმოადგენდნენ, არსებობს სხვა თვისებებიც, რომელთაც ამ სიმდიდრის დიდებული მფლობელი საკუთარ სულში აღმოაჩენს.

34. ამ სათნოების წმიდა მყოფობას მაშინ შევიცნობ შენში, როდესაც გამოუთქმელი ნათლით და ლოცვისადმი უძლიერესი სიყვარულით აღვივსები. ვიდრე ამ მადლს მიაღწევდე, უნდა მოიპოვო გული, რომელსაც სხვათა ცოდვათა ხილვა არ ძალუძს; ხოლო ყოველივე ზემოთქმულის წინამორბედი კაცობრივი დიდებისადმი სიძულვილია.

35. ყოველმა, ვინც საკუთარი უძლურება ჭეშმარიტი სულიერი ცნობით შეიცნო, კეთილ ნიადაგში კეთილი თესლი დათესა, ხოლო, ვინც ამგვარად არ დათესს, იგი სიმდაბლეს ვერასოდეს აღმოაცენებს.

36. ვინც საკუთარი უძლურება შეიცნო, მან უფლის შიში მოიპოვა და ვინც ამ შიშით ივლის, იგი სიყვარულის ბჭეს მიაღწევს.

37. სიმდაბლე* სასუფევლის კარია, იგი იქ შეიყვანს იმათ, ვინც ამ კარს მიუახლოვდებიან. რადგან, ვფიქრობ, რომ სწორედ ამის შესახებ ამბობდა უფალი: „შევიდეს და გამოვიდეს“ (იოან. 10.9) უშიშრად ამ სოფლიდან და „საძოვარი პოოს“ სამოთხეში.

38. ხოლო, ვინც მონაზვნობაში სხვა გზით მოვიდა, „მპარავია“ და „ავაზაკი“ იგი.

39. კარგად გამოვიკვლიოთ საკუთარი თავები ყველამ, ვინც სიმდაბლის მოპოვებას ვესწრაფით და მისი მოსურნენი ვართ; თუ საკუთარ სულში ვნახავთ, რომ მთელი ძალით გვსურს და ვესწრაფით იმას, რომ მოყვასი ყოველგვარ საქმეში ჩვენზე უკეთესი იყოს, ჩანს, რომ ღვთის მადლი შორს აღარაა ჩევნგან.

40. როგორც ცეცხლში თოვლის პოვნა შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია, რომ მწვალებელთა (ერეტიკოსთა) შორის სიმდაბლე აღმოაჩინო.

41. ეს სათნოება მართლმორწმუნე, წმიდა და ღვთისმოყვარე ადამიანებს ახასიათებთ.

42. საკუთარ თავს ცოდვილს მრავალი ვუწოდებთ და შეიძლება, მართლაც ასე ვფიქრობდეთ, მაგრამ ჩვენი სიმდაბლე მაშინ გამოიცდება, როდესაც სხვები შეურაცხგყოფენ.

43. დაე, იგი, ვინც სიმდაბლის ამ აუცილებელ ნავსადგურს მიაღწია, ნუ შეჩერდება და ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია: დაე, თავს აიძულებდეს, ყოველგვარი სიტყვით, აზრით და სხვა საშუალებებით, გამოძიებითა და გამოცდით, ლოცვის აღსრულებით; ვიდრე ღვთის შეწევნით და ამგვარი ღვაწლით სამუდამოდ არ განერიდება ამპარტავნების ზღვას და თავისი სულის ნიავს არ გამოიყვანს მისგან. რადგან იგი, ვინც ამ ბოროტებას მოიკვეთს, სხვა ცოდვების მიტევებას ჩქარა მიიღებს, როგორც მეზვერე.

44. ზოგიერთმა, მართალია, ცოდვათა მიტევება მიიღო, მაგრამ სიმდაბლის გამუდმებული იძულების შედეგად სიცოცხლის ბოლომდე ინახავს ადრეული ცოდვების ხსოვნას, სიმდაბლეს მათი საშუალებით ინარჩუნებს და შემუსრავს ამპარტავნებას; სხვები ქრისტეს ვნებებს იხსენებენ, მათ გამო თავს ყოველთვის მევალეებად გრძნობენ და ამით მოიპოვებენ სიმდაბლეს; კვლავ სხვები მომავალი ცოდვების გამო შეიმუსრავენ თავს; სხვებმა სათნოებათა ეს საოცარი მშობელი მათზე მოსული განსაცდელებისა და სნეულებების საშუალებებით შეიცნეს; სხვები თავს ყოველდღიურად გამოუსწორებელი ცხოვრების გამო განსჯიან; სხვებმა ვედრებით: რომ უფალმა ყოველგვარი ნიჭი წაიღოს მათგან, გაითავისეს სიმდაბლე; არიან ისეთებიც, თუმც, ზუსტად არ შემიძლია ვთქვა, კიდევ არიან თუ არა, რომლებიც მით უფრო მეტად იმდაბლებენ თავს ღვთის წინაშე, რაც უფრო წარემატებიან მისი წყალობით, ისინი თავს ამგვარი სიმდიდრის უღირსებად სცნობენ და ამგვარად სულში ინახავენ აზრს, თითქოს დღითი დღე ცოდვას იმრავლებდნენ; აი, სიმდაბლე, აი, ნეტარება, აი, სრუყოფილება!

45. თუ ნახავ ვინმეს, რომელმაც მაღალ უვნებლობას მიაღწია, ნუ იფიქრებ, რომ მან გამოიყენა რაიმე სხვა საშუალება, გარდა - ამ სანატრელი და შეუმცდარი გზისა.

46. აი, კეთილი წყვილი - სიმდაბლე და სიყვარული. პირველი აღგამაღლებს, ხოლო მეორე ამაღლებულს შემოგიდგება და დაცემის საშუალებას არ მოგცემს, რადგან „სიყვარული არასადა დაეცემის“.

47. სხვა საქმეა გულის შემუსვრილება; სხვა - საკუთარი თავის შეცნობა; სულ სხვა - სიმდაბლე.

48. გულის შემუსვრილებას ცოდვით დაცემა წარმოშობს, რადგან ვინც დაეცემა, იგი იმუსრავს გულს და ლოცვაზე საქები კადნიერებით დგას, იმედის კვერთხს ეყრდნობა და სასოწარკვეთილების ძაღლს განდევნის.

49. თავისი თავის შეცნობა არის საკუთარი სულიერი მდგომარეობის და სიმაღლის ზუსტი ცოდნა და დაუვიწყებლად ხსოვნა და ძიება ყველა უმნიშვნელო ცოდვისაც კი.

50. სიმდაბლე ქრისტეს უხილავი მოძღვრებაა, რომელიც ღირსთა შორის უხილავად არსებობს და ადამიანური სიტყვით მისი გადმოცემა შეუძლებელია.

51. ვინც ამბობს, რომ ამ მირონის კეთილსურნელებას მცირედ გრძნობს, მაგრამ როდესაც აქებენ, გული ოდნავ მაინც შეუტოკდება და ქების სიტყვა ეამება (და არ შეაძრწუნებს ის), მაშინ, დაე, იგი ტყუილუბრალოდ თავს ნუ იცდუნებს.

52. იყო კაცი, რომელიც ამბობდა: „ნუ ჩვენთვის, უფალო, ნუ ჩვენთვის, არამედ სახელსა შენსა ეცი დიდებაი“ (ფს. 113.9); რადგან მან იცოდა, რომ ადამიანური ბუნება ქებას უვნებლად ვერ მიიღებს. „შენ მიერ არს ქებაი ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა“ (ფს. 21.26) მომავალ საუკუნეში, რადგან ვიდრე იქ არ მივალ და შენმიერი ქება ამ სოფელში ჩამესმის, ამ ქებას არარად მივიჩნევ და მავნებლადაც ჩავთვლი.

53. თუ უკიდურესი საზღვარი ამპარტავნებისა ის არის, რომ ადამიანი კაცობრივი დიდების მოსახვეჭად თვალთმაქცურად იმ სათნოებებს იჩემებს, რომლებიც მას არა აქვს, მაშინ უღრმესი სიმდაბლის ნიშანი იქნება, რომ ადამიანი გარკვეულ შემთხვევებში, საკუთარ თავზე ისეთ ცოდვებს იღებს, რომლებიც მას არ ჩაუდენია, ან არ უარყოფს, როდესაც სიცრუით აბრალებენ რამეს.

54. ასე მოიქცა ის სულიერი მამა, რომელმაც ხელში აიღო პური და ყველი და სიმდაბლით თავის კარებთან დაჯდა. ასევე - ის სიწმიდის მოღვაწე, რომელმაც სამოსელი განიძარცვა და ქალაქი უვნებლად განვლო.

55. ასეთები ადამიანებს ვეღარ დააბრკოლებენ, რადგან ლოცვის მიერ სხვათა დარწმუნების ძალა შეუძენიათ.

56. ხოლო, ვინც ამათგან პირველს, ე.ი. საცდურს ეძებს, მაშინ იგი ავლენს, რომ მეორე ნიჭი ნაკლებადა აქვს; რადგან იქ, სადაც ღმერთი მზადაა, სათხოვარი შეგვისრულოს, ჩვენ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია.

57. ის ვირჩიოთ, ძმებო, რომ ღვთისათვის ვიყოთ სასურველნი და არა - კაცთათვის, რადგან ღმერთს უხარია, როდესაც ხედავს, რომ ჩვენ კაცთაგან შეურაცხყოფას ვეძებთ, რათა ამაო ამპარტავნება დავძლიოთ და გავანადგუროთ.

58. ასეთ ნიჭს მოგვცემს სრული უარყოფა სოფლისა, რადგან ყოველგვარი შეურაცხყოფისა და დათმენა მეტისმეტად დიდი საქმეა.

59. ნუ გაგიკვირდება ეს სიტყვები, საყვარელო, რადგან ისეთი არავინაა, ვინც ერთი ნაბიჯით კიბის თავზე ასვლას შეძლებდა.

60. „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ“ ღვთისა „მოწაფენი“ ვართ (იოან. 13.35), როდესაც არა „სულნი უკეთურნი დაგვემორჩილებიან“, არამედ, როცა „სახელები“ ჩვენი დაიწერება „ცათა შინა“ (ლუკ. 10.20) სიმდაბლისასა.

61. ბუნებრივი უნაყოფობა ლიმონის ხის ტოტებს ზემოთ აღამაღლებს, ხოლო თუ ისინი ქვევით დაიხრებიან ნიშანია იმისა, რომ მალე ნაყოფს გამოიღებენ. ვინც გონიერად წაიკითხავს, მიხვდება ამ სიტყვების აზრს.

62. ღვთის მიერ ნეტარი სიმდაბლე ოცდაათ, სამოც და ასეულ საფეხურს აივლის. ამ უკნასნკნლზე სრულნი ავლენ, საშუალოზე - გულმოდგინენი, ხოლო პირველზე ასვლა ყველასათვის შესაძლებელია.

63. ვინც საკუთარი თავი შეიცნო, თავის შესაძლებლობაზე აღმატებულ საქმეს არასოდეს შეეჭიდება და მას ამ სანატრელ გზაზე შეუდგამს ფეხი.

64. როგორც ჩიტები უფრთხიან შავარდენს, ისე ერიდება სიმდაბლე ბილწსიტყვაობას.

65. წინასწარმეტყველების, ნიშნებსა და სასწაულების აღსრულების გარეშე მრავალმა დაიმკვიდრა სამოთხე, მაგრამ გარეშე სიმდაბლისა - არავინ შესულა მასში.

66. რადგან პირველთა (ნიჭების) დამცველი არის მეორე (სიმდბლე); მაგრამ ხშირად, უგულისხმო ადამიანებში პირველი მეორეს მოაკვდინებს.

67. იმისათვის, რომ ნეტარი სიმდაბლე შევიძინოთ, უფალმა ისე განაგო, რომ მოყვასი უკეთ ხედავს ჩვენს წყლულებს, ვიდრე ჩვენ - თავად. ამიტომ საკუთარ წყლულებს თვითონ კი არ ვმკურნალობთ, არამედ - სულიერი მწყემსი და როდესაც განვიკურნებით, ღმერთსა და მას ვწივართ მადლობას.

68. მდაბალი თავის ნებას, როგორც მაცდურს, ისე უარყოფს მუდამ, - თვით უფლისადმი ვედრებაშიც კი; იგი სიმდაბლით ითხოვს მისგან შესაბამის სიკეთეს და სარწმუნოებით სწავლობს ამის საშუალებით.

69. მდაბალი მუდამ მორჩილია. იგი უკეთეს სიტყვებს სხვებისგან ისმენს, რადგან არასოდეს ენდობა თავს, რომელზეც ზრუნვა მიუტევა უფალს - მას ვინც ბალამთან საუბარი ვირს შეაძლებინა. იგი ყველაფერს რომ ღვთის მიერ აკეთებდეს და ამბობდეს, საკუთარი გულისხმიერება მაინც არ სჯერა. რადგან, როგორც ამპარტავნისთვის მძიმეა სხვისთვის შეკითხვა, ასევე მძიმეა მდაბლისათვის თავის თავზე მინდობა.

70. ვფიქრობ, რომ მხოლოდ ანგელოზებს შეუძლიათ, უცოდველად დაიცვან თავი. რადგან მიწიერი ანგელოზის პავლესაგან მოვისმინე: „არარაი თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვიმართლდები. ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს“ (1 კორ.4.4). ამიტომაა, რომ გამუდმებით უნდა განვიკითხავდეთ საკუთარ თავს და დამნაშავედ მიგვაჩნდეს იგი, რადგან ნებსით თავის დამდაბლებით უნებურ ცოდვებს განვეშოროთ; ხოლო თუ ასე არ მოვიქცევით, მათ გამო სიკვდილის ჟამს საშინელი ტანჯვა მოგველის.

71. ვინც რაიმეს ითხოვს უფლისაგან და საკუთარი თავი ამ სათხოვარის ღირსად არ მიაჩნია, იგი უმეტესს მიიღებს. ამის მოწმე ის მეზვერეა, რომელმაც მიტევება ითხოვა და გამართლება მიიღო.

72. ავაზაკმა მხოლოდ მოხსენება ითხოვა ცათა სასუფეველში და სამოთხე დაიმკვიდრა.

73. ისევე როგორც შესაძლებელია, დედამიწაზე ცეცხლის დიდი ან მცირე ბუნება არსებობდეს, არამედ მისი ბუნება ერთია და ამიტომ მცირე ნაკვერჩხლისა და დიდი ცეცხლის ბუნება მსგავსია; ასევე, სადაც ჭეშმარიტი სიმდაბლე დამკვიდრდება, იქ ცოდვის მწიკვლი ვერ იარსებებს.

74. ვიდრე ნებით ვცოდავთ, ჩვენში სიმდაბლე არ იმყოფება; აქედან შეიძლება მივხვდეთ, თუ როდის მკვიდრდება ჩვენში იგი. რადგან უფალმა იცოდა, რომ გარეგნული მაგალითი დაამდაბლებს სულს, მან არდაგი მოირტყა და სიმდაბლის ძალა და გზა გვაჩვენა, რადგან სული საქმეს ხედავს და როგორიცაა საქმე, ისეთივეა სული.

75. ანგელოზს მთავრობა ამპარტავნების საბაბად გაუხდა, მაგრამ მთავრობა მას ამისათვის არ ჰქონია ბოძებული.

76. სხვაა სულეირი მდგომარეობა სამეფო ტახტზე მჯდომი ადამიანისა და სხვა - მისი, ვინც სიბინძურეზე მიგდებულა. და ალბათ ამ მიზეზით იყო, რომ დიდი და მართალი იობი ქალაქგარეთ სიბინძურეზე იჯდა, რადგან სწორედ მაშინ მიიღო სრული სიმდაბლე და სულერი სიბრძნით ვთქვა: „ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერში და ნაცარში“ (იობ. 42.6).

77. ყოველ ადამიანზე მეტად შემცოდე მანასეს მაგალითს მოვიტან, მან კერპმსახურებით შებილწა ტაძარი ღვთისა და მთელ ქვეყანას რომ მისთვის ემარხულა, ამ ურჯულოებას მაინც ვერ გამოისყიდდა, მაგრამ მხოლოდ ერთმა - სიმდაბლემ შესძლო მისი უკურნებელი წყლულებსი განკურნება.

78. „უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა“, - ეუბნება დავითი უფალს, „შევსწირეცა შენდა... ყოვლადდასაწველი“, მაგრამ შენ „საკუერთხი არა გთნდეს“, რადგან „მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი“. (ფს. 50.16-27) და ყოველივე ის, რაც ამას მოსდევს და ყველამ იცის.

79. „შევსცოდე უფალსა“! აღმოხდა ოდესმე ამ წმიდა სიმდაბლეს - მრუშობისა და კაცის კვლის შესახებ და წამსვე ესმა:…„უფალმა აღხოცა ცოდვაი შენი“ (2 მეფ. 12.13).

80. ნეტარმა მამებმა სიმდაბლის გზა ხორციელ შრომას უწოდეს, ხოლო მე მორჩილებასა და გულწრფელობას დავუმატებ, რომლებიც ბუნებით ამპარტავნების მოწინააღმდეგენი არიან.

81. თუ ამპარტავნებამ ანგელოზი ეშმაკად აქცია, სიმდაბლესაც შეუძლია, რომ ეშმაკები ანგელოზებად გარდაქმნას, ამიტომ დაცემულნი სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემიან.

82. ვისწრაფოთ და მთელი ძალით ვიშრომოთ, ძმებო, რომ ამ სათნოების მწვერვალზე ავიდეთ; და თუ წვერამდე ვერ მივაღწიეთ, შევეცადოთ, რომ მის მხრებზე დავსხდეთ, მაგრამ თუ არც იქ მისასვლელად მოგვდევს მუხლის ძალა, მაშინ კალთებამდე მაინც მივიდეთ, რადგან ასე მგონია, რომ ვინც აქედანაც გადმოვარდება, საღმრთო მადლს ვეღარასოდეს მიიღებს.

83. სიმდაბლის გზა და ძირი, მაგრამ არა - მისი არსი, არის: უპოვარება, უცხოობა, სიბრძნის დაფარვა, მოწყალების თხოვა, წარჩინებულობის არგამხელა, კადნიერების განგდება, მრავალმეტყველებისაგან განშორება, რადგან ამგვარად სულს სხვა ვერაფერი დაამდაბლებს. რადგან ჩვენი ღვთისადმი სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როდესაც ამპარტავნების საფუძველი გვაქვს, მაგრამ ხორციელ პატივს უკანმოუხედავად გავურბივართ.

84. როდესაც რომელიმე ვნების დასამარცხებლად იარაღს აისხამს, შემწედ სიმდაბლე წაიყვანე, რადგან მაშინ „ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი“ (ფს. 90.13); ანუ ამით ცოდვასა და სასოწარკვეთილებას გააქრობ და ქრისტეს ძალით ეშმაკსა და ვეშაპს, ანუ - ხორცს, დასთრგუნავ.

85. სიმდაბლე ცოდვის უფსკრულიდან სულის ცაში ამყვანებელი კიბეა.

86. იყო ვინმე, ვინც თავის გულში ამ სათნოების მიერ დანერგილი სიკეთე იხილა და იგი გაკვირვებამ შეიპყრო. სთხოვა მას, მისი მშობელის სახელი ეთქვა და მანაც მხიარული სახით მიუგო: „როგორ იკითხავ ჩემი მშობლის სახელს, როდესაც იგი საკვირველი და უსახელოა, მის სახელს არ გეტყვი, ვიდრე შენში არ დამკვიდრდება ღმერთი, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე“ ამინ.

წყლისა და წყაროს დედა უფსკრულია, ხოლო გულისხმიერებისა - სიმდაბლე.


კომენტარები
ბერძნული ტექსტის ძველი ქართული თარგმანისათვის

6.
ცისარტყელას სიმდაბლეს უწოდებს, მისი კეთილი მრავალფეროვნების გამო.

19.
აქ საუბარია მეწამული ზღვის და იორდანის ფსკერზე, რომელთაგან პირველად მოსემ გამოაჩინა და მეორე - ისუ ნავემ.

20.
ეს ის დღეა, როდესაც ნოე კიდობნიდან გამოვიდა.

25.
ბუნებრივი, თანდაყოლილია ხორციელი მაღალი შთამომავლობა, ხელ-მარჯვეობა, კარგი სწავლის უნარი, მშვენიერი ხმა, გარეგნობა.

37.
ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც ქრისტეს მსგავსი სიმდაბლით შეუდგება მონაზვნობის გზას, იგი კარგად აღასრულებს ამქვეყნიურ ცხოვრებას. „საძოვარი პოოს“ - ნიშნავს, რომ საღმრთო განსვენებას მიიღებს.