1. შიში ამპარტავნული სულის ბავშვური ჩვეულებაა.

2. შიში სარწმუნეობისგან გადახვევაა - მოულოდნელი ჭირის მოლოდინია.

3. მშიშარა უბედურებას წინასწარ წარმოიდგენს.

4. მშიშარა თავის გულს წარმოდგენილი შიშით მუსრავს.

5. შიში იმედს გვიკარგავს.

6. ამპარტავანი სული შიშის მონაა, რადგან საკუთარი თავის იმედზეა და როდესაც რაიმე ხმას გაიგონებს, ძრწის.

7. მგლოვიარე და მგრძნობიარე გულმა შიში საერთოდ არ იცის, ხოლო ამპრტავანი შიშისგან კრთის, რადგან უფალი სამართლიანად მოუვლენს მას ამპარტავნებას, რომ სხვებიც შეშინდნენ და სიმდაბლე ისწავლონ.

8. ყველა მშიშარა ამპარტავანია, მაგრამ ყველა უშიშარი მდაბალი არ არის, რადგან ავაზაკები და საფლავის მბზარავები ადვილად არ კრთიან.

9. სადაც შიში გიპყრობს, იმ ადგილას ღამით მისვლას ნუ დაიზარებ, რადგან თუკი ეშმაკს დაუთმობ, ეს დასაგმობი და ბავშვური თვისება შეგაბერდება.

10. გზას რომ გაუდგები, ლოცვით შეიარაღდი და როდესაც მიხვალ, ხელი აღუპყარ უფალს და ჰგვემე მტერი იესოს ქირსტეს სახელით, რადგან ცის ქვეშ და მიწის პირზე ამაზე ძლიერი იარაღი არ არსებობს.

11. როდესაც ამ სენისგან გათავისუფლდები, ადიდე მხსნელი, რადგან თუკი მადლობას შესწირავ, საუკუნოდ დაგიცავს იგი.

12. ჩვენი გლოვის შესაბამისად წარიდევნება იგი და როცა გლოვა შემოგვაკლდება, შიში ძლიერდება.

13. „შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეძრწუნდა“ (იობ. 4,15). - ამბობდა ელიფაზი მტრის ამ მზაკვრობის შესახებ და ამასვე ვამბობ მეც.

14. ზოგჯერ ჯერ სულს იპყრობს შიში, ზოგჯერ კი - ჯერ ხორცს, ხოლო მეორეს ამ ვნებას იგი გადასცემს, რომელიც პირველად მიიღებს მას.

15. როდესაც ხორცი შეძრწუნდება და სული კი შიშს არ მიიღებს, მაშინ ამ სენისგან გათავისუფლება ადვილია, მაგრამ თუ ყოველთვის - მოულოდნელ უბედურებასა ოცნებას - შემუსვრილი გულით უშიშრად ვიტვირთავთ და არაფრად ჩავაგდებთ, მაშინ ჭეშმარიტად დაგვიტოვებია შიში.

16. არც ღამის სიბნელე და არც ადგილის უდაბურება არ აძლევს ჩვენზედ ძალას ეშმაკს, არამედ - სულის უნაყოფობა და ზოგჯერ კი ეს ღვთის დაშვებითა და მისი განგებულებით ჩვენს განსასწავლად ხდება.

17. ვინც ღვთის მონაა, მას მხოლოდ თავისი მეუფისა ეშინია, ხოლო ვისაც მეუფის შიში არა აქვს, მას საუკუთარი ჩრდილიც აშინებს.

18. როდესაც ბოროტი სული ესხმის თავს კაცს, მაშინ მისი ხორცი შიშობს, ხოლო, როდესაც ანგელოზი მიდის მასთან, სული სიმდაბლით ხარობს; ამიტომ, როდესაც ამ საშუალებით შევიცნობთ ღვთის ანგელოზის მოსვლას, უნდა ვიჩქაროთ და სალოცავად წავიდეთ, რადგან კეთილი მცველი მოგვევლინა უფლისაგან, რომლისა არ დიდება აწ და ამრადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

1. ქვეყნიერ მეფეთა წინაშე ზოგი უბრალოდ, უიარაღოდ დგას, მეორენი - კვერთხებით და ფარებით, მესამენი კი - ხმლით შეჭურვილნი. უკანასკნელებთან შედარებით პირველთა უპირატესობა დიდია და შეუდარებელია, რადგან პირველთა შორის ჩვეულებრივ მეფის ნათესავები და ერთგულები არიან. ამგვარად ხდება ქვეყნიურ მეფეებთან დაკავშირებით. ჩვენ კი, მოდით, იმას დავაკვირდეთ, თუ როგორ ვდგავართ ჩვენი ღვთისა და მეუფის წინაშე მწუხრის, დღისა და ღამის ლოცვაზე ხელებს ისე აღუპყრობენ უფალს, როგორც უხორცონი და ყოველგვარ საზრუნავს განშორებულნი; სხვები ამ დროს ღვთის წინაშე ფსალმუნებით დგებიან; სხვები წმიდა წერილის კითხვას შესდგომიან; სხვები ძილს ხელსაქმით განაგდებენ, სხვები მთელ ღამეს სიკვდილის ხსენებით ატარებენ, რათა ამგარად მოიპოვონ სინანული. ყველა ამათგან პირველთა და უკანასკნელთა მღვიძარება ღვთისადმი დიდი სიყვარულითაა ნაკარნახევი; მეორენი და მესამენი, ისინი, ვინც ფსალმუნს კითხულობენ, ასევე მონაზვნობის გზაზე დგანან, ხოლო, ვინც ხელსაქმეს აღასრულებს და ამგვარად ფხიზლობს, უმცირეს გზაზე დგას. თუმცა ღმერთი მისი ზრახვისა და ძალის მიხედვით შრომას შეიწირავს და მადლს მიანიჭებს.

2. მღვიძარე თვალი წმენდს გონებას, ხოლო ჭარბი ძილი გულს ასასტიკებს და გონებას აბნელებს.

3. მღვიძარე მონაზონი სიძვის მტერია, ძილისმოყვარე კი - მისი მეგობარი.

4. მღვიძარება მრისხანებას მუსრავს და სიზმართაგან ათავისუფლებს; ის მოიტანს ცრემლს, დაამდაბლებს გულს, დაიცავს გრძნობებს, საჭმელს მოანელებინებს, შემუსრავს უკეთურ სულებს, ენას ალაგმავს და განსდევნის ოცნებას.

5. მღვიძარე მონაზონი გულის ზრახვებზე ნადირობს, მას შეუძლია, ღამის მყუდროებაში დაინახოს და შეიპყროს ისინი.

6. ღვთისმოყვარე მონაზონი ლოცვის ზარს რომ გაიგონებს, იტყვის: ვაშა, ვაშა, დიდება ღმერთს! ხოლო უქმი და ზარმაცი ამბობს - ვაიმე, ვაიმე, როგორ მეზარება!

7. ტრაპეზის მზადება გამოსცდის ნაყროვანს, ღვთის მოყვარეს კი გამოსცდის ლოცვის ღვაწლი.

8. როდესაც ნაყროვანი სუფრას ხედავს, მისკენ მირბის, ხოლო ლოცვისმოყვარე მისვლას აგვიანებს.

9. ჭარბი ძილი გულმავიწყობას იწვევს, მღვიძარება კი გონებას წმენდს.

10. მშორმელთა სიმდიდრე კალოსა და მარანში იკრიბება, ხოლო მონაზონთა სიმდიდრე და გულმოდგინება - ღამის ლოცვებში და გონიერ ღვაწლში.

11. ჭარბი ძილი ბოროტი მეუღლეა, რადგან ზარმაცებს მათი ცხოვრების ნახევარს სტაცებს.

12. გამოუცდელი მონაზონი მრავალმეტყველებაში გამოცდილი და გულმოდგინეა, ხოლო, როდესაც კითხვის დრო მოახლოვდება, თვლემას თავს აღწევს.

13. უმაქნისი მონაზონი მრავალმეტყველებაში გამოცდილი და გულმოდგინეა, ხოლო, როდესაც კითხვის დრო მოახლოვდება, თვლემას თავს ვეღარ აღწევს.

14. როგორც მეორედ მოსვლის საყვირი აღადგენს მკვდრებს, იმგვარადვე აფხიზლებს უმაქნისს ამაოდმეტყველება.

15. ძილის მტანჯველი სული ცბიერი მეგობარია, რადგან ჭამა-სმის დროს ტაბლასთან გვიზიდავს, ხოლო მარხვისა და ლოცვისას ძლიერად გვებრძვის.

16. ლოცვის დროს იგი ხელსაქმეს გაახსენებს, რომ ძილი მისი საშუალებით გააფრთხოს.

17. მონაზვნობის გზას ახლადშედგომილთ ძლიერად ებრძვის, რათა იმთავითვე სიზარმაცეს მიაჩვიოს, ან სიძვის ეშმაკს მოუმზადოს მათში ადგილი.

18. ვიდრე ამისგან არ გავთავისუფლდებით, ძმებთან ერთად ლოცვას ნუ მივატოვებთ, რადგან ხშირად სირცხვილის გამო მაინც არ მივცემთ თავს ძილის ნებას.

19. კურდღლის მტერი ძილია, ძილის მტერი კი ამპრატვნების ეშმაკი.

20. ვაჭრობის ბოლოს ითვლის ვაჭარი მოგებას, ხოლო გულმოდგინე და მღვიძარე მონაზონი კანონის აღსრულების შემდეგ დაითვლის მისგან მიღებულ სარგებელს.

21. ლოცვის შემდეგ ყურადღებას ნუ მოადუნებ და ნახავ გარსშემორტყმულ ეშმაკთა სიმრავლეს, რათა ჩვენს გულში ბილწი აზრები დათესონ და შური იძიონ, იმის გამო ლოცვისას რომ გავუმკლავდით და ვძლიეთ მათ.

22. მცველად დადექი და ნახავ მათ, ვინც გამუდმებით გამზადებულნი არიან, რომ სულიერი ღვაწლის ნაყოფი მოგვტაცონ.

23. სიფხიზლისას ხშირი ფსალმუნების ჩვეულება იწვევს იმას, რომ ძილის დროსაც თავში ფსალმუნის სიტყვები გვიტრიალებს; ხშირად კი ხდება, რომ ეშმაკები წარმოგვიდგენენ მათ გონებაში, რათა ამპარტავნებაში ჩაგვაგდონ. ხოლო მესამე სულიერი მდგომარეობის შესახებ არ მსურდა საუბარი, მაგრამ ვიღაცამ მაიძულა, რომ ესეც მეთქვა. სული, რომელიც დღისით გაუჩერებლივ ღვთის სიტყვას შეიმეცნებს, ჩვეულებრ ძილის დროსაც ამავე საქმიანობას აგრძელბს და ეს მეორე არის ჭეშმარიტი ჯილდო პირველისათვისა, რათა ოცნების ბოროტი და მზაკვარი სულები განიდევნონ.

მეოცე საფეხური. მასზედ ასული თავის გულში მიიღებს ნათელს.

1. ძილი არის თვისება ადამიანური ბუნებისა, სიკვდილის მსგავსი, ცნობიერების უმოქმედობა.

2. ძილი თავისთავად ერთია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული. შეიძლება იყოს ბუნებისგან, ჭარბი ჭამისგან, ეშმაკისგან, ზოგჯერ კი განსაკუთრებით მარხვისაგან გამომდინარე, რომლითაც ხორცს დააუძლურებენ და შემდეგ ძილის საშუალებით განიმტკიცებენ მას.

3. როგორც გადაჭარბებული სმა იქცევა ჩვევად, ასევე შეიძლება, გადაჭარბებული ძილი ჩვევად გვექცეს. ამიტომ მის წინააღმდეგ - მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში - განსაკუთრებული ბრძოლა გვმართებს, რადგან ძველი ჩვევის აღმოფხვრა უფრო ჭირს.

4. დავაკვირდეთ და მივხვდებით: როდესაც სულიერი საყვირის ხმა გაისმის (ლოცვის ზარის რეკა), ძმები ხილულად იკრიბებიან, ხოლო მტერი უხილავი ბრძოლისთვის იწყებს შეკრებას. ამიტომ რეკვის შემდეგ ეშმაკები შემოგვერტყმიან გარს და გვეტყვიან: ერთი წუთით დაისვენე, ვიდრე პირველ ფსალმუნს იტყვიან და მერე შედი ეკლესიაში. სხვა ეშმაკები კი მაშინ ჩაგვძირავენ ძილში, როდესაც სალოცავად შევალთ. სხვები ხორციელი საჭიროებისათვის უდროო დროს გარეთ გასვლას გვაიძულებენ, სხვები ეკლესიაში საუბრის გაბმისკენ გვიბიძგებენ, სხვები კი ჩვენს გულში ბილწ გრძნობებს აღძრავენ, სხვები ავადმყოფებივით კედელზე მიყრდნობას გვაიძულებენ და წამდაუწუმ მთქნარებას მოგვგვრიან, მრავალი მათგანი ლოცვისას სიცილს აგვატეხინებს, რათა ამისთვის ღვთის რისხვა დაგვატყდეს თავს, სხვები დავითნის სწრაფად კითხვას გვაიძულებენ, სხვები კი ამავე დროს გემოთმოყვარეობას გვინერგავენ, ზოგიერთი მათგანი პირს დაგვიხშობს და ბაგის გახსნას და ლოცვის თქმას არ გვანებებს.

5. მაგრამ, ვინც მთელი გულითა და გონებით გრძნობს, ფიქრობს და ხედავს, რომ ლოცვისას ღვთის წინაშეა წარდგომილი, შეურყეველი სვეტივით დგას იგი და აქ აღწერილ ვნებათაგან ვერცერთი ავნებს მას.

6. ხშირად, როდესაც ჭეშმარიტი მორჩილი ლოცვაზე დგება, სრულიად ნათდება და სიხარულით ივსება, რადგან ამისთვის იგი ერთგული მორჩილებით ემზადებოდა და ამით იყო განმტკიცებული.

7. ვფიქრობ, რომ კრებულთან ერთად ლოცვა ყველასათვის შესაძლებელია, ბევრისთვის უკეთესია, თუ ერთ თანამოაზრე ძმასთან ილოცებს, რადგან მარტოდ ლოცვა ცოტას თუ შეუძლია.

8. როდესაც კრებულთან ერთად ლოცულობ, უმაღლეს და სრულიად უნივთო ლოცვას ვერ ასრულებ, რადგან კითხვისა და გალობისას შენი გონება ცალკეული ლოცვის სიტყვებზე ფიქრით იქნება დაკავებული, ან თუ რაიმე კანონი გაქვს დაწესებული, ვიდრე მონაცვლებით გალობისას ძმა საკითხავს დაასრულებს, შენ გულში იმას იტყვი.

9. ლოცვისას ხელსაქმობა და მით უმეტეს შრომა არავისთვის არ შეიძლება, რადგან სწორედ ამას გვაუწყებს ნეტარ ანტონისთან მისული ანგელოზი, რადგან იგი ჯერ ხელსაქმობდა და სალოცავად მერე დგებოდა.

10. ოქრო ცეცხლით გამოიცდება, მონაზვნის ლოცვაზე დგომით კი - სიყვარული და კრძალვა ღვთისადმი, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ვინც სანატრელი ლოცვა მოიპოვა, იგი ღმერთს უახლოვდება და განერიდება ეშმაკს.