აცივდა.. მალე მოვა ზამთარი.
ტყე სდგას ლანდივით გარინდებული,
უკვე არ დაჰქრის ხევებში ქარი,
უსახლკარო და მიუსაფარი;
განელდა ცეცხლი, ჩაჰქრა ლამპარი
საგაზაფხულო ალით ნთებული.

მალე დასცვივა თოვლი ლურჯ ციაგს,
მალე დაიწყებს კვნესას ავდარი
და ააჩქარებს ფოთლების ტრიალს;
ეხლაც კი მთების იდუმალ ნიავს
მჭკნარი რტოები საფლავში მიაქვს...
მოდის ზამთარი, მოდის ზამთარი!

აჩრდილი ჩუმი და მოთარეშე,
უცნობი მზისთვის,
ყოველ ქვეყნის და დროის გარეშე
ცხოვრობს თავისთვის.
საღამო მშვიდი აძინებს მხეცებს,
ეხლა თავიდან
აჩრდილი მზიან ადგილებს ეძებს,
მზე კი ჩავიდა.

აყვავილებულ ველებს სალამი!
აქ ნაცნობია ჩრდილი ყოველი,
ტბების ვარდები, ფშნების წალამი -
სიტყვები გულზე დასაქსოველი.

უფლება აქვთ, რომ თვლიდნენ თავისად,
როცა არ უნდა ჰქონდეთ უფლება,
მაშინ მთებს ისე უუკვდავესად
შუბლი მოწყენით მოეღრუბლებათ.