მაოცებს მზერა მაგ თვალების აღსავსე ფიქრით,
მაოცებს სევდა უსასრულო, სულში რომ მალავ,
შენ რომ არა თქვა, სულ ყველაფერს თვალები იტყვის,
ბაგეც კი გაგთქვამს, გაიხსნება ისე ლამაზად.
ასწი წამწამნი, შემომხედე, რომ მე მათ ჩრდილში,
ყოველი აზრი ზედმიწევნით ამოვიკითხო...
თუ დავიკარგე უგზო-უკვლოდ შენსა ღიმილში,
გაფიცებ ყოველს, არასოდეს არ მომიკითხო!


19.10.2007

შემოდგომა ლამაზ წითელ-ყვითელ ფერებს
გადააბნევს ბალახს, გადააბნევს ხეებს,
აამღერებს ქარს და ღრუბლებს წვიმად დაცრის,
ფოლით მორთავს ქუჩებს, ნისლს ფარდებად გაშლის.
აივსება სევდით მდინარეთა ხმები,
ჩაეფლობა ფიქრში ბუმბერაზი მთები,
მდუმარება მოვა, დაიბუდებს ხევში,
ტყე ხანდახან როგორც ბერიკაცი ხვნეშის...
დაბნელდება... სუსხი იბატონებს ღამით,
და სიმკაცრით ალბათ შემაშინებს მაინც.
სიქათქათე წაშლის მერე ირგვლივ ყოველს...
ოღონდ ეხლა არა... გთხოვ, ნუ მიმატოვებ...


28.10.2007

მე მენატრები, მენატრები ისე ძალიან,
რომ სუნთქვა მეკვრის, თითქოს ვკვდები... თან მიხარია...
მიხარია, რომ შენ ხარ ჩემში.
მე მენატრები ისე ძლიერ, რომ უკვე მტკივა...
ჩემს დაღლილ სულში მზეც ჩავიდა, ისევ გაწვიმდა,
უშენობა ვიცი, რომ შემცვლის...
მე მენატრები... თუმცა ვიცი, აღარ ღირს ფიცად...
ეს ფიქრიც ჩემი გაყინული ცრემლებად იქცა
და შენ რჩები ჩემს ოცნებებში...
მომენატრები, მაგრამ ჩემთვის, შენ რომ ვერ იგრძნობ...
ჩავიკეტები მარტოდმარტო, ვერვინ ვერ მიცნობს...
შენზე დარდი უთუოდ შემშლის...


10.05.2007