ლენინური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კომუნისტები აქტიურად შეუდგნენ თავის მოწინააღმდეგე ძალთა დათრგუნვას და საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას. გაუქმებულად გამოცხადდა დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები, სახელმწიფო და არჩევითი ორგანოები, არაპროლეტარული პარტიები. მოისპო მიწაზე კერძო საკუთრება, სახელმწიფოს ხელში გადავიდა მთელი მრეწველობა, რკინიგზები, ფლოტი, ბანკები და სხვ. დამსჯელი ორგანოები მასობრივად ხვრეტდნენ ან გადასახლებაში აგზავნიდნენ რეჟიმის მოწინააღმდეგეებს და უბრალოდ ეჭვმიტანილ პირებსაც. განსაკუთრებით, ყოფილ ოფიცრებს, თავად-აზნაურობისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს. ათეიზმის დანერგვის მიზნით კომუნისტები ანგრევდნენ ეკლესიებს, ხოცავდნენ სასულიერო პირებს; მარტო 1922 - 1923 წლებში საქართველოში 1500 ეკლესია იქნა დანგრეული.

სისხლიანი ტერორის მიუხედავად 1921 - 1924 წლებში საქართველოში ადგილი ჰქონდა ანტიკომუნისტურ გამოსვლებს. მაგრამ ისინი დაქსაქსულ ხასიათს ატარებდნენ და ხელისუფლება ადვილად ახერხებდა მათ ლოკალიზებასა და ჩახშობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1924 წლის აჯანყება. აჯანყებულებს კავშირი ჰქონდათ ემიგრაციაში მყოფ მთავრობასთან. დაგეგმილი იყო ერთდროული გამოსვლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ კომუნისტებმა მოახერხეს შეთქმულთა რამდენიმე ლიდერის წინასწარ დაპატიმრება. ამიტომ, დაწყებულ აჯანყებას ორგანიზებული ხასიათი არ მიეცა და იგი სასტიკად იყო ჩახშობილი.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (ოფიციალურად ეხლა ასე ეწოდებოდა ქვეყანას) თავდაპირველად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ითვლებოდა, მაგრამ მის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი იდგა, ხოლო ქართველი კომუნისტები მხოლოდ მოსკოვის კარნახით მოქმედებდნენ. მოსკოვშივე იქნა შემუშავებული საბჭოთა საქართველოს შემდგომი სახელმწიფო მშენებლობის გეგმა, რასაც უნდა გაეადვილებინა მისი ჩართვა ერთიანი საბჭოეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში.

საქართველოს სსრ, ფაქტობრივად, ფედერაციულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მის შემადგენლობაში 1921 წლის ბოლოს სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე შევიდა აფხაზეთის სსრ (1931 წლიდან - ავტონომიური რესპუბლიკა). გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (1921 წ.) და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი (1922 წ.). თვით საქართველოს სსრ, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად, ლენინის წინადადებით 1922 წელს გაერთიანებული იყო ამიერკავკასიის ფედერაციაში, რომელიც იმავე წლის ბოლოს შექმნილ სსრ კავშირში შევიდა. 1936 წელს ამიერკავკასიის ფედერაცია გააუქმეს, ხოლო საქართველო უკვე უშუალოდ იქნა შეყვანილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.

20 - იანი წლების მეორე ნახევრიდან საბჭოთა სახელმწიფოში გამალებული ტემპებით იწყება ინდუსტრიალიზაცია და სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია, რომლის ნამდვილი მიზანი იყო არსებული რეჟიმის მაქსიმალურად გაძლიერება. საქართველოში შენდება მრავალი ფაბრიკა და ქარხანა, ჰიდროელექტროსადგური, შახტები, გაიზარდა მანგანუმისა და ქვანახშირის ამოღება. სოფლის მეურნეობაში ფართოდ ინერგება ტექნიკური კულტურები; განსაკუთრებით, ჩაი და ციტრუსები, რომლებითაც გამიზნული იყო უზარმაზარი საბჭოთა ბაზრის დაკმაყოფილება. მაგრამ დამკვრელურ ტემპებში აგებული საწარმოები დაბალი ხარისხის პროდუქციას უშვებდნენ, სახნავ-სათესი ფართობების ზრდა მიმდინარეობდა ტყეების მასობრივი გაჩეხვის ხარჯზე. მთელი რეგიონების მონოკულტურებისათვის დათმობამ, საქართველოს მრავალდარგოვან სოფლის მეურნეობას ტრადიციული ელფერი დაუკარგა.

კომუნისტური დოგმატიკა სსრ კავშირში სოციალიზმის აშენების მთავარ პირობად ინდუსტრიალიზაციასა და კოლექტივიზაციასთან ერთად თვლიდა კულტურულ რევოლუციას. ამიტომ, 20 - 30 - იან წლებში საქართველოში სწრაფად იზრდება საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა. ვითარდება მეცნიერება, ხელოვნება. 1940 წელს შეიქმნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. მაგრამ სწორედ ამ დროიდან შემოქმედებით ინტელიგენციას, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებს უკიდურესად შეეზღუდათ ინდივიდუალური აზროვნების შესაძლებლობანი. ყველაფერი დაუმორჩილეს კომუნისტური დიქტატურის იდეოლოგიას. საბჭოთა კავშირის მრავალმილიონიანი მოსახლეობის საბოლოო დაშინებისა და სულიერი გატეხვის მიზნით სტალინურმა ხელმძღვანელობამ 30 - იანი წლების მეორე ნახევარში ფართო გასაქანი მისცა რეპრესიებს, რომლებსაც კომუნისტური რეჟიმის არსებობის პირველივე დღეებიდან ჰქონდათ ადგილი, მაგრამ განსაკუთრებით მასობრივი ხასიათი მიიღეს 1937 - 1938 წლებში. საქართველო სსრ კავშირის ერთ-ერთი იმ რეგიონთაგანი იყო, სადაც რეპრესიული მანქანა განსაკუთრებით აქტიურად მუშაობდა. აღნიშნული წლების განმავლობაში აქ ათასობით უდანაშაულო ადამიანი დახვრიტეს, ხოლო ათობით ათასი - გადაგზავნილი იქნა "გულაგის" ბანაკებში, სადაც მრავალმა მათგანმა ჰპოვა მოწამეობრივი აღსასრული. რეპრესირებულთა შორის იყვნენ ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები. მათ შორის ქართული კულტურის ისეთი თვალსაჩინო მოღვაწეები როგორც მწერალი მ. ჯავახიშვილი, პოეტები ტ. ტაბიძე და პ. იაშვილი, რეჟისორი ს. ახმეტელი, მეცნიერი-ფილოლოგი გრ. წერეთელი, დირიჟორი ე. მიქელაძე და სხვ.

მასობრივი რეპრესიები მიმდინარეობდა სოფლადაც, სადაც საყოველთაო კოლექტივიზაციას, რომელიც ამ პერიოდში დასრულდა, ათასობით გლეხის სიცოცხლე შეეწირა.

30 -იანი წლების პოლიტიკურმა რეპრესიებმა საბჭოთა არმიისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესანიშნავი კადრები იმსხვერპლეს, რასაც არ შეიძლება დარტყმა არ მიეყენებინა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის, მაგრამ სწორედ ამ რეპრესიების წყალობით საზოგადოებაში დანერგილმა ყოვლისმომცველმა შიშმა უფრო განამტკიცა ავტორიტარული სტალინური რეჟიმი და საშუალება მისცა მას მოეხდინა საბჭოთა კავშირის მთელი ძალების ტოტალური მობილიზება გერმანიასთან ომში, რომელიც 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო. საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები პრაქტიკულად არ ყოფილა (მხოლოდ 1942 წ. ზაფხულში შემოიჭრნენ გერმანელები აფხაზეთში და მცირე ხნით დაიკავეს იქ ერთი სოფელი), მაგრამ ქვეყანამ ოთხწლიან ომში საერთო საქმისათვის თავისი დემოგრაფიული და მატერიალური რესურსების მაქსიმუმი გაიღო.

საქართველოში, რომლის მოსახლეობა 1940 წ. შეადგენდა 3 612 ათას ადამიანს, მობილიზებული იქნა და მოქმედ არმიაში გაიგზავნა 700 ათასზე მეტი კაცი, რომელთაგან 300 ათასზე მეტი უკან არ დაბრუნებულა. საქართველოს წარგზავნილთა ნაწილი იბრძოდა ეროვნულ ქართულ დივიზიებში, უმრავლესობა კი მრავალეროვანი საბჭოთა არმიის დანარჩენ ნაწილებსა და შენაერთებში იხდიდა მხედრულ ვალს.

ქართველები იბრძოდნენ აგრეთვე პარტიზანულ რაზმებში, როგორც სსრ კავშირის ტერიტორიაზე, ასევე ნაცისტების მიერ ოკუპირებული ევროპის ქვეყნებში. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ ქართველთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც გერმანიის მხარეზე აღმოჩნდა და მისი დროშის ქვეშ იბრძოდა. მათგან ბევრი მოქმედებდა იმ მოტივითა და შეგნებით, რომ გერმანიის გამარჯვება საქართველოს განთავისუფლებას მოუტანდა. მაგრამ ასეთთა რიცხვი სრულიად უმნიშვნელო იყო იმ ლეგიონებთან შედარებით, რომლებიც თავდადებით იბრძოდნენ სსრ კავშირის გამარჯვებისათვის.

საბჭოთა არმიის ქართველ მეომართა უმრავლესობას გულწრფელად სწამდა, რომ ისინი იცავდნენ "სოციალიზმის მონაპოვარს", რომელიც მაშინ კომუნისტური პროპაგანდის მიერ უმაღლესი ღირებულების რანგში იყო აყვანილი. ამასთან ქართველმა ჯარისკაცმა იცოდა, რომ სადაც არ უნდა ებრძოლა მას, მოსკოვთან, უკრაინაში თუ ვოლგაზე, იგი ამავე დროს საქართველოსაც იცავდა ომის საშინელებებისაგან და იმ მონობისაგან, რაც ჰიტლერულ რეჟიმს მოჰქონდა მის მიერ დაპყრობილ ქვეყნებისათვის.

იგივე მოტივები ამოძრავებდათ ზურგის მშრომელებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მტერზე გამარჯვების საქმეში. საქართველოს მთელი ეკონომიკა ფრონტისათვის მაქსიმალური დაძაბვით მუშაობდა. კვალიფიცირებული მუშახელის დიდი ნაწილის არმიაში გაწვევის მიუხედავად, რესპუბლიკის მანქანათმშენებელმა და ლითონდასამუშავებელმა საწარმოებმა გააორკეცეს პროდუქციის გამოშვება. ომში წასული მუშების მაგივრად ჩარხებთან მათი ცოლები, დები, შვილები დადგნენ. გამოშვებული იქნა შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და ფორმის ტანისამოსის დიდი რაოდენობა; აშენდა 200 ახალი საწარმო. კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დამზადების გეგმებს გადაჭარბებით ასრულებდნენ. საქართველომ შეიფარა აგრეთვე მრავალი ათასი ევაკუირებული ადამიანი ნაცისტების მიერ დროებით ოკუპირებული საბჭოთა ტერიტორიებიდან, რესპუბლიკის სახელგანთქმულ კურორტებსა და სამედიცინო დაწესებულებებში კი მკურნალობას გადიოდნენ დაჭრილი საბჭოთა მებრძოლები.

ამრიგად, საქართველოს მოსახლეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმ დიდ გამარჯვებაში, რომელიც ფაშიზმთან ბრძოლაში მოიპოვეს საბჭოთა კავშირის ხალხებმა.


ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში დემოკრატიული გარდაქმნები დაიწყო. საქართველოში ამისი ერთ-ერთი შედეგი იყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა (1917 წ. მარტი). მაგრამ ახალი რუსეთის სათავეში მოსულმა დროებითმა მთავრობამ ვერ გადაწყვიტა ის კარდინალური საკითხები, რაც განსაკუთრებით აღელვებდა მოსახლეობის ფართო ფენებს: ზავის საკითხი (ქვეყანა ისევ აგრძელებდა მსოფლიო ომში მონაწილეობას), მიწის საკითხი და სხვ. ყოველივე ეს კარგად გამოიყენეს ბოლშვიკებმა (კომუნისტებმა) ლენინის მეთაურობით და 1917 წლის ოქტომბერში დროებითი მთავრობა დაამხეს. ამიერკავკასიის პოლიტიკურმა პარტიებმა და ორგანიზაციებმა არ ცნეს ამ გადატრიალების კანონიერება. 1917 წლის 15 ნოემბერს მათ შექმნეს საკუთარი მთავრობა - ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც ძირითადად ადგილობრივი პარტიების წარმომადგენლებისაგან შედგებოდა. ფაქტობრივად, დაიწყო ამიერკავკასიის რუსეთისაგან გამოყოფის პროცესი.

ეს პროცესი იურიდიულად დასრულდა 1918 წლის 9 (22) აპრილს, როდესაც იქნა გამოცხადებული დამოუკიდებელი ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა, ცენტრით თბილისში. ახლადშექმნილი რესპუბლიკის უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენდა მრავალპარტიული შემადგენლობის სეიმი, რომლის თავჯდომარედ აირჩიეს ქართველი სოციალ-დემოკრატი ნ. ჩხეიძე. მისი მოადგილეები იყვნენ სომხური და აზერბაიჯანული პარტიების წარმომადგენლები.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც ამიერკავკასიური ხელისუფლების წინაშე იდგა, იყო თურქეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხი, ვინაიდან მსოფლიო ომი გრძელდებოდა, რუსეთის არმია, რომელიც თურქეთის ფრონტზე მოქმედებდა, დაიშალა, ჯარისკაცებმა პოზიციები მიატოვეს და სახლში დაბრუნდნენ, ხოლო შეტევაზე გადმოსულ თურქეთის არმიას ახლადჩამოყალიბებული ქართულ-სომხური რაზმები ვერ აკავებდნენ. აზერბაიჯანელებმა უარი განაცხადეს ერთმორწმუნე და ეთნიკურად მონათესავე თურქებთან ბრძოლაში მონაწილეობის მიღებაზე.

სწორედ თურქეთთან საზავო მოლაპარაკებების დროს გამოჩნდა ყველაზე ნათლად თუ რა არამყარი იყო ამიერკავკასიის გაერთიანება. სეიმის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ დეპუტაციებს შორის მუდმივი უთანხმოება სუფევდა. აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები ფაქტობრივად თურქეთს ემხრობოდნენ, რომელმაც ამიერკავკასიას დიდი ტერიტორიული მოთხოვნები წაუყენა. ქართველებმა და სომხებმა კი ორიენტაცია გერმანიაზე აიღეს, რათა მას გავლენა მოეხდინა თავის მოკავშირეზე. მართლაც, გერმანიის ჩარევის წყალობით საქართველო გადაურჩა თურქულ ოკუპაციას. თურქებმა დაიკავეს მხოლოდ მისი სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ქ. ბათუმით.

ცხოვრებამ უჩვენა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკა უპერსპექტივო წარმონაქმნი იყო. მან ორი თვეც ვერ იარსება და შინაგანი წინააღმდეგობების შედეგად დაიშალა. 1918 წლის 26 მაისს სეიმმა თავის უკანასკნელ სხდომაზე ოფიციალურად აღიარა ფედერაციის გაუქმება. იმავე დღის საღამოს კი შედგა საქართველოს "ეროვნული საბჭოს" სხდომა, რომელზეც საქართველო გამოცხადდა სუვერენულ დემოკრატიულ რესპუბლიკად. შემდეგი ორი დღის განმავლობაში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.

ამრიგად, 1918 წლის 26 მაისს აღდგა 117 წლის წინ გაუქმებული ქართული სახელმწიფოებრიობა. ქართველი ხალხი ამ ფაქტს საყოველთაო ზეიმით შეეგება. ეს ისტორიული მოვლენა XIX - XX ს-ის დამდეგის საქართველოს ეროვნულ- და სოციალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დამაგვირგვინებელი შედეგი იყო. 26 მაისი საქართველოში დღესაც აღინიშნება, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის დღე.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა კოალიციური იყო, თუმცა მის შემადგენლობაში ჭარბობდნენ სოციალ-დემოკრატები. სოციალ-დემოკრატიული პარტია იმ პერიოდის საქართველოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო. ამ პარტიის ლიდერი ნოე ჟორდანია (1868 - 1953) საქართველოს მთავრობის თავჯდომარე გახდა.

ახალგაზრდა რესპუბლიკა მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშე იდგა. მსოფლიო ომმა მნიშვნელოვნად დააზარალა მისი მეურნეობა, ხოლო რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან ჩამოყალიბებული ეკონომიკური კავშირების გაწყვეტამ მდგომარეობა უფრო დაამძიმა. მოშლილი იყო მრეწველობა და ტრანსპორტი, განსაკუთრებით ჭირდა სურსათი. ხელისუფლებას კი დამოუკიდებლობის გამოცხადების დროისათვის არ გააჩნდა არავითარი თანხები მყარ ვალუტაში.

საქართველოს დამოუკიდებლობა უკვე 28 მაისს სცნო გერმანიამ. მაგრამ პირველ მსოფლიო ომში ცენტრალური ბლოკის დამარცხების შემდეგ საერთაშორისო აღიარების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. საქართველოს მთავრობამ ამ თხოვნით მიმართა პარიზის სამშვიდობო კონფერენციას. 1920 წელს თურქეთის, გერმანიისა და არგენტინის შემდეგ საქართველო დე-ფაქტო იცნეს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, იაპონიამ. ხოლო მას შემდეგ კი, რაც 1920 წლის 7 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა საბჭოთა რუსეთმა, მოხდა რესპუბლიკის დე-იურე ცნობაც ანტანტის ქვეყნებისა და რიგი სხვა სახელმწიფოების მიერ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება მეტად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში მიმდინარეობდა. ქვეყანას პირველ ხანებში არ ცნობდა რუსული "თეთრი მოძრაობა", რომელიც გამოდიოდა "ერთიანი და განუყოფელი" რუსეთის ლოზუნგით. მოუწესრიგებელი იყო აგრეთვე სასაზღვრო საკითხები ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული კამათი ჰქონდა აზერბაიჯანთან ზაქათალის ოლქის გამო. სომხეთის რესპუბლიკა კი პრეტენზიას აცხადებდა საქართველოს სამხრეთ რაიონებზე, სადაც მოსახლეობის ნაწილი სომხური იყო. 1918 წლის დეკემბერში სომხეთის ჯარები მოულოდნელად შემოიჭრნენ საქართველოში, მაგრამ მოგერიებულნი იქნენ. ამიერკავკასიაში ინგლისური სარდლობის ჩარევით საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილი იქნა.

სადავო ოლქის სამხრეთ ნაწილში შეიქმნა ე.წ. "ნეიტრალური ზონა" შერეული ქართულ-სომხური ადმინისტრაციით. საქართველოს სრული იურისდიქცია ამ კუთხეში მხოლოდ 1920 წლის ნოემბერში აღდგა. 1918 - 1920 წლებში ლოკალური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში, სამხრეთელი ოსებით დასახლებულ ტერიტორიებზე და სხვა რეგიონებში, სადაც ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ გამოსვლებს. ამ გამოსვლების მნიშვნელოვანი ნაწილი კომუნისტების აგიტაციით იყო გამოწვეული.

მიუხედავად ყოველივე ამისა, სახელმწიფოს ჩამოყალიბების ყველაზე ძნელი პირველი პერიოდის სირთულეები მთლიანობაში დაძლეული იქნა. 1920 წლის ბოლოსათვის რესპუბლიკაში უკვე აშკარად შეიმჩნევა ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილიზაციის ნიშნები. საქართველოს დაუბრუნდა ბათუმის ოლქი, რომელიც თურქეთის მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ ერთ ხანს ინგლისელებს ჰქონდათ დაკავებული. აღმავლობას იწყებს მეცნიერება და კულტურა. თბილისში გაიხსნა უმაღლესი სასწავლებლები - უნივერსიტეტი და კონსერვატორია. შეიძლება ითქვას რომ თუ არა ახალი ინტერვენცია და ანექსია საქართველო თავს დააღწევდა კრიზისს და გააგრძელებდა დამოუკიდებელი განვითარების გზას. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. კომუნისტებმა 1920 წლისათვის რუსეთში გაანადგურეს კონტრრევოლუციის მთავარი ძალები და შეუდგნენ იმპერიის ყოველი სამფლობელოების ხელახლა შემოკრებას. იმავე წელს მათ ძალით გაასაბჭოვეს აზერბაიჯანი და სომხეთი. ასე რომ 1921 წლის დამდეგისათვის საქართველო, თავისი სახმელეთო საზღვრების პერიმეტრის 78 პროცენტით უკვე საბჭოთა რესპუბლიკების ალყაში იყო. მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთიდან ჰყავდა მეზობლად ახალგაზრდა თურქეთის რესპუბლიკა.

როგორც ზემოდ აღინიშნა, საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის არსებობდა 1920 წლის 7 მაისის ხელშკრულება, რომლითაც რუსეთმა აღიარა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა. სამაგიეროდ საქართველოს მთავრობამ იკისრა თავის ტერიტორიაზე კომუნისტებისათვის ლეგალური მუშაობის შესაძლებლობის მიცემა. მაგრამ მალე გაირკვა, რომ 7 მაისის ხელშეკრულება რუსეთს ჭირდებოდა მხოლოდ ქართველთა სიფხიზლის მოსადუნებლად და საქართველოში თავისი აგენტურისათვის მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად. მოსკოვი ემზადებოდა სამხედრო ინტერვენციისა და ამიერკავკასიის უკანასკნელი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გასაბჭოებისათვის. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში საქართველოსათვის მეტად ნეგატიური როლი შეასრულეს მაღალ თანამდებობებზე მყოფმა ქართველმა კომუნისტებმა - ი. სტალინმა, ს. ორჯონიკიძემ და სხვ.

1921 წლის 12 თებერვალს სომხეთთან მოსაზღვრე რაიონში კომუნისტებმა მოაწყვეს გლეხთა აჯანყების იმიტაცია, 16 თებერვალს კი "აჯანყებულთა" დახმარების საბაბით საქართველოში რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ. მოწინააღმდეგის მთავარი დაჯგუფება - მეთერთმეტე არმია - უტევდა თბილისს სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან. გარდა ამისა, ცალკეულმა შენაერთებმა და ქვედანაყოფებმა იერიში მოიტანეს აფხაზეთსა და ცენტრალური კავკასიონის გადასასვლელებზე. თბილისის მისადგომებთან ცხარე ბრძოლების შემდეგ 1921წლის 25 თებერვალს საქართველოს დედაქალაქი დაეცა. ქართული ჯარები სხვა მიმართულებებზეც უკან იხევდნენ. სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ ვერ მოახერხა ჭეშმარიტი საერთო-სახალხო წინააღმდეგობის ორგანიზება. მდგომარეობა გართულდა თურქეთის საზღვარზეც. 21 თებერვალს ანკარის მთავრობამ საქართველოს ულტიმატური ფორმით მოსთხოვა ქალაქების - ართვინისა და არტაანის დაცლა. ეს მოთხოვნა შესრულებული იქნა, მაგრამ თურქები არ შეჩერებულან და მალე ბათუმსა და ახალციხეს მოადგნენ. 18 მარტს საქართველოს მთავრობა ბათუმიდან საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა, ხოლო ქალაქში დარჩენილმა ქართულმა სამხედრო ნაწილებმა თურქებს ბრძოლა გაუმართეს და ბათუმი შეინარჩუნეს. თურქების უკანდახევის შემდეგ ბათუმში რუსები შევიდნენ. 19 მარტისათვის საქართველოს ყველა ძირითად ცენტრებში უკვე საჭოთა ხელისუფლება იყო დამყარებული. მანამდე კი 16 მარტს მოსკოვში რუსეთსა და თურქებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ართვინი, არტაანი და ზოგი სხვა ტერიტორია თურქეთის რესპუბლიკას გადაეცა.

ამრიგად, საბჭოთა რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია 1920 წ. 7 მაისის ხელშეკრულება და განახორციელა საქართველოს ფაქტობრივი ანექსია. ქვეყანაში კომუნისტური დიქტატურა დამყარდა.


ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე

XIX ს-ის 30 - 50 -იანი წლებიდან საქართველოში ძირითადად სტაბილური სიტუაცია მყარდება. ვითარდება სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, მრეწველობა. მნიშვნელოვნად იზრდება მოსახლეობის რიცხვი, როგორც ბუნებრივი მატების ხარჯზე, ასევე მეფის მთავრობის კოლონიზაციური პოლიტიკის გამო, რომელიც თავისი სოციალური დასაყრდენის განმტკიცების მიზნით ფართოდ აწარმოებდა საქართველოში რუსი და უცხოელი კოლონისტების გადმოსახლებას.

ამ პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს ფეოდალური ნატურალური მეურნეობის რღვევა და ფულად-სასაქონლო ურთიერთობების ზრდა. საქართველოს სამრეწველო საწარმოთა მეპატრონენი ძირითადად რუსი და უცხოელი კაპიტალისტები იყვნენ. მაგრამ კაპიტალიზმის განვითარებას საქართველოში ბატონყმობის არსებობა აფერხებდა. XIX ს-ის 30 - 40 -იან წლებში ამ მანკიერი გადმონაშთის ერთგვარი გაძლიერებაც კი ხდება, ვინაიდან რუსეთის ხელისუფლება ქართველი მემამულეების გადაბირების მიზნით ყველანაირად ხელს უწყობდა გლეხებზე მათი ბატონობის განმტკიცებას. ამასთან ქართული თავადაზნაურობა უფლებებით გათანასწორებული იქნა რუსულთან. გარკვეუწილად შეიცვალა მმართველობის ფორმაც ამიერკავკასიაში. 1840 წლიდან აქ შემოღებული იყო ისეთივე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, როგორიც არსებობდა რუსეთის შიდა პროვინციებში. დაუშვეს შეზღუდული კულტურული ავტონომია (გაჩნდა ქართული ჟურნალ-გაზეთები, აღორძინდა ქართული თეატრი და სხვ.). ასეთი პოლიტიკით ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ 40-იანი წლებიდან ქართული თავად-აზნაურობა მთლიანობაში გაუერთგულდა რუსეთის მეფეს. ქართველი არისტოკრატები კარიერას იკეთებდნენ უპირველეს ყოვლისა სამხედრო სამსახურში. ისინი მსახურობდნენ როგორც რუსეთის რეგულარულ არმიაში, ასევე, ბუნებრივია, ქართულ მილიციაში, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის კავკასიურ ომებში მთელი XIX ს-ის განმავლობაში.

50 - იანი წლების მეორე ნახევარში რუსეთში ძლიერდება ფეოდალურ-ბატონყმური წყობილების კრიზისი. ეს მოვლენა მალე საქართველოზეც ვრცელდება. ადგილი აქვს გლეხთა გამოსვლებს მემამულეთა წინააღმდეგ (განსაკუთრებით დიდი აჯანყება მოხდა სამეგრელოში 1857 წ.). ამან მთავრობა აიძულა საქართველოშიც დაეწყო რუსეთის მსგავსად საგლეხო და სხვა რეფორმების გატარება. 1864 - 1871 წლებში საქართველოში ბატონყმობა გაუქმებული იქნა.

XIX ს-ის 60 - 70 - იანი წლები გარდატეხის ხანაა საქართველოს ისტორიაში. რეფორმების შედეგად აქ იწყება კაპიტალიზმის სწრაფი განვითარება. შენდება ფაბრიკები და ქარხნები, ფართოდ იშლება სასარგებლო წიაღისეულის (ქვანახშირი და მარგანეცი) მოპოვება, ვითარდებიან ქალაქები - თბილისი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და სხვ. იწყება რკინიგზების მშენებლობა. მიუხედავად ამისა, საქართველო ძირითადად ისევ აგრარულ ქვეყანად რჩებოდა, თუმცა კაპიტალისტური ურთიერთობების განვითარება სოფლადაც ჩქარი ტემპით მიმდინარეობდა.

რუსეთთან შეერთებამ საქართველო XIX ს-ის ევროპულ კულტურასთან აზიარა, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ქართული კულტურის შემდგომ განვითარებაზე. 60 - 70-იან წლებში ლიტერატურულ-საზოგადოებრივ სარბიელზე გამოდის ახალი პროგრესულ-დემოკრატიული მიმდინარეობის თაობა, რომელსაც განათლება ჰქონდა მიღებული რუსეთის უნივერსიტეტებში და კრიტიკულად იყო განწყობილი საქართველოში არსებული კოლონიური რეჟიმისა და ფეოდალური გადმონაშთებისადმი. ამ თაობის ლიდერი იყო მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ილია ჭავჭავაძე (1837 - 1907). მისი თაოსნობით გაშლილი მოძრაობა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი, მშვიდობიანი ფორმა იყო, რომელმაც შეცვალა XIX ს-ის პირველი ნახევრის ლოკალური შეიარაღებული აჯანყებები.

1881 წ. რევოლუციონერების მიერ რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II -ის მოკვლის შემდეგ ქვეყანაში გამეფდა პოლიტიკური რეაქცია. ხელისუფლება დაადგა იმპერიაში მცხოვრებ ხალხთა, და მათ შორის ქართველი ხალხის, გაძლიერებული ეროვნული ჩაგვრისა და რუსიფიკაციის გზას. უკიდურესად შეიზღუდა ქართული წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოცემა. სკოლებში აიკრძალა არა მარტო ქართულ ენაზე სწავლება, არამედ ქართულად ლაპარაკიც კი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ოფიციალური დოკუმენტებიდან ამოიღეს სიტყვა "საქართველო". მის ნაცვლად იხმარებოდა "თბილისის გუბერნია" და "ქუთაისის გუბერნია". ამ პოლიტიკას ამართლებდნენ მცდარი თეორიით თითქოს მცირე ერების დრო უკვე წავიდა და ისინი ისტორიულად განწირულნი იყვნენ დიდ ხალხებთან ასიმილაციისათვის.

ასეთ პირობებში ი.ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა გაბედულად გაილაშქრეს ეროვნულ-კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ. ისინი იბრძოდნენ ქართველი ერის კონსოლიდაციისა და მისი ეროვნული თვითშეგნების გაღრმავებისათვის. ხელისუფლებამ ვერ შეძლო განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობა. პირიქით, ეს მოძრაობა უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა, თუმცა მას პოლიტიკური აჯანყების ფორმა არ მიუღია.

90 -იან წლებში საქართველოში იწყება მარქსიზმის პროპაგანდა, რუსეთის 1905 - 1907 წლების რევოლუციის დროს საქართველო რევოლუციური ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება. აქ ადგილი აქვს როგორც გლეხთა გამოსვლებს, ასევე ქალაქის მუშათა მოძრაობას. თბილისში მოხდა ბარიკადული ბრძოლები, შეიარაღებულ გამოსვლებს ადგილი ჰქონდა დასავლეთ საქართველოს სოფლებშიც. მთავრობის მიერ გამოგზავნილმა დამსჯელმა რაზმებმა რევოლუციის ჩახშობის პროცესში არაერთი სოფელი გადაწვეს.

ქართველ რევოლუციონერთა დიდი ნაწილი 1905 - 1907 წლებში სოციალური ლოზუნგებით გამოდიოდა, მაგრამ ისინი იბრძოდნენ ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგაც. გარდა ამისა, რევოლუციონერ-დემოკრატებში იყო მეორე მიმდინარეობაც, რომელიც პრიორიტეტულ ამოცანად საქართველოს განთავისუფლებას ხედავდა. მათგან ზოგი მოითხოვდა რუსეთისაგან საქართველოს სრულ გამოყოფას, უმრავლესობა კი რევოლუციის გამარჯვების შემდეგ დემოკრატიულ რუსეთთან ავტონომიურ-ფედერალური კავშირის მომხრე იყო.

ამრიგად, XX ს-ის დასაწყისის რევოლუციური მოძრაობა საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემდგომი ეტაპია.

ეროვნული მოტივი უფრო ძლიერად გამოიკვეთა საქართველოში ახალი რევოლუციური აღმავლობის პერიოდში, რომელიც ისევე როგორც რუსეთში 1912 წლიდან დაიწყო. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ ეს პროცესი დროებით შეანელა. გახანგრძლივებულმა ომმა საქართველოში ისევე როგორც მთელ რუსეთში, მეურნეობის ნგრევა გამოიწვია. უკვე ომის პირველ წელს საქართველოს მრეწველობის რიგმა დარგებმა წარმოება 40 - 50 პროცენტით შეამცირეს. შემდეგ წლებში მდგომარეობა უფრო დამძიმდა. მუშახელის მნიშვნელოვანი ნაწილი (200 ათასი კაცი) მოქმედ არმიაში იყო მობილიზებული. ცენტრალური ბლოკის მხარეზე ომში თურქეთის ჩაბმით საქართველო ფრონტისპირა ქვეყნად იქცა. ომის შედეგად გამოწვეულმა კრიზისმა რუსეთში კვლავ გამოიწვია რევოლუციური განწყობილებების ზრდა, რაც დაგვირგვინდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციით, რომელმაც წერტილი დაუსვა ქვეყანაში მონარქიის არსებობას.


ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე