მიტომ გაგვზარდა დედამა,
მისთვის გვეტყოდა ნანასა -
ტანზე აბჯარი ავისხათ,
მუდამ ვლესავდეთ დანასა,
რომ შიშს ვუგდებდეთ გულშია
მეზობელს მეტიჩარასა.
არ ვაქელინოთ სამშობლო
მეტოქეს ათასგვარასა.
გამოვეთხოვეთ ნათესავთ,
ცოლ-შვილს და თავის ყანასა;
სიკვდილს სიცოცხლე აღვუთქვით
და პირი - სისხლით ბანასა.
ცოცხალის თავით ვერ მივცემთ
მტერს თავის მიწის ღალასა.
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?!

სამშობლოსათვის სიცოცხლეს
ისე ვწვავთ, როგორც ჩალასა,
ვწყდებით გულდამშვიდებულნი
და თანაც ვმღერით ამასა:
“მშობელი მოკვდეს, რა უშავ,
შვილები რჩება მამასა,
კიდევ ექნება ფრთეები
ამ წუთისოფლის ჯარასა.
კარგის მამის შვილს, წესია,
მტერიც უფრთხება კვალადა:
ხვალ და ზეგ ვერვინ გაბედავს
შინ შემოგვეჭრას ძალადა.
ყველას ისა სძლევს, სიცოცხლეს
ვინაც არ აგდებს ჩალადა.
ცოცხლები არვის დავუთმობთ
მშობელი მიწის ღალასა.
სიკვდილს აღვუთქვით სიცოცხლე
და პირი - სისხლით ბანასა.
აბა თუ გაჰზრდის მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა!

სამშობლოს არვის წავართმევთ,
ჩვენს ნურვინ შაგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება.
არ მივცემთ სხვასა სამშობლოს
ჩვენის ცოცხალის თავითა;
უკან ვერ დაგვახეინებთ
მისთვის ნაძღვნევის შხამითა.
მტრისაკენ მივიზიდებით,
რომ გავწყდეთ, როგორც ლომები.
ჩვენს ზურგს ვერ ჰნახავს მეტოქე.
რომ გვნახო, მოგეწონები!
შვილებს საზღაპროდ ექნება
ჩვენი ბრძოლა და ომები!
არ მივცემთ მტერსა სამშობლოს,
გულში დავიცემთ დანასა,
არ მივცემთ უცხო ტომისას
თავის მამულის ღალასა.
ესე ასწავლონ დედებმა,
შვილთ როს ეტყვიან ნანასა!
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?”

დაგძინებია, ქალაო,
ლამაზო, ხუჭუჭ - თმიანო,
ნეტავი გამაგებინა,
რა გესიზმრება, ღვთიანო?!
მოფრენა უდაბურს ტყეში
ღამით რისაგან გრგენია?
ვაჰმე, რო საით შემოგხვდეს
ვეფხვი, დათვი, ან მგელია!
ფეხთ ქალამნები აცვია,
ტანთ კაბა გაცვეთილიო;
თავი უდვია მკლავზედა,
უჩანს თითები თლილიო...
თუმც დაღლილს დასძინებია,
მითც სუნთქვა მესმის ბთხილიო.
ზურგზედა გუდა ჰკიდია,
თავით კობალი უძევსო.
ამ ტყის ანგელოზს გოგონას
ტკბილს ძილს არა - რა ურღვევსო.
საბთხილო კია ზეცაო,
შენ გევედრები ბეჩავი,
იმ დღიდან ამ დღემდისინა
მუდამ ვყოფილვარ ბედშავი:
მა გოგოს კალთა აფარო,
არიდო ყველა მას ავი.
თუ მის თვალები გაჰქრება
და სხივს არ მომაყრიანო,
გულის წყლულს არ მომირჩენენ,
ნისლებს არ გადმიყრიანო,
რაც ქვეყანაზე მიწაა,
სულამც მე მომაყრიანო.
თქვენც გეხვეწებით, ხეებო,
და შენც, მდინარევ ხმიანო,
ე გოგო - ჩემი სიცოცხლე -
არაფრით დამიზიანო!

მზეო, მისდიხარ-მოსდიხარ,
ცით მიწის მანათობელი,
რით არ მოგწყინდა სინათლე,
სიბნელის დამამხობელი?
ერთხელ მკვდართადაც ამოდი,
ცივთა სამარეთ ცაზედა;
მადლია, ადამის ძეთა
ნათლად დაადგე თავზედა.
მკვდარს მინდა შენი სინათლე,
ცოცხალს სიცოცხლე მკმარია,
ტრფობით ავსილის გულისთვის
ცა ღრუბლიანიც დარია.
თავისი მზე მყავს ცოცხალსა,
თუ არ გჯობს, არა მდარია...
მაშინ მინათე, ტიალო,
როცა ვიქნები მკვდარია;
გულს გრძნობა აღარ შაეძლოს,
თან ტკბილი, თანაც მწარია,
უაზროდ, უსიყვარულოდ
ჰლპებოდეს, როგორც ჩვარია.
მაშინ გამათბე, ტიალო,
მადინე ცრემლის ღვარია
და მაგრძნობინე თუნდ ერთ წამს,
სიყვარულისა ძალია.
თუ მზე ხარ, მაშინ მიმზევე,

მიშველე, შემიბრალია!