XIX ს-ის 30 - 50 -იანი წლებიდან საქართველოში ძირითადად სტაბილური სიტუაცია მყარდება. ვითარდება სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, მრეწველობა. მნიშვნელოვნად იზრდება მოსახლეობის რიცხვი, როგორც ბუნებრივი მატების ხარჯზე, ასევე მეფის მთავრობის კოლონიზაციური პოლიტიკის გამო, რომელიც თავისი სოციალური დასაყრდენის განმტკიცების მიზნით ფართოდ აწარმოებდა საქართველოში რუსი და უცხოელი კოლონისტების გადმოსახლებას.

ამ პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს ფეოდალური ნატურალური მეურნეობის რღვევა და ფულად-სასაქონლო ურთიერთობების ზრდა. საქართველოს სამრეწველო საწარმოთა მეპატრონენი ძირითადად რუსი და უცხოელი კაპიტალისტები იყვნენ. მაგრამ კაპიტალიზმის განვითარებას საქართველოში ბატონყმობის არსებობა აფერხებდა. XIX ს-ის 30 - 40 -იან წლებში ამ მანკიერი გადმონაშთის ერთგვარი გაძლიერებაც კი ხდება, ვინაიდან რუსეთის ხელისუფლება ქართველი მემამულეების გადაბირების მიზნით ყველანაირად ხელს უწყობდა გლეხებზე მათი ბატონობის განმტკიცებას. ამასთან ქართული თავადაზნაურობა უფლებებით გათანასწორებული იქნა რუსულთან. გარკვეუწილად შეიცვალა მმართველობის ფორმაც ამიერკავკასიაში. 1840 წლიდან აქ შემოღებული იყო ისეთივე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, როგორიც არსებობდა რუსეთის შიდა პროვინციებში. დაუშვეს შეზღუდული კულტურული ავტონომია (გაჩნდა ქართული ჟურნალ-გაზეთები, აღორძინდა ქართული თეატრი და სხვ.). ასეთი პოლიტიკით ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ 40-იანი წლებიდან ქართული თავად-აზნაურობა მთლიანობაში გაუერთგულდა რუსეთის მეფეს. ქართველი არისტოკრატები კარიერას იკეთებდნენ უპირველეს ყოვლისა სამხედრო სამსახურში. ისინი მსახურობდნენ როგორც რუსეთის რეგულარულ არმიაში, ასევე, ბუნებრივია, ქართულ მილიციაში, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის კავკასიურ ომებში მთელი XIX ს-ის განმავლობაში.

50 - იანი წლების მეორე ნახევარში რუსეთში ძლიერდება ფეოდალურ-ბატონყმური წყობილების კრიზისი. ეს მოვლენა მალე საქართველოზეც ვრცელდება. ადგილი აქვს გლეხთა გამოსვლებს მემამულეთა წინააღმდეგ (განსაკუთრებით დიდი აჯანყება მოხდა სამეგრელოში 1857 წ.). ამან მთავრობა აიძულა საქართველოშიც დაეწყო რუსეთის მსგავსად საგლეხო და სხვა რეფორმების გატარება. 1864 - 1871 წლებში საქართველოში ბატონყმობა გაუქმებული იქნა.

XIX ს-ის 60 - 70 - იანი წლები გარდატეხის ხანაა საქართველოს ისტორიაში. რეფორმების შედეგად აქ იწყება კაპიტალიზმის სწრაფი განვითარება. შენდება ფაბრიკები და ქარხნები, ფართოდ იშლება სასარგებლო წიაღისეულის (ქვანახშირი და მარგანეცი) მოპოვება, ვითარდებიან ქალაქები - თბილისი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და სხვ. იწყება რკინიგზების მშენებლობა. მიუხედავად ამისა, საქართველო ძირითადად ისევ აგრარულ ქვეყანად რჩებოდა, თუმცა კაპიტალისტური ურთიერთობების განვითარება სოფლადაც ჩქარი ტემპით მიმდინარეობდა.

რუსეთთან შეერთებამ საქართველო XIX ს-ის ევროპულ კულტურასთან აზიარა, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ქართული კულტურის შემდგომ განვითარებაზე. 60 - 70-იან წლებში ლიტერატურულ-საზოგადოებრივ სარბიელზე გამოდის ახალი პროგრესულ-დემოკრატიული მიმდინარეობის თაობა, რომელსაც განათლება ჰქონდა მიღებული რუსეთის უნივერსიტეტებში და კრიტიკულად იყო განწყობილი საქართველოში არსებული კოლონიური რეჟიმისა და ფეოდალური გადმონაშთებისადმი. ამ თაობის ლიდერი იყო მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ილია ჭავჭავაძე (1837 - 1907). მისი თაოსნობით გაშლილი მოძრაობა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი, მშვიდობიანი ფორმა იყო, რომელმაც შეცვალა XIX ს-ის პირველი ნახევრის ლოკალური შეიარაღებული აჯანყებები.

1881 წ. რევოლუციონერების მიერ რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II -ის მოკვლის შემდეგ ქვეყანაში გამეფდა პოლიტიკური რეაქცია. ხელისუფლება დაადგა იმპერიაში მცხოვრებ ხალხთა, და მათ შორის ქართველი ხალხის, გაძლიერებული ეროვნული ჩაგვრისა და რუსიფიკაციის გზას. უკიდურესად შეიზღუდა ქართული წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოცემა. სკოლებში აიკრძალა არა მარტო ქართულ ენაზე სწავლება, არამედ ქართულად ლაპარაკიც კი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ოფიციალური დოკუმენტებიდან ამოიღეს სიტყვა "საქართველო". მის ნაცვლად იხმარებოდა "თბილისის გუბერნია" და "ქუთაისის გუბერნია". ამ პოლიტიკას ამართლებდნენ მცდარი თეორიით თითქოს მცირე ერების დრო უკვე წავიდა და ისინი ისტორიულად განწირულნი იყვნენ დიდ ხალხებთან ასიმილაციისათვის.

ასეთ პირობებში ი.ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა გაბედულად გაილაშქრეს ეროვნულ-კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ. ისინი იბრძოდნენ ქართველი ერის კონსოლიდაციისა და მისი ეროვნული თვითშეგნების გაღრმავებისათვის. ხელისუფლებამ ვერ შეძლო განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობა. პირიქით, ეს მოძრაობა უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა, თუმცა მას პოლიტიკური აჯანყების ფორმა არ მიუღია.

90 -იან წლებში საქართველოში იწყება მარქსიზმის პროპაგანდა, რუსეთის 1905 - 1907 წლების რევოლუციის დროს საქართველო რევოლუციური ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება. აქ ადგილი აქვს როგორც გლეხთა გამოსვლებს, ასევე ქალაქის მუშათა მოძრაობას. თბილისში მოხდა ბარიკადული ბრძოლები, შეიარაღებულ გამოსვლებს ადგილი ჰქონდა დასავლეთ საქართველოს სოფლებშიც. მთავრობის მიერ გამოგზავნილმა დამსჯელმა რაზმებმა რევოლუციის ჩახშობის პროცესში არაერთი სოფელი გადაწვეს.

ქართველ რევოლუციონერთა დიდი ნაწილი 1905 - 1907 წლებში სოციალური ლოზუნგებით გამოდიოდა, მაგრამ ისინი იბრძოდნენ ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგაც. გარდა ამისა, რევოლუციონერ-დემოკრატებში იყო მეორე მიმდინარეობაც, რომელიც პრიორიტეტულ ამოცანად საქართველოს განთავისუფლებას ხედავდა. მათგან ზოგი მოითხოვდა რუსეთისაგან საქართველოს სრულ გამოყოფას, უმრავლესობა კი რევოლუციის გამარჯვების შემდეგ დემოკრატიულ რუსეთთან ავტონომიურ-ფედერალური კავშირის მომხრე იყო.

ამრიგად, XX ს-ის დასაწყისის რევოლუციური მოძრაობა საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემდგომი ეტაპია.

ეროვნული მოტივი უფრო ძლიერად გამოიკვეთა საქართველოში ახალი რევოლუციური აღმავლობის პერიოდში, რომელიც ისევე როგორც რუსეთში 1912 წლიდან დაიწყო. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ ეს პროცესი დროებით შეანელა. გახანგრძლივებულმა ომმა საქართველოში ისევე როგორც მთელ რუსეთში, მეურნეობის ნგრევა გამოიწვია. უკვე ომის პირველ წელს საქართველოს მრეწველობის რიგმა დარგებმა წარმოება 40 - 50 პროცენტით შეამცირეს. შემდეგ წლებში მდგომარეობა უფრო დამძიმდა. მუშახელის მნიშვნელოვანი ნაწილი (200 ათასი კაცი) მოქმედ არმიაში იყო მობილიზებული. ცენტრალური ბლოკის მხარეზე ომში თურქეთის ჩაბმით საქართველო ფრონტისპირა ქვეყნად იქცა. ომის შედეგად გამოწვეულმა კრიზისმა რუსეთში კვლავ გამოიწვია რევოლუციური განწყობილებების ზრდა, რაც დაგვირგვინდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციით, რომელმაც წერტილი დაუსვა ქვეყანაში მონარქიის არსებობას.


ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე

აღმოსავლეთ საქართველოს ანექსიამ რუსეთის მიერ და მმართველობის ახალი ფორმების შემოღებამ ქართული მოსახლეობის ფართო ფენების უკმაყოფილება გამოიწვია. თავად-აზნაურობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილო იყო სამეფოს გაუქმებითა და ძველი ფეოდალური უფლებების შეზღუდვით, ქართველ გლეხობას კი რუსების მიერ დაწესებულ მძიმე გადასახადებთან ერთად, ეროვნული ჩაგვრის უღელიც დააწვა. კოლონიური რეჟიმი სამხედრო-პოლიციურ ხასიათს ატარებდა. ქვეყანაში დამყარდა სრული უკანონობა. რუსი სამხედროები და მოხელეები ყველანაირად ძარცვავდნენ და ავიწროვებდნენ ხალხს, ხოლო მათ კი, ვინც თუნდაც მცირეოდენ პროტესტს გამოხატავდა - სასტიკად სჯიდნენ. ამან აღმოსავლეთ საქართველოში რამოდენიმე ანტირუსული გამოსვლა გამოიწვია, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1804 და 1812 - 1813 წლების შეიარაღებული აჯანყებები. ამ გამოსვლების სათავეში იდგნენ ქართული სამეფო ოჯახის ცალკეული წარმომადგენლები, რომლებსაც მონარქიის აღდგენის იმედი ჰქონდათ. რუსეთის ჯარებმა ძალთა დიდი დაძაბვის ფასად მოახერხეს ამ აჯანყებების ჩახშობა, მაგრამ მიღებულმა გამოცდილებამ აიძულა რუსეთის მთავრობა რამდენადმე შეერბილებინა თავისი პოლიტიკა საქართველოს მიმართ და აღეკვეთა მოხელეთა შეუზღუდავი თვითნებობა. ამასთან, ქართლ-კახეთის სამეფო სახლის წევრები რუსეთში იყვნენ გასახლებულნი.

აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონების შემდეგ მეფის რუსეთი შეუდგა ამიერკავკასიაში თავისი სამფლობელოების გაფართოვებას. ირანთან ორი ომის შედეგად რუსეთის ხელში გადავიდა ჩრდილო აზერბაიჯანი და აღმოსავლეთ სომხეთი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, მისი შეერთება რუსეთმა განახორციელა ორ ეტაპად: ჯერ მან თავისი პროტექტორატის ქვეშ მოაქცია ადგილობრივი პოლიტიკური წარმონაქმნები (1803 წ. -სამეგრელოს სამთავრო, 1804 წ. - იმერეთის სამეფო, 1810 წ. - გურიისა და აფხაზეთის სამთავროები, 1833 წ. - სვანეთის სამთავრო), ხოლო შემდეგ თანდათანობით გააუქმა ისინი მათი ტერიტორიების სრული ანექსიით (იმერეთი - 1810 წ., გურია - 1828 წ., სამეგრელო - 1857 წ., სვანეთი - 1858 წ., აფხაზეთი - 1864 წ.).

იმერეთის სამეფოს გაუქმება რუსეთის ხელისუფლებამ მოახერხა მხოლოდ პირდაპირი სამხედრო აგრესიის შედეგად. იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II (1789 - 1810) იძულებული გახდა ოსმალეთში გაქცეულიყო, სადაც გარდაიცვალა 1815 წ.

ცარიზმის დიდმპყრობელურმა პოლიტიკამ, კერძოდ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამ, იმერეთსა და გურიაში 1819 - 1820 წლებში დიდი აჯანყება გამოიწვია, მაგრამ აჯანყებულები დამარცხდნენ რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში. მათი სოფლები განადგურებული და გადამწვარი იქნა. მიუხედავად ამისა გურიაში 1841 წ. ახალი ანტირუსული აჯანყება მოხდა, რომელიც ასევე სასტიკად იყო ჩახშობილი.

პერმანენტულ შეიარაღებულ გამოსვლებს ჰქონდა ადგილი აფხაზეთშიც (1821, 1824, 1840 -1842, 1866, 1877 წწ.). გარდა ამისა, ჩრდილო-დასავლეთის აფხაზური ტომები საერთოდ არ დამორჩილებიან რუსებს, მუდმივად ებრძოდნენ მათ და ამ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ (1864 წ.) ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდნენ. აფხაზთა მასობრივ გადასახლებებს თურქეთში ადგილი ჰქონდა აგრეთვე 1866 და 1877 წლების აჯანყებათა ჩახშობის შემდეგ.

რუსეთ-თურქეთის ომების შედეგად რუსეთის იმპერიაში შევიდა (და, ამრიგად, საქართველოს დაუბრუნდა) თურქების მიერ წინა საუკუნეებში დაპყრობილი სამცხე-ჯავახეთი, მთავარი ქალაქი ახალციხით (1829 წ.) და აჭარა და ზოგიერთი სხვა ოლქი ქ. ბათუმით (1878 წ.). საქართველოსათვის ამ თავისთავად დადებით ფაქტებს თან სდევდა უარყოფითი მოვლენებიც. კერძოდ, ახლადშემოერთებულ მიწებზე მცხოვრები ათობით ათასი მუსლიმანი ქართველი აიყარა მშობლიური ადგილებიდან და გადასახლდა ოსმალეთის იმპერიის შიდა რაიონებში. მათი წასვლის ძირითადი მიზეზი იყო რუსეთის ადმინისტრაციის ქვეშ ცხოვრების უნდომობა.

ამრიგად, 1801 - 1878 წლებში საქართველო თითქმის მთლიანად გაერთიანდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ამის შემდეგ, ისტორიული ქართული მიწების მხოლოდ უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი ნაწილიღა რჩებოდა რუსეთის ფარგლებს გარეთ.


ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე

XVIII საუკუნე საქართველოსათვის კვლავ გართულებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში დაიწყო. ლიხთიმერეთში პერმანენტული შინაომი მიმდინარეობდა. თურქები აგრძელებენ აქ თავისი გავლენის გაფართოებას. ისევ დიდი მასშტაბით წარმოებდა ტყვეებით ვაჭრობა, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის მონათა ბაზრებზე გაჰყავდათ.

აღმოსავლეთ საქართველო, როგორც სეფიანთა ირანის ვასალური ქვეყანა, ძალაუნებურად მონაწილეობდა ამ სახელმწიფოს ომებში. განსაკუთრებით მძიმე იყო ბრძოლა სეფიანთა წინააღმდეგ აჯანყებულ ავღანელ ტომებთან, რომელსაც შეეწირა მრავალი ქართველი მეომარი და მათ შორის ქართლის ორი მეფე. ქართველებმაც, თავის მხრივ, დიდად დააზარალეს ავღანელები. ერთი იმდროინდელი ავტორის ცნობით, ავღანელ მეომრებს ყველაზე საშიშ მოწინააღმდეგედ ქართველები მიაჩნდათ.

1709 წ., როდესაც ქართლის მეფე გიორგი XI ავღანეთში იბრძოდა, ქართლში მის მოადგილედ დაინიშნა მისივე ძმისწული ვახტანგ VI. ვახტანგი გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და კულტურის მოამაგე, პოეტი და მეცნიერი იყო. მისი მმართველობის დროს ქართლი აღმავლობის გზას დაადგა: განმტკიცდა ცენტრალური ხელისუფლება, მოწესრიგდა გზები, შენდებოდა ხიდები და სარწყავი არხები, გაუმჯობესდა ფულის მოჭრის საქმე, გაიზარდა ვაჭრობა-ხელოსნობა, ხელახლა იქნა ათვისებული ომებისაგან გაუკაცრიელებული ადგილები.

ქართლის საშინაო მდგომარეობის მოწესრიგებას ხელი შეუწყო აგრეთვე ვახტანგის ხელმძღვანელობით შემუშავებულმა კანონთა კოდექსმა, რომელიც შედგენილი იყო XI-XVI სს-ის ქართული სამართლისა და რიგი უცხოური იურიდიული ძეგლების გათვალისწინებით.

ვახტანგის თაოსნობით ინტენსიური სამეცნიერო და ლიტერატურული საქმიანობაც გაიშალა. 1709 წ. თბილისში დაარსდა პირველი ქართული სტამბა, სადაც იბეჭდებოდა საეკლესიო და საერო ხასიათის წიგნები. 1712 წ. აქ პირველად დაიბეჭდა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", საფუძვლიანი კრიტიკული მეცნიერული გამოკვლევით. რედაქტირება გაუკეთდა და ახალი მასალებით შეივსო აგრეთვე "ქართლის ცხოვრების" კრებული და სხვ.

ვახტანგ VI-ის სამეცნიერო სკოლის ღირსეული წარმომადგენელია მისი ვაჟი, ბატონიშვილი ვახუშტი (1696-1757), რომლის ფუნდამენტალური ნაწარმოები "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" შეიცავს უნიკალურ ცნობებს საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ. თხზულებას ერთვის კარტოგრაფიული მასალა.

სააღმშენებლო და კულტურული მოღვაწეობის პარალელურად ვახტანგს უხდებოდა თავადაზნაურთაგან ახალ-ახალი სამხედრო რაზმების ჩამოყალიბება და მათი ირანში გაგზავნა, ავღანელთა წინააღმდეგ მომქმედი ქართული ჯარების შესავსებად.

1716 წ. ირანის შაჰმა ვახტანგ VI ქართლის მეფედ დაამტკიცა. ამ დროისათვის სეფიანთა სახელმწიფო დაცემის პირას იყო მისული. მის სამფლობელოებს ამიერკავკასიაში თურქეთი და რუსეთი ემუქრებოდა. ვახტანგს იმედი ჰქონდა, რომ ერთმორწმუნე რუსეთი საქართველოს დაეხმარებოდა დამოუკიდებლობის აღდგენაში. მან ფარული ხელშეკრულება დადო რუსეთის იმპერატორ პეტრე I -თან, რომელიც ითვალისწინებდა საერთო ძალებით ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებას. მართლაც, 1722 წ. რუსეთის არმია კასპიის ზღვის სანაპიროთი სამხრეთისაკენ დაიძრა. ვახტანგი, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, 30 ათასი მეომრით შაჰის სამფლობელოებში შეიჭრა, რათა რუსებს შეერთებოდა, მაგრამ მოკავშირეთა ძალების გაერთიანება არ მოხდა. პეტრე I -მა მოულოდნელად შეცვალა თავისი გეგმები და უკან გაბრუნდა, რითაც ქართლის მეფე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. განრისხებულმა შაჰმა, რომელმაც აშკარად დაინახა ვახტანგის "ღალატი", ბრძანება გამოსცა მისი მეფობიდან გადაყენების შესახებ და ქართლის ტახტი კახეთის მეფე კონსტანტინე II -ს დაუმტკიცა. 1723 წ. კონსტანტინემ დაღესტნელი მთიელების დაქირავებული ჯარით თბილისი აიღო. ბრძოლამ ძალიან დააზიანა ქალაქი. ამავე დროს დასავლეთიდან თურქებმა დაიწყეს შეტევა. ვახტანგ VI -ს საქართველოში აღარ ედგომებოდა და იგი იძულებული გახდა რუსეთში წასულიყო. ოსმალთა ჯარებმა თბილისი დაიკავეს. კონსტანტინე II შეებრძოლა მათ, მაგრამ მოკლული იქნა.

1723-1735 წწ. აღმოსავლეთ საქართველოში თურქები ბატონობდნენ, შემდეგ კი ისინი განდევნეს აღორძინებული ირანის ჯარებმა და ქვეყანაში თავისი მმართველობა დაამყარეს. ქართველები ებრძოდნენ როგორც თურქებს, ასევე ირანელებს, თუმცა განმათავისუფლებელ მოძრაობას ძალიან უშლიდა ხელს განუწყვეტელი ფეოდალური შინაომები, რომლებიც გარეშე მტერთან ბრძოლის პარალელურად მიმდინარეობდნენ. ინტენსიური სამხედრო მოქმედებების გამო ქვეყანა გაპარტახდა.

ოსმალურ-ირანული ოკუპაციისა და საშინაო აშლილობის ფონზე მეტად გაძლიერდა დაღესტნელთა რაზმების თავდასხმები აღმოსავლეთ საქართველოზე, რასაც მოსახლეობისათვის უდიდესი ზიანი მოჰქონდა. ქართველები იარაღით ხელში ებრძოდნენ ოსმალებს, ირანელებს, დაღესტნელებს. ამ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა კონსტანტინე II -ის უმცროსი ძმა თეიმურაზ II. ირანის მბრძანებელი ნადირ-შაჰი იძულებული გახდა აჯანყებული ქართველების წინაშე სერიოზულ დათმობებზე წასულიყო. 1744 წ. მან აღადგინა ქართლის და კახეთის სამეფოები, რომლებიც 1723 წლის შემდეგ, ფაქტობრივად, გაუქმებულნი იყვნენ. ქართლის მეფედ დამტკიცებულ იქნა თეიმურაზ II, ხოლო კახეთის მეფედ ამ უკანასკნელის ვაჟი ერეკლე II.

მამა და შვილი თავდაპირველად აღმოსავლეთ საქართველოს მართავდნენ როგორც ირანის ვასალები, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1747 წ. ნადირ-შაჰი მოკლული იქნა შეთქმულთა მიერ, ხოლო ირანი ანარქიამ მოიცვა, ქართლის და კახეთის სამეფოებმა პოლიტიკური დამოუკიდებლობა დაიბრუნეს.

ნადირ-შაჰის სიკვდილის შემდეგ ამიერკავკასიაში დაიწყო ხანგრძლივი ომები მისი იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულ სახელმწიფოებს შორის. ამ ომებში ქართველები, რომლებსაც სარდლობდა ერეკლე II, მეტწილად გამარჯვებულები გამოდიოდნენ. მათ არამარტო დაიცვეს თავისი დამოუკიდებლობა, არამედ ზოგი მეზობელი სახანოც დაიმორჩილეს. ერეკლემ თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა სარდალმა და მამაცმა მეომარმა. თავისი მამის, თეიმურაზ II-ის გარდაცვალების შემდეგ (1762) იგი გაერთიანებული ქართლ-კახეთის ანუ მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მეფე გახდა.

ქართველთა გამარჯვებებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია დასავლეთ ევროპაში. ფრანგულ და გერმანულ გაზეთებში იბეჭდებოდა წერილები, რომელთა ავტორები დიდად აქებდნენ ერეკლე II-ს და ვარაუდობდნენ, რომ იგი მოახერხებდა ირანის დაპყრობასაც, სადაც სასტიკი შინაომები მიმდინარეობდა.

შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა იმერეთის სამეფოშიც. მისი მეფე სოლომონ I (1752-1784) ენერგიულად იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების და თურქეთის ბატონობისაგან ქვეყნის განთავისუფლებისათვის. მან მკაცრად აკრძალა აგრეთვე ტყვეებით ვაჭრობა. სოლომონ I-ის ასეთი პოლიტიკა, ცხადია, ოსმალეთის ხელისუფლებას არ მოსწონდა. იმერეთში რამოდენიმეჯერ შეიჭრნენ ოსმალთა ჯარები, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

1768-1774 წლებში ერეკლე და სოლომონი რუსეთს ეხმარებოდნენ თურქეთის წინააღმდეგ ომში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ერეკლემ დაამარცხა ახალციხის ვილაიეთის სამხედრო ძალები, ამიერკავკასიაში მოქმედი რუსი გენერლის ღალატის გამო ვეღარ შესძლო წარმატების განვითარება. 1774 წ. თურქეთთან დადებული ზავით რუსეთმა სცნო ოსმალეთის სუვერენიტეტი დასავლეთ საქართველოზე, ოღონდ იმ პირობით თუ სულთანი უარს იტყოდა იმერეთიდან ხარკის აღებაზე.

XVIII ს-ის 50-70-იან წლებში აღმოსავლეთ საქართველოში გარკვეული აღმავლობა შეინიშნება. გლეხთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად გამოიცა მთელი რიგი კანონები, რითიც შედარებით გაუმჯობესდა სოფლის მეურნეობის წარმოების პირობები. აღმოსავლეთ საქართველოში აღდგა სამთამადნო მრეწველობა, გაიხსნა ახალი საწარმოები, სადაც უკვე ფართოდ იყენებდნენ დაქირავებულ შრომას, ჩამოყალიბდა პირველი მანუფაქტურები. ერეკლე II ყველანაირად ცდილობდა საქართველო განვითარების ევროპულ გზაზე დაეყენებინა. მისი მმართველობის ხანაში ქართლ-კახეთის სამეფოში უკვე შეიმჩნევა ფეოდალური ურთიერთობების რღვევა: გლეხთა ნაწილი თავისუფლდება ბატონყმობის უღლისაგან და თავისუფალი მწარმოებელი ხდება, იზრდება მდიდარი თბილისელი ვაჭრების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაბალი წრეებიდან გამოსული ცალკეული პირები სახელმწიფო თანამდებობებზე წინაურდებიან.

კულტურისა და განათლების დარგში აღსანიშნავია ორი სასულიერო სემინარიისა და სხვა სასწავლებლების გახსნა. 1782 წ. თბილისში დაიდგა პირველი ორიგინალური ქართული პიესა. ამ პერიოდის ქართველი პოეტებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსნი არიან დავით გურამიშვილი (1705-1792) და ბესიკ გაბაშვილი (1750-1791).

80-იანი წლების დასაწყისიდან აღმოსავლეთ საქართველოს მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. ამისი ერთ-ერთი მიზეზი იყო დაღესტნელთა განუწყვეტელი თავდასხმები. მოთარეშე მთიელები ძარცვავდნენ მოსახლეობას, იტაცებდნენ ტყვეებს, რომლებიც შემდეგ ოსმალეთისა და ჩრდილო კავკასიის მონათა ბაზრებზე ხვდებოდნენ. დაღესტნელთა თავდასხმებისაგან აღმოსავლეთ საქართველოში მთელი რაიონები დაცარიელდა.

ასეთ პირობებში ერეკლე II-მ გადაწყვიტა ისევ რუსეთთან დაახლოებით განემტკიცებინა თავისი მდგომარეობა. 1783 წ. რუსულ ციხესიმაგრე გეორგიევსკში რუსეთის იმპერიისა და ქართლ-კახეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ტრაქტატს, რომლის ძალითაც აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო რუსეთის მფარველობაში შევიდა. ქართველები აღიარებდნენ რუსეთის იმპერატორის უზენაესობას და უარს ამბობდნენ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე. სამაგიეროდ რუსეთი თავის თავზე იღებდა საქართველოს დაცვას გარეშე მტრებისაგან, რისთვისაც აქ უნდა მდგარიყო ორი რუსული ბატალიონი ორი ზარბაზნით. ამასთან რუსეთის მხარე პირობას დებდა, რომ არ ჩაერეოდა საქართველოს საშინაო საქმეებში. სამეფო ტახტი რჩებოდა ერეკლესა და მისი შთამომავლების ხელში.

გეორგიევსკის ტრაქტატს საქართველოსთვის რაიმე არსებითი სიკეთე არ მოუტანია, ნეგატიური შედეგი კი დიდი იყო. ირანისა და ოსმალეთის მმართველი წრეები, რომლებიც შეშფოთებული იყვნენ რუსეთის ამიერკავკასიაში შემოსვლით, ერეკლე II-ს დაუპირისპირდნენ. გაძლიერდა დაღესტნელთა თავდასხმებიც. დაღესტნის ერთ-ერთმა უძლიერესმა მფლობელმა, ომარ-ხანმა, 1785 წ. 20 - ათასიანი ჯარით წარმატებით ილაშქრა საქართველოში. რუსთა ბატალიონებმა დაღესტნელები ვერ შეაჩერეს, ორი წლის შემდეგ კი რუსეთის მთავრობამ საერთოდ გაიყვანა თავისი ძალები საქართველოდან და ერეკლე II ბედის ანაბარა დატოვა. ამასობაში დასასრულს მიუახლოვდა მრავალწლიანი ბრძოლა ირანის გაერთიანებისათვის. ქვეყნის სათავეში მოვიდა ყაჯართა დინასტიის ფუძემდებელი აღა-მაჰმად-ხანი. 1795 წ. იგი დიდი ლაშქრით შემოიჭრა ამიერკავკასიში, რათა აღედგინა აქ ირანის ხელისუფლება. ერეკლე II-მ ტრაქტატის პირობების შესაბამისად დახმარება სთხოვა რუსეთს, მაგრამ დაპირებების გარდა არაფერი მიუღია. ამასობაში აღა-მაჰმად-ხანი 35 000 მეომრით საქართველოს მოადგა და სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ 1795 წ. 12 სექტემბერს თბილისი აიღო. ირანელებმა სასტიკად ააოხრეს ქალაქი და უკან გაბრუნებისას ტყვედ წაასხეს მისი 10 000 მცხოვრები.

ამ ტრაგედიის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. 1798 წ. გარდაიცვალა ერეკლე II და ტახტზე ავიდა მისი ვაჟი გიორგი XII (1798-1800), სუსტი და პასიური მმართველი.

ამ დროისათვის რუსეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება აღმოსავლეთ საქართველოს ანექსიის შესახებ. 1799 წ. რუსებმა ისევ შემოიყვანეს საქართველოში თავისი ჯარები. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ კი, 1801 წ. გამოიცა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთთან შეერთების შესახებ. მანიფესტში ფარისევლურად იყო ნათქვამი, რომ ეს აქტი მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებზე ზრუნვით იყო ნაკარნახევი. ის ადგილი თბილისში, სადაც საჯაროდ კითხულობდნენ ამ მანიფესტს, ალყაშემორტყმული იყო რუსეთის ჯარითა და არტილერიით. მსმენელთაგან კი, ვინც პროტესტი გამოთქვა სახელმწიფოს გაუქმების გამო, ადგილზევე იქნა დაპატიმრებული.

ასე დაიწყო საქართველოში რუსული მმართველობის ერა.


ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე