1

მოწყალე ხარ მართლის გულით მოქენეთა უხვად, ღმერთო,

გვამოვნებით სამხატედო, ღვთაებითა მხოლოდ ერთო,

ვინ თბე ჩვენი შეიმოსე, სხვას ნივთს არას არ იერთო,

რისხვაზედან სრულ სულგძელო, წყალობაზედ წამი ერთო.

2

ღმერთო, შენა ხარ კაცისა შემწედ დამხსნელი ჭირისა,

უძლურთა ძალის მიმცემი, მომჯაბნებელი გმირისა,

მაღალთა მამდაბლებელი, ამმაღლებელი მწირისა,

ავისა კარგად შემცვლელი, მარგალიტ მყოფი მწვირისა.

3

აწ ეს მომინდა სათქმელად, რამდენი ზნეობა არის

სამღვთო და ანუ სამხედრო, მშვებლის და მოვაგლახარის,

ლაშქრობის, ნადირობისა, რომელმან კაცი ახარის,

საქციელ სამსახურისა ვინც იცის, ცოდნათაც კმარის.

4

თავსაც სამღვთო სჯობს, ბოლოსაც, კაცთა ზნე საქმე რაც არი.

სიტყვა ნაგრეხი არ მითქვამს, მაშა, მკითხველო, რაც არი!

აბა გაზაფხულს აშთარხანს ნახე, თუ სჯობდეს რაცარი,

ეგება კიდევ სხვაც რამ ვთქვა, სულ რუსთა ვნახო რა ცარი.

5

შესაყრელობა, ალერსი თვითოს ზნეს ყველას უდარსა,

მხიარულსა და ჯავრიანს მის-მისსა დანაყუდარსა,

სიტკბოებაცა იურავს, ვის გინდა, მის მემუდარსა,

თავს შეაყვარებს ყოვლს კაცსა, მოწყენილს ნისლსა უდარსა.

6

დია კარგია სხვებიცა ზნეობა-საქციელები,

მშვილდ-ისარი და ბურთობა, ორივე ცხენ ფიცხელები,

რადაბრაგანს და გადრზედა მარჯვეთ იხმაროს ხელები,

წავლა წამოვლა, ცხენს ჯდომა მწვედ ვარგა ნასახელები.

7

სიმღერა და დასდებელი ესეც ასრე დავითვალოთ,

მასპინძლობა და ჩუქება ერთმანერთსა დავავალოთ,

კარგი ხმა და თან უსული შევიყვაროთ, და ვითვალოთ.

ვინც მემთვრალობს მარტო სადგომს, ავად უგდებ, დავავალოთ.

8

გარიგება მარაქისა, მის-მის ალაგს კაცის დასმა,

სუფრის ბარაქიანობა, საამოვნო ჭამა და სმა;

ბევრგვარ უნდა ხილის დაჭრა, ბეჭის გათლა, დანის მოსმა,

უფრო არის, ვერ მოთვალოს სამოცხუთმან, ვერც სამასმა.

9

ზმა და ხუმრობა, სიცილი, სხვის ზმისაც მალ გაცინება,

კარგის აზნაურშვილისა სიტყვისა არ გამგუნება,

დროიან გაჯავრებულმან კარგია, მოიგუნება,

მუნასიბისა ლექსისა უკეთ რა გაიგონება?

10

რაც საკრავია ყველა რამ, თვითო ზნეობად ჩავაგდოთ,

ზაპი, ცეკვა და სამაი, ჯუბანაც რასთვინ დავაგდოთ?

წმიდათ ჭამა და დიდი სმა, ვინ პირით აღარ წავაგდოთ,

კარგია ვინც კი შეირგებს, ვინც არწყევს, კარში გავაგდოთ.

11

ტანსა და ფეხსა გაწყობა კარგი რამ საცოდნი არის,

ქარქაშის კარგა მობორბლა, ჩექმა დეზითურთ კმა არის,

უჩირქოთ წმინდათ ხმარება, კვლავ გასცის და მოიხმარის,

სანდომ მიხედვა, მოხედვა, თვალი მახვილად მოარის.

12

მეჯინიბობა, მხედრობა, ცხენოსნობა სხვადასხვაობს,

მომტევლობაც ფრინვლებისა ცალ-ცალკეა, სულ ნუ მწყერობს;

მან კი იცის ეს ასრეა, ვინ ოსტატათ ბაზიარობს,

ძაღლიც კარგად მოუტიოს, ვინ კურდღლობს და მალე მწევრობს.

13

ცხენისა და ფრინვლის ცნობა, ძაღლისაც ზნე არიაო,

ამადა ვთქვი ესეები, არც ერთზედან არიაო,

ვისა გინდა, ეს არ გინდა, ასე რამ გარდაგრიაო?

თუ არ გიყვარს, მხედარს კაცსა მაშ აღარ შეგადრიაო.

14

აშფაშაქი და ყაბახი, ბურთის სროლა, მესეფქობა,

კარზედ ცხენის გაჭენება, ხელ-ძალიან ჯირითობა,

ახლა ესეც ზნედ დაიდვა მოუცდენი მეთოფობა,

ის უწინცა ვარგებულა ხელ-ფეხი და ქვეითობა.

15

მცურაობაც კარგი არის, მაგრამე სჯობს ნავთ ხმარება,

ვინც არ იცის, დიდროანს წყლებს ვერავინ მიეკარება;

გაღმა კაცს თუ საქმე რამ აქვს, იმას სხვა ზნე არ ედრება,

მაშინ დია ვარგისია წყალწაღებულს ვინ ესწრობა.

16

მოტირლობა, გლოვის წესი, ზარი, ახა ზნედ დაიდო,

უსარგებლო მკვდრის და ცოცხლის ვინ ძმა იძმო, ან და იდო,

ერთმანერთის წაბაძვითა დაწესდა, ხიდად გაიდო,

წლამდინ ვინ ხორცი არ სჭამო, ბძანე წინა გიდგა ი დო?

17

ჭადრაკის მღერა, ნარდისა და სხვა რაც რამა ყუმარი,

ხარდიორდა და ჩალიჩი, სევდისა დასადუმარი,

ხტომა, ქვის გდება, რკინობა, მოგვერდი, ფანდიც რამ არი,

ის კაცსა ბევრჯელ უკუჰყრის, ვინც კარგი ხუმარი არი.

18

ვერ ხედავთ ფრიდონისასა, მოშაითობას ჩემულობს,

საბელზედ გავლა-ხტომასა თამამად, ართუ მოზარობს,

ტარიელსა და ავთანდილს ქაჯეთს მისვლაზედ უამბობს.

ვინ იცის, მის დროს იქმოდეს ცოდნასა, ნურვინ მცონარობს.

19

ჰინდიც არ ვნახეთ ჩვენს წინა, ოთხს აქლემს გარდახტებოდა!

ხელ-დაუკრავად ჰაერში მათზედ გარდაბრუნდებოდა,

იქით ფერხს დადგის, მის მჭვრეტელს თვალი არ მოუსხლტებოდა,

ორს ცხრას იქით-აქ ხელჭერილს შიშვლის ხმლით შიგ გახტებოდა.

20

წმინდას შალზედ გაირბენდა კაცთ ჰაერში დანაჭირსა,

მახვილების ბორბალშიგან შიგ გახტის და არა სჭირსა,

ფერხებს ქედზედ დაიწყობდა ხელით, ვსჭვრეტდით ნარონინსა,

თამაშობდა უცხოებსა, ამათ უფრო გასაჭირსა.

21

თავთან დაისვის ხანჯალი, გულაღმა წამოწვებოდა,

ანაზდათ ახტის პირდაღმავ, იქით თავს გარდევლებოდა,

მუნით გულდაღმავ დაეცის, იმის წვრით თვის წვერს მყოფლობდა,

მნახავთ და გამგონეთაგან მუნ მაშინ საკვირველობდა.

22

ხეს დაიჭერდა კბილითა, თუ ექვსმა კაცმა აიღის!

ძელს დაიდებდა გულზედან, ძლივ ოთხმა ხარმან წაიღის,

ქვეშ დაისვემდა მახვილსა, ქვე ტანი აღარ დაიღის,

ხმელზედ თევზურად ცურევდა, კვლავ უცხო რამ შემოიღის.

23

ინატრეს ბევრმან ვაჟებმან: „ნეტა ვინ ეს მასწავლაო!

მისი სიფიცხე, სიმალე, ისე თამამად წავლაო.”

მაგრამ ის შავი არ დადგა, არავის არ ასწავლაო,

მიზეზი ეს სთქვა: „მწადიან სულ ხელმწიფების დავლაო.”

24

წყლის წურვა და ბადის სროლა, კარგად ესეც ჩაგდებულა,

წეროს გეზით დამჭერლობა ზნეობადვე სწავლებულა,

მეძებრისა ხალისიან სწავლებაც კი დადებულა.

ვინ ჯერდება მარტო ამას, ბევრჯელ კიდეც აგდებულა.

25

კვლევა, დანახვა კურდღლისა, მეხოხბეობა, მწყერობა,

სტვენა, წრუწუნი, ძახილი გავაზის, იხვის მზვერობა,

ბატონს ვაამო, ჩავაგდო ახლა ყავლი და წერობა,

მალე მიშველა ფრინვლისა, მუნ ადრე წამოწვერობა.

26

ისრის თლა, სწორად გამართვა, გაქლიბვა, სეფქის გაწყობა,

მშვილდის ჩაგდება, ყულაჯი, ქარქაშის კარგა ჩაწყობა,

არც შორი-შორ და არც სულა ახლო ერთმანერთს მიწყობა.

რა ზნეა, თორემ ქვეყანა არის, ვარგისობს ბრიყობა.

27

ჩოგნის მოხვრეტა, მობანდვა, სწორის ბურთისა გამოჭრა,

ბურთობის დროსა ასპარეზს პირმხიარულად გამოჭრა,

ცხენის მოხტომა უხელოდ, იმის დროს ფიცხლად გარდმოჭრა,

მოპაიტრობა სახმობის, ამორთმა, ხურდის ამოჭრა.

28

ხრმლის ცემა, ლახტის თამაში, ბევრგვარ ბრუნება შუბისა,

საცერის წყობა, მათრახის ბილდირგა რა შეუბისა,

ისარი სხვილი და გძელი, ხელთ არ დადება უბისა,

ვისცა არა აქვს, უძრახვენ, სხვამან სხვას მიუუბნისა.

29

ჯაჭვის ცნობა, სხვათ საჭურვლის კარგია და ძნელიაო,

გაწყობა და მორთულობა, ვერვინ თქვას ზენკალიაო,

მასცა კარგად მოუხდების ომამდინ ვინც ხდალიაო,

მაშინ შექმნას ცურცლა რამე, თრთოლა და კანკალიაო.

30

თუთხმეტის დღისა მთვარესა შეჭურვა ვინ სულ დაასწროს,

ვირე სრულ ამოვიდოდეს, ცხენზედაც შეჯდეს, მიასწროს,

ხელ-ფიცხმა კაცმან ხელბუკსა ასაღებელი აასწროს,

ფერხით მსუბუქმან ფერხმძიმეს დგენაზედ ადვილ წაასწროს.

31

ენა და წიგნი რამდენი ვინც იცის, ესეც იმდენად

ჩავაგდოთ თვითო ზნეობად, სხვის ქვეყნის ამბავ მოსმენად,

მაშ ერთად როგორ ვიტყოდეთ, იკითხონ სხვადასხვა ენად,

ვინ სხვას ვერ ასმენს, ის ისმენს, იქ დაიწყებენ მიდენად.

32

მწიგნობრობა ჭრელ-სადაგი, ჭრელ ძილისპირთა გარდათქმა,

მსმენელობა, მთარგმნელობა, ღრმის სიტყვის ადვილ გამოთქმა,

ხუცურის და მხედრულისა სხვადასხვაობს თვითოსა თქმა,

კანანახი ხმამაღალი სჯობს, ყინჩვილად ნუ იქათმა.

33

მწერლობა ხუცურს და მხედრულს, იცით, უნდა სხვადასხვა, და

მგრგლოვანს, ყვავისფრჩხილოვანსა, ასომთავრულს სმენ თავადა,

მხატვრობას, მონახაზობას არვინ ჩააგდებს ავადა,

გარეშე წიგნის კითხვაზედ ხმა ავად ნუ იხავადა.

34

ლექსთ მთარგმნელობა, გარდმოვლით ხუმრობის ადვილ შეტყობა,

კარგად ჩამორთმა სიტყვისა, წყენისა არას დატყობა,

თავის-გუნების კაცს გარდა სხვისაც ბევრისა გაწყობა,

ის ვერ მოგყვების, შენ მიჰყევ, მობრიყობს, რევს ამაყობა.

35

მოჩივრობა და სამართლის მართლის ქმნა, კვლავ დიდი ბჭობა,

ანგარიში და რიცხვთცოდნა, ჩაგდება, მეკენჭაობა,

რამლის ყრა, მესტროლაბობა, ზნევეა მეკოჭაობა.

ისიც კი არის, მაგრამე, ცრუდ თქმულა მებეჭაობა.

36

მრჩევლობა, სიტყვის გაკვეთა, თავს ჩემობს ამისი სწავლა,

ელჩობა, მოციქულობა, სიტყვისა სწორად დასწავლა,

სხვადასხვა არის ესენი, მე ასე ვინმემ მასწავლა,

დრო არის გვიანობისა საჩქაროზედან მალ წავლა.

37

მელექსობა, შაირის თქმა, უდარესი ამიცინა,

კარგის მთქმელმან გამაგონა სიტყვა მჭევრი, არ მაგინა,

საალერსოდ ვისდა მიველ, არ მიმიშო, თქვა, მაცინა,

გამოვბრუნდი, კვლავ ვიახელ, უხუმრე, არ გამიცინა.

38

კარგკაცობაა შენახვა ყოვლისა ხოშიადისა,

ცრუს სიტყვას ყურსა ნუ ასმენ, ნურცა ენასა გასდისა.

ჩხუბი და მეენაობა ვინც კაცმან დაიქადისა,

სასაცილოდ და საზრახად მან თავი გაიხადისა.

39

ვინ ბატონის საიდუმლო სიტყვა გარეთ გაიტანოს,

მუსაიფს თუ სხვას, ვის გინდა, მისი რჩევა მიუტანოს,

მას პირს უნდა შეადუჟოს, ზედ თავსლაფი დაატანოს,

ძირში ენა ამოართოს, კლიტე თან ამოატანოს.

40

მუშაობაც კარგი ზნეა, ზედ-მდგომობა და სარქრობა,

ბარვა, წიდნვა, ხვნა და თესვა, მკის და სთვლისა მის-მის დრობა.

კაცს შემატს და გაახარებს მოსავლის ბევრის მოსწრობა.

ვის მუშა ჰყავსთ, თვითან შვრება, ურევია არზაქრობა.

41

კაცის სახელის დასწავლა და ცნობაც უნდა კარგაო,

მგზავრობის წესი და ნისლში ვინცა გზა არ დაჰკარგაო,

რაგინდა რამე წამხდარი კიდევ მალ მოივარგაო.

მზარეულობა, ჭაშნიგის ცნობასა მბობენ ვარგაო.

42

ბატონის დარბაზის კარი რაგინდ რომ მაღალი იყოს,

თავმოხრით უნდა შევიდეს, არც ლაჯში თავი გაიყოს;

უმცროსის კაცის უფროსმან ხელი საჭმელზედ წაიყოს,

მეფისგან მონაკითხავი ამხანაგებსა გაუყოს.

43

ნუ მომიწყინებ, მსმენელო, მოხსენებითა ამდენით,

არ მინდა იყვნეთ ზნეობის ავსაქციელად წახდენით,

წავლა, წამოვლა, ზე დგომა, ჯდომა, ადგომა მოხდენით,

მენუზლეობაც ვარგისობს, თან უკლებ სხვისაც მოდენით.

44

უმცროსმან კაცმან უფროსი არ უნდა დაიწვიოსო,

ადგეს სჯობს, ისრე მჯდომელმან ქვემორე დაიწიოსო,

საჩოქეთ რა შეიყარნენ, უწინ მან წაიწიოსო,

არცა უხამსად დამდაბლდეს, არც ბეწვად აიწიოსო.

45

ორმან ტოლმან ამხანაგმან დაიწვიოს რა მესამე,

ორთავ თავს არ გარდუარო და ჩაუჯე შუა სამე,

ეს შენ კარგად ჩამოგართონ და იმათაც ორთავ ამე,

უდროვოდ და უალაგოდ ნურც იმღერი, ნურც ისამე!

46

ჯდომაში ფერხი გარეთი ზეით არ უნდა დაიდო,

პირში რა გედვას, ნუ უბნობ, სიტყვის აღვირი აიდო;

მეორეს სიტყვა აცალე, თუ არ გთნდეს ლუკმა წაიგდო,

ხელს ნუ დაიბჯენ, ადგე რა, იქ ჯოხი მხარს არ გაიდო.

47

წინ ჯდომით, უკან უკუხრით ზურგს ნუ მიჰყუდებ კედელსა,

ნურც თავს დაჰკიდებ, არ გვანდე თვალნაკლებს ოქრომჭედელსა,

ცალს თეძოზედან არ დასჯდე, რად ეჭვ ძნელს მოსადებელსა.

ცხვირის გამოკრკნა არ წაგცდეს, ნუ ეძებ კბილის საჩრჩნელსა.

48

თუ რამ ბატონმა გიბოძოს, ორის ხელით ჩამოართვი,

აგრევ შენგან მისართმევი ორითავე მას მიართვი,

ამხანაგსა, მარჯვნით მჯდომსა, მარცხენათი გამოართვი,

მარცხენასა მონაცემი კვლავ აქათით წამოართვი.

49

ბატონს ზურგი ანუ გვერდი ვინ გინდა ვინ შეაქცია!

შინაყმასა თუ რამ მიაქვს საქცევი, ნუ დააქცია,

პატრონისა ბძანებაზედ მონანი მალ გაიქცია.

ხამს იცოდეს ყველა რამე, ვინ არის კარგი კაცია.

50

კულით და ყანწით, სხვებითაც, სასმელს ვინ აწრუწუნებსა,

ვინ კბილებითა ბატონთან თხილს ამსხვრევს, ალაწუნებსა,

მცოდინარესა მეფესა უთუოდ გაამგუნებსა.

ავსაქციელი მარტვილი მამას მწვე დააჭმუნებსა.

51

ბატონთან და უფროს კაცთან მჯდომი არას გარდეყუდო,

ზეზე მდგომი ფერხს ნუ იკავ, ნურც ბოძს ხელს ხვევ, თუ არ ცუდო,

ნურც იცინი, ნურას უბნობ, არც ვინ ჯოხს ჩამოეყუდო.

თუ ვინ ასრე არა ზრდილობს, მაშ იქნება სვანი ყუდო.

52

მეფეს თუ რასმე ზრახევდე, ნუ ათამაშებ ხელ-ფერხსა,

ესეც ავია, ვინც მუდამ ულვაშს იკეთებს, იგრეხსა;

ხელ ქვე-მოჭდობით ეუბენ, თაყვანს ეც მერმე ნაფერხსა.

შენ არ მიწვრთნიხარ, ამაყო, ვე ჰგავხარ ჩაუქსა ვეფხსა.

53

ვინ ხელით აზნაურშვილობ, გამეცალე, წადი იქით,

რად გგონია, უგუნურო, ბრძნის ვისგანმე მაგით იქით?

თუ არ დაშლით, მოწვრთნა გიჯობს ჯოხითა და გინდა ბაქით.

მაამებლად ვინცა ხუმრობ, მო, დაბძანდი, ზეით, აქით.

54

ბატონი თუ ჯდეს მოწყენით, უთქმელად დასულებული,

ნურც შენ იცინი, მასთანა დუმენი სულდაღებული.

კადნიერება თუ გქონდეს, რა ნახო სუფრა დებული,

ეცადე ტკბილის სიტყვითა იხილო გაღიმებული.

55

თუ ვინმე ცხენით ან ქვეით თავისთვინ ლაპარაკობდენ,

გნახონ და შენკენ წარმოდგენ, შენც მიდი თუ კამათობდენ.

რა გაგიდრიკონ, დაეხსენ, სძრახევდენ თუ ვის ამკობდენ,

მათ მართებ გაგირიონცა, თუ გულით არ ამაყობდენ.

56

ყმისგან ბატონის სიტყვისა გაგონა, მოხსენებაცა,

ძნელია ცოდნა ამისი, ანაზდათ მოგონებაცა.

დია სჯობს, უპრიანეა ურჩებას დამონებაცა,

დასაშლელს ცალკე უშლიდეს, ათაოს მისი ნებაცა.

57

ბატონ-ყმური ლაპარაკი სხვა არის და სხვისა სხვაა,

ჩამორთმა და მოხსენება, ზოგჯერ სიტყვის შენახვაა,

სწორ უმფროსულ-უმცროსულსა ქართულსაც აქვს დასახვაა;

ვინცა იცის ყველაკაი ბევრის საქმის მონახვაა.

58

ოდეს ბატონი ბძანებდეს სიტყვასა რასმე ქართულსა,

მოკლეს თუ გრძელსა ამბავსა, ერთმანერთზედან წართულსა,

ნუ ლაპარაკობ, დაჩუმდი, ნუ ჰგევხარ კაცსა ქურთულსა!

მწვედ გაეწყობა მეფენი ზნეკეთილს, ასრე მორთულსა.

59

სიწყნარეს და სიჩქარესა ორსავე აქვს მის-მისი დრო,

სიმშვიდეს და სიანჩხლესა, მდივანბეგო, განა სადრო!

ორზედ უნდა მუდამ იყო და იმ ორს კი უფრო ადრო.

სიჩქარე სჯობდეს სიწყნარეს, რუსთველს ეგე ვინ შეჰკადრო?

60

საქციელი და ზრდილობა, იცია, ბევრი სხვაცაა?

ნურავის გინდა ავადა გადუჟვა, ცხვირის ხოცაა,

წინამავალს უკან მიჰყვე, ტალახი არ მოსცხოცაა,

უცხო მდიდარი მის სადგომს მალ-მალე არ ნახოცაა.

61

მეფეს ცხენით სერნობაზედ მარტო იქით ნუ მოუვლი,

საითაც რომ კარგი რამ ჩნდეს, და ნურც წინა გარდაუვლი,

ნურც ცხენის თავს დაუსწორებ, ნურც სულ სწორად წინათ უვლი,

ჯარისაკენც ნუ მოჰყვები, რასა ქვიან მასთან შუღლი!

62

სამსახურიც ბევრგვარია, საცოდნელადაც ძნელია,

ბატონს თავს მწვე შეაყვარებს, ვინც მისი მართლა მქნელია,

დაუზარლად და თამამად, ფიცხი უნდა, არ ნელია,

მალ ისმენდეს ბძანებასა, დღე იყოს თუ სიბნელია.

63

მღვიძარება და სიფრთხილე, სწრაფად აღდგომა ძილითა,

მალე ტანს-ჩაცმა დილაზედ ზორტით ჰქონდეს თუ ღილითა,

ადგილზე მოდარბაზობა აამდეს მისის მისვლითა,

წყნარი, მდაბალი, თამამიც შვენოდეს გაღიმილითა.

64

ზნეობა საქციელები არ ბნელობს, არის ნათელი,

კამკამებს დაუფარავად, ვითა წყვდიადში სანთელი,

ეს უნდა კაცმან იცოდეს, მის-მის დროს რაა საქნელი.

ნურას მიზეზობთ, ისწავლეთ, ეს არის თქვენი მსწავლელი.

65

ვინ ამასა იქმს, მასცა იქს, რაც რომ არ დამიწერია,

ბევრის რამ ზნეობებისა კარგი რამ ანაწერია,

ზოგი რამ იცის წუმამა, მთავრობდა და აწ ერია,

მაშინც ეშმაკი ებძოდა, მორია, დააწვერია.

66

ამად ვთქვი ასრე გვიანად კარგები, ძნელად საცოდნი,

ძვირად მინახავს ამათი სრულად და კარგად ნაცოდნი,

ამათს მოქმედსა მოყმესა სიავის არა საცოდნი,

სხვა რომ ერთპირად შეჰყარო, იქმნება ყველა საცოდნი.

67

მსწავლელი მოსწავლეებსა სასწავლოს არ გაუძნელებს,

მცირედ-მცირედის სწავლებით ძნელს საცოდნს გაუადვილებს,

ცოტა რომ კარგად ისწავლოს, გაუშვებს, მალ ასადილებს;

უწინ პატ-პატა სწავლებით ამ დიდრონს დააქადილებს.

68

რა სჯობს დაუკლის ლოცვასა, ჟამთა ზეპირად ცოდნასა,

საეროს გარდა დაფარვით არ აღვიძებდეს მონასა,

ჩურჩნით ბაგეს ქვეშ, იდუმალ არვისა გასაგონასა,

ამის უკეთესს ვინ რას იქმს, ვის გინდა მოსაწონასა?

69

პურადობა და გაცემა, მამაცობა სხვას ყველას სჯობს,

შეხვეწილზედა ნამუსი, ვინ თავმდაბლა მოაჯეობს,

სახელს ეძებს უზაკველად, ფიცს არა სტეხს, გამმარჯვეობს,

ამის მცოდნეს ესეცა სჭირს, სამღვთოზედანც განამრჯეობს.

70

სარდლობა, ზავთი სარჯლისა, დღე და ღამ დაუზარობა,

უწინ სიფრთხილე, გასინჯვა, სიტყვისა მწვე მიმხვდარობა.

საქმე საქმეზედ რა მიდგეს, კატათ სჩნდეს უზამბარობა,

შემართვა მებრძოლთ თამამად, წინ წადგომისა დასწრობა.

71

რაზმის გაწყობა კარგგვარად, აგრევე ნადირობისა,

სადავე პირ-ჩვილს სხვა უნდა და სხვაა გამზიდრობისა,

მოხშიროს ტყისა ეწრისა და კიდევ მინდორობისა,

ყოველთა უკეთესია, ვახ, ცოდნა ერთპირობისა.

72

ყოვლი ცოდნა ზნეობაა, საბაითიც რადგან ზნეობს,

ისლარბეჩ მთვარეს კოჩები, ვინ ოხიჭურ ვარადაობს,

ხელ-ბუჩხობა, კულის გათლა, ვინ შალაფს ხმარობს, ხარატობს.

ისა კარგი ზნეობაა, ვინც გულით არვის ბოროტობს.

73

სიბრძნეს ვერ სწორავს ვერა რა, არც ისე მოსახმარია.

მისი ნაყოფი ბევრია, ძირი აქვს არ გამხმარია,

სად წახვალთ, თან გამოგყვებათ, საგზლათაც მგონ სახმარია,

სხვა დაგრჩება და ის არა, გვერთ გახლავს, ცათ კამარია.

74

უცოდნი კაცი სადა გინდ უხამსზედ გამამაცდება,

როს მართებს, ვეღარ ივარგებს, საქმესაც ბევრსა დასცდება,

მუდამ ღინცილობს, მრავალჯერ ცუდმუდი სიტყვა წასცდება,

ცოტახანს თუცა რამ იყოს, სიბრიყვით მალე წახდება.

75

სიბრძნე სჯობს, თორემ უთუოდ ზნეობა ყველა კაია,

მოზღაპრეობაც ივარგებს, საძილოდ არაკაია,

მინდოდა სხვებიც რამ მეთქვა, მითხრეს: ეგ კმარა, კაია,

თუ გინდა ცოდნა ვინცა თქვა, დამშლელი მამუკაია.

76

სხვა ზნე ყველა მობრყვილდება სენითა თუ დაშავებით,

მარტო დავრჩი უსაჭურვლო, სულ შიშველა ვის შევებით?

ეს დარჩების სიკვდილამდინ არც სულ დაუნაშავებით,

ვინც იცით და ვინც არ ვიცით, ცოდვას მაშინც არ ვეშვებით.

77

პურადი ხარ, შენ სხვასა სთხოვ, აბა რაღას იპურადებ?

ქვეითი ხარ, ცხენი არ გყავს, რით იგადრებ ან ირადებ?

დაბერდი და თვალს დაგაკლდა, მშვილდისარსა რად არ დასდებ?

სიბრძნე არის სამუდამო, სიკვდილამდინ ვერ გააგდებ.

78

ცხენი არა გყავს, ვერა იქ რაც სხვაა ცხენთა ზნეობა,

ძალი გაქვს, მრკენალს ვერ შოებ, თუცა კარგია მხნეობა.

ეს უმჯობეა, ვინ იცის მღვთის ხვეწნა, მოქენეობა,

სიბრძნით მის ალაგს რაც ჰხამდეს, მის საქმის მომგონეობა.

79

სიბრძნისაც ეგებ ვინმე თქვას: მსმენი არა მყავს, რა ვქმნაო,

მაშინ სჯობს, თუ სულ მარტო ხარ, დაამოს შენი სულთქმნაო,

მას შეგავედროს შესაწყლად, ვინ ზღვა და ხმელი შექმნაო,

ამპარტავანის ვაჟისა იცის რამ კარგად მოქნაო.

80

სამღვთო საქმის უმეცარი ბევრს ავს საქმეს წაადგება,

ეშმაკს ვერას ვერ შეუტყობს, რა საცთომლად შეადგება,

მერმე მისად საპასუხოდ კარს მღვთის რისხვა მიადგება,

შერცხვება და წაცაწყმდება, ვეღაროდეს აუდგება.

81

ეშმაკს მარტო წასაწყმედათ არ უნდივართ, რად არ იცით?

აქაც უნდა შეგვარცხვინოს ავის ქმნით და ცრუის ფიცით,

მისის რჩევის ამყოლემან კარგი ვერა ვერ მოვიცით,

თუ ვტყუოდე, გამამტყუნეთ, ჩემს წინ თავი გარდაიცით.

82

ვერ ხედავთ, მარტო ჩვენს ჟამში, რამდენი ავი რამ იქმნა?

რა ცრუ-ფიცობა, რა ზაკვა, უნამუსობა, რა ლიქნა?

მღვთის შიშის გულით განვარდნა, ვისგან სულ არსი შეიქმნა,

ვეჭვ, აღსასრულიც მოვიდა, ავისაც ბოლო დაიქნა.

83

სიბრძნე ის უფრო მტკიცეა, ვის ოსტატი ჰყავს, ასწავლის,

სამების მცოდინარისა, არ ახუნების არდავლის,

გულს დაუდებს და ისწავლის, ბიჭურად კარზედ არ დავლის,

წარმართებრ წმასნას არ ჯერა მობედეთა და არ დავლის.

84

თუ ოსტატი ვერ იშოოს, ხელთა იგდოს სამღთო წიგნი,

უნდა ბევრჯელ წაიკითხოს, შეუიდეს შიგან შიგნი,

ღირღოვანი, ღრმად მეტყველი ეცადო, რომ სულ შეიგნი,

მაშინ სიბრძნის გზა და კვალი უსათუოდ მალ გაიგნი.

85

მე ნუ გგონიათ სრულ ბრძენთან თავს ვდებდე, ანუ თუ ვიყო,

არვინ მყოლია მსწავლელი, მეთქვას სხვაც, ვიწვრთნა თუ ვიყო,

რაც ვიცი, სამღრთოს წიგნთაგან მაქვს, სხვათ არვისგან გავიყო,

სადამ ცოცხალ ვარ, ვსწავლულობ, ეს მცნება არ დავივიწყო.

86

წმინდათა ბრძენთა წერილი არის ნათლისა ებგური,

სრულ ნათალ თვალთა ნაგები, არ ურევია აგური,

იქით გიზახის, მიგიწოდს: „ჰე, ძმაო, თქვენი სადგური,

სასუფეველი ზეცათა, ნუ გსურთ სრულ სტვირი, ჩოგური”.

87

ეს ზნე სჭირს მათსა წერილსა, ვინ ეცდება და ისწავლის,

მათი ნათქვამი დარჩება და სხვათა ცუდი ის წავლის,

მას ყურს ნუ უგდებთ ლიქნასა, ვინ სხვაცა ზაკვა წაავლის,

სხვის, ამ სოფლისა რიტორთა, მგზავსია მტვრისა, ის წავლის.

88

ყველას რამ ზოგი სრულად იქს და სიბრძნეს ვერავინაო,

ყველათ რითმ კაცი დაშვრება, იმით კი არავინაო;

ვის აქვს სადგურად მთაწმიდა, ეგრეთცა მთავე სინაო,

ვერცა იქ მყოფნი სრულ მისწვთენ, ვერც ბრძენი დეო-ჯინაო.

89

სხვას გარდა ეს ვთქვა, რაზედაც კაცსა გულს განუხურებსა,

ღმერთს დაამონებს, პატრონსა ერთგულად ამსახურებსა,

სიმართლესა სწვრთნის ყოველთა, სიცრუეს ვინ უყურებსა,

შფოთსა დაუშლის, დაათმობს ავპირად ვინ უხუმრებსა.

90

საფუძვლად ღვთის შიშს დაუდებს, ზედ სიყვარულსა აუგებს,

ღმერთსა ცხოველსა დაამონს, სხვას კერპსა არვის არ უგებს,

გზას აპოვნინებს შეცთომილს, სიბნელეს ნათლად გაუგებს,

კარგ საქციელად ამყოფებს, დააშლევინებს აუგებს.

91

უდებსა ლოცვად აღადგენს, მცონარსა გაამოღვაწებს,

ღვთის სათნოების ისარზედ ფრთედ მაგრა სწორად დააწებს,

ვის ჭირი იპყრობს, ტკბილადრე მოსასვენებლად დაარწებს,

ვინ დაუჯერებს, ამას ჰყოფს, თორემ დააყრის მას ბრაწებს.

92

ცოდვილს მოაქცევს მართალს გზას, ცდომილსა მის განდგომილით,

კაცს განსაცდელსა მადლობით მიათვლევინებს დუმილით,

მას დაანახვებს, ვინ არის ვერვისგან ვერ მიწდომილით.

პეშვით არ კმარა სასმელად, ვის გწყურის, მიდით, სუ მილით.

93

ჯაბანს გაამხნობს, ხდალს კაცსა მგონივარ გაამამაცებს,

ანჩხლს დაატკბობს და განსწავლის სულელსა კაცსა და უცებს,

ბრძენს კიდევ სიბრძნეს შესძინებს, ბევრს შეუმატებს ბრიყვს ხუცებს,

მოწყენილს დიაღ უკუჰყრის, სამუდმოდ არ გააბუცებს.

94

ამხანაგის სიყვარული კარგია და მოუმატებს,

დაამშვიდებს, დაამდაბლებს, აღარავის აამაყებს,

სიტყვა მცდარსა დაადუმებს, ვინ ეწყობა სიტყვა როყებს?

იმას დია მოუხდება, ყმაწვილობით ვინ იბრიყვებს.

95

ვინ ძნელ საქმეს დაბმულიყო, უადვილებს გასაჭირსა,

ცოდვის თოკით მაგრა შეკრულს მოცაუშვებს მოსაჭირსა,

სევდა-ნაღველს განუქარვებს, უმსუბუქებს სენს და ჭირსა,

ამას გარდა სხვა მრავალი კიდევ ბევრი კაი სჭირსა.

96

აწ სიბრძნეს უნდა ღვთის შიშის შემსჭვალვა, მაგრა ქონება,

ვინ უამისოდ აჰყვება, ეშმაკისაა მონება,

ქრისტე მოირთე მის მცველად, მას დაამონე გონება,

თორ უამისოდ ცუდია, იქნება მართ მამონება.

97

ნუ გეშინიათ, არ გიშლით, სოფელი ნურვის გინდაო,

ცოლი და შვილი, მამული, ძმა, სახლისკაცი გინ დაო,

აბრამსაც ყონდა და ჰქონდა, ღვთის სიტყვას მოისმენდაო,

თორემ უმისოს საქმესა რასაც იქ დაინანდაო?

98

რასაც შვრებოდეთ სიმართლით, ღვთის სადიდებლად იქმოდით,

სად კაი საქმე ისმოდეს, ცუდი გაუშვით, იქ მოდით,

რა შეიმატოთ, რა ირგოთ, სულ ხმით ყვირილით იქმოდით?

თვარა ყოველმან სიცრუვე იზღვიოთ, მწარის იქ მოდით.

99

არ ვიცით მოაქვს წამს რა და ან თვალის დახამხამებას,

დილა, სადილობ, შუადღე, სამხარს, და ან დაღამებას,

აქა-იქით სამ სიარულს, სასჯელსა, კვლავ დახამებას,

მწუხარებას და გლოვასა, უმჯობეს მას გახარებას.

100

ამად დავშურდი სიბრძნესა, მისი ვარ ესრეთ მკობარი,

არ დამრჩეს თუ რამ ვიცოდე სხვისაგან შეუტყობარი,

სხვათაც მოუწოდ სასწავლოდ, ვარ მათი მაღლად მხმობარი,

ვერავინ მოვრჩეთ სოფელსა ცრუს ლახვარ-დაუსობარი.

101

საქართველოში იტყვიან სამასსამოცდახუთსაო

ზნეობას, სხვას არ აგდებენ ქვეყნისას თუ არ მათსაო,

აქაური რამ ყველანი ვთქვი, ვერვინ დამიხუთსაო,

ეს დაუცს, მაგრამ მე ვგონებ უფრო ბევრს ხუთათასაო.

102

თუ კაცის ფიქრი საერთოთ ერთ რასმე შემოკრბებისა,

ქვეყანა გაიზომება გარ ზღვაში ჭალაკებისა,

ან დავლა ვისმე ძალუძეს მთების და სულ ვაკებისა,

მაშინ შეიძლოს ამას გარდ სულ მოთვლა ზნეობებისა.

103

ბევრი კაცი იმიზეზებს: არა მყონდა მომვლელიო,

ზნეობა რამ დამესწავლა ხარისხ-ხარისხ ამვლელიო,

ახლა რაღა პასუხი გაქვსთ, აი თქვენი მსწავლელიო!

ვინ არ იწვრთნა, მალმც მოჰკვდები, ნუხარ ხანის წამვლელიო.