ბიბლიის აუდიო ვერსია
     
ახალი აღთქმა    
    უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი
    ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან
    თანამედროვე ქართულ ენაზე ზურაბ კიკნაძის თარგმანი
    საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ბიბლიის თარგმნის ჯგუფის თარგმანი
    ადიშის ოთხთავის (897 წ.) მიხედვით
     
ძველი აღთქმა    
    მცხეთური ხელნაწერის მიხედვით
    თანამედროვე ქართულ ენაზე
    ფსალმუნნი
    წიგნი შექმნისა. ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე. (ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი)
     
    საღმრთო ისტორია ძველი და ახალი აღთქმისა (ბავშვებისათვის)

 

აუდიო-ვიდეო სერიალი
 
საეკლესიო ბიბლიოთეკის ტომები
მამათა ცხორება
შატბერდის კრებული
ბალავარიანი
კლარჯული მრავალთავი
სინური მრავალთავი
დიდნი კურთხევანი
მცირე სჯულის კანონი
„დიდაქე“ - მოძღვრება თორმეტი მოციქულისა
ფსევდომაკარი
საქართველოს სიწმინდეები
წმინდა პოლიკარპე სმირნელის მარტვილობა
ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა საბაჲსი
წმიდა გრიგოლ ნოსელი (+394) - შესხმაჲ წმიდისა და დიდისა ბასილისი
წამებაჲ წმიდისა პავლე მოციქულისაჲ ჰრომეს შინა
წამებაჲ წმიდისა პეტრე მოციქულისაჲ ჰრომეს შინა უწინარეს რვისა დღისა ვარდობისა
იოანე საბანისძე - წამება წმინდა მოწამე აბოსი
ცხორებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ანტონისი - [აღიწერა] ათანასესგან ეპისკოპოსისა ალექსანდრელისა
წმიდა თეოდორე სტუდიელი - სიტყვა წარმოთქმული სულიერი მამის, პლატონისათვის
წამება იუსტინესი და მისი მეგობრებისა
წმ. მარკიანე იმპერატორის ეპისტოლე მაკარი იერუსალიმელისა და სხვა პალესტინელი მონაზვნებისადმი (453 წ.)
ედიშერ ჭელიძე - ქართველ ათონელთა ღვაწლი
სერგო ვარდოსანიძე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე (1861-1921 წწ.)
სერგო ვარდოსანიძე - უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (1917-1918 წ.წ.)
ელდარ ბუბულაშვილი - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების ისტორიიდან
ედიშერ ჭელიძე - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიიდან
საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი
ქეთევან პავლიაშვილი - რუსეთის საეკლესიო პოლიტიკა და მისი შედეგები აფხაზეთში
სერგო ვარდოსანიძე - XX საუკუნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელნი და მათი ოპონენტები
სერგო ვარდოსანიძე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი (1921-1927 წ.წ.)
ელდარ ბუბულაშვილი - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე (1788-1810)
ელდარ ბუბულაშვილი - წმიდა ნინო - ქართველთა განმანათლებელი და მოციქულთა სწორი
ელდარ ბუბულაშვილი - წმინდა მოციქულთა მოღვაწეობა საქართველოში და მათ სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები
ელდარ ბუბულაშვილი - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და აფხაზეთი
ელდარ ბუბულაშვილი - უცნობი მასალები სასულიერო განათლების შესახებ XX ს-ის 20-იანი წლების საქართველოში
საქართველოს ეკლესიის 1905 წლის რეორგანიზაციის პროექტი
შორენა ჯაფარიძე - ქართველი სამღვდელოება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში (1905-1907 წწ.)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი
ნიკოლოზ დურნოვო - ქართული ეკლესიის ბედი
სერგო ვარდოსანიძე - სრულიად საქართველოს პატრიარქი კირიონ II (1917-1918)
სერგო ვარდოსანიძე - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1921 წლებში
სერგო ვარდოსანიძე - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1921-1932 წლებში
სერგო ვარდოსანიძე - სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 1932-1952 წლებ­ში
სერგო ვარდოსანიძე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე (1932-1952 წლები)
სერგო ვარდოსანიძე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III (1927-1932)
სერგო ვარდოსანიძე - ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)
სერგო ვარდოსანიძე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II (1960-1972 წ.წ.)
სერგო ვარდოსანიძე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II
პირველი ქრისტიანები
ბიბლია საქართველოში
იერუსალიმის ჯვრის მონასტერი
გამოჩენილი მეცნიერები რელიგიის შესახებ
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
უცხო ტერმინთა მცირე ლექსიკონი
ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი
ბიბლიური სახელების მნიშვნელობები
"ზოსიმე პალესტინელი და მარიამ მეგვიპტელი"
 
უცხოური ლიტერატურა
ვილჰელმ ბუში: იესო - ჩვენი ბედისწერა
უილიამ მაკდონალდი: დაფიქრდი საკუთარ მომავალზე



ქრისტიანობა საქართველოში

საქართველოს ქრისტიანული ეკლესია შეიქმნა ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე — დაახლოებით 326 წელს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იერარქიულად საბერძნეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა მცხეთის საეპისკოპოსო შეცვალა ქართლის საკათალიკოსოთი და კათალიკოსი ანტიოქიის პატრიარქისგან დამოუკიდებელი გახადა. ამგვარად, ვახტანგ გორგასალმა ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა.

დაახლოებით IX-X საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ეკლესია — აფხაზეთის საკათალიკოსო გამოვიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის დაქვემდებარებიდან და ქართლის საკათალიკოსოს დაექვემდებარა.

XI საუკუნიდან საქართველოს მართლმდიდებელი ეკლესიის უმაღლესი მესაჭე კათალიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებდა და რიგით მეექვსე იყო მსოფლიო პატრიარქთა შორის. 1054 წლის საეკლესიო განხეთქილების შემდეგ კი მართლმადიდებლურ სამყაროში დარჩენილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის პატრიარქებს შორის.

ივანე ჯავახიშვილის აზრით, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში III საუკუნის დამდეგიდან იწყება, ხოლო ოფიციალურ თარიღად ცნობილი 326 წელი სარწმუნოების ოფიციალურად გამოცხადებას ეხება, რაც ყველა ქვეყანაში უფრო გვიან ხდებოდა. ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში მოციქულ ანდრია პირველწოდებულს და სიმონ კანანელს მიაწერენ.

კათოლიკური ეკლესია საქართველოში მოღვაწეობს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან, ხოლო პირველი პროტესტანტული ეკლესიები დაარსდა მე-19 საუკუნეში.


წმიდა წერილი

წმიდა წერილი ეწოდება წიგნთა კრებულს, რომლებიც დაწერილია წმიდა მამათა მიერ ღმერთის შთაგონებით. ადამიდან მოსემდე წმიდა წერილის წიგნები არ იწერებოდა, არამედ განივრცობოდა წმიდა გარდამოცემის მეშვეობით. უფალი იესო ქრისტეც ზეპირად ასწავლიდა მოციქულებს. ამგვარად, წმიდა წერილი უფრო გვიან შეიქმნა, ვიდრე წმიდა გარდამოცემა.

წმიდა წერილის დადგინება შემდეგნაირად მოხდა: გამოიძიეს, მიიჩნევს თუ არა ყველა ეკლესიის წმიდა გარდამოცემა ამა თუ იმ წიგნს - წმიდა წერილის წიგნად და მხოლოდ ის წიგნები იქნა აღიარებული წმიდა წერილის წიგნებად, რომლებიც ყველა ეკლესიის წმიდა გარდამოცემის თანახმად იქნენ მიჩნეულნი ასეთებად. ხოლო წიგნები, რომლებსაც აღიარებდა მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ეკლესია, და არა ყველა, დადგინდა, არ მიიჩნიონ წმიდა წერილის წიგნებად.

360 წელს ლაოდიკიაში გამართულმა მსოფლიო საკლესიოს კრებამ დაადგინა, აღმოსავლეთის ეკლესიაში რომელი წიგნები მიეკუთვნებინათ წმიდა წერილისთვის, ხოლო დასავლეთის ეკლესიაში - 416 წელს კართაგენში გამართულმა საეკლესიო კრებამ, გარდა ამისა, ორივე კრებამ დაადგინა, რომ ეკლესიაში ღვთისმსახურების ჟამს იკითხებოდეს მხოლოდ წმიდა წერილის წიგნები. მეექვსე მსოფლიო კრების 68-ე დადგენილებამ განაჩინა, რომ გვმართებს წმიდა წერილის წიგნებს მოვეპყრათ კეთილკრძალულებით, ისე, როგორც სიწმიდეს შეჰფერის.

წმიდა წერილის გარდა, ეკლესია ხელმძღვანელობს წმიდა გარდამოცემითაც, რადგან წმიდა წერილი არ შეიცავს სრულად საღმრთო გამოცხადებას და წმიდა გარდამოცემის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა წმიდა წერილის ზოგიერთი ადგილის გაგება. ამას თვით საღმრთო წერილიდან ვიგებთ - წმიდა იოანე მოციქულისაგან სახარებაში ნათქვამია: „არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ჰქმნა იესო, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვგონებ, ვითარმედ სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები“ (ინ. 21,25).

წმიდა გარდამოცემა რომ არა, არავის ეცოდინებოდა რას წარმოადგენს წმიდა წერილი. თვით წმიდა წერილი ბრძანებს, რომ ის არ მოიცავს ყოველივეს, ამდენად ის, ვინც არ სცნობს წმიდა გარდამოცემას, საღმრთო გამოცხადებიდან ბევრი რამ არ უწყის, მისი რელიგიური ცხოვრება ცალმხირივია და არასრულყოფილი.

ქრისტიანებს ბევრი რამ შემორჩათ ზეპირი გარდამოცემიდან, მაგალითად ის, რომ გამოვისახოთ პირჯვარი, ლოცვის ჟამს ვიდგეთ პირით აღმოსავლეთისაკენ, საიდანაც აღმოხდება მზე, როგორ ვეზიაროთ წმიდა საიდუმლოთ, რომელი სიტყვებით მივმართოთ ღმერთს, რათა მან აკურთხოს და გარდასახოს შესაწირავი პური და ღვინო, როგორ იკურთხოს წყალი და სხვა. ამიტომ შეახსენებდა წმიდა მოციქული პავლე ქრისტიანებს თესალონიკში: „ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურება ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყვითა, გინა წიგნითა ჩუენითა“ (2 თეს. 2,15). ის, რასაც პავლე მოციქული ასწავლიდა ქადაგებებში, ეს იყო ზეპირი გარდამოცემა. ხოლო რასაც ასწავლიდა ეპისტოლეებით, ეს არის ეპისტოლარული სწავლება და წმიდა წერილის ნაწილს შეადგენს. ის, რომ ქრისტიანული სარწმუნოება ძირითადად ზეპირი გარდამოცემის საფუძველზე ვრცელდებოდა, სრულიად გასაგებია. პავლე მოციქულის ეპისტოლეში ნათქვამია: „რაჲ-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად“ (2 ტიმ. 2,2). თითქმის ოცი წლის მანძილზე უფალ იესო ქრისტეს ამაღლებიდან, ეკლესიას არ ჰქონდა არც ერთი წიგნი ახალი აღთქმისა და იძულებული იყო ესარგებლა მხოლოდ ზეპირი გარდამოცემით, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი მოქმედებდა, აღასრულებდა ღმრთისმსახურებას, იღვწოდა და განეფინებოდა ყოველგან, ეყრდნობოდა ზეპირ გარდამოცემას, იმარხავდა მას, როგორც ზეციურ საუნჯეს.

წმიდა წერილის წიგნებიდან ნაწილი ქრისტეს შობამდე დაიწერა, ხოლო ნაწილი ქრისტეს შობის შემდგომ. ქრისტეს შობამდე დაწერილ წიგნებს ძველი აღთქმის წიგნებს ვუწოდებთ, ხოლო შობის შემდეგომ დაწერილებს - ახალი აღთქმის წიგნებს.

ძველი აღთქმა განამზადებს ადამიანებს ახალი აღთქმის მისაღებად, ხოლო ახალი აღთქმა არის აღსრულება და დასრულება ძველი აღთქმისა.

ძველი აღთქმა შეიცავს შემდეგ წიგნებს:

1. დაბადება - მასში მოთხრობილია ქვეყნიერებისა და ადამიანის შექმნა, პირველქმნილ ადამიანთა ცხოვრების, ცოდვით დაცემის, მათ შთამომავალთა ცხოვრებისა და შრომის შესახებ, აგრეთვე იოსების ეგვიპტეში აღსრულების შესახებ (შემოკლებით - დაბ).

2. წიგნი გამოსვლათა - მასში აღწერილია ებრაელთა მძიმე ცხოვრება ეგვიპტეში, მოსეს შერკინება ფარაონთან, ებრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან მოსეს წინამძღოლობით, მათი სვლა უდაბნოში, აღთქმის ფიცართა მიღება სინას მთაზე და კარვის შენება (გამ).

3. წიგნი ლევიტელთა - მასში ჩაწერილია ძველი აღთქმის მღვდელმსახურთა და ლევიტელთა ღმრთისმსახურების წესები და საყოფაცხოვრებო და სამოქალაქო კანონები (ლევ).

4. რიცხვთა - მასში აღწერილია ებრაელი ხალხის საყოველთაო აღწერა, რომლის დროსაც, ლევიტელთა გარდა, 603550 მოზრდილი მამაკაცი დაითვალეს; შემდეგ ზედმიწევნით არის ახსნილი ლევიტელთა მოვალეობანი, მოთხრობილია ხალხის დრტვინვა მოსეს წინააღმდეგ და აარონის სიკვდილი (რიცხვ).

5. მეორე სჯულისა - მასში, მოსე სიკვდილის წინ, კიდევ ერთხელ, მოკლედ, უმეორებს ებრაელ ხალხს სჯულს, რომელიც ღმერთმა მოსცა მათ, მადლობას სწირავს და აკურთხევს ხალხს; ბოლოს აღწერილია მოსეს აღსასრული და მისი დაკრძლავა (რჯლ).

6. წიგნი ისუსი, ძისა ნავესი - მასში მოთხრობილია აღთქმის მიწებთან მისვლა და ისრაელის თორმეტ ტომს შორის მისი განყოფის შესახებ (ის. ნავ.)

7. წიგნი მსაჯულთა - მასში აღწერილია ებრაელთა ცხოვრება მსაჯულთა მმართველობის ხანაში (მსაჯ).

8. წიგნი რუთისა - მასში მოთხრობილია ვინმე რუთის ამბავი, რომელიც იყო მეფე დავითის დიდი ბებია.

9-12. ორი წიგნი სამოელისა და ორი წიგნი მეფეთა - რომლებშიც მოთხრობილია ებრაელთა ცხოვრება, როდესაც მათ მართავდნენ მეფენი, და განსაკუთრებით აღწერილია იერუსალიმის დიდებული ტაძრის მშენებლობა (სამ და მეფ).

13-14. ორი წიგნი ნეშტთა - რომლებიც ავსებს მეფეთა წიგნებს (ნეშტ).

15-16. წიგნები ეზრასი და ნეემიასი - მათში მოთხრობილია ებრაელთა დაბრუნების შესახებ ბაბილონის ტყვეობიდან, ახალი ტაძრის მშენებლობისა და იერუსალიმის აღდგენის შესახებ (ეზრ და ნეემ).

17. წიგნი ესთერისა - მასში მოთხრობილია ღმრთის მოყვარე და მხნე ებრაელი დედაკაცის შესახებ, რომელმაც ერი თვისი იხსნა დაღუპვისაგან სპარსეთის მეფის, ართაქსერქსის მეფობის ჟამს (ესთ).

18. წიგნი იობისა - მასში მოთხრობილია მართალ იობის ღმრთივსათნო ცხოვრების შესახებ, რომელმაც უდიდესი მწუხარებისა და ვაების ჟამს დაიმარხა მტკიცე რწმენა ღმრთისადმი, გამოაჩინა უდიდესი მოთმინება და სიბრძნე (იობ).

19. ფსალმუნთა წიგნი - რომელიც შეიცავს 150 სულიერ საგალობელს ანუ ფსალმუნს, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ეკუთვნის წმ. მეფე დავითს (ფს).

20. იგავნი სოლომონისნი - რომელიც შეიცავს მეფე სოლომონის ბრძნულ გამონათქვამებსა და რჩევებს, ამ ქვეყნად მართალი ცხოვრების წარმართვისათვის (იგ).

21. ეკლესიასტე - რომელშიც მეფე სოლომონი ქადაგებს ცხოვრების საზრისის შესახებ და მიგვითითებს, რომ ბედნიერია მხოლოდ ის, ვინც ისწრაფვის არა მატერიალური კეთილდღეობისაკენ, არამედ ღმრთის მცნებათა აღსრულებისაკენ (ეკლ).

22. ქება ქებათა - სოლომონისა, რომელშიც იგი წინასწარმეტყველურად მოგვითხრობს ქრისტეს წმიდა სიყვარულის შესახებ ეკლესიის მიმართ, სიძისა და სასძლოს სიყვარულის მაგალითზე.

23. წიგნი წინასწარმეტყველ ესაიასი - მასში წინასწარმეტყველი მრავალ რასმე წინასწარმეტყველებს მაცხოვრის ცხოვრებიდან. რამდენიმე მოვლენა მისი ცხოვრებიდან ისეთი ზედმიწევნით არის აღწერილი, თითქოს იგი საკუთარი თვალით ჭვრეტდა ყოველივეს. ის ამბობს აგრეთვე, რომ მხსნელი იშვება ქალწულისაგან. ამის გამო წინასწარმეტყველ  ესაიას ძველი აღთქმის მახარებელს უწოდებენ (ეს).

24. წიგნი წინასწარმეტყველ იერემიასი - მასში მოყვანილია მრავალი წინასწარმეტყველება ებრაელი ანუ ისრაელი ერის მომავლისა და მაცხოვრის შესახებ (იერ).

25. წიგნი წინასწარმეტყველ ეზეკიელისა - ასევე შეიცავს მრავალ წინასწარმეტყველებას (ეზეკ).

26. წიგნი წინასწარმეტყველ დანიელისა - რომელშიც აღწერილია მისი ცხოვრება ბაბილონის ტყვეობაში, აგრეთვე გამოთქმულია წინასწარმეტყველება მაცხოვრის შობის შესახებ (დან).

27-38. თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთა წიგნნი: ოსიასი (ოს), იოელისა (იოელ), ამოსისა (ამოს), აბდიასი (აბდ), იონასი (იონ), მიქეასი (მიქ), ნაომისა (ნაომ), ამბაკუმისა (ამბ), სოფონიასი (სოფონ), ანგეასი (ანგ), ზაქარიასი (ზაქ), და მალაქიასი (მალაქ). ამ წიგნებშიც მრავალი წინასწარმეტყველებაა გამოთქმული მესიის - მაცხოვრის შესახებ. მაგალითად: წინასწარმეტყველმა მიქეამ იწინასწარმეტყველა, რომ მაცხოვარი იშვებოდა ბეთლემში (5,2), წინასწარმეტყველმა ზაქარიამ იწინასწარმეტყველა მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში (9,9) და მისი ვნება (13,7), წინასწარმეტყველმა მალაქიამ გამოთქვა, რომ მესიას ეყოლებოდა წინამორბედი - წმიდა იოანე ნათლისმცემელი (3,1).

პირველ ხუთ წიგნს ძველი აღქთქმისა აგრეთვე ეწოდება მოსეს ხუთწიგნეული, სჯულდებითნი და აღთქმის წიგნები.

ზოგიერთ გამოცემაში სამოელის პირველ წიგნს უწოდებენ პირველ წიგნს მეფეთა, სამოელის მეორე წიგნს - მეფეთა მეორე წიგნს. ასეთ შემთხვევაში მეფეთა პირველ წიგნს ეწოდება მესამე წიგნი მეფეთა, ხოლო მეფეთა მეორე წიგნს - მეოთხე წიგნი მეფეთა. წინასწარმეტყველთ - ესაიას, იერემიას, ეზეკიასა და დანიელს ეწოდებათ დიდი წინასწარმეტყველნი.

მართლმადიდებელი ეკლესია ძველი აღთქმის ხსენებულ წიგნებს უწოდებს მემკვიდრეობას, რომელიც მიიღო ძველაღთქმისეული ებრაელთა ეკლესიიდან, რამეთუ ებრაელ ერს ერწმუნა ღმრთის სიტყვა, როგორც ამბობს ამის შესახებ პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში (3,1-2), ხოლო ახალი აღთქმის ეკლესიამ მიიღო ეს წიგნები ებრაელთაგან.

წმიდა წერილი ზოგიერთ გამოცემაში შეიცავს აგრეთვე შემდეგ წიგნებს: ა) წიგნი ტობისი, ბ) წიგნი ესთერისა, გ) სიბრძნე სოლომონისა, დ) წიგნი ისუსი ძისა ზირაქისა, ე) წინასწარმეტყველება ბარუქისა, ვ) სამი წიგნი მაკაბელთა, ზ) მესამე წიგნი ეზრასი. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაშვებულია მათი კითხვა ისევე, როგორც სხვა რელიგიური წიგნებისა, მაგრამ მათ არ მიაკუთვნებს წმიდა წერილის კანონიკურ წიგნებს.

ახალი აღთქმა შეიცავს 27 წიგნს:

ა) სახარებებს:

  1. მათესი (მთ.)
  2. მარკოზისი (მკ.)
  3. ლუკასი (ლკ.)
  4. იოანესი (ინ.)

ბ) 5. წმიდა მოციქულთა საქმეებს (საქ.)

გ) წმიდა მოციქულ პავლეს 14 ეპისტოლეს:

  1. რომაელთა მიმართ (რომ.)
  2. კორინთელთა მიმართ I (1 კორ.)
  3. კორინთელთა მიმართ II (2 კორ.)
  4. გალატელთა მიმართ (გალ.)
  5. ეფესელთა მიმართ (ეფეს.)
  6. ფილიპელთა მიმართ (ფილ.)
  7. კოლასელთა მიმართ (კოლ.)
  8. თესალონიკელთა მიმართ I (1 თეს.)
  9. თესალონიკელთა მიმართ II (2 თეს.)
  10. ტიმოთეს მიმართ I (1 ტიმ.)
  11. ტიმოთეს მიმართ II (2 ტიმ.)
  12. ტიტეს მიმართ (ტიტ.)
  13. ფილიმონის მიმართ (ფილ.)
  14. ებრაელთა მიმართ (ებრ.)

დ) 7 ეპისტოლეს სხვა მოციქულთაგან, კერძოდ:

  1. იაკობ მოციქულისა (იაკ.)
  2. პეტრე მოციქულისა I (1 პეტ.)
  3. პეტრე მოციქულისა II (2 პეტ.)
  4. იოანე მოციქულისა I (1 ინ.)
  5. იოანე მოციქულისა II (2 ინ.)
  6. იოანე მოციქულისა III (3 ინ.)
  7. მოციქულ იუდასი (იუდ.)

ე) 27. აპოკალიფსი ანუ გამოცხადება წმიდა მოციქულისა იოანესი (გამოცხ.)

სახარებაში აღწერილია უფალ იესო ქრისტეს მოსვლა ამ ქვეყნად, მისი ცხოვრება, ქადაგება, ღვაწლი და ვნება, აგრეთვე ყოველივე ის, რაც მან თავს იდვა ჩვენისა ცხონებისათვის. სიტყვა „ევანგელე“ - ბერძნულია და „ხარებას“ ნიშნავს, რამეთუ ქრისტეს მოძღვრება - არის შერიგება ადამიანისა ღმერთთან და საუკუნო ნეტარება - არის უდიდესი ნუგეში. პირველი სამი სახარებ დაწერილია 50-დან 70 წლამდე ქრისტეს შობიდან, ხოლო იოანეს სახარება დაიწერა დაახლოებით 90 წელს.

მოციქულთა საქმეებში მოთხრობილია მოციქულებზე სული წმიდის მოფენის, ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებაში მათი ღვაწლის და მოწამეობის შესახებ, რომლის გემოს ხილვაც მოუხდათ მოციქულებრივი ღვაწლის აღსრულებისას პირველმოწამეთა - სტეფანესა და იაკობს, მოცუქულთა კრებისა და პირველ ქრისტიანთა ცხოვრების შესახებ. მოციქულთა საქმენი დაიწერა დაახლოებით 64 წელს.

ეპისტოლეები - არის წერილები, რომლებსაც წმიდა მოციქულები სხვადასხვა, მათ მიერ დაარსებულ სამწყსოებს სწერდნენ. წერილებში ისინი განმარტავენ ქრისტიანულ სარწმუნოებას და მიუთითებენ ადამიანებს, როგორ მოაწყონ თავიანთი და სამწყსოს ცხოვრება, სარწმუნოებასთან თანხმობით.

აპოკალიფსში აღწერილია ხილვა, რომელიც მიეცა წმიდა მოციქულ იოანეს, ეკლესიის მომავალზე, ანტიქრისტეს საქმიანობა, მისი წარწყმედა და ქვეყნიერების აღსასრული.

წმიდა წერილს აგრეთვე ეწოდება ბიბლია. სიტყვა „ბიბლია“ - ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს წიგნს. თავისი მნიშვნელობით ის განსაკუთრებული წიგნია, იგი შეიცავს ღმრთის გამოცხადებას. ბიბლია თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი. რამდენადაც წმიდა წერილში მოთხრობილია მარადიული სიცოცხლის შესახებ, მას სიცოცხლის წიგნსაც უწოდებენ.

ძველი აღთქმის წიგნები დაიწერა ებრაულად და ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ითარგმნა ბერძნულად. ახალი აღთქმის წიგნებიდან მხოლოდ ორი წიგნი დაიწერა ებრაულად: სახარება მათესი და პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ.

წმიდა წერილი ლათინურად ითარგმნა მხოლოდ II საუკუნეში. სლავურად ითარგმნა 862-885 წწ. წმ. კირილესა და მეთოდეს მიერ. სავარაუდოა, რომ ქართულად სახარება თარგმნეს ქართლის მოქცევისთანავე (337 წ.). იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებაში“ დადასტურებულია სახარების („ევანგელე“) არსებობა. V-VI სს-ის პალიმფსესტები სახარების ფრაგმენტებს შეიცავენ. გიორგი მთაწმინდელის ცნობით, არსებულა ხანმეტური და საბაწმიდური რედაქციები. სახარების უძველესი ქართული დათარიღებული ხელნაწერია ადიშის ოთხთავი (897 წ.). X საუკუნით თარიღდება ურბნისის (906), ოპიზის (913), ჯრუჭის (936), პარხალის (937) ოთხთავები. შემდეგ სახარება თარგმნეს ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებმა, იოანე ჭიმჭიმელმა. გიორგი მთაწმინდელის თარგმანმა კანონიკური უფლება მოიპოვა ქართული ეკლესიის პრაქტიკაში და საყოველთაოდ იყო გავრცელებული.

დასავლეთ ევროპის სხვა ენებზე სახარება XII-XV ასწლეულებში ითარგმნა.

წმიდა წერილის ყველა წიგნი დაყოფილია თავებად, ყოველი თავი - მუხლებად. როდესაც რომელიმე მუხლზე მიუთითებენ, სარგებლობენ შემოკლებებით. მაგ. თუკი ფსალმუნიდან მოხმობილია სიტყვები „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა“, რომელიც მე-19 ფსალმუნის პირველ მუხლშია ჩაწერილი, აღინიშნება ასე: ფს. 19,1; თუკი ჩაწერილია 1 კორ. 11,25 - ეს ნიშნავს: პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თავი 11, მუხლი 25.

წმიდა წერილი ყოველ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს. ადამიანები გარდაიქმნებოდნენ, ყოველ ოჯახში ყოველდღე რომ იკითხებოდეს ბიბლია თუნდაც რამდენიმე წუთის განმავლობაში, თუნდაც კვირა დღეს ან დღესასწაულებზე. ყურადღებითა და კეთილკრძალულებით კითხვა წმიდა წერილისა აკეთილშობილებს ადამიანს, რამეთუ ამ დროს მას თვით ღმერთი ეზრახება.

„მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხები სულიერი
ცხოვრების 1141-2407 კითხვაზე“ (ნაწილი მეორე), თბილისი 2003 წ.
მთარგმნელი: ციცინო მჭედლიშვილი

 

ძველი აღთქმა

ძველი აღთქმა - ქართული „აღთქმის“ შესატყვისებია: ებრ. „ბერით“, ბერძნ. „დიათეკე“, ლათ. „ტესტამენტუმ“, რუს. „ზავეტ“. მათი მნიშვნელობებია - ანდერძი, დაპირება, კავშირი, ხელშეკრულება. „ძველი აღთქმა“ გულისხმობს იმ დაპირებას, იმ კავშირს, იმ ხელშეკრულებას და იმ ანდერძს, რომელიც ქრისტეს შობამდე აღუთქვა ღმერთმა ადამიანს. ფაქტობრივად, ესაა ხელშეკრულება ორ სუბიექტს - ღმერთსა და ადამიანს - შორის.

უზენაესი ღმერთი - ყოვლადწმიდა სამება - ერთიანი ნებით და მადლით ისტორიის კონკრეტულ ჟამსა და ალაგს ეცხადებოდა სათნო და მართალ ადამიანებს, რჩეულ პიროვნებებს და აუწყებდა სიბრძნეს და მეცნიერებას. ეს ადამიანები ცნობილი არიან წინასწარმეტყველებად და მოციქულებად.

წინასწარმეტყველნი ძველი აღთქმის ავტორები არიან, მოციქულნი - ახლისა. აქვე უნდა ითქვას, რომ ძველი აღთქმის ყველა ეპიზოდი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი, არის მინიშნება ახალ აღთქმაზე. ნეტარი ავგუსტინეს თქმით: „ძველ აღთქმაში დაფარულია ახალი აღთქმა და ახალ აღთქმაში გაცხადებულია ძველი“.

ბიბლიის პირველ ხუთ წიგნს - ხუთწიგნეულს-ებრაულად, დედნის ენაზე, ეწოდება თორა (კანონი). მათ ავტორად ანუ ჩამწერად ითვლება ღმერთთანმეტყველი მოსე, რომელმაც მამების რჯული აღადგინა, მონობის ქვეყნიდან გამოიყვანა ერი და აუწყა ზეციური განგება: მცნება და კანონი. მაშასადამე, მოსეს მიეწერება ხუთი წიგნი, სადაც მოთხრობილია ქვეყნის შექმნისა და ადამიანის გაჩენის ამბავი, პირველი ცოდვა და მისი შედეგი, სამოთხიდან გამოსვლა და კაცობრიობის გამრავლება, რჩეული ერის - ისრაელის - თავგადასავალი აღთქმულ ქვეყანაში მისვლამდე.

ძველი აღთქმის დანარჩენ წიგნებში ასახულია ებრაელი ერის თვითდამკვიდრებისა და თვითაღშენების პროცესი; 12 ტომის მონოლითურ სახელმწიფოდ გაერთიანებისა და ამ სახელმწიფოს დაშლის ამბავი; ომები გარეშე თუ შინაურ მტრებთან; კვლავ მონობა, კვლავ გაფანტვა და მაინც - ხსნის იმედი და მოლოდინი. აქ არის სიბრძნე, აქ არის შეგონება, აქ არის პოეზია. მათი ავტორები, წინასწარმეტყველები, აღწერენ ცხოვრების ავსაც და კარგსაც, დაუფარავად და პრინციპულად ამხილებენ დიდსა თუ მცირეს, თავიანთ თავსაც და უცხო ძალასაც. წინასწარმეტყველთაგან, რომლებიც ბიბლიური წიგნების ავტორებად, უფრო ზუსტად, ღვთის კალმებად არიან ცნობილნი, გამორჩეული ადგილი უჭირავთ: ისუ ნავეს ძეს, დავით მეფეს, რომლის წიგნს (საგალობელთა კრებულს) ქართულად „ფსალმუნნი“ ან „დავითნი“ ეწოდება, სოლომონ მეფეს - ბრძენს, რომელსაც მიეწერება სამი კანონიკური წიგნი (იგავნი, ეკლესიასტე, ქება-ქებათა) და ერთი არაკანონიკური (სიბრძნე). მათ მოჰყვებიან წინასწარმეტყველები დიდნი (ესაია, იერემია, ეზეკიელი და დანიელი) და მცირენი რიცხვით 12 (ოსია, იოველი, ამოსი, აბდია, იონა, მიქია, ნაუმი, ამბაკუმ, სოფონია, ანგია, ზაქარია, მალაქია).

თანამედროვე ებრაული ტრადიციის მიხედვით, რომელსაც მასორეტულს უწოდებენ, ძველი აღთქმა დაყოფილია 39 წიგნად. მათ აჯგუფებენ სამ ნაწილად. პირველს ეწოდება კანონი ანუ რჯული (თორა) და შეიცავს მოსეს ხუთწიგნეულს: დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვნი, მეორე რჯული. მეორე ნაწილს კი - წინასწარმეტყველნი და შეიცავს წიგნებს: ისო ნავეს ძე, მსაჯულნი, პირველი და მეორე მეფეთა ანუ სამოელის წიგნები (ითვლება ერთ წიგნად), მესამე და მეოთხე მეფეთა (ითვლება ერთ წიგნად), ესაია, იერემია, ეზეკიელი, თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი (ითვლება ერთ წიგნად). მესამე ნაწილს ეწოდება წერილნი და შეიცავს შემდეგ წიგნებს: იობი, რუთი, ფსალმუნნი, იგავნი, ქებათა-ქება, ეკლესიასტე დანიელი, იერემიას გოდება, ეზრა და ნეემია (ითვლება ერთ წიგნად), პირველი და მეორე ნეშტთა (ითვლება ერთ წიგნად) და ესთერი. თუ რუთისა და მსაჯულთა წიგნებს გავაერთიანებთ ერთ წიგნად და, ასევე, იერემიას გოდებასა და იერემიას წინასწარმეტყველებას ერთ წიგნად ჩავთვლით, მივიღებთ 22 წიგნს. იოსებ ფლაბიოსის მოწმობითაც ძველად ებრაელები სწორედ 22 წიგნს თვლიდნენ მათი ანბანის 22 ასო-ნიშნის შესაბამისად.


ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნები

ბიბლიის ბერძნულ თარგმანში, რომელიც სეპტუაგინტას („სამოცდაათისეული“) სახელითაა ცნობილი, შესულია ძველი აღთქმის სხვა წიგნებიც: ეპისტოლე იერემიასი და ბარუქი, ტობითი, ივდითი, სიბრძნე სოლომონისა, სიბრძნე ზირაქისა, მე-2 და მე-3 ეზრა, მაკაბელთა სამი წიგნი და კიდევ: ზოგიერთი ნაწყვეტი, ჩართული კანონიკურ წიგნებში, როგორიცაა:

    ესთერის წიგნის ის მონაკვეთი, რომელიც არაა დანომრილი მუხლობრივად ბერძნულ და სლავურ ბიბლიაში;
    მანასეს ლოცვა მე-2 ნეშტთას ბოლოში;
    სამი ყრმის სიმღერა დანიელის წიგნში (მე-13 თავი);
    მოთხრობა სუსანაზე (იქვე) და
    ბელსა და გველეშაპზე (იქვე, თ. 14).

ეს წიგნები და ნაწყვეტები ებრაულ ბიბლიაში არ არის. ისინი გამოჩნდნენ ბერძნულ ენაზე და სხვადასხვა დროს შეიტანეს ბიბლიაში. ეკლესია არ აღიარებს მათ კანონიკურ წიგნებად, მაგრამ მიიჩნევს აღმზრდელობითად და სულის მარგებლად.


შექმნის დრო

ძველი აღთქმის წიგნების ერთ კრებულად ჩამოყალიბება ხდებოდა თანდათანობით, ამ წიგნების გამოჩენასთან ერთად.

მითითებას რჯულის შემადგენლობისა და ძველი აღთქმის წიგნების სამ ნაწილად გაყოფის შესახებ ჩვენ ვხვდებით იესო ზირაქის ძესთან (220 წ. ქრისტეს შობამდე). სეპტუაგინტა (270 წ. ქრისტეს შობამდე) იმის დასტურია, რომ ძველი აღთქმის ყველა კანონიკური და არაკანონიკური წიგნი შედიოდა ერთ კრებულში, რადგან ისინი ერთ თარგმანში არიან წარმოდგენილნი.

როდის ჩამოყალიბდა კანონი ანუ რჯული, ე.ი. ძველი აღთქმა მთლიანად? ზუსტად ვერ ვიტყვით. მითითებას „რჯულის“ თანდათანობით შედგენის შესახებ ჩვენ ვხვდებით თვითონ წმინდა წიგნებში: როდესაც მოსემ რჯულის ყველა სიტყვა ჩაწერა წიგნში და შესანახად გადასცა ლევიანებს, ბრძანა, დაედოთ იგი აღთქმის კიდობნის გვერდით (2 რჯული 31:24-26). ისო ნავეს ძემ ღვთის სიტყვები და გამოცხადებები საღვთო რჯულის წიგნში ჩაწერა ანუ შეუერთა მოსეს ხუთწიგნეულს (იესო 24:26). სამუელმა გამოუცხადა ხალხს მეფის უფლებანი, წიგნში ჩაწერა და უფლის წინაშე დადო (1 მეფ. 10:25).

სამუელის მიერ დაარსებულ წინასწარმეტყველთა სკოლებიდან გამოვიდნენ შემდეგდროინდელ მოვლენათა აღმწერნი - წინასწარმეტყველები: ნათანი, გადი და სხვები, რომლებიც ითვლებიან წმიდა მწერლებად და წმიდა წერილის მცველებად.

წმიდა წიგნები ინახებოდა წმიდათა წმიდაში, აღთქმის კიდობნის გვერდით. ისინი ცნობილნი იყვნენ ლევიანთა და მღვდელთათვის; ივსებოდნენ ახალი ჩანაწერებით ძველი აღთქმის მამების მიერ და ინუსხებოდნენ ხოლმე საეკლესიო თუ საერო მიზნებისათვის.

საღვთო წიგნების კრებულად გაერთიანება დასრულდა ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ეზრას, ნეემიას და უკანასკნელ წინასწარმეტყველთა მიერ.


ძველი აღთმის ხელნაწერები

მოსეს რჯული განკუთვნილი იყო „რჩეული ერისათვის“, ებრაელებისათვის და, ბუნებრივია, ძველი აღთქმა დაიწერა მათსავე ენაზე. უძველეს ტექსტს ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია მხოლოდ IX-X სს-ის ხელნაწერები. ესენია: პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის სახ. ბიბლიოთეკის, ბრიტანეთის მუზეუმის და კიდევ რამდენიმე, რომელთა გვერდით დგას ე.წ. ლაილაშის ბიბლია, რომელიც დაცულია თბილისის კ.კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში. უძველესი ხელნაწერების ფრაგმენტები 1948 წელს მკვდარი ზღვის აუზში აღმოჩნდა. ისინი ცნობილია ყუმრანის ხელნაწერების სახელით, რომელთა მეცნიერული შესწავლა დღესაც გრძელდება.


ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანი

ქრისტიანულმა სამყარომ ძველი აღთქმა უმთავრესად ბერძნულენოვანი თარგმანით გაიცნო. ძვ.წ. VI ს-ში ისრაელის სამეფო ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, დაიპყრო და „რჩეული ერის“ დიდი რაოდენობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტა. ნაწილი მცხეთის სანახებს მოადგა და ჩვენს მიწა-წყალზე ჰპოვა თავშესაფარი. ნაწილი - აღმოსავლეთში, ნაწილიც დასავლეთში გაიხიზნა. მათ თანდათან დაივიწყეს დედაენა. ამის გამო რაბინთა წინაშე დადგა საკითხი საღმრთო წერილის მორწმუნეთათვის გასაგებ ენაზე თარგმნისა. ეს იდეა მომწიფდა ალექსანდრიის ებრაულ დიასპორაში, რომლის საურთიერთო და სააზროვნო ენა ბერძნული იყო. გამოიკვეთა ამ ენაზე ძველი აღთქმის თარგმნის აუცილებლობა, რამაც ხორცი პტოლემეოს ფილადელფოსის დროს შეისხა. შემონახულია გადმოცემა: 270 წ-ს ალექსანდრიაში 70 (უფრო ზუსტად, 72) მთარგმნელი შეკრიბეს და ორ-ორად დააჯგუფეს. მთარგმნელები დასხდნენ ცალ-ცალკე ოთახებში და მუშაობდნენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. მათი თარგმანები (გამოვიდა 35) იდენტური აღმოჩნდა, რაც ღვთის მადლისა და ნების მაუწყებლობად ჩაითვალა. აღნიშნულ თარგმანს ბერძნულად ჰებდომეკონტა, ლათინურად სეპტუაგინტა ანუ სეპტანტა (სამოცდაათისეული) უწოდეს. იგი გავრცელდა ბერძნულენოვან სამყაროში და საფუძვლად დაედო ახალ, სხვაენოვან თარგმანებს, გარდა ლათინურისა. უშუალოდ ებრაელი დედნიდან ბიბლია ამ ენაზე IV ს-ის საეკლესიო მოღვაწემ ნეტარმა იერონიმემ 386-406 წლებს შორის თარგმნა.

ძვ.წ. II-III სს-ში ბერძნულ ენაზე ძველი აღთქმის კიდევ სამი თარგმანი აღმოცენდა. ესენია: აკვილას, სვიმახოსისა და თეოდოტიონის. მათი მიზანი იყო წარმოედგინათ ებრაული ტექსტის სრული შესატყვისი, მოეცათ ზედმიწევნითი თარგმანი. მიუხედავად ამისა, ამ თარგმანებმა საყოველთაო აღიარება ვერ ჰპოვეს, თუმცა ღვთისმეტყველები ყოველთვის უწევდნენ ანგარიშს და მათ მონაცემებს ითვალისწინებდნენ. სეპტანტის ხელნაწერების არშიებზე, ამა თუ იმ ადგილის გასწვრივ, ხშირად ვხვდებით მინაწერებს იმის შესახებ, თუ როგორ იკითხება მოცემული მუხლი აღნიშნულ თარგმანებში. ასეთ შრომას, კატენის სახელით რომაა ცნობილი, მეცნიერული მიზანი ჰქონდა. სამღვდელმსახურო (ლიტურგიკულ) პრაქტიკაში ყოველთვის და ყველგან 70-თა თარგმანს იყენებდნენ.

სეპტუაგინტას პირვანდელ ვარიანტს ჩვენამდე არ მოუღწევია. ის დაყოფილია სამ უმთავრეს რედაქციად. აკადემიკოს კორნელი კეკელიძის თქმით, "ბიბლიოლოგიის ყურადღება ახლა მიქცეულია იქითკენ, რომ ეს თარგმანი როგორმე აღდგენილ იქნეს. ამას კი შესაძლებლად ცნობენ სხვადასხვა ენაზე ნათარგმნ ტექსტთა მეოხებით, რომელთაც, უეჭველია, საფუძვლად დაედო ერთ - ერთი ქვემოდასახელებულ სამ რედაქციათაგან. ეს რედაქციებია: ორიგენის ჰეგზაპლები, რომელიც პალესტინაში იყო გავრცელებული, ლუკიანეს, ანტიოქელი მღვდელმოწამისა მეოთხე საუკუნეში, რომელსაც ეწოდება კოინე და მიღებული იყო ანტიოქიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებში და ივსიქი ალექსანდრიელისა, რომელიც ალექსანდრიაში იყო მიღებული".


წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.
პაპუაშვილი, ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი]. - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002.



ძველი აღთქმა

ქართული ხელნაწერის ისტორია ბიბლიური წიგნების თარგმნითა და გადაწერით იწყება. V-VIII სს-ით დათარიღებულ პალიმფსესტურ ფურცლებზე ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი  ძველი აღთქმის წიგნები: დაბადება, წინასწარმეტყველნი – ესაია, ეზეკიელი, იერემია, ეზრა I და ფსალმუნი. გარდა ამ ფრაგმენტებისა, ბიბლიური ტექსტების ადრეულ (VII-VIII სს.) თარგმანებს ე.წ. გამოკრებილ ბიბლიას შეიცავს საღვთისმსახურო პრაქტიკისთვის განკუთვნილი ხელნაწერი კრებულები.

ძველი აღთქმის წიგნები არ თარგმნილა და გადაწერილა როგორც საკითხავი ლიტერატურა. ქართულ ხელნაწერ ტრადიციაში ისინი ნაწილ-ნაწილ შემოვიდა და განაწილდა საღვთისმსახურო დანიშნულების კრებულთა რეპერტუარშიც, რაც განაპირობა არა ქართველ მწიგნობართა ინერტულობამ, არამედ ადრეული წიგნების პრაქტიკულმა დანიშნულებამ -  ქრისტიანული საეკლესიო-სამრევლო მსახურების უზრუნველყოფამ სათანადო ლიტერატურით. ამგვარ ლიტერატურაში კი მოიაზრებოდა არა მხოლოდ ბიბლია, არამედ ადრეული საღვთისმსახურო პრაქტიკისათვის აუცილებელი წიგნები თუ თხზულებები, რომელთა   ცოდნაც ასევე სავალდებულო იყო ქრისტიანული აღმსარებლობის სასულიერო თუ საერო პირებისათვის. ისიც უნდა აიღიშნოს, რომ თავისი ისტორიის საწყის ეტაპზე ქართული საღვთისმსახურო პრაქტიკა ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ადრეული იერუსალიმური სივრცისათვის დადგენილ ნორმას. ეს სივრცე კი გამოირჩეოდა ტექსტების რედაქციული მრავალფეროვნებით, რაც ასახა კიდეც ძველი აღთქმის ადრეულმა ქართულმა თარგმანებმა. მაგალითად, ესაიასა და ეზრა I-ის ტექსტები ანტიოქიური, ანუ ლუკიანური რედაქციის თარგმანებია, ხოლო იერემიასი – პალესტინური,  იგივე  ჰექსაპლური.

ძველი აღთქმის პირველი რვაწიგნეულის ნაშთი შემორჩენილია IX-X სს-ით დათარიღებულ იმ ფრაგმენტებზე, რომლებიც ყდის საცავი ფურცლების სახითაა შემორჩენილი ზოგიერთ ქართულ ხელნაწერსა და მატენადარანის სომხურ წიგნებზე.

ამდენად, ბიბლიის წიგნთა ისტორიის კვლევის საქმეში ქართულ ხელნაწე წიგნებს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრებათ.


ოშკის ბიბლია

X საუკუნისათვის პირობითად დასრულდა პრაქტიკული განათლების პირველი ეტაპი და ქართული ხელნაწერი ტრადიციის ყურადღება შინაარსობრივად მრავალფეროვანი კრებულების დავით კურაპალატი, ოშკიპარალელურად მიიპყრო ბიბლის, კერძოდ, ძველი აღთქმის ერთიანი კოდექსის ჩამოყალიბებამ. რასაკვირველია, ბიბლიის სრული რედაქცია უეცრად არ შეუდგენიათ. მას წინ უსწრებდა ძველი აღთქმის რამდენიმე წიგნის თავმოყრით შეკრული ხელნაწერების არსებობა, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა ძველი აღთქმის სრული კრებული. სავსებით ბუნებრივია, რომ პირველი ასეთი წიგნი გადაიწერა დიდი გამოცდილების  სამწიგნობრო სირცეში - ტაო-კლარჯეთში, კერძოდ, ოშკის ტაძარში. სწორედ ამ წიგნმა ჩაუყარა საფუძველი ათონის ივერთა მონასტრის ქართულ ბიბლიოთეკას. მისი დამკვეთი და ფინანსურად უზრუნველმყოფი პირია ჩორჩანელთა ფეოდალური სახლის წარმომადგენელი, მხედართმთავარი დავით კურაპალატის კარზე, შემდგომ ბერად აღკვეცილი და სვინგელოზის ტიტულის მატარებელი თორნიკე ჩორჩანელი, რომელსაც ბერობაში ეწოდა იოვანე-თორნიკყოფილი. XIX ს-ში ხელნაწერი ასლის დამზადების მიზნით წიგნი საქართველოში ჩამოიტანა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ პლატონ იოსელიანმა. ბიბლიის გადაწერის შემდგომ იგი კვლავ ათონის მთაზე დააბრუნეს.  იგი დღესაც ათონის მთის წიგნსაცავის ქართულ კოლექციაში ინახება.

წიგნი გადაწერილია 987 წ. დღეისათვის შეიცავს 954 ფურცელს. აკინძულია ორ ტომად. შესრულებულია მაღალი ხარისხის ეტრატზე. ჰყავს სამი კალიგრაფი გადამწერი: მიქაელი, სტეფანე და გიორგი. ნაწერია ნუსხურად, სათაურები - მრგვლოვანით. ერთვის გადამწერისა და დამფინანსებლის, ანუ მომგებლის ანდერძები. შედის: დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, მსაჯულთა, რუთი, იობი, ესაია, იერემია, ბარუქი, გოდება, ეპისტოლე იერემიასი, ეზეკიელი, დანიელი, ეზრა I, ეზრა II, ნაუმი (ნეემია), ეზრა სუთიელი, ესთერ-მარდოქე, ივდითი, ტობი, I მეფეთა, II მეფეთა, III მეფეთა, IV მეფეთა, იგავნი, ეკლესიასტე, სიბრძნე სოლომონისნი, ისო ზირაქი და მცირე წინასწარმეტყველთა 12 წიგნი; ხელნაწერის დაზიანების გამო დაკარგულია: რიცხვთა, II სჯულისა და ისო ნავეს წიგნები.

საინტერესოა, რომ ოშკის ბიბლიის ეს ნუსხა არ შეიცავს ფსალმუნს, რადგანაც ეს უკანასკნელი ღვთისმსახურებაში დამოუკიდებლად გამოსაყენებელ წიგნს წარმოადგენდა.


გელათის ბიბლია

ქართული ბიბლიის ისტორიაში XII საუკუნე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. სწორედ ამ ეპოქაში გადაიწერა ბიბლიის შემდგომი სრული კრებული, რომელიც გელათის ბიბლიის სახელწიდებითაა ცნობილი. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ტექსტს ერთვის განმარტებები ანუ კატენები. ტექსტის ენობრივი თავისებურებანი და სამეცნიერო კომენტირების მეთოდი უკავშირდება XII საუკუნების გელათის ფოლოსოფიურ სკოლას.

ეს დიდი მოცულობის წიგნი მოიცავს 301 ფურცელს. გადაწერილია ქაღალდზე, ზომა 35X25. ნაწერია ნუსხურით, ღია ყავისფერი მელნით. თავბოლონაკლულია. შედის: ლევიტელთა, რიცხვთა, II სჯული, ისო ნავე, მსაჯულნი, რუთი, დიდი და მცირე წინასწარმეტყველთა წიგნები.

გელათის ბიბლია. XII ს.ნაწერია ერთ ან ორ სვეტად, აშიებზე ორი ან სამი მხრიდან მისდევს კომენტარები. განსამარტ სიტყვებს ახლავს ეპოქის ხელნაწერ ტრადიციაში კარგად ცნობილი მარგინალური, ანუ აშიებზე გატანილი პირობითი ნიშნები - თევზი, ხელის მტევანი გაშვერილი საჩვენებელი თითით, რომბისებურად განლაგებული რგოლები, ჯვარი რგოლებით ბოლოებზე, ღუზა და სხვა. ისინი შესრულებულია სინგურით. სავარაუდოდ, ჰყავს ორი ანონიმი გადამწერი. ყურადღებას იპყრობს თავისებური ხელწერა.

დამკვეთი და მთარგმნელი უცნობია. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ბიბლიის ამ თარგმანს უკავშირებენ XII საუკუნის ცნობილ ფილისიფოსებს იოვანე პეტრიწსა და არსენ იყალთოელს.

XIII-XVII საუკუნეებში გადაიწერა ბიბლიის ცალკეული თხზულებების შემცველი არაერთი კრებული, რომლთა შემდგენლები მიზნად ისახავდნენ ბიბლიის მოკლე რედაქციის შექმნას.


სულხან-საბა ორბელიანისეული ბიბლია

XVII საუკუნიდან იწყება ახალი ეტაპი ბიბლიის შესწავლის, შეკრებისა და აღდგენის საქმეში. ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა სულხან-საბა ორბელიანის მამა მდივანბეგი ვახტანგ ორბელიშვილი. მისი დაკვეთით გადაიწერა ბიბლიის სამი ხელნაწერი, რომლებიც გადაწერეს იესე და ნათანაელ ბედისმწერლიშვილებმა.  ვახტანგ ორბელიშვილის საქმის გამგრძელებლები იყვნენ სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, არჩილ მეფე  და ბატონიშვილი ბაქარი.

ბიბლიის შემდგომი სრული კრებული ე.წ. "მცხეთის ბიბლია" შეადგინა სწორედ სულხან-საბა ორბელიანმა. ეს წიგნი "მცხეთის ბიბლიის" სახელწოდებითაა ცნობილი. წიგნი შედგება 668 ფურცლისაგან. გადაწერილია შავი მელნით, სხვადასხვა ქაღალდზე, ნუსხურითა და მხედრულით, რამდენიმე პირის მიერ. მხედრულით შესრულებული მონაკვეთის გადამწერია თავად სულხან-საბა ორბელიანი. შედის ძველი აღთქმიs 44 დასახელების წიგნი. წიგნთა დასახელების წყაროს წარმოადგენს 1666 წელს ამსტერდამში დაბეჭდილი სომხური ბიბლია. ეს რედაქცია გამოირჩევა სომხურ-ლათინური ვერსიების მცხეთის ბიბლია. XVIII ს.ფართო  გამოყენებითა და ცალკეული წიგნების განსხვავებული რედაქციულობით. როგორც ჩანს, სულხან-საბა ბიბლიის კრებულის შესადგენად ბევრ წყაროს იყენებდა. იგი ეყრდნობოდა ოშკის ბიბლიის რედაქციის ტექსტს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწორედ ამ კრებულში სხვა წიგნებთან ერთად შესულია ფსალმუნიც, რომლისთვისაც საბას გამოუყენებია გიორგი ათონელისეული რედაქცია. შემდგენელი სარგებლობდა ლექციონარსა და სხვა სადღესასწაულო-საწინასწარმეტყველო კრებულებში დაცული მასალითაც. ხელნაწერში ასევე პირდაპირაა ჩაკრული 1710-1711 წლებში საბასავე რედაქციით ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი წიგნების ფურცლები.

ორბელიანთა ოჯახმა დიდი წვლილი შეიტანა ბიბლიის ქართული ტექსტის ბეჭდვის საქმეში. ბაქარ ბატონიშვილის გადმოცემით, ვახტანგ VI-ის მიერ სტამბის დაარსებასა და ვლახეთიდან მესტამბის ჩამოყვანას განაპირობებდა სწორედ ბიბლიის გამოცემის სურვილი. სამწუხაროდ, მწიგნობარმა მეფემ მხოლოდ ფსალმუნის, ახალი აღთქმისა და წინასწარმწტყველთა წიგნების დაბეჭდვა მოახერხა. მისი საქმე უკვე მოსკოვში განაგრძო მისმა ძემ ბაქარმა, რომელმაც 1743 წელს დაბეჭდა ბიბლიის სრული ტექსტი. უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვში ტირაჟირებული ქართული ბიბლიის დიდი ნაწილი განადგურდა, გადარჩა მხოლოდ აკინძული და ყდაში ჩასმული ის 100 ეგზემპლიარი, რომელიც ბაქარმა გამოაგზავნა.


ფსალმუნი

ძველი აღთქმის წიგნებიდან უპირველესად ფსალმუნი უნდა ეთარგმნათ, ვინაიდან ძველი აღთქმის სწორედ ეს წიგნი ასრულებდა საღვთისმსახური მნიშვნელობის ძეგლის ფუნქციას. ამ წიგნს სხვადასხვა სახელით იხსენიებდნენ: "დავითი" ან  "დავითნი", "წიგნი ფსალმუნთა" ან "ფსალმუნი" და "საფსალმუნე".   ფსალმუნის უძველესი თარგმანის არსებობას ადასტურებს V-VIII საუკუნეების არაერთი ორიგინალური აგიოგრაფიული ძეგლი. `შუშანიკის წამების~ მიხედვით სავსებით თამამად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ უკვე 476-482 წლებში ძველი აღთქმის ეს წიგნი ხელთ უპყრიათ როგორც სასულიერო, ასევე საერო წრის წარმომადგენლებს.  თუმცა კი აქვე დავძენთ, რომ ჩვენამდე ვერ მოაღწია ამ ეპოქის  ვერცერთმა ხელნაწერმა. ფსალმუნის  ტექსტის ყველაზე ადრეულ დამოწმებას კი ვხვდებით VIII საუკუნით დათარიღებულ ხანმეტ ლექციონარში, რომლის ტექსტის გამოსცა და შეისწავლა აკ. შანიძემ და რომელიც ამჟამად დაცულია ავსტრიაში, გრაცის ბიბლიოთეკაში.

ფსალმუნის დღემდე მოღწეული ყველაზე ადრეული ხელნაწერი IX საუკუნით თარიღდება. ეს არის ოდესღაც სინის მთის ქართული კოლექციის კუთვნილი და ამჟამად დაკარგული ნუსხა, რომლის რამდენიმე ფურცელი 1850 წელს პორფირე უსპენსკის წამოუღია სინიდან. ახლა კი ეს ფრაგმენტები ინახება პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდებში. საინტერესოა, ის ფაქტი, რომ პეტერბურგული ფსალმუნი გადაწერილია პაპირუსზე, რაც იშვიათი მოვლენაა ქართული ხელნაწერი წიგნის ისტორიაში.

ძველი ქართული თარგმანების შემცველი წიგნების თავისებურებას ისიც წარმოადგენს, რომ ადრეული რედაქციის ტექსტებს შორის საგულისხმო სხვაობებია. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია თავად ფსალმუნის ტექსტის ისტორიისათვის, ვინაიდან იგი მიგვითითებს ძეგლის ჩამოყალიბების ისტორიაზე. ტექტებს შორის სხვაობებს, უდაოდ, განაპირობებს საეკლესიო პრაქტიკაში მათი ჩართვის რიტმი. მკვლევართა ვარაუდით, ფსლმუნის თავდაპირველი ვარიანტი უნდა შემოსულიყო  ცალკეული ერთეულების სახით.

ფსალმუნთა რაოდენობა ქართული დავითნის ხელნაწერებში ყოველთვის ერთნაირი არ არის.  X ს-ის ერთ-ერთ ხელნაწერში გვხვდება ას ორმოცდათერთმეტი ფსალმუნი, თუმც კი ეს არ არის ჩვეულებრივი რიგის მოვლენა ფსალმუნის ქართულ ხელნაწერებში.

ებრაული ფსალმუნი დაყოფილია ხუთ წიგნად, როგორც ჩანს, მსგავსი დაყოფა განპირობებულია მოსეს ხუთწიგნეულის "ხუმაშის" ანალოგიით. უძველეს ქართულ ფსალმუნში მსგავს დაყოფას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქართველებისთვის ცნობილი ყოფილა ებრაული ფსლმუნის ხუთ წიგნად დაყოფა, რასაც ადასტურებს X ს-ის ქართული ხელნაწერი წიგნები: "მცხეთური დავითნის" დანართი, "შატბერდული კრებულის" "სასწავლო წიგნი". ამ დაყოფას აღნიშნავდა ეფრემ მცირე ფსალმუნთა თარგმანების შესავალში. ფსალმუნთა სათაურები ქართულ ტექსტებში ხშირად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც განპირობებულია ქართული თარგმანების დედნებად გამოყენებული ბერძნული ტექსტების მრავალგვარობით.

ძველი ქართული წყაროების მიხედვით ფსალმუნი ძველი აღთქმის სტიქერონ, ანუ მუხლედ წიგნთა რიცხვს მიეკუთვნება. ბიზანტიელი ავტორები: ეპიფანე კვიპრელი, ამფილოქე იკონიელი, გრიგოლ ფსალმუნი, XII სნაზიანზელი ამ ტერმინებს იყენებენ ძველი აღთქმის სალექსო ზომებისათვის. ეს ტერმინები როგორც ბერძნულში, ისე ქართულშიც გულისხმობს ამ წიგნთა ებრაულ ორიგინალს და არა მის თარგმანებს.

ქართული  ფსალმუნის რედაქციებს მუხლად დაყოფის ორი განსხვავებული სისტემა გააჩნია.  "მცხეთის დავითნში" ტექსტი დაყოფილია მუხლებად, მაგრამ, ამავე დროს, მუხლებს გააჩნიათ საგანგებო სათვალავი, ნაჩვენებია თითოეული ფსალმუნისა თუ გალობის მუხლთა რაოდენობა (მიწერილია: აშიებზე,  მუხლთა დასაწყისებთან და ბოლოში დაწერილია სინგურით ტექსტისაგან გამოყოფის მიზნით). ფსალმუნის ქართული ტექსტი დაყოფილია 2900 მუხლად (ამავე რიცხვს იძლევა ცალკეულ კანონებში შემავალი მუხლებიც). "იერუსალიმური" დაყოფა კი 4682 მუხლს შეიცავს. ძველი რედაქციათა დამუხვლა ახლო დგას კოსტანტინეპოლურ ფსალმუნთა დამუხვლასთან. ქართული ფსალმუნის ახალი რედაქციები უკავშირდება XI ს-ის ცნობილ მოღვაწე მწიგნობრებს: გიორგი მთაწმიდელსა და ეფრემ მცირეს.

ქართული ფსალმუნის ტექსტი არაა დაწერილი რითმული, პოეტური ლექსთწყობის ზომით, მაგრამ მას ვერც პროზაულ თხზულებად მივიჩნევთ (ისეთად როგორიცაა მაგალითად ოთხთავი). ქართულ ფსალმუნს აქვს ისეთი სტილისტური თავისებურებები, რომელიც ტექსტს სპეციფიკურ იერს ანიჭებს და მას რიტმულ პროზასთან აიგივებს, მაგრამ ეს თავისებურებანი დამახასიათებელია არაა მხოლოდ ქართულისთვის, არამედ სხვა თარგმანებისთვისაც, სადაც ასევე შენარჩუნებულია დედნისეული სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტები. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თარგმანთა დიდი ნაწილი უშუალოდ ებრაულიდან არ მომდინარეობს (არც ქართული ფსალმუნის ებრაულიდან თარგმნაა დადასტურებული სამეცნიერო ლიტერატურაში).

ფსალმუნთა  ქართული ნუსხები ლიტურგიკული დანიშნულებისაა. ამაზე მეტყველებს მათი შედგენილობაც: ქართული ფსალმუნის ყველა ძველი ხელნაწერი, გარდა საკუთრივ ფსალმუნის ტექსტისა, შეიცავს გალობებს. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს A-38, რომელშიც ფსალმუნისა და გალობების გარდა, კიდევ სხვა თხზულებებიც შედის.

ბიბლიური გალობები ლიტურგიკული ფსალმუნის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია და იგი, ქართულის გარდა, სხვაგანაც გვხვდება. ამდენად გალობათა  თანმიმდევრობა და შედგენილობა მიანიშნებს მყარად ჩამოყალიბებულ ლიტურგიკულ ტრადიციაზე.

ქართული ფსალმუნი დაყოფილია კანონებად. უძველეს ფსალმუნებში კანონები აღნიშნულია სინგურით, მომდევნო ფსალმუნის ზედა-წარწერილის წინ; კანონის დასაწყისი მითითებულია ასევე ქანწილით, რომლის გამოყოფას გადამწერი სინგურის გამოყენებით ახერხებს. კანონი აღნიშნავს ტექსტში საკითხავად განკუთვნილ მონაკვეთს. კანონი  ამ შემთხვევაშიც იგივეა, რაც კათისმა.  კანონების შიგნით ტექსტს ანაწილებს "დიდება", რომელიც სამ-სამია თითოეულ კანონში.


სახარება-ოთხთავები

ძველი ქართული მწერლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის, ბიბლიოლოგიის, თხზულებების ორივე ნაწილის - ახალი და ძველი აღთქმის წიგნების - თარგმნა ქართველებს დაუწყიათ ადრეულ ქრისტიანულ ხანაში. ყველაზე ადრე უნდა ეთარგმნათ ახალი აღთქმის წიგნების პირველი ნაწილი, სახარება, ანუ ოთხთავი, რომელიც შედგება ოთხი მახარებლის – მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს - თხზულებებისაგან.

ჯრუჭის I ოთხთავი, 936-940 წწ.ოთხთავები რომ ქართული მწერლობის ყველაზე მნიშვნელოვანი წერილობითი ძეგლია, მოწმობენ ადრეული პალიმფსესტები, რომლებიც შეიცავენ სახარების ტექსტებს. სახარება, ანუ ევანგელე იხსენიება ჩვენამდე მოღწეულ ყველაზე ადრეულ ქართულ ორიგინალურ თხზულებაში "შუშანიკის წამება".

ძველი ქართული მწერლობის პირველი პერიოდიდან შემონახულა სახარებათა არაერთი ნუსხა. ესენია: ადიშის (897 წ.), ჯრუჭი I (936 წ.), ქსნის (X ს.), პარხლის (973 წ.), ტბეთის (995 წ.). სახარებები.

ჩვენს წინაპრებს ქარული მწერლობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში არაერთგზის დაუმუშავებით ოთხთავის ტექსტი. ამის საფუძველზე მოუღწევია ჩვენამდე სხვადასხვა რედაქციას. ესენია: ხანმეტი, საბაწმინდური, გიორგი მთაწმიდელისეული ვერსიები. გიორგი მთაწმიდელის შემდეგ სახარების ტექსტის გადმოღება სცადეს ეფრემ მცირემ და იოანე პეტრიწმა, მაგრამ ამ თარგმანებმა ვერ გაუწიეს მეტოქეობა გიორგი მთაწმიდელისეულ სახარებას, რადგან ისინი ამა თუ იმ ვიწრო მეცნიერული - ფილოსოფიურ-თეოლოგიური - მიზნით იყო შესრულებული. ეს შრომები საყოველთაო მოსახმარებლად არც გავრცელებულა და ჩვენამდეც თითო-ოროლა ცალმა მოაღწია.

სახარების ტექსტის ორი უძველესი რედაქცია - ხანმეტი და საბაწმინდური - წინაათონური, იხსენიება გიორგი მთაწმიდელის ანდერძში. სავარაუდოდ, ხანმეტი და საბაწმიდური რედაქციები ერთმანეთისაგან მხოლოდ ფონეტიკური ნიშნით გაირჩეოდა. პირველი პერიოდიდან ჩვენამდე მოღწეულ ადიშისა და ჯრუჭ-პარხლის ხელნაწერებში დაცული  ტექსტები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და ორ განსხვავებულ რედაქციას იძლევიან. ადიშის ხელნაწერის ტექსტი წარმოადგენს სრულიად ცალკე მდგომ რედაქციას.

ქართული მწერლობის II პერიოდში, როდესაც ქართულმა ეკლესიამ პირი იბრუნა კონსტანტინეპოლისაკენ, საჭირო გახდა სახარების წინაათონური  რედაქციების დაახლოება ბერძნულ ვერსიებთან. ათონის ქართველთა მონასტერში ითარგმნა ახალი რედაქციები, რომელთაგან ყველაზე დღეგრძელი გამოდგა გიორგი მთაწმიდელის რედაქცია. მას დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა.

აღსანიშნავია, რომ ხელნაწერი წიგნის სახით დღემდე მოღწეული სახარებები საინტერესო სურათს იძლევიან არა მხოლოდ ტექსტუალური თვალსაზრისით, არამედ საყურადღებოა მათი შედგენილობაც. დროთა ვითარებაში სახარებების შედგენილობას ემატებოდა მუხლების საძიებლებისა და დღესასწაულებთან დაკავშირებული მონაკვეთების საძიებლები.   მაგალითად, ადიშის სახარების ტექსტს წინ უძღვის "კანონები", რაც უკლებლივ ნებისმიერი პერიოდის სრულად შემონახულ ყველა ტექსტს ახასიათებს. ამ თვალსაზრისით ძნელია საუბარი ხანმეტ ტექსტებზე, ვინაიდან ისინი მხოლოდ ფრაგმენტულად მოსულან ჩვენამდე.

ოთხთავის ტექსტი დაიყო მუხლებად და თავებად. მუხლები აღინიშნებოდა რიცხვების ანბანური შესატყვისით. ასეთი დაყოფა მიეწერება ამონიოს ალესანდრიელს, რის საფუძველზეც ევსები კესარიელს შეუდგენია ცნობილი ათი კანონი. ამიტომაც უკლებლივ ყველა სახარებას ახლავს ეპისტოლე ევსებიოსისა კარპიანეს მიმართ. ოთხთავის დამუხვლის სისტემა შეიცვალა  გვიანდელ შუა საუკუნეებში. პარხლის ოთხთავის (973 წ; A-1453) XVIII საუკუნის ერთ-ერთი მინაწერი იუწყება, რომ მის რესტავრაციასა და ტექსტის შევსებასთან ერთად დაუყვიათ ოთხთავი თავებად და მუხლებად ახალი წესის მიხედვით, გელათის ოთხთავი, ავგაროზის ეპისტოლე, XII ს. დაურთავთ საკითხავთა საძიებლები.

XI საუკუნიდან ოთხთავების ოთხ ქართულ ხელნაწერს ერთვის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ისტორიასთან დაკავშირებული თხრობა "ავგაროზის ეპისტოლე". პირველად იგი ალავერდის 1054 წლის ოთხთავში გვხვდება.  "ავგაროზის" ეპისტოლის, როგორც ქალკედონიტური დოქტრინის ამსახველი თხზულების, საბოლოო ჩამოყალიბება უკავშირდება XI საუკუნის I მესამედს. თხზულება აღიარებული იქნა კანონიკურ ძეგლად. მართალია, ის აპოკრიფია, მაგრამ კარგად ასახავს ეპოქისათვის დამახასიათებელ დოგმატურ თუ კანონიკურ თეზათა განვითარების სურათს, ამასთან აქვს ქრისტიანული სიმბოლოს – სულიერი განკურნების შინაარსი.

ქართულ ხელნაწერ ტდრადიციაში ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ სახარება-ოთხთავის ხელნაწერები გვხვდება. X ს-დან იქმნება მათი მდიდრულად ორნამენტირებული, ე.წ. საზეიმო წიგნები. ამგვარი ერთეულების შექმნას კი აფინანსებდნენ სამეფო კარისა და დიდი ფეოდალური სახლების წარმომადგენლები.


სამოციქულო

ახალი აღთქმის წიგნების მეორე ნაწილს სამოციქულო ეწოდება. იგი შეიცავს შემდეგ ეპისტოლეებს: საქმე მოციქულთა, შვიდი პატარა, ე.წ. კათოლიკე ეპისტოლეებს, 14 ეპისტოლეს პავლე მოციქულისას და აპოკალიპსს, ანუ გამოცხადებას იოანე ღმრთისმეტყველისას. ეს უკანასკნელი X საუკუნის გასულამდე არც კი ყოფილა თარგმნილი. პირველი ორი ნაწილი კი, რომელსაც კათოლიკე და პავლენი ჰქვია, ცალ-ცალკე უნდა ყოფილიყვნენ. Pპირველია წიგნი, რომელიც შვიდ პატარა ეპისტოლეს შეიცავს, მეორე – პავლე მოციქულისას. უძველესი ნუსხები სამოციქულოსი შეიცავენ მხოლოდ პავლეს ეპისტოლეებს.

სამოციქულოს ნუსხები პირველი პერიოდიდან თითქმის არ გვხვდება, ნაკლებადაა შემონახული. ექვთიმე ათონელს არც ამ მხრივ უღალატია ტრადიციისათვის და უთარგმნია სამოციქულო X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში. საგანგებო შრომა გაწია გიორგი მთაწმიდელმაც. მას უთარგმნია ,,პავლე სრული და საქმე მოციქულთა.~ გიორგი მთაწმიდელმა ვერ გაწყვიტა კავშირი ძველ ქართულ რედაქციასთან და ზოგიერთი ლექსიკური ერთეული  ძველი თარგმანიდან უცვლელად დატოვა.

ამიტომაც ეფრემ მცირემ ხელახლა თარგმნა სამოციქულოს ტექსტი, თუმც კი  ეფრემის რედაქციამ ვერც საეკლესიო პრაქტიკაში ვერ ჩაანაცვლა გიორგი ათონელისეული თარგანი.


ბიბლიოგრაფია

ადიშის ოთხთავი 897 წლისა, ზურაბ სარჯველაძის რედაქციით, თბ., 2003.

ავგაროზის ეპისტოლის~ ძველი ქართული რედაქციები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნ. ჩხიკვაძემ, თბ., 2007.

ეზეკიელის წიგნის ძველი ქართული ვერსიები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო თინათინ ცქიტიშვილმა, თბ., 1976.

კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბ., 1980.

კათოლიკე ეპისტოლეთა ქართული ვერსიები. გამოსცა ქ. ლორთქიფანიძემ: ძველი ქართული ენის ძეგლები, 9, თბ., 1956.

მელიქიშვილი ნ. ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანები. თბ. 2009

მცხეთური ხელნაწერი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა  დაურთო ელ. დოჩანაშვილმა, მეცნიერება: ტ. 1 (მოსეს ხუთწიგნეული, ისო ნავეს, მსაჯულთა, რუთი) – 1981; ტ. 2 ( მეფეთა I, II, III, IV, ნეშტთა I, II, ეზრას I, II, III წიგნები) – 1982; ტ .3 (ტობის, ივდითის, ესთერის, იობის წიგნები, ფსალმუნი, იგავთა წიგნი) – 1983; ტ. 4 (ეკლესიასტე, სიბრძნე სოლომონისა, ქება ქებათა სოლომონისა, წინასწარმეტყველთა წიგნები _ესაია, იერემია, ბარუქი, ეზეკიელი) – 1985; ტ.5 (დანიელის, მცირე წინასწარმეტყველთა და ახალი აღთქმის წიგნები) – 1986; ტ. 6 (გამოკვლევა)–1987.

პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები, გამოსაცემად მოამზადეს ქეთევან    ძოწენიძემ და კორნელი დანელიამ: თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 16, თბ., 1974.

ფსალმუნის ძველი ქართული რედაქციები X-XIII სს. ხელნაწერების მიხედვით, გამოსცა მზ. შანიძემ, თბ., 1960.

ფსალმუნნი, ახალი შესწორებული გამოცემა მოამზადა ედიშერ ჭელიძემ,: საეკლესიო ბიბლიოთეკა, IV, თბ., 2006.

ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია, ტექსტი გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ი. იმნაიშვილმა, თბ., 1979.

ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით (897, 936, 973 წწ.), გამოსცა აკ. შანიძემ, თბ. 1945.

წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი, ელ მეტრეველის საერთო რედაქციით,  თბ.: ნაკვ.1 – 1989; ნაკვ. 2 – 1990; ნაკვ 3 –1991

ქურციკიძე ც. ქართული ბიბლია. თბ.  2010

ხანმეტი ტექსტები. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და სიმფონია დაურთო ლ. ქაჯაიამ, თბ., 1984

Lamara Kadzaia, Die Alteste Georgische vier-evangelien-handschrift, Teil I, Prologomena, Aus dem Georgischen ubersetzt von Heinrich Greeven und Michael Job,Bochum,1989.