I. ფრიად უკუე შუენიერისა და მრავალ-საწადელისა და საღმრთოჲსა ქებისა და ბრწყინვალედ შესხმისა ღირს არიან მოყუარენი ღმრთისანი და აღმასრულებელნი საღმრთოთა მცნებათა მისთანი. რამეთუ თავადი მეუფე და ღმერთი ჩუენი ჰნატრის მათ ბრძანებათა შინა სახარებისათა, იტყოდის რა: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა” და შემდგომითი-შემდგომად სხუანი იგი ყოველნი ნეტარებანი. ხოლო დასასრულსა, ვითარცა ნიჭსა რასმე და გჳრგჳნსა ბრწყინვალესა, წინაუყოფს და სასყიდლად შრომათა მიჰმადლებს და ეტყჳს: "გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდ [არს] ცათა შინა". და სხუასა ადგილსა იტყჳს: „ამას ზედა ნუ გიხარის, რამეთუ სულნი ბოროტნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი აღწერილ არს ცათა შინა". და კუალად მამაჲ ღმრთისაჲ დავით იტყჳს: "ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენა ჩემი”, და "ვითარ მხიარულთა ყოველთა მკჳდრობაჲ შენდამი არს". ხოლო ესე სიხარული მოიწევის საღმრთოჲსა მისგან ნეტარებისა, რომელსა იგივე წინაჲსწარმეტყუელი დასაბამსა ფსალმუნთასა დასწერს ნეტარებასა კაცისასა, "რომელი არა ვალს გზასა უღმრთოთასა”, და კუალად "ნეტარ არიან უბიწონი გზასა, მავალნი შჯულსა უფლისასა". და ყოვლად-ბრძნისა მამისა ყოვლად - ბრძენი ძე სოლომონ იტყჳს: "ნეტარ არს კაცი, რომელმან მოიგო გონიერებაჲ, და მოკუდავმან, რომელმან პოვა მეცნიერებაჲ”. ხოლო ოქრო-აედონი ეკლესიისაჲ პავლე ჴმობს: "გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ და კუალად გეტყჳ: გიხაროდენ, რამეთუ სარწმუნოებაჲ თქუენი სამარადისოსა ნეტარებასა მოგატყუებს თქუენ".
და ამით სასოებითა განმტკიცებულთა ძუელისა და ახლისა სჯულისა წმიდათა ისწავეს მოთმინებაჲ და სარწმუნოებით რბიოდეს გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისასა, ვითარცა იგივე პავლე, პირი ქრისტესი, იტყჳს: "რამეთუ არს სარწმუნოებაჲ მოსავთა მისთა ძალ, საქმეთა მამხილებელ არახილულთა, რამეთუ ამას შინა იწამნეს მოხუცებულნი”, ძუელსა და ახალსა შინა საღმრთოდ განბრწყინვებულნი. რამეთუ, ვითარცა იგი ერთისა მისგან მდიდრად აღმომდინარისა წყაროჲსა მრავალნი ირწყვებიან მტილნი და სამოთხენი და სიმრავლე ნერგთა თჳთოსახეთაჲ მადლისა მისგან და ნიჭისა საღმრთოჲსა, ეგრეთვე მოეფინების ყოველთა თითოეულად განფენაჲ მადლთაჲ, ვითარცა იგივე პავლე ჴმობს: "განფენანი მადლთანი [არიან] და თესლად-თესლადი ენათა”, და კუალად იტყჳს: ”პირველად მოციქულნი, მწყემსნი და მოძღუარნი და მამანი დაეწესნეს".
რამეთუ შემდგომითი-შემდგომად არა დააკლებს მადლი სულისაჲ აღმოშობად შვილთა მათ ემბაზისათა, ვითარცა იგი სიტყუაჲ მეტყუელი, ვითარმედ "მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა" და "აჰა ესერა მე თქუენთანა ვარ" და შემდგომი. და სხჳთ: "აღორძინდით და განმრავლდით და განავსეთ ქუეყანაჲ".
და კუალად მოციქული იტყჳს, "იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი უკუნისამდე”, რომელმან აწცა აღმოაბრწყინვა, ვითარცა რაჲ ელვა-ცისკროვნებაჲ ახალთა ამათ მნათობთაჲ ახალსა სამყაროსა წმიდისა ეკლესიი[სა]სა, რათა, ვითარცა მთიები, ბრწყინვიდენ პირსა ყოვლისა სოფლისასა და ბაძვად საღმრთოდ მოქალაქობისა გულსა ყოველთა მოსწრაფეთასა [განაწყობდენ]. რამეთუ აჰა ესერა ჯერჩინებითა ღმრთისაჲთა ჟამთაცა ჩუენთა იხილვნეს ახალნი მნათობნი და მოძღუარნი და მასწავლელნი, ვითარცა ძუელსა შინა ელია და იოანე და შემდგომად პავლე თებელი და დიდი ანტონი, მაკარი, ეფთჳმი, საბა და გერასიმე, და რად გჳჴმს თჳთოეულად წარმოთქუმაჲ, - ყოველნი მსგავსნი და მობაძავნი მათნი, რომელთა ვლეს მოსწრაფებით იწროჲ და საჭირველი გზაჲ, მიმყვანებელი ზეცისა ქალაქად, რომლისა ხუროთ მოძღუარ და შემოქმედ ღმერთი არს.
ხოლო იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ "ჟამთა ამათ ჩუენთა არღარავის ჴელეწიფების მსგავსებაჲ პირველთა მამათაჲ, რამეთუ განგებითა რაჲთმე საღმრთოჲთა მიფარულ არს". არამედ შენ ისმინე გულსმოდგინედ, საყუარელო, რომლისათჳს აწ სიტყუაჲ წარმართებულ არს.
რამეთუ ყოვლითურთ მსგავს იქმნა ამათ წმიდათა მამათა ყოვლად ბრწყინვალე და ზეცისა ჩინებისა ღირსი ყოვლად-წმიდაჲ მამაჲ და მოძღუარი ნეტარი სერაპიონ; გარნა ვიტყოდით ზოგსა რაჲმე შეკრებულთა ცხოვრებისა მისისათა აღწერით მოთხრობად და საღმრთოთა სმენის-მოყუარისა სიწმიდისა თქუენისა მოჴსენებად, ჵ პატიოსანო და საღმრთოო კრებულო და მწყობრ-მდგომობით მიმსგავსებულნო ზეცისა დასთანო, რომელნი მკჳდრ ჩინებულ ხართ ტალავართა ნამუშაკევთა მისთა, მღდელნო და მამანო უდაბნოჲსა დიდისა ზარზმისანო, რომელთა წილ-კეთილ გხუდა დიდი ესე მნათობი მამაჲ მამათაჲ, მოძღუარი და მასწავლელი, რაჲთა გუესმოდინ სწავლანი და საღმრთონი საქმენი და შრომანი მისნი და ვადიდებდეთ მამასა ზეცათასა, ვითარცა-იგი უფალი იტყჳს, ვითარმედ "ესრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი" და შემდგომნი.
ხოლო ჯერ არს ჩუენდა, ძმანო, რაჲთა ჩუენცა ძალისაებრი ვაჩინოთ ბაძვაჲ დიდისა მის მოძღუარისა და მწყემსისაჲ და აწ გულსმოდგინედ და შრომის-მოყუარებით ვისმინოთ მცირე ესე სიტყჳსამიერი გამოხატვაჲ ვრცელისა მის ფრიად საწადელისა ცხორებისა მისისაჲ და აწინდელისა აქა შემოკრებისაჲ. ხოლო ცრემლით ვევედრები სიყუარულსა თქუენსა ყოვლად-უღირსი ესე, რაჲთა თანალმობილ იქმნეთ უძლურებისა ჩემისა მოცემად სიტყუაჲ ღირსი აღებასა პირისა ჩემისასა სიტყჳსა მიერ უსიტყუთა სიტყჳერ-მყოფელისა და უძლურთა განმაძლიერებელისა, რამეთუ იწყებს სიტყუაჲ დასაბამსა ცხორებისა მისისასა.
II. ესე ნეტარი და ყოვლად-ქებული სერაპიონ აღმოსცენდა ქუეყანასა კლარჯეთისასა მშობელთაგან ღირსთა და პატიოსნებით და ლიტონად ცხორებულთა, რომელნი შრომით და ქუეყანის-მოქმედებით იზარდებოდეს და ნაშრომისაგან მათისა მდიდრად ჰზრდიდეს გლახაკთა და ძალისაებრსა მისცემდეს უღონოთა ჴელის აპყრობასა და სიმშჳდით და სიმდაბლით იყოფვოდეს მსგავსად საწინაჲსწარმეტყუელოჲსა სიტყჳსა: "ვის მივხედნე, გარნა მშჳდსა და მდაბალსა" და შემდგომი. ხოლო მამასა ამის ნეტარისასა ეწოდებოდა კჳპრიანე,ხოლო სახელსა დედისა მისისასა უმეცარ ვართ, არა თუ სახე ბოროტებისა რაჲსათჳსმე, არამედ ჟამთაგან დაფარვისათჳს, რამეთუ რომელმან ესევითარი გამოიღო ნაყოფი, ვერ ეგების მისი უშუერებით და უნდოდ წარწყმედაჲ, ვითარცა უფალიცა იტყოდა: "ვერ ჴელეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად".
ესრეთ დედაჲ ამისი ნეტარისაჲ სახელ-მოუჴსენებელად დაიფარა სოფლით. რამეთუ ნათლად რა გამოიყვანა წმიდაჲ ესე ნაშობი ორთა თანა ძმათა მისთა, რომელი ერთი იგი უხუცეს იყო და ერთი უმრწემეს, რომლისა ჴსენებაჲ მრავალ-გზის ეგულვების სიტყუასა; რამეთუ შვნა რაჲ სამნი ესე ნაშობნი და განიხარა შვილთ-სხმისაგან, ვითარცა მეფსალმუნე დასწერს: "დედაჲ შვილთა ზედა სახარულევანი”, ნათლად გამომყვანებელი მათი ნათლად წარუვალად მიიცვალა.
ხოლო უმრწემესი ძე იოვანე დაშთა ყოვლად-უსრულ და ენა ბრგუნილ; იგი უკუე აღზარდა მამამან მისმან კჳპრიანე, ვითარცა შეჰგავს მამასა შვილთ-მოყუარესა. არამედ შემდგომად არამრავალთა წელთა აღესრულა მამაჲცა ამათ ნეტართაჲ და წინაშე ღმრთისა მიიცვალა სიბერითა კეთილითა განპოხებული, და დაშთეს სამნივე იგი ყრმანი, მსგავსად ბაბილოვნისა ყრმათა, ალსა მას შინა სიგლახაკისასა შეთხეულნი. ხოლო აქა ეგულვების სიტყუასა მცირედ წიაღსლვაჲ სხუად მიმართ, რათა უმეტეს გამოჩნდეს კეთილთა მათ ნერგთა ნაყოფთ-მცენარებაჲ და ამისსა შემდგომად კუალად არა ოდენ ასწილ, არამედ უმეტესცა რტოგანრთხმით გარდაფენილებაჲ ოცდაათეულად, სამოცეულად და ასეულად, რათა დასასრულს თხრობისასა გულისხმაჰყოთ, თუ ვითარი ტკბილი და შუენიერი დამწიფდა ტევანი მათისა მის მოძღურებისა ნამუშაკევთაჲ.
III. არამედ აწ ჯერ არს ჩუენდა, რათა დიდთა მათთჳს უდაბნოთა და მონასტერთა მოვიჴსენოთ, თუ ვინაჲ იქმნა შენებაჲ მათი, ანუ ვინ იყვნეს მაშენებელნი იგი. პირველად სული იგი და მადლი საღმრთოჲ და მერმე მის მიერ აღძრულნი წმიდანი იგი მამანი. რამეთუ აღეშენა რა წმიდაჲ და დიდი უდაბნოჲ ოპიზაჲ მონაზონთა მიერ, რომელთა ეწოდებოდა ამონა, ანდრია, პეტრე და მაკარი, ამისსა შემდგომად მოვიდა მუნით [მიქელ] აღაშენა უწყებითა საღმრთოჲთა მცირე ეგუტერი და შესაკრებელი მცირეთა ძმათაჲ ადგილსა კლდოანსა და უვალსა კაცთაგან, რომელსა პარეხ უწოდიან. ხოლო ესე სიტყვაჲ მამათა მიერ მოვალს ჩუენდა, რამეთუ მიქელ იყო აღმაშენებელი, სასწაულთა და ნიშთა მოქმედი მაღალთა და დიდთაჲ, რომელი იყო მოწაფე დიდისა შიოჲსი საკჳრველთ-მოქმედისაჲ, რომელი, ვითარცა მთიები განთიადისაჲ, ბრწყინვიდა ქუეყანასა ქართლისასა.
ამისა ნეტარისა მიქელის მიმართ წარემართა ყოვლად-ბრძენი სერაპიონ, რომელსა თანა-ჰყვა ძმაჲ მცირე ჰასაკითა, რამეთუ დიდსა მიქელს, ვითარცა მამასა სულთასა და მზრდელსა ობოლთასა, შეჰვედრა თავი თჳსი. ხოლო ნეტარსა მას სხუანიცა მრავალნი აქუნდეს მოწაფენი, სრულნი და ბრწყინვალენი სათნოებითა, ვითარცა დიდსა ანტონის ილარიონ და მაკარი, ეგრეთვე მიქელს ბასილი და მარკელაოზ.
და მათ თანა შეჰვედრა ნეტარი სერაპიონ თანა ძმითურთ და თანააღრაცხილ ყვნა დასსა მოწაფეთასა, ხოლო უხუცესი იგი ძმაჲ წესითა მსოფლიოჲთა დამპყრობელ ექმნა მამულსა სამკჳდრებელსა და იგივე შეიტკბო ტალანტი, მოღუაწებაჲ უცხოთა და გლახაკთაჲ.
ამისსა შემდგომად მო-რაჲ-იწია ჟამი, წმიდაჲ მამაჲ ჩუენი, ვითარცა ღირსი, ბრძანებითა მიქელისითა პატივითა მღდელობისაჲთა სრულ იქმნა და ღირსებით მსახურ საღმრთოჲსა საკურთხეველისა. და ამან ყოვლად-განთქმულმან და დიდთა ნიშთა მოქმედმან მიქელ აღზარდნა და სრულებად სათნოებისა[დ] აღიყვანნა იგინი, ვინაჲცა ჰხედვიდეს საღმრთოსა მას მოქალაქობასა მისსა და მდინარეთა უმდიდრესთა სწავლათა და ნიშთ[ა] და სასწაულთა დიდთა, მის მიერ აღსრულებულთა, რომელნი შემდგომად სიკუდილისა მისისა აღწერნეს მოწაფეთა მისთა.
ამას რაჲ ყოველსა ჰხედვიდეს წმიდანი იგი, ვითარცა მაგალითთა კეთილთა შთახედვიდეს მსგავსად ჴელოვანთა მხატვართა, და მისმიერთა მადლთა მოღებითა აშენებდეს საფუძველსა ზედა სწავლათა მისთასა არა თივასა [და] ლერწამსა, არამედ ოქროსა, ვეცხლსა და თუალთა ანთრაკთა; ხოლო მის მიერ შეყუარებულ იყვნეს, ვითარცა კეთილად მიმღებელნი სწავლათა მისთანი. ამით ესევითარითა საქმითა აღასრულეს ჟამი მრავალი წინაშე მისსა და ყოვლითურთ მობაძავ მისსა იქმნეს.
IV. ხოლო ჩუენდა ჯერ არს, რათა ნეშტი თხრობისა გულს-მოდგინებით ვისმინოთ, თუ ვითარ მოიწივნეს სანახებთა ქუეყანისა სამცხისათა. ესერა ვთქუათ! რამეთუ იყო რა დიდი იგი მამაჲ და მოძღუარი მიქელ მდგომარე ლოცვასა ღამისასა, განკჳრვებაჲ რაჲმე დაეცა და აღიტაცა ზეცად და იხილა ვინმე, ვითარცა მღდელ-შუენიერად შემოსილი, და ეტყოდა მას, რათა მის მიერ განსწავლულნი იგი მოწაფენი მყის წარავლინნეს ქუეყანად სამცხისად, რომელ არიან სერაპიონ და იოვანე; და უჩუენებდა ნიშთა რათმე და სახეთა, თუ რომელსა მივიდენ ადგილსა, პოონ, მივიდენ რა, სასწაული იგი და მუნ ჴელყონ აღშენებაჲ მონასტრისაჲ და შეკრიბნეს მას შინა სულნი მრავალნი სადიდებელად ღმრთისა და მეუფისა ყოველთაჲსა. და ესე ჩუენებაჲ აქამომდე იყავნ! ხოლო მო-რა-ეგო გონებასა წმიდაჲ იგი, რომელსა მრავალნი ეხილვნეს ნიშნი საღმრთონი, მოუწოდა წმიდათა მათ და შეჭმუნებულითა პირითა ჰრქუა სერაპიონს: «საყუარელო შვილო და ქრისტეს მიერ ძმაო სერაპიონ! ფრიად მძიმედ აღმიჩნდა ბრძანებაჲ ესე, რამეთუ ფრიადცა უყუარს სულსა თანაზრდილობაჲ და უფროჲსღა, რომელნი საღმრთოჲთა სიყუარულითა შეკრულ იყვნენ. აწ ვინაითგან საღმრთოჲ არს ბრძანებაჲ ესე, [გიჴმს] რათა განხჳდე ამიერ და აღაშენო სულთ-სამზრუნველოჲ, სადა იგი გიჩუენოს შენ ღმერთმან». ხოლო მას, ესმა რა წმიდისა მიერ, დავარდა ფერჴთა თანა მისთა და მყოვარჟამ უჴმოდ მდებარე იყო. ხოლო წმიდამან უპყრა ჴელი, აღადგინა და ეტყოდა: «გულპყრობილ იყავ, შვილო, რამეთუ შეუძლებელ არს ბრძანებასა საღმრთოსა მცირედცა წინაგანწყობაჲ, და ესეცა ბრძანებაჲვე არს, რათა რომელი გეტყოდა ჯუარისა ოდენ მარტოდ ტჳრთვასა, იგივე გეტყჳს, რათა ცხოველი ხატი განკაცებისა მისისაჲ იტჳრთო და ეგრეთ განხჳდეთ, რათა აღრააშენოთ წმიდაჲ ეკლესიაჲ, მას შინა აღმართოთ იგი თაყუანის-[ს]აცემელად და სენთა და უძლურთა განმდევნელად და სულთა მრავალთა გამოსაჴსნელად». ესევითარი რაჲ მრავალი ესმა წმიდასა მას, სიტყჳსა წილ ცრემლთა სიმრავლე გარდამოადინა და ჰრქუა: «უკუეთუ სათნო არს, მამაო, წინაშე შენსა, ევედრე ღმერთსა ჩემთჳს, რათა არა განმაშოროს წმიდასა კრებულსა შენსა და მარადის ხილვად წმიდასა პირსა შენსა». ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: «რათა არა დააკლდე საღმრთოსა გჳრგჳნსა მორჩილთასა, ამიერ დააცადენ სიტყჳსგებანი და მზა-ყავ თავი შენი სლვად გზათა და თანამოგზაურ შენდა-ყავ ძმაჲ შენი იოვანე და ორნი ძმათა ამათგანნი». ხოლო აუწყნა ნიშნი, რაჲმე მის ადგილისანი, რათა ადვილად იცნან ადგილნი იგი, რომლისა აღშენებად ბრძანებაჲ მოეღო. და ესეცა ჰრქუა, ვითარმედ "უწყოდეთ, შვილნო რამეთუ სულთა მრავალთა მიზეზ ექნეთ ცხორებად საუკუნოდ, რათა, ვითარცა იტყჳს მოციქული: "ჴმასა მას თანა საყჳრისასა მრავალთა თანა, შენ-ძლით ცხოვნებულთა, წარმოუდგე მეუფესა". ესევითარნი რაჲ სიტყუანი ესმნეს წმიდისა მისგან, არღარა იკადრა წინაგანწყობაჲ, არამედ შეუვრდა ცრემლით და მოწლედ შეიტკბნეს ურთიერთას წმიდათა მათ და აგრეთვე მსგავსად ყოველნი ძმანი და ლოცვაჲ წმიდისა საგზალ თჳსსა ყვეს.
V. ხოლო წარმოემართნეს რა, მათ თანაეტჳრთა ცხოველი ხატი ფერისცვალებისაჲ თანაშემწედ და სასოდ ყოველთა ქრისტეანეთა. ხოლო სლვასა მას მათსა, ვითარცა სამეუფოთა პალატთა, უჭირველად ვიდოდეს, ვიდრემდის მოიწინეს მთასა მას, ვითარცა სიმაღლესა ცისასა აღძრულსა, და დადგეს ადგილსა მას, რომელსა ბერას ჯუარი ეწოდების. ხოლო წმიდამან მან ვითარცა თითითა უჩუენა მათ ადგილი იგი სადა ეგულვებოდა აღშენებჲ მონასტრისაჲ. და ვითარცა შთამოვიდეს დასასრულსა მას ჴევისასა, რომელ არს უტყჳსა, მოვიდეს ადგილსა რასმე ძინძედ სახელ-დებულსა, განიმსტურეს რაჲმე და განიცადეს და იხილეს რამეთუ უდაბნო იყო და შეცვულ ტყეთა და ჴევთა, და შეიყუარეს იგი ძმათა მათ. ხოლო წმიდაჲ იგი ეტყოდა, ვითარმედ «არა არიან სასწაულნი იგი ადგილსა ამას, რომელი გჳბრძანა წარმომგზავნელმან მოძღუარმან ჩუენმან». ხოლო ეგრეთცა ჴელ-ყვეს და იწყეს შენებად მცირე ტალავარი და ადგილი რაჲმე მონასტრისაჲ და დაყვნეს მუნ არამცირედნი დღენი.
ხოლო ეუწყა რა უფალთა მის დაბისათა, ვითარმედ უცხოთა ვიეთმე მონაზონთა ჰნებავს ადგილსა მას აღშენებად მონასტერი, მათ არა ინებეს, რამეთუ იყვნეს ყოვლითურთ მჴეცებრივ, უწირავ და ბოროტ; რამეთუ არა ინებეს კურთხევაჲ წმიდათა მათგან. ამისთჳს ზედამიეტევნეს მათ და, ვითარცა იგი წერილ არს კაცთა მათთჳს ნაზარეველთა, ვითარმედ ”მოიყვანეს ქრისტე წუერამდე მის მთისა, რომელსა ზედა ქალაქი მათი დაშენებულ იყო”, ეგრეთვე წმიდანი ესე [მოიყვანნეს] პირამდე მის მდინარისა, რომელ არს აღმოსავალით ადგილსა მას.
და, წიაღ მოვლეს რა მდინარე იგი, მოვიდეს დასავალით მისსა ვითარ ორ მილიონ, ადგილთა ყოვლად ტყეთა და უვალთა კაცთა მიერ მიმო-რა-ვიდოდეს ჭირით და შრომით ადგილთა მათ ვიწროთა, პოვეს ნიშები და სასწაულები, უწყებული დიდისა მისგან მოძღურისა, და განიხარეს დიდითა სიხარულითა. და გულ-სავსებით მეცნიერ იქმნეს, ვითარმედ არა ცუდ და ამაო არს გზაჲ იგი საჭიროებით სლვისა მათისაჲ. და იხილეს რაჲმე ბორცჳ მცირე, უმაღლესი სხუათა მათ ადგილთაჲ, და აღმოსავალით ბორცუსა მას წყალი აღმომცენარე, მდინარი და შუენიერი, რომელი-იგი გულსავსე ჰყოფდა წადილსა მას მგზავრობისასა. ხოლო მიმოგანიმსტურეს და იხილეს და არა იპოვა ადგილი ველოანი და ფართოებით შემწყნარებელი მათი. და უბრძანა წმიდამან მან, რათა საშუალ წყაროსა მას და ბორცუსა მოიქმნას ადგილი და აღეშენოს მცირე ტალავარი, რომელი ექმნა მათ შემწყნარებელ უცხოებისა მათისა, და რათა ცხოველ[ი] იგი ხატი მას შინა თაყუანის იცემებოდის მათ მიერ.
VI. ხოლო ჩუენ აქა წარვმართოთ სიტყუაჲ და განცხადებულად წარმოუჩინოთ სიყვარულსა თქუენსა, თუ ვითარ იყო ადგილსა მის წარმართებაჲ, ანუ ვინ იყო კაცი იგი, რომელმან ყოველივე, ვითარცა ღმრთისა-მიერითა ბრძანებითა, კეთილად წარუმართა მათ.
რამეთუ იყო ვინმე მთავარი დიდი და წარჩინებული ქუეყანასა ამას, რომელი ყოველთა ჰმატდა სიმდიდრითა და სიმრავლითა ერთა და აგარაკთაჲთა, რომელთა სივრცე საზღვართ-ვრცელ და მრავალ იყო; და არა თუ ქუეყნიერთა და ქუემეთრევთაგან მდიდროოდა, არამედ ღმრთის-მსახურებით ცხორებულთაცა ყოველთა ერეოდა და, ვითარცა იობისთჳს წერილ არს, "ჭეშმარიტ, მართალ და უბრალო”, ესევითარი ესე კაცი იყოფვოდა და მრავალთა ტაძართა და კარავთა იქცეოდა, რომელსა სახელი ეწოდა გიორგი, მეორედ ჩორჩანელი, რომლისა ტაძარნი შენ-იყვნეს სანახებსა ჩორჩანისა და ზანავისასა.
ხოლო უმრავლესთა ჟამთა ინადირობნ იგი ადგილთა მათ ცხროჭა წოდებულთა, რამეთუ იყო მუნ სიმრავლე თხათაჲ და სხუათა ნადირთა ველურთაჲ, და არეთა მათ ეშენა სახლი, რომელ, [უკუეთუ] ოდესმე ეწიის ღამე, სადგურ ყვიან მას შინა სიბნელისათჳს ღამისა და უვალობისა და სიჴშოჲსა ტყეთაჲსა.
და იყო, რაჟამს დაიბანაკეს წმიდათა მათ ადგილსა მას ზემოჴსენებულსა, ქმნეს [ტალავარი] მახლობელად ბორცუსა მას და აღაგზნეს ცეცხლი და აჴდა კუამლი დიდძალი. ხოლო ვითარცა იხილა გიორგი მორწმუნემან, იყო რა მდევარ ნადირთა, განკჳრდა ფრიად და ჰრქუა წინაშემდგომელთა: “ვინაჲ არს ადგილსა მას სიჴშოჲ კუამლისაჲ, ანუ თუ ვის რად უჴმს ცეცხლი? უკუეთუ ვინმე ეძიებს ნადირთა, რად კადნიერ და ურცხჳნო ქმნილ არს? დაღათუ სხუაჲ საჭირო რაჲ ვის უჴმს, ჩუენ ვითარ არა მეცნიერ ვართ?”; არამედ ვერავინ მისცა პასუხი. ვინაჲცა მყის უბრძანა ერთსა ვისმე მონათაგანსა: ”და წარვედ მსწრაფლ”, ჰრქუა, „და ზედამიწევნით ცან ძალი საქმისაჲ ამის და მაუწყე ჩუენ, თუ რაჲმე არს სახილავი ესე”.
ხოლო წარვიდა მყის ყრმაჲ და ჭირით და შრომით მიჰყვა კუამლსა მის ცეცხლისასა. ხოლო ვითარცა მიიწია მუნ, იხილა ტალავარი იგი და კაცნი შემოსილნი ხალენებითა უცხოჲთა მეუდაბნოეთაჲთა. განჰკრთა უკუე კაცი იგი, ხოლო იგინიცა განკჳრდეს. და მივლინებული იგი ჰკითხვიდა ვინაობასა, ანუ რაჲმე არიან საქმენი მათნი, რომელნი ესევითარითა სიგლახაკითა იხილვებიან და ესევითარსა ამას უღუაწსა ადგილსა იხილვებიან? ხოლო მათცა მიუგეს და ჰრქუეს: “და, საყუარელო, შენ უკუე ვინ ხარ, ანუ რად გიჴმს ზედამიწევნით ცნობაჲ ჩუენისა ვითარებისაჲ”? და კაცი იგი ეტყოდა: “მთავრისა ვარ მე დიდისა, რომლისა სახელი გიორგი, რომლისა მიერ მოვივლინე მე, რამეთუ დაუკჳრდა ესევითარსა ამას ადგილსა კუა[მ]ლი ცეცხლისაჲ და ყოვლად ყოფაჲ კაცისაჲ”.
ხოლო წმიდასა მას ვითარცა ესმა, რამეთუ მთავარ არს და უფალ ადგილთა მათ, გამოიკითხა გამოწულილვით ყოველი საქმე მისი. და, ვითარცა ცნა ზედამიწევნით, ვითარმედ უფალ არს მათ ადგილთა და მპყრობელ ყოველთა მათ სანახებთა, მეყსეულად იწყო წმიდამან სერაპიონ და მყის წარმოუთხრა პირველითგან ვიდრე მუნ ჟამადმდე, თუ რომლისა მიზეზისათჳს მოიწინეს ადგილსა მას და ვითარმედ ეგულვების აღშენებაჲ მონასტრისაჲ და ესეცა შესძინა, ვითარმედ “ბრძანებაჲ არს საღმრთოჲ და მოწაფენი ვართ ნიშთა და სასწაულთა მიერ განბრწყინვებულისა მიქელ პარეხელისანი”.
და ვითარცა ესმა ესე ყოველი კაცსა მას და რაჲ იგი იხილა, ყოველი მიუთხრა დიდსა მას მთავარსა და ყოველთა წინაშემდგომელთა, ხოლო იგინი მთავრითურთ შიშმან და განკჳრვებამან შეიპყრნა და საოცარ რაჲმე ჰგონეს საქმე იგი. ხოლო კაცი იგი ეტყოდა მათ, ვითარმედ “კაცნი მინახვან ყოვლად ჴორცითა მყოფნი, ხატითა და სახითა მონაზონთაჲთა და არა საოცრად, არამედ ცხადად”. ხოლო განთენა რა, კუალად უბრძანა მთავარმან ორთა საკუთართა თჳსთა და გონებითაცა ფრთხილთა, რაჲთა ზედამიწევნით ცნან ყოველივე.
ხოლო წარმოვიდეს კაცნი იგი, და ვითარცა მოიწინეს წინაშე წმიდისა მის მამისა, იხილნა იგინი და გულისხმა-ყო, რამეთუ მთავარნი არიან და საკუთარნი დიდისა მის მთავრისანი, მიეგება და მოწლედ მოიკითხნა წმიდამან მან და წინაშე ხატსა წარავლინნა. და თაყუანი-სცეს რა და იკურთხნენ და განიხარეს დიდად ფრიად, მაშინ ჰრქუეს მთავართა მათ წმიდასა სერაპიონს და სხუათა მათ ძმათა: “ვჰმადლობთ ღმერთსა, წმიდანო მეუფენო, რომელმან ჟამთა ამათ მოხედვა-ყო ჩუენ ზედა და ქუეყანასა ზედა გჳჩუენნა კაცნი ზეცისანი, ხოლო აწ გულ-სავსე გუყვენით ჩუენ, თუ რომლისათჳს ჯერ იჩინა სიწმიდემან [თქუენ]მან მოსლვაჲ უღუაწთა ამათ და უვალთა ადგილთა”?! მაშინ წმიდამან მამამან სერაპიონ სახე პატიოსნისა ჯუარისაჲ გამოსახა და სულთ-ითქუნა სიღრმით სულისაჲთ და ესრეთ ჰრქუა მათ: “ჩუენ, საყუარელნო, დაღაცათუ ცოდვილ[ნი] ვართ, კაცნი ვართ ქრისტეანენი და გურწამს ქრისტე ღმერთი, ჩუენისა ცხორებისათჳს განკაცებული, და მოველით აღდგომასა ყოველთასა და წმიდათათჳს განმზადებულსა ნეტარებასა, რომელ არას ვიტყჳთ გარეგან ჭეშმარიტებისა, რამეთუ მოწაფენი ვართ დიდისა მის და განთქუმულისა მიქელ პარეხელისანი და ბრძანებითა საღმრთოჲთა მის მიერ წარმოვლენილნი, რათა ადგილსა ამას აღვაშენოთ შესაკრებელი ცხოვართა პირმეტყუელთაჲ” და ყოველივე წარმოუთხრა შემდგომითი შემდგომად.
ხოლო მათ, ვითარცა გულისხმა-ყვეს, რამეთუ ჭეშმარიტ არიან სიტყუანი მათნი, სახელი დიდისა მის მოძღურისაჲ ესმა, თაყუანისცეს ხატსა მას ცხოველსა და წმიდანი იგი მოიკითხნეს და წარემართნეს და მიიწინეს, რათა წინაშე გიორგი ღმრთის-მსახურისა ყოველივე ხილული და სმენილი წარმოუთხრეს. ხოლო მას, ესმა რა, ვითარმედ მოწაფენი მიქელისნი არიან, ირწმუნა ჭეშმარიტებაჲ სიტყუათა მათთაჲ და განიხარა და წარვიდა სახიდ თჳსა და სურვიელ იყო ხილვასა მათსა.
VII. ხოლო შემდგომად სამისა დღისა უბრძანა, რათა მზა-ყვნენ გზანი, მიმყვანებელნი ადგილსა მას, რომელსაცა იყვნეს წმიდანი იგი. და აღეკაზმა და აღიღო მცირედი რაჲმე ევლოგიაჲ, რომელი შეეტყუებოდა კაცთა მათ მეუდაბნოეთა, და მის თანა წარიყვანნა ხუცესნიცა საცეცხურ-საკუმეველებითა და წარავლინნა წინაჲთ მკჳრცხლ-მავალნ[ი], რათა განჰმზადებდენ გზათა.
და მიიწინეს ადგილსა მას, რომელსა წმიდანი იგი იყვნეს; ხოლო ცნეს რაჲ წმიდათა მათ, მყის წინა მიგებნეს მთავარსა და, სადა-იგი წყარო [არს], განვიდეს ადგილსა მას, ვინაჲცა გარღაჰჴდა საჴედარსა და შეუვრდა ხატსა მას ცხოველსა, და ეგრეთვე წმიდანი იგი მოიკითხნა და იკურთხა მათ მიერ. მაშინ მიუგო მთავარმან მამათა მათ ნეტართა და მდუღარითა სულითა ეტყოდა. «და ვჰმადლობ ღმერთსა და მეუფესა, ჵ წმიდანო, რომელმან არა უგულებელს-ყო უღირსებაჲ ჩუენი და დღეთა შინა ჩემსა-ყო ჩემ თანა სასწაული, რომელმან აწ ღირს მყო ყოვლად არაღირსი ესე პირველად თაყუანის-ცემად ცხოველსა ხატსა მისსა და მერმე წმიდათა პირთა თქუენთა».
ხოლო სანატრელი სერაპიონ აღივსო სულითა წმიდითა და მსგავსად მდინარისა აღმოადინებდა თაფლ-მწთოლვარითა მით ენითა სწავლათა საღმრთოთა და, ვითარცა მდინარე ედემისაჲ, აღმოუწყაროოდა ოქრო-ნაკადულით პირით მისით, რომლისათჳსცა განკჳრდა მთავარი იგი და ყოველნი წინაშემდგომნი, რომელნი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და ეტყოდეს: «ვითარცა ერთი მოციქულთაგანი, ქრისტემან მოგავლინა, აწ უკუე ჯერისაებრსა ყოფად გჳბრძანებდი, მამაო». და წმიდათა მათ ძალისაებრ ჰრქუეს: «არა ყოვნებად საღმრთოსა ბრძანებასა! ვინაჲცა ჯერ-არს ადგილსა ამას აღშენებად მონასტერი შესაკრებელად სულთა ღმრთის-მოყუარეთა».
ხოლო მთავარი იგი შეუვრდა მათ და ეტყოდა: «გევედრები, ჵ წმიდანო, ნუ დაამძიმებთ ჩემ ზედა სათხოველსა, რამეთუ აჰა ესერა ჰხედავთ, ვითარ ყოვლითურთ უქმ და უღუაწ არს ადგილი ესე და ყოვლად უღონოდ გხედავ თქუენ, მსგავსად მოციქულთა. ხოლო ვინაჲთგან ღმერთსა მოღუაწედ ჩემდა მოუვლინებიეთ, საქმენი ესე, რომელთა იტყჳთ, თჳნიერ ჩემსა არა წარემართებიან. აწ უკუე არს ადგილი, რომელი მარჯუე არს და მომზავებელ ამათ საქმეთა, ვინაჲცა ბრძანენ სიწმიდემან თქუენმან, რათა მუნ აღვაშენოთ მონასტერი, რამეთუ აქა შეუძლებელ არს ყოვლად რაჲსაცა ეგევითარისა საქმედ».
ხოლო წმიდაჲ იგი ეტყოდა მას: «ღმერთმან, რომელმან უბრძანა მოსეს კუერთხითა განპებაჲ ზღჳსაჲ და კუალად უდაბნოსა კლდისაგან უღაღისა აღმოცენებად წყალი, და მოღებასა საზრდელისასა უწჳმა მანანაჲ ერსა, ვინაჲ იგივე არს აქაცა, რომელმან ძნელოვანნი ადვილ-ყვნეს. ჯერ-ჩინებითა შენითა და შეწევნითა საღმრთოჲთა [ჴელ-ვყოთ შენებად], ხოლო შეუძლებელ არს, რათამცა ბრძანებასა საღმრთოსა წინა-განვეწყვენით და ადგილი ესე სხუად ვცვალეთ, რამეთუ ნიშნი და უწყებანი ადგილსა ამას უწამებენ».
ხოლო მთავარმან, «ეგებისა ესე», ჰრქუა, «მამაო. რაჲთა კაცმან ნეფსით თავი ჭირთა მისცეს და უკუანაჲსკნელ მოკიცხულ და მაშურალ იპოოს ცუდად»?
ხოლო წმიდაჲ იგი ეტყოდა: «გონიერად ისმინე, მთავარო, იგავი ესე, რამეთუ მარგალიტნი და თუალნი პატიოსანნი მიმოგანბნეულ რა იყვნენ თანააღრევით მიწასა, არა ესრეთ ბრწყინვენ წინაშე თუალებსა ხილვის-მოყუარეთასა, ვითარ-იგი რაჟამს გამოიჴურვნენ და განწმდენ და ოქროთხზულებით შეიწყვნენ კეთილთა მიერ მჭედელთა, მაშინღა გამოჩნდეს ბრწყინვალებაჲ მათი და იქოს მუშაკი და შუენიერებაჲ მათი; ეგრეთვე ადგილი ესე: რაჟამს ჴელ-ყონ ჴელოვანთა მუშაკთა, მაშინ იხილოს თუალმან მხილველთამან შუენიერებაჲ ადგილისა ამის. ვინაჲცა ნუ გუაიძულებ დატევებად ადგილსა ამას და სხუად ცვალებად, რამეთუ ესე ვერ ეგების ჩუენ მიერ».
ესე რაჲ ესმა მთავარსა, თავი მოიდრიკა და დადუმნა; ამისსა შემდგომად აღდგა, ილოცა და ჰრქუა მათ: «ლოცვა-ყავთ ჩუენთჳს, წმიდანო, რამეთუ მე არა მშურს ადგილი ესე, ხოლო სხუად თანალმობაჲ და შეწევნაჲ ყოვლად შეუძლებელ არს». და მოჰგუარეს მას საჴედარი და წარვიდა, და ეტყოდა და ჰრქუა წმიდათა მათ: «არა თურე ღირს ვიყავ ლოცვასა თქუენსა»! და წარვიდა მწუხარე.
და ვითარცა მივიდა მდინარესა მას, წინაშე მათსა მყოფსა, იხილა მცირე რაჲმე კლდე, და გარდაჰჴდა მას ზედა და დაჯდა და მოუწოდა ერთსა ყრმათაგანსა და ჰრქუა მას: «მივედ, ძმაო, და არქუ წმიდათა მათ, რაჲთა მოვიდენ ადგილსა ამას». ხოლო ვითარცა წარგზავნა იგი, ჰრქუა თჳსთა საკუთართა: «ვინაჲთგან არა ინებეს წმიდათა მათ ადგილთა მათ ზანავისათა, რაჲთამცა მუნ გუეშენა უდაბნოჲ დიდი და მაღალი, აწ უკუე რაჲ ჯერ-არს ყოფად»? ხოლო მათ ჰრქუეს: «რაჲთა არა დავაბრკოლოთ გულსმოდგინებაჲ მათი!»
ხოლო მთავარმან ჰრქუა: «საღმრთოჲსა ძალისა განუგებელად არა არს საქმე ესე კაცთაგან, ამისთჳსცა ჯერ არს, რაჲთა ძალისაებრი ვაჩუენოთ შეწევნაჲ». და ვითარცა მოიწინეს წმიდანი იგი ადგილსა მას, კუალადცა ეტყოდა მათ მთავარი იგი: «გევედრები, წმიდანო ღმრთისანო, რაჲთა ერთი მომმადლო მე: რამეთუ არიან ადგილნი მრავალნი და კეთილნი და ნაშენებითა ღონიერნი და იხილნეთ იგინი, და უკუეთუ დიდად მოაშუნდეს სულსა თქუენსა, აჰა ადგილნი და შესავალნი და ყოველნი საჴმარნი უხუებით»! ხოლო ნეტარმან სერაპიონ კუალადცა ჰრქუა: «მსგავსად მოციქულისა ვიტყოდი: უკუეთუმცა ანგელოზი მახარებდა გარეშე მისსა, რომელი გუეხარა, არა გურწამს».
მაშინ გიორგი მოუწოდა ვისმე ჭაბუკსა ჰასაკითა, რომელ არს ძალითა, და ჰრქუა: «შვილო საყუარელო, გზა-ჰყევ წმიდათა ამათ და ხვალე განთიადითგან ვიდრე მწუხრამდე [რაოდენი] შემოწერით შემოვლონ, მიმიცემიეს მათდა, ვინაჲთგან ადგილსა ამას წადიერ არიან; და უკუეთუ ვინმე იპოოს დამახრწეველი მათდა უცხოებისათჳს, ყოველთავე აუწყე, ვითარმედ თავისუფლებით და ნებისაებრ აშენებენ მონასტერსა საბრძანებელსა შინა ჩუენსა». ხოლო წმიდათა მათ მამათა ეტყოდა: «გულ-პყრობილ იყვენით, ვითარმედ ყოვლითა ძალითა თანაშემწე თქუენდა ვარ მე და მზრუნველ, და არავინ წინააღმდგომ ჩუენდა არს ადგილთა ამათ, რომელთა გეგულვების დაპყრობად, ხოლო შემდგომად სამისა დღისა კუალად გიხილნე, უფალსა თუ ენებოს». ვინაჲ წმიდათა მათ განიხარეს ფრიად და მადლობაჲ აღუარეს. და მთავართა [მათ ღამე] იგი კლდესა მას ზედა განათიეს.
და ესეცა სიტყუაჲ ჭეშმარიტ არს, მოწევნული ჩუენდა, ვითარმედ ხილვაჲ ანგელოზისაჲ იხილა ღამესა ამას, რომელი განაძლიერებდა მას და გულს-მოდგინებით შრომად უბრძანებდა, რომლისათჳსცა შემდგომად ორისა დღისა შექმნნა ორნი ჯუარნი წმიდამან მან ჴელითა თჳსითა და კლდესა მას ზედა აღმართნა სახელსა ზედა წმიდათა მთავარანგელოზთასა. ხოლო უკუანაჲსკნელ მცირე ეგუტერიცა აღეშენა, რამეთუ ნიშნი და კურნებანი სნეულთანი იქმნებოდეს საღმრთოჲსაგან მადლის[ა] წმიდათა მათ მთავარანგელოზთაჲსა.
VIII. ხოლო ჩუენ კუალად აღვიდეთ პირველსავე სიტყუასა და ძალისაებრ ვიპყრათ წესი თხრობისაჲ. რამეთუ გან-რაჲ-ათიეს ღამე იგი და მზე აღმობრწყინდებოდა, აღდგა წმიდაჲ იგი და ძმაჲ მისი იოვანე და ერთი ძმათა მათგანი, რომელთა რიცხჳ ექუს იყო, და წარემართნეს ჭაბუკისა მის თანა სამნი იგი და სამნი დაეტევნეს ადგილსა მას. ხოლო იწყეს სლვად პირსა მის მდინარისასა დასავალით კერძო და, ვითარ ვლეს, მიიწინეს შესაკრებელსა ორთა მათ წყალთასა.
ხოლო იყო მუნ წისქჳლ, სახლი რაჲმე, შესაკრებელსა მას შუა წყალთასა, რომელსა საძმო ეწოდებოდა. და ამას შინა იყვნეს კაცნი რაჲმე უკეთურნი, ყოვლად მჴეცებრივნი, ვითარცა ადგილისა უკაცოჲსა და უცხოჲსანი. და ვითარცა მივიწიენით ადგილსა მას, მაშინ ჭაბუკი იგი, მოძღუარი ჩუენი გუეტყოდა: «წმიდანო ღმრთისანო, საჲთ გნებავს სლვაჲ»? ხოლო ჩუენ გუენება, რათა გარეშეწერით შემოვვლოთ სიმგრგულე მათ ადგილთაჲ, ვინაჲ პირი სამხრით ვიქციეთ თანა-აღყოლად ერთისა მის მდინარისა. ხოლო გჳხილნეს რა კაცთა მის დაბა-წისქვილისათა, იწყეს, ყენებად ჩუენდა და, ვითარცა ცოფნი, წინა რბიოდეს. ხოლო ჭაბუკი იგი აყენებდა მათ და რისხვით უთქუმიდა; რომელთაცა მიექცა წმიდაჲ იგი და რისხვით ეტყოდა წინაჲსწარმეტყუელებით: «ვიხილე უღმრთოჲ აღმაღლებული ნაძუთამდე ლიბანისათა და თანაწავჰჴედ და არა იპოვა ადგილი მისი». ხოლო შენ იხილე საყუარელო, თუ ვითარ საღმრთო[ჲთა] სულითა სავსე იყო წმიდაჲ ესე, ანუ თუ რასაღა მოასწავებდა კაცთა მათთჳს სიტყჳთა საწინაჲსწარმეტყუელოჲთა! არამედ შემდგომად მცირედისა მოოჴრებასა და სრულიად უჩინო-ყოფასა ადგილისაგან მათისა, რომელი იგი შემდგომად მცირედისა დრო-მეც, საყუარელო, და სიტყუამან წარმოგიჩინოს.
ხოლო აწ პირველსავე შევეხნეთ თქუმად. რამეთუ აღვჰყევით პირსა მის მდინარისასა და მივიწიენით ჴევსა რასმე ღრმასა და უღაღსა, რომელსა გოდერძისა ეწოდების, და ფრიად ძლით შევედით მას შინა, ვინაჲცა სიჴშოჲსა მისგან მყოვარ-ჟამ ვერღარა ვიხილეთ ცაჲ ანუ მზისა შარავანდედი, რომლისათჳსცა ჭირით და შრომით დაყოვნებულნი, ვითარცა სიზრქით ალმურისაჲთ ანუ სიღრმით უყისაჲთ აღმოშობილნი, აღვედით თავსა მის ჴევისასა და ვიხილნეთ მცირენი რაჲმე ყანობირნი და მცირე დაბაჲ. და მყის მიერ მოგუეგება კაცი ვინმე კეთილი, მჴცოვანი, და მოწლედ მოიკითხვიდა წმიდასა მას და აწუევდა, რათა მცირედ განისუენოს შრომისა მისგან. რამეთუ განსმენილ იყო მოსლვაჲ ჩუენი ყოველთა მათ სანახებთა და გუკითხვიდა კაცი იგი, თუ რად გჳჴმს უგზოთა და უვალთა ადგილთა სლვაჲ, ხოლო ჭაბუკმან მან იცნა იგი და ყოველივე საქმჱ ჩუენი ზედამიწევნით მიუთხრა. და ვითარცა მრავალ-გზის გუევედრებოდა კაცი იგი, რათა ღამესა მას სავანე ვყოთ სახლსა მისსა, წმიდამან მან მადლობით მიითუალა კეთილი იგი გონებაჲ მისი და ჰკითხა სახელი და ჰრქუა, ვითარმედ «შეუძლებელ არს არამისლვაჲ ჩუენი ადგილსა მას დროსსა». და კაცი იგი ეტყოდა: «სახელი ჩემი ია, ხოლო დაყოვნებულ თქუენდა [არს] ადგილსა მას მისლვაჲ, რომელსა იტყჳთ». ვინაჲ წმიდაჲ იგი ეტყოდა: «საყუარელო ძმაო ია, შრომაჲ თავს იდევ ღმრთისათჳს და მცირედ თანამოგზაურ მექმენ ჩუენ». ხოლო მოიღეს მცირედ პური და მარილი და ყველი და, რომელთა ენება, ჭამეს, ხოლო წმიდასა მას ყოვლად არარჲსა გემოჲ უხილავს.
ხოლო კაცი იგი ია თანა-მოგზაურ გუექმნა ჩუენ და წარვემართენით აღმოსავალით კერძო და ვიდოდეთ ქედთა რაჲმე მაღალთა, ტყიანთა და ლოდოანთა. და ვითარცა აღვედით უმაღლესთა ადგილთა, ჰკითხა მას კაცსა წმიდამან მან: «საყუარელო ია, რაჲ ეწოდების ადგილსა ამას?». ხოლო იგი ეტყოდა: «რამეთუ არს ესე შესაკრებელი ნადირთა ველისათა, ბაკთა ეწოდების». ხოლო წმიდამან მან აღიღო ჴელითა თჳსითა ორთოჴი რკინისაჲ და გამოქანდაკნა ჯუარნი ლოდთა რათმე ზედა დიდ-დიდთა, რომელნი-იგი იხილვებიან ვიდრე დღენდელად დღემდე.
კუალად მიიხილა წმიდამან და იხილა აღმოსავალით კერძო ქედსა ზედა მას ტბაჲ, აღრეული ლალითა, რომელი-იგი სახედ მწჳრისა იხილვებოდა. და გჳკჳრდა ჩუენ ფრიად და ვჰკითხეთ კაცსა მას: «რაჲ არს ადგილი ესე უცხოჲსა ამის წყლისაჲ?». ხოლო ია მომიგო ჩუენ: «ესე არს ტბაჲ მრღჳე ყოვლადვე, რომელსა ეწოდების სათაჴუე, და არს ამას შინა სიმრავლე თაჴუთაჲ [და] სხუათა ნადირთაჲ და [არს] დედა შფოთთა და ბრძოლათაჲ რამეთუ ჟამსა ამას აქა იხილვებიან მდევარნი ნადირთანი, შეკრებულნი თჳთოეულთა სანახებთანი და ურთიერთას მდევარნი საქმეთა უჯეროთანი, რომელნი კლვადცა მზა არიან თჳთოეულისა».
და ვითარცა წარვემართენით ტბისა მის მიმართ, კაცი იგი ია შეუვრდა წმიდასა და ღმერთსა მადლობასა აღუარებდა ხილვისათჳს ჩუენისა და ესრეთ გუეტყოდა, რათა ყოვლადვე უბრძანებდეთ, უკუეთუ რაჲ გუენებოს მის მიერ. ხოლო წმიდამან ჰრქუა მას: «ნუ წარხუალ ჯერეთ, ძმაო, რამეთუ ჭაბუკი ესეცა უმეცარ არს ადგილთა ამათ». და ია ეტყოდა: «ქრისტემან მომმადლოს, რათა მარადის ვიყოფვოდე სიწმიდისა თქუენისა თანა, მამაო».
და ვითარცა შთავედით პირსა მის ტბისასა, ვჰკითხეთ კაცსა მას ჟამი დღისაჲ. ხოლო მან მომიგო: «მწუხრ არს და მიდრეკილ დღე”, ხოლო წმიდამან მან მიუგო: «რაჲ არს იმიერით ქედთა ამათ ტყიანთა, ანუ სიმაღლე დიდისა ამის მთისაჲ, რომელ არს ზემოჲთ ჩუენსა?» და მან მიუგო: «მთაჲ ესე მაღალი არს თავი ყოველთა ამათ ქედთაჲ, რომელსა ჰრქჳან თავი შეშათაჲ, რამეთუ თავი არს ყოველთა ამათ მაღნართაჲ, ამისთჳს შეშის-თავ ეწოდების და უვალ [არს] კაცთა და პირუტყუთა სიმაღლისათჳს მისისა. ხოლო წინაჲთ ჩუენსა არიან ადგილნი მცირედ კაცრიელნი, და აწ, ვინაჲთგან მოსწრაფე ხართ, რათა ადგილსა მას დროსსა მიხვიდეთ, არა ჯერ-არს ყოვნებად, რაჲთა არა უჟამოდ გეწიოს ღამე».
ვინაჲცა ენება წმიდასა მას, რათა ტბაჲ იგი მარჯუენით წარვლოთ და წარვიდეთ ღელეთა მიერ, რომელნი იყვნეს წინაშე ჩუენსა. და ვითარცა ვიდოდეთ, აჰა ესერა მოვიდეს ვინმე კაცნი უკეთურნი, რომელნი გუეტყოდეს, რაჲთა დავაცადოთ სლვაჲ კერძოთა მათ, რომელთა მიგუემართა, რამეთუ ჟამი არსო ნადირთაჲ, რომელნი მოვლენ ტბასა ამას, რამეთუ მზა არიან მონადირენი ადგილთა ამათ, რათა არა იქმნას ცთომა მათი თქუენ მიერ. და არა გჳტევნეს რაჲთურთით წარსლვად კერძოთა მათ. და ჭაბუკი იგი, მოძღუარი ჩუენი, ძლიერად წინააღუდგებოდა მათ, და არა იყო მათ თანა სმენაჲ, არამედ გარე-უკუ-მოგუაქცინეს და პირი იგი ზღჳსაჲ მის დასავალით წიაღვლეთ, მოვედით თავსა შთასავალისა მის ქედისასა, რომელ არა იყო ყოვლად კუალი მგზავრობისაჲ და არცა გზაჲ. ხოლო კაცი იგი ია გჳჩუენებდა მცირესა რასმე დაბასა და სახელ სდებდა კაცსა სახელოანსა და კეთილსა, რომელსა ეწოდა გარბანელი, და გუეტყოდა: «მივედით ადგილსა მას ამის იწროჲსა მიერ გზისა და კაცმან მან ადვილად მიგიყვანნეს ადგილსა მას, სადაჲთ იქმნა წიაღსლვაჲ თქუენი განთიად».
IX. არამედ, საყუარელნო ძმანო და გულს-მოდგინედ სმენის მოყუარენო მამანო, უმეტესად ჯერ-არს ჩუენდა, რათა ვისმენდეთ საკჳრველთა ამათ საქმეთა და ვადიდებდეთ ღმერთსა, რომელმან ესევითარი მოგუმადლა ჩუენ მამაჲ და მოძღუარი. და ვითარცა მოვედით ადგილსა მას, რომელსა ბაბგენ უწოდიან, და ვიხილეთ მცირე ველი ადგილსა მას ბობხა წოდებულსა, გჳთხრა ჩუენ ია ყოველივე კაცისა მისთჳს გარბანელისა. მაშინ ია შეუვრდა წმიდასა და მოწლედ მოიკითხა. ხოლო წმიდამან მან ჯუარი დასწერა და ეტყოდა მას: «ღმერთმან მოგაგოს ნაცვალი მგზავრობისა შენისაჲ, ძმაო! ხოლო გეტყჳ შენ, რამეთუ ადრე იხილო მისაგებელი კაცთა მათ ბოროტთა და შფოთის-მოყუარეთაჲ».
ხოლო ვითარცა იგი განგუეშორა და წარმოვიდა, ჩუენ შთამოვედით შთასაქანელსა მას, ვითარცა წყალთასა, და ვითარ მოვედით დაბასა მას, აჰა ესერა ზემო კაცი იგი ჴსენებული მივიდოდა სახიდ თჳსად ორთა თანა ძეთა მისთა, და ვითარცა გჳხილნა ჩუენ ესევითარითა რაჲთმე სახითა, განჰკრთა და მოწლედ განგჳკითხვიდა და განგჳხილვიდა ჩუენ. და ვითარ ცნა, ვითარმედ იგინი არიან, რომელნი მოსრულ არიან ადგილთა ამათ აღშენებად მონასტრისა, და იხილა რა, ვითარ-იგი არღარა იყო ჩუენ თანა სახე სამოსელთა ჩუენთაჲ და ყოვლითურთ დაბძარულ იყვნეს ასონი ჩუენნი, მაშინ ცრემლით მოეხჳა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მის წმიდისათა.
და ესრეთ იხილა რა წმიდამან მან კაცი იგი, ეტყოდა: «საყუარელო და ქრისტეს მიერ ძმაო გარბანელო, აწ აჰა ესერა მცირედ თანალმობით შეეწიე მგზავრობასა ჩუენსა და რათა წარგჳძღუე ვიდრე მდინარემდე, რომელ არს ჩრდილოჲთ ჩუენსა». ხოლო იგი გულს-მოდგინედ და ცრემლით ეტყოდა, ვითარმედ «არა ეგების ეგე წმიდაო ღმრთისაო, რამეთუ ესერა დასლვასა მზისასა ღმერთმან მოგიყვანნა ცოდვილისა მონისა თქუენისა, და ვხედავ წყლულებასა ფერჴთა თქუენთასა და [გევედრები], რათა მცირედ განისუენოთ მაშურალობისაგან მგზავრობისა თქუენისა და რათა ზედამიწევნით ვცნა, უკუეთუ რაჲ არს ესოდენი ესე მდუღარებაჲ სულისა თქუენისაჲ, რომელ ესრეთ გაიძულა დადებად სული უღაღთა ამათ და უვალთა გზათა სლვად». წმიდამან ჰრქუა მას: «შეუძლებელ არს ჩემგან, რათამცა არა მივედით ადგილსა მას განჩინებულსა». ხოლო შერბიოდა შინა კაცი იგი და კუალად გამოვიდა თანა მეუღლითურთ; მსგავსად სარეფთელისა და სომანიტელისა შეუვრდეს ფერჴთა წმიდისათა, და ვითარ ვერ არწმუნეს, მაშინ ჭაბუკი იგი, მოძღუარი ჩუენი, შეუვრდა ძმასა მისსა იოვანეს და ეტყოდა: «აჰა ესერა, არა დაშთომილ არს სული ჩუენ თანა, დავემორჩილნეთ კაცსა ამას, რამეთუ არღარა არს ჟამი სლვისაჲ». ხოლო წმიდაჲ იგი ეტყოდა: «რომელმან იგი გაბაონს ისო ნავესა დაუყენა მზე და კუალად წმიდასა მას ბერსა ბესარიონს, ამანვე და ჩუენცა ღირს მყვნეს მზესა ამას თანა ხილვად და თაყუანის-ცემად წმიდასა ხატს მისსა».
მაშინ წარმოუძღუა კაცი იგი და წარმო-რა-ემართნეს, ჭაბუკმან მან ჰრქუა წმიდათა მათ: «ლოცვა-ყავთ ჩემთჳს, წმიდანო, რამეთუ ხვალე, ინებოს თუ ღმერთმან, შევემთხჳო წმიდათა ფერჴთა თქუენთა». ვინაჲცა ესე განგებულებით იქმნა, [რათა] თანა-ეწამოს იგი დიდებულსა მას სასწაულსა, რომლისა შემდგომად მცირედისა ეგულვების სიტყუასა წარმოთქუმაჲ.
და ვითარცა წარმოვედით, იპოვა წინაშე ჩუენსა გზაჲ რაჲმე იწროჲ და ძნიად საჭირველი, ხოლო გარბანელმან უბრძანა ძესა თჳსსა, რათა თანა-გზა-მყვეს ვიდრე პირამდე მდინარისა, რომელსა, შთავედით რა და აღმავალნი კუალად გჳხილნეს ძმათა მათ, მოგუეგებნეს. ხოლო შენ, საყუარელო, განიხილეღა საკჳრელი ესე, რამეთუ რაჟამს კაცისა მისგან წარმოვედით და ვიდრე მოსლვამდე ჩუენდა კუალად ეგო ადგილსა მას სიტყჳსაებრ წმიდისა, რომელი ესე გჳკჳრდა, და ვადიდებდით ღმერთსა, მადიდებელსა მისთა.
ხოლო გჳხილნეს რაჲ ძმათა მუნ მყოფთა, ცრემლოოდეს ჩუენ ზედა, რამეთუ სამოსელი ჩუენი ყოვლად არღარა იყო და ფერჴნი ჩუენნი დაჯეჯკილ და დაბძარულ იყვნეს და მცირედ რაჲმე ნუგეშინის ვიცით საზრდელი, რომელი პოვა მათ თანა.
ხოლო განთენა რა, შევწირენით ლოცვანი და მოიღო წმიდამან მან ჴელითა თჳსითა შეშაჲ, და, ვითარცა პირველ ვთქუთ, შექმნნა ჯუარნი და აღმართნა სახელსა ზედა წმიდათა მთავარ-ანგელოზთასა. და ვითარცა იყო ჟამი სამჟმისაჲ, ვილოცევდით რა ადგილსა მას, აჰა ესერა კაცი იგი გარბანელი და ჭაბუკი იგი, მოძღუარი ჩუენი, და ორნი კაცნი უცხონი მოიწინეს სწრაფით ჩუენდა. ხოლო ჩუენ ვიხილენით რა, განვიხარეთ. და იგინი იყვნეს შეპყრობილ შიშითა რაჲთმე დიდითა და კაცნი იგი უცხონი-ვითარცა მკუდარნი ხილვითა. ხოლო ჩუენ ვიკითხევდით მიზეზსა, თუ რაჲსათჳს სულთქუმით და ექჳთ მოიწინეს იგინი, ანუ ვინ არიან კაცნი იგი, რომელნი სახედ მკუდართა უჴმო და უსიტყუ არიან? ხოლო იწყო თხრობად გარბანელმან და ჰრქუა წმიდათა მათ: «რაჟამს იგი წარმოხუედით თქუენ, ჭაბუკი ესე იყო ფრიად მაშურალ, და იყო ღამე, და მივიღეთ საზრდელი, და გჳკჳრდა ფრიადი სიმჴნე თქუენი და ვადიდეთ ღმერთი და დავიძინეთ. ხოლო განრათენა წინაშე თქუენ[სა] წარსლვად ვემზადებოდით, აჰა ესერა იქმნა ძრვაჲ და ოხრაჲ რაჲმე, ვითარცა ქარისაჲ, და განვკჳრდით ფრიად; და შემდგომად მცირედისა მოვიდეს კაცნი ესე, ვითარცა ესე ჰხედავთ, და ძლით იწყეს სიტყუად, და ვითარცა ვჰკითხავდით, თუ რაჲმე იყო ჴმაჲ ესე და ძრვაჲ, ამათ მოგჳგეს და გურქუეს, რამეთუ «განიპო კლდე იგი, რომელი იყო დასავალით ტბისა მის, და წარვიდეს წყალნი იგი მრღეჳნი, და ჩუენ, რომელნი ვიპოენით გარემოჲს ადგილისა მის, განვიბნიენით ძლიერისა მისგან ზარისა და შთამოვედით კაცისა ამის, რამეთუ მეცნიერ იყო ჩუენდა".
და ვითარცა იგინი ამას იტყოდეს, მოწამედ სიტყუათა მათთა იხილვებოდა მდინარე იგი, რამეთუ არღარა იტევდეს ადგილნი თვსნი, რამეთუ ყოვლით კერძო გარდაეცა მღრჳე, ვითარცა მწჳრე, რომლისათჳსცა განკჳრვებამან შეგჳპყრნა ყოველნი. ხოლო ჭაბუკი იგი ეტყოდა წმიდასა მას: „აჰა ესერა ვჰხედავ, რამეთუ სიტყუანი შენნი საქმე არიან, ვინაჲ მაჴსოვს გუშინდელი იგი, [რა]ჟამს იგი უბრძანებდით კაცსა მას, რომელი თანამოგზაურ გუექმნა ვიდრე ტბამდე სათაჴჳსა ვითარმედ "ადრე იხილო მისაგებელი კაცთა ამათ შფოთის-მოყუარეთა და კუალად კაცთა მათ, რომელნი იგი შესაკრებელსა მას წყალთასა წინარბიოდეს, ვითარცა ეშმაკეულნი, რამეთუ ვჰგონებ, რომელ არცაღა თუ კუალი იპოოს ადგილისა მის". ხოლო ვითარცა დასცხრა მდინარისა მის დიდრო[ებ]აჲ, ვცანთ ჭეშმარიტი, ვითარმედ ადგილი იგი ტბისაჲ იხილვების ველად ლოდოანად, ხოლო ადგილი იგი წისქჳლ-სახლთაჲ კუალად წარღუნილ და უჩინო.
ამისსა შემდგომად შეუვრდა წმიდასა ჭაბუკი იგი და მიიღო ლოცვაჲ და ჰრქუა: „უფალსა თუ ენებოს, ადრე გიხილნე, ხოლო უკუეთუ რაჲ გნებავს მთავრისა მიერ, მიბრძანეთ, რამეთუ მასცა ჰნებავს ხილვაჲ თქუენი ადრე“. და წმიდამან ჰრქუა: „თჳნიერ საღმრთოჲსა კურთხევისა არა-რაჲს მკადრე ვართ წინაშე მისსა, რამეთუ თჳთ უმჯობესად უწყის ყოველი, სიტყჳსაებრ სოლომონისა: "ყურნი ბრძნისანი მარადის მზა არიან საღმრთოთა სიტყუათა“.
და წარვიდა ჭაბუკი იგი და ჩუენ დავშთით ადგილსავე მას. ხოლო მი-რა-იწია ჭაბუკი იგი წინაშე მთავრისა, ყოველივე წარმოუთხრა შემდგომითი-შემდგომად; და რომელთა ესმა, განკჳრვებაჲ დაეცა, [ზარი] განჰჴდა და ადიდებდეს ღმერთსა. მაშინ ღმრთის-მსახური იგი შიშითა და სიხარულითა აღივსო და წარემართა ხილვად სასწაულთა მათ და ნიშთა და ყოველნი საბრძანებელნი მისნი მისთანა და გარემო სანახებნი მათ არეთანი, რომელთაცა ასმოდა დიდი ესე საკჳრველებაჲ, და მყის კრებული დიდ, რომელი შეკრბა ადგილსა მას, სადა იგი იყენეს წმიდანი იგი.
და ვითარცა მოვიდა მთავარი, ამბორს უყო ხატსა მას ცხოველსა და შევრდომით მოიკითხნა იგინი და განკჳრვებით იკითხჳდა სასწაულთა მათთჳს. და ყოველივე ზედამიწევნით ცნა კაცთა მათ მიერ, რომელნი მას წარევლინნეს, ვითარ ადგილი ტბისა მის ველოან ქმნილ არს და შესაკრებელი იგი წყალთაჲ დაფარულ იყო ქჳშათა მიერ და ლოდთა, რომელსა კაცნი იგი ჭირისა მისგან განრომილნი, თჳთ წარმოიტყოდის.
ხოლო მოვიდეს მღდელნი და მონაზონნი თითოეულთა მათგან ადგილთა და სიხარულით მოიკითხვიდეს წმიდათა მათ და სხუანიცა მონაზონნი მრავალნი შემოკრბეს; და ადგილისა მისგან მის მდინარის კიდისა ლოცვით და ლიტანიით ადგილსა მას პირველჴსენებულსა ბორცუსა აღვედით, და ბრძანებითა მთავრისაჲთა მოიქმნა ადგილი იგი და ველოან იქმნა და სხუანიცა მთავარნი მოიწინეს გარემოთა ადგილთანი და თჳთოეულნი უთხრობდეს წმიდათა მათ სიმარჯუესა სამონასტროთა ადგილთასა, და კაციცა იგი, რომელ პირველ იოტნა ძინძედ წოდებულისა მისგან ადგილისა, მოწლედ შეუვრდებოდა და აწუევდა, რათა მუნ აშენებდენ, რომელსაცა მიუგო წმიდამან და ჰრქუა: „სულსა შინა უკეთურსა შიში ღმრთისაჲ არა დაემკჳდრების, არცა ჯერ იყო მარგალიტსა დასხმად წინაშე ღორთა, რამეთუ ბრმაცა თანაწარჰჴდების ოქროსა მის წინაშე მდებარესა, არამედ შენდობილ იყავნ პირველი ცთომაჲ შენი. ხოლო ჩუენ ნუ ვინ გუაიძულებს სხვად ცვალებად ადგილისა“.
ხოლო ყოველი იგი კრებული დიდად განსთქუმიდეს: „ესე სასწაულნი თანამოდგამ არიან მოსეს მიერ ქმნილთა მათ განპებასა ზღჳსასა და კლდისაგან აღმოცენებასა წყლისასა და კუალად კიდობნისა მიერ განპებასა იორდანისასა, და კუალად გრიგოლის მიერ საკჳრველთ მოქმედისა განჴმობასა მის ტბისასა, რომელი იყო მიზეზ მტრობისა მის ძმათაჲსა. ეგრეთვე ტბაჲ ესე მიზეზი შფოთთა და კაცისკლვათაჲ, განჴმა წმიდათა მათ მიერ“. ხოლო წმიდაჲ იგი ვითარცა იყო უცხო ზუაობისაგან, მიუგო და ჰრქუა მათ: „ნუ ჰგონებთ, მთავარნო და ერნო, თუცა ჩუენითა რაჲთმე ძალითა ქმნილ იყვნეს სასწაულნი ესე, არამედ რამეთუ ადიდა ხატი პირისა თჳსისაჲ ქრისტემან ღმერთმან, რათა თქუენ გრწმენეს, ვითარმედ არა ტყუვილ და ამაო არიან საქმენი ესე, რომელთა თქუენ ჰხედავთ“.
მიერითგან ეწოდა სახელი შემსგავსებული საქმეთაჲ ადგილსა მას: რამეთუ ეწოდა ზარზმა ერთა მათგან, რომელნი ზარითა და შიშითა მიუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო ლოცვით და გალობით განათიეს ღამე იგი და განთიად მოიკითხნეს წმიდანი იგი და სიხარულით წარვიდეს სახიდ თჳსა.
X. ხოლო ღმრთის-მსახური გიორგი დაშთა მათ თანა და უბრძანა, რათა მოიძიონ ადგილი, სადა ჰნებავს აღშენებად ეკლესიაჲ, და მისცნა საჴმარნი უხუებით და, წარვიდოდა რა, უბრძანა კუალადცა მოსლვაჲ.
მიერითგან იწყეს ძიებად ადგილსა, სადა უშენონ ღმერთსა სადიდებელად ეკლესიაჲ. ხოლო წმიდასა მას ენება, რათა ბორცუსა მას ზედა უმაღლესსა აღაშენა ეკლესიაჲ. და ძმაჲ მისი იოვანე და სხუანი ძმანი ეტყოდეს: „ნუ, წმიდაო მამაო, ადგილსა ამას, რამეთუ მაღალ და ცივ არს და ძმანი ესე შიშუელ და გლახაკ“. რომლისათჳსცა იქმნა ცილობაჲ შორის მათსა და, ვითარცა იგი გედეონ საწუმისი დადვა გამოცდად საქმეთა, და კუალად დიდმან თევდოსი ნაჴშირთა მიერ მოიძია ადგილი, სადა აღაშენოს მონასტერი, ეგრეთვე ამათ ნეტართა ყვეს: რამეთუ აღავსნეს ორნი კანდელნი სწორითა ზეთითა და დადგნეს ადგილთა მათ ცილობისათა. რამეთუ იყო მცირე ღელე სამხრით ადგილსა მას უმაღლესსა, და კანდელი იოვანესი დადგა მუნ თჳთ იოვანე, ხოლო ბორცუსა მას ზედა - წმიდამან სერაპიონ. და ორნივე დადგეს ლოცვად. ხოლო ვითარცა განთენა, იხილვა დავსებულად კანდელი იგი სერაპიონისი, ხოლო კანდელი იგი იოვანესი ბრწყინვიდა ვიდრე შუა სამხარამდე. რამეთუ ესე განგებულებაჲ იყო საღმრთოჲ, რათა არა სწრაფით, არამედ ფრიად შუენიერად ჟამსა თჳსსა აღეშენოს საყდარი მაღალსა მას ადგილსა.
ესე რა იხილეს, ყოველთა დაამტკიცეს, რათა მუნ იწყონ შენებად ეკლესიისა. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა ძმასა თჳსსა თაფლმწთოლვარითა მით ენითა: „ძმაო იოვანე, ღმერთმან გაჩუენა საკჳრველი ესე დიდებული, რამეთუ იხილნა ნაკლულევანებაჲ გონებისა შენისაჲ, ხოლო ესე უწყოდე, ვითარმედ შემდგომად მცირედისა ადგილსა ამას აღეშენოს საყდარი ფრიად შუენიერი“.
და შეჰკაზმეს ადგილი იგი, და შეემატებოდა რიცხუსა ძმათასა, რამეთუ მოიზიდვიდა სახელ-განთქუმულობაჲ კაცისა მის ღმრთისაჲ და სახედ მდინარისა ირწყვებოდეს ტკბილთა მათ სიტყუათა მისთაგან. რამეთუ კაცი იგი პირველ-ჴსენებული გარბანელი და ორნი იგი ძმანი, რომელნი დანთქმასა ტბისა[სა] განერნეს, იკურთხნეს მონაზონად ჴელითა მის წმიდისაჲთა. ვინაჲთგან ახალსა ამას მოსეს ებრძანა ახლისა ისრაელისა წინამძღურებაჲ, ამისთჳს უჴმდეს თანაშემწედ საქმესა მის კარვისა ახალნი ბესელიელ და ელიაბ, რამეთუ არა თუ ნისლსა შევიდა და ფიცარნი ქვისანი მოიხუნა, რომელსა შჯული და მცნებანი წერილ იყვნეს, არამედ თჳთ იგი აღმწერელი მათი გონებითა მოაქუნდა, რომელი მოსეს ნაპრალსა კლდისასა დაფარულსა ეტყოდა: "მე ვარ, რომელი იგი ვარ". და მთასა ზედა თაბორსა მოსეს და ელიასთანა ზრახვიდა თავთა მათ თანა მოწაფეთასა.
ესე აქა ჴორცითა გამოსახული მჴართა ზედა ეტჳრთა და თაყუანის-საცემელად მორწმუნეთა აღემართა, რომლისათჳსცა იწყეს შენებად ეკლესიისა და დადვეს საფუძველი ადგილსა მას, რომელი იოანე გამოარჩია. ხოლო საჭირო იქმნა შენებაჲ მისი, რამეთუ ქვანი მათ ადგილთანი ტყეთაგან დაფარულ იყვნეს, ვინაჲცა წყლისაგან რასმე ღონიერობდეს და უშუერსა რასმე ქვასა მუნით გამოიღებდეს. ხოლო იყვნეს ხუროთმოძღუარ და ზედამდგომელ საქმისა მის გარბანელი და ორნი იგი ძმანი. ხოლო განითქუა რა, ვითარმედ ესევითარნი ესე კაცნი ესრეთ აღაშენებენ ეკლესიასა, იწყეს სახედ მდინარისა მოსლვად საქმესა მას ეკლესიისასა და არა იპოვა რაჲთურთით ქვაჲ, და ჭირით და შრომით მდინარისა მისგან მოიღებდეს. ვინაჲცა კუალად მოვიდა მუნ ღმრთის-მსახური იგი გიორგი და განიცადა ყოველი საქმე მათი და იურვოდა, რათამცა კეთილად აღეშენა ეკლესიაჲ იგი და მოუჴდა გულსა და ჰრქუა წმიდათა მათ: „ქრისტეს მიერ განბრძნობილნო მამანო, უკუეთუ სთნავს სიწმიდესა თქუენსა, არს ადგილი ერთი, სადა ეკლესიაჲ მისი დაცემულ არს ძრვისაგან, აწ უკუეთუ ჰბრძანოთ, ადვილ არს, რათა იგი მოვიღოთ“.
ხოლო ცნეს რა წმიდათა მათ, რამეთუ უჴმრად მდებარე არს ეკლესიაჲ იგი, ბრძანეს, რათა სწრაფით ჴელ-ყონ საქმესა მას. და იწყეს მოღებად მეყსეულად, რაოდენი ეჴმარებოდა ეკლესიისა მისთჳს. და იცნობებიან ქვანი იგი ზოგნი რაჲმე კუთხთა მიერ და კამარათა. ხოლო არს სახელი ადგილისა მის უმწაჲ, რომელი შორავს ათორმეტ მილიონ.
ხოლო შემდგომად სამისა წლისა სრულ იქმნა ეკლესიაჲ და შეიმკო ყოვლითა განგებითა, რომელი შეჰგუანდა ჟამსა მას, და აღჰმართეს მას შინა ცხოველს-მყოფელი ხატი ფერის-ცვალებისაჲ და ამისსა შემდგომად სენაკებიცა იშენეს ძმათა.
და შემოკრბა კრებული დიდძალი ძმათაჲ, რამეთუ მადლი სულისა და სახელგანთქმულებაჲ კაცისა მის ღმრთისაჲ მოიზიდვიდა ყოველთა, რამეთუ იტყჳს უფალი, ვითარმედ „სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე მათ შორის“. რაჲოდენ უფროჲს მრავალთა თანა შეკრებულთა ღმრთის-მსახურებისათჳს?
ხოლო ღმრთის-მსახურმან გიორგი მისცნა ყოველნი საჴმარნი: ჯორები და კარაულები და რაოდენი უჴმდა სიმრავლესა ძმათასა. ხოლო წმიდამან მან განაჩინნა წესნი და კანონნი საეკლესიონი, რომლისა მიერ ირწყვებოდეს საღმრთოჲთა მადლითა. ვინაჲცა სოფლებნიცა მისცნა კაცმან მან ღმრთისამან გიორგი, ვიდრემდის მოსწრაფე იყო, რათა ყოველივე ადგილისა მისთჳს წარაგოს.
ხოლო მრავალთა იწყეს მიბაძვად მისსა და, ვითარცა პირველ კარავსა მოსესსა თუალთა და მარგალიტთა და სხუათაცა მათ ნივთთა აღშენებისათჳს კარვისა, ეგრეთვე სახედ ძალისაებრ აჩუენებდეს შესაწირავსა ახლისა ამის კარვისა, რომელ არს ეკლესიაჲ ქრისტესი.
XI. ხოლო აქა სხუად იცვალების ლექსი სიტყჳსაჲ, უსაკუთრესად თქუმად სასწაულთა წმიდისა ამის კაცისათა და რათა ცხოვრებაჲცა ღმრთის-მსახურისა გიორგისი უმეტეს გამოცხადდეს. ხოლო მოგუეთხრა ესე არა თუ უჩინოთა ვიეთმე მიერ კაცთა, არამედ ფრიადცა საჩინოთა და ბრწყინვალეთა. ვიტყჳთ უკუე გიორგის ებისკოპოსსა მაწყუერელსა, რომელი იგი აღმოსცენდა ჴევისაგან შუარტყლისა, მშობელთაგან წარჩინებულთა და ღმრთისმოშიშთა, ხოლო აღიზარდა იგი განთქუმულსა მას უდაბნოსა ოპიზას. რამეთუ იტყოდა ღმერთშემოსილი იგი უტყუელითა მით პირითა, ვითარმედ, ვიყავ რა უდაბნოსა ოპიზისასა, საყოფელსა წმიდისა წინამორბედისა ნათლის მცემელისასა, მიერ აღვედ დიდისა მამისა მიქელისსა და, ვიყავ რა წინაშე მისსა, მაშინ წარავლინნა მიქელ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და მიუწერა ებისტოლე სერაპიონს და ძმასა მისსა იოვანეს მსწრაფლ მისლვად წინაშე მისსა, რამეთუ იცოდა ჟამი განსლვისა თჳსისაჲ, რათა იხილნენ ურთიერთას და რათა ზედამიწევნით ცნას, თუ ვითარ იქმნა შენებაჲ ზეცითუწყებულისა მის ადგილისაჲ. ხოლო იგი, ვითარცა იყო ბრძანებასა მოძღურისა მორჩილ, მსწრაფლ მოვიდა თჳსით ძმითურთ, რომელსა სხუანიცა მრავალნი ძმანი ჰყვეს. და ვითარცა იხილეს ურთიერთას დიდმან მიქელ და სერაპიონ, განიშუეს, ვითარცა შეჰგავს, მხიარულებით [და] ცრემლითა თანააღძრვით ჰმადლობდეს ღმერთსა, და მიიღეს კურთხევაჲ ყოველთა ძმათა ურთიერთას.
და ვითარცა გარდაჴდეს ორნი დღენი და განვისუენეთ, მესამესა დღესა იწყო დიდმან მიქელ და გამოჰკითხა წარმართებაჲ და ვითარებაჲ ადგილისა მის, ანუ თუ ვინ იყო თანაშემწე და მოღუაწე მათდა? ხოლო ნეტარმან სერაპიონ იწყო პირველითგან და ყოველი წარმოუთხრა და ვითარ თანაშემწე მათდა იქმნა დიდი იგი მთავარი გიორგი ჩორჩანელი და ყოველივე მათ ზედა მოწევნული, და ვითარ ადგილსა მას ორძის სიმრავლე ძმათაჲ და სასწაულთა მათთჳს დიდთა, განჴმობისათჳს ტბისა და კაცთა მათთჳს ურჩთა დაფარვისა და ყოველივე, რაჲცა იქმნა შემდგომითი-შემდგომად. ვინაჲ განიხარა წმიდამან მან და მადლი მისცა ღმერთსა და აკურთხა კურთხეული იგი კაცი გიორგი ჩორჩანელი; და თუ ვითარ შემსგავსებული სახელი ეწოდა ზარზმა ერთა მიერ, სასწაულთა საკჳრველთა ზარგანჴდილთა. ესე ყოველი რა ესმა წმიდასა მას, იხარებდა სულითა.
ამისსა შემდგომად მოუწოდა მამამან მიქელ კელარსა და ჰრქუა, რათა მზაყოს სერი. მერმე წართქუნეს განწესებულნი ფსალმუნნი ჟამსა ცხრა-ჟამისასა, და დასხდეს სერობად და იწდიეს ღჳნოჲ და სულიერი და ჴორციელი სიხარული განზავეს. მაშინ წმიდამან მამამან, დიდთა ნიშთა და სასწაულთა მიერ ბრწყინვალემან, მიქელ მიჰხედა ნეტარსა სერაპიონს და ჰრქუა: „ჵ, საყუარელო შვილო და ძმაო სერაპიონ! მრწამს ჭეშმარიტად ღმრთისა სასწაულთა მათთჳს, შენ მიერ აღსრულებულთა, ანუ თუ ვითარ იყოს წარმართებაჲ ადგილისა მის, გულსავსე ვიქმნე, უკუეთუ ესე იქმნეს“.
ხოლო განგებითა საღმრთოჲთა იყო კედელსა ეკლესიისასა რტოჲ ბაჲაჲსაჲ მრავალჟამეული, და აღიღო ჴელითა თჳსითა მამამან მიქელ და მისცა წმიდასა სერაპიონს და ჰრქუა: „შვილო, დანერგე ესე მახლობელად ეკლესიისა და, უკუეთუ განედლდეს, უწყოდე ჭეშმარიტად, რამეთუ ნაყოფიერებაჲ არს ადგილისა მის, წარვედ და გულს მოდგინედ აშენებდი“, ვინაჲცა განკჳრვებამან შეიპყრნა ყოველნი მუნ მსხდომარენი და ჰრქუეს ურთიერთას: „არა დიდ არს ორთავე ამათ მიერ სიდიდე სასწაულისაჲ“. ხოლო ყოვლად-უცხოჲ იგი ზუაობისაგან შეუვრდა წმიდასა მას და ეტყოდა: „წმიდაო ღმრთისაო, წინაშე შენსა არარაჲ შეუძლებელ არს, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მოგიღებიეს მთათაცა ცვალებამდე“, და გამოუღო ჴელთა მისთა და დაჰნერგა ქუეყანასა ხოლო შემდგომად მცირედისა განედლდა და რტოგარდაფენით ქადაგებდა დიდებულსა მას სასწაულსა. და ვითარცა იხილეს ყოველთა, განკჳრდეს და ადიდებდეს ღმერთსა. და ვითარცა განისმა სასწაული ესე გარემოთა მათ უდაბნოთა, ყოველნი განჰკრთეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა... და მოქმედსა საკჳრველებათასა.
XII. ხოლო შეუდგა სასწაული სასწაულსა, რომელსა ეგულვების თქუმაჲ და კუალად ქცევაჲ საზღვართავე თჳსთა სიტყჳსა[თა] - რამეთუ ვიდრეღა იყვენეს ესრეთ ჟამ რაჲოდენმე, მხიარულნი სულითა [და] შუებითა, ყოველნი აღივსებოდეს საღმრთოჲთა მადლითა; ხოლო დღესა ერთსა, ილოცვიდეს რა ჟამსა სამჟამისასა, აჰა ესერა დაეცა განკჳრვებაჲ წმიდასა მას და მყოვარჟამ დგა განცჳფრებული. ამისსა შემდგომად, ვითარცა რულისაგან ღრმისა განღჳძებულმან, მიჰხედა ნეტარსა სერაპიონს და ჰრქუა: „ისწრაფე, ძმაო, და წარვედ ადგილთა ნამუშაკევთა შენთა, რამეთუ შფოთნი რაჲმე შემთხუევად არიან ჟამ რაჲოდენმე, ხოლო თუ უნდეს ღმერთსა, ადრე იქმნას განქარვებაჲ მათი. გარნა მე ვერღა მიხილო ოდესცა სოფელსა ამას, რამეთუ ადრე წარვალ ამიერ. ხოლო შეკრებასა მას ყოველთასა ნებითა ღმრთისაჲთა გიხილო მხიარული და ბრწყინვალე, ვითარცა რაჲ მუშაკი კეთილი, სასყიდლითა განმდიდრებული. ხოლო ძმა შენი იოვანე მივედინ ადგილსა სხუასა, რომელი, ისწაოს რა, შენებასა მისსა მოსწრაფედ თანამზრუნველ ექმნას კაცთა მათ, რომელნი პოვნეს ადგილსა მას, რომელსა მონასტერი აშენოს“. და მისცა მას სასწაული ადგილისაჲ და ნიში, რომელსა ეგულვებოდა მისლვაჲ იოვანეს.
ხოლო ესევითარი რა ტკბილი ანდერძი წარმოთქუა და ყოველი ყოფადი წინაჲსწარმოუსწავა და წარგზავნნა ცრემლითა აღსავსენი და უფროჲსღა, რამეთუ არა ესვიდეს კუალად ხილვასა მისსა.
ხოლო მოიწინეს რა დიდსა მას უდაბნოსა კლარჯეთისასა ოპიზას, მოეგ[ებ]ნეს მათ მამანი და სურვილით მოწლედ მოიკითხნეს და შემსგავსებული პატივი წინაუყუვეს. და ვითარცა დაყვნეს დღენი რავდენნიმე... ხოლო ვითარცა იყო წმიდაჲ იგი მდაბალ და აღუზვავებელ, ტკბილითა და დაშნითა ჴელითა იხილვებოდა მდგომარედ ხუროთა თანა საეკლესიოთა, რამეთუ იყო სხუათა თანა სათნოებათა მეცნიერ სჯულთა საეკლესიოთა [შენებისათა] და ფრიად შემკულ წესითა ხუროობისაჲთა. ვინაჲ იხილა ვინმე იგი ესევითარითა სახითა ზუავმან და სილაღითა შეპყრობილმან, იწყო გმობად წმიდისა მის და იტყოდა: „აჰა დიდი და განთქმული სერაპიონი, ვითარცა უსიტყუ და უჴმო იხილვების და რაჲთურთით ესევითართა პატივთა ყოვლად არა ღირს არს ესე“. ამას რა იტყოდა შურითა საეშმაკოჲთა აღსავსე იგი, ეჰა საკჳრველებათა შენთა ქრისტე, რამეთუ სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ სრულ იქმნა, რომელი იტყჳს: "უფალმან მიაგოს უსჯულოებაჲ მათი”, და კუალად: ,,[უტყუ]იყავნ ენაჲ მზაკუარი, მეტყუელი მართლისათჳს უსჯულოებასა". ხოლო ვითარცა მდგომარე იყვნეს ეკლესიას, მყის წინაშე ყოველთასა დაეცა კაცი იგი უჴმოდ მდებარე და გარდამოაგდო ენაჲ განსივებული, საშინელთა პეროოდა და გორვიდა.
მაშინ განკჳრვებამან შეიპყრნა ყოველნი იგი დასნი მგალობელთანი. ხოლო რომელთა ესმოდა კაცისა მისგან გმობაჲ იგი წმიდისათჳს ურთიერთას იტყოდეს: „ნუ უკუე მის მიერ მოიწია მსწრაფლი ესე მხილებაჲ“? ხოლო კაცი იგი მოეგო გონებასა და გულისხმა-ყო ცთომილებაჲ თჳსი. დაღაცათუ ენითა ვერ მეტყუელებდა. არამედ ეგრეთცა შეუვრდა მწყობრსა მას მამათასა და წინაშე მათსა აღიარა ცთომილებაჲ თჳსი. ხოლო ყოველნი იგი შეუვრდეს წმიდასა მას, რათა მიუტეოს ცოდვაჲ იგი. და იგი ესრეთ ეტყოდა მათ: „კრებულო წმიდაო და მწყობრო რჩეულო, ნუ იყოფინ, თუმცა ჩემ-ძლით რაჲ შეჰმთხუეოდა ძმასა ამას. არამედ სიტყჳსაებრ იაკობ მოციქულისა თანაგუაც ძმათ-მოყუარებით, რათა ყოველთა ულოცოთ და უფალმან-ყოს ლხინებაჲ უძლურისა ამის“. ხოლო ყოველნი იგი უმეტეს შეუვრდეს წმიდასა ამას: „მიუტევე, წმიდაო ღმრთისაო, და შეიწყალე საწყალობელი ესე“. ხოლო წმიდაჲ იგი ეტყოდა: „აჰა, და მეცა მზა ვარ თქუენ თანა”, და მოიდრიკნა მუჴლნი და თქუა: „უფალო იესო, ძეო ღმრთისა მამისაო, რომელი მოხუედ სოფლად მოძიებად შეცთომილთა, ვითარცა იგი სიტყჳთა აღატყუე ყრუ იგი და უტყჳ, ეგრეთვე მეუფეო უფალო ღმერთო, განკურნე ყრმაჲცა ესე, რომელი შესცთა სივერაგითა ეშმაკისაჲთა“. და ვითარცა ესე თქუა, მყის დასცხრა ფრიადი იგი სასტიკებაჲ ენისა მისისაჲ და კუალად ეგო ადგილსავე თჳსსა; და რომელთა იხილეს, განკჳრვებულნი ადიდებდეს ღმერთსა. და განითქუა სასწაული ესე ყოველთა შორის და იტყოდეს: „რომელმან იგი რტოჲ ბაჲაჲსაჲ განჴმელი ფურცლის მშობლად გამოაჩინა, მსგავსად განჴმელისა მის ჴელისა, რომელი იგი განკურნა უფალმან, და აჰრონის მიერ განედლებულისა მის კუერთხისა და კუალად ხისა მის, რომელი მიყრდნობითა დიდისა მოწამისა ხარალამპისითა განედლდა და მყის ნაყოფიერ იქმნა, და კუალად აკრაკანტელთა ნათელმან გრიგოლი, ამათ სასწაულთა არარაჲთ უდარეს არიან აწ აღსრულებულნი ესე წმიდისა სერაპიონის მიერ. რამეთუ იტყჳს უფალი: „რომელსა მე ვჰრწმენე, უმეტესი ჩემსა ქმნეს“, და „საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა“. ამათ და ამათვითართა ურთიერთას იტყოდეს ყოველნი იგი და ადიდებდეს ღმერთსა.
XIII. ამიერ კუალად ვიპყრათ ნეშტი იგი თხრობისაჲ და პირველსავე სიტყუასა აღვიდეთ. და ვითარცა ესე სასწაულნი იქმნეს წმიდისა მის მიერ ადგილთა მათ, რომელთა აღზრდილღა იყო, და წინაშე მოძღურისა, რომელი იყო თავ და წარმართება ყოველთა საქმეთა მისთა, და ძმაჲცა იგი მათი უხუცესი, რომელი პირველ ვაჴსენეთ, იხილეს და სურვილით მოიკითხეს, და თანაექცეოდა [იგი] ყოველსა მას მუნ ყოფასა შინა მათსა, იჯმნეს წმიდათა მათ უდაბნოჲსა მისგან და მოიკითხნეს წმიდანი იგი მამანი და წარვიდეს; და ვითარცა გარდავლეს მთაჲ იგი, არსიან წოდებული, და მივიდეს ჴევსა ყუელისასა, იქმნა რაჲმე მუნცა ნაკლულევანებისა სრულყოფაჲ განგებულებით, რამეთუ აჰა ესერა მოეგებნეს კაცნი ვინმე მონაზონნი და ჰრქუეს: „კეთილად მოხუედით, საღმრთონო მუშაკნო ქრისტეს ვენაჴისანო, რამეთუ ბრძანებულ არს, რათა ადგილთა ამათ თქუენ მიერ აღეშენოს მონასტერი, რომელსა ჩუენცა ვიჭირვით და მოგელით თქუენ, ვითარცა უწყებულნი, რამეთუ აქაცა თქუენვე ხართ წინამძღუარ და მასწავლელ საქმეთა ამათ“. და უჩუენეს ადგილი, რომელსა ზედა იხილვნეს ნიშნი იგი ბრძანებისაებრ დიდისა მიქელისა; და უბრძანა წმიდამან სერაპიონ ძმასა თჳსსა, რათა გულს-მოდგინედ იწყოს და აღაშენოს მონასტერი ბრძანებისაებრ წმიდისა მის, რომლისათჳსცა საქმე ესე ფრიად შეუძნდა იოვანეს, გარნა ვერ მკადრე იქმნა წინაგანწყობად ორთავე მათ ბრძანებასა, არამედ ესე ხოლო ჰრქუა სერაპიონს: „უკუეთუ ჯერ არს, რათა ჟამითით ვიხილვიდე საღმრთოსა პირსა თქუენსა, მზა ვარ მე აღსრულებად ბრძანებათა შენთა“. ხოლო წმიდამან უბრძანა ყოვლადვე ხილვად ურთიერთას.
და აღაშენა მონასტერი იგი ბრძანებისაებრ დიდისა მის მოძღურისა და შეამკო ყოვლითა სამკაულითა, ვითარცა შეჰგუანდა, და უწოდა სახელი სეხნაჲ თჳსი, რამეთუ იოანე წმიდაჲ ეწოდების ადგილსა მას. მოვიდოდი ჟამითი-ჟამად ძმისა თჳსისა თანა და ისწავებნ ყოველსავე განგებასა მონასტრისასა. არამედ აქა ნეშტი სიტყჳსაჲ წინაუკმოვცვალეთ, რამეთუ შეეზავა სიტყუაჲ სიტყუასა და ვერღარა განვყავთ აღშენებაჲ იგი მონასტრისაჲ, რომელი სახელად იოვანესსა აღეშენა.
და ვითარცა წარვიდა მიერ წმიდაჲ სერაპიონ და მოვიდა თჳსთა მათ თანა კრებულთა, ყოველნი მიეგებნეს სიხარულით და მოიკითხეს სურვილით. და მოიხილნა იგინი და რაჲოდენი რაჲ ეშენა ახალს მას ხუროთმოძღუარსა და ვითარ სიმრავლე ძმათაჲ სიმრავლედ დიდად აღწევნულად, ესე ყოველი რა იხილა, გამხიარულებული ჰმადლობდა ღმერთსა.
XIV. ხოლო აქა ეგულვების სიტყუასა კუალად ქცევაჲ სხუად მიმართ. რამეთუ მიუთხრეს ღმერთ-შემოსილსა მამასა სერაპიონს სიკუდილი დიდისა მის მთავრისა გიორგისი, რომელი იყო აღმაშენებელი ადგილისა მის. ესე რა ესმა, ვითარცა შეჰგუანდა, დიდად იგლოვა, ცრემლოოდა, ვითარცა მჴსნელი ლაზარეს ზედა, და უმეტეს, რომელ არა თანადახუდა სიკუდილსა მისსა. ვინაჲცა ჰრქუა იკონომოსსა და ხუცესთა და ძმათა ყოველთა, რათა ხვალის-დღე მივიდენ საფლავად მისა ადგილსა მას ზანავისასა, სადა-იგი მონასტერი შუენიერი შენ არს, რომლისა-იგი იყვნეს პირველნი აღმაშენებელნი ამასპო და ქურდია, ხოლო აწ კუალად დაჲ გიორგისი, რომელი იყო ცოლი დიდისა მთავრისა მირიანისი, ძისა ბეშქენ ბაჰლაუნდისაჲ [ძისა] იოანესი. ხოლო გიორგი შვილთაგან ოჴერ და უქმ იყო, რამეთუ ორნი შვილნი სიჩჩოებასავე შინა წარსრულ იყვნეს და შემდგომად მათსა დედაჲცა, ნათლად გამომყვანებელი მათი, მიიცვალა, და სხჳსა მეუღლისა შეერთებაჲ არღაოდეს თავს იდვა.
და, ვითარცა ვთქუთ, გარდა-რა-იცვალა ყოვლად-კურთხეული იგი გიორგი, ყოველივე, რაჲცა აქუნდა, და მამული და ყოველნი ეკლესიანი და მონაგები მისი, დასა მისსა შეჰვედრა და შვილთა მისთა საკუთრებით განუთჳსა, რომელთა ეწოდა სულა, ბეშქენ და ლაკლაკი. ხოლო, ვითარცა ვთქუთ, მივიდა წმიდაჲ იგი საფლავსა ზედა მისსა, მოწლედ და თანალმობით იტირა, და, ვითარცა ჯერ იყო, მოიკითხა და ნუგეშინის-სცა დასა მისსა ლატავრის, რომელსა უკუანაჲსკნელ თეკლა ეწოდა. და კურთხევითა საღმრთოჲთა აკურთხნა სამნივე იგი ყრმანი, მსგავსად სამთა ყრმათა აბრამიანთა. მერმე მოიღო ანდერძი დიდისა მის მთავრისა გიორგისი და წარიკითხა აღსავსემან ცრემლითა, და ილოცა მისთჳს და აკურთხა კურთხეული იგი კაცი, რამეთუ მდიდრად მიეცა ყოველივე უხუებით: აგარაკნი თავისუფლებით და საქონელი მრავალფერი და სიმრავლე საჴედართა და მროწეულთაჲ; და სასოებით შეჰვედრა სული წმიდისა მის კაცისაჲ. და ამას შინა გარდაჴდეს წელნი და აღორძნდებოდა და წარემატებოდა ადგილი იგი ფრიად.
ხოლო მოვიწიენით რა სიტყუასა ამას, ჯერ-არს გულისხმისყოფითრე სმენა, თუ ვითართა მადლთა ღირს ქმნილ იყო დიდი იგი მამა მიქელ. რამეთუ აჰა ადგილი იგი, რომელი უწინაჲსწარმეტყუელა ნეტარსა სერაპიონს, ვითარმედ “შფოთნი და განსაცთელნი შემთხუევად არიან ადგილსა მას ნამუშაკევსა შენსა". აჰა ესერა წარმოვთქუათ!
და ვითარცა იყო დიდსა დაწყნარებასა და მშჳდობასა შინა ადგილი იგი შემდგომად გარდაცვალებისა დიდისა მთავრისა გიორგისა და კეთილად წარემატებოდა ყოველი საბრძანებელი მისი, რომელი დაეტევა დისა მისისა თეკლაჲსა და შვილთა მისთადა. და ვინაჲ ბირებითა ეშმაკისაჲთა იქმნა უწესო ამბოხი, რამეთუ მოკლა ლაკლაკმან დისიძე თჳსი, რამეთუ მძლავრებით ეტყოდა, ვითარმედ „ნაწილ უც მამულსა თანა თქუენსა დასა ამას თქუენსა, ვინაჲგთგან თქუენცა დედისა მიერ გაქუს“, რომლისათჳსცა განმრავლდეს სიტყჳსა გებანი ურთიერთას, და ესრეთ მოკლა დისიძე თჳსი. და ესე რა ესრეთ იქმნა, განგრძელდა საქმე ესე სამ წელ. ხოლო წელსა მეოთხესა ამათ საქმეთასა განაბრწყინვა ღმერთმან დიდი იგი მღდელთ-მოძღუარი გიორგი შუარტყლელი, რომელმან დაიპყრა საყდარი აწყურისაჲ, რამეთუ არა ჯერ-იყო ცხედარსა ქუეშე დაფარვაჲ სანთლისაჲ. და ჴელთ იდვა რა განგებაჲ სამცხისაჲ, დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თჳსი, ვითარცა წეს-იყო, და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი. ხოლო ადგილი იგი, ზარზმად წოდებული, ეგო უძრავად ყოვლადვე შეწევნითა ღმრთისაჲთა და მადლითა სასწაულითა მიერ ნიშებ-შემოსილისა მამისა სერაპიონისითა.
და ვითარცა გარდაჴდა წელიწადი შჳდად აღთუალული, დასცხრეს და დადუმნეს ყოველნივე შფოთნი და უწესოებანი წმიდისა ამის მღდელთ-მოძღურისა გიორგის მიერ. ხოლო ყოველთა ამათ საქმეთა სიმრავლისათა მეტყუელი პირი და ენაჲ დიდსავე თანა გიორგის მაწყუერელსა იყო ნეტარიცა მამაჲ სერაპიონ. ვინაჲცა ყოველნი ესე სასწაულნი და საქმენი, რომელნი-იგი პირველ ებისკოპოსობისა და უკუანაჲსკნელ ეხილვნეს, მომითხრნეს პირმან მან უტყუველმან, გიორგის ვიტყჳ მაწყუერელსა, ვითარ იგი ბაჲაჲსაჲ რტოჲ განედლდა და ვითარ ეშმაკისა ბირებითა ცთუნებული იგი ზუავი და ამპარტავანი ენაჲ განკურნა, რამეთუ ყოველთავე თჳთმხილველ ქმნილ იყო.
XV. ხოლო აწ კუალად აღვედინ სიტყვაჲ ჩუენი პირველ-დაწყებულთა სიტყუათა შემდგომითი-შემდგომად. ვითარცა იქმნა დაწყნარებაჲ შფოთთა მათ, დღითი-დღე შეეძინებოდა წარმატებაჲ მონასტერსა მას, და ძმაჲცა მისი იოვანე ზედაჲს-ზედა მოვალნ და იკურთხევინ მის მიერ და ისწავლინ ყოველსა, რაჲცა აკლდა მის მიერ შენებულსა მას მონასტერსა. ხოლო ესე წესი დაუდვეს თავთა თჳსთა ნეტართა მათ, რამეთუ ლოცვასა ღამისასა ჴელგანპყრობით დგიან დასსა თანა მგალობელთასა; ხოლო მოეახლის რა ცისკარი, განეშორნიან ვითარ ქვის სატყორცელ ოდენ და მყუდროებით და ცრემლით შესწირვიდიან ვედრებათა, რათა ამითცა ემსგავსნენ თჳსსა მეუფესა. და ესრეთ დღითი-დღე შესძინებდეს ტალანტსა, რათა მიართუან აღნადგინებითურთ განმყოფელსა მას მადლთასა.
ესრეთ რა შუა-წარჴდა სიმრავლე წელთაჲ, სიბერითა კეთილითა განპოხნეს და ფუფუნებულ და ჩჩჳლ იქმნეს საღმრთოჲთა ცნობითა. და იყო ამისსა შემდგომად გარდაიცვალა დაჲცა იგი გიორგისი თეკლაჲ და დაშთეს სამნივე იგი ძენი მისნი, და წარემართა უფლებაჲ მათი და იკურთხა თესლი მათი, ვითარცა აბრაჰამისი და იაკობისი.
XVI. გარნა აწ ჯერ არს, ძმანო, რათა გულს-მოდგინედ ვისმინოთ აწ თქუმული ესე, და, გესმოდის რა დასაბამი და აღსასრული ნეტარისა ამის ცხორებისაჲ, გიკჳრდეს და ადიდებდეთ ღმერთსა. რამეთუ მახლობელ რა იქმნა სოფლით წარსვლისა და მწუხარებისაგან სიხარულა[დ] მისლვისა, მოუწოდა კრებულსა მას ძმათასა და ჰრქუა: “ძმანო და მამანო, მსურის მე, რათა მოციქულისაებრ ვიტყოდი: "სრბაჲ აღსრულებულ არს და სარწმუნოებაჲ დამიმარხავს". ხოლო ვიტყჳ არა თუ ზუაობითა, არამედ ვესავ, რამეთუ ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, არა მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი; რამეთუ ესრეთ მზა არიან გჳრგჳნნი მოყუარეთათჳს მისთა, ვითარცა თჳთ თავადი იტყჳს: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთ-მძიმენი და მე განგისუენო თქუენ", “ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა". ხოლო თქუენ, შვილნო, ისწავეთ მეტყუელისაჲ: "შეიყუარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა და გონებითა და მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი”; და კუალად იტყჳს: "უკუეთუ გინდეს რათა გიყონ კაცთა, ეგრეთ ჰყოფდით თქუენ მათდა მიმართ, და ამათ მცნებათადა ყოველი სჯულ[ი] და წინაჲსწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან”, და “ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ მოწაფენი ჩემნი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას". ხოლო თქუენ, ძმანო, დაიმარხეთ ყოვლისა პირველად სიყუარული ღმრთისა და მოყუსისაჲ, ვითარცა თავი სჯულისა და წინაჲსწარმეტყუელისაჲ, და მარადის ილოცევდით, რათა არა შეხჳდეთ განსაცდელსა, რამეთუ ლოცვაჲ მიმაახლებელი არს ღმრთისა და ბჭე სასუფეველისაჲ, შემაერთებელი ანგელოზთა და დამცემელი ეშმაკთაჲ. რამეთუ წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა ლოცვაჲ თქუეს საჭურველად, მარხვაჲ ზღუდედ და წმიდანი ცრემლნი საბანელად, ხოლო მორჩილებაჲ წამებად, რომელი ესე ღუაწლითშემოსილთა მოწამეთა თანა დაუთხეველად სისხლთა გჳრგჳნოსან ჰყოფს კაცსა“.
ესევითარი მრავალი წარმოუთხრა წმიდამან მან ოქრონაკადულით პირით მისით მოწაფეთა თჳსთა და კუალად ჰრქუა: „მე, ძმანო, აჰა ესერა წარვალ შემდგომად მცირედთა დღეთა, ხოლო თქუენ იძიეთ მამაჲ და წინამძღუარი, რომელი შემძლებელ იყოს მწყსად თქუენდა, ვითარცა შვილთა და ძმათა“.
ხოლო ყოველნი იგი, აღვსებულნი ცრემლითა, ტიროდეს ფრიად და არავინ მიუგო ტირილისა მისგან ფრიადისა. და, მორაეგნეს თავთა თჳსთა, მიუგეს ესრეთ და ჰრქუეს: „ჩუენ, მამაო, ვინაჲთგან ობოლ ვიქმნებით ტკბილისა და ყოვლად-მოწყალისა მამისაგან, არა უწყით, რაჲ მიგიგოთ“.
და წმიდამან ჰრქუა: „ვინაჲთგან, შვილნო, არას მითხრობთ, მე გლახაკსა თანამაც, რათა მევე ვიტყოდი ჯერისაებრ“.
და იყო ვინმე მღდელთაგანი, კაცი კეთილითა სათნოებითა ბრწყინვალე და ტკბილი სიტყჳთა და საქმითა, სახელით გიორგი. ამას მოუწოდა წმიდამან და ჰრქუა: „ჵ საყუარელო შვილო გიორგი, წილ კეთილ ხუედრებულ არს შენდა, რათა შემდგომად ჩემსა სამწყსო ესე ქრისტესი, ვითარცა მამამან სულთ-მოყუარემან, კეთილად დამწყსო და, ვითა შეჰგავს შვილთა მამის მოყუარეთა, შეუდგენ ჴმასა შენსა“.
ესე სიტყუანი რა ესმნეს გიორგის, აღვსებული ცრემლითა ეტყოდა: „მძიმე არს, ჵ წმიდაო, დადებად ბეჭთა ჩემთა ტჳრთი ძნიადსატჳრთავი და გევედრები, რათა შენდობაჲ-ჰყო და არღარა მიბრძანო კუალადცა“.
ხოლო წმიდაჲ იგი ეტყოდა: „არა მე, არამედ ქრისტე გიბრძანებს ჩემ მიერ“.
და სიტყჳთა ამით დაარწმუნა წინამძღურობაჲ ძმათა მათ, რომლისათჳსცა ყოველთა მათ განიხარეს, რამეთუ მსგავსადვე მისა ჰხედვიდა ყოველი იგი კრებული.
და შეჰვედრა სამწყსო იგი თჳსი გიორგის და განუჩინნა ყოველნი, რაჲოდენი უჴმდეს მნენი ეკლესიისანი, და განაწყო კრებული იგი განგებითა საღმრთოჲთა და ფრიად შუენიერითა. ვინაჲცა დღესა მეშჳდესა ყოველთა ამათ საქმეთასა მცირედ რაჲმე დასნეულდა და მიწვა ცხედრად. ხოლო დღესა მეხუთესა აღდგა, ვითარცა ახალ განჭაბუ[კებუ]ლი და მიიწია წმიდად საკურთხეველად და შეემთხჳა წმიდასა ტრაპეზსა და განმაცხოველებელსა ხატსა ქრისტეს კაცებისასა; და უბრძანა, რათა აზიარონ ჴორცსა და სისხლსა ქრსტესსა და დაიბეჭდა საუფლოჲ ჯუარი და მოიკითხა თითოეულად სიმრავლე იგი ძმათაჲ და ჰრქუა: „ილოცეთ ჩემთჳს, ძმანო, და ცხონდით, რამეთუ ამიერითგან არღარა მიხილოთ სოფელსა ამას“. და წარვიდა და მიიწია ცხედრად ჟამსა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა შეჰვედრა სული თჳსი ჴელთა ღმრთისათა, რომლისა სურვიელ იყო მარადის.
ხოლო არამცირედ იგლოვეს მამათა ლავრისათა ჯერისაებრ და ცრემლით. მაშინ მოვიდა ძმაჲ მისი იოვანე, რამეთუ უწყებულ იყო სულისაგან, ვითარცა ღრუბლითა აღტაცებული, და შემოკრბა სიმრავლე გარემოთა მონასტერთა და სოფელთაჲ.
ხოლო მოვიდა ღმერთშემოსილი გიორგი მაწყუერელიცა ჯუარითა ყოველთა თანა მწყობრთა ეკლესიისათა, და ესეცა ვთქუათ, რამეთუ მწყობრნი ანგელოზთანი, კრებულსა თანა ყოველთა წმიდათასა შეერთებულნი, მოიწინეს, ვითარცა თანამოკარვისა და თანამოსაგრისა მათისა, და ყოველთა აღიტყუელნეს ჴელნ[ი] სიხარულითა, და ზეცას აღიყვანეს ყოვლად სანატრელი იგი სული მისი, და ზეცისნი გამხიარულებულნი ადიდებდეს ღმერთსა, ხოლო ქუეყანისნი, გუამისა მის წმიდისა შეხებითა სენთა და სალმობათაგან ჴსნილნი, მადლობასა და თაყუანის-ცემასა შესწირვიდეს; და ჯეროვნითა გალობითა და სანთელთა სიმრავლითა და საკუმეველთა სულნელებითა შემურეს და დადვეს საფლავსა, რომელი იგი თჳთ შეემზადა მას აღმოსავლით საკურთხეველისა, რათა დღითი-დღე ხილვითა მისითა იჴსენებდეს სიკუდილსა, რომელი იგი სამარადისოდ წინაშე თუალთა აქუნდა, და ესრეთ სრულ ყვეს წესი იგი სამკუდროჲ.
და მრავალნი ჟამსა მას დაფლვისა მისისასა მრავალფერთა სენთაგან განიკურნნეს, რათა ყოველთა უწყოდინ, ვითარმედ სიკუდილსაცა ცხოველ არს და იღუწის სარწმუნოებით შევედრებულთა. ხოლო სიმრავლე სასწაულთა მისთაჲ ვერცა თუ გონებათაგან მისაწთომელ არს, გარნა კერძო-რაჲმე და მცირედი მოვიჴსენოთ და მერმე დუმილი მივსცეთ სიტყუასა. ჯერეთ ცხედარსავე აქუნდა მრავალმოღუაწე იგი გუამი წმიდისა მის, და აჰა ესერა მოიწია კაცი ვინმე ყოვლად განჴმელი, რომელი ფრიად რაჲმე სასტიკებით განიჭრებოდა ტკივილისა სიმძაფრითა, რამეთუ სისხლი წარსდიოდა სარცხჳნელსა მისსა და ჴმობდა ჴმითა უშუერითა. და ვითარცა მყის მოიწია, მოეხჳა მოწლედ ცხედარსა მისსა, და აჰა ესერა კაცი იგი იქმნა ვითარცა მკუდარი, და მეყსეულად სახილველად ყოველთა ასოსა მას თესლმცენარესა წარსცჳვეს ორნი ქვანი, განსაკ[რ]თომელნი სიდიდითა, და იქმნა კაცი იგი ყოვლად მრთელ, ვითარცა არარაჲ შეემთხუეოდა ვნებაჲ იგი, და ყოველთა, რომელთა იხილეს, ადიდეს ღმერთი, მადიდებელი წმიდათა მისთაჲ. ვინაჲცა ჟამსა მას მოიწია სიმრავლე თითოსახეთა სნეულთაჲ და ყოველნი განიკურნებოდეს და ადიდებდეს ღმერთსა.
ხოლო შემდგომად დაფლვისა მისისა და მიწად მიფარვისა, ვიდრე დღევანდელად დღემდე, მიუწდომელ არიან ნიშნი და ძალნი, მის მიერ აღსრულებულნი თითოეულთა ზედა სნეულთა, და კაცობრივისა ენისა მიერ შეუძლებელ არს წარმოთქუმაჲ და აღწერაჲ ყოველთა მათ სასწაულთაჲ, რომელნი იგი სარწმუნოთა კაცთა მიერ ფიცით მოგვეთხრნეს ჩუენ. ხოლო ჩუენთა ამათ ჟამთა ხილული და სმენილი ვითარ მიუთხრათ სიყუარულსა თქუენსა, რამეთუ უშორველად ფშჳს მადლი ნაწილთა მისთაჲ სარწმუნოებით მვედრებელთათჳს, რომელი იგი მარადის აღესრულების სადიდებლად ღმრთისა.
XVII. ხოლო ამიერითგან მოვიჴსენოთ, თუ ვითარსა მადლსა ღირს-ქმნილ იყო წინაჲსწარმეტყუელებისა[სა]. რამეთუ აჰა ესერა ეგულვების სიტყუასა მოჴსენებად სიტყუაჲ იგი, რაჟამს ჰრქუა ძმასა თჳსსა იოვანეს, ვითარმედ „ჟამსა [თჳსსა] ბორცუსა ამას ზედა აღეშენოს ეკლესიაჲ ფრიად შუენიერი“. რამეთუ აჰა ჟამი იგი წინაჲსწარმეტყუელებისაჲ მოიწია! რამეთუ ვიდრეღა იგი ცოცხალ იყო წმიდაჲ ესე, ყოველთა მიერ საყუარელ და ყოველთა მეგობარ იყო და მოძღუარ, რომლისათჳსცა დაემოწაფა წმიდასა ამას კაცი ვინმე ყოვლად უცნაური, და იყო კაცი იგი ადგილისაგან მცირისა, რომელსა ძარღუას სოფელ ეწოდების, და დღითი-დღე მოვიდის კაცი იგი და ეტყოდის წმიდასა მას, ვითარმედ „მაკურთხე, მამაო, წმიდითა ჴელითა შენითა და შემრთე წმიდასა კრებულსა შენსა. ხოლო იგი აყენებდა ჟამად, რათა უფროჲს გამოჩნდეს საკჳრველი მისითა მით ერისკაცად მიმყოვრებითა. ხოლო იგი ეტყოდა: „მაკურთხე, მამაო, და მიიღე მცირე ევლოგიაჲ და წარაგე საშენებლად მონასტრისა“. ხოლო იგი კუალადცა უბრძანებდა, რათა დრო-ყოს და თჳთ მოვალს ჟამი, რომელსა იქმნეს მონაზონ, და ევლოგიაჲ, რომელ განგიმზადებიეს, ფრიად რაჲმე ეჴმაროს.
ხოლო ვითარცა მოიწია ჟამი და მიიცვალა წმიდაჲ იგი, მოიწია მესამე დღე მიცვალებისა მისისაჲ და დაიდვა წმიდაჲ იგი პირველ-ჴსენებულსა მას საფლავსა, რომელი თჳთ ეშენა აღმოსავალით საკურთხეველსა, დამართებით სარკუმელსა. და მოვიდა კაცი იგი, ვითარცა ვთქუთ, დღესა მესამესა მიცვალებისა მისისა და იტირა ფრიად და წმიდასა მას ეშჯოდა, ვითარცა ცხოველსა, არა ჴელითა მისითა აღკუეცისათჳს მისისა, რომლისათჳსცა იტყოდა, ვითარმედ „არა განეშოროს საფლავსა, ვიდრემდის არა მონაზონ იქმნეს“, და ევლოგიაჲცა იგი დადვას ადგილსა მას სამარხოსა მისისასა.
და ვითარცა ესრეთ მდუღარე იყო კაცი იგი, მაშინ უბრძანა მამასახლისმან მნეთა ეკლესიისათა, რათა მიიღონ სამჴარი და კუნკული და აღკუეცონ კაცი იგი. ხოლო მათ მსწრაფლ შეუდგინეს საქმე სიტყუასა და აღკუეცეს კაცი იგი და აღასრულეს მას ზედა ყოველი წესი მონაზონთაჲ.
და ვითარცა წარვიდა კაცი იგი სოფლად თჳსა, იცნეს იგი კაცთა და მეგობართა და განჰკრთეს, იხილეს რა უცხოჲთა სამოსლითა შემოსილი, და ენება კუალად ერისაგან ყოფაჲ და, ვითარცა ვერ შეუძლეს მორჩილებაჲ მისი, უთხრეს ესე უფალსა მისსა, რამეთუ იყო კაცი იგი საჴმარ და მსრბოლ გზათა შორთა. ხოლო კაცმან მან, ვითარცა აგრძნა, ვითარმედ არა უტევებენ ნებისაებრ მისისა, მაშინ აღიღო ევლოგიაჲ იგი და, რაოდენი რაჲ ეძლო, სახლით თჳსით სივლტოლაჲ იჴუმია, ვინაჲცა დევნა უყვეს უკუანა მისსა და შეწევნითა მის წმიდისაჲთა ვერ ეწინეს.
და ვითარცა შევიდა კაცი იგი მონასტრად და მდევარნიცა იგი უკუანა მისსა, და ვითარცა ენება, რათა შეიპყრან და წარუღონ, რაჲ-იგი აქუნდა, მიიწია კაცი იგი დამართებით სარკუმელსა ეკლესიისასა და შეაგდო, რაჲ-იგი აქუნდა ჴელთ-საჴოცელსა შინა გამოკრულ.
და ესრეთ უღონო რა იქმნეს მდევარნი იგი, ევედრნეს წინამძღუარსა გიორგის რათა განეხუნენ კარნი ეკლესიისანი და რათა წმიდასა მას თაყუანის ცენ და მათცა იხილონ, რაჲ იგი შეეწირა ევლოგიაჲ კაცსა მას. ეჰა განგებულებაჲ საღმრთოჲ და რათა ცნან ყოველთა, ვითარმედ მიცვალებასაცა ძალ-უც წმიდასა მას ქმნად, რაჲცა ენებოს! და ვითარცა განეხუნეს კარნი და შევიდეს წმიდად ეკლესიად და აღვიდეს საკურთხეველად და იძიეს, რაჲ იგი ცხადად შევრდომილ იყო სახილველად ყოველთა და არღარა იპოვა მათ მიერ, შიშმან და განკჳრვებამან შეიპყრნა ყოველნი და ადიდებდეს ღმერთსა.
XVIII. ხოლო ვითარცა წარჴდეს წელნი მრავალნი და წინამძღუარი გიორგი გარდაიცვალა, რომლისა მონაცვალედ დადგა მიქელ ვინმე, რომელსა გიორგივე ამცნო, ვითარმედ „იწყეთ შენებად ეკლესიისა ბრძანებისაებრ მამისა სერაპიონისსა და ნურარას ზრუნავ[თ] წარსაგებელთათჳს, რამეთუ ჩვენებით მეუწყა წმიდისა მიერ, ვითარმედ ევლოგიაჲ იგი, რომელ მოიღო კაცმან მან, იგი დამარხულ არს ქუეშე-კერძო ჯუარისა, რომელი იყო თავით-კერძო წმიდისა მის, აღმოიღეთ იგი და მიეცით ყოველთა მუშაკთა, და კაცი იგი კეთილი ყავთ განმგე ყოვლისა, ვითარცა იგი ჩემ მიერცა განმგებელ იყო ყოველთა საჭიროთა სამსახურთა მონასტრისათა“.
და ამის მიქელის ზე იწყეს ეკლესიაჲ იგი, წინაჲსწარგამოსახული წმიდისა მიერ, თუე[სა] ივნისსა ოთხსა, დღესა ხუთშაბათსა. რამეთუ ჴელოვნებით განთქმულსა კაცსა მოუწოდა მიქელ ქუეყანისაგან ბერძენთაჲსა, ადგილისაგან ხუფათ წოდებულისა, ბრძანებითა უფალთაჲთა, რომელსა თანაშემწედ აქუნდა გალატოზ[ი] სახელით შუარტყლელი. და ესე ორნივე ეყვნეს მოძღუარ და მასწავლელ სიმრავლესა მუშაკთასა.
და ვითარცა უწყოდა მამამან მიქელ უწყებითა მამისა გიორგისითა, ძებნა ევლოგიაჲ იგი. რამეთუ მივიდეს მღდელნი სახარებითა და სანთლებითა საკუმეველთა თანა და თჳთ კაცი იგი, მომღებელი ევლოგიისა მის, და ვითარცა წარიკითხეს სახარებაჲ იოანეს თავისაჲ: "პირველითგან იყო სიტყუაჲ”, და მოიდრიკნეს მუჴლნი და ევედრნეს წმიდასა სერაპიონს და გარდაუსვენეს ჯუარი იგი, ვითარცა უწყებულ იყო მამისა გიორგის, და, ეჰა საკჳრველებათა შენთა ქრისტე, რამეთუ იპოვა ყოვლად შეუძრველად ბეჭედი, რომელი, იხილა რა კაცმა მან, განკჳრდა და ყოველთა მადლობაჲ მისცეს ღმერთსა და წმიდასა სერაპიონს.
ხოლო იკითხეს კაცისა მის მიერ რიცხჳ ოქროჲსაჲ და ვითარებაჲ; ხოლო მან ჰრქუა: „ოქროჲ ესე არს ოქროჲსაგან თლილისა და წმიდისა, სახითა პირველთა მეფეთაჲთა, ხოლო რიცხჳთ იგი ბეჭედსა ამას შინა დრაჰკანი სამასი ხუთითურთ“. და ვითარცა განჴსნეს მანდილი, რომელსა შინა გამოკრულ იქმნა, იპოვა, ვითარცა პირველ ეთქვა კაცსა მას.
და იწყეს შენებად გულს-მოდგინედ და ყვეს კაცი იგი განმგებელ არა თუ გალატოზთა, არამედ ძმათაცა იკონომოსობაჲ ერწმუნა. და ესრეთ წარემართა შენებაჲ იგი ეკლესიისაჲ, ვინაჲცა საფუძველით და ხარისხთაჲთგან იღუწიდა კაცი იგი ყოველთა მუშაკთა, თჳნიერ სანოვაგეთაჲსა.
და ვითარცა აღეშენა შტოჲთურთ ვიდრე სარკუმელთამდის. დაილია ოქროჲ იგი კაცისა მის, სადა იგი გამოქანდაკებით ქადაგებს, ვითარმედ "აქა დაილია საფასე ჩემი, სადა ესერა მდგომარე ვარ და მიტჳრთავს ჯუარი ქრისტესი".
და იყო, ვითარ განსრულდა სარკუმლამდე, გამოხატეს თჳთ მიქელცა ორთა მათ თანა გალატოზთა ზედა სარკუმელსა აღმოსავალისასა. ხოლო მადლი წმიდისაჲ მარადის მოსცემდის წარსაგებელთა, რამეთუ სახედ მდინარისა შემოსდიოდეს საჴმარნი; და აღეშენა ვიდრე სამჴურემდე მამობასა მიქელისსა და დაუტევა ცხოვრებაჲ ესე და წარვიდა უფლისა.
ამისსა შემდგომად დაიდგინა მონაცვალედ მისსა პავლე ვინმე ხუცესი, კაცი წამებული ყოვლისა მიერ ერისა. ვინაჲცა ამან პირველვე სრულ ყო ეკლესიაჲ და შეამკო ყოვლითა სამკაულითა და აღმართეს მას შინა ხატი ფერისცვალებისაჲ და აკურთხეს ყოველთა კურთხევითა მამობასა შინა პავლესსა; და კაციცა იგი, მომღებელი ევლოგიისაჲ, სიბერითა კეთილითა განპოხებული, წარვიდა უფლისა და ესე აქამომდე იყავნ!
XIX. ხოლო ჩუენ შემდგომად ამისა სხუაჲცა მოვიჴსენოთ და ეგრეთ დავიბეჭდოთ სიტყუაჲ. რამეთუ თჳთ დასწერს ბასილი, რომელმან ცხოვრებაჲ ესე წმიდისაჲ აღწერა, და იტყჳს, ვითარმედ „მე, ბასილი, ძმისული წმიდისა სერაპიონისი, უნარჩევესი ყოველთა მოწესეთაჲ, შემდგომად ჟამთა მიცვალებისა მისისათა მოვიწიე ზედა წმიდასა სამარხვოსა მისსა და ვიხილე ყოვლად-ბრწყინვალედ და კეთილად ყოველივე ნამუშაკევი მათი და განვიშჳ და განვიხარე. ხოლო, რაჟამს ვიხილე საფლავი მისი ადგილსა ფარულსა, რომელსა ყოველნი უძლურნი მიიღებდეს დღითი-დღედსა კურნებასა, ბრძანებითა უფალთაჲთა ჴელ-ვყავ და შევმზადე ლარნაკი ქვისაჲ და აღვაღე საფლავსა მისსა, რომლისა მიერ გამოვიდა სული სულნელებისაჲ მიუწდომელი და ყოველნი აღვივსენით მადლითა და საკჳრველებათაგან, მაშინ ქმნილთა, ვადიდეთ ღმერთი, რამეთუ მრავალნი უძლურნი, შერაეხნეს წმიდათა მათ ძუალთა მისთა, [განიკურნეს და] მრავალნი სენნი დაიჴსნნეს, და განმხიარულებულნი მიიქცეოდეს და ადიდებდეს ღმერთსა საკჳრველებათასა და სანთელთა სიმრავლითა და მადლობითა მგალობელთაჲთა დავსხენით ლარნაკსა შინა ახალსა და აღვმართეთ მას ზედა ჯუარი საჴელსა ზედა წინამორბედისა საჩინოსა შტოსა ახლისა ეკლესიისა და განვაჩინეთ, რათა ერთი მღდელთაგანი შესწირვიდეს მას შინა მსხუერპლსა საუფლოსა.
ხოლო განვაწესეთ საჴსენებელი წმიდისა ამის გალობითა და შესხმითა სულიერითა და ღამის-თევითა დღესასწაულობითა ოკდონბერსა ოცდაცხრასა, და შემდგომად ჟამსა მის წირვისასა სულიერსა თანა შუებად ჴორციელთა სანოვაგეთა მიერ მდიდრად და უხუებით, რათა ორკერძოვე მხიარულთა ვადიდოთ ღმერთი, რომელი ადიდებს წმიდათა მისთა. ხოლო ჩუენ კუალად ერთიღა მივსცეთ სასწაულთა მისთაგანი თხრობასა და მერმე შევევედრნეთ ნავთსაყუდელსა მყუდროდუმილისასა.
რამეთუ ვითარცა ოდენ გუედგა ლარნაკი იგი წმიდისა და გალობაჲ იყო პირსა შინა ყოველთასა, აჰა ესერა მოიწია კაცი, რომელსა მრავლით ჟამითგან ელმოდა თუალი მარჯუენე, რამეთუ ნათლისაგან სრულიად დაკლებულ იყო, ხოლო ფრიად იგი ტკივილი ცხად ჰყოფდა ერთისა მისცა დაბრმობასა. და ვითარცა ვიხილეთ, ყოველთა გუელმოდა მის თანა. ხოლო იყო კაცი იგი დაბისაგან ბობღა წოდებულისა. და ვითარცა მოიწია კაცი იგი, შეუვრდა ლარნაკსა წმიდისასა, და ვიხილეთ ყოველთა საკჳირველებაჲ დიდი, რამეთუ ყოვლად მრთელად იპოვა მყის კაცი იგი და ყოველთა ვადიდეთ ღმერთი, რომელი ყოვლადვე იქმს დღითი-დღე ლარნაკსა ზედა მის წმიდისა[სა] ძალთა და სასწაულთა“.
ხოლო ამისსა შემდგომად ბასილი მიითუალა წინამძღურობაჲ, რომელმან იგი კეთილად იღუაწა ჟამ რაჲოდენიმე ადგილი იგი ნამუშაკევი მამის ძმისა თჳსისაჲ.
XX. არამედ ჩუენ, გლახაკთა და უსწავლელთა, შენდავე მივაქციოთ სიტყუაჲ ჩუენი, ჵ მამაო მამათაო, დიდო მოღუაწეო ყოველ თაო, ვითარცა იგი პირველი ჩუენსა, ეგრეთვე შემდგომითი-შემდგომად! აწცა ჩუენ უძლურთა და უღირსთა, შვილად შენდა სახელდებულთა, ნუ ოდეს დამივიწყებ და ნუცა გარე უკუნ-აქცევ მეოხებად და ღუწად განმზადებულსა პირსა შენსა სიმრავლისათჳს ცოდვათა ჩუენთასა. ხოლო ჩუენ რაჲ შესხმაჲ მიგიძღუანოთ, რამეთუ უზეშთაეს კაცთა ბუნებისა არს ბრწყინვალებით წარმატებაჲ ცხორებისა შენისაჲ. ვინაჲცა შენისავე მოღუაწებისა სიტყუათა შევსწირავთ შენდა, ვედრებითა შეგივრდებით, რათა მეოხებითა შენითა ჰყო ლხინებაჲ შეცოდებათა ჩუენთაჲ.
ჵ ანგელოზთა თანამზრახვალო, სამებისა წმიდისა სარწმუნოო მონაო, რომელმან ას-წილად აღაორძინე ტალანტი, რწმუნებული შენდა! ჵ უძლურთა მკურნალო, ჭირვეულთა შემწეო, ღელვა-გუემულთა ნავთ-საყუდელო, გლახაკთა სიმდიდრეო, უცხოთა და მოგზაურთა ნუგეშინის მცემელო, მოღუაწეთა სამკაულო, მონაზონთა რჩეულებაო, მამათა სიქადულო, წინამძღუართა დიდო მნათობო და ყოველთა შენდამო ლტოლვილთა ნავთსაყუდელო უღელვოო, ხოლო მორჩილთა საღმრთოჲსა შურისა მასწავლელო, მამათა დიდებაო, და რათა მოკლედ ვთქუათ, ჵ ყოვლისა სახელისა და საქმისა კეთილისა ღირსო! შეიწირენ ჩემ მიერნი სათნოებათა შენთა სიტყჳთ გა[მო]სახვანი, უღირსთაგან ბაგეთა აღმოთქუმულნი, და ვითარცა ხარ მონა ღმრთისა სიტყჳსაჲ, მიემსგავსე ქრისტესა მეუფესა, რომელმან-იგი ქურივისა წულილნი მიითუალნა, და ნუ გარე-მიიქცევ ალაბასტრსა უღირსთა ბაგეთასა, ვითარცა ქრისტემან მეძავისა მის, და სავანე-ყავ ჩუენ თანა.
ჵ წმიდაო, ვითარცა უფალმან სახლსა ზაქესსა, დამიჴსენ ჩუენ ლოცვითა შენითა ყოველთაგან მტერისა მანქანებათა, და ვითარცა სოფელსა ამას წმიდისა მოძღურებისა შენისა მოწაფედ წოდებულ ვართ, ეგრეთვე ზიარ მყვენ მერმესა მას უკუანაჲსკნელსა დღესა დიდებით მოსლვასა მეუფისასა დგომად მახლობელად შენსა ყოველთა თანა წმიდათა, მარჯუენით უფლისა და ღმრთისა, უღირსნი ესე მოწაფენი შენნი, სამგზის სანატრელო მამაო წმიდაო სერაპიონ, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და მადლითა და ლოცვითა შენითა და წმიდათა მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთა და მოწამეთაჲთა და ყოვლად-ქებულთა მღდელთ-მოძღუართაჲთა და მამათაჲთა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ უღირსნი ესე სმენად ჴმასა მას ზატიკობისასა წმიდათა ანგელოზთა თანა, რომელნი სამ-წმიდაარსობით ადიდებენ სამებასა ერთ-არსებასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!