მოდი, მოდი, განთიადო,
მოდი, მოუთმენლად გელი,
მზეო, მალე ამობრწყინდი,
მადლიანო, რაღას ელი?!
გუშინ ჩიტი ჩემს ფანჯრის წინ
დაფრინავდა, სრიალებდა,
ჭიკჭიკით და გალობითა
სულ მე შემომტრიალებდა.
ბოლოს მინას ფრთა დამიკრა
სამჯერ მკვირცხლად ზედიზედა,
მამცნო, მამცნო, რომ ამ დილით
შორის გზიდან მომდის დედა.
ვიცი მოაქვს საახალწლოდ
ბევრი, ბევრი ტკბილეული,
ნაზუქი და შოთი პური
მთვარესავით მილეული,
მაგრამ მე მათ რას დავეძებ,
მშობელს ველი სულით, გულით,
მინდა, მინდა დროზე დავტკბე
მხოლოდ დედის სიყვარულით.
გადავეჭდო როგორც ვაზი,
ხვართქლასავით ზედ დავეწნა,
განთიადო, თუ გწამს ღმერთი,
ნუღარ გინდა მეტი ხვეწნა.
გული ხტის და გული ჩქროლავს.
აღარ მინდა დავიძინო,
მზეო, მთელი ქვეყნის დედავ,
ბევრი აღარ მალოდინო!..


1915 წ.

ენკენისთვე გაიწურა,
გადაყვითლდა მთა და ველი;
ღვინობისთვემ მოატანა,
სოფლად გაჩნდა ყველგან რთველი.
ფაციფუცობს, მიდის-მოდის
ვენახისკენ კაცი, ქალი;
წელს ბუნებამ იზღვაგულა,
კარგი არის მოსავალი.
ადე, სოსო, ადე, კოტე,
შენ, შალიკო, რაღას ელი?
რახანია გივის მზად აქვს
პაწაწინა საკიდელი!
განა ახლა ძილის დროა?
ზარმაცია, ვისაც სძინავს:
მტევნებს ვაზი ვეღარ იჭერს,
ქარვასავით ყველა ბზინავს.
რას უყურებთ ზარმაც შაქროს,
გოგიას და შიოლასა:
მათ თათარა როდი უყვართ,
მაჭრით წავლენ იოლასა.
და თუ გინდათ ზამთარშიაც
ყელი ჩაიკოკლოზინოთ,
კალათით და საკეც დანით
ვაზებს უნდა მოულხინოთ...
ენკენისთვე გაილია,
სოფლად გაჩნდა ყველგან რთველი,
აჭრიალდა ურმის თვალი,
ამუშავდა ყველას ხელი.
ზეიმობს და მხიარულობს
ყურძნით სავსე საწნახელი,
აღიღინდა ტკბილის ჩქერით
თაღარი და ქვევრის ყელი.

  ქართული საბავშვო მწერლობის ერთ–ერთი ფუძემდებელი შიო ილარიონის ძე მღვიმელი (ნამდვილი გვარი ქუჩუკაშვილი) დაიბადა 1866 წლის 12 თებერვალს, სოფ. ბრეთში (ახლანდელი ქარელის რაიონი). გორის სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების (1887) შემდეგ თბილისში მუშობდა ჯერ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წიგნის მაღაზიის გამგედ, ხოლო 1909 წლიდან — ქართულ ჟურნალ-გაზეთბის რედაქციებში კორექტორად. მღვიმელის პირველი ლექსი „დილა“ 1885 წელს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა, პირველი საბავშვო ლექსები — 1887 წელს. 1891 წელს მისი ლექსები ცალკე გამოიცა პატარ-პატარა წიგნებად.
შიო მღვიმელი თანამშრომლობდა ჟურნალებში “ჯეჯილსა” და “ნაკადულში”, შემდეგ “პიონერსა” და “ოქტომბრელში”. მღვიმელის ლექსები “ია”, “ია და მზე”, “შოშია და ბავშვები”, “გაზაფხული”, “ყინვა და გულადი” და ბევრი სხვა მოზარდ თაობას ჰუმანიზმს, შრომისმოყვარეობასა და პატიოსნებას, პატრიოტიზმსა და სიკეთეს უნერგავდა, აგრეთვე გადმოკეთებული აქვს, ორიგინალიდან ზღაპრები (“რწყილი და ჭიანჭველა”, “ყვინჩილა და ფისო”, “ძუნწი” და სხვა). პოეტური ენის სისადავე, ხალხურ პოეზიასთან სიახლოვე მღვიმელს ერთი მხრით, აკაკი წერეთლის სკოლის პოეტებთან, მეორე მხრით კი ვაჟა ფშაველასთან ანათესავებდა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბევრ გამოჩენილ მწერალთან, განსაკუთრებით ვაჟა–ფშაველასთან.
1923 წელს შიო მღვიმელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწერლის წოდება.
გარდაიცვალა 1933 წლის 29 დეკემბერს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის შიო მღვიმელის ქუჩა. დაწესებულია შიო მღვიმელის პრემია.

წყარო: თბილისი. – ენციკლოპედია. – თბ.2002 წელი.

 
ლექსები

რთველი

ვედრება

სიმღერა მეომრისა

პაწია მერცხალი

კურდღლის ჩივილი

მერცხალი

ჩიტი მზეწვია

მკაში

შავი მელა

ოჯახის გამხარებელი

ზამთარი და ნიბლია

ჩემი დედოფალა

მუხა

გაზაფხული

ნატვრა

ია

ბიჭო ნუ იჭერ პეპელას

სალამი ყვავილებს

ნაბია და წკიპა

გაზაფხულდა

ობოლი

ოქროს თავთავი