ტყემ მოისხა ფოთოლი,

აგერ მერცხალიც ჭყივის,

ბაღში ვაზი ობოლი

მეტის ლხენითა სტირის.


აყვავებულა მდელო,

აყვავებულან მთები;

მამულო საყვარელო,

შენ როსღა აყვავდები?


28 იანვარი, 1861 წ.

პეტერბურგი.

ეჰ! ჩემო ბედო! ჩემ სიცოცხლეში

სულ შენს ნებაზედ მითამაშნია;

მოგიკლავს ბევრი კარგი ნუგეში,

ტკბილ ოცნებებზედ გინავარდნია.

სისხლისა ცრემლით დამწვი თვალები,

გულზედ მატყვია შენი ბრჭყალები.

გეყო!.. მოვიდა დრო ანგარიშის,

მოდი, გავსწორდეთ, ნუ მემალები,

წარვიდნენ დღენი შენის უფლების,

დროა დავსცვალოთ ჩვენ ადგილები...

შენს დუდუკზედა აქამდის ვხტოდი,

ბევრჯერ და ბევრჯერ შენ მაძრუწუნე,

ეხლა დუდუკი მე მაქვს, აქ მოდი,

მე დავუკრავ და - შენ კი იხტუნე.


1859 წ.

ღმერთო!.. აკურთხე ამ ყმისა ძალნი,

ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე,

აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი,

ტანჯვის ნუგეში მას შთააგონე.


ღმერთო!... მოჰმადლე მადლი ზეცისა,

შთაბერე ყრმასა ძლიერი სული,

რათა შეიქმნეს თავის ერისა

მოძმე ერთგული და მოყვარული.


ღმერთო!.. თან სდევდე უსუსურს ბავშვსა,

რომ დღენი ისე არ დაელიოს,

მინამ ტანჯვისა ცრემლი თვის ხალხსა

ცოტათი მაინც მან არ მოსწმინდოს.


1863 წ.