ეჰა, ჩემო ოცნებავ, კვლავ რად წარმომედგინე

და დასი მცნობთ ჩვენებათ უბრალოდ რად მომფინე?

რად მიჩვენებ სახესა წარსულთა მათ ნუგეშთა, -

ერთხელ ჩემის სიცოცხლის ნაზად დამატკბობელთა,

რომელნიცა მე ბედმან უწყალოდ დამითრგუნა

და გლახ მე მარად მტირალს მცირედიც არ მიბრუნა.

ნუ მიტევებ, ოცნებავ, მომეც ძველნი ხილვანი,

მომეც მე ძველნი ცრემლნი და ძველნიცა ოხრვანი;

წარსულისა სიცოცხლის ნიავი კვლავ დამქროლე

და დამაშვრალს სულსა ჩემს სიტკბო მით განუახლე.

გვედრებ, ნუღა მშორდები, განმიგრძე სიხარული,

რომე ხსოვნითა ოდენ დავიტკბო წყლული გული.

ეღების კარი გაზაფხულისა,
დროთა ცვალებით დანერგულისა.
მოგივალსთ ჟამი სიხარულისა,
თვისთანა მქონე შვება სრულისა:
ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა,
იგემეთ სიტკბო სიყვარულისა!

ეჰა ჩვეულნო ყოფნას დიდებით,
აწ რად ხართ ბურვილ ჭმუნვის რიდებით?
ნუ ჰგონებთ თავთა ბედ-განკიდებით...
ნიავმან ყვავილთ სუნთ მოზიდებით
გახაროსთ მოსვლა ფერად მკულისა -
ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა,
იგემეთ სიტკბო სიყვარულისა.

თუმცა ზამთარი აზრობს ყვავილთა,
და აგდებს ხეთა მწარედ განძრცვილთა,
გარნა ჟამთ ცნობით მათგანვე ხილთა
ჯერ არს ველოდეთ პირველებრ ტკბილთა:
ეს არს ზნე დროთა სიარულისა!
ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა,
იგემეთ სიტკბო სიყვარულისა.

უწყოდეთ ესე ცნობა მყარითა,
რომ დრო მოგივალსთ კეთილ დარითა:
იხილავთ ვარდსა სახე მტკბარითა!
თუ არ შეჰკრთებით მისის ნარითა,
სიმხნეს მოიგებთ წამლად წყლულისა.
ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა,
იგემეთ სიტკბო სიყვარულისა.
ჰოი, ვინც არებთ თავისუფლებით,
ნუ ეტრფით ვარდსა გარშემოვლებით.
მიეახლენით გულისა ხლებით!
და თუ არ მოჰკვდეთ უდროდ დღე-კლებით,
იხილოთ განხსნა ბედ-შეკრულისა.
ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა,
იგემეთ სიტკბო სიყვარულისა!

ედემს რგულსა საროს მაშორვა ბედმან,
აროდეს ნუგეშს მცა მასთან დაზმითა.
მიმუხთლა სოფელმან რისხვითა მხედმან,
აწ ხმეული მშთარ-ვარ სურვილის-სმითა.
ლალ-ბროლსა შერევნია შეთხზულად,
იაგუნდს ჰყავნ მარგალიტნი შეცულად.
როს განაპის, მჭვრეტს იქმს განლიგებულად,
აღავსებს მის ბაგეთ თვისის ქებითა.

ეკაზმინ სამოდ წარბნი მოხრილნი,
მელნის ტბათ გარემოს არს ზღვანი გრილნი;
მათცა გარ მოზღუდვენ ჰინდთ ჯარნი ყრილნი,
ჰკოდენ მჭვრეტთა გულსა ისართ პირ ხმითა.
ნათელსა ჰსცემს მრჩობლი ბროლის ფიცარსა,
ზილფნი აშვენებენ ყელს საფიცარსა;
ვეშურვ რაყიფს მისს სიახლეს ვინც არსა.
გლახ მოწყლულ მაქვს გული წყვდიადსა ბმითა!
ერთი იგი ვნახე ლახვარ ჭურვილი,
მიჯნურთ გულთ მოსრვისა აქვნდა სურვილი.
მეც მხვდა მისგან წყლული, მექმნა ურვილი,
აწ, ენაო, რა გეწამლოს ჭირთ თქმითა!