ჰხამს ტრფიალსა საყვარელი სულად ედგეს, მით ჰსცოცხლებდეს,
მოშორებას ვერა ჰსთმობდეს, ღაწვთა მისთვის დაილებდეს;
გულს სურვილი ეგზნებოდეს, ჭირთა ყოლე მითა ჰსძლებდეს,
ზოგჯერ ზრახვით განჰსცხრებოდეს, ხან ტრფობითა მიახლებდეს

ჰე მთოვარეო შემწყნარეო, აშიყთ გულების,
მოგვფინენ შენნი შუქნი ნელნი ჩვენ ორთა ოდენ!
რაზომცა ვლიდე, ვერსად ვპოვო, ნუ გეგულების,
რომ ურთიერთსა ჩვენებრ მტკიცედ ვინმე შესტრფოდნენ!

ჭმუნვის მახვილი გულსა მსომია;
მიკვირს, თუ სული რად არ მხდომია!
ნაცვლად იმედთა მათ ჩემთა, მზეო,
ჭოგრითით ჭვრეტა შეღამრჩომია.

განვშორებულვარ შენთანა შვებას,
თუმცა გონება შენთან ხომია;
კმა-ყოფის გზათა ვხედავ ხლართულად,
სურვილი უქმად გულს შემჭრომია;

განმხეცებია, ვაჰ, სიყვარული,
და გულსა მიხოკს, ვითა ლომია!
აქაით გეაჯ, მიბრუნო სული,
ვის ტრფიალებით ფერი მკრთომია.

არ გესმის ოხრვა, ოხრვის მიზეზო,
სასმენთა კარნი ჩემთვის გხშომია!
თუ აწ ვერ გპოვო შენ ჩემს მკურნალად,
ვჰსცნობ რომე ბედი სრულად მწყრომია;

რისხვამან შენმან სიცოცხლის ძაფი
შეჰსწყვიტოს, რადგან შესაწყდომია!