24. ფსალმუნი დავითისი

1. შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი. 2. ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე, ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი. 3. და რამეთუ ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს. ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად. 4. გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე. 5. მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე. 6. მოიხსენე მოწყალებათა შენთაი, უფალო, და წყალობანი შენნი, რამეთუ საუკუნითგან არიან. 7. ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ; წყალობითა შენითა მომიხსენე მე სიტკბოებისა შენისათვის, უფალო. 8. რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთვის შჯულიერ ჰყუნეს ცოდვილნი გზასა. 9. უძღუეს მშვიდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი. 10. ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობა და ჭეშმარიტება მათთვის, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა. 11. სახელისა შენისათვის, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს. 12. ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ ჰყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა; 13. სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანაი. 14. ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თვისი აუწყოს მათ. 15. თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერხნი ჩემნი. 16. მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდ-შობილ და გლახაკ ვარი მე. 17. ჭირნი გულისა ჩემისანი განმრავლდეს, ურვათა ჩემთაგან გამომიყვანე მე. 18. იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაი ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი. 19. იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილითა ამაოდ მომიძულეს მე. 20. იცევ სული ჩემი და მიხსენ მე და ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გესავ შენ. 21. უმანკონი და წრფელნი შემომეყვნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ უფალო. 22. იხსენ, ღმერთო, ისრაელი ყოველთაგან ჭირთა მისთა.

25. ფსალმუნი დავითისი

1. მისაჯე მე უფალო, რამეთუ მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე და უფალსა ვესევდ, რაითა არა მოუძლურდე. 2. გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე, გამოახურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი. 3. რამეთუ წყალობაი შენი წინაშე თუალთა ჩემთა არს და სათნო ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა. 4. არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე. 5. მოვიძულე კრებული უკეთურთაი და უღმრთოთა თანა მე არ დავჯდე. 6. დავიბანნე უბრალოებით ხელნი ჩემნი და გარე-მოვადგე საკურთხეველსა შენსა, უფალო: 7. სმენად ჩემდა ხმაი ქებისა შენისაი და მითხრობად ყოველი საკვირველებაი შენი. 8. უფალო, შევიყუარე შუენიერებაი სახლისა შენისაი და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისაი. 9. ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხორებასა ჩემსა; 10. რომელთა ხელნი მათნი უშჯულოებასა შინა არიან, მარჯუენაი მათი აღივსო ქრთამითა. 11. ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე; მიხსენ მე, უფალო, და მიწყალე მე. 12. ფერხი ჩემი დადგა სიწრფოებით, ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო.

26. ფსალმუნი დავითისი, პირველ ცხებისაი

1. უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხორებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე? 2. მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ხორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს. 3. განთუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლაი, ამისთვისცა მე შენ გესავ. 4. ერთი ვითხოვე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაი უფლისაი და მოხილვად ტაძარი მისი. 5. რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამფარა მე დაფარულსა კარვისა მისისა, კლდესა ზედა აღმამაღლა მე. 6. და აწ ესერა აღამაღლა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარე მოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისაი, ვაქებდე და უგალობდე უფალსა. 7. ისმინე, უფალო, ხმისა ჩემისაი, რომლითა ღაღად-ვჰყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი. 8. შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო. 9. ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუ დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო. 10. რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე. 11. შჯულიერ მყავ მე, უფალო, გზასა შენსა და მიძეღუ მე ალაგთა შენთა წრფელთა მტერთა ჩემთათვის. 12. ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღსდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუვემან თავსა თვისსა. 13. მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისაი ქუეყანასა მას ცხოველთასა. 14. დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა. დიდებაი.

27. ფსალმუნი დავითისი

1. შენდამი, უფალო, ხმა-ვჰყო; ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან, ნუ სადამე დასდუმნე ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 2. ისმინე, უფალო, ხმაი ვედრებისა ჩემისაი ვედრებასა ჩემსა შენდამი, აღპყრობასა ხელთა ჩემთასა ტაძრისა შენისა მიმართ წმიდისა. 3. ნუ მიმზიდავ მე ცოდვილთა თანა და მოქმედთა თანა სიცრუვისათა ნუ თანა-წარმწყმედ მე, რომელნი იტყვიან მშვიდობასა მოყუსისა მათისა თანა, ხოლო უკეთურებასა - გულთა შინა მათთა. 4. მიეც მათ, უფალო, საქმეთა მათთაებრ და უკეთურებისაებრ საქმეთა მათთაისა; საქმეთაებრ ხელთა მათთაისა მიეც მათ და მიაგე მისაგებელი მათი მათვე. 5. რამეთუ არა გულისხმა-ჰყვნეს საქმენი უფლისანი, არცა ქმნულსა ხელთა მისთასა მიხედნეს; დაამხუნე იგინი და არა აღაშენნე. 6. კურთხეულ არს უფალი, რამეთუ ისმინა ხმაი ლოცვისა ჩემისაი. 7. უფალი შემწე ჩემდა და მფარველ ჩემდა; მას ესვიდა გული ჩემი და შეწევნულ იქმნა, და მხიარულ იქმნნეს ხორცნი ჩემნი და მე ნებითა ჩემითა აუვარო მას. 8. უფალი ძალ არს ერისა თვისისა და შესავედრებელ არს ცხორებად ცხებულისა თვისისა. 9. აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, და დამწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე.

28. ფსალმუნი დავითისი, გამოსლვისათვის კარვისა

1. შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა. 2. შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა, თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა. 3. ხმაი უფლისაი წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისაი ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა. 4. ხმაი უფლისაი ძლიერებით, ხმაი უფლისაი დიდად შუენიერებით. 5. ხმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი. 6. და დააწულილნეს იგინი ვითარცა ხბოი იგი ლიბანისაი, და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისაი. 7. ხმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისაი. 8. ხმამან უფლისამან შეძრის უდაბნოი და შეაძრწუნის უფალმან უდაბნოი იგი კადისაი. 9. ხმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ დიდებაი მისი. 10. უფალმან წყლით-რღუნაი დაამკვიდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე. 11. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

29. ფსალმუნი, გალობა განახლებისა სახლისა დავითისი

1. აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა. 2. უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვჰყავ შენდამი და განვიკურნო. 3. უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიხსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 4. უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა. 5. რამეთუ რისხვაი არს გულის წყრომასა მისსა და ცხორებაი არს ნებითა მისითა; მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან. 6. ხოლო მე ვსთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე უკუნისამდე. 7. უფალო, ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი; გარე-მიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი. 8. მე შენდამი, უფალო, ხმა-ვჰყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცო. 9. რაი-მე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროსა შენ, ანუ უთხრასა ჭეშმარიტებაი შენი? 10. ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა. 11. მოაქციე გლოვაი ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძაი ჩემი და გარე-შემარტყ მე სიხარული, 12. რაითა გიგალობდეს შენ დიდებაი ჩემი და არა შევინანო, უფალო ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აღგიარო შენ. დიდებაი.

30. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, განკვირვებისაი

1. შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე. 2. მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა. 3. რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და სახელისა შენისათვის მიძღუე მე და გამომზარდო მე. 4. და გამომიყვანო მე საფრხისა ამისგან, რომელ დამირწყეს მე, რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო. 5. და ხელთა შენთა შევვედრო სული ჩემი; მიხსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო. 6. მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაიცვენ ამაოებაი ცუდად, ხოლო მე უფალსა ვესავ. 7. ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მოხედენ სიმდაბლესა ჩემსა და იხსენ ჭირთაგან სული ჩემი; 8. და არა მიმცე მე ხელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერხნი ჩემნი. 9. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა გულის წყრომითა თუალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი. 10. რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხორებაი ჩემი და წელიწადნი ჩემნი სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკობითა ძალი ჩემი და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს. 11. ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და მოძმეთა ჩემთაგან ფრიად და შიშ მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე გარე განივლტიედ ჩემგან. 12. დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი, გულთაგან და ვიქმენი მე ვითარცა ჭურჭელი წყმედული. 13. რამეთუ მესმა მე ყუედრებაი მრავალთაი, რომელნი გარემოის იყვნეს ჩემსა; რაჟამს შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაი სულისა ჩემისაი იზრახეს. 14. ხოლო მე, უფალო, შენ გესავ; ვსთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი. 15. და ხელთა შენთა შინა არს მკვიდრობაი ჩემი; მიხსენ მე ხელთაგან მტერთა ჩემთაისა და მდევართა ჩემთაისა. 16. გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა. 17. უფალო, ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთახდენ იგინი ჯოჯოხეთად. 18. უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუვარნი, რომელნი იტყვიან მართლისა მის ზედა უშჯულოებასა ამპარტავანებითა და შეურაცხებითა. 19. ვითარ მრავალ არს წყალობაი სიტკბოებისა შენისაი, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათვის წინაშე ძეთა კაცთასა. 20. დაჰფარნე იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთაისა; დაიცვნე იგინი კარავსა შენსა ხდომისაგან ენათაისა. 21. კურთხეულ არს უფალი, რამეთუ საკვირველ ჰყო წყალობაი მისი ზედა ქალაქსა მტკიცესა. 22. ხოლო მე ვსთქუ განკვირვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარი მე პირისაგან თუალთა შენთაისა; ამისთვის შეგესმა ხმაი ლოცვისა ჩემისაი, რაჟამს ვღაღადებდი მე შენდამი. 23. შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავანებასა. 24. მხნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი რომელნი ესავთ უფალსა.

31. ფსალმუნი დავითისი

1. ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. 2. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაი, არცა არს პირსა მისსა ზაკუვაი. 3. რამეთუ დავდუმენ მე, განკფდეს ყოველნი ძუალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე; 4. რამეთუ დღე და ღამე დამიმძიმდა ჩემ ზედა ხელი შენი; მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი. 5. ცოდვაი ჩემი გაუწყე შენ და უშჯულოებაი ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ: აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაი გულისა ჩემისაი. 6. ამისთვის ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმიდაი ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღუნაი წყალთა მრავალთაი მას არა მიეახლოს. 7. შენ ხარ შესავედრებელი ჩემი ჭირისაგან, რომელი გარე-მომადგეს მე; სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარე-მოუცავ მე. 8. გონიერ გყო შენ და გულისხმა-გიყო შენ გზასა მას, რომელსაცა ხვიდოდი; ვიგნე შენ ზედა თუალნი ჩემნი. 9. ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა; ჭიმითა და აღვირითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მოგეახლნეს. 10. მრავალ გუემა არიან ცოდვილთათვის, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა, წყალობაი გარე-მოადგეს მათ. 11. იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნო, და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა. დიდებაი.

17. დასასრულსა, მონისა უფლისა დავითისი, რომელნი ჰრქუნა უფალსა სიტყუანი ამის გალობისანი დღესა მას, რომელსა იხსნა იგი უფალმან ხელთაგან ყოველთა მტერთა მისთასა და ხელთაგან საულისთა და თქუა

1. შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, 2. უფალო, დამამტკიცებელო ჩემო, და შესავედრებელო ჩემო, და მხსნელო ჩემო. ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაი ცხორებისა ჩემისაი და ხელის აღმპყრობელი ჩემი. 3. ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე. 4. გარე მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უშჯულოებისათა შემაძრწუნეს მე; 5. სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი. 6. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვჰყავ; შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ხმისა ჩემისაი და ღაღადებაი ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა. 7. და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაი და საფუძველნი მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი. 8. ახდა კუამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და ნაკუერცხალნი აღეგზნეს მისგან. 9. და მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა და ნისლი ქუეშე ფერხთა მისთა. 10. და აღხდა ქერუბიმთა ზედა და აფრინდა, და აფრინდა იგი ფრთეთა ზედა ქართასა. 11. და დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოის მისსა საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა. 12. ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს, სეტყუაი და ნაბერწყალი ცეცხლისაი. 13. და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ხმაი თვისი. 14. მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი განამრავლნა და შეაძრწუნნა იგინი. 15. და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა რისხვისა შენისა. 16. გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე, და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა. 17. მიხსნეს მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის. 18. მომეწიფნეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა და მეყო მე უფალი განმაძლიერებელ ჩემდა. 19. და გამომიყვანა მე ფართოდ; მიხსნეს მე, რამეთუ მინება მე. 20. და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ხელთა ჩემთაისა მომაგოს მე. 21. რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან; 22. რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან. 23. და ვიყო მე უბიწო მის თანა და დავიცვა მე უშჯულოებისა ჩემისაგან. 24. და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ხელთა ჩემთაისა წინაშე თუალთა მისთა. 25. წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოისა თანა უბრალო იყო, 26. და რჩეულისა თანა რჩეულ იყო და დრკუისა მისგან განეშორო. 27. რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თუალნი ამპარტავანთანი დაამდაბლნე; 28. რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; 29. რამეთუ შენ მიერ ვიხსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავხდე ზღუდესა. 30. ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი და სიტყუანი უფლისანი გამოხურვებულ; შესავედრებელ არს ყოველთათვის, რომელნი ესვენ მას. 31. რამეთუ ვინ არს ღმერთ უფლისა გარეშე, ანუ ვინ არს ღმერთ, გარნა ღმრთისა ჩუენისა? 32. ღმერთი, რომელმან გარე შემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ გზაი ჩემი; 33. განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე. 34. განსწავლენ ხელნი ჩემნი ღუაწლსა და ჰყვენ მშვილდ რვალისა მკლავნი ჩემნი. 35. და მომეც მე შემწე მაცხოვარებისაი და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე და სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღურებამან შენმან ამან განმსწავლოს მე. 36. ფართო ჰყვენ სლვანი ჩემნი ქუეშე ჩემსა და არა მოუძლურდეს ალაგნი ჩემნი. 37. ვდევნე მტერნი ჩემნი, და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა მოესრულნენ. 38. ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად, დაეცნენ იგინი ქუეშე ფერხთა ჩემთა. 39. და შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე. 40. და მტერნი ჩემნი მომცენ მე მეოტად და მოძულენი ჩემნი მოსრენ. 41. ღაღადებდეს და არავინ იყო მაცხოვარ, უფლისა მიმართ, და არა ისმინა მათი. 42. და დავაწულილნე იგინი ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა და ვითარცა თიხაი უბნისაი დავთრგუნე იგინი. 43. მიხსენ მე ხდომისაგან ერისა და დამადგინო მე მთავრად წარმართთა; ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე, 44. მორჩილებითა ყურისაითა ისმინა ჩემი; 45. შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთანი განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან. 46. ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს ღმერთი და ამაღლდინ ღმერთი მაცხოვარებისა ჩემისაი. 47. ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე. 48. მხსნელო ჩემო მტერთა ჩემთაგან მრისხანეთა და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, აღმამაღლო მე და კაცისა უკეთურისაგან მიხსნე მე. 49. ამისთვის აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე. 50. განადიდე ცხორებაი მეუფისაი და ყოფად წყალობაი ცხებულისა მისისა თანა, დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე. დიდებაი.

 

18. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

 

1. ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროი. 2. დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა. 3. არა არიან თქმულ არცა სიტყუაი, რომელთა-იგი არა ესმა ხმაი მათი. 4. ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი. მზესა აღდგა კარავი თვისი; 5. და თავადი, ვითარცა სიძე რაი გამოვალნ ეზოით თვისით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა. 6. ცის კიდითგან არს გამოსლვაი მისი და მიწევნაი მისი ვიდრე კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა. 7. შჯული უფლისაი უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ ჰყვნიან ყრმანი. 8. სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულთა; მცნებაი უფლისაი ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა. 9. შიში უფლისაი წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე; განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა. 10. გულის-სათქუმელ არიან უფროის ოქროისა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროის თაფლისა და გოლეულისა. 11. და რამეთუ მონამანცა შენმან იცვნეს ესე, დაცვასა მათსა მოსაგებელ მრავალ. 12. შეცოდებანი ვინ-მე გულისხმა-ჰყვნეს? საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე. 13. და უცხოთაგან იცევ მონაი შენი; არა თუ მეუფლნენ, მაშინ უბიწო ვიყო მე და განვწმიდნე მე ცოდვისაგან დიდისა. 14. და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მხსნელო ჩემო.

 

19. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

 

1. შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი. 2. მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ; 3. მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ. 4. მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ. 5. ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი. 6. აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი. 7. ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით. 8. იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით. 9. უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.

 

20. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

 

1. უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად. 2. გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას. 3. რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა. 4. ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე. 5. დიდ არს დიდებაი მისი მაცხოვარებითა შენითა, დიდებაი და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა; 6. რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა. 7. რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას. 8. იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი. 9. რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი. 10. ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან. 11. რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად. 12. რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი. 13. ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა. დიდებაი.

 

21. დასასრულსა, შეწევნისათვის საცისკროისა, ფსალმუნი დავითისი

 

1. ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაისათვის დამიტევე მე? შორს არიან ცხორებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი. 2. ღმერთო ჩემო, დღისი ხმა-ვჰყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე და არა იღუაწე ჩემთვის. 3. ხოლო შენ წმიდასა შინა დამკვიდრებულ ხარ ქებული ეგე ისრაელისაი. 4. შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იხსნენ იგინი; 5. შენდამი ღაღადებდეს და ცხოვნდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა. 6. ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა. 7. ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხვიდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა. 8. ესვიდა უფალსა, იხსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი. 9. რამეთუ შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოით, სასოო ჩემო, დედის ძუძუით ჩემითგან. 10. შენდა შევვარდი მე საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან, ღმერთი ჩემი ხარი შენ, ნუ განმეშორები ჩემგან, რამეთუ ჭირი მახს მე, და არავინ არს მწე ჩემდა. 11. გარე-მომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა პოხილთა მომიცვეს მე; 12. აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი, ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყვირალმან. 13. ხოლო მე ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი ვითარცა ცვილი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა. 14. განხმა ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაი ჩემი სასასა ჩემსა აექუა და მიწად სიკუდილისა შთამხადე მე. 15. რამეთუ გარე-მომადგეს მე ძაღლებრ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარე-მომიცვა მე; განხურიტნეს ხელნი ჩემნი და ფერხნი ჩემნი. 16. და აღრაცხეს ყოველი ძვალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე. 17. განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. 18. ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ხელის აღპყრობად ჩემდა მომხედენ; 19. იხსენ მახვილისაგან სული ჩემი და ხელთაგან ძაღლთაისა მხოლოდშობილებაი ჩემი; 20. მიხსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისათა - სიმდაბლე ჩემი; 21. მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის ეკლესიისა გიგალობდე შენ. 22. მოშიშნი უფლისანი აქებდით მას და ყოველი ნათესავი იაკობისი ადიდებდით მას; ეშინოდენ მისგან ყოველსა ნათესავსა ისარელისასა. 23. რამეთუ არა შეურაცხ-ჰყო, არცა მოიწყინა ლოცვაი გლახაკისაი, არცა გარე-მიაქცია პირი მისი ჩემგან და ხადილსა ჩემსა მისა მიმართ ისმინა ჩემი. 24. შენ მიერ არს ქებაი ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე წინაშე მოშიშთა მისთა. 25. შჭამონ დავრდომილთა და განსძღენ და აქებდენ უფალსა მეძიებელნი მისნი, ცხონდენ გულნი მათნი უკუნითი უკუნისამდე. 26. მოიხსენონ და მოიქცენ უფლისა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და თაყუანის-სცენ წინაშე მისსა ყოველთა ტომთა თესლებისათა; 27. რამეთუ უფლისაი არს სუფევაი და იგი მეუფებს ყოველთა ზედა წარმართთა. 28. შჭამეს და თაყუანის-სცეს ყოველთა პოხილთა ქუეყანისათა; მის წინაშე დაცვიოდიან ყოველნი, რომელნი შთავლენან მიწად; და სული ჩემი მისა ცხოველ არს. 29. და ნათესავმან ჩემმან ჰმონოს მას; ეუწყოს უფალსა ნათესავი მომავალი. 30. და უთხრობდენ სიმართლესა მისსა ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან.

22. ფსალმუნი დავითისი

1. უფალმან მმწყსოს მე და მე არაი მაკლდეს. 2. ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე. 3. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის. 4. ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ ნუგეშინისმცეს მე. 5. განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან. 6. წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.

23. ფსალმუნი დავითისი, ერთშაბათთაი

1. უფლისაი არს ქუეყანაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა. 2. რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განმზადა იგი. 3. ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? 4. უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცა ზაკუვით მოყუასსა თვისსა. 5. ამან მოიღოს კურთხევაი უფლისაგან და წყალობაი ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა. 6. ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა. 7. აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი. 8. ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაი? უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა. 9. აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი. 10. ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაი? უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი. დიდებაი.

9. დასასრულსა, საიდუმლოთათვის ძისათა, ფსალმუნი დავითისი

1. აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი. 2. ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა მაღალო. 3. რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა. 4. რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დასჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო. 5. შეჰრისხენ შენ წარმართთა, და წარწყმდა უღმრთოი; სახელები მათი აღხოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. 6. მტერისა მახვილნი მოაკლდეს სრულიად, და ქალაქნი აღაოხრენ; წარწყმდა სახსენებელი მათი ღაღადებით; 7. და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თვისი. 8. და თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით, და განიკითხნეს ერნი სიწრფოებით. 9. ეყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა. 10. და გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო. 11. უგალობდით უფალსა, რომელი დამკვიდრებულ არს სიონს, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი. 12. რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიხსენა, და არა დაივიწყა ღაღადებაი დავრდომილთაი. 13. მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან, რომელმან აღმამაღლე მე ბჭეთაგან სიკუდილისათა. 14. რაითა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა; ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა. 15. დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელ ჰქმნეს მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერხი მათი. 16. განცხადებულ არს უფალი ყოფად საშჯელისა, საქმითა ხელთა თვისთაითა შეიპყრა ცოდვილი. 17. მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმრთისაი. 18. რამეთუ არა სრულიად დაივიწყოს გლახაკი და თმენაი დავრდომილთაი არა წარწყმდეს სრულიად. 19. აღსდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნედ წარმართნი შენ წინაშე. 20. დაადგინე, უფალო, შჯულის-მდებელ მათ ზედა; გულისხმა-ჰყვენ წარმართთა, რამეთუ კაცნი არიან. 21. რად-მე, უფალო, დასდეგ შორის და უგულებელს-მყოფ ჩუენ ჟამსა ოდენ ჭირისასა? 22. ამპარტავანებასა უღმრთოისასა შეიწუვინ გლახაკნი; შეპყრობილ იქმნენ იგინი ზრახვათა მათთაგან რომელთაცა ზრახავენ. 23. რამეთუ იქებინ თავით თვისით ცოდვილი გულის-თქუმათა შინა სულისა თვისისათა, და უღმრთოი იკურთხევინ. 24. განარისხა ცოდვილმან უფალი, მრავლითა გულის წყრომითა მისითა არა გამოიძიოს; არა არს ღმერთი წინაშე მისსა. 25. ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსავე ჟამსა, მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა და ყოველთა მტერთა მისთა ზედა იგი ეუფლებინ. 26. რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა, არა შევიძრა მე თესლითი თესლამდე თვინიერ ძვირისა. 27. წყევითა და სიმწარითა და ზაკუვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა ქუეშე არს შრომაი და სალმობაი. 28. დაჯდეს იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკლვად უბრალოისა; თუალნი მისნი გლახაკსა ჰხედვენ; 29. მზირინ ფარულად, ვითარცა ლომი საყოფელსა თვისსა; მზირინ იგი მიტაცებად გლახაკისა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისა; 30. მახითა თვისითა დაამდაბლოს იგი, დამდაბლდეს და დაეცეს, რაჟამს ეუფლებოდის იგი გლახაკსა. 31. რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არა-ხილვად სრულიად. 32. აღსდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად. 33. რად-მე განარისხა უღმრთომან ღმერთი? რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: არა გამოიძიოს. 34. ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი, რაითამცა მოგეცა შენ იგი ხელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე. 35. შეჰმუსრე მკლავი ცოდვილისაი და უკეთურისაი. იძიოს ცოდვაი მისი და არა იპოოს. 36. უფალი მეუფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; წარწყმდენ წარმართნი ქუეყანით მისით. 37. ნებაი გლახაკთაი ისმინე, უფალო; განმზადებასა გულისა მათისასა ერჩდა ყური შენი. 38. განკითხვად ობლისა და გლახაკისა, რაითა არა დაჰრთოს კაცმან კუალადცა მდიდრად სიტყუაი ქუეყანასა ზედა.

10. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

1. უფალსა ვესავ, ვითარ ეტყვით სულსა ჩემსა: იცვალებოდე მთათა ზედა ვითარცა სირი? 2. რამეთუ აჰა ესერა ცოდვილთა გარდააცუეს მშვილდსა მათსა და განმზადნეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რაითამცა ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელთა. 3. რამეთუ რაი-იგი შენ აღაშენე, მათ დაარღვიეს; ხოლო მართალმან რაი ჰყო? 4. უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი; თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა. 5. უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთოი, ხოლო ვის უყუარს სიცრუვე, მას სძულს სული თვისი. 6. წვიმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაი და სული ნიავქარისაი, ნაწილი სასუმელისა მათისაი. 7. რამეთუ მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან. დიდებაი.

11. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

1. მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაი, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან. 2. ამაოსა იტყოდა კაცად-კაცადი მოყუსისა მიმართ თვისისა, ბაგითა ზაკულითა გულსა შინა და გულსა შინა იტყოდა ბოროტსა. 3. ახოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუვარნი და ენაი დიდად მეტყუელი; 4. რომელთა თქუეს: ენაი ჩუენი განვიდიდოთ, ბაგენი ჩუენნი ჩუენ თანა არიან; და ვინ ჩუენდა უფალ არს? 5. ჭირისათვის გლახაკთაისა და სულ-თქუმისათვის დავრდომილთაისა აწ აღვსდგე, იტყვის უფალი, დავდვა ცხორებაი და განვცხადნე მას ზედა. 6. სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვეცხლ გამოხურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმედილ შვიდ წილად. 7. შენ, უფალო, მიცვენ ჩუენ და დამიმარხნე ჩუენ ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე. 8. გარემოის უღმრთონი ვლენან; სიმაღლითა შენითა დაიცვენ ძენი კაცთანი.

12. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

1. ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან? 2. ვიდრე ვისთვის დავისხნე ზრახვანი სულსა ჩემსა და სალმობანი გულსა ჩემსა დღე და ღამე? ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემზედა? 3. მოიხილე, შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო, განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ. 4. ნუსადა სთქუას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას; 5. მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-თუ-ვიძრა. 6. ხოლო მე წყალობასა შენსა ვესავ; იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა, უგალობდე უფალსა, კეთილის მყოფელსა ჩემსა და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა.

13. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

1. თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყუნნეს და ბილწ იქმნნეს იგინი უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა სიტკბოებაი. 2. უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, იყოს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისა. 3. ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაი, არავინ არს მიერთადმდე. 4. არა გულისხმა-ჰყონ ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა საჭმლებრ პურებრ, უფალსა არა ხადეს. 5. მუნ შეეშინა შიში, სადა იგი არა იყო შიში, რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა. 6. ზრახვასა გლახაკისასა არცხუენთ, ხოლო უფალი სასო მისსა არს. 7. ვინ მოსცეს სიონით ცხორებაი ისრაელსა? 8. რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუე ერისა თვისისაი, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი. დიდებაი.

14. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

1. უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკვიდროს მთასა წმიდასა შენსა. 2. რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდის სიმართლესა და იტყოდის ჭეშმარიტსა გულსა შინა თვისსა, 3. რომელმან არა ზაკუა ენითა თვისითა და არცა უყო მოყუასსა თვისსა ბოროტი და ყუედრებაი მახლობელთა მისთა ზედა არა მოიღო. 4. შეურაცხ არს მის წინაშე უკეთური, ხოლო მოშიშთა უფლისათა ადიდებს. რომელი ეფუცოს მოყუასსა თვისსა და არა ეცრუოს. 5. ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო, რომელმან ყოს ესე, იგი არა იძრას უკუნისამდე.

15. ძეგლის წერაი დავითისი

1. მიცევ მე, უფალო, რამეთუ შენ გესავ. 2. ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი ხარი შენ, რამეთუ კეთილთა ჩემთაგან არაი გიხმს. 3. წმიდათაი რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის. 4. განმრავლდეს უძლურებანი მათნი, და ამისა შემდგომად ისწრაფეს; არა შევკრიბო კრებულები მათი სისხლთაგან, არცა მოვიხსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა. 5. უფალი ნაწილ არს მკვიდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა; შენ ხარ, რომელმან მომაგე მე მკვიდრობაი ჩემი ჩემდა. 6. საბელნი მხუდეს მე რჩეულთა ჩემთა თანა, და რამეთუ სამკვიდრებელი ჩემი მტკიცე არს ჩემდა. 7. ვაკურთხო უფალი, რომელმან გულისხმა-მიყო მე, რამეთუ ღამემდე და უმეტესცა განმსწავლეს მე თირკუმელთა ჩემთა. 8. წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა. 9. ამისთვის განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაი ჩემი, უფროისღა და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით. 10. რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა. 11. მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაითა; შუენიერებაი მარჯუენესა შინა შენსა სრულიად.

16. ლოცვა დავითისი

1. ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისაო, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა ჩემისაი არა ბაგეთაგან ზაკულთა. 2. პირით შენით განმართლებაი ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაი; 3. გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომახურვე მე და არა იპოვა ჩემ თანა სიცრუვე. 4. რაითა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათვის ბაგეთა შენთაისა მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი. 5. დაამტკიცენ ფერხნი ჩემნი ალაგთა შენთა, რაითა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი. 6. მე ღაღად-ვჰყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემდა ყური შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთაი. 7. საკვირველ ჰყავ წყალობაი შენი, რომელი იხსნი მოსავთა შენთა მხდომთაგან მარჯუენისა შენისათა. 8. დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგაი თუალისაი და საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარო მე 9. პირისაგან უღმრთოთაისა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს, 10. და ცმელი თვისი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავანებასა. 11. განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე, თუალნი მათნი ჰყვნეს დადრეკილ ქუეყანად. 12. შემრაცხეს მე ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკვი ლომისაი იყოფებინ რაი ფარულთა. 13. აღსდეგ, უფალო, უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იხსენ სული ჩემი უღმრთოთაგან, მახვილი შენი მტერთაგან ხელისა შენისათა. 14. უფალო, მცირედთაგან ქუეყანით მიმოდაჰყვენ იგინი ცხორებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო მუცელი მათი, განძღეს ჭამადითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა. 15. ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა. დიდებაი.