1

ვით ხელვჰყო აღძრვად სიტყვათა ვერ სიბრძნის ღირსმან

სწავლობით,

ვერცა ღრმად გამომეტყველი რიტორებრ ენა მრავლობით?

მბედავ კრძალვით და რიდობით გამოთქმად, ართუ მძლავრობით,

ვადიდებთ ერთ-არსებითა ჩვენ ღმერთსა სამ-ბრწყინვალობით.

2

ესაიამ რა იხილა საყდართა ზედა მჯდომელი,

გარშეცულ ანგელოსთაგან დასნი ღვთის წინა მდგომელი,

ცხრა დასი წმინდა არსისა, გალობის ტკბილად მხმობელი,

გარ-უწერელად ძლიერი, უსაზღვრო, მიუწდომელი.

3

მე უსწავლელმან ვითა ვსთქვა აწ შესხმა სამებისანი?

მის სიმაღლესა ვერ მისწვდეს სრულ ბრძენნი ხმელეთისანი,

რაც მეძლოს, მით ვსთქვა, ვით მესმნეს, წერილთა მოთხრობისანი,

სამ-ხატოვნებით მონება, ერთ-უფლად დიდებისანი.

4

ანგელე, ზენათ ბრწყინვალე, ცანთ, ვისთვის მოივლინების!

ტომით დავითით მოსრულის ქალწულის მიმართ ინების,

ჰრქვა: "გიხაროდენ, ასულო! გთნავს, არ თუ მოგეწყინების."

ამისდა მომართ უბიწო ხმა-მდაბლად გაცაჰკვირდების.

5

ხმობდა: "მეყავნ მე მსგავსადო შენისა ქადაგებისა!"

შეიწყნარა რა უხრწნელმან ცხოვრება უცხოებისა,

წამსვე მოვიდა მის ზედა სული ღვთის მოვლინებისა,

წმინდა ჰყო, მისცა ძალი და სიტყვისა დატევნებისა.

6

უაღრეს ცნობისა მიერ ორ-კერძო ბუნებითაო,

საზღვართა ქალწულებითა შობა იქმნების ღვთითაო,

ესრეთ აგრილობს მას ძალი თვით გვამოვანი ჭკვითაო,

სიბრძნე და ძალი ღვთაების არს მისის სწორებითაო.

7

ვითარცა საღრმთო რაიმე თესლი უბიწოდ სისხლთაგან,

მისგან იშენოს ხორცნიცა უგიობელთა ნივთთაგან,

სულიერ კაცად სულიცა, სიტყვიერთ ხმათა მისთაგან,

გონიერ თბისა ჩვენისა პირველით მსგავსებითაგან.

8

არა თუ თესლოვნებისა, არა ამგვარის მსგავსებით,

არამედ დამბადებლობის სახით არს ღვთისა ბრძანებით.

არცა თუ მცირედ მცირედის შემატებისებრ სახებით,

წარმოაჩინა საღმრთოსა მუცლად-ღებისა ცხადებით.

9

არამედ მყის სრულ იპოვა, აწ სცანით საქმე მისანი!

თვით იგი სიტყვა ღვთისაჲ გვამ-იქმნა კაცებისანი,

არა თუ პირველ გვამ-ქმნილთ ხორცთ შეერთო სიტყვა ღვთისანი,

გარ-შეუწერლად მკვიდრ იქმნა ერთი ძე ღვთაებისანი.

10

რათა უხრწნელსა საშოსა მარადის ქალწულისასა,

მიიხვნა ჩვენი ყოველნი მას შინა გვამსა თვისასა,

ამისთვის მეყვსეულად მყის ხორცნი სიტყვასა ღვთისასა,

ხორცნი მყისთანად სულიერ მსგავს გონიერი თბისასა.

11

ვინაცა არა ლიტონად, კაცად გესმინა ხმა მისა,

ორად არსებად ვამტკიცებთ - რა ვსთქვა უამეს ამისა?

თაყვანს-ვსცემ ძესა ღვთისასა, შობილსა მარიამისა,

ღმერთი და კაცი სრულ ქმნილი, თვით თანასწორი მამისა.

12

ჩვენ ღმერთსა თაყვანის-ვცემდეთ სამებას სამის თვითებით:

მამას უშობელს, ძეს შობილს, მამისა თანა დიდებით,

სულსა წმიდასა, გამოსრულს მამისგან მოუწყინებით,

სამს გვამს ვქადაგებთ ერთ-უფლად, ღვთაებით, ერთ-ხელმწიფებით.

13

მინდა აღმოვსთქვა მცირე რამ არა სიბრძნისა სადარი,

თუმცა დამცალდა სოფლისგან. ან დღე მომეცა სადარი,

არ მოგეწონოსთ, იკითხეთ: «ესე ნათქვამი სად არი?»

ვსწერდი ცხენს მჯდომი, ვლაშქრობდი იქით და აქეთ, სად არი!

14

«დაბადებასა» ვით დასწერს მხილველი ღვთისა მოსეცა:

"დასაბამად ქმნა ღმერთმანო ცა და ქვეყანა, არეცა,

განუმზადებელ იყო ეს, უხილავ, ვითა ღამეცა,

ბნელ იყო სულა უფსკრულთა, თუცა ნათელი არ ეცა.»

15

სული ღვთისა წყალთა ზედა სამოქმედოდ იქცეოდის,

ბძანა ღმერთმან: «ნათელ იყავნ!» - მასვე წამსა ნათელობდის,

ღმერთმან ნახა იგ ნათელი, რომელ კეთილ იქნებოდის,

გაჰყრის ღმერთი ნათელს-ბნელსა, ცალ-ცალკეცა გამრჩევლობდის.

16

ნათელს უწოდა დღედ სამე, ეგრეთვე ბნელსა ღამეთა,

მოსე სწერს: "იქმნა მწუხრიო», ქმნად კმარა ეს ერთ ჟამეთა,

განთიად იყო იგი დღე პირველი რომელ ვწამეთა.

ღმერთი ზრახვიდა პირის-პირ, ჩვენ მისგან შევიწამეთა.

17

ეს არის გულის განზრახვა აწ ჩემი, რაც რომ არისო.

რადგან განწვალა ნათელი და ბნელი შორის არისო,

დასდვა სახელი თავ-თავად, ამაზედ მოიხმარისო.

გავაბაასო დღე-ღამე დრო არის, თქმადცა კმარისო.

18

აწ დაიწყებს თეიმურაზ არ კახურად ტრაბახებსა,

ვინც ყურს უგდებს ამ ლექსებსა, ნახავს კაის სანახებსა,

შურს ჩაუგდებს დღე-ღამესა, ერთმანეთზე აჯახებსა,

ეს ვსთქვი მისთვის - დიდ-გუნებას მაინც სძრახვენ ჩვენს კახებსა.

პირველი ბაასი - დღისაგან თქმა:

19

ახლა გამოჩნდეს დღე-ღამის ერთს-ერთზე უზესთესობა,

დღეს დაეწესა ნათელი, ღამეს სიბნელის წესობა,

დღე ეტყვის: "დაბნელების ჟამს კაცთ აქვსთ წუხილით კვნესობა,

სინათლის მონატრულეთა ბაზმისთვის შექმნან კვესობა.

20

მოგითხრობ ტკბილის სიტყვითა, არ ძალით, არცა მხნეობით,

თქვა ღმერთმან: «იყავნ ნათელი», სახელი დამდვა დღეობით,

თვით მისგან დაბადებული შენზე ვარ ბევრ-გზის მეტობით,

ღვთისაგან, არა არსებით, ყოფილხარ პირველ ბნელობით.»

ღამისაგან თქმა:

21

"ღამე მოგითხრობ პასუხსა სიბრძნისა გულის ნაღები,

მართლ-მეტყვი, ნათლად დაგბადა, მე ვარ შავითა ნაღები,

რადგან განყოფით სახელ-გვდვა, ამით მაქვს პირი ნაღები,

არ მეთქმის უდარესობა, ვარ ღვთისგან გამონაღები.»

დღისაგან თქმა:

22

"გეტყვი ნათელი ღამესა: შენს ამხანაგად მზევ რათა?

დიდი ცთომილი მნათობი დღეს დაებადა მზერათა,

როს აღმობრწყინდეს ქვეყანად, დაიწყებს ჩამომზერათა,

მაშინ გამოჩნდეს სწორობა, მაჯობებ, თუმცა ვერათა?!»

აქა მზისა და მთოვარის ამბავი

ღამისაგან თქმა:

23

"რას გიკვირს, თუცა ცთომილი, დღეო, მოგეცა ერთი-და?

შენ თუ წილად გხვდა მარტო მზე, მე ღმერთმან მომცა ექვსი და:

მთვარე, ოტარიდ, მუშთარი - არ არის უარესი და,

ზუალ, ასპიროზ, მარიხი მნათობი მუნ არესი-და!

24

სხვანი მრავალნი ვარსკვლავნი ჩანან, რა შეღამდებისო,

ვირე მზე ჩავა, პყრობილად არნ, ვერსამ გამოჩნდებისო,

რა დაბინდდების, თვით ცანი ვარსკვლავით შეიმკვებისო,

ღამით ამთონი მნათობნი კირჩხიბით დაიხსნებისო».

დღისაგან თქმა:

25

"მართლად სთქვი, ბნელო, აწ შენის პირით მომეცა ნებანი,

ვერ გამოჩნდების მზესთანა, შენ დახსენ მათი ქებანი,

მთვარეს აქვს მზისგან მოცემით ცოტა რამ ბრწყინვალებანი,

მზესა სხვათ მნათობთ რით ადრი? - არ გმართებს მათზე შვებანი!

26

მზისგან აქვს მთვარეს მიზეზი ოცდათს დღეს გამოშვებითა,

ერთი რომ იკლებს, ყოველს დღეს შეიქმნას დაძველებითა,

დაიბადების თვის თავზე, იქნების განახლებითა,

იზრდების გავსებამდინა, მას უკან ისევ კლებითა.

27

ამით იქმნას, თვით მთვარისა როს შეიქმნას განახლებით,

მზე ბურჯებით დაახლოვდეს, მთვარეს განლევს გან ახლებით,

არ გამოჩნდეს, სანამ მზე უდგს პირის-პირად ბრწყინვალებით,

რა მოშორდეს მზის ეტლს მთვარე, განახლდების გაცილებით.

28

ერთს კიდევ გეტყვი მთვარისას: როს იყოს დაჭირვითაო,

ვარსკვლავთ-მრაცხველთა წიგნითა შეიტყონ წინა დღითაო,

რა შეიყარნენ პირის-პირ, დაბნელდეს ისევ მზითაო,

როსაც მოშორდეს მზე მთვარეს, იქნას შუქ-მოფენითაო».

ღამისაგან თქმა:

29

«მართლად სთქვი სიტყვა ზოგი რამ, ყველა არ არის სწორეთა,

ღმერთმან თვით ორი მნათობი დაბადა მზედ და მთვარეთა,

დღეო, ეს ორივ სწორეა, შურსა ნუ უგდებ მწარეთა,

ჩვენ მოგვცემია ღვთისაგან, განგვინათლებენ არეთა».

დღისაგან თქმა:

30

"უბრალო სიტყვის მრავლობა ცუდია, ბნელო, ენითა,

უზესთაესი მზე არის, ნუ ხარ ამაზე წყენითა,

რიტორნი, ფილოსოფოსნი აქებენ შუქთა ფენითა,

ვითა შვენოდათ ქებანი, შეასხეს ბრძენთა ენითა.

31

არა არს ძლიერებით მზე, არც სიმდიდრითა თვისითა,

ღვთისგან არს დაბადებული, ტომი არა ჰყავს თვისითა,

არ დაუწესა მთოვარებრ ძველობ-ახლობა თვისითა,

ბნელს განანათლებს, ადღეებს ბრწყინვალებითა თვისითა».

ღამისაგან თქმა:

32

"დღეო, აწ მზესა, ნეტარ, ვით მთვარეს აჯობებ ასე რით?

ერთი ვერ მჯობი ერთისა, გულს ნუ მიწყალებ ასერით,

ორნივ შუქ-ფენით აღმოვლენ, რა აღმოსცილდეს ა სერით,

სწორედ აქვსთ აღმოსავლეთი, მე გამამტყუნებ ასე რით?»

დღისაგან თქმა:

33

"რა არის ბევრი ლიქნობა, ბნელო, აზვავდი წამითო!

ვინა სთქვა: «იყავნ ნათელი!» - რასთვის ვერ გჯობვარ ამითო?

დადუმდი: მზესა-მთვარეზედ სხვას ლაპარაკსაც ვლამითო,

მოვყვეთ, რაც ღვთისგან კეთილი მომხდარა დღით, თუ ღამითო»...

აქა სამართლის ამბავი

დღისაგან თქმა:

430

"დღისითა, ბნელო, მსაჯული დაჯდების სამართალშია,

ნეტარ არს სწორედ გამგენი, მართალს არ გარევს ბრალშია,

ავს მოსამართლეს, მდივნებსა, ვინც გაერევა ქრთამშია,

ეშმაკის ხელში ჩაცვივდენ, იწოდენ ცეცხლის ალშია.

431

თვით ღმერთი სინჯავს მსაჯულის სამართალს სწორეს

მას დღესა,

არ უნდა უდგეს მდიდარსა, საქმეს იქმოდეს სწორესა,

ობოლთ-ქვრივთ შემაწუხებელთ სჩაგრავდეს უუმძლავრესა,

ერთმან-ერთისა ავობა სამართლით უნდა გაწმდესა.

432

ბევრი ქურდობა და სიძვა, რამდენი ქმნილა ბნელობას,

სისხლი უბრალო კაცისა დათხევით მისცენ მკვლელობას,

დღისით ამაებს სამართლით გაწმიდენ ახალს ძველობას,

ღამევ, შენ რას იქმ ამგვარსა, დღე ვიქმ ამ შუღლთა

მშლელობას».

აქა ღამისაგან თქმა:

433

«დღეო, რას მოჰკვეხ, მსაჯულმან დღითა ქნას სამართლობანი?

დღისით იქნების ჩხუბი და ყოვლფერი ავ-კაცობანი,

შური ასტყდების ღვინისგან, რა შეიქნება თრობანი,

დღით მოვა, დღითვე განწმდება ეს არის სწორე თხრობანი.

434

ჯერ ვთქვა ცოტა რამ კაცთათვის, ღამით რაც ჰქონდეს

შვება და,

მით შვრების მუშაკობითა დღისითცა, იღალება-და,

მზე ჩავა, შინასკენ წავა, ვახშამს სჭამს, ექნას ნება-და,

ღამით დაწვების მაშვრალი, ძილი აქვს მოსვენება-და».

აქა დღისაგან თქმა:

435

«რას ამბობ, როგორ დარჩების კაცი ძილით და წოლითო?

ბნელო, მტყუნდები სამართლით, შენ მეუბნები ძალითო,

კაცი ვერ დარჩეს ხმელეთზე, თუ არ სჯით, მუშაკობითო,

რად ლაპარაკობ სულელად, ყმაწვილად, უჭკუობითო?

436

რა გათენდა, ყოვლი კაცი არის სახლის გაგებითა,

ღამით, ბნელო, მწუხარეა, სანამ იყოს ნათებითა,

რაც დღისით იქმს კეთილს კაცი სასმლის-საჭმლის სავსებითა,

დასხდებიან მხიარულნი წინა სუფრის დაგებითა».

აქა მეჯლისის ამბავი

დღისაგან თქმა:

437

«დღისით იქნების განცხრომა, ლხინი და ნადიმობანი,

გაღმა-გამოღმა თქარ-თქარი, ლიზღობა, კაი ზმობანი,

გალობის, სიმღერის თქმაზედ მეფეთგან გამცემობანი,

გულ-უხვად დარბაისელზედ იყოს მრავალი ძღნობანი.

438

ამოუშვებენ შადრევანს, ბევრ-რიგ ასხემდეს აუზით,

ვინც სვამს დიდს თასებს, ეტყვიან: «მალ დალევს, ხელი აუზით».

ნეტავი მას დღეს, ვინცა ვინ ხელმწიფეთ ახლოსა უზით,

თქვენ აივსებით საბოძვრით, ფრულით, აბაზით, აუზით.

439

ისხდენ მრავალნი მკვრელები, ერთმან-ერთს ტკბილად აბანოს,

ზედ თქვან ლექსები მიჯნურთა, მით ცრემლით ღაწვი აბანოს,

თამაშად ზედან წამოდგენ ქალ-ყმანი მაღლა ა, ბანოს.

მუშაითს მისცენ ხალათი, ზედ წამოასხმენ აბანოს.

440

რამდენი რიგი ჭიდება იქნება ფალავნებითა,

ძალით ვერ დასცენ ერთ-ერთი, მცდელია ბევრ ფანდებითა,

სხვის მოთამაშის მრავალთა მომსხმელი ჯამბაზებითა,

საბელზედ გავლენ კისკასად სიფიცხით, ფერხ-მალებითა.

441

ბაღშიგან წავლენ დღისითა, როს მოვა გაზაფხულიო,

შიგ დასხდებიან სალხინოდ, აყნოსებსთ ვარდის სულიო.

მრავალს ფერს უცხოს ყვავილთა ხედვენ, ეხაროსთ გულიო,

ბუთქში იძახდეს ბულბული ტკბილად, ვარდისგან წყლულიო.

442

მოჰკრეფენ ყვავილს ხელითა, ვარდისას შეჰკვრენ კონებსა.

ვისაც სჭირს ვისი სურვილი, ცრემლს დაღვრის, შეიქმს ფონებსა,

ვარდს გაუგზავნის მალვითა ბროლს გულზე დასაკონებსა,

აწ შენ რას მომცემ პასუხსა, ამგვარსა დასაღონებსა?»

აქა ღამისაგან თქმა:

443

"მეც მომიგდე, დღეო, ყური, იყავ ჩემზედ დაცალებით,

ლხინსა ჰკვეხ და სიხარულსა, შენ ხარ, დია, თავის ქებით,

- უზეშთაესს რამდენს მოსთვლი მეჯლიშს ღამეს დაწესებით?

ბევრს რიგს დიდსა განცხრომასა - ღვთისგან იყოს მოსწავებით!

444

მეშვიდე საიდუმლონი მოცემით - ღვთისა ნებანი,

ღამით აღსრულდეს კურთხევით ყმა-ქალის ქორწინებანი,

რა მზადება არს წინათვე, ან მამათ, დედათ შვებანი!

ყოვლს სულს უხარის, მას დღესა არა აქვსთ შეჭირვებანი.

445

ქალს მიუტანენ წინათვე მისატანს შეძლებითაო,

ნიშნად მარგალიტს სინზედა დასდებს წინ მირთმევითაო,

მიმრთმევი ქალს ზედ შეაბამს ლოყაზედ წამოკვრითაო,

შაქრის იარაღს მრავალსა წინ დასდგმენ ხონჩებითაო»...

აქა დღისაგან თქმა:

584

"ბნელო, თუმც გეყო ლიქნობა, ამ სიგრძე ჩემი თხრობანი,

მეცა მომიგდე აწ ყური, რა არის ცუდი მბობანი?

უდღეოდ მარტო ღამითა რით იქნას ქორწილობანი?

უჩემოდ როგორ მოხდების ქორწილი, ან ძეობანი?

585

დღისით მოხდების ქორწილის, ძეობის რაც რომ რიგია,

სანამ დაღამდეს, სულ მათი საქმე მე გავარიგია,

ლხინსა და გაჭირვებაში კაცისთვის ბევრი მირგია,

კაცის სიცოცხლე დღე არის, სიტყვაცა მათი იგია.

586

თუნდა ლხინი ღამით მოჰხდეს, ქორწილი და ძეობანი,

ბვრი სმა და გაუმაძღრად სიმთვრალე და ლოთობანი,

როდის იყოს, თუ არ დღისით, ვაჟკაცთ ცხენზე ზნეობანი?

გითხრა სროლა ყაბახისა, მოჭირვებით ბურთობანი».

აქა ყაბახის სროლისა და ბურთაობის ამბავი

დღისაგან თქმა:

587

«როდის იქნების ქორწილი ან სხვა დღეობა კარგიო,

ყაბახზედ ოქროს ვაშლს შესმენ ძვირფასის, იყოს ვარგიო,

კარგა დაკაზმულს ცხენს ისხდენ, ზედ არ ეკიდოს ბარგიო,

კურტაკიანთა ვაჟთა თქვან: «სროლაში, მკლავო, მარგიო!»

588

ცხენს ისხდენ კარგსა, დაკაზმულს რახტითა, უნაგრითაო,

მძიმეს ნაკერის ორთუქით, ბუშტით და ყუთაზითაო,

ვაჟკაცთა ეცვასთ კურტაკი ბრტყელისა ზორტებითაო,

დაუწყონ სროლა ყაბახსა მათ ცხენის ჭენებითაო.

589

ასე უნდა მას დღეს კაცმან ამ გზით სროლას ეცადოსა,

მკლავზე მშვილდი შემოიცვას, წელს ყოდალი გაირჭოსა,

ცხენი შეძრას, პირველ მშვილდსა ხელით ფეშრი მან უყოსა,

მერმე ყოდალს ხელი მიჰყოს, კილოს მაგრად დაზიდოსა.

590

უნდა მშვილდი დაზეული ცოტა ხანი გაატაროს,

ჩქარად მიდგეს ყაბახზედა, ცხენი აღარ დააზაროს,

ყაბახს მუხლი გააცილოს, მაშინ უნდა გარდიხაროს,

ესროლოს, თუ ჩამოაგდოს, თავის გული გაახაროს.

591

ასე უთქვამსთ: «მისვლა სჯობსო უფრო ჩამოგდებისაგან».

თუ ორივ სჭირს, ხომ ისი სჯობს, უფრო იქოს ბევრისაგან,

სანამდის არ ჩამოაგდონ, არ მოეშვნენ სროლისაგან,

მას დღეს ღმერთი ვისაც მისცემს, მოხვდეს მისის ხელისაგან.

592

ვინც ჩამოაგდებს ოქროს ვაშლს, მიართმევს მეფეს წინადა,

ფიცხლავ ჩააცმევს ხალათსა თავიდამ ფერხამდინადა,

დაამზადებენ საბურთლად ვაჟკაცებს ჩოგანითა-და,

ცხენს კაცსა შეადარებენ წილისა მოღებითა-და.

593

ორად გაჰყოფენ, თვითოს მხარს თორმეტს იქმონენ კაცებსა,

მობურთალს კაცის თავზედა მას დღეს მისცემენ ფარჩებსა,

ზედ გარდაშლიან ფერადსა იქით და აქეთ მაყებსა,

მათთვის სასმელად შარბათსა თულუხით დასდგმენ სავსებსა.

594

მობურთლებს ბურთი შეუგდონ შუაზედ მოედანსაო,

იწყონ მოჭირვით ბურთობა, ცდილობდენ გარდახრასაო,

ზოგი სცემს შიგნით და ზოგი ნაპირს ურბენდეს მზასაო,

გამოუვარდეს გარს ბურთი, ეცადოს მოტაცნასაო.

595

მაშინ გამოჩნდეს, ვინც იყოს მაყამდის ბურთის წამღები,

ეცადოს დაბრუნებასა სხვა კაცი ხელის დამღები,

ხელ-უკუღმათა შემოჰკრას მაღალი, თავის სავლები,

რა დაუბრუნოს მას ბურთი, იქმნების გულის საკლები.

596

ვინცა იცის კარგად ტაცნა, ცხენის ყელს არ აცილოსა,

ასე უნდა გარდეხაროს, თავი აღარ აიღოსა,

ბურთი ჩოგნისა ცემითა მაყამდინა წაიღოსა,

ხელ გარდაყოფით შემოკვრა ზნეობაში ჩაიგდოსა.

597

გამოჩნდეს სადავის ცოდნა ჯრასა და ბურთობაშია,

ვინცა ამ რიგად იბურთებს, იქნების ამხანაგშია,

რომელიც იქით და აქეთ გააძვრენს ბურთს მაყაშია,

ჯობნა ეს არის! - გახევენ ფარჩებსა აღებაშია.

598

აიღონ თვითო თვითომან, ამხანაგს ვინც აჯობისო,

ცხენს აჭენებენ, იძახდენ: «მჯობი ვარ ამხანაგისო,

ჩვენ შევიქნებით წითლისა ფარჩით შემხვევი ჩოგნისო!»

ეს კი გათავდეს, სხვა რიგი ვთქვა ბურთის თამაშობისო.

599

ერთი არის სხვა ბურთობა რადრაბაგანს ეძახიან,

გადრის ბურთის უფრო ესე ზნეობაში ჩააგდიან,

ბევრს კი არა, სამს-ოთხს კარგსა მებურთალსა შეადრიან,

ოთხისათვის სათამაშოდ ბურთი მიწას გააგდიან.

600

ის არის, რომე ცხენ-მალეთ ბურთი აიღოს ჩოგნითა,

უნდა შეიგდოს მან მაღლა ცხენისა თამაშობითა,

როს ჩამოვიდეს, ხელ-ფიცხად მიუხდეს კაის ცოდნითა,

რა ბურთი შეხტეს, შემოჰკრას ხელ-რადათ მაღლა ტყორცნითა.

601

ბურთი შეიგდოს, ეცადოს მერმე ფეშრების ქმნასა-და,

სანამ ჩამოვა, დაასწრებს ჩოგნისა შეგდებასა-და,

ჩოგნისა ქათალ-მალაყი კვრამდინა დაასწრასა-და,

ის ჩაუვარდეს სამჯერა, ზედი-ზედ თუცა ჰკრავსა-და.

602

ორი რადათა მესამედ უნდა წინ ამოკვრანიო,

უნდა დაასწრას ამოკვრას ქიჩილოვიას ქნანიო,

ესეები ქნას, შესძახოს «ჰეე-ჰევიას» ხმანიო,

დასრულდა ეს ხომ, დრო არის აწ სხვის ზნეობის თქმანიო?»

აქა აშფაშაგის სროლა

603

"ერთია კარგი ზნეობა: სროლა ვთქვა აშფაშაგისა,

პატარა დასვან ნიშანი ქაღალდის, ანუ რაცისა,

როგორც ყაბახზე მისვლა არს, მასზედაც ისრე არისა,

დაზევით მივა ცხენ-ფიცხად, ხელ-მობრუნებით ესვრისა.

604

სხვა გითხრა კიდევ, მოედანს ცხენს როგორ გააჭენებენ:

ორს კაცს ცხენიანს - ერთს იქით, ერთს აქეთ დააყენებენ,

შუაზედ გზასა აგდებენ, კარს ისე გააკეთებენ,

დასძვრენ ცხენსა, ჰკვრენ მათრახსა, ჯერ თავს არ დაანებებენ.

605

პირველ თავის შენახვითა ცხენი ყირით მიჰყვანდესა,

რა მოვიდეს კარის ახლოს, იქ მათრახი კიდევ ჰკრესა,

გასარბენლად კარზედ ფიცხად ცხენს დააყრის სადავესა,

მესამეს ჰკრავს, კიდეც აზევს, რა რომ კარსა გასცილდესა».

აქა ისრით ნადირობის თქმა

606

"ცხენზე ზნეობა კაცისთვის მისთვის სჯობს სხვასა შვებასა,

ვიმოწმებ ბრძენსა რუსთველსა, ვიტყვი მის თქმულსა ყველასა,

მაშინ გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა,

აწ გეტყვი ნადირობასა, ვაჟკაცთა გახარებასა.

607

ოდეს მოუნდეს მეფეთა გულზედა ნადირობანი,

კაცი გაგზავნონ ჯელგისთვის, დაუწყონ მოგროობანი,

სოფლეურთ შეჰყრის სწრაფათა გზირისა მაღლა ხმობანი,

შესხდენ, წავიდნენ მინდორად - წვრილად მწადს მისი მბობანი.

608

მოვიდნენ მინდორს, სადაცა ბევრი ჯერანი დგებისა,

გაგზავნონ ჯელგა ღამითვე, სულ გარე შემოერტყმისა,

გათენდეს, დარჩეს ნადირი, ალყას შუაზედ რჩებისა,

მეფე-ვაჟკაცნი დახარდენ მესროლნი კარგ ისრებისა..»

აქა ღამისაგან თქმა:

694

"დღეო, რით ამბობ სიტყვასა, რაზე ხარ ჩემზე მეტობით?

ნუ მოჰკვეხ, დია, ჩემზედა, ნუ ხარ თავისა ხედობით,

ნადირობაში მე წილსა არ მიდებ ძალის მქნელობით,

იქნების, დღისით ვერ მოკლას კაცმან ნადირი ბნელობით!

695

დიამც, ღამითა მფრინვლისა მოტევა არა მოხდესო,

სხვა ნადირობა სულ ყველა რად არ იქნების ღამესო?

ყვირილობაში ბევრს ხარსა მოჰკვლენ, რა იდგეს მთვარესო,

ხარი უმატებს მთვარეში ყვირილსა გასაკვირესო.

696

ღამით იქნების ამ გვარი ნადირობანი ღორისა:

კვალს ნახვენ, ზამთარს უვლია, საცა ბილიკი არისა,

ბილიკს შეუკრავს მეთოთე, მოუვა, რაკი ნახისა,

ესვრის, თუ მოჰკლავს, უხარის კაცსა სიკვდილი ტახისა.

697

შემოდეგზედა საჩქვეფლად ტახი მივიდეს გუბზედა,

კვალს ნახვენ მონადირები, თქვან, თუ: «უვლია სულ ზედა».

ღამით დაუსხდენ საყურში, ღორი მოუვა მზაზე-და,

ესვრის მეთოფე ტახს ახლოს, თოფსა ჰკრავს ბანებაზედა.

698

თევზი რომე სთქვი, ღამითა განა არ დაიჭირების?

ღამით გამოვა ნაპირსა - კარგ გვარად ინადირების,

სანთხეველს ესვრის მეთევზე, ზედ თევზზედ გარდაიშლების,

გამოსწევს ბადეს სავსესა, წყლიდამე გამოიღების.

699

ორაგული რომ დაუწყებს შემოდეგზედა თხრასაო,

უწინვე ნახავს მეთევზე, ნათხარს შეამჩნევს წყალსაო,

რა დაღამდების, წავიდეს, ბარჯი ეჭიროს მზასაო,

მკვარსა აუნთებს, შიგ დახვდეს - ორაგულს დასცემს ბარჯსაო.

700

ბევრს მოჰკლავს კაცი ორაგულს თხრაშიგან ბარჯით ღამითა,

რა გაათავებს თხრას თევზი, მერმე დაბრუნდეს დაღმითა;

კაცი დაიჭერს კიდევა მრავლისა ფაცრის ჩადგმითა,

ღამით იქნების ფაცრობაც, იჭერენ ერთს თვეს ამითა

701

წყალი როდესაც აღიმღვრას გაზაფხულისა პირსაო,

მას დროსა კაცმან კონითა წყალი სულ გაუკრისაო,

თევზი წამოვა პირაღმა, მის დროს შიგ ჩაცვივისაო,

კონიც ხომ ღამით ისაქმებს? - მთქმელი ვარ მართალისაო!»

აქა ომის ამბავი

დღისაგან თქმა:

702

«ბნელო, რას სჩმახავ სიტყვასა, რად ხარ ტყუილის მდომია?

შენ შემედარო ნათელსა - ვერ იტყვის კაცის ტომია!

აწ მოვყვე შებმას დღისითა, როგორ იქნების ომია,

გამოჩნდეს მაშინ მამაცი, გულ-სრული, ვითა ლომია.

703

დააწყონ რაზმი ოთხ რიგად, წინ მეწინავე იდგესა,

სხვა დროშა მეორე ზურგად მეფეს მემარჯვნეთ უდგესა,

მარცხნივ მხარს მესამე დროშა მემარცხნეთ გაარიგესა,

მეფე მეოთხეს დროშითა სამს დროშას უკან ვლიდესა.

704

თვითოს რაზმსა უფროსადა სარდალი ჰყავს მარიგებლად,

ადრითგანვე მიცემული დროშაზედა ჯარი მხლებლად,

თავადი და გლეხი ბევრი დროშას ახლდეს შესაბმელად,

უნდა იყოს თვითო რაზმი თორმეტ ათას, არ ნაკლებლად.

705

რაზმს თვითოს წინ ჰყავს მეთოფე ქვეითი, ცხენიანია,

ქვეითს, ცხენიანს თავ-თავად ჰყავს მიჩენილი თავნია,

მეშუბარი უდგს უკანა, შეკაზმული აქვსთ ტანია,

საომრად დამზადებული მოსაწონია ყმანია.

706

რა შეიქნას მტერი მტერზე ერთმანეთზე მიწეული,

ჯერ დასცლიან ზარბაზნებსა, ხმა აქვსთ ზეცას აწეული,

მერმე ესვრის ქვეითობა, ჩახმახი აქვსთ მოწეული,

მასთან დასცლის ცხენიანიც მეთოფეცა გულად სრული.

707

ერთმანერთზე რა დასცლიან თოფს, შეუტევს მეშუბარი,

მეწინავეს სხვა დროშები ზურგს მოაბამს, ვით კლდე მყარი,

ვინცა ვარგა ვაჟი-კაცი, წინ მივიდეს, არ დამდგარი,

«თორმეტს შუბზე გარდაწყვეტა» - უთქვამსთ, დადებული არი.

708

გამარჯვებული შუბები თორმეტი გასტეხს მტერსაო,

რაკი გაიქცეს თვით მტერი, ვინ შეუნახავს ხელსაო?

შიგ გაერევა ვაჟკაცი, ვით ბარი გუნდში ტრედსაო,

მათ ჩამოყარონ მტერი და ბევრს გამოსჭრიდენ ყელსაო.

709

რა შეედრება კაცისთვის გამარჯვებულსა ომსა-და!

მას დღეს ვის მტერი მოუკლავს, მიართმევს ბატონს თავსა-და,

წყალობას უზამს ხელმწიფე, ჩააცმევს კარგს ხალათსა-და,

ზოგს მისცემს საჯილდაოთა მამულსა სახელოსა-და.

710

დამარცხებულს კაცს მოქნევა შუბის დიდ ჩაუვარდების,

კარგია, გამარჯვებული კაცი თუ დაიკოდების,

წინ იყოს ცოტად დაჭრილი, სახელი დაუვარდების,

დიდად მიიჩნევს ყველაყა, მტერსაცა შეუყვარდების.

711

ხელმწიფე ადგეს გარშემო ციხესა, - მართებს შიშობა,

ყუმბარის სროლა, ზარბაზნის და ნაღმის მიცემულობა, -

ეს ყველა იქნას დღისითა მას ზედა იერიშობა,

აიღონ ციხე, მათ დარჩეს იმისი გაწყობილობა.

712

დღისით იქნების მტრის სახლში ცხენითა თარეშობანი,

ბევრის სოფლისა დარბევა, ჯარისგან ნაშოვრობანი,

გამარჯვებულთა ვაჟ-კაცთა შეექნასთ ნადიმობანი,

აწ ამას რა სჯობს, შენ მითხარ, თუცა გწადს კიდევ მბობანი?!»

აქა ღამისაგან თქმა:

713

"ღამით არ მოვა კარგიო, შენ ამბობ, თუ არ დღისაგან,

მეც გეტყვი ამის პასუხსა, ჯერ არ დავმდგარვარ თქმისაგან,

მტერსა ეშინის ღამითა ბნელობას თავს დასხმისაგან.

მძლავრს ჯარსა ამ გზით მოშლიან, სხვას რით დააკლებს რისაგან?

714

დიდსა ჯარსა თუ პირდაპირ დღისით ვერვინ მოერევის,

ღამით თავსა დაესხმიან, კაცი ხლმით შიგ შეერევის,

შეუტყობრად დასხმა მტერსა ფეხს აუდგამს, აირევის,

ამ გზით გატყდეს მძლავრი ჯარი, დამარცხდების, გაიქცევის.

715

დღისით არ იქნას თარეში, თუ ღამით არ ივლისა-და,

ჯარმან იაროს ღამითა, ჩქარად გამვლელმან გზისა-და,

ინათებს, თარეშს გაუშვებს მომთხრელი სოფლებისა-და,

უღამოდ დღე რასთვის ვარგა, მარტო რად იქნებისა-და?..»

აქა დღისაგან თქმა:

781

"ბნელო, ვით გფერობს ტყუილი, სიტყია სთქვი ბევრი ნაზები,

ჩემი და შენი ადგილი შორს არის დანახაზები,

მიჯნურთ ამბავი წარმოსთქვი, არც მე მაქვს პირთა რაზები,

ყური მომიგდევ, გაუწყო, არ თურე მოგცე არზები.

782

დღე მზიანი შვენებითა ვით ესწოროს ღამე ბნელსა?

ამასა ჰკვეხ: «მიჯნურთ შევყრი, ადვილად ვიქ საქმეს ძნელსა!»

შენში ბევრი უჯეროსა იქმენ ღვთისა საწყინელსა,

მართალს უბნობ: უწესობით მოაღორებ კაცსა ქველსა!

783

როს მეუღლენი ლამოდენ შეყრასა ღვთისა ნებითა,

დღისით მიიღონ კურთხევა ერთმანეთისა თნებითა,

ქორწილით, ლხინით, განცხრომით, იყვნენ ყეელანი შვებითა,

მათ ერთმანერთი უყვარდესთ, იყვნენ სჯულ-დამტკიცებითა..»

აქა კაცის სიკვდილის ამბავი

ღამისაგან თქმა:

793

"დღეო, ბევრი სთქვი კაცისა შვება და სიხარულები,

მე არ ვეჭვ, გაჰყვეს ბოლომდის, არა ჰყოს დანაჭმუნები,

ვინცა მიენდოს სოფელსა, მან გაიავოს გულები,

ამად არ მიკვირს სიცრუვე და მისგან დანაწყლულები.

794

რადგან რომ კაცსა ბოლომდის სიკვდილი არ აცილდების,

როს მოიწევა, ვინ უწყის ღამეა ანუ დილდების,

თვისტომთა, საყვარელთაგან თვალთაგან ცრემლი მილდების,

შექნან გლოვა და ტირილი, მზე მათი მიუჩრდილდების.

795

ერთსა შოშობსა იქივე თვით იტირებენ მკვდარსა-და,

მერე ჭირისა-უფალთა შეასხმენ სხვასა სახლსა-და,

მხლებელთა დასხმენ ცხედართან მისატირებლად მზასა-და,

გამართვენ კიდეც ტირილსა, ამოუშვებენ ზარსა-და.

796

რა გავა პირველ სახლიდამ, ტირილი არის ქვრივისა,

ჭირისუფალთა თავია და გული უფრო სტკივისა,

მას ორნი-სამნი მხლებელნი თმა-გაშლით მისდევს, კივისა,

სხვაც ბევრნი მექვითინენი ქვითინს უცემენ მივისა.

797

შევა ცხედარზე, ტირილსა რაც მართებს, გაასრულებსა,

გაიგლიჯება დიდათა, ქვრივი თავს მოიძულებსა,

გამოიყვანენ ტირილით, რახან იჯერებს გულებსა,

საჭირისუფლოს სახლშია ძლივღა მიაწევს სულებსა.

798

ქვრივი რა დაჯდეს, მოთქმასა დაიწყებს გარდაცემითა,

სხვა წავა ჭირისუფალი ტირილით, თავში ცემითა,

ზარით გაუძღვნენ ყოველნი, იყვნენ გულ დანა ცემითა,

ტიროდენ მკვდარსა გულ-წყლულად, სიტყვით აქებდენ, ენითა.

799

ვინც არის ჭირისუფალი, თავ-თავად მივლენ ტირილით,

ერთმანერთს მიუტირებენ წუხილით, გულის ტკივილით,

რა გაათაონ, სხვანიცა მივლენ თავს ცემით, ჩივილით,

ფარჩას წახურვენ ცრემლისა დათხევით, არ თუ ღიმილით.

800

ორს საღმრთოს კაცსა უჭირავს მოტირალისა ხელია,

ზარის თქმით მივა, იტირის, იხმაროს საქციელია,

ფარჩას მხარზედა გარდიშლის, ეგრე მიუძღვის მღვდელია,

ზედ გარდაფინოს ცხედარსა, მღვდელსა ჩამოსდის ცრემლია.

801

ცხედარზედა მოტირალი გულ-მხურვალედ იტირებსა,

მიცვალებულს ტკბილის სიტყვით შეამკობს და მას აქებსა,

ცხედართ თანა მსხდომთ უტირებს, გულზე ცეცხლსა მოუდებსა,

მგლოვარეთთან რა შეიქცეს, ცრემლი ღაწვთა უსველებსა.

802

ჭირისუფალთა უტირებს ყველასა ჩამორიგებით,

მათ მოტირალი უტირებს კაის სიტყვით და რიგებით,

დასმენ მას, ქვრივი მოუთქვამს არა კრძალვით და რიდებით,

თავს შეაბრალებს შვილებსა, ყველას სიტყვისა მიგებით.

803

მას ღამეს გაათენებენ მოთქმითა, ტირილითა-და,

გაასხმენ ჭირისუფალთა კიდევ ზარისა თქმითა-და,

დილაზედ გამოიტირონ მათ მკვდარი დიდის ხმითა-და,

მერმე შემოსონ ბერები თავისის კრებულითა-და.

804

მკვდარსა შემოსენ მას ჟამსა, შემოახვევენ ტილოსა,

ჩაასვენებენ კუბოსა ძნელსა, არ საადვილოსა,

ვით იტყვის კაცი მაშინდელს ტირილსა, თვალთა მილოსა!

მუნ მყოფთა ცრემლნი ზღვაობენ, იმეგობრებენ ნილოსა.

805

ზარი უთხრან ჭირისუფალთ მათ ცხედრისა წაღებაზე,

ქვრივი მივა ბნელ-მოხვევით, თუცა იყოს პირადა მზე,

გაგლეჯილი ეხვეოდეს საყვარლისა კუბოსა ზე,

წაასვენონ, იგ კი დარჩნენ უიმედო სულის დგმაზე.

806

ვით ჰფერობს ქრისტიანეთა, დამარხვენ მიცვალებულსა,

რიგს უზმენ ჭირისუფალნი, რაც მართებს გაოხრებულსა,

ზარით დაჰფენენ ნიშანსა საღამოს დაბინდებულსა,

პირველად მედოშაქენი მზას იქმენ ქვეშ-დაგებულსა.

807

ქალის ახალუხს ჩასდებენ, მასთანვე უნდა ქმრისანი,

იქ დასხდენ მედოშაქენი, გამშლელნი იყვნენ თმისანი,

ზედ ადგეს მღვდელი მოსილი, მკმეველი საკმევლისანი,

სხვას სახლს დაჰფენენ სუზანსა - წესია ხელმწიფისანი.

808

დროზედ გარდშლიან ნიშანსა, ქათიბსა და მერმე ტყავსა,

ორნი ყულნი ცოცხალსავით განკრძალვითა ადგნენ თავსა,

ოქროს ხმალსა დაუდებენ ქათიბისა მარცხნივ მხარსა,

დააფენენ ტანისამოსს, ნაცვამია კაცის ტანსა.

809

ჭირისუფალთა მოეცვას მათთა ნიშანთა არენი,

თვალ-მარგალიტით შემკული, ოხრობით შესაზარენი,

დიდებულთ ცოლნი ტირიან, ხმა ისმის ამად მწარენი,

საბრალოს ხმითა ვაებენ ქალნი მნათობთა დარენი.

810

ცხენებს დააბმენ მკვდრისასა უკუღმა შეკაზმულებსა,

მეჯინიბეთათ-ხუცესი ზინდრით უჭირისუფლებსა,

პატრონისათვის ტირილით ამოირთმევენ სულებსა,

ვინც მოტირალი უტირებს, შეუწუხებენ გულებსა.

811

მესამეს ღამეს დახურვენ ქვრივსა ლეჩაქსა შავსაო,

პირისფარეში მოიტანს, ეუბნებიან ზარსაო,

დიდი ტირილი იქნების, შავს რომ დაბურვენ თავსაო,

საქართველოში კარგ გვარი ლხინი და ჭირი არსაო.

812

თხუთმეტამდინა ღამითა იტირონ ნიშანზედაო,

გამოიტირონ თავს ცემით, პირ-ხოკვით დილაზედაო,

გათავდეს თხუთმეტი რა დღე, დაადგრენ მოთქმაზედაო,

კიდევ ნიშანსა დაჰფენენ, კვლავ ტირან ორმოცზედაო.

813

ორმოცზედა მკვდრის პატრონნი, რაკი გამოიტირებენ,

ნიშანს ჭირისუფლებისკენ თავს-ცემითა წაიღებენ,

შევლენ სახლში ზარის თქმითა, დაიჩოქვენ, ისე რებენ,

ჭირისუფლებს ტირილითა ნიშანს ჩამოურიგებენ.

814

გაათავებენ ტირილსა ორმოცის გამოსვლაზედა,

ნახევარს წელსა იტირონ და ერთსა წელიწადზედა,

მასუკან ხელი აიღონ ტირილსა და მოთქმაზედა.

რაცა ვსთქვი ლხინი და ჭირი, ღამით ეს მოვა კაცზედა.

815

ახლა თქვენ ბრძანეთ, ნათელო, მე დავასრულე სრულადო,

სულ მოგახსენე ამბავი, რაცა მდებია გულადო,

მე ამხანაგი ვყოფილვარ, არა გხლებივარ ყულადო,

ვერასფერშიგან ვერ მჯობხარ, თავს დავდებ არ ნაკლულადო.»

აქა დღისაგან თქმა:

816

«ბნელო, ვეჭვ, გეყო ამდენს ხანს ბევრი რამ ცუდი თქმანია,

გიჯობდა, რომე ჩემთანა არ ამოგეღო ხმანია,

არ ხარ ჩემს სწორად, ღვთისაგან ესე მჭირს წყალობანია,

მე ნათელი ვარ, შენ ბნელი - ეს ჩემად ქებად კმანია.

817

ამას ამბობ: «როდეს კაცის თავს სიკვდილი მოვიდესო,

ტირილი და ზარის თქმანი ღამით უნდა გარიგდესო».

მიცვალებულს რაში არგებს ბევრსა ვინმე ტიროდესო?

მკვდარსა უჯობს დამარხვა და მისთვის გლახას მისცემდესო!

818

დღისით უყონ მიცვალებულს პანაშვიდი, წირვაები,

გლახაზედა გაცემა, და მისთვის იქნას აღაპები,

ესე ყველა დღისით იქნას მკვდრის სულისა საქმეები,

მეორედა მოსვლა გითხრა, საშინელი სახეები».

აქა მეორედ მოსვლის ამბავი

დღისაგან თქმა:

819

მართლ გეტყვი, სწორედ არ ვიცი - დღით მოვალს ანუ ღამითა,

«მეც არ ვიციო» - თვით ბრძანებს კაცობრივისა ძალითა,

ასე ვთქვათ: ღამით მოვიდეს, გინა ბნელობის ჟამითა -

ბნელი განქარდეს ღვთის მოსვლით, განსჯიდეს სამართალითა.

820

როს მოვიდეს ძე კაცისა განსჯად მრავლის დიდებითა,

ანგელოსნი მისნი მასთან ცხრა გუნდითურთ დასებითა,

მაშინ დაჯდეს საყდართა ზე დავითისა ღვთაებითა,

ესე დღისით აღსრულდების, არა ღამით, ბნელებითა.

821

როს გარდამოხდეს მეუფე განსჯად მკვდართა და ცხოველთა,

მაშინ დასცემენ საყვირსა შესაკრებელად ყოველთა,

მყის მოიწინეს წინაშე მავალნი წყალთა და ველთა,

ნატრიდენ მოხუცებულნი ყრმათა, ძუძუთა მწოველთა.

822

მარჯვნივ და მარცხნივ განრჩევით დგომას იწყებენ მონანი,

მაშინ შეიქნას განკითხვა, კეთილ-ბოროტთა წონანი,

მართალნი ბრწყინვენ, არიან სასუფეველსა მგონანი,

ცოდვილთ ჰრცხვენოდესთ, შეიქნენ გულ ლახვარ-განაწონანი.

823

მაშინ მსაჯულმან მარჯვენით მდგომთა მიხედოს ტკბილადა,

ჰრქვას: «კურთხეულნო, მკვიდრობდით სასუფევლისა შვილადა,

ვისთა ტრფიალთა გდიოდათ თვალთაგან ცრემლი მილადა».

მარცხენით წყევა მიიღონ, გახდენ ეშმაკის წილადა.

824

ოდეს იქმნეს აღსასრული, განსჯად ქრისტე გარდმოხდების,

მის წინაშე სამართალი ყველა დღისით გარიგდების,

თუ არ მარტო ჯოჯოხეთში, ბნელი ყველგან განქარდების,

ღამე სრულად უჩინოა, ღვთის მადლითა განათლდების.

825

აწ დავასრულოთ დღისა და ღამისა ბაასობანი,

ეს კმარა საჩხუბავადა, ისევ მათ უჯობს წყობანი,

მეც მომეწყინა ლაყაფი ბევრი, ამ სიგრძე თხრობანი,

გავათავე და კიდეცა მეყო ამ ლექსთა მბობანი.

1

მე უსწავლელსა ვით მეძლოს, ვისზედ ვსთქვი ანბანთ-ქებანი?

ბრძენს უნდა ექო იმისი ციმციმი, ბრწყინვალებანი,

მინდა რუსთველსა შევჰკადრო სიტყვითა ბაასებანი,

ვჰკითხოთ, რაზედ თქვა ლექსები ტკბილი, ღრმად მეტყველებანი?

2

ვუთხრათ: რად დაშვრი ტყუილზედ, რაც სთქვი, არ იყო წესიო,

ამას მოწმობენ ქართველნი, იმერელი და მესხიო,

არქვით მათ თქვენი ნათქვამი, - ნეტავი მე მასესხიო, -

დიდათაც გამომადგება რუსეთსა მისი ლექსიო!

3

ნესტან-დარეჯან ვინ იყო, რომ აქო დაუცხრომელად?

ტყუილის ტარიელისთვის სტირს ცრემლის შეუშრობელად,

როს ღრმა ლექსებით შეამკობს მათ ენა დაუშრომელად,

წყნარათა ვკითხოთ, არ გაწყრეს, არ დავრჩეთ შეუნდობელად.

4

აწ მოგახსენებ, რუსთველო, რაც ჩემი სიტყვა არი სად:

ნესტანჯარ ესრეთ გიქია, არ თუ სხვის შესადარისად,

«თინათინ მზესა სწუნობს»-ო, თქვენ ბრძანეთ, ქებად კმარისად,

ცუდმადს მიჯნურსა ახელებთ ერთმანეთს გასახალისად.

5

არ გაგონილა ინდოეთს ნესტან-დარეჯან ქალადა,

არცა ტარიელ კაცს ერქვას - გიწოდებია ძალადა!

არაბისტანში თინათინ არ იყო ბროლ-ფიქალადა,

ვერც ჰპოებთ ავთანდილსაცა მის ეშყით დანამთვრალადა.

6

არა ყოფილა ფარსადან ექვს სამეფოზედ მჯდომელად,

არცა განთქმული ინდოეთს, რომ ყოფილიყოს მფლობელად.

გამოჩნდით მათთვის, ღირს ქმენით რას ლექსის შესამკობელად,

ტარიელ, ნესტან-დარეჯან სთქვი ერთმანეთის მდომელად.

7

ეს შვიდნი სახელმწიფონი დიდნი, ვარგნი და არ ავნი,

არც მჯდარა მეშვიდედ მეფედ სარიდან მტერთა მზარავი,

არც კაცი, არცა ჰქონია სახლი, სამყოფი, კარავი

გაკეთებული სიბრძნითა, - არ არის დასაფარავი.

8

არ თქმულა მეფედ არაბეთს როსტევან სახელდებულად,

არც მის ასულად თინათინ, რომ სხვას ვის ეთქვას ქებულად,

ვერც ავთანდილზედ მემოწმნენ იმისთვის თავდადებულად, -

დაგისახავსა ტყუილად მიჯნურებ ცეცხლ-მოდებულად!

9

თქვენი ღრმად მეტყველებანი უცხო რამ, საკვირველია,

თუმცა მართალზე თქმულიყო, რა ტკბილი საკითხველია!

«ვეფხისტყაოსნის» ლექსები სხვას ლექსთა გამკიცხველია,

საქართველოსა კაცთათვის სატრფო და სასურველია.

10

შენი ნათქვამი საღმრთოდ, თუ საეროდ მოიხმარების,

სჯობდა მას ზედა თქმულიყო, ვის მზე არ შეედარების,

ევროპიაში რომელსა ბნელი არ მიეკარების,

ვინც რომე ნათლობს ნიადაგ, შუქი არ დაემალების!

მიგება რუსთველისაგან

11

«ძმანო, არ ძალმიცს პასუხი არ მწარედ, არცა ტკბილადა,

ეს ვერ შევიტყვე: მოდავედ ჩემზედ ვინ ატეხილა-და?

ექვსასის წლის მკვდრის ბაასი აროდეს გაგონილა-და!

მელექსე მელექსისაგან არას დროს დანდობილა-და!

12

ვინ არის ჩემზე მეტყველი? - შეტყობა, დია, მსურისა:

თუ ვინმე დიდი კაცია, მიგდება უნდა ყურისა,

არამც რომ დამკვრელი იყოს სტვირისა, ჭიანურისა,

ზედან ამღერდეს შაირებს, ნათქვამს ბისტიკას ცრუისა!

13

დიდის გვარისა თუ იყოს, ან კარგად ხსენებულიო,

ან მეფე საქართველოსი, ანუ თუ უფლისწულიო,

რასაცა გეტყვით, უამბეთ ეს ჩემი სიტყვა სრულიო,

მკვდრის ლაპარაკსა რას აქნევს, კაცსა არ ედგას სულიო?

14

როდესაც საქართველონი იყო ხელმწიფის ერთისა,

მაშინ მას ჟამსა მე ვიყავ შინა-ყმა თამარ მეფისა,

კურთხეულმც არის ხსენება მპყრობელის დიდის ქვეყნისა,

იმისგან პატივ-ცემული ვახლდი მდივანი სეფისა.

15

ფილოსოფია მესწავლა, წიგნი მეკითხა ბევრიო,

მოსწონდა ჩემი მდივნობა, ვის მორჩილებდა ერიო,

მიბრძანა: «რადგან ცოდნა გაქვს, ლექსები გამოსთქვენიო».

გინახავს ყველას, მოგწონსცა სულ ჩემნი დანაწერნიო.

16

რადგან მიბრძანა, არ მქონდა მე საქმე დასაღონები,

ვპოვე ამბავი, ლექსად ვსთქვი, ვეჭვ, იყოს მოსაწონები,

საღმრთოდ, საეროდ სრული და რა ტკბილად გასაგონები!

კაცთათვის საკითხავადა სურვილით მოსანდომები.

17

უთქვამს, თუ: ცუდი შაირი მე ცუდად ვისზედ მეთქოსა?

ტარიელ, ნესტან-დარეჯან ტყუილად სიტყვით მექოსა,

ავთანდილ თინათინითურთ ზრახოს, არ ესახელოსა,

რად უნდა ცილსა მწამებდეს, ჯავრითა გამახელოსა?

18

როს ქვეყანაზე ვცხოვრობდი, ვიყავცა გალაღებული,

ხელმწიფე მყვანდა მაღალი, დიდადაც გადიდებული,

მას დროს ქართველნი არ იყვნენ მტრისაგან შეწუხებული,

მხიარულნი და შვებულნი ლხინობდენ გახარებული.

19

პაპას შენს - შენგან უკეთესს, ჰქონდა მას სიბრძნე გულისა, -

მასაცა უთქვამს შაირი მიჯნურთა დადაგულისა,

ვინც წაიკითხავს ჩემს ნათქვამს, - მიგდება უნდა ყურისა, -

ჩემმან ლექსებმან ერთს ჟამსა პაპაცა გაგიგულისა.

20

რაც სიბრძნით ლექსები მეთქვას, დაგიგდებთ ქართველებსაო,

მიჯნურობისა საქმესა სიტყვას დავწერდი მთელსაო,

ევროპიაში ვის აქებს, რომ არ შეუდრის მზესაო?

თუმცა აგრეა, ჩემს მეტი ვერ იტყვის შესაფერსაო!

21

თუ მე მაგ დროსა მეცოცხლა, გაგიმარჯვებდი მე დია,

ვისაც შენ აქებ, მაგაზედ კარგს ლექსებს გამოვთქვემდია,

რას სიტყვით შევამკობდი-და! - შენ კარში გაგაგდებდია!

რადგან შენს საქებრად დარჩა, მას არ ჰქონია ბედია!»

1

როდეს ყეენმან სეფიხან ჰყო საქართველოს მცველია,

ჩვენ განბნეულნი ვიყვენით, სადა ტყე იყო, ველია,

ზაკვით გვეფიცა, მიგვინდო, იგ კაცი იყო მელია,

მე, ამილახვარს, ერისთავს, თარხანს შეგვიკრეს ხელია.

2

ჩვენ გაგვგზავნეს ყეენთანა შეპყრობილნი, ხელ-ხუნდებით,

იგ ზოსიმე ხარჭაშნელი თან გვიახლა თვისის ნებით,

პაატა და ნათანელი სულხან იყვნენ ჩვენთან ხლებით,

სხვა პაატა ტუსისშვილი და სოლომონ თავ-დადებით.

3

საგინასშვილი გიორგი თან გვყვა, ისიც თავადობდა,

ჯანგირაშვილი შათირი, შიოც მახლდა, გლეხ-კაცობდა,

კახეთიდან ეს რვა კაცი წამოვიდენ, გვერდს მხლეობდა,

ქართლიდამე ორი კაცი - ძევაძე და ოთარობდა.

4

ჩაგვიყვანეს ისპაანსა, ჩვენს სიკვდილსა მას დღეს ველი,

განვერენით სიკვდილისგან, ღმერთმან დაგვდვა საფარველი,

კვლა სოფელმან უარესი მოაწია განსაცდელი:

შვილებს მთხოვენ, შემექნების დღე უწყალოდ დასასჯელი.

5

გაგზავნეს კახეთს ჩაფარი, არ ჩემთვის მოსალხენია,

მათ დამიბარეს ქალ-ვაჟი, დღე მქონდა მოსაწყენია,

სხვა ძე არ მყვანდა, გასინჯეთ, ვინც იყოთ კაცი ბრძენია,

აღარვინ მრჩება ოჯახში, ვით მოვითმინო ძნელია?!

6

ისპაანითგან გაბძანდა ხელმწიფე სპითა დიდითა,

უბრძანა მეწინავეთა: «ყანდაარისკენ ვლიდითა!»

იგ სამესისხლოდ აღძრული, არა გულითა მშვიდითა,

ჩვენც თან წაგვასხმენ მაშვრალთა, არ იყვნენ კრძალვა-რიდითა.

7

რა წარვემართეთ ყანდაარს, ვიარეთ ავი გზებია,

ბევრი გამოვვლეთ გზაზედა სიცხე და სიცივებია,

დიდად მაამეს, ვინც მახლდა, თავადი, მსახურებია,

ჩვენ მოვაწივეთ ყანდაარს, ვართ ციხის მაქებრებია.

8

რაღას ვაგრძელო? მომესმა ამბავი საზარონია,

მრქვეს: «მოიყვანეს მაშათსა შვილები შენნი ორნია».

უმკვიდროდ გახდა კახეთი, ეს ჩემგან სააზრონია,

ვთქვი: "მომეახლა უცილოდ სულთა აღმოსვლის დრონია!»

9

თვით ყეენმან უსამართლო საქმე მიყო მეტად ძნელი:

გამომართვა ქალი პირ-მზე, ვისგან ნათობს ღამე ბნელი,

ძმისწულს მისცა შესართავად, კვლა ბოძებას აღარ ველი,

მე მისისა მოშორებით დამიწყლულდა გული მრთელი.

10

იგი ძმისწული მაშათს ჰყვა, ქალი მას მისცა მთვარია,

სახელად ერქვა ქეთევან, არს მზისა შესადარია,

ვაჟსა უწოდდი ერეკლეს, არვინ მყავს მისი დარია,

იგ თვით იახლა, მე დავრჩი - სიცოცხლე დასაზარია!

11

იგ თან ჩამოჰყვენ ერეკლეს თავადნი თავ-დადებითა,

ომან, ჯიმშედ და გიორგი, ასლან ჰყვა თანა-ხლებითა,

ბარამ, დავით და შერმაზან, ზაალ არს თავის ნებითა,

მღვდელი ჰყვა, დავით, დიაკვნად პართენ არს სახელ-დებითა.

12

კიდევ ახლდენ მდაბალთაგან მონანი, მსახურებია,

პატარ-კაცი და იოთამ ხამხაძე, გლეხ-კაცებია,

მგელია ერთი ქართლიდამ, ისიც ამათთან მხლებია,

ქრისტიანენი ესენი, ოთხნი ჰყვეს მას თათრებია.

13

აღალარი დილმაჯად ჰყვა, ქალბი ერქვა, ჯილაბდრობდა,

მუსა იყო მსწრაფლად მსრბოლი, იგი ფიცხად შათირობდა,

ადიგოზალ გაუყრელად სულ მუდამად ფარეშობდა,

ჩვენნი იყვნეს ეს თათრები, ერთგულებით მოჰყვებოდა.

14

ვიყავ ყანდაარს მჭმუნვარე, არა გულითა ლხინობით,

ვსთქვი ლექსი მცირე რაიმე სევდისა მოსათმინობით,

იქ დავასრულე, ვინც ნახოთ, ნუვინ იქნებით წყინობით,

მაშინ ჯდა ქორონიკონი: უნი, კანი და ვინობით.