გალობანი ეფთჳმი მთაწმინდელისანი

რომლისა თავნი იტყვიან: ”ღმერთ-შემოსილსა ეფთიმეს

გლახაკი ბასილი შეასხამს”


ღირს მყვენ ჩუენ მეოხებითა შენითა, ღმერთ-შემოსილო ეფთჳმი სანატრელო, შენ, ღირსად საგალობელო, ბრწყინვალეო ნათელო მღდელობისაო, სუეტო და სიმტკიცეო მონაზონთა კრებულისაო, ახალო მოციქულო, ღმრთივ-სულიერთა სწავლათა მაუწყებელო ჩუენდა, და წარმდევნელო ბნელსა მას უმეცრებისასა ნათლითა მით ქადაგებისა მის შენისაჲთა!

მადლი ღმრთისაჲ დაემკჳდრა შენ თანა, ღმერთ-შემოსილო, და აღგავსო სიბრძნითა და გყო შენ ქადაგ ჴმა-მაღალ, მეტყუელ საიდუმლოთა მათ დაფარულთა, და საცნაურად ბრწყინვალე-ყო სახელი შენი ყოველთა ტომთა შორის და, ვითარცა მზჱ ბრწყინვალჱ, ჰნათობ ეკლესიისა სამყაროსა, ნეტარო, და, ვითარცა ორღანოჲ, პირი შენი ჴმა-ტკბილად ოხრის სწავლათა ტკბილთა!

ეკლესიასა ღმრთისასა სწავლანი შენნი, ვითარცა ოქროჲსა სამკაულნი, ბრწყინვალედ შეუმოსიან და, ვითარცა გჳრგჳნი სამეუფოჲ, შემკული ბრწყინვალედ თუალთაგან მრავალსასყიდლისათა, დაუდგამს თავსა თჳსსა, რათა ჰნათობდეს ყოველთა, რომელნიცა შევლენან მას შინა სიხარულით, და ქრისტესა წარუდგინენ ყოველნი განბრწყინვებულნი ღმრთისა მადლითა!

რამეთუ ტალანტი იგი, რომელ გერწმუნა, ღირსო, ვითარცა სარწმუნომან და სახიერმან მონამან, არა დაჰფარე ქუეყანასა, არამედ განამრავლე და მიართუ ღმრთისა ეკლესიასა ბევრწილად, სანატრელო, და იხარებს შვილთა თანა, აღვსებული ბრწყინვალედ საღმრთოჲთა მით სიბრძნითა, ჴსენებასა შენსა აღასრულებს და ქრისტესა ღმერთსა ქებით ადიდებს!

თავი სიბრძნისაჲ - შიში უფლისაჲ - მოიგე, მამაო სანატრელო, და განაბრწყინვე სული შენი ნათლითა სამებისა წმიდისაჲთა!

შეაყავ გონებაჲ შენი წურთასა საღმრთოთა წიგნთასა, სანატრელო, და ფრთოვან-ჰყავ სლვაჲ სიმაღლედ მიმართ ზეცისა, რომელსაცა დაემკჳდრე.

ეძიებდი სურვილით სასუფეველსა და აწ მიცვალებულ ხარ და იხარებ, შეერთებული კრებულსა წმიდათასა, სანატრელო!

მადლისაგან საღმრთოჲსა განათლებულ იქმენ და მოგეცა გონებაჲ მაღალი, მხედველი საღმრთოთა სიბრძნეთა, ღმერთშემოსილო მამაო!

ოჳფროჲს თაფლისა ტკბილნი სწავლანი შენნი ეკლესიასა შინა, ორღანოჲს სახედ, ტკბილად ოხრიან და [განანათლებენ] გულსა მგალობელთასა.

სათნო იყო სიკეთჱ მღდელობისა შენისაჲ, ღირსო, მეუფემან ჩუენმან და განაბრწყინვა გონებაჲ შენი ნათლითა დაუღამებელითა და ქადაგ ჴმა-მაღალ, მეტყუელ საიდუმლოთა ზეცისათა, გამოგაჩინა!

იხარებს ძირი იგი, რომლისაგან აღმოსცენდი შენ, მორჩი ნაყოფიერი, გამომღებელი ნაყოფსა ტკბილსა, და იშუებს სიკეთითა შენითა და სიხარულით განსცხრების და ადიდებს ღმერთსა, მადიდებელსა შენსა!

ლამპრითა ბრწყინვალითა სათნოებათაჲთა განჰბრწყინდი და სიყუარული ღმრთისაჲ ეგზებოდა გულსა შინა შენსა მოუკლებელად, ვითარცა საჴუმილი, და მით შესწუენ ეკალნი ცოდვისანი და ზეცათა სიმაღლედ აღიწიე.

სანთელი ხარ, მნთებარჱ სასანთლესა ზედა მაღალსა მღდელობისასა, ღირსო, და ჰნათობ, ვითარცა მზჱ ბრწყინვალედ, და იოტე ცოდვისა ბნელი, ვითარცა უჴორცომან, და დაიმორჩილენ ვნებანი ჴორცთანი, მამაო!

აჰმაღლდი ზეშთა სიმაღლედ ფრთითა სულიერითა და მიიწიე, ღირსო, დიდებასა მას გამოუთქუმელსა, რომელსა სურვიელ იყავ. ნუ დამივიწყებ ჩუენ, მგალობელთა შენთა!

ენამან შენმან, ღირსო, ღმრთის-მეტყუელმან ყოველი სოფელი მოძღურებითა მდინარის სახედ აღავსნა და მორწყნა გულნი უმეცართანი და მოიყვანნა ღმრთის მეცნიერებად.

ფართოჲ იგი და ვრცელი, წარწყმედად მიმყვანებელი, გზაჲ დაუტევე, ღირსო, და იწროსა მას ხჳდოდე, მიმყვანებელსა ფართოებასა ზეცისა სასუფევლისასა!

თანა ხატ ექმენ ვნებათა ჩუენთჳს ვნებულისათა და იტჳრთენ ვნებანი მისნი ჴორცითა, რამეთუ ჯუარს აცუ თავი შენი სოფლისაგან, სიტყჳსა მისებრ მოციქულისა!

იხილა მხედველმან გონებათამან ღმერთმან წინაჲსწარვე სიწმიდჱ სულისა შენისაჲ, ამისთჳსცა ნათელ გარდაფენილ-ყო გონებაჲ შენი და აღგავსო სიბრძნითა მით საღმრთოჲთა და მეტყუელებაჲ დაფარულთა საიდუმლოთაჲ მოგანიჭა!

მადლმან ღმრთისამან დაიმკჳდრა შენ თანა და ქადაგად ჴმა-მაღლად გამოგაჩინა შენ დაგლახაკებულისა და მდაბლისა ნათესავისა ჩუენისა, რამეთუ სიღრმესა უმეცრებისასა დანთქმულნი სწავლითა შენითა ნათლად აღმოიყვანენ!

ეკლესიაჲ ღმრთისაჲ შვილთა თჳსთა თანა შეიმკუების ბრწყინვალედ თქუმულთა შენთა სიმრავლითა და მგალობელნი მას შინა დიდების-მეტყუელებენ და, ვითარცა ორღანოჲთა, ჴმითა ტკბილითა მადლობისა გალობასა ღმრთისა შესწირვენ!

საშოჲთგანვე დედისაჲთ წმიდა-გყო შენ სულმან წმიდამან, სამკჳდრებელად თჳსად გამოგარჩია შენ და აღგავსო სიბრძნითა და მნათობად ბრწყინვალედ ეკლესიასა დაგადგინა, რათა ჰნათობდე ბნელსა შინა უმეცრებისასა დანთქმულთა!

გონებაჲ მდაბალი, გული წმიდაჲ და შემუსრვილი გაქუნდა შენ, ღმერთ-შემოსილო მამაო, და სიმდაბლე, უზეშთაესი ბუნებათაჲ, სიყუარული და მოწყალებაჲ, და უცხოთა შეწყნარებაჲ და უძლურთა კურნებაჲ!

ლოცვაჲ ლმობიერი და დაუცადებელი მოიგე, ღირსო მღვძარებაჲ და ზე-დგომაჲ ჴელგანპყრობით უჴორცოთა მიმსგავსებული, და ესრეთ აღასრულე სრბაჲ შენი და სიხარულით წარმოუდეგ ქრისტესა!

არაჲ კმა არიან ენანი კაცთანი მადლისა მიცემად კეთილთა მათ შენთა, რომელნი ჰყვენ ჩუენ ზედა, სანატრელო მამაო, რამეთუ უმეცრებისა ბნელსა დანთქმულნი სწავლითა შენითა აღმოიყვანენ!

ხატი და დიდებაჲ მამისაჲა, სიტყუაჲ თანადაუსაბამოჲ და სული წმიდაჲ თანამფლობელი, განუყოფელი, ერთი ღმრთეებაჲ ჰქადაგე თჳთებითა თჳსითა განუყოფელად და შეურევნელად, ღირსო!

აღეგზნა ცეცხლი საღმრთოჲ გულსა შენსა, მამაო, და შეწუნა ეკალნი გულის-სიტყუათა მწინკულევანთანი და, ვითარცა ოქროჲ, გამოგაჴურვა შენ ბრძმედსა შინა ჴორცთასა!

კრებული ესე, შენ მიერ განათლებული, დღესასწაულსა შენსა სიხარულით შემოკრბებიან და გალობენ და ადიდებენ ღმერთსა, რომელმან შენ მიერ ცხორებაჲ მოგუანიჭა!

იხარებდ, ღირსო მამაო, ბრწყინვალეო მნათობო მღდელობისაო, და წესო და კანონო მონაზონთაო, სიბრძნისა საუნჯეო და ეკლესიისა ბრწყინვალეო მნათობო!

ბრწყინვალებითა საღმრთოჲთა განათლდა გონებაჲ შენი, მამაო, და მიიწიე ზეშთა მეტყუელებასა და სწავლითა საღმრთოჲთა მორწმუნეთა ერსა მოჰრწყევდი შენ უხუებით!

აჰმჴედრდი ეტლსა სათნოებათასა, სულისა მიერ წმიდისა განათლებულო მამაო სანატრელო, და განსწმიდე გონებაჲ შენი წურთითა საღმრთოთა წერილთაჲთა და დაგჳწერენ სწავლანი ტკბილნი, რომელთაგან მოვისთულეთ ნაყოფი აღმავსებელად სულთა ჩუენთა წყურილსა.

სრბაჲ შენი აღასრულე მიუდრეკელად გზასა ღმრთისა მცნებათასა და მყუდროდ ნავთსადგურად მიიწიე და აწ შეერთებულ ხარ შენ კრებულსა თანა წმიდათასა, ცხორებასა მას უცვალებელსა, ნათელსა დაუღამებელსა და სუფევასა დაუსრულებელსა!

იხარებდ, ღმერთ-შემოსილო ღირსო მამაო ეფთჳმე, ყოვლად ნეტარო, რამეთუ ანგელოზებრ იღუაწე შენ ქუეყანასა ზედა ჴორცითა, და აწ უჴორცოთა გუნდსა თანა ცათა შინა სდგა შენ წინაშე ღმრთისა, შემოსილი დიდებითა, და იხარებ შრომათა შენთა ზედა!

ლამპრითა ბრწყინვალითა სათნოებათაჲთა განჰბრწყინდი შენ, სანატრელო, ბრწყინვალებითა სულისა წმიდისაჲთა და მომბერენ ჩუენ ნიავითა საღმრთოჲსა მადლისაჲთა სწავლანი სულიერნი და შესცვალენ ცნობანი სულელნი სიბრძნედ, ნეტარო, და უმეცრებისა ბნელი განაქარვე!

იხარებდ, ბრწყინვალეო, სულითა ღირსო, რამეთუ მიცვალებულ ხარ სუფევასა ზეცისასა და შუებასა სამოთხისასა შეერთებული წმიდათა კრებულსა თანა, და დღესასწაულობ მათ თანა დიდებასა მას გამოუთქუმელსა; მოიჴსენენ მგალობელნი დღესასწაულსა შენსა!

შენ, საღმრთოჲსა მის სიბრძნისა საუნჯეო, ღირსო და ბრწყინვალეო მნათობო ეკლესიისაო, რომელმან სწავლითა შენითა გუალვეულნი გულნი ჩუენნი მოჰრწყენ და ჯეჯილი სიმართლისაჲ ურნატთა გულისათა აღაყუავილე!

ენაჲ მეტყუელი კაცობრივი ვერ შემძლებელ არს მითხრობად მადლთა შენთა, რომელნი ჰქმნენ ჩუენ ზედა, რამეთუ განგჳხუენ საუნჯენი წიგნთანი და წარჰმართენ ენანი ჩუენნი გალობად ღმრთისა, ღმერთ-შემოსილო მამაო ეფთჳმე!

არაჲ მაქუს სიტყუაჲ ღირსი სათნოებათა შენთაჲ ბრწყინვალეთა შემკობად, მამაო სანატრელო, არამედ შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას და შეიწირე კნინი და უძლური გალობაჲ და ნაცვალად მადლი შენი მომეც!

სიყუარულითა ღმრთისაჲთა შეზღუდვილ იქმენ შენ და სიწმიდით აღასრულე ცხორებაჲ შენი ქუეყანასა ზედა და თანა წარჰჴედ ყოველთა საფრჴეთა მტერისათა და ძლევაშემოსილი ნათელსა ღმრთეებისასა დაემკჳდრე!

ხჳდოდე გზათა უვნებელობისათა, ნეტარო, დაამდაბლენ შენ ვნებათა იგი აღძრვანი, ღირსო, რამეთუ ქრისტე თანაშემწედ გაქუნდა შენ, ყოვლად ქებულო ღირსო მამაო!

აწ იხარებდი, ღმერთ-შემოსილო ღირსო მამაო, შენ, იოანე, რამეთუ ნაყოფი შენი აღორძნდა და რტონი მისნი გარდაეფინნეს კიდეთა ქუეყანისათა საგრილად მორწმუნეთა!

მსხუერპლად სულნელად შესწირე ღმრთისა, ღირსო მამაო იოანე, ღმერთ-შემოსილი ღირსი ეფთჳმი და რწყვითა ცრემლთა შენთაჲთა აღაორძინე და ნაყოფიერი ღმერთსა მიუპყარ!

სულთა ჩუენთათჳს გამოჴსნაჲ ითხოვეთ, ღმერთ-შემოსილნო, განბრწყინვებულნო მადლითა მით ზეგარდამოჲთა, და გჳძღოდეთ ჩუენ სლვად გზასა მას მცნებათასა და თქუენ თანავე ღირს ყოფად სასუფეველსა!