1. დასაწყისი ვისისი და რამინისი
იყო დიდი და მაღალი სულტანი ტუღლურბეგ ქვეყანასა ხორასნისა და ადრაბადაგანისასა, ლაშქარ-მრავალი, მოვლენილი, მორჭმული და აღსრულებული ყოველსა სპარსეთსა ზედა. აკლდა სამეფოსა მისსა ქალაქი ასპაანისა.
შეიყარნეს ყოველნი დიდებულნი და წარჩინებულნი მისნი, მოაჴსენეს: ”ვინაჲთგან მაღალი და დიდად განთქმული სულტანი ტახტსა და სამეფოსა თქვენსა ზედა მოვლენით და მორჭმით დაუმკვიდრებიხარ [ღმერთსა] და ნება და გამორჩევა მისი ესე არს, რომელ ყოველი მუსულმანობა ბრძანებასა თქვენსა მორჩილობდეს და მზესა თქვენსა ფიცევდეს, - აწ ჩვენ ამას ვჰკადრებთ მეფობასა თქვენსა, რომელ შეიყარნეთ თქვენითა ლაშქრითა და მიჰმართოთ ასპაანისა ქალაქსა. ვინ-მე იყო არამორჩილი მბრძანებლობისა თქვენისა, რომელმცა არა ძებნა მშვიდობა თავისა და არამცა წამისყოფით დაამონნა თავნი მათნი მბრძანებლობასა თქვენსა?! და უკეთუ ვინმე იკადროს ბრძანებისა თქვენისა ურჩობა, შეუნდობელი რისხვა მივიდეს თქვენგან მას ზედა და აგრეცა იქმნას ნება და წადილი თქვენი”.
მოუსმინა [მეფემან, უჴმო] სამსავე სამეფოსა. მერმე განყო ლაშქარი: და გაგზავნნა ერთნი ქირმანს, ერთნი მუსლის, ერთნი აჰვაზს, ერთნი სომხითს, ერთნი საბერძნეთს. და ყოვლგნით შემოიქცნეს და მოვიდეს ძლევა-შემოყრილნი გამარჯვებულნი.
მერმე მოვიდა მოციქული არსლან-ხანისა მზახალთათვის და მოიღო ურიცხვი ძღვენი. და მასვე ჟამსა მოვიდა ბერძენთა მეფისა მოციქული და მოართო ძღვენი - ტურფა შესამოსელი და მას ძღვენსა შიგან იყო თვალი ერთი, წითელი იაგუნდი, წონა დრამისა ოცდაექვსისა. იგი შესამოსელი, ბერძენთა მეფისა გამოგზავნილი, ტანსა შეიმოსა ასპაანს, და თაყვანისცა ყოველმან მუსულმანმან, ჴელმწიფეთა უცხოთა და თვით მისთა წარჩინებულთა; და ქება შეასხეს ყოველთა ესრე ყოველთა ჴელმწიფეთაგან შეპოვნებისა, ძღვნობისა და დარბაზობისათვის.
და თვით სულტნისა მსახურნი და მონანი ესეთნი იყვნეს, რომელ ყოველსა პირსა მიწისასა ეგეთნი არა იყვნეს. და მათგანი იყო ერთი სახელოანი, უხვი, გონება-ბრძენი, კაცობა-სრული, გულოანი, ფრთხილი, მხიარული, სიტყვა-მიუმცდარი, მჴნე და სიმჴნისა მოძებარი, ყოვლითა სიკეთითა სრული, ნატიფი; აქიმობისა კარგად მცოდნელი იყო, ყოვლისა კაცისა მოყვარე, ღმრთის კაცი და დიდისა ქვეყანისა პატრონი იყო. და ამა ზნეთა [თანა] განაღამცა მძებნელი იყო უცხოთა ამბავთა და შაირთა.
რა სულტანმან ქალაქი ასპაანი აიღო, აიყარა ლაშქრითა, წარმოვიდა და იბდალ-მელიქ-ვაზირი ასპაანს დააგდო. და მგზავრად მივიდა და ჯორჯანელი ნახა და მოეწონა კაცი და ამბავთა ნახულთა დაუწყო თქმა. მას ღამესა მის გვერდით იყო და სმასა შიგან ჰკითხა:
“არა იცია ამბავი ვისისი და რამინისი? დია მინდა ამბვისა მათისა შეტყობა და ადრითგან ვეძებ და მასმია სიკეთე მათი”.
ფახფურ პასუხი მიუგო:
“მე ყველა ვიცი და მასმია სიკეთე და სეფისპირობა მათი, რომელ კარგი ამო ამბავი ბრძანეთ, მეცნიერთაგან თქმული და შეწყობილი ფალაურითა ენითა; და ფალაური თუ დიდად არვინ იცის, ვერავინ თარგმნის. აწ თუ შენ მიბრძანო, მე გამოვაცხადო ამბავი მათი და ვთარგმნო სპარსულად”.
ესე დაიმადლა მისგან იბდალ-მელიქ-აბუნასარ და იმედი წყალობისა უთხრა. მერმე ფახფურ ეგრე თქვა: ”ვინათგან ესრეთ არს და ამბავი მათი ბუნებად უყვარს და მონდომია, მოვაჴსენო, სიტყვა-შეწყობით ვთქვა და ვთარგმნო. თუცა სახელი მათი დიდია ქვეყანათა ზედა, ჩემიცა სახელი დარჩეს ამისითა მიზეზითა ქვეყანასა”.
2. ამბავი ვისისი და რამინისი და უხუცესისა ძმისა მისისა შაჰი მოაბადისი
იყო დიდი და მაღალი ჴელმწიფე ადრაბადაგანისა და ყოველთა თემთა და ქვეყანათა მპყრობელი და დიდთა საჭურჭლეთა პატრონი. ჰქონდა ხორასანი, თურქისტანი, ერაყი, ადრაბადაგანი, ქოისტანი, ხვარაზმი; ჴმელთა და ზღვათა პატრონი იყო და ყოველსა სპარსეთსა ზედა მორჭმული. და მრავალნი ჴელმწიფენი ჰყვნეს სვიანნი და შეუფრობელნი და მას ჟამსა შიგან მისი სიტყვისა უმორჩილო არვინ იყო. და ცეცხლისა მსახური იყო თვით მეფე და საჴელმწიფო სრული. ესე ჴელმწიფე ქრისტეს მოსლვასა წინათ იყო და სახელი მისი შაჰი მოაბად. ესვა ძმა ერთი, ერქვა სახელად ზარდი, და ვაზირი იყო შაჰი მოაბადისი.
ვითა წესია სპარსთა, შექმნეს ვაზირობა დიდი და ეგზომ დიდი ნავროზი გარდაიჴადიან, რომელ კაცთა გონებისაგან არ მიიწთომვის. ჩვენ ზოგი რამე ვაჴსენეთ მათისა ბაირამ-ნავროზობისა ზარი. მას დღესა მოვიდეს მეფენი, რომელნი მისსა მბრძანებლობასა ქვეშე იყვნეს, და დიდებულნი დედა-წულითურთ მათითა სიხარულად და სამსახურად: შირაზელნი, ასპაანელნი, ერაყით, ჯორჯანით, გელანით, არდაველით და ბარდაველითა; შაფურ გელანელი და თვით ზარდი, ძმა-ვაზირი შაჰი მოაბადისი; ყოვლისა ქვეყანისა დიდებულნი დედაობითა მივიდეს შაჰი მოაბადისასა ხორასანს, მარავს ქალაქსა. გამოვიდეს და უბრძანეს თავის-თავისთა ფარეშთა მისთა ველსა დადგმა კარავთა და ოთაღთა: მოკაზმეთ მინდორიო! ამის ყოვლისა სიკეთისა გონება მიუმხვდომარე არს. გამოვიდეს მინდორად, შემოივლნეს სარა-ფარდანი, შეკაზმნეს ფარეშთა და სხვათა მსახურთა წალკოტნი და აავსნეს საქონლითა და საჭურჭლითა. დააშვრეს პილონი და აქლემნი საჭურჭლეთა ზიდვითა. ვითა თვით მისსა ჴელმწიფობასა ჰხვდებოდა, ეგეთნი გაემართნეს.
უჴმნა ჴელმწიფენი და დიდებულნი მისნი. ვინცა ქვე-სხდომასა ღირს იყვნეს, ქვე დასხნეს, და სხვანი რომელნიმე იყვნეს, ზე ადგნეს თავსა ჴელთა [არგნისა] მქონებელნი. დედოფალნი და ხათუნნი აწვივნეს, საპატიოდ დასხნეს. მოასხნეს მრავალფერნი და კარგნი მუტრიბნი, ცალკერძ და ცალკერძ იმღერდიან, ვარდისა მიჯნურნი ვარდსა ზედან დასჭიკჭიკებდიან და მუტრიბთა შეუჴმობდიან. დასხდეს მზისა და მთვარისა მსგავსნი ჴელმწიფეთა ცოლნი და ხათუნნი. და ჰქონდა დედათა ორი, ლალისა მსგავსი, ფერი, შვენიერი: ერთი პირისა და ერთი ღვინისა. დააკმივეს ალვა, მუშკი და ამბარი და მათ სურნელთა ეგზომ დიდი კვამლი შეიქმნა, ვითა ღრუბელი, და ფერი − ვითა მათ ხათუნთა თმა. დავლა და ბედი, ლარი და საჭურჭლე მათი მთისაგან უმძიმესი იყო და შეჭირვება ბზისაგან უსუბუქე. და ყოვლისა ქვეყანისა დედანი ჭვრეტად მოვიდეს, მათადღა სძლისა ჭვრეტად. ახალ სძლისაგანცა უკეკლუცენიცა იყვნეს, მათისა შოვნისათვისცა მრავალი სისხლი დაღვრილ იყო. იყო შაჰრო მაჰდუხტ ადრაბადაგანელი, მანოშ [მაჰფაიქარ] გურგანელი, ნასლაქით დეჰისტანელი, დინირგეს და ზარნიგეს მთის-ძირელნი; შირინი და გურგესი ასპაანელნი, ორნი მზისებრნი კეკლუცნი; აბანოზი და აბანოედ − ორნი კეკლუცნი ქალნი მწიგნობართა ასულნი; ჯულაბი და იასამან − ვაზირისა ასულნი; შაქარლაბ და აბანოშ ერაყელი; მონაზი, ადრაგუნი და გულგუნოი შირაზელნი, შაინამ და საიბლა - შაჰი მოაბადის ცოლნი. იყვნეს: ჩინელნი, თურქნი, ბარბარელნი, ბერძენნი, აზნაურისა ასულნი. ამა დედოფალთა [თანა] ხათუნ-ხვარაზმი იყო. ყველა ერთმანერთისაგან უკეკლუცე იყო. მათი ქება არავისგან მიიწთომვის; პირად და ტანად ყოვლითურთ სრულნი და უკლებნი იყვნეს და ყველა სხდა შაჰი მოაბადის წინაშე.
იყო ჴელმწიფე შაჰი მოაბად დედათა მოყვარული; უჭვრეტდა, იხარებდა და გასცემდა და მუტრიბთა ამღერებდა; ზოგთა ასპარეზთა აცემინებდა, ზოგთა შუბითა ამღერებდა და კეკლუცთა ქალთა შუშპართა აქნევდა.
კვირასა ერთსა გაიხარნა დიდითა სიხარულითა. რაცა მის სმისა და სიხარულისა მეჯლიშში თვალი, მარგალიტი და საჭურჭლე იყო, ყველა გასცა. აავსო დიდი და პატარა, არავინ დარჩა იქი უშოვარი. ამაზედა პირშვენვარემან შაჰრო მოცინარის პირითა ზმა უთხრა შაჰი მოაბადს. რა ესე ესმა შაჰროსაგან შაჰი მოაბადს, ეგრე არქვა:
”ჰე, ვარდო, მოცინარედ მოუბარო! მიწყითმცა მხიარულად გნახე! რადგან სიბერისა ჟამსა ასეთი გულისა წამღებელი ხარ, ნეტარ სიყრმისა ჟამსა ვითარი ყოფილ ხარ? რადგან ვარდისაებრ ნახევარ დამჭნარი ესეთი ხარ, წინას მნახველთა შენთა სიცოცხლე ანუ გონება ვით ჰქონებია! აწ რადგან გული დამიბნელე და უიმედო მყავ, ბარე შენისა გვარისაგან ნუ კიდეგან-მიქმ; ასული შენი შემრთე, რომელ ნაყოფი თესლისაებრ იქმნას, და ასული შენი შენებრვე არს. ბედი ჩემი და წაღმართი მაშინ უფრო სანატრელი იქმნების, რა შენისა გვარისა, შენებრივე მზე, ჩემსა სრასა შინა ნათობდეს და, თუ ვპოვებ მიწისა მზესა, არ ვეძებ ცისა მზესა!”
პასუხად ეგრე არქვა შაჰრო შვენვარემან:
”ჰე, ჴელმწიფეთა უჴელმწიფესო! შენისა სიძობისაგან უკეთესი ჩვენ არა წაგვეკიდების, თუმცა ღმერთი მწყალობდა და ასული მესვა, გარნა, შენმან მზემან, მე ასული არა მივის და, თუმცა მესვა, მოგაჴსენებდი. აქამდინ მე ქალი არა მიშობია და, თუ აწ მომეცეს, უღონიოდ თქვენ მოგაჴსენებ”.
მერმე შაჰი მოაბად აფიცა:
“შემომფიცე, რომელ თუ ასული მოგეცეს, ჩემგან კიდე არავის შეჰრთო!”
მათითა საფიცითა ყარანის ცოლმან და ვიროს დედამან მტკიცედ ესე შეჰფიცა:
“თუ ქალი-შვილი მომეცეს, შენ შეგრთო და შენი ცოლი არი!”
შაჰროს ქმარი ყარან იყო. მაგრა შაჰრო უფრო გვარიანი იყო ყარანისაგან. ჯიმშედ მეფე რომელ ადამს აქათ მეხუთე ჴელმწიფე ყოფილა, შაჰრო მისი ნატამალი იყო.
მუშკი ვარდისა წყლითა შეზილეს და მით საფიცი წიგნი დაწერეს და პაემანი შეუქმნეს ერთმანერთსა: ”შაჰროს ასული მიეცეს, - შაჰი მოაბადის ცოლი იყოს”.
ნახეღა, თუ რა ჭირი ნახეს ორთავე: მან უშობელი შეირთო, და დედამან უშობელი გაათხოვა!
ჰუქუმათი− განგება ღმრთისა და შეგონება:
საწუთროჲსა საქმე და მუხთლობა დაუთვალავია; საწუთრო ასრე ნასკვითა შეჰკრავს, რომელ ათასი ცნობა და გონება იყოს, ვეღარ გაჴსნის. აგრე გამიჯნურდა შაჰი მოაბად, რომელ უშობელსა შეირთვიდა.
შეგონება: ცნობამან ესე ხვაშიადი მისისა გულისაგან [არ] გამოაცხადა, რომელ დედისაგან მისი ფათერაკი იშობებოდა.
3. [დაბადება ვისისი და რამინისი და მათი აღზრდა]
რა ორთავე დაასკვნეს, საფიცი წიგნი და სიმტკიცე მზახობისათვის მისცეს, საწუთრომან დაიწყო მისებურად ხლათვა, საკვირველებასა ზედა საკვირველებისა მომატება.
მათსა პაემანსა ზედა გარდაიარა მრავალი წელიწადი და ყოველსა კაცსა დაავიწყდა მათი ამბავი, დაძველდა მათი საქმე, აღარავის მოეგონებოდა. ამაზედა მოესმა შაჰი მოაბადს დაორსულება მეოცდაათესა წელსა შაჰროსი მის ძვირფასითა მარგალიტითა. რა ცხრა თვე გარდავიდა, მისგან გამოვიდა ელვარე მთვარე. არ მუცელი იყო, გარნა აღმოსავლეთი იყო, და მისგან გამოვიდა მნათობი მზე. ესეთი ასული შობა შაჰრომან, რომელ მისითა შობითა ბნელი ღამე ნათლად შეიქმნა. გარდაიჴადეს ძეობა და დაარქვეს მას მნათობსა სახელი ვის და მაშინვე მიაბარეს კაი გვარიანს გამდელსა გასაზრდელად.
ესვა მოაბად ჴელმწიფესა ძმა, სახელად რამინ, ვისისავე ჟამთა შიგან დაბადებული. უყვარდა მოაბად მეფესა შვილად და წაღმართად მას ჰხედვიდა. და საზრდელად ხუზისტანსავე გამოგზავნა ჰაერისა და ქვეყანისა სიკეთისათვის. ვისი და იგი ერთსა ქვეყანასა შიგან იზრდებოდეს, ვითა ერთსა ბაღსა შიგან ორნი ყვავილნი - ადრაგუნი და ნასრანი.
ვინ იცოდა, თუ ამათი საქმე სად მიაწევს! რა არს ესე, ანუ ჟამი წინა, ანუ რას მიუდებს?! ვინ მოისმინნეს ესე ამბავნი, ცნეს სოფლისა ამის აუგნი, უხანობა და მუხთლობა, რომელ არცა ჭირსა, არცა ლხინსა არავის გაუსრულებს. მისი ჭირი და ლხინი წამ-ერთ არის. ცოტასა ყმასა ჰგავს, სხვითა გაიცინებს და მოგვცემს რასმე; ატირდების და, რაცა მოეცეს ჴელთავე მოგთხოვს. ვის-რამინს ყვედრება არ უნდა, მით რომელ ღმრთისა განგებისა გზა სიბრძნითა არ შეიკრვის.
ესე რამინ იზრდებოდა და, რა მოიწიფა, ამას იტყოდეს: არა არს პირსა ქვეყანისასა რამინისებრიო. ქება გაგაგონო, რომელ ენა-გონება კეთილ-მთქმელი უკლებობათა თანა ცოტა რამე გამოვაჩინო: სახე უმსგავსოდ ტურფა ჰქონდა ყოვლისა თანა საჴამსოდ; პირად მზესა ჰგვანდა, თვალ-წარბ-შავი, თმანი მდიდარნი და გრუზნი, შავნი წვერნი − მერცხლის ბოლო; ტანად საზომიერი, ერთი მისებრი არცა მხატვართაგან დაისახოდა; ძალად და გულად ვითა ლომი, სიფიცხედ ვეფხისაგანცა უფიცხესი; ცხენოსანი, მონადირე, მონავარდე, მოჭადრაკე, მხიარული, საწადისი, ძალისა ჴმისა ყველასი უებროდ მცოდნელი იყო; მშვილდსა მისსა ვერვინ მოჰზიდვიდა, შუბითა და ასპარეზითა მისებრ ვერავინ იმღერდის, ესრე რომელ ჭვრეტასა მისსა შეექციან; მის გვერდით მომღერალნი და მსმელნი არად გამოჩნდიან; ამას ყველასა ზედა წყალ-ჯავარი, თუ სთქვა, იმასა აქვს ყოვლისა სოფლისაო. არცა ვინ მათ ჟამთა შიგა მისი შემბმელი კაცი იპოვებოდა. მისისა მნახველისა ჯალაბი ესეთი შეიქმნის, რომელ იგი მიდამო ველი და ფოლორცნი ვეღარ იტევდიან და ყველა ჴელ-აპყრობით მისსა მზეგრძელობასა ღმრთისაგან ითხოვდიან. რა რამინის ესეთი მოწიფება ესმა შაჰი მოაბადს, ვითა მართალი იყო, ეგრე გაეხარნეს, ღმერთსა მადლი მისცა და გლახათა ზედა დია გასცა. გამოგზავნა საპატიონი დიდებულნი ხუზისტანს და წაიყვანეს შაჰი მოაბადის ძმა რამინ და მას წინაშე მარავს მივიდეს.
4. აქა ვისის ძიძისა წიგნი შაჰროს, ვისის დედას თანა, მიწერილი
მიუწერა, ვითა: ”ესე მიკვირს, მუცლითგან რომელ რა გიშობია და ჩემდა საზრდოდ მოგიცემია, არცა გინახავს, არცა გიკითხავს და არცა ჩემად რა გიბოძებია. არცა ძიძასა მისსა მოიგონებ, არცა საყვარელსა შვილსა ექცევი და არცა უებროჲსა პირისა მისისაგან იქადიო? ვითა ეგების ესეთი გულ-ქვიანობა, რომელ ესე დაივიწყო, რა გიშობია და ჩემად მოგიცემია, მისსა შესაფერსა აღარას ღირსსა ქცეულ ხარ? აწ გაზრდილა მრავლითა ნებიერობითა და შავარდნისა მართვესა ამაღლება დაუწყია. აწ ამისა მეშინიან, ესრე ამაღლდეს, რომელ ესე ბუდე აღარა მოეწონოს, ანუ წავიდეს სადმე და თავისაებრი ძებნოს. უებრობა და სიმარტოე ძნელია.
მრავლითა ნაზობითა გამიზრდია და აწ ჩვენი აღარცა ტანისამოსი მოეწონების, არცა სასმად-საჭამადი, თუმცა ყველა თანაშეწევნითა ღმრთისაჲთა ჩვენ გვაქვს, გარნა ამის ნებიარობასა ჩვენი ძალი ვერ გასძლებს. რაზომცა უსწორო ტანისამოსი შეუკერო, სამოცსა ფერსა აუგსა დასდებს: ყვითელი თუ მივართო, ამას იტყვის: ”ეგე სნეულთა სამოსია”; თუ წითელი მოვიღო: − ”ესე საბოზოაო”, ლურჯი − ”მგლოვიარეთა ჰფერობსო”, თეთრსა − ბერთა სამოსად იტყვის და ორფერსა − მწიგნობართად. რა დილასა გაიღვიძოს, მონათა და მჴევალთა ითხოვს სამსახურად და ჰარირისა ტანისამოსსა; რა შუადღე იქმნას, ოქრო-ქსოვილსა ითხოვს და საღამოდ ოქსინოსა, წამსა და წამსა თვითოფერსა ითხოვს და ათასსა მანავსა ხარასა. პურისა ჭამისა ჟამი იყოს, ჟამსა და უჟამოსა ოქროჲსა ჯამ-ტაბაკითა მოითხოვს მჴევალთა კეკლუცთა და მონათა სამსახურად, ორმოცდაათ-ორმოცდაათითა ოქროჲსა სარტყლითა და ატლას-ოქსინოჲთა მოსილთა; ნადიმად ოთხმოცი ქალი გვარიანი კეკლუცი მოუნდების: ამის უმცროსნი არ მინდაო.
მე ამის მეტად ვეღარ გავძლებ მისსა ნებიარობასა და ვერცა სით მოვართომ, რასაცა მთხოვს. მე ვინ ვარ, რომელ ჴელმწიფისა ასულსა ვზრდიდე, ვითა მას უნდეს? აწე რა ესე წიგნი წაიკითხო, ადრე თათბირი ქმენ და ქვეყანისა დამაშვენებელი შენი ასული წაიყვანე.
არაკი: ათისა თითისაგან ერთისა თავისა ოდენი საჴმრობა არა გამოვა, არცა ათასისა ვარსკვლავისაგან ერთისა მზისა სინათლეო”.
მისცა წიგნი [ფაიქსა] ფარანდასა და გაგზავნა შაჰროს თანა. რა წიგნი ძიძისა მივიდა ვისისა დედას თანა და ცნა ასულისა ქება და გაზრდა, მწიგნობარსა ოქროჲსა თაჯი მისცა და სხვა საქონელი დიადი და ესრე გაამდიდრა, რომელ საქონელი შვილი-შვილთამდე ეყოფოდა. მერმე გაუგზავნა შაჰრო ასულსა, ვითა ჴელმწიფეთა წესია, ეგრე ზარიანად [მაჰრანით] კუბო ოქროჲთა, თვალითა და მარგალიტითა შეკაზმული, მრავალნი ხოჯანი, მჴევალნი, მსახურნი. ეგზომი საქონელი და ოქრო გაუგზავნა ძიძასაცა, რომელ აქლემნი და ჯორნი საჭურჭლესა ქვეშე დაშვრეს. და ხუზისტანისა ქვეყანით საყვარლად და ნებიერად ეგრე მოიყვანეს ჰამიანის ქალაქს.
5. აქა ხუზისტანით მოიყვანეს ვისი ჰამიანის ქალაქსა
რა მოიყვანეს და შაჰრომან ნახა, შვილობისაგანცა უფრო საყვარელი პირი და ტანი მისი ასულისა გაიცადა, ჴელ-პყრობით მადლი მისცა ღმერთსა და მისითავე სახელითა შეულოცა და პირსა შეჰბერა, რომე თვალი არ ეცესო. მერმე გლახათა ზედა ურიცხვი ოქრო და საქონელი გასცა და თავისა წინა ტახტსა ზედა დასვა. შაჰრო უჭვრეტდა, მზესა და მას შუა საცილობელი შეექმნა, თუ რომელი რომელიაო, და ვითა მოყვარულისა მშობლისა წესია, ეგრე დაუწყო კაზმა: სცხო მუშკი-ამბარი და მრავალფერი სურნელი და შემოსნა ოქრო-ქსოვილიანნი შესამოსელნი, ალვა და მუშკი უკმივა და ესრე შეკაზმა, ვითა მანი ჩინელისა სახე; რაზომცა უაუგო, სრული და კეკლუცი იყოს და ვინცა ნახოს, ყველასა მოეწონოს და, რა კაზმა დაუწყონ ოქროჲთა და მარგალიტითა, დაშვენდებისო, და ვისის ფერის მიცემისაგან ოქრო გაწითლდების.
რა დედამან ესრე შვენება-მოჭარბებული ნახა ასული, ეგრე არქვა:
”ჰე, ყოვლისა ქვეყანისა მაშვენებელო! შენი [მამა] − ჴელმწიფე ხვასროვია და შენი დედა − ჴელმწიფე დედოფალი გვარიანი, − შენ ესეთი უებრო იყო, და მე შენი შესაფერი ქმარი მიწასა ზედა არა ვიცი; და რადგან შენი სწორი, შესაფერი ქვეყანასა ზედა არავინ არის, ჩემგან უფეროსა ზედან შენი გაცემა არ ეგების. არა რომელსა ქვეყანასა არის შენი ჯუფთი და სწორი ჩემისა ძისა ვიროსაგან კიდე. შენ ეცოლე მას და ნატამალი გაგვიმრავლე და ამა მზახობისაგან მე გამახარენ. ვიროს ცოლი იყავ − საქებარი დაი მისი, სძალი ჩემი იყავ − შვენიერი ასული ჩემი. ჩემსა საწუთროსა ჩემთვის სისრულე და სიამე მაშინ აქვს, რა ჩემისა გულისა სანდო სანდომსა შევჰრთო და შევჰვედრო”.
რა ესე სიტყვა ესმა ვისისა, დიდისა სირცხვილისაგან გაწითლდა და გულსა ცეცხლი ჩაეგზნა ძმისა სიყვარულისათვის და პასუხი აღარა გასცა, მინდა თუ არაო. უგრძნეს სხვათა დედათა და ვისის დედასა არქვეს, შაჰროს, ვითა: ”სულისა დაღება ქალისაგან ნდომისა ნიშანი არისო”. დედამანცა შეუტყო მით, რომელ ბერი მონახული დიაცი იყო და სიყრმესა მისსა იგივე საქმე წაჰკიდებოდა ქმრისა შერთვისა ჟამსა.
რა დაუდასტურდა ქალისაგან ნდომა ვიროსი, მასვე წამსა უჴმნა, რაცა მისსა ბრძანებასა და ფარმანსა ქვეშე მუნეჯიმნი და მეცნიერნი იყვნეს ჰამიანით, გორაბით და ყოველგნით, მათისა ეტლისა და საწუთროჲსათვის, თუ: რა წაეკიდების, ანუ ვით გაიხარებენ ასული ჩემი და ძე ჩემი ვირო მათისა ქორწილისაგანო? გამოარჩივეს მუნეჯიმთა კარგი დღე და ყოველნი ერთგან დასხდეს. ძებნეს და გამოარჩივეს, ნახეს ბედი და ეტლი მისისა ასულისა ვისისი და ძისა მისისა ვიროსი და სვიანი დღე უპაემნეს. და მათსა ეტლსა და პაემანსა ზედა მივიდა შაჰრო და უჴმო ძე თვისი ვირო და ასული ვისი. დარბაზსა მისსა ზედა კოშკი იყო აგებული და მას კოშკსა შიგან სხდეს სამნივე: დედა-სიდედრი, ძე-სიძე, ასული-სძალი. დედამან-დედამთილმან გამოუღო ვისის ჴელი და ძმასა მისსა ვიროს ჴელსა ჩაუდვა და შეჰვედრა, ვითა მათი წესი იყო, დალოცნა და ცოლად შეჰრთო და ეგრე არქვა:
”თქვენ არცა უცხონი ხართ და არცა უმეცარნი ერთმანერთისანი. არცა სძალსა შეკაზმა უნდა − თვით ღმერთსა შეუკაზმავს; არცა მზითევი უნდა. თქვენ ორნი ერთნი ხართ: არცა ვინ მოწამე გინდა, არცა − შუამდგომელი, ღმერთი კმა თქვენად მოწმად და ანგელოზნი მისნი”.
შეჰვედრნა მან მარტომან ერთმანერთსა, დალოცნა და ეგრე უთხრა:
”ღმერთმან დამბადებელმან განგახარნეს ერთმანერთისაგან და მრავალი თქვენი შვილი მიჩვენოს და გამაზრდევინოს, ვითა მე მინდაო”!
6. აქა ქორწილი ვისისი და ძმისა მისისა ვიროსი და მოაბადის ძმისა ზარდის მოციქულად მოსლვა
ხე რა მართლად არა დანერგულ იყოს, სიმრუდე მაშინვე აჩნია. ბოლოსა ჟამსა საქმე რა გაირყვნებოდეს, თავსავე ზედა გამოჩნდების.
არაკი: რა ავი წელიწადი გვალვისა მოვიდოდეს, ზამთარსა შეეტყვების და დააჩნდების.
შეგონება: ისარი რა არმართლად მივიდოდეს, მშვილდისა მოზიდვასა შეეტყვების. რა ხესა ზედა ნაყოფი ცოტა გამოვიდოდეს, გაზაფხულ მისსა აყვავებასა ზედა გამოჩნდების.
აგრეთვე ვისის საქმე მასვე დღესა გამოჩნდა, სიმწარე და არსვიანობა, ამად, რომელ, რა დედამან მათმან შაჰრომან ჴელი ერთმანერთსა ჩაუდვა და საქორწილოდ კაზმა დაუწყო და შეყრილ იყვნეს ყოვლის ქვეყანისა დიდებულნი და ლაშქარნი და პურისა ჭამასა ჰლამოდეს და სმასა და სიხარულსა, ანაზდად მასვე წამსა ზღვისაგან შავი ღრუბელი გამოვიდა. ნათელი დღე იყო, მზიანი, ამო და მაშინვე თუ სთქვა, შეღამდა, ასრე დაბნელდა ქვეყანა და ქარი დიდი ადგა და მტვერი დიდი შეიქმნა, რომელ ერთმანერთსა ვეღარ ჰხედვიდეს. მექორწილენი აიშალნეს და აიყარნეს.
მასვე ჟამსა გზასა ზედა მოვიდოდა კაცი შავითა შეკაზმული, შავსა ცხენსა ზედა მჯდომი, უნაგირი და აბჯარი მისი შავივე იყო და სახელი ზარდი იყო. და კუბო მოეტანა ისფრითა შეკაზმული და შაჰი მოაბადის წიგნი. თუცა მოციქული იყო, მაგრა ძმა და ვაზირი იყო მოაბადისი. წამოუდგა ვიროს ზედა და შაჰროსა ცხენიდაღმა მისცა წიგნი დაბეჭდული ოქრო-ბეჭდითა. და მოციქულმან შენდობა ითხოვა ცხენითა მოდგომისათვის და ეგრე მოაჴსენა:
”მე ბრძანება შაჰი მოაბადისაგან ასრე მაქვს, დღე და ღამე მივლია, არ მძინებია, მრავალი ცხენი დამიყენებია მოსწრაფებისათვის და სხვა წიგნმან მოგაჴსენოს”.
რა ბეჭედი აიღეს, გაჴსნეს წიგნი. თუცა ამონი სიტყვანი ეწერნეს, შაჰრო ეგრეცა, ვითა მოკართული ვირი ტალახსა შიგან, აგრე სირცხვილისა და შეჭირვებისაგან თავისა გზა-გაუღებელი დარჩა, ამით რომელ მისგან დაწერილი საფიცი მოაბადის წიგნსა შიგან იცნა, თავისა დაწერილი, და ეგზომი ფიცი, რომელ პირველ სახელი ღმრთისა, სამართლისა მოქმედისა, ეწერა, რომელი მიწყით სამართალსა იქმს და სამართალსა უბრძანებს კაცთა. ცა და ქვეყანა დაბადა სიმართლედ, ერთისა თმისოდენიცა სიმრუდე არა დაგვატანა. ვითა ქვეყანა სიმართლითა შეამკო, კაცთაგან ეგრევე მართლისა ქმნა და თქმა ითხოვა. ვინცა სიმართლით მატებასა ეძებს, გამარჯვება მიწყით წინამძღვარ ექმნების. სიმართლისებრი ქვეყანასა ზედა არა არის, მით რომელ სიმართლისა მატებასა დაკლება არა აქვს.
”შაჰრო, მე შენგან სიმართლესა ვეძებ, რომელ მიწყით სიმართლესა იქმოდე და მართალსა ეძებდე. ჩვენ ორნივე სიყვარულისა პირსა ზედა და მზახობასა ზედა ვიფიცენით. ღმერთი და ანგელოზნი მისნი შუამდგომლად დაგვიყენებიან, დაგვიფიცავს, წიგნი დაგვიწერია საფიცი, − აწ რად დაივიწყე ღმერთი და აღთქმა გამიტეხე? მე შენი ასული მაშინ შემირთავს, რომელ მეოცდაათესა წელსა გიშობია. ასული ღმერთმან თვით ჩემსა ბედსა ზედა მოგცა, თვარა შენ კვლა ასული არა გიშობია. აწ მე დია მხიარული ვარ, რომელ შენ ქალი შობე. დია საქონელი გამიცემია გლახაკთათვის, ამით რომელ ღმერთმან შეგიწყალა და ჩემი იმედი, რომელი მისითა მოწყალებითა გქონდა, გაასრულა.
აწე რადგან ღმერთმან ეგე მთვარე მე მიბოძა, თუ ჩემი არის, მე მაგისი მანდა ყოფა აღარ მწადიან, ამად რომელ თქვენსა ქეეყანასა უფროსნი ბერნი და ყრმანი ყველანი დედათა მოყვარულნია; თავსა და სულსა გასწირვენ მათ ზედა; მიწყით თქვენებურნი კაცნი დედათა მაღორებელნია და უკანა უდგებიან; ლამაზად ჴელად უჩნსვე ამის ქმნა. ღმერთმან ნუ რომელსა დიაცსა უჩვენოს მაგისი პირი, რომელ მათივე ავი ზნე არ ასწავლონ. დედანი გულ-ნაზუქნი და გულ-ჩვილნი არიან და, ვითაცა ვინ გაზარდოს და დააჩვიოს, აგრე დაეჩვევის. გაიზრდებიან დედანი გულ-მართლობითა, მამათა საუბარსა დაიჯერებენ და ამოჲთა სიტყვითა თავსა მათ მისცემენ. დიაცი რაზომცა ფრთხილი და გონიერი იყოს, ეგრეცა ამოჲსა კაცისა ენითა ძაბუნი იქმნების. დედათა ფათერაკი ამით არის, რომელ ეგრე შვენვარე და კეკლუცი ვიშოვოო: ”მიჯნურობისა და სიყვარულისაგან ვკვდები, დღე და ღამე ვტირი დაღრეჯილი, ვითა შმაგი და მტერიანი, ვცურავ შენისა გონებისაგან. თუ არ შეგებრალები, მოვკვდები და მას საუკუნესა კალთასა მოგეკიდები. რად არ შეგებრალები? შენებრვე ყმა კაცი და ადამის შვილი ვარ”. ამაზედა დიაცი რაზომცა მოღმრთე და პატიოსანი იყოს, ამით, ამა სიტყვითა, მოღორდების და ვერ გაიგონებს, თუ უკანის მოვიყივნოო. აწე, რაზომცა ღირსი, წმიდა და პატიოსანი იყოს, ამა საქმისათვის მოშიშარ ვარ, ნუ დაიჭირავ მაგას მანდა და მარავს გამომიგზავნე დაუყოვნებლად და მხიარულად.
ნუ შეიჭირვებ მზითევსა, ოქროსა, თვალსა პატიოსანსა და მარგალიტსა, მით რომელ მე ეგე მინდა არ მზითვითა. მაგას ერთსახე ნებურად გავზრდი და დავიჭირავ. და ყველასა ჩემისა საჭურჭლისა კლიტესა ჴელთა შევჰვედრებ და შენცა ეგზომსა თვალსა, ოქროსა და მარგალიტსა გამოგიგზავნი, რომელ, თუ გწადდეს, ერთი ქალაქი ოქროჲსა ააგო და ზღუდენი თვალისანი. შენ თვით განაღამცა საპატიოდ დაგიჭირავ და თქვენს ქვეყანასა მამულობით, მორჭმით და აზატად დაგიწერ. ვიროს ძმისაებრ დავიჭირავ და ჩემის გვარისა ცოლსა მივსცემ და მას ეგრე ვემზახები, რომელ საუკუნემდი თქვენისა სახელისა საჴსენებელი იყოს”.
შაჰრომ რა ესე წაიკითხა და მისი ცოლისა ძებნა ცნა, ათრთოლდა და თავს ბრუ დაესხა, თავი ჩამოაგდო და ზე აღარა აიხედა სირცხვილისაგან და ყელსა იგრეხდა, ვითა დაკოდილი გველი. შეშინდა ღმრთისაგან და მოაბადისაგანცა და გულსა შიგან ეგრე თქვა: ”მე ვითა რა მიქმნია? პირველ ღმერთი გამიწირავს და ფიცი გამიტეხია და მერმე ასეთისა დიდისა ჴელმწიფისათვის ცოლი წამირთმევია და გამითხოვებია! ზენაარისა გამტეხი კაცი ყველა ასრე გაწბილებული და ენადაბმული იქმნების, ვითა აწ მე ვარ დაღრეჯილი და უჭკუო!”
რა ვისმან შემოხედა და თავისა დედა ნახა ათრთოლებული და გაყვითლებული, გაუწყრა დედასა და ეგრე უთხრა:
ნეტარ აგეთი რა წაგეკიდა, რომელ ფერი წაგსლვია და გული აღარ გიც, ან ღმერთმან ეგრე ცნობა ვითა წარგიღო, რომელ წახვედ და უშობელი ასული გაათხოვე? ცნობილსა კაცსა შენი ნაქმარი არ მოეწონების. ჴამს, რომელ ყოველი კაცი შენ ზედა იცინოდეს”.
მერმე ზარდის, მოციქულსა, ძმასა და ვაზირსა შაჰი მოაბადისასა, ეგრე არქვა, ვითა: ”შენ სით მოხვალ, სახელი და გვარი შენი რა არსო?”
ზარდმან ეგრე უთხრა:
”მე ნატამალი ვარ შაჰი მოაბადისი, მას წინაშე საპატიო ვარ და, სადაცა მივიდოდეს, წინამძღვარი მე ვარ მისთა ლაშქართა; სახელად ზარდი მქვიან”.
რა ვისმან მოისმინა მისგან პასუხი, გული გაუფიცხდა და ეგრე ჰრქვა:
”ყვითელმცა არის, ვის გამოუგზავნიხარ ეგზომ საკვირველი და მაგალითი! ეგე თქვენი წესი არის საძაგელი და მოსაყივნებელი, რომელ გათხოვილსა ცოლსა შეირთავთ. ბრმა ხარ, ვერ ჰხედავ მაემანსა და სმასა ქორწილისასა, რომელ მუტრიბთა მღერა და ჴმა ცად გაიწევის და ყოვლისა ქვეყანისა დიდებულნი, აზნაურნი და ლაშქარნი აქა შეყრილან? დარბაზი ასრე შეკაზმულია და ყოველი კაცი ამას გვილოცავს: სვიანმცა არის ესე ქორწილი, რომელ სძალი ასული არის და სიძე - ძე! აწ რა ესე ჩვენი ქორწილი ნახე და მუტრიბთა ჴმა გესმა და სიძისა და სძლისა ქება მუტრიბთაგან მოისმინე, - რად არა შეიქეც? აწ სით წამოსრულ ხარ, მუნვე წაედ და ჩემითა იმედითა კვლა ნუ მოხვალ, მით რომელ შენისა იმედისა ჴელი ჩემისა წაყვანებისათვის დია მოკლე არის. ნუცა წიგნითა და ქადილითა გვაშინებთ. თქვენი ქადილი, წიგნი და ქარი ჩვენ სწორად გვიჩნს. აქა რაღასა დგახარ? ასრეა: ჩემი ძმა და ქმარი ვირო აწვე ნადირობით მოვა, გნახავს და მე დამემდურვების და შენ დაგემტერების. ადრე წადი, რომელ არცა მდურვა იყოს და არცა მტერობა. მაგრა ჩემმაგიერ ეგრე მოაჴსენე მოაბადს, ვითა: ”შენებრ ფრთხილი არავინ ეგების, სიბერისაგან ტვინი წაგსლვია და შენისა დარჩომისა დღე გარდასრულა. დამპალო ბერო! თუცა ყოლა ცნობა გქონდა, სიბერისა ჟამსა არ ესე გმართებს, რომელ შენ ბერი გარდასრული ყრმასა ცოლსა ეცილებოდე. თუცა კაცი იყავ, საუკუნოსა საგზალსამცა იურვოდი სიბერითა, - არა ყრმასა ცოლსა. ჩემი ქმარი ვირო არის ლომი ახალმოწიფული და შაჰრო - დედა ჩემი. მე ვირე აქა ამას თანა ვიყო, მარავი და მოაბადი გვიანად მომაგონდების. ვირემდი ვირო ჩემი გვერცა მწოლია, ჩემი თავი და პატრონია, მოაბადს და მარავს გვიანად დავნატრდები.
ჰუქუმათი: ვირე მაქვს ნაძვი ნაყოფიანი, არ ვეძებ ანწლსა მყრალსა, დამპალსა და დამჭნარსა.
ღარიბობისა დამთმო მისი გული არის, ვისიცა საქმე შინათ გაუმართავ-მორჭმული იყოს. მე, ვითა ჩემი სიცოცხლე, მიყვარს ჩემი ვირო და, ვითა თვალი, არ გამეშვების ჩემი შაჰრო. ამათ დავემორჩილები, ვითა შაქარი შევეტკბობი, არ მომინდების ღარიბობასა შიგან ბერი მოაბად”.
რა ესე სიტყვა მოისმინა ზარდმან ვისისაგან, მასვე წამსა პირი მარავისაკენ ქმნა და ცხენსა მათრაჴი ჰკრა. ასრე ფიცხლად წავიდა, რომელ მტვერსა მისსა ნიავი ვერ მიეწევოდა. დღე და ღამე იარა. მოაბად მიელოდა და აგრე თქვის: ”ნეტარ აწ ჩემი ზარდი სად არის, ნეტარ აწ რა უქმნიაო?” ჰქონდა თვალი და ყური ზარდის გზისაკენ. ანაზდად მტვერი გამოჩნდა, გამოვიდა ზარდი მტვერისაგან აღშფოთებული და მაშვრალი. გახელებულ იყო, რომელ სიკუშტითა ავსა კარგისაგან ვერ გამოარჩევდა. მასვე წამსა მოვიდა და მოეგება მოაბად ზარდსა. ეგრე ჰრქვა:
”ზარდო, ლომი ხარ ანუ მელი?”
ზარდი ცხენიდაღმა გარდაჴდა, თაყვანისცა და მას წინაშე მიწასა აკოცა; ეგრე მოაჴსენა:
”ღმერთმან ბევრ-წელ გყოს, ღმრთისაგან და ბედისაგანმცა მხიარულნი ხართ და თქვენნი მტერნი თქვენითა ჴრმლითა მოკლულნი და დამონებულნია! და მიწყივმცა მათსა ქვეყანასა პურ-ძვირობა და სეტყვაა, მათიმც ქარი ჭირისა, და მთვარე ბოროტისა, და მზე მათი სიკვდილისა, და ღრუბელი უწვიმო და მათი მიწა უნაყოფო! მივედ და ვნახე მათი ქვეყანა შემკობილი და შეკაზმული, ვითა სამოთხე, და ყოვლისა ქვეყანისა დიდებულნი ლომნი ჭაბუკნი და მათი ცოლები, ვითა მზე და მთვარე; და სიკეკლუცითა მათი დარბაზი ესრე შეკაზმული იყო, ვითა ცა ვარსკვლავითა, და ვისი მათ შუა ჯდა დედოფალი, ვითა ვარსკვლავთა შუა მთვარე გავსილი. ჰქონდა ქორწილი და სიხარული, რომელ ერთიცა კაცი მათსა ქვეყანასა შიგან არა იყო დაღრეჯილი, ყველა მხიარული და მოცინარე. ამღერებდეს მუტრიბთა და მგოსანთა ჴმა-მაღლად ამოჲთთა ჴმითა. და მე, თქვენმან კეთილმან მზემან, მათი ქორწილი ზრუნვად მიჩნდა და მათი სიმღერა მოთქმად და ტირილად. მისისა სიძობისაგან თქვენი სახელი და ნატრა ოდენ დაგრჩომია. და ვისის გვერდით სხვა ვინმე ზის და მისგან სხვა ვინმე გაიხარებს. რუ სთხარეთ, ჭირი თქვენ ნახეთ, მაგრა წყალს სხვანი ვინმე სმენ.
არაკი: დიდი და მცირე სწორად უჩნს უმეცარსა, ვითა ბრმისა თვალსა დღე და ღამე სწორი არის.
ამად უქმნია მათ ესე შეუწონელი საქმე, რომელ თქვენგანცა მათ არა შინებოდა. მაგრა ვირემდინ მათ თქვენგან ავი არ წაეკიდების და არ გარდააჴდევთ, ჩვენ მათგან აუგსა და მოყივნებასა შიგან ვართ. რომელთაცა უხუცესი და უფროსი ვიროა, სირეგვნითა და ამპარტავნობითა ეგრე ჰგონია, თუ წვრილნი მთანი მე დამიბადებიანო, და მუნ თავისა სახელი შაჰი უჴმია და შაჰი ჴელმწიფესა ჰქვიანო. ზოგნი მუნებურნი თვით თქვენ არ გიცნობენ და ყოვლისა ქვეყნისა პატრონი ვირო ჰგონიათ, და არცა თვით სხვა ჴელმწიფე ჰგონიათ. თქვენ ზოგნი დამპლობით გიყივიან, ზოგნი მოაბად ყოფილობით”.
რა ესე ამბავი მოაჴსენა შაჰი მოაბადს ზარდმან, გაყვითლდა პირი მეფისა და გაწყრა. პირსა მისსა, ძოწისა მსგავსსა ზაფრანის ფერი დაედვა წყრომისა და სიმძიმილისაგან და მტერობისა და ჯავრისაგან ათრთოლდა, ვითა ქარისაგან ძეწნი და ვითა წყლისაგან მზისა შუქი. ჰკითხა ძმასა:
”ესე რომელ მიამბობ, შენ გინახავს შენისა თვალითა ანუ ყურითა მოგისმენია სხვაგან? იგი მითხარ, რაცა გენახოს, და არ იგი, რაცა გასმიოდეს.
ჰუქუმათი: ამბავი დასტურს არა ჰგავს და არცა ნახვა − საეჭვსა.
ნასმენსა ნურას მითხრობ და, რაცა ცხადად გინახავს, იგი მიამბე”.
ძმამან ეგრე მოაჴსენა:
”მაღალო ჴელმწიფეო! მე არა იგი ვარ, რომელ რაცა არ მენახოს, მოგაჴსენებდე და მეტსა ვმოუბარობდე. ჩემითა თვალითა მინახავს, რაცა მომიჴსენებია, და ყურითა ჩემითა ნასმენი თქვენგან დია დამიმალავს. აქამდი შაჰრო ჩემად დედად მიჩნდა და აგრეთვე ვირო − ჩემად ძმად. და თვალნი არ მისხენ მათნი შესახედავნი, მით რომელ თქვენითა გზითა ვემტერები. თავსა და ტანსა ჩემსა სული არ მოუნდების, თუ გულსა ჩემსა თქვენი სიყვარული და მონობა მოაკლდეს. თუ მიბრძანებ და გწადიან, შემოგფიცავ ღმრთითა და მზითა თქვენითა, რომელ ქორწილი თავისა თვალითა მინახავს, მაგრა მუნ არცა მიჭამია და არცა მისვამს, მით რომელ მათი აწინდელი სმა, სიხარული და სიმღერა მე ჩემად ომად მიჩნდა და მათი სამოთხისაებრი შეკაზმული დარბაზი მე, თქვენმან მზემან და კეთილმან, ბნელად საკნად მიჩნდა, მუტრიბთა ჴმა წყენისაგან გინებად შემესმოდა. და მე რაცა მინახავს, იგი მომიჴსენებია და, თქვენ ვითაღა ბრძანოთ და გამოარჩიოთ, ჩვენ მონანი და მიწანი ვართ, მბრძანებლობისა თქვენისა მომსმენელნი და მიმყოლნი”.
რა მეორედ მოდასტურებით ესე ამბავი ესმა შაჰი მოაბადს, მოემატა ზურგსა შეჭირვებისა ტვირთი ტვირთსა ზედა. ზოგჯერ, ვითა გველი თავ-დანაყილი, იღვლარჭნებოდა და ზოგჯერ ტკბილისა ჭურისაებრ გული აუდუღდებოდა.
დიდებულნი, ვინცა მას წინაშე იყვნეს, შეჭირვებითა ყველანი კბილთა იღრჭენდეს და იტყოდეს: ”შაჰრომან ვით იკადრა ესე, რომელ ეგზომ დიდისა ჴელმწიფისა ცოლი სხვასა კაცსა შეჰრთო, ანუ თვით ვირო შეჰმართა შერთვაო?!” - სჩურჩვნიდეს ერთმანერთსა დიდებულნი.
შეიქმნა ლაშქართა შიგან საუბრად, ვითა: ”აქათგან აოჴრდების შაჰროს, ყარანის და ვიროს სახლი, აქათგან აღარ ნათობს მათსა ქვეყანასა მზე და მთვარე. აწ ასრე მოსძულდეს შაჰროს ვირო, რომელ მესისხლედ უჩნდეს, აღარა შვილადო. დაეცა თვალი ყარანისი და შაჰროს სახლისა და საყოფელისაო”. და ჰქონდა-ყე ხვაშიადი მოაბადისი დიდებულთა და იტყოდეს: ”არ მათი ოდენ აოჴრდებოდენ სახლი და საცხოვრებელი, მაგრა მრავალი დიაცი სხვაცა დაქვრივდების. შაჰი მოაბადის წყრომა მათ ესრე დასწვავს, რომელ მტვერი და ნაცარიცა აღარა დარჩეს მათიო. აგეთი ღრუბელი დადგეს მათსა ქვეყანასა ზედა, რომელ მისისა წვიმისა ღვარი სიკვდილი იყოს. მუნ ეტიკმან იყივლა ღმრთისა განგებისაგან მათ ზედა, ვითა: ”ვაამანის საქონელი ვაამანისა არისო”. ფათერაკისა წვიმა მივა მათსა ქვეყანასა. ნეტარძი ვინცა არ ახლავს მათ! მრავალი სისხლი დუღს მათთა ასოთა შიგან და მრავალსა უფეთქს გულიო”.
ესეგვარსა რასმე უბნობდეს ერთმანერთსა თანა მოაბადის დიდებულნი და ლაშქარნი. და მოაბადის გული საგონებელისა ცეცხლითა იწვოდა და ვერ დაიდგმიდა ადგილსა. და უჴმნა მასვე წამსა მწიგნობარნი და გულისაგან ნავღლისაებრი სიტყვა ამოყარა. და მიუწერა ყოვლგან ყოველთა ჴელმწიფეთა და დიდებულთა წიგნი და შესჩივლა შაჰროსაგან, ვითა: რჯული დააგდო შაჰრომან და ზენაარი გატეხაო.
და გაგზავნილნი წავიდეს ქარისაგან უფიცხესად ყოველგან [და იტყოდეს], ვითა: ”შევიყრებით, შევეკაზმებით მათ ზედა მისავლად ტაბარისტანით, ჯორჯანით, დეისტანით, ხვარაზმით, ხორასანით, ქოისტანით, სინდით, ჰინდოეთით, თობითით, ჩინით-მაჩინით, სუღდით და თურანითაო”. ამაზედა მარავის მინდორი ესრე გაჴდა ლაშქრისაგან, რომელ საუკუნოჲსა განკითხვისა დღესა ჰგვანდა კაცისა სიმრავლითა და ზარითა.
7. აქა შაჰი მოაბადისაგან საომრად გამართვა ვიროზედა
ცნა ვირომან ამბავი შაჰი მოაბადისი, ვითა მასცა ემტერების და შაჰროსაცა და ყოვლისა ქვეყანისა დიდებულნი და ლაშქარნი მივიდეს მისსა შეყრილნი. ვიროსასცა მრავალნი სახელოანნი აზნაურნი საქორწილოდ მისრულ იყვნეს: ადრაბადაგანელნი, რაელნი, გელანელნი, ხუზისტანელნი, ასტაბახრელნი, ასპაანელნი. ესე ყოველნი დიდებულნი ამა ქვეყანათა პატრონნი ვიროსსა იყვნეს სტუმრად და ამათი ცოლები შაჰროსსა იყვნეს. ჰქონდა სიხარული და სმა.
რა მოაბადისა ამბავი მიესმა და შეყრა ცნეს, დიდებულთა ყველამან წიგნები გაგზავნეს და თავის-თავისი ლაშქარი უჴმეს. და ეგზომი ლაშქარი შეიყარა ვირომან სხვა, რომელ მინდორი და ველი ვერ იტევდეს. ყოვლისა ქვეყნისა ჭაბუკნი მივიდეს ქვეითნი. დელამი და არაბი ცხენოსანი ეგზომი შეიყარა მისსა, რომელ ქვიშისაგანცა უმრავლე იყვნეს; და ყოვლით ქვეყნით ბერი-კაცები, მონახულნი და მეცნიერნი ომისანი, მოიყვანნა. შეიკაზმნა ლაშქარნი, წინამავალნი ლაშქართა მისთანი გააჩინნა ვირომან.
მუნით აგრევე შაჰი მოაბად შეკაზმნა ლაშქარნი და გამოემართა მარავით. რა მისთა ლაშქართა სიარული დაიწყეს, მიწამან ძრვა დაიწყო, მათ ქვეშე სიმძიმითა მათითა და სიმრავლითა. მათი მტვერი ასრე ამაღლდა, რომელ ჰგვანდა, თუ მთვარე და მტვერი ხვაშიადსა იტყვიან ერთგან. ლაშქარნი მისნი მტვერსა შიგან ასრე ჩნდეს, ვითა თხელსა ღრუბელსა ზედაჲთ ვარსკვლავნი; ესეთი ღვარი მოვიდოდა ხორასნით, რომელ მზე და მთვარე მისითა შიშითა ცასა ზედან დამალულ იყვნეს. ეგზომ ჯავრით მოდიოდეს მოაბადის ლაშქარნი, რომელ მთა მინდვრად შეექმნა და მინდორი მთად. ასრე მოდიოდეს ლაშქარნი აღშფოთებულნი და ჴელმწიფე გულ-მწყრალი. ორნივე ლაშქარნი დაეპირისპირნეს ერთმანერთსა და ჭაბუკნი გულოანნი აღშფოთებულ იყვნეს, ვითა დიდისა და ძლიერისა ქარისაგან ზღვა.
8. აქა ომი შაჰი მოაბადისი და ვიროსი დიადი
რა აღმოსავლეთით გამოვიდა მზე, რომლისა ვაზირია მთვარე და საჯდომი ცა, დილასა ადრე ორთავე ლაშქართა რაზმი აწყვეს და ორთა ჴელმწიფეთა წინაშე ორთავე ლაშქართა მოდენა დაიწყეს ომად და გასაჩვენებელად. ორგნითვე დაიწყეს ცემა ქოსთა და ყვირილი ბუკთა და ყვირო-სტვირთა ჴმა იყო, თუ სთქვა, ეშმათა ჴმა არისო, რომელ ვისცა იგი ჴმა ესმა, ყველა ერთმანერთსა დაემტერა მისითა მოსმენითა. იყო ეგეთი ზარი, რომელ ძველნი მკვდარნი მიწა-ქმნილნიცა ათრთოლდებოდეს მიწასა შიგან მათითა შიშითა.
შეუტევეს ერთმანერთსა და მათი შეტევება ჰგვანდა შემოდგომათა ქართა, რომელ ხეთაგან ფურცელთა ჩამოჰყრის. ორი ეგზომი მათისა შეტევებისაგან შეკაზმული კაცი ჩამოიჭრა და ორგნითვე ქოსი და ბუკი ამას ყვიროდა: ”ისწრაფეთ, ჰე, სულისა წამღებელნო!” იცოდა თურე ბუკმან მათი სიკვდილი, წინასვე მათ ზედა მით ტიროდა. და მეომართა ჴელთა შიგან მახვილი ჴრმლები იცინოდა ელვისაებრ მათსავე სულსა ზედა. გულოანნი მინდორთა შიგან ლომთაებრ იყვნეს და მთათა შიგან ფიცხელისა ვეფხისაებრ იყვნეს და, რომელიცა მათ შუა ცნობილი კაცები იყო, ომსა შიგან იგინიცა გახელებულ იყვნეს, უცილოდ შმაგნი და მტერიანნი იყვნეს, რომელ არცა ცეცხლისაგან ეშინოდათ და არცა წყლისაგან, არცა ჴრმლისა, შუბისა, ლახტისა და ისრისაგან, არცა ლომთა და პილოთაგან. მას ომსა შიგან ეგეთი ჭაბუკები იყვნეს, რომელ სახელისათვის ტკბილნი სულნი გაეწირნეს და სიკვდილისაგან არ ეშინოდათ. აუგსა და გაქცევას ეკრძალვოდეს. ჰაერი ტყესა ჰგვანდა შუბისა და დროშისა სიმრავლითა, ქვეყანა ნაძვისა ტყესა ჰგვანდა მრავალფერისა დროშისაგან. ზოგსა ზედა ლომი ზის, ზოგსა ფარშამანგი, ზოგსა არწივი და ზოგსა ორბი. მიწა ერთობით მტვერ-ქმნილ იყო. ცად გასრულ იყო და ლაშქარსავე თავსა ჩამოსდიოდა. მრავალი ყრმა კაცი დაბერებულ იყვის და შავი ცხენი გაჭარმაგებულ იყვის. ჯაბანი და გულოანი ამით გამოჩნდებოდა, რომელ ჯაბანი დაღრეჯილ იყვის და გულოანი მხიარულ. გულოანსა პირი ბროწეულისა ყვავილსა უგვანდის და ჯაბანსა სიყვითლითა − ღრიანკალსა.
ორთავე ლაშქართა ერთმანერთსა შეუტევეს, თუ სთქვა, ორნი მთანი ბასრისანი ერთმანერთსა შეეტაკნესო. მათ შუა მოციქულად ქორაფისა ისრები არწივისა ფრთოსანი, პირ-ბასრნი, მიდიოდეს და მოდიოდეს; ეგზომ საყვარელნი მოციქულნი იყვნიან, რომელ გულსა შიგან დაესობოდიან და თვალთა ზედან; სხვა ადგილი არ მოეწონებოდა და, რომელსაცა სახლსა შიგან მის თანა მოციქული მივიდოდის, მის სახლისა პატრონსა და მასპინძელსა კიდე წაიყვანდის. ასრე გაძნელდა ომი, რომელ საუკუნო თვალად ნახეს ცხადად. ძმა ძმისაგან აბეზარ-იქმნა და მას ჟამსა თავისა მკლავისაგან კიდე მწე და მეშველი არავინ იყო. ვისცა მკლავი ძლიერი ჰქონდა, მოიჴმარა ჴრმალი თავისა წადილისაებრ, მეომარნი უენოთა ჰგვანდეს, ომისა ქოსისა და ბუკისა ჴმისაგან სხვა არა ისმოდა. ზოგჯერ ჯაჭვსა შიგან ჴრმალი შევიდის ვითა წყალი, ზოგსა თვალთა შიგან ისარი შეეპარის ვითა ძილი, ზოგსა გულსა შიგან შუბი შეეპარის ვითა სიყვარული, ზოგსა თავსა აფთი შევიდის ვითა ტვინი. თუ სთქვა, ჴრმალმან იცოდა, თუ ღმერთმან სული კაცისა ტანსა შიგან სადა დაამკვიდრა. მასვე კვალსა მახვილი შევიდის და მის კვალისაგანვე სული გამოვიდის. ღრუბელსა ჰგვანდა ლურჯსა ბასრის ჴრმალი, მაგრა წვიმდა და ღვარი მისი წითელი იყვის. ომსა შიგან ისარი მკერვალსა ჰგვანდა, მკერვალისაებრ შეაკერის ჴორცი უნაგირსა.
საღამომდინ გაუგრძელდა ორთავე ლაშქართა ომი. მას ომისა სიჴშირესა შიგან ერთი ავაზად იქმნა და ერთი ველურ თხად. საყვარელისა ვისის მამა ყარან მოკლეს მტერთა მისთა და ყარანის მიდამოსა მოკლეს სხვა დიდებული ჭაბუკი ასოცდაათი ვიროსი. თუ სთქვა, წვიმდა, წვიმისა ცვარი სიკვდილი იყო. ეგზომი კაცი მოკლეს, რომელ მკვდრისა გორი გორსა ზედა იდვა და მას გარეშემო დიოდეს სისხლისა ღვარნი.
რა ვირომან ნახა მამა მისი ყარან მოკლული და ეგზომი დიდებული მისსა მიდამოსა სულ-განწირული, არქვა თავისა დიდებულთა:
”ძმანო! გულოანთაგან ომსა შიგან სიზანტე, დუხჭირობა დია აუგი არის. თქვენ არა გრცხვენიან ეგზომთა ნატამალთა თქვენთაგან, რომელ დაჴოცილან და მტერთა გახარებია? ყარანისაგან არა გრცხვენიან, რომელ თეთრი წვერი მისი გაწითლებულა სისხლისაგან და ასეთი ჴელმწიფე ბედითად მოკლული ძეს? ეგზომთა ლაშქართა მისთაგან სისხლისა მძებნელი არვინ არის. ჩაივსო მზე ჭაბუკობისა და სახელისა ძებნისა, რომელ აღარვინ სახელსა და არცავინ ჭაბუკობასა ეძებთ! მე ჯერეთ მისი სისხლი არ მიძებნია და მტერთა მისთა ზედა არა გამიხარებია. აწვე ზედა შეღამებულა და დაბნელდების. ლაშქარნი უკუიყრებიან. თქვენ დილანდლითგან დია ჭაბუკობა და ომი გარდაგიხდია და აწ მე შეუტევებ და თქვენი გოლიათობა აწ მოიჴმარეთ და მიშველეთ მამისა ჩემისა სისხლისა ძებნასა. და ყველა ვეშაპთა დაემსგავსენით სისხლისა ძებნითა და სიგულოვნითა, ამით რომელ ჩემსა გვარსა მე არ მოვაყივნებ. აწვე ჩემისა ჴრმლისაგან სიკვდილისა დღენია. თვალად უჩვენებ საწუთროსა და ქვეყანას აუგისაგან და მოაბადის დამპლისაგან დავჴსნი და ჩემისა მამისა სულსა გავახარებ მისითა სიკვდილითა!”
რა ესე თქვა, ერთობით მისითა დიდებულითა, მონითა და ხასაგიანითა შეუტევა, ვითა ცეცხლი მოედვა და თავ-უწევარ ქმნნა მოაბადის ლაშქარნი. მთისაგან მიმავალსა ღვარსა ჰგვანდა ჩაღმართსა შიგან, რომელ არღარაჲთ ღონითა არ შეიფარვოდა. მათი ალერსი შუბი, ჴრმალი და ისარი იყო. ერთმანერთისა მოკლვისათვის მოყვარე მტერსა უარე იყო, მამა ძისაგან აბეზარ-იქმნა და ძე მამისაგან და მოყვარე მოყვრისაგან. ვინცა ვის მიჰხვდის, საკლავად არ შეიწყალის. ასრე დაბნელდა, რომე თვალთა წინა აღარა ჩნდა. ძმამან ძმა მოკლა და მამამან შვილი. შუბები შამფურსა ჰგვანდა, მწვადისა ნაცვლად კაცი ეგის და მიწა სისხლისა მდინარეობითა საწნეხელსა. თუ სთქვა, სიკვდილი ძლიერი ქარი იყო, რომე კაცისა თავსა, ვითა ხისა ფურცელსა, ჩამოჰყრიდა; და მეომართა თავი ბურთსა ჰგვანდის მოედანსა შინა და მათი ტანი ტევრთა შიგან წაქცეულთა ხეთა. რა მზე ერთობ ჩაივსო, თუ სთქვა, მოაბადის ბედი ჩაივსო მზესავე თანა და საწუთრომან იმედი გარდასწყვიტა მოაბადის ჴელმწიფეობისაგან.
გაიქცა მოაბად ისპაანისა და ხორასნისაკენ. და რა მისთა ლაშქართა იგი გაქცეული ნახეს, ყველა გაიქცა. უფროსი მისთა ლაშქართა დაიჴოცა და, თუცა არა შეღამებულ იყო, ვერცა მოაბად დაეჴსნებოდა. მაგრა ვირო და მისთა დიდებულთა არღარა სდივეს. ეგრე ეგონა, თუ მოაბად გაიქცა და, ვირე ცოცხალ იყოს, მათ ზედა არღარა ილაშქრებსო.
მისი საეჭვი სხვაებრი იყო და ღმრთისა განგება სხვაებრი.
რა ვირომან მოაბად გაქცეული ნახა, გაიხარნა. და ჯერეთ ცხენისაგან არ გარდასრულ იყო, დაესხნეს ვიროს დელამნი და გელანნი და ქიამანნი, უთვალავნი ვითა ქვიშანი, და პირუტყვთა თმა და წვიმა და ხეთა ფურცელნი. ვიროს ლაშქარნი და, თუ გარეგანნი ვინ ჰყვა უცხო, ყველანი გაიქცნეს გელანთა და დელამთა შეუბმელნი, მით რომელ იგინი საკვირველად მრავალნი იყვნეს და მათნი პატრონნი ჭაბუკობითა გამოჩენილნი. რა ვირომან ცნა მათი მოსლვა და თავისა ლაშქართა გაქცევა, გაუკვირდა საწუთროჲსა საქმე, რომელ უხანო არის, მისი სიმძიმილი და სიხარული ჯუფთნია, ვითა დღისა სინათლე და ღამისა სიბნელე. საწუთროსა შიგან შეჭირვება ლხინთაგან უფრო არის და ბრძენ-გონიერთა გული მისთა ჴელთა შიგან ძაბუნი არის. რა მოაბადს ზედა გაახარნა საწუთრომან, სხვითა მტვრითა მანვე საწუთრომან დაღრიჯნა. ჯერეთ პირი ოფლიანი და მტვერიანი ედგა და ჴრმალი მისი სისხლიანი ქარქაშსა არა ჩაეგო, ჩაუგებელითავე ჴრმლითა დელამთა მეფისა ომად მიჰმართა ცოტაჲთა ლაშქრითა.
რა მოაბადს ესე ამბავი ესმა, ვითა ვირო მიჰმართა დელამთა და გელანთა, მასვე წამსა გარეშემოიქცა და, რომელი სიმაშვრალითა ვერ იძრვოდა, ასდენ ფიცხლად შემოიქცა, რომელ ქარი მისსა მტვერსა ვერა მიეწეოდა. და გორაბს მოვიდა ლაშქრითა, სადა ვისის სახლი და სადგომი იყო.
9. აქა მოაბადისაგან ვიროს ციხის გარშემოდგომა და ვისის საუბარი
რა ვისმან, ყოველთა კეკლუცთა პატრონმან, თავისი თავი ნახა ბადითა დაბმული, მამა მოკლული, ძმა სხვაგან ომად წასრული, დარჩა ღვიძლ-დამწვარი და გულწყლული. ფრჩხილითა პირსა იგლეჯდა და ტირილი და ზახილი დაიწყო და მტირალი ძიძასა ეუბნებოდა:
”დღეს ლურჯსა ცასა ქვეშე და შავსა ქვეყანასა ზედა ჩემგან უფრო საბრალო და გულწყლული არავინ არის და არ ვიცი, თუ ჩემი ჭირი ვის მოვაჴსენო, ანუ ჩემი ღონე ვისგან ვძებნო. ასეთსა ჟამსა სამართალი ვის ვთხოვო და უსამართლოჲს მოქმედის საწუთროჲსაგან ვის შევჩივლო? თავი ჩემი ვიროს თანა ვით მივაწიო და ბერისა დამპლისა მოაბადისაგან ვით ვიჴსნა? რას დღესა და რაჲთა ეტლითა მშობა დედამან, რომელ, რა დაბადებულ ვარ, ჭირსა შიგან ყოფილ ვარ!.. რად არ მოვკვედ მამისა ჩემისაგან წინათ, რომელ იგი მტერისა ჴელითა მოკლული ვნახე? მამა მომიკლეს, ძმა მომშორდა და დავრჩი მე ესეთი უღონო-ქმნილი, სნეული გულ-მტკივნეული. თუ ავტირდე და ვიკვნესნე, კვნესასა და ტირილსა ჩემსა არავინ მომისმენს, არცავინ მეშველი-მწე და მარგებელი მიჩნს. რა შობილ ვარ, ჭირი და ფათერაკი ბოროტი დია მინახავს და წაღმართისა თვით არა ვიცი რა, თუ რას ვნახავ. ამის უარესი არა წამეკიდების, რომელ უნებლივ ჴელთა მივჰხვდე ჩემსა მტერსა და მესისხლესა. თუ მოაბადს მივჰხვდები და ყოვლისა გულის ნებისაგან კიდეგან-ვიქმნები, მტერთა მივჰხვდები და მოყვარეთა მოვშორდები”.
ესეგვარსა ეუბნებოდა ვისი, კეკლუცთა დედოფალი, ძიძასა და წითელთა ღაწვთა მარგალიტისებრთა ცრემლთა ღვარულებრ ადენდა.
მივიდა მას თანა მოციქული შაჰი მოაბადისი და შეთვლილობა ესე ჰქონდა: ”დადევ გული, ჰე, მზეთა მზეო და ყოველთა ცისა მნათობთაგან უნათლესო! ღმრთისა განგებასა ვერსით აჰჴდები და, რაცა ეტლსა გიწერია, მას ვერ დაეჴსნები. ნუთუ გულსა საეჭვი ჩაიგდო, რომელ მოვერევი ღმრთისა განგებასა? თუ ღმერთმან და ბედმან ჩემმან შენი თავი მომცეს, შენ ღმრთისა განგებასა ბრძოლა არას მოგეკერძების. ღმრთისა განგება იქმნა ესე და დაიწერა შენსა თავსა ზედა. და აწ შენი ღონე დათმობისაგან კიდე არა არს. მე შენითა გზითა მოსრულ ვარ აქ, ამით რომელ შენისა სიყვარულისაგან თმობა არა მაქვს. თუ მემორჩილო და უნებელი ჩემი არ იყო, მე მრავალი გულის-ნება აღგისრულო, ასრე აღგავსო თვალითა პატიოსნითა და სამკაულითა ფას-დაუდებელითა, რომელ მზესა და მთვარესა ჰშურდეს შენი შვენება. ჩემისა სულისა და გულისა წამალი შენ იყავ და ჩემისა დარბაზისა და ქვეყანისა დედოფალი ნებიერი. მე შენგან ნება ამისრულდეს და ჩემგან შენ სახელი და დიდება ჰპოო. ვირე ტანსა შიგან სული მედგას, შენ და სული ჩემი სწორად მიჩნდეთო”.
რა გულისა-წამღებელმან ვისმან ესე გაიგონა მოაბადისაგან შეთვლილობა, − ვითამცა ყველა თრევად და გინებად სმენოდა, − თავსა მიწა და ნაცარი ისხა, ორისავე მჯიღვითა პირი და მკერდი ლილისფერად გაიჴადა, საყელონი გარდაიხივნა, მკერდი ბროლისა გამოუჩნდა და ასრე აშფოთდა და გახელდა, რომელ არცა მოციქულისაგან შერცხვენდა, და ბაგითა შაქრისაებრ ტკბილითა ნავღლისაებრ მწარე პასუხი შეუთვალა და სიყვარულისა ნაცვლად მტერობისა ლახვარი ჰკრა. და ეგრე უთხრა მოციქულსა:
”აწე ასე ავი შეთვლილობა მოვისმინე, გემოდ გველისა ზარსა ჰგავს. შენ წაედ და დამპალს მოაბადს, უტვინოსა, ეგრე უთხარ ჩემმაგიერ, თუ: ”ფათერაკისა მოედანსა შიგან ნუ ჩაიგდებ ბურთსა ჩემითა იმედითა. უსარგებლოსა ჭირსა ნუ ნახავ და შენსა საჭურჭლესა ცუდსა საქმესა უკანა ნუ წააგებ. შენისა საქმისაგან შენი კაცობა მიცნია და შენი ნივთიანობა შემიგნია და ნუთუ შენ ესე გეგონოს, თუ ვისის ამა ციხისაგან ცოცხალსა ჩამოვიყვანო, ანუ მოვიჴელებ? ანუ დღეთა შენთა შიგან ჩემგან რას გაიხარებ? თუ ყოველთა გრძნეულთა ოსტატი შენ ხარ, ვირო ჩემი პატრონი და ქმარი არის, ნაკვთად ნაძვი და პირად მთვარე. ამა საწუთროსა შიგან შენ ჩემგან ვერას გაიხარებ და ვერცა რას მისებრსა მე ვნახავ. მის უკეთესი სხვა ვინ გამოვირჩიო? დღეთა შენთა შიგან შენ ჩემგან ვერას გაიხარებ, თუ უკუნისამდისცა აქა დადგები, მით რომელ, რა ჩემისა ძმისა ვიროსდა შეყრილ ვარ, ყოვლისა კაცისა სიყვარულისაგან აბეზარ-ქმნილ ვარ. მე ვირე მქონდეს ნაძვი მართალი, არ ვეძებ ტირიფსა მრუდსა. თუმცა ვირო ჩემი ქმარი არ იყო და გაუთხოველი ვიყავ, შენი ცოლობა და სიყვარული არცა მაშინ ეგების ჩემგან, ამით რომელ მამა ჩემი ყარან მოჰკალ უწყალოდ და არ შეგებრალა საპატიობისა და სიბერისათვის. ჩემი პატრონი, ჩემი მამა შენ მოჰკალ და აწ ჩემი ცოლად ძებნა შენგან ხელური არის. შენი ქმრობა ვით მინდეს მე, რომელ, ვირე სულნი მედგნენ, შენისა ნახვისაგან შეჭირვებული ვარ? ვიროსებრი მე არავინ მივის საწუთროსა შინა და შენთა საქმეთაგან და ჩემისა მგლოვიარობისაგან არცა თავი მისდა მიმიცემია. აწ შენ ვით მოგცე თავი ჩემი, სიბერითა დამპალსა და საპყარსა? მე ამა ჩემითა სიყმაწვილითა ღმრთისაგან საუკუნოჲსათვის მეშინიან. შენ შენითა სიბერითა ღმერთსა რად დაივიწყებ? მე ტანისამოსი, თვალი, მარგალიტი, ქალაქი და ქვეყანა დია მაქვს; ღმერთსა ჩემთვის უამრავი უბოძებია ყველას თანა. შენი არა მინდა და თვით, ვირე მამისა ჩემისა ყარანისა სიკვდილი მომაგონდების, მე თვალსა, მარგალიტსა და სამკაულსა ვეღარას ჴელსა ვჰყრი და არცა რად მოვიჴმარებ. მერმე დედოფლობა თვით სიდაღმა მშვენის, თუ შენი სტავრა, თვალი და მარგალიტი მომაღორებს? ანუ ესე რად მიჩნს, რომელ მაქვს და მიკვირს: რად არამცა ჩემისა გვარისა შვილი ვარ? აწ ნუ ხარ ჩემგან იმედიანი, ამით რომელ შენი იმედი ჩემგან ნაყოფსა არ გამოიღებს. თუ სხვისა საქონელისა იმედითა სძებნი, უიმედობისაგან დიდი უპატიობა წაგეკიდების. ჩემისა ნახვისათვის ნურად ისწრაფი, შენ ერთობ გვიანად მომიჴელთებ. და თუ საწუთრომანცა მიმუხთლოს და უნებლივ ჩემი თავი შენ მოგცეს, ნაყოფსა ვერცა ეგრე აიღებ და არცა წამსაცა ერთსა ჩემს გვერდით მხიარული დაჯდები. გამორჩეული ძმა და ქმარი ჩემი რომელ არის, ჯერ მას ჩემგან გულის-ნება არ უპოვნია, შენ ნებასა ვით ეძებ?! თუ მზეცა ხარ, ტანი ჩემი უზადო ძმისად არ მიმიცემია, რომელ მე და იგი ერთსა დედასა უშობივართ. შენ ბერსა და მოდრეკილსა ვით მოგცემ, რომლისა ჴელითა ჩემი სახლი აოჴრებულა? რა შენსა სახელსა მოვიგონებ, ავთრთოლდები. ამა სიყვარულითა შენ ჩემგან თავისა ნებასა ვით ეძებ? რაზომცა ჴელმწიფე და ნებასა ზედა მოვლენილი ვარ, მტერისაგან მოყვრისა შექმნა არა შემიძლიაო.
არაკი: მწარისა ხისაგან მწარე ნაყოფი გამოვა, თუ ჩვენცა შაქრისა წყლითა ვრწყევდეთ.
მოყვრობა [და მტერობა] ერთმანერთსა არ გაერევის, მით რომელ ერთი ჭიქა არის და ერთი რკინა. სიყვარულითა მე მაშინ დაგემორჩილები, რა ქორნი და კაკაბნი ერთმანერთსა დაემორჩილნენ. ამა გულითა სიყვარულისა ძებნა ნავღლისა ჭამისა სწორია.
ესე შეგონება შენ გემწარების და, თუ მოისმინო, მისი ნაყოფი შაქრისებრია. თუ ბრძენი ხარ, გაიგონე და დაისწავლე, რომელ ჩემი ნათქვამი აგრე მოგეგონოს; რა შენმან ავცნობობამან ავი გიყოს, უკანის ნანვა არას გარგებს””.
რა შაჰინშას კაცმან ესე მოისმინა, ვისისგან სიყვარულისა ნიშანი არა პოვა მას თანა. მივიდა, მისი ამბავი და გულ-გრილობა წვრილად მოაჴსენა მოაბადს, რაცა მისგან ასმიოდა. და მოაბად კვლა უფრო გახელდა მისისა სიყვარულისაგან და შემოთვლილობა მისი ყველა უკვდავებად მოისმინა და ყოვლისა საქმისაგან ესე უფრო იამა, რომელ ვისის ეგრე ეთქვა, თუ: ”ჯერეთ ჩემგან ძმასა გულის-ნება ვერ უპოვნიაო”, და გაეხარნეს, რომელ ჩემი ცოლი ქალწულიაო.
და მათი საქმე ეგრე იქმნა, რომელ: მას ღამესა, რომელსა მათი ქორწილი იქმნა, ვირო იყო მხიარულად ერთგან დაწოლისა ჟამსა ღმრთისა განგებისაგან. რა ვისმან საწოლსა მიჰმართა, მასვე წამსა დიაცობისა საქმესა ზედა დადგა. დანაღვლდა ვიროს ახალ-სიძობა, მაგრა ღონე არა ჰქონდა, მით რომელ წესი არის ცეცხლის-მსახურთა: რა დიაცი არა-წმიდა იყოს, ქმარი მისგან აბეზარ-იქმნების ჟამამდი და ურიისებრ თანა არა დაეკარების და, თუ დიაცმან დაუმალოს, ცოლ-ქმრობისაგან გაიყრებიან. ამის მიზეზითა ერთმანერთისაგან კიდეგან დარჩნეს. და მერმე მოაბადის ლაშქარნიცა მოვიდეს გილანელნი და დელამნი.
რა ცნა მოაბად მისი ქალწულობა, უჭკუოდ შეიქმნა და ისწრაფდა დაუთმობლად მისისა მოჴელებისათვის და ეძებდა ყოველსა ღონესა, თუ ვით გამოიყვანოს ვისი. თუცა სძალი მეტისმეტად კეკლუცი იყო, ქორწილი მოაბადისი დია მწარე იყო, და ეგრეთვე ვიროსთვის მწარე იყო, რომელ გულის-ნება ვერ ეპოვნა. და საწუთრომან ომი ომსა, ბრძოლა ბრძოლასა და ჭირი ჭირსა მოუმატა. ვერ გაისვენა წამი ერთი. მისსა ახალ-მოწიფულობასა შინა ეგზომი დაეჭირა, რომელ მეფობაცა დაავიწყდა. ვიროს და ეგრეთვე მისთა ლაშქართა მისჭირდა. ყველამან თავისა სიხარული დაივიწყა, თუ სთქვა, ვიროს სიხარული ანთებული სანთელი იყო და ანაზდად ქარმან დაავსო.
რა დაუდასტურდა მოაბადს ვისის ქალწულობა, თავისა გზა ვეღარა შეიგნა მიჯნურობისაგან.
ძმანი უსხენ მოაბადს: ერთსა რამინ ერქვა და ერთსა ზარდი, ორნივე უჴმნა, თავისა წინა დაისხნა და უამბო მათ ვისის საქმე.
რამინ სიყმაწვილითგან მიჯნური იყო ვისისი: ოდეს ორნივე ხუზისტანს იზრდებოდეს ძიძისასა, მაშინ ყმაწვილსავე შეჰყვარებოდა ვისი, მაგრა ვერ გამოეცხადა და გულსა შინა ჰქონდა. სიყვარული მისი და სურვილი გვალვისაგან გამჴმარსა ყანასა ჰგვანდა, ნაყოფისა არმოსლვისათვის იმედ-გარდაწყვეტილსა. რა მეორედ ძმისა გვერდით გორაბს მოვიდა რამინ და ვისის სახელი ესმა, კვლა მოირწყო მისი მიჯნურობა და, ვითა გამჴმარი ყანა წყლისაგან, გამწვანდა და რამინ იმედოვნად შეიქმნა ნაყოფისა ჭამისათვის. დია გაუყრმდა გული და დაბერებული სიყვარული ვისისათვის, გაუახლდა მიჯნურობა რამინს. ვერცაღა ენამან დაუთმო უთქმელობა და ფიცხელი სიტყვა მოაჴსენა ძმასა მისსა შაჰი მოაბადს.
არაკი: ვისსცა გულსა შინა სიყვარულისა ცეცხლი ეგზებოდეს, ვეღარცა ენასა დააბამს, წასძლევს სათქმელად. გამოუცხადა ენამან საპატიმრობისაგან ხვაშიადი. პატრონისა უნებლივ ღმერთმან ნუვინ გახადოს, ამით რომელ დიდი აუგი ჰრთავს ამას. ენისა შემნახავი გულია და საწუნელი სიტყვა უგულოდ არ ითქმის.
რა რამინს გული აუდუღდა ვისის სიყვარულისაგან, კუშტად ეგრე მოაჴსენა ძმასა მოაბადს:
”ჰე, ჴელმწიფეო! რად იჭირვი ეგზომსა ვისის ძებნისათვის? ნუ წააგებ საჭურჭლესა უსაქმოდ ცუდისა საქმისათვის, ამით რომელ დიდსა ჭირსა ნახავ და პაშტასა საჭურჭლესა უსაქმოდ გაანქრევო.
არაკი: რაცა მლაშესა ადგილსა დასთესო, თესლისაგანცა უნაწილო დარჩე და ნაყოფისაგანცა.
ვერცა ოდეს ვისის შენ შეუყვარდე და არცა შენსა საქმესა წაღმართი ჰქონდესო.
შეგონება: თვალსა პატიოსანსა ეძებდე, რაზომცა დიდად სძებნო, ვერ ჰპოებ, თუ ადგილსა მისსა არ მიხვიდე.
აწ ვითა ეძებ სიყვარულსა და მზახობასა მისისა შვილისაგან, რომლისა მამა შენ მოგიკლავს? არცა შეშინდების ვისი ლაშქრისა სიმრავლისაგან და არცა მოღორდების თვალითა და მარგალიტითა და სამკაულითა. დიდითა ჭირითა ჰპოო ვისი შენ, მაგრა, მისგან ჭირი რომელ შენ ნახო, ვერ გასძლო. რა თავისა სახლსა შიგან მტერი გიჯდეს, ვითამცა საჴელსა შიგან გველი გიზის. წყალი თუ გარეთ შემოგივიდეს, მისი რგება ეგების, მაგრა თუ შინათ აღმოჰჴდეს, მისი რგება აღარ არის. უარესი საქმე შენი და ვისისი ესე არის, რომელ შენ ბერი ხარ და იგი ყრმა. თუ ცოლსა შეირთავ, სხვა ვინმე შეირთე. ყრმისათვის ყრმა თქმულა და ბერისათვის ბერი. ვითა ბერსა ყრმა მოუნდების, აგრევე ყრმასა ყრმა მოუნდების.
არაკი: შენ სთველი ხარ და ვისი გაზაფხული, და თქვენი ერთგან შეყრა ძნელი საქმეა. თუ მისად უნებლად მის გვერდით სჯდე, გულსა ჩაითხარ, რომელ მისგან სიხარულსა ვერა ნახავ, მიწყივ თავისა საქმისაგან ინანდე. თუ გახლვიდეს, ჭირსა და ბოროტსა მისსა ვერ გაუძლებდე და, თუ გშორვიდეს და კიდეგნად იყო, არცა მისი ღონე და გაძლება გქონდესო.
შეგონება: სიყვარულისა არაკი ზღვისა მსგავსია. მისი ძირი და ნაპირი არა ჩანს. თუ გწადდეს, ზღვასა ადვილად შეხვალ, მაგრა თუ აღარა გწადდეს, ძნელად დაეჴსნები.
ჰუქუმათი-შეგონება: აწ შენისა თავისათვის შენ აგეთსა სიყვარულსა ეძებ დღეს, რომელ ხვალე შენთვის ფათერაკად მოჰხდების, და თუ იცი, რომელ მე მართალსა ვიტყვი, ამა ჩემისა ნათქვამისაგან შენსა სარგებელსა ვეძებ, - მოისმინე ჩემგან ესე შეგონება და, თუ არა მოისმენ, შენ შენთვის იქმ ზიანსა”.
მოაბადმან რა რამინისაგან ესე სიტყვა მოისმინა და შეგონება, ემწარა, სნეულებისაებრ იყო ხელი მიჯნურობისაგან, რომელ პირსა შიგან შაქარი ემწარებოდა. თუცა რამინის მცნება სიყვარულისა წამალი იყო, შაჰინშას მისისა შეგონებისაგან სიყვარული მოემატა. მიჯნურობითა გატენილი გული შეგონებასა არა მოისმენს, ფათერაკი ლხინად უჩნს ნებისა ძებნასა შინა. რა კაცსა უყვარდეს ვინმე, რაზომცა ვინ აძულვებდა, უფრო და უფრო შეუყვარდების. ვითა დაბერებითა გველი ვეშპად შეიქმნების, აგრევე მიჯნურობა რა გახანიერდეს, გაძნელდების. კაცთა ყვედრება თუ მახვილიცა ჴრმალი იყოს, კაცი-მიჯნური ფარად ღვიძლსა მიუპყრობს; თუ მიჯნურობასა ზედა შავი ღრუბელი დგეს, თავსა მისსა ყვედრებით ქვა წვიმდეს, არცა მაშინ შეშინდების მიჯნური. ყოველსა საქმესა შიგან კაცსა ზიანი დაუმძიმდების, მაგრა მიჯნურობისაგან გაეხარების. რაზომცა აუგი უთხრან მიჯნურსა მიჯნურისა, მიჯნურობასა მისისა გულისაგან ვერცა ეგრე აღმოიღებენ. არ უნდა მიჯნურსა კაცსა ყვედრება. ვინცა მიჯნური არაა, არცა კაცია.
მოაბადის გული ასრე აღვსილ იყო ვისის სიყვარულითა, რომელ რამინის შეგონება შაშრად უჩნდა. მალვით მეორესა ძმასა ზარდსა ჰკითხა:
”ძებნე, თუ ღონე ჩემი რა არის ვისის მოჴელებისათვის. რა ვქმნა, რომელ ჩემი გულის-ნება ვპოო და სახელიცა ჩემი არ წაჴდეს? თუ უვისოდ ამა ციხისაგან გარეშევიქცევი, მოვყივნდები ამა ქვეყანასა შიგან და საარაკოდ გავხდებიო”.
ძმამან ზარდმან ეგრე მოაჴსენა:
”ჰე ჴელმწიფეო, ღონე ესეა, რომელ დიადი საქონელი − ოქრო, სამკაული და ყველასთანა შაჰროს გაუგზავნე და საქონლითა მოაღორე და სხვაცა ურიცხვი უქადე და ენითა ამოჲთა მით საუკუნოჲთაცა შეაშინე და ეგრე უთხარ: ”შაჰრო, იცოდე, რომელ საუკუნო არის სამკვიდრო კაცისა და მას საუკუნოსა განკითხვა იქმნების, რაცა ვის აქა ავი ექმნას. შენ ღმერთსა რას პასუხს გასცემ, თუ შეცოდებული იყო და ზენაარისა გამტეხელი? თუ ღმერთმან გკითხოს, თუ: ჩემი ღმრთეება შეჰფიცე მოაბადს და გაუტეხე ფიციო, − რას პასუხს გასცემ? მაშინ არ გაწბილებული დარჩები ღმრთისა წინაშე? არცაღა შვილი მოგეკარების და არცავინ სხვა-თქვა”. ესეგვარი სიტყვა შეუთვალე! ფრთხილნიცა მოღორდებიან ოქროჲთა და ტკბილისა სიტყვითა”.
იამა საუბარი ზარდისი შაჰინშასა და მასვე წამსა უჴმო მწიგნობარი და მიუწერა შაჰროს წიგნი, მრავალფერი ქება შეასხა და საღორებელი სიტყვა მიუწერა.
10. მოაბადის წიგნი შაჰროს თანა
”ამა უხანოჲსა ნათხოვისა საწუთროჲსათვის ნუ ჩაიგდებ შენსა თავსა აუგსა, ამა საქმისათვის ღმრთისაკე ზურგსა ნუ იქმ და პირსა დევისა საწადლისაკე. ნუ ხარ ზენაარისა გამტეხელთა თანა, რადგან ღმერთი ზენაარისა შემნახავთა [თანაა]. თვით შენ იცი, ვითა სიყვარულისა პირსა ზედა ვიმზახენით, ვითა ვიფიცენით ღმრთითა და ანგელოზითა. შენ შენი ასული განაღა მაშინ შემრთე, რომელ ოცდაათი წელიწადი გამოვიდა და მაშინ შობე. ღმერთმან იცის, არა სააუგო სიძე ვარ, სასახელო ვარ და ესრე ჩემგან რად აბეზარ-იქმნები? ჩემთა მტერთა რად მიერთვი? თვით ჩემსა ბედსა ზედა გიშობია, რად შერთე სხვასა ვისმე? ასრე ჩემისა ბედისაგან ქმნილა, რომელ სიძემან მაგისგან გულისა ნება ვერ პოვა. ღმრთისა მოსამართლეობისაგან არ საჴამსო იქმნებოდა, თუცა სხვასა ვისმე აეგო ნება. თუ კარგად გაიგონებ, შეიგებ, რომელ ესე ყოფილა განგება ღმრთისა, შემრთე შენი მზისა მსგავსი ასული და დაჴსენ მტერობისაგან შენი ქვეყანა. რაზომიცა სისხლი ქმნილა, მას საუკუნოსა ყველა შენ გეკითხვის და, თუ, რა უჩნს, ეშმა შენდა არ მორეულა და ყოლა ღმრთისაგან შიში გაქვსღა, ესე სჯობს, რომელ მტერობა დააგდო და ერთი დიდი სამეფო ერთითა დიაცითა იყიდო. თუ არა და მაჰისა ქვეყანა ჩემითა მტერობითა აოჴრდების და ღმრთისა პასუხისა გაცემა შენ გინდა. სირეგვნითა ჩემი მტერობა ცოტა ნუ გგონია! აწ მტერობისაგან სიყვარულად მოიქეც და შენს შვილს ვიროს დიდსა ჴელმწიფობასა მივსცემ, და ქოისტანისა სრულისა დედოფალი შენ იქმნები და ხორასანისა სრულისა დედოფალი − შენი ასული ვისი. და ყოლა რაზომნიცა დღენი გისხენ, ესე საწუთრო ამოჲთა და სიყვარულითა გარდავიჴადოთ. ყოველნი ქვეყანანი ჩვენგან მორჭმით იყოს და ლაშქარნი და ქვეყანანი დაწყნარდეს, რადგან ქვეყანა ამოჲთა იჭმების, უმეცრობა არის ყოვლისა კაცისაგან მტერობაო”.
რა შაჰინშა ამის წიგნისაგან მოიცალა, საჭურჭლე ლარისა და ოქროჲსაგან დაცალა. ეგზომი საქონელი გაუგზავნა შაჰროს, რომელ თვით კაცისა ენისაგან არ ითქმის: ასი აქლემი კუბოჲთა შეკაზმული, სამასი აქლემი ლარ-კიდებული, ასი ტაიჭი ცხენი და სამასი თუხარიგი, ყველა სრულითა აკაზმულობითა შეკაზმული, ხუთასი ჯორი კიდებული, ყველა თვალითა და მარგალიტითა და გვირგვინითა შეკაზმული. იყო ძღვენსავე თანა თავსაბურავი ოქრო-ქსოვილი, ორასი ზანდუკი და დიდი ერთი ზანდუკი ოქროჲსა ფას-დაუდებელითა სამკაულითა გატენილი, იყო ჯამი ბროლისა შვიდასი, ყველა ეგზომ შვენვარე, ვითა ცათა შიგან ვარსკვლავი, იყო ბერძულისა სტავრისა თვითოფერისა სხვა საპალნე ორმოცი, ამისგან კიდე სხვა მრავალი ფერი რამე იყო საჴელმწიფო, რომელ სიუცხოჲთა კაცთაგან არ ითქმოდა. ჰგვანდა, თუ ყოვლისა ქვეყანისა თვალი და მარგალიტი ყველა მოაბადს შაჰროსათვის გაუგზავნია და სხვაგან აღარსად არისო.
რა შაჰრო ნახა ეგზომი თვალ-მარგალიტი, ოქრო და ყველასთანა საჴელმწიფო ძღვენი და ეგზომ მრავლად კიდებულნი აქლემნი და ჯორნი ლარითა, მთრვალისაებრ ცნობა წაუვიდა და დაავიწყდა ძეცა და ასულიცა. რა შეღამდა, ციხისა კარი გააღო და ელვარე მთვარე მოაბადს ჴელთა მისცა, ღმრთისაგანცა შეეშინდა და მოაბადისა წიგნისაგანცა ბუნება მოექცა. მას ციხესა ზედა დაიწყო საწუთროულად ქცევა ჰაერმან. შაჰროს ესწავლა ეტლთაგან წამსა და წამსა სხვაებრად ქცევა. რა კარი გააღო ციხისა, მოაბადს ქალი ჴელთა მისცა, სიბნელითა წეროს ფერად შავი იყო. მოყვარულთა გაყრა დია მწარეა. ცასა ზედა მთვარე და ვარსკვლავნი აღარა ჩნდეს, ქვეყანა ლილის ფერად ქმნილიყო, ცა შავსა ფარდაგსა ჰგვანდა, მთვარისა საფარად ამოკრულსა. ჰაერმან, თუ სთქვა, საგლოელი შეიმოსა მისისა საქმისათვის; მზემან და მთვარემან თავისა ლაშქრითა დასავლეთისაკე ილაშქრეს და მუნვე დაიმალნეს და უჩინო იქმნეს; ლაშქარნი თავის თავისთა ადგილთა განიადაგდეს; ეტლნი რკინისა კლდეთა ჰგვანდეს და ვარსკვლავნი − მათგან აბეზარ-ქმნილთა; ვერძნი და მოზვერნი დაღრეჯით დამალულნი თრთოდეს ლომისა შიშითა და თვისი ადგილი დაეგდო; თუ სთქვა, ლომი უსულო დგა და მეტყვებარი ორთა მოყვარეთაებრ მწოლთა დაჭედით უძრავ-ქმნილ იყვნეს; კირჩხიბი გამწყრალი, კუდ-ამობზეკილი, ლომისა ჭანგთა ქვეშე იყო; ქალწული დიაცისაებრ დგა, ჴელთა ტევანნი დაეჭირნეს; სასწორი დაშლილი და დახლართული უჴმარ-ქმნილ იყო; ღრიანკალი ერთგან მოდრეკილ იყო, ვითა გველი გაცივებული; მშვილდოსანსა, ვითა კერპსა, მშვილდითა ომი არ შეეძლო; თხა ისრისაგან უშიშრად ქვე დაწოლილ იყო; წყლის-საქანელი- ჭასა შიგან ჩაჭრილი და მისი მზიდავი ბედით მომცდარი; თევზი, ბადისაგან დაბმული და, ვითა ჴმელთა ზედა გაჭრილი, დარჩომისაგან უიმედო-ქმნილ იყო. ასეთითა ავითა ეტლითა და უბედურითა ნახა შაჰინშა თავისა ცოლი. ღმერთმან სხვასა ნუვის ზედა მოიღოს ესეთი ეტლი.
რა ციხესა შიგან შევიდა მოაბად და ამა ეტლითა ნახა, ღამისა სიბნელისაგან თვალთა წინა არა ჩნდა რა, მაგრა ვისის პირისა სინათლემან და სურნელებამან აპოვნინა უებროდ მოსაწონელი ცოლი. მივიდა და მოეკიდა ჴელთა ბროლისა მსგავსთა და ციხისაგან თრევითა ჩამოიყვანა, ამით რომელ ნებით არ მოჰყვებოდა და იგი ქვე აღარ დააგდებდა. ჩამოიყვანა და შეჰვედრა თავისა მისანდოთა კარგთა მეაბჯრეთა და ხოჯათა. მასვე წამსა შესვა კუბოსა და გამოემართა ესრე ფიცხლა, რომელ ვერცა ქარი ეწეოდა. კუბოჲსა მიდამო ეჭირა ხასაგიანთა ხოჯათა. სცემდეს ბუკთა და ქოსთა და მიჰმართეს ხორასანს, მარავს ქალაქსა, სამყოფსა შაჰი მოაბადისასა. ესრე მხიარულად იყო მოაბად, ვითარ მშიერმან ლომმან კანჯრისა ჯოგი დაინახოს, ანუ ვითარ გლახამან კაცმან საჭურჭლე პოოს და სიხარულსა მართალ იყოს. რადგან მისი ნანადირები ქვეყანასა ზედა ცისა მზისაგან უკეკლუცე იყო, ჴამდა მისთვის დიდის ჭირის ნახვა, ამით რომელ ანაზდად შვენებისა საჭურჭლე პოვა და მაშიგან მოცინარე იაგუნდი.
11. ცნობა ვიროსაგან ცოლის წაგვრისა და ტირილი
რა ვირომან ცნა მოაბადის საქმე და ცოლისა მისისა მისგან წაგვრა, საყელონი გარდაიგლიჯნა, თავსა ჴელნი იკრნა და უცნობო იქმნა. რა ბუნებად მოვიდა, მასვე წამსა შემოიქცა თერამით. რა შინ მოვიდა, შაჰინშა წარსრულ იყო და ღონითა ცოლი მისი მას წაეყვანა; ასი ათასი თვალი პატიოსანი დაეგდო და მისად ნაცვლად ფას-დაუდებელი თვალი წაეყვანა; შაჰროს ზენაარი გაეტეხა და არა შებრალებოდა ვიროჲს საქმე და ვიროს მგზებარე ცეცხლი მოედვა გულსა და, თუცა ვერას ჰკადრებდა დედასა, უწყრებოდა და ემდურვოდა დასცა. ნაყოფისა იმედი მისისა ხისაგან გარდასმულ იყო; საწოლისა მისისაგან მზე მიწისა წარსრულ იყო. ციხისა კარი დაკლიტული ნახა და ციხისა მაშვენებელი მგზავრ-ქმნილი. თუცა სადაფი მისი მარგალიტისაგან ცარიელი იყო, თავისა თვალისაგან ათასი გრივი მარგალიტი გარდმოყარის; ზოგჯერ სისხლი გარდმოსდიოდის თვალთა მისთაგან და ზოგჯერ გული მისი შეჭირვებითა დაიწვის. ასრე გაყვითლდა და ფერი წაუვიდა, რომელ უსულოსა ჰგვანდის. დასწყია საწუთრო და მისი მუხთლობა, რომელ წამსაცა ვერ გაიხარნა თავისა სიყრმისაგან.
თუცა მას დაამძიმა საწუთრომან, შაჰი მოაბადს დია გაახარნა: ერთსა წაუღო გულისა წამღები და მეორესა მისცა და აღარცა მას შეარჩინა, სხვასა ვისმე მისცა და გაახარნა; ერთსა დარბაზი შეუმკო სიხარულითა და მეორესა ბაღი გაუჴმო უვარდობითა; ერთმან ქვა აიღო და მკერდსა იცემდა და მეორემან ჭიქა აიღო და ნებისაებრ სმიდა.
და გაუნათლდეს მოაბადს თვალნი ვისის წაყვანითა და ხორასანს მიჰყვანდა მზე და გზა-გზა მიმავალი მოაბად მხიარულობდა და ყოველი ჭირი, რაცა ენახა, დაავიწყდა. მივიდოდის და, რა ნიავი შეიძრის, ვისის კუბოჲსაგან ქვეყანა გასურნელდის. თუ სთქვა, კუბო ვისისი კოშკი იყო ოქროჲსა, მუშკითა და ამბრითა გატენილი, და შიგან მზე ჯდა, ოქრო-ქსოვილი ოქსინო ჩამოებურა. ზოგჯერ ვისის პირისაგან ვარდი ჩაცვივდის, ზოგჯერ მუშკი და ამბარი. კუბო მისი სამოთხესა ჰგვანდა და ყოვლისა კაცისაგან აგრევე სანატრელი იყო. მოეწია რამინს განგება ღმრთისა, რომელ დაელიოს ლხინი და სიხარული და მოემატოს ჭირი.
12. რამინისაგან ვისისთვის გამიჯნურება
მივიდოდეს მოაბად და მისნი ძმანი და ლაშქარნი და ვისის კუბოსა ხოჯანი მიჰყვებოდეს. ანაზდად ღმრთისა განგებისაგან ადგა დიდი ქარი და მოჰგლიჯა კუბოჲსა სახურავი ფარდაგი. თუ სთქვა, ღრუბლისაგან ელვა გამოჩნდა, ანუ ანაზდად მზე ამოვიდა: გამოჩნდა ვისის პირი. და მისისა გამოჩენისაგან დატყვევდა რამინის გული. თუ სთქვა, გრძნეულმან მოწამლა რამინ, რომელ ერთითა ნახვითა სული წაუღო.
რა რამინ ვისის პირი ნახა, ვითამცა გულსა უტევანი ისარი სცემოდა, ცხენისაგან ფურცელის ოდნად სუბუქად ჩამოიჭრა, მოედვა მიჯნურობისა ცეცხლი გულსა, დაუწვა ტვინი და გონება წაუღო; წამსა თვალისასა დაუმკვიდრა მიჯნურობა; წაუღო სიყვარულმან სული, გული. მისისა მიჯნურობისაგან ხე ესეთი გამოვიდა, რომლისა ნაყოფი ველად გაჭრა და გახელება იყო. და რა ცხენისაგან ჩამოიჭრა, დაბნდა და დიდხან უჭკუოდ იდვა. პირი მისი, ვარდისა მსგავსი, ზაფრანად გარდაექცა და ბაგე, წითლისა იაგუნდისა მსგავსი, ცის-ფერად შეექმნა; სიცოცხლისაგან უიმედო იქმნა. ვინცა დიდებულნი და მოყმენი იახლნეს, ქვეითნი და ცხენოსანნი, მოეხვივნეს რამინს, ზედა უჭვრეტდეს და ვერავინ შეატყვა, თუ ესრე უგრძნეულოდ რა წაეკიდაო. მისისა ასრე გასლვისათვის ყოველი კაცი ტიროდა და მისისა ჭირისათვის ყველა მისგან უძნელე იყო.
რა დიდხან აგრე უსულო-ქმნილი იდვა, არცა ყივილი შეესმოდა, არცა სურნელთა კმევა და ვარდის-წყლის სხმა ერგებოდა. მერმე შეიწყალა ღმერთმან და ცოტად ცნობად მოვიდა; და ენისა ჴმარებისა ძალი არა ჰქონდა და ცრემლნი სდიოდეს. მერმე ჴელი უკუ-ივლო და კაცთა სირცხვილითა კვნესა დაიწყო. მოახლე-მნახავსა ყველასა ასრე ეგონა, უღონიოდ მტერიანი იყო რამინ და აწ მტერმან დასცაო. რა კვლა რამინ ცხენსა შეჯდა, მეტისა გონებისაგან ებნელებოდა ნათელი დღე. გზა-გზა მივიდოდა ხელივითა, გული მისი ეშმაკსა ეხუთა და თვალნი მისნი ვისის კუბოჲსაკენ დარჩომილ იყვნეს, ვითა მპარავი, რომელი მიწყითა უკეთესსა ლარსა უმზერდეს. სულთქმით ცრემლიანი ამას იტყოდა:
”ნეტარძი ჩემთვის, თუმცა ერთხელ კვლა ვნახე მისი პირი. და ანუმცა ღონე იყო, მეკუბოობა მისი ამასა გზასა მე მომხვდებოდა!
აჰა, იქმნებოდამცა და ერთხელ ჩემი კვნესა ესმა და წამსა შემომკრნა თვალნი და შემომხედნამცა!
აჰა, იქმნებოდამცა და მწე ვინ შემექმნებოდა მადლისა მძებნელი, და წვრილად ჩემი საქმე ვისსა გააგონა და სალამი ჩემი მას მოაჴსენა!
აჰა, იქმნებოდამცა და სიზმრად ვეჩვენე და კალთა ჩემი ჩემისა სისხლისაგან შეღებული ნახა, ნუთუმცა მაგარი გული მისი ჩემთვის მო-რე-ლბა და ჩემისა მიჯნურობისა ცეცხლსა ზედა მო-რე-ტფა!
აჰა, იქმნებოდამცა და იგიცა ჩემებრ გამიჯნურდებოდა და მე, ვითა მისისა სიყვარულისაგან ვარ, იგიცა ნახევრად ჩემთვის იყოს, ნუთუ, რა მიჯნურობისა ჭაშნიგი ნახოს, არ უწყალოდ ამპარტავან მექმნას!”
ზოგჯერ რამინ ესრეგვარსა იგონებდის და ზოგჯერ სულდაღებული დაღრეჯით იყვის, თავ-ჩამოგდებით, და დათმობა გამოარჩივის და ეგრე თქვის:
”ვაი, გულო ჩემო, რა წაგეკიდა რასა მოედები და უსარგებლოჲსა ნატრისაგან პატიჟსა იმატებ? რასა მოელი ანუ ეგზომსა რას იჭირვი მის მთვარისა სიყვარულისათვის, რომელსა ყოლა შენ არ მოეგონები? რად მოელი ვისის შეყრასა? მუნით აქამდინ ჴორციელი მზესა თანა ვინ შეყრილა? რად უმეცრულად იმედიანი ხარ მისგან, რომლისაგან ლხინის საეჭვო ყოლა არა გაქვს?
არაკი: შენ გწყურიან და წყლისა მძებნელი ხარ, მაგრა რას გერგების, რადგან ჴმელსა მინდორსა შიგან ხარ. შე-მცა-ებრალები შენსა დამბადებელსა, მით რომელ დიდად ძნელად არის შენი საქმეო».
რა კარგად მაგრად დაება რამინ მიჯნურობისა ბადესა და გაჴდა უიმედოდ გულგატეხილი და გულწყლული, არცა თავისა ნებისა ძებნა შეეძლო და არცა დათმობისაგან კიდე სხვა ღონე იცოდა. უნდოდა თუ არა, გული დადვა და მგზავრობა დაიწყო მათვე თანა უნებლივ. და მუნ ყოფისაგან ამის მეტი სარგებელი არ მიჰხვდის, რომელ ხანდახან ვისის კუბოჲსაგან სურნელი სული ეცემოდის, თუცა სული და გული მისი ვისის პირი იყო, და იგი მისისა კუბოჲსა ჭვრეტითა დაჯერებულ იყო.
მიჯნურობისაგან უარესი არა არს საქმე, მიჯნურისაგან უფრო საბრალო არავინ არის!
შეგონება: თუ კაცსა გააცხროებს, მისად ნახვად მივლენ და გაცხროებისაგან მისსა სიკვდილსა იშიშვიან, და მიჯნურისა გული წელიწადითა წელიწადამდის ცეცხლსა შიგან იწვის და მისად კითხვად არცავინ [მივა და არც არავინ] გაიკვირვის. ჰე ცნობილო! ამის უფრო უსამართლო რა ეგების, რომელ მიჯნურსა კაცსა მიჯნურობისაგან წაეკიდების? სჯობს, თუ ყოველსა კაცსა მიჯნური ებრალებოდეს, მით რომელ დაუშრეტელი ცეცხლი ეგზების გულსა.
არაკი: მიჯნურსა ჭირად ესე ეყოფის, რომელ მიწყით ჭირსა შიგან არის და მოყვარისა ნატრასა. ნიადაგ ხვაშიადსა გულსა შიგან შენახვა უნდა, ვერვის გლახ მიანდობს თავის გულისა სიტყვასა.
ვითა იყო სიყვარულისა მომმატებელი რამინ, ეგრე ჰგვანდა ქორის ჭანგთა შიგან მყოფსა ზურგ-დაკოდილსა კაკაბსა: არცა ცოცხალი იყო და არცა მკვდარი. სახე ოდენ იყო: უსულოდ მიმავალი, მთისა ოდენისა ტანისაგან ნიშანი ოდენღა დარჩომილ იყო და ნაძვისა ნაკვთიანობისაგან - მშვილდი. ამა ულხინობითა და შეჭირვებითა, რომელ მითქვამს, მოიმგზავრა და ერთობით გზა მისი საკნად უჩნდა.
13. აქა ქორწილი მოაბადისი და ვისისი
რა მოაბად მარავს შევიდა, იყო მას თანა დედოფალი, მზე ვითა, ვისი. მარავი ქალაქი შეეკაზმა ერთობით და ცისა მნათობთა მსგავსნი მჭვრეტელნი ბანთა ზედა წამოდგომილ იყვნეს. დიდებულთა მათთა ოქრო, თვალი და მარგალიტი თავსა გარდააყარეს და უმცროსთა − ვეცხლი. საწუთრო სიხარულითა სრულ-ქმნეს და მიწისა ნაცვლად ყველა ოქროსა ზედა იარებოდეს. სამოთხე მას დღესა მარავი ქალაქი იყო, რომელ შიგა თვალსა და მარგალიტსა წვიმდა წვიმა. ყოველთა ბანთაგან ეგზომთა კეკლუცთა პირი ელვიდა, რომელ ამას ვერ შეატყობდეს, თუ არ ცისაგან ვარსკვლავნი ელვენო. მუტრიბთა მრავალფერთა სიმრავლითა და კეკლუცთა ჭვრეტითა კაცი გამხიარულდის და ჭვრეტითა თვალთა ბრუ დაესხის. რა ლაშქარსა შიგან ესეთი ნიშანი იყო, შაჰინშას დარბაზისა, თვით იცი, ვით იქმნების: სიდიდითა მინდორსა ჰგვანდა დარბაზი, სიმაღლითა ცასა − კოშკი მისი, რომელ მჭვრეტელად ვარსკვლავნი სხდეს მისსა ბანსა ზედა: კარი და კედელნი ყველა ოქროჲთა მოხატული იყო − სიამოვნითა, ვითა ბედნიერთა ბედი, და სიმშვენვარითა − ვითა ვისის პირი. შაჰინშა ჯდა ტახტსა ზედა მხიარული, გულ-დაღრეჯილობისაგან გამოწმედილი, ვითა გამოწურვილი ვეცხლი. მისნი დიდებულნი აზნაურნი და ხასაგიანნი ნებისა ღრუბლისაგან ოქროსა და მარგალიტსა აწვიმებდეს. ეგზომი ოქრო და მარგალიტი შემოეყარა, რომელ მარგალიტისა აკუმი მთათა ოდენი შექმნილ იყო. იხარებდა მოაბად, სმიდა და გასცემდა.
შეგონება: გაიხარენ, სვი და ჭამე! გაეც, რომელ სახელი დაგრჩეს!
ჯდა დედოფალი ვისი სადედოფლოსა შინა და იგი დარბაზი წალკოტ-ქმნილ იყო მისისა პირისაგან. თუცა შაჰინშა მხიარულობდა, ვისი დედოფალი დია დაღრეჯილი ჯდა ზრუნვად, დღე და ღამე ღრუბლისაებრ მტირალი იყო, რომელ ვინცა ეგეთსა ნახვიდის, მისოდნადვე იტირის მის თანა. იგი ზოგჯერ დედისა სიშორისათვის ტიროდის და ზოგჯერ ვიროჲს სიყვარულისათვის, და წილნი ყარნის: ზოგჯერ სულ-ღებით თვალთაგან სისხლისა ცრემლთა იდენდის, ზოგჯერ ხელთაებრ ზახილი დაიწყის. არცა სიტყვა თვით თქვის და არცა პასუხი გასცის, ვინცა რას ეუბნებოდის. თუ სთქვა, წამსა გულსა მისსა შიგან შეჭირვებისა ქარავანი მოვიდის. სიმჭლითა ნემსისაებრ გაწვლილდა და შეჭირვებითა ზაფრანისაებრ გაყვითლდა. ჴელმწიფეთა და დიდებულთა ცოლნი ყველანი მისდა ნახვად მოდიოდეს და მას გვერდით სხდიან, მოზრუნავთაებრ ექენებოდიან და ამოდ ეუბნებოდიან ვითა: ”ზენაარ დაწყნარდი, ცოტად გამოისვენე და ნუ სტირო!” მან არათ ღონითა სული არ დაიღის, არცა პასუხი გასცის და, ოდეს მოაბად შორით დაინახის, საყელოჲს დახევისა ნაცვლად პირი დაიხოჭის. არცა მისი საუბარი მოისმინის, არცა პირი მისი მას უჩვენის, მიწყით პირი კედლისაკენ ქმნის და სისხლიანისა ცრემლისაგან ტბა დააყენის. ესრე იყო ვისი გზა-გზა და მარავსაცა, რომელ ერთსაც დღესა შაჰინშა მისგან ვერ გაიხარა. ვენაჴსა ჰგვანდა ვისის პირი, მაგრა ვენაჴისა კარი მაგრად ჴშულ იყო.
14. ძიძისაგან მოთქმა და ტირილი ვისის წაყვანისათვის
რა ძიძამან ცნა ვისის ამბავი, ვითა მოაბად მოვიდა და ესრე უნებლივ წაიყვანა, ქვეყანა დაუბნელდა და, თუ სთქვა, სული კვამლად შეექმნა მისსა ტანსა შიგან. ტირილისა და მოთქმისაგან კიდე აღარა საქმე ჰქონდა. ტირილითა მინდორი მტკვრად შექმნა და მოთქმითა მთა გაავაკა.
ეგრე თქვის:
”გავსებულო მთვარეო, ელვარეო, კეკლუცთა ჴელმწიფეთა სანატრელო, რად დაგემტერა საწუთრო, რომელ ქვეყანასა შიგან საარაკოდ გაგჴადა? ჯერეთ სძისა და ძუძუჲსა სული ამოვა პირისა შენისაგან, რად აივსო ყოვლისა კაცისა პირი შენის ჴსენებისაგან? ჯერეთ ბროწეულისაებრ კოკობი და არა დამწიფებული − და შენი სიყვარული აღმოსავლეთით დასავლეთამდის რად დამწიფდა? შენ ცოტა და შენი სახელი დიდია; შენ ველური თხა, შენი მიჯნური ავაზა არს, მისებრვე უნებელი. შენ ყოვლისა შეუცოდებელი და საწუთრო გარდამჴდეველი. ღმერთმან შენი ნახვა ჩემად სულად დაბადა და მე უსულო ვითაღა ცოცხალ ვიყო? და ჩემიმცა ნიშანი ნუ დარჩება ქვეყანასა ზედა, თუ მე წამსაცა უშენოდ სიცოცხლე მინდოდეს!”
მაშინვე ოცდაათი ჯამა შეკაზმა, ფიცხლა-მავალი და მრავალფერი საჴელმწიფო ლარი და ძღვენი აჰკიდა, რაცა საჴამსო იყო, და თან წაიტანა ვისისთვის. დღისით და ღამით იარა და ერთ კვირამდინ მარავს მივიდა და ვითამცა უსულოსა სული − ეპოვნა. რა გულდაწყლულებული ვისი ნახა ძიძამან, მისისა ნახვისა სიხარულითა აივსო. თუცა ვისი ესეთი ნახა: ნაცარსა ზედა მჯდომი, პირდახოჭილი, თმა-დაგლეჯილი, ნიადაგ მტირალი, ავსა ყოფასა შინა, თავისა სახლისა და სიყრმისა ვერ გამახარებელი, ზოგჯერ თავსა ნაცარსა ისხმიდის, ზოგჯერ სისხლისა ცრემლითა კალთანი დაისოვლნის. პირი, ვითა დაჟანგებული სარკე, შექმნოდის, ხოჭითა დაწყლულებული; გული მისისა პირისაებრ დავიწრებოდა და ტანი მისისა თმისაებრ დასწლობოდა.
რა ძიძამან ესრე გასრული ნახა, გული შეჭირვებისა ცეცხლითა დაეწვა და ეგრე არქვა:
”ჰე, სანატრელო ყოვლისა კაცისაო! რად მოიკლავ თავსა, რად ეგრე უწყალოდ-ქმნილ ხარ თავისა ულხინობითა?
შეგონება: რად დაიცლები სულისაგან? რად დაღვრი მას, რომლისაგან სულთა ევნების? შენ ხარ ჩემთა თვალთა ჩენა და შენ ხარ ჩემისა ბედნიერებისა ბედი და იმედი! ნუ იქმ მაგას, რასაცა შინა ხარ. ნუ ებრძვი ბედსა ესრე ძნელად, ამით რომელ დიდისა შეჭირვებისაგან სარგებელი და ლხინი არა იქმნების; დამჭლდები და შეავდები, დაყვითლდები. შენ შენმან დედამან მიგცა მოაბადს. აწ დიდისა ჴელმწიფისა ცოლი ხარ და მას სულისაებრ უყვარ, მას თანა ამოდ იყავ, ნუ შესცოდებ და დაამძიმებ ამას, ამით რომელ ჴელმწიფეთა ბრძენი და გონიერი არვინ შესცოდებს. რაზომცა ჴელმწიფე და ჴელმწიფის შვილი ხარ, ვირო მორჭმულობითა, ჴელმწიფობითა და სიმდიდრითა ამისებრი ვერ არის.
არაკი: თუ ერთი დრამა დაგიკარგავს, ნაცვლად ღმერთსა თვალი პატიოსანი მოუცემია.
და თუ ვიროსაგან მოწყვეტილ ხარ, ესეთისა დიდისა ჴელმწიფისად შეერთებულ ხარ. ძიძამან თუ ვერ გიშველა, ღმერთი მეშვლად გეყოფის და ბედი − ძმად. თუ საწუთრომან ერთი ვეცხლისა ვაშლი წაგიღო, ნაცვლად ოქროჲსა თურინჯი მოგცა. ცოტა კარი დაგიჴშა ღმერთმან, დიდი გაგიღო; და ზეთისა ბაზმა თუ წაგიღო, ცვილისა სანთელი მოგცა. რა უქმნია შენთვის საწუთროსა ესეთი, რომლისათვის ეგზომი ტირილი გინდეს? ღმრთისაგან უმადლობა არა გჴამს, ამით რომელ ვინცა ღმერთსა არ ჰმადლობს, სინანულად შეექმნების. დღესა ჟამი შენისა სიხარულისა არს, არა ტირილისა და გლოვისა. აწ, თუ მოისმენ, მიწისაგან ზე ადეგ და სადედოფლო ტანისამოსი შეიმოსე და შენი შესაფერი ოქროჲსა გვირგვინი დაიდგი თავსა და შეკაზმე მზისა მსგავსი პირი შენი და შეამკევ დარბაზი შენითა პირითა და სადედო წალკოტად შექმენ; შაქრისა მსგავსითა ენითა საუბარი დაიწყე და ვარდისა ფერითა ბაგითა ნადიმი გარდაიჴადე; გიშრისა ფერითა თვალითა გული წაუღე მხედავთა და მოაბადს ამოჲთა კოცნითა გული გაუმხიარულე. ელვარითა პირითა შენითა ღამე დღედ შექმენ და გრძნეულნი თავისა შენისა თმითა შეკარნ, მზე მოშურნედ გაჴადე, შენისა სიცილითა შაქრისა სიტკბო გააბედითე და თმითა შენითა ამბარი უპატიოდ გაჴადე; მამათა გული დედათათვის გააგრილე და ლომთა პირი შენისა მიჯნურობისათვის გააყვითლე! თავისი ტანისამოსი თუ ტანსა შეიმოსო, ასრე იქმნები, ვითა მომიჴსენებია და უკეთეცა. შენ ყოველთა კეკლუცთა გააწბილებ, ყოველთა დაღრეჯილთა გაამხიარულებ, რა შეეკაზმო. სიყრმე გაქვს, სიკეთე, სიკეკლუცე და გვარიანობა. ამის მეტი, რომელ ღმერთსა მოუცემია, რასაღა ეძებ?
შეგონება: ღმრთისა განგებასა ნუვინ ემკლავების, ამით რომელ მოწევნადსა ვერვინ შეაქცევს.
არცა შენისა ზახილისაგან შეშინდების განგება და არცა მოწევნადი აგჴდების. აწ ეგზომისა ბედითსა რას იზახი და თვალთაგან ცუდად შეუშრობელსა ცრემლსა იდენ?”
ძიძამან ესე მრავალ-გვარად რამე შეაგონა და ექენა ვისის, გარნა მას ძიძისა შეგონება და ქარი სწორად ესმოდა. ეგრე არქვა ვისმან:
”ჰე, ძიძაო, შენი საუბარი ხესა ჰგავს უნაყოფოსა ჩემი გული გამაძღარა ამა საწუთროჲსა სიცოცხლითა. არად მინდა, არ ჩავიცვამ ტანისამოსსა, არცა დავჯდები ტახტსა ზედა. ჩემი ტანისამოსი ფლასია და ტახტი მიწაა და ნადიმი ჩემი − მოთქმა და მეხვაშიადე − სიმარტოე! ვერც მოაბად გაიხარნეს ჩემგან და არცა მე, ოდეს ვპოო მისგან კარგი და სახელი. მე ოდეს ვიროს ვეახლე, ვარდი ვიყავ უეკლო და აწ ეკალი ვარ უვარდო. ყოველსა კაცსა თავისა ნება იამების და მე უნებლობა უფრო მიამების, რადგან ვირო ჩემგან გულის-ნება ვერ პოვა, სხვასა ნუვის აპოვნინოს ჩემგან მისი ნება”.
ძიძა ენად კარგი იყო და კვლა დაუწყო საუბარი, წვრთა და შეგონება და ეგრე თქვა:
”ჰე თვალთა სინათლეო დედისაო! არ უჴამსია, თუ ძმისათვის შეჭირვებული იყო, ამით რომელ ძმაცა იყო შენი და საყვარელი ქმარიცა და თქვენ ერთმანერთისა მოახლეობასა შიგან თავისა ნებისა ჟამი ვერ მოგხვდა, გარნა დია იქმნების ესე, რომელ მოყვარულნი ორ წლამდინ ერთგან იყვნენ, და ერთმანერთისაგან ნება ვერ პოვონ. და ეგეთნი გაიყარნენ, რომელთა შეყრა აღარ ეგონებოდეს. მაშინ ინანდეს უკუნისამდე აღარა მომლოდენი.
არაკი: ვითა გლახა კაცი, რომელ ანაზდად მაჯანსა საჭურჭლესა შეჰჴდეს, იზანტოს, მუნით არ აიღოს, ყველა თავისი ეგონოს და, რა მუნით სხვაგან მივიდეს, მუნ ვერ პოვოს და უკუნისამდის ინანოს, − ესრევე შენთან ვიროს საქმე ყოფილა და დია ძნელია მისი საქმე.
არაკი: წავიდა იგი ჟამი და დღე, ოდეს ერთმან კუმან ორი შარუხი დასცეს.
შეგონება: წარსრული მოყვარე გარდასრულსა დღესა ჰგავს.
თუ ფრთხილი ხარ, გარდასრულსა ნუ ინანი. აწ უმეცრულად ნუ კუშტობ და ნუ იბრძვი. ჩემი მოისმინე. მიწასა ზედა ნუღარ ჰზი, აბანოსა შედი, ვარდის წყლითა მუშკის-ფერი თმა დაიბანე, საჭურჭლითა სათქვენო ტანისამოსი გამოიღე, ტანსა ჩაიმოსე და შვენებითა შენებურად ტახტსა ზედა დაჯედ და თავსა გვირგვინი შენი დაიდგი, ამით რომელ აქ დია კარგნი და გვარიანნი დედოფალნი, ზოგნი დიდებულთა ცოლნი, მოვლენ, ზოგნი თვით მზისაებრ კეკლუცნი და მთვარისაებრ ელვარენი, და ყოველნი საჴელმწიფოჲთა შეკაზმულნია. მე არა მწადიან მათგან შენი ეგრე ნახვა, შენითა სათნოჲთა იგინიცა შენსა გვერდით ნაცართა ზედან დასხდებიან. ეგზომ უმეცარი და რეგვენი არა ხარ. აწ ესე იცი, რომელ უცხოთა შიგან ხარ და არა თავისა სახლსა. კაცსა თუ არ ჰქონდის, ნათხოითა შეეკაზმის უცხოთა გასაჩვენებლად.
შეგონება: კაცისათვის უკეთესი საქმე არის სახელისა ძებნა და უცხოთა კაცთა ენისა დაბმა.
და ვინცა შენ ესრე გნახოს, არას გზრახავს უკანის ავისაგან კიდე. ზოგნი ამას იტყვიან: ”არა პატივი დაგვდვა და არ მოვეწონენითო”. სხვანი ამას იტყვიან: ”თვით იგი ვინ არის, რომელ გავაკვირებდეთო!” საჴამსო ესე არის: თუ ყოლა ცნობა გაქვს, რომელ მათი ენა სათავისოდ შეინახო. ვინცა კაცთა უპატიოდ ნახავს, იცოდე, რომელ მას კაცნი დაემტერებიან, და, რომელიცა დიდი საგემოა, რაზომცა კეკლუცი და კარგია, მოახლენი მის გვერდით ამოდ ვერ გაიხარებენ. ამას შეგაგონებ: დააგდე ესე საძულველი და ავი ზნე ამა კაცთა გზითა და აღარ მოაბადისთა, თუ არა − შაჰი მოაბადს შენი დუხჭირება სიკეკლუცედვე უჩნს, ამით რომელ შენი მიჯნური არის”.
რა ესე საუბარი ძიძისაგან მოისმინა, ვისის იამა და მოეწონა გულსა შიგან და აღარცა ძიძასა დაამძიმა მოუსმენლობითა. მაშინვე ნაცრისაგან ზე ადგა, აბანოსა შევიდა. ძიძამან კაზმა დაუწყო, დაბანა თავი და ტანი; პირსა ზედა შეკაზმა, სათმენი შეუყარნა ფას-დაუდებელნი, სამკაულითა თვალითა პატიოსნითა შეკაზმული სამისო შესამოსელი შეჰმოსა ტანსა, სურნელნი უკმია, შეულოცნა სათვალენი სიტყვანი და შეჰბერა. ძიძა ვითარცა ჰკაზმიდა, ვისი ამაშიგან ტიროდის, მოსთქმიდის, ეგრე იტყოდის:
”ჰე, თავჩაღმართო და უკუღმართო ბედო ჩემო! რად გამწირე და აბეზარ-იქმენ ჩემგან? ცისა მფრინველნი, ჰაერი და ქარი ჩემსა უბედურობასა ზედა მოწმობენ!”
რა ამა ტირილითა დაშვრა და მო-რე-წყნარდა, სული დაიღო, ესრე დაშვენდა, რომელ რაზომცა ვინ ბრძენი და გონიერი იყოს, ნაასალსაცა ქებასა მისსა ვერ მიჰხვდების. ესრე კეკლუცი იყო, რომელ, თუ მლაშითა წყლითა პირი დაიბანის, მასვე წამსა მას მიდამოსა მიწისაგან საშაქრე ლერწამი ამოვიდის და, თუ ამარტა ღაწვთა და ბაგეთა მოსდვის ვინ, მაშინვე წითლად იაგუნდად შექმნის და, თუ მკვდარსა მიწა-ქმნილსა სამარესა ზედა დაჰყივლის, მანცა პასუხი გასცის. რაზომცა კეკლუცნი და საქებარნი მისად ნახვად მოვიდიან, მთვარესა ჰგვანდის იგი და მოსულნი მას თანა − ვარსკვლავთა. ჰშვენოდა ყელ-ყური სამკაულიანი და თვით შვენოდა ერთობით უებროდ, ვითა ჩინური სახე ოქსინოსა შიგან.
მოაბად მას დღესა ეგზომი გაუგზავნა, თვითო-თვითო ვინ აჴსენოს: მრავალი ზანდუკი ოქროჲსა თვალითა და მარგალიტითა სავსე, მრავალი შესამოსელი დიდ-ფასისა, ყველასთანა ურიცხვი სტავრა, კიდის-კიდე შეკრული, მრავალი ბროლისა ჯამი, ტაბაკნი და ოქროჲსა ჭურჭელი, ყველა თვალითა შეკაზმული, და მრავალფერი სურნელი და ყველასთანა ტყავი და მრავალნი მონა-მჴევალნი − ბერძენნი, ჩინელნი − [პირ-მთვარენი], ყველანი კეკლუცნი, ვითა ველურნი თხანი სიქსუითა და ჯერეთ სიქალითა და სიმშვენიერითა ვითა ფარშამანგნი ლამაზნი.
ჯდა ვისი დედოფალი ტახტსა ზედა და მისისა შვენიერებისა მკაზმავი ბედნიერობა. ყოველი ქვეყანა მისგან მხიარულ იყო და იგი დაღრეჯილი ჯდა, კაცთა ლოცვა და ქენება მას სევდად და მოთქმად უჩნდა. ერთსა კვირასა ამის საქმისა სიხარულითა მოაბად ზოგჯერ სმიდის და გასცემდის, ზოგჯერ ასპარეზობდის. მერმე კვირასა ერთსა ნადირობად გავიდა, ერთიცა ისარი არ დააცდუნვა. და არცა სმასა შიგან ოქრო და ლარი დარჩის, არცა ნადირობასა შიგან სულიერი ნადირი წაუვიდის; რა ყვანჭი ბურთსა ჰკრის, მის ყვანჭისაგან ბურთი ცად გავიდის; რა დიდებულთა მისთა თანა ღვინო სვის, ერთსა დღესა ყოვლისა ქვეყანისა მოსავალი სადოსტაქნოდ არა ჰკვირდის. ღრუბელი მისისა ნებისა იყო და მისგან ოქრო წვიმდა. რა ძიძამან შეკაზმა ვისი, ტირილისაგან არ გამოისვენებდის, თუ სთქვა, წამსა და წამსა ჭირი მოემატებოდა.
15. ვისისა და ძიძისაგან მოაბადისა მამაცობისა შეკრვა
მერმე ვისი საწუთრო-მოწყენილმან მალვით კაცთაგან ძიძასა უთხრა და შეეხვეწა:
”ჩემი ბედი მებრძვის დღე და ღამე. გაძღა გული ჩემი სიცოცხლისაგან და გამჴმარა ძირი ჩემისა სიხარულისა ხისა. არა ვიცი, თუ ჩემი ღონე რაღაა თავისა მოკლვისაგან კიდე, რომელ ნუთუმცა სიკვდილითა დავეჴსენ ჩემსა ყოფასა! აწ თუ შენ ჩემსა ღონესა არ ეძებ და ამა ჭირისაგან არ მიჴსნი, მე, ვითა მითქვამს, აგრე ადრე თავსა მოვიკლავ, ამით რომელ, რა მოაბადს დავინახავ, ვითამცა ცეცხლსა შევსდგებოდი, სიკვდილისა დანახვა და მისი − სწორად მიჩნს. ღმერთმან მოაბადის საწუთრო ასრე მწარე ქმნას, ვითა ჩემი. თუცა ჯერეთ დათმობისა წყლითა გული დაუბანია და გულის-ნება ჩემგან არ უძებნია, ამის მეშინიან, რომელ ვერ გაძლოს და ხვაშიადი დამალული გამოაცხადოს. აწე ვირე იგი ჩემგან ნებასა ეძებდეს, შენ გზასა ზედა მახე დაუგე. ესე იცოდე, რომელ მე ერთ წლამდის თავსა არ მივსცემ და მე თვით სიკვდილისათვის თავგანწირული ვარ. მამისა ჩემისა ტკივილი ამისაგან უმცრო არ ეგების. მუნამდი მე ესრე ვიქმნები, ერთ წლამდის მოაბად არ დამთმობს და არცა მიმიშვებს, ამით რომელ მას ჩემგან არცა რცხვენიან და არცა ეშინიან. აწ შემიწყალე, შენებურად დაიურვე, მისი მამაცობა შეკარ ჩემზედა. რა წელიწადი ერთი გარდაჴდეს, მაშინ ნუთუმცა გონება მომექცა, გული და-რე-ვდევ და უკანის, რა მოაბად გაჰჴსნა, იგი შენად მონად იქმნების, რა მის საქმისაგან დაეჴსნას. და იგი რომელ მითქვამს, თუ არ იქმ, ვერცარა შენ გაიხარნე ჩემისა ბედისაგან, ამით რომელ მე სიცოცხლე უნებელი არ მინდა, არცა სიხარული აუგითა. მოაბადის ნებისა გასრულებასა სულისა ჩემისა ამოსლვა მირჩევნია, მისგან უნებლივ ამისა თხრობასა, თუ: ნება ჩემი ქმენო”.
რა ესე სიტყვა ესმა ბერსა ძიძასა, თუ სთქვა, ისარი ეცა გულსა. თვალნი გამოაჭყირნა ძიძამან, დაუწყო ჭვრეტა კუშტად და ეგრე უთხრა:
”ჰე, სინათლეო და თვალო დედისაო! ცნობისა და სიმართლისა ნაწილი აღარ არის შენშიგან. საძულველი ეშმა შემოგდგომია და სიმართლისა და სიყვარულისა გზა შეუკრავს. შენ მეტისა შეჭირვებისაგან გაგულშავებულ ხარ და სათსა სიშავე არა წაეღების, მაგრა, რა დაუთმობელად მისრულ ხარ, ერთობით თავსა ცნობა დაგიკეცია. აწ რადგან ესრე არს, აღარა ღონე ვიცი შენისა ნებისა ძებნისა შენზედა შეკრვისაგან კიდე, ამით რომელ ეგე დევი, რომელი შიგა შემოგდგომია, ყოვლისა სიხარულისა გზა შეუკრავს შენისა გულისათვის”.
მერმე ძიძამან სპილენძი და რვალი მოიღო და გრძნებითა რაჲთმე ტილისმი შექმნა: ორი მოაბადის სახე და ერთი ვისისი; შეულოცა რამე და რკინითა ერთმანერთსა ზედა მაგრად შეაჭედნა. ძიძა მაგალითად გრძნეული იყო და ესე ორი ჩხიბი ასრე ვითამე შექმნილი იყო, რომელ ვირემცა იგი ერთგან დაჭედილი იყვნენ, მოაბად ვისსა ზედან შეკრული იყოს და, თუ ვინ გაჴსნიდა, მასვე წამსა გაისჴნებოდა.
რა ძიძამან ესე საქმე დაიურვა, წავიდა დილასა ადრე ცისკრისა ჟამსა და წყლისა პირსა ჩაფლა. შემოიქცა და ვისის უჩვენა იგი ადგილი და ასწავლა, თუ სად დაეფლა, და ეგრე უთხრა:
”თუცა შენი მბრძანებლობა არ მომწონებია, რაცა მიბრძანე, მე ეგრეცა მიქმნია შენისა გულისა ამოვნებისათვის. შენისა საწადლისა ასრულებისა ღონე მიძებნია, ესეთი უსწორო ჴელმწიფე შემიკრავს და აწ რა ესე თვე გარდაჴდეს, მაშინ შენ ესე ზნე დაიგდო და გამაჴსნევინო. მაშინ აღარ მითხრა, თუ ესრევე იყოსო. რა გული დასდვა და მოაბადს თანა ამოდ იყო და სიყვარულით, მე მას ტილისმსა მუნით გამოვიღებ, დავლეწ, გავჴსნი და ცეცხლითა დავწვავ და თქვენ ორთავე გაიხარნეთ. ვირემდის იგი ნამსა შიგან არის, მოაბად შეკრული იქმნების. წყალი სიგრილისა კერძო არის და სიგრილითა შეიკრვის მამაცი. და კვლა რა მას ცეცხლითა დავწვავ, გაჴურდების მოაბად და გაიჴსნებისო”.
ესე რა ძიძამან დააჯერა ვისის, ვითა ერთ თვემდის იქმნების, მერმე შენცა გული მოგექცევის და გავჴსნიო, − დრო აიღეს ერთმანერთისაგან. დასჯერდა ვისი.
აწ ნახე, ღმრთისა განგებამან რა ქმნა, შაქარსა ზედა სამსალა ვითა მოაყარა!
ამა მათა პაემანამდის ერთსა დღესა ამოვიდა ზღვისაგან შავი ღრუბელი და ესეთი წვიმა მოვიდა, რომელ ყოველი მინდორი ღვარითა აივსო და მარავისა წყალსა ჯეონისა წყლისა ოდენი მოემატა. და არ დარჩა ერთი ბაღი-ვენახი, არცა სხვა ნაშენები წაუღებელი; და ქალაქისა ნახევარი წაიღო, ააოჴრა. და იგი ადგილი, რომელი ძიძასა დაესწავლა, დათხარა და წაიღო ტილისმი მოაბადისა და დარჩა გლახ უკუნისამდის მოაბად შეკრული!
არაკი: დარჩა მოაბადის თვალთა შიგან ვისი, ვითა მდიდრისა დრაჰკანი გლახასაგან სანახავად, ვითა მშიერსა ლომსა ტოილოჲთა დაბმულსა წინა კანჯარი წყნარად მავალი.
ჯერეთ მოაბად ცოცხალ იყო და მკვდართა ჰნატრიდა, სიხარულისა გზისაგან მოსცდა და სიმწარესა მიჰხვდა. მტერთა გაეხარებოდა და მოყვარეთა დაემძიმებოდა. მისგან საეჭვი საწოლი საკნისებრ საჭირო იყო მისთვის: ღამით გვერდით უწვის, მაგრა ასრე აშორვიდა, ვითა თვისა სავალსა. ორნი ქმარნი შეირთნა ვისმან, ორთაგანვე ქალწული დარჩა. ვერცა ვირო მიჰხვდა მისსა ნებასა და ვერცა აწ მოაბად.
ნახე, თუ საწუთრომან ვისსა ზედა რა ქმნა: გაზარდა ნებიერად, აუგსა აკრძალა სახელი მისი. ნაკვთად ნაძვისა მსგავსი [იყო], გავსებული მთვარე მისი მსახური იყო, აუყვავდა პირსა ზედა ვარდი, მოიწიფა სრულად და უკლებლად; გარნა ბოლოსა რა წაეკიდა შაჰი მოაბადს, ძიძასა და რამინს თანა, რომელ, რა მიჯნურმან მისი ამბავი ცნას, თვალთაგან სისხლისა ცრემლსა იდენს! არავის ასმია მიჯნურისა ეგზომი ჭირი და სხვადასხვა მიზეზი.
16. ამბავი რამინის მიჯნურობისა
რა გულ-წარსრულსა რამინს გაუძნელდა საქმე და უღონო იქმნა, გაუბედითდა მიჯნურობისაგან ბედი, მიწყით უკაცურსა ადგილსა ეძებდის და მარტოდ დაჯდის; ტიროდის შეუსვენებელად და ღამით ძილი არა ჰქონდის. არცა თავი სასთაულსა ზედა მიდვის. ვარსკვლავთა უჭვრეტდის და ფილაქთა სამისოდ მოქცევისათვის ღმერთსა ეაჯებოდის. არა ჰქონდის მოსვენება არც დღისით და არცა ღამით. ვითა ხელი, ცურვიდის; ვითა კანჯარი და ვითა ველური თხა, კაცთა უფრთხოდის. ვისის ნაკვთისა მიმსგავსებითა სადაცა ნაძვი ნახის, თვალნი ვერ მოსწყვიტნის; სადაცა წალკოტსა შიგან წითელი ვარდი პოვის, მისისა პირისა მიმსგავსებისათვის მას კოცნიდის; და ყოველთა დილათა ია კრიფის და მისისა თმისა ნაცვლად გულსა ზედან დაიდვის. მიწყივ მისი არიფი, რა ტირილისაგან მოიცალის, ორძალი იყვის და ნადიმი.
სადაცა დასწავლებული მიჯნური იყვის, მრავლითა და უცხო ფერითა რაჲთმე ჴმითა კეკლუცად სიმღერა თქვის, ყველა მოყვრისა სიშორისათვის. და რა სულთქმის, ზაფხულსა ზამთრეული ქარი ააქროლის. მისითა კვნესითა კაცსა გული ეგრე გაუჴდის, რომელ იადონსაცა შტოსაგან ჩამოაგდებდის; ეგზომისა სისხლისა ცრემლითა ტიროდის, რომელ მუჴლთამდის ტალახსა შიგან ჩაეფლის. მისსა თვალსა დღე ნათელი ბნელ იყვის და მას ქვეშე სტავრისა ამო საგებელი, ვითა გველი, იყვის. ასრე საბრალო იყო და მოუსვენებელი მიჯნურობისაგან. ღვინოსა ყოლა არა დაიახლებდა ამისითა შიშითა, რომელ, რა სვის, სრულად თმობა წაუღის ღვინომან. ესე ვერავინ ჰკითხის, თუ რაჲს ჭირისაგან ხარ ეგრეო? სანთლისებრ იწვებოდა, დნებოდა და წყლული გული მოყვრისათვის შეეწირა. მისთვის სიცოცხლე გაბედითებულ იყო და სიხარული მისსა გულსა ერთობით გაეწირა.
ტირილისაგან ტანისამოსი მისი სისხლითა დასვრილი იყვის და კვნესისაგან პირი მისი ოქროჲს ფერი. და მიჯნურობისაგან და ჭირისაგან სულნი ბაგემდის მოსლვოდეს და მიწყით თავისა სიცოცხლისა და მოყვრისაგან იმედ-გარდაწყვეტილი იყვის. მოყვრისა მისისა სახე თვალთა შიგან გამოესახა და თვალთა მისთაგან ძილი კიდე-ქმნილ იყო. სიდიდე ქვეყანისა მტკავლითა გასაზომლად უჩნდა. მეტისა გონებისაგან დამთვრალთა და ხელთაებრ უცნობო იყვის. საწუთროჲსა საქმისა ზოგჯერ ღონედ მოიგონის და წილნი ყარნის მოყვრისა სახელსა, თუ ბოლოსა ჟამსა ჩემი და მისი საქმე ვით ერთგან იქმნებისო? ზოგჯერ შაჰინშას ბაღსა შევიდის, ბრუნვიდის და ყოველნი ხენი მოწამედ დაიყენის და ეგრე უთხრის: - ”ჰე, ყოველნო ხენო! მოწამენი იყვენით ჩემნი, რომელ ასრე მტირალი მნახეთ. რა მხიარული ვისი აქ იყოს, მას მოაჴსენეთ, ნუთუ გული მისი უსამართლოჲსა ქმნისაგან განსწმიდოთ!” ზოგჯერ იადონთა ეუბნებოდის და ერჩოდის მრავლითა საყვედურითა და ეგრე უთხრის: ”თქვენზედა რა მოსრულა ქვეყანასა ზედა ეგზომი ავი, რომლისათვის თქვენ ეგზომსა იზახით? რა წაგკიდებია, თქვენთა მოყვარეთა გვერდით შტოთა ზედა სხედთ, არ ჩემებრ აშორავთ და გაშტერებულ ხართ საბრალოდ!
არაკი: თუ ათასფერი წალკოტი და სიმხიარულე გაქვს, მე გულსა ზედა ათასფერი დაღი მაქვს. რადგან თქვენ მოყვარეთა გვერდით ასრე იზახით და კვნესით საბრალოდ, მე რაღა ვქმნა, რომელ არცა ნახვისა მოლოდნა მაქვს! მე მშვენის ჟამსა და უჟამოსა კვნესა და ზახილი, ამით რომელ ჩემმან სულისა წამღებელმან ჩემი ჭირი არ იცისო”.
ესეგვარსა რასმე ეუბნებოდის და იარებოდის მას ვენახსა შიგან თვალ-ცრემლიანი და გულ-დადაღული.
დღესა ერთსა მოარებად ჩამოსრული ძიძა ემთხვია წინა და ნახა ეგრე მბრუნავი. და რა რამინ დაინახა ძიძა, სულისაებრ საჴმარი და თვალთაებრ სანდომი, სიხარულისაგან სისხლი აუდუღდა და ღაწვმან მისმან, თუ სთქვა, ყაყაჩოჲსა პერანგი ჩაიცვა. ძიძისა სირცხვილისაგან ოფლი სდიოდა. გაზაფხულ წალკოტი თუცა კეკლუცია, რამინის პირი ათასჯერ მას უტურფე იყო. ყურისა ძირნი წმიდასა ვეცხლსა უგვანდეს; სუმბულით ჯერეთ შავი არ ჩაეცვა და მუშა-ვაზნი მუშკისა ყვანჯად შეჰქმნოდა. ნიკაპსა ჯერეთ ცოტა ქაფურისა ფერობა ჰქონდა. ბაგენი ლალსა უგვანდეს და კბილნი მარგალიტსა; ნაკვთი და სიგრძე მოარულსა ნაძვსა უგვანდა; მაგრა ამა ნაძვისა ნაყოფი წითელი ვარდი იყვის, სახედ მთვარე გავსილი, ქვეყანასა ზედა მნახავთა მოსაწონებელი. კაბა და ქუდი უებროდ ჰშვენოდა. თვით გვარად ადამისითგან სახელოანი ჴელმწიფე იყო, სახედ მიწასა ზედა სულიერი მზე, ყოვლითა ფერითა საჭაბუკოჲთაცა სრული.
ვისცა რამინის ჭვრეტა განცდით მოუნდის, მასვე წამსა საკუთრად გული შემოსწირის. გვარიანობითა და ჭაბუკობითა ორგვარად იყო ქვეყანასა ზედა. მეფე ძმა იყო და შვილი მოაბადისი და მაჰისა ქვეყანისა პატრონი იყო. რა თვალი მისი გრძნეულმან ნახის, დასჯერდის და შეიწამის, თუ ესე უფრო კაცის წამღებია ჩემგანო, და, რა ქაჯმან მისი პირი ნახის, ეგრე თქვის: ”ჴელმწიფობითა შენ უკეკლუცე ხარ ყოველთა კეკლუცთა ზედაო”.
რამინ ასეთითა და შვენიერითა პირითა ვისის პირისაგან უსულო, უგულო და გაშტერებული ბრუნვიდის. ყოველთა ფილოსოფოსთა წაჯობინებული თავისა გზასა უმეცარ-ქმნილ იყო და, რა მარტოდ ნახა წალკოტსა შიგან ძიძა, ვითამცა ყოვლისა სოფლისა სიხარულსა მიმხვდარ იყო, ასრე გაეხარნეს. თაყვანისცა და ქება შეასხა. და ძიძამან განაღამცა აგრევე ქმნა. მოიკითხეს ერთმანერთი და მოეხვივნეს, ვით ძველითგანცა მოყვარენი. მერმე ერთმანერთსა ჴელნი დაუჭირნეს და უჩინარეს ადგილსა მივიდეს. იუბნეს მრავალფერად რამე და ესე საუბარი მათი რამინის წყლულსა გულსა ემალმებოდა. და რამინ სირცხვილისა ფარდაგი დახია, ამით რომელ გული მისი სირცხვილსა დაეტყვევა და ძიძასა ეგრე უთხრა:
”ჰე, ჩემო სულთაგანცა უფრო საჴმარო! აჰა, თავი ჩემი შენსა წინაშე მონისაგან უმონესია, შენი საუბარი და ნახვა ჩემი მაცოცხლებელი! ბედნიერობასა ვითხოვ, ამით რომელ შენ ჩემი დედა ხარ და ვისი − პატრონი. მიწყით ჩემი საფიცი მისი მზე არის. მისად ოდნად, მზისა მსგავსად შვენიერი და ჴელმწიფე გვარიანი დედოფალი სხვა არ დაბადებულა და არცაღა დაიბადების. ვისიცა ჯუფთი ვისი არის, მისი შესაჭირვებელი არარაა. თუ სთქვა, ამად შობილა დედისაგან, რომელ ყოველსა გულსა ცეცხლად მოედვას და მეტად − გლახ ჩემსა, რომელ ცეცხლისა მსახურთა სალოცავად გაუჴდია გზნებითა. თუცა მე მისისა უსამართლობისაგან ვენთები, მისიმცა გული ასეთსა ცეცხლსა ზედა ნუოდეს ენთების და, თუცა ბედმან ჩემმან მე გამწირა, ბედნიერობისა ბედი მასმცა ნუ მოეშორების. მე ნიადაგ მისისა სიყვარულისა და მიჯნურობისაგან ვკვდები და ვიწვი. და ეგრეცა ამას ვიტყვი: მისი ყოფა-დღე ჩემებრსა ნუ-მცა-ოდეს მიეცემის. რაზომსაცა მისისა სიყვარულისათვის ჭირსა ვნახავ, ეგზომჯერცა ღმრთისაგან მისსა უჭირველობასა ვითხოვ, თუცა მე მისგან დაღრეჯილ ვარ, იგიმცა მიწყით მხიარულია!”
იამა ესე ძიძასა. რა მისგან საუბარი და პასუხი მოისმინა, მანცა სირცხვილითა ეგრე არქვა:
”რამინ, მიწყითმცა მრთელი მივი! ღმერთმან შენი უბედურობა და ჭირი ნუოდეს მასმინოს. შენითა ბედითა კარგთა შინა ვართ მეცა და ჩემიცა გაზრდილი, რომელ სინათლითა მთვარესა ჰგავს და მისითა სიკეთითა ყოველთა ახარებს. მისისა პირისაებრ შვენვარე არის მისი ბედი და საქმე და მისთა თმათაებრმცა დაგრეხილია მისისა მტერისა ზურგი. მე საუბარი შენი ყველა მესმა და გამიგონია უაუგო შენისა ნახვისაებრ სანდომი. ნუ უზრახავ მას უსამართლობისა ქმნასა. არ დავიჯერებ, რომელ შენ არცა მისი მცოდნე ხარ და არცაღა მნახავი”.
კვლაცა დაუწყო რამინ საუბარი და ეგრე არქვა:
”ყოველთა უბედურთაგან მიჯნური უფრო საბრალო არის, რომელ მისი გული შინაური მტერი არის და ყოველთა დღეთა მისსა აუგსა ეძებს. ზოგჯერ კვნესის მოყვრისა სიშორისათვის, ზოგჯერ იწვის გაყრისათვის. რაზომცა მისისა მიჯნურობისაგან ჭირი ნახოს, ლხინად უჩნს და სულისაგან აბეზარ-იქმნა მოყვრისათვის, არა ეჭირვების.
არაკი: რაზომიცა მიჯნურობასა შიგან ფათერაკი დაემართოს, ეგრეცა ყველასა თავის ნებითა მას გამოირჩევს. და კაცისა თვალსა მოყვარისა გონებისა ცრემლი გააჴმობს და ძილსა გააკრთობს; მიჯნურობისა ტვირთისა ზიდვასა დაიწყებს და ჭირსა ლხინად დასთვალავს. მაგრა მისი სიამოვნე სიმწარისა ჯუფთია და მისი სიმხიარულე ჭინოსაებრ ბედითია. მიჯნური მიჯნურობისაგან მთრვალსა ჰგავს, ამით რომელ დუხჭირი მოყვარე კეკლუცადვე უჩნს; მთრვალისებრვე შფოთითა მღვიძარე მძინარესა ჰგავს და ამით გამოირჩევის ავი კარგისაგან, რომელ, რა მოყვრისა სიყვარული მოვა, ცნობა წავა. მძლე ეშმა სძლევს მიწყით და თვალთა დაუბრმობს. ცნობა და სიყვარული ერთმანერთსა ვერ ჰმორჩილობენ, ამით რომელ ცნობას სიყვარული მოერევის, აღარა მიუშვებს გამორჩევად საქმისად და ყოველი ხვაშიადი მისგან გამოცხადდების.
მე მიჯნურობისაგან ამეჴადა საფარველი, და გულისაგან თმობა და სულისაგან ცნობა წამივიდა. მაშინ ერთსა დღესა ადგა ანაზდეულად ქარი და მიჩვენა ანაზდეულად ქაჯისაგან უტურფესი პირი. ოდითგან ჩემმან თვალმან სამოთხისებრი სანდომი ნახა, მუნითგან მხიარული გული ჩემი ჯოჯოხეთისა მსგავსითა ჭირითა ავსილა. იგი არა ქარი იყო, ფათერაკი იყო ჩემი და უგრძნეულოდ ჩამაგდო ფათერაკსა. სიყმაწვილესა შიგან შენ გაგიზრდივარ და მას აქეთაცა გინახავ, მაგრა ესრე დასაწყლებული არაოდეს გინახავ. აწ არცა მკვდარი ვარ და არცა ცოცხალი. ლომისა მსგავსი ძალი ჩემი გამელებულა და შეჭირვებისაგან მთა ჩემი გავაკებულა და ტანი ჩემი თმისაებრ დაწლობილა და პირი ოქროსაებრ გაყვითლებულა; წამწამნი თვალთა ზედა ლურსმად შემქმნიან და თმანი ტანსა ზედა გველად. რა ერთსა დღესა არიფთა თანა სმად ვჯდე, ვითამცა მტერთა ვეომოდე, და თუ თამაშად წალკოტსა შინა ვიარებოდე, მინდორსა შიგან გზა-დაკარგულსა ვჰგავ, ღამით საგებელსა ზედა მწოლი − ზღვასა შიგან მომრჩვალსა. რა კაცთა ჩემთა მოყვარეთა ვეახლო, უთაოსა ბურთსა ვჰგავ, უცნობობითა ცხენოსანთა ყვანჭსა შესწრობილსა. სიხარულისა ჟამსა ასრე დაღრეჯილი ვარ, რომელ მტერთაგანცა შესაბრალებელად. ნიადაგ ესრე ვტირ, ვითა ცისკრისა ჟამსა ვარდსა ზედან იადონი და ვითა დილასა მთათა ზედა გაზაფხულისა ღრუბელი. მე მისთა ლამაზთა თვალთაგან გულსა ასი ათასი ისარი მარჭვია და ფერჴთა დაუჴსნელი ემუდა მიყრია. დაკოდილსა კანჯარსა მივჰგავ, მინდორთა შიგან რა სასისხლესა წამლიანი ისარი სცემოდეს; ცოტასა ყმასა ვჰგავ ობოლსა, საწყალსა, ძიძისა და მშობელთაგან მოწყვეტილსა. აწ შენგან ზენაარსა ვითხოვ და შენსა მოწყალებასა ღონედ ვეძებ. მგზნებარისა ცეცხლისაგან გამომიყვანე, კაცისა მჭამელისა ლომისა ჭანგისაგან მიჴსენ. ჯომარდობა და უსწორობა შენი აწ გამოაჩინე ჩემზედა. ესე უგულო და ყრმა კაცი შემიბრალე. უცხოთა შეიწყალებს მოწყალე გული შენი და შმაგნი გებრალებიან, ერთად მათ თანად მე დამიჭირე. აგეთივე შმაგი მე ვარ და ყოვლითა საქმითა საბრალო, ამით რომელ წითლისა გველვეშაპისა, კაცისა სისხლისა მსმელისათვის, დაპყრობილ ვარ. ვიცი, კაცი ხარ კარგი და შეგონებითა შენითა მომიმატე საჩემო სიბრალული. და მოაჴსენე ჩემმაგიერ ნაძვსა ლამაზ-მოარულსა, ბუთსა მოუბარსა, მთვარესა სულიერსა, ქაჯსა, − მიწისა მზესა, სიტყვა - ტკბილსა კაცთაგან ულევსა, უკლებად ტურფასა, თმა-მუშკსა, ბაგე-იაგუნდსა, აყვავებულსა სიხარულისა წალკოტსა, ესე მოაჴსენე:
”ჰე, კეკლუცთა დასაბამო, რომელ შენსა წინაშე ყოველთა კეკლუცთა და მნათობთა შვენება უჩინო ქმნილა, ორისა კვირისა მთვარე შენგან მეშურნეობს და მისი სიელვარე შენდა შემოუწირავს და გრძნეულთა ლაშქარი შენისა უებრობისაგან გაქცეულა, ჩინელნი კეკლუცნი შენგან აშფოთებულან, ბარბარული ბუთი შენგან გაწბილებულა და მისი მთლელი მისგან აბეზარ-ქმნილა. შენნი ბაგენი ჴელმწიფეთა მონად გაჴდიან და შენი პირი მკვდართა გააცოცხლებს. დადნა გული და ტანი ჩემი შენითა გონებითა, ვითა მთისა თოვლი მზისა სიცხისაგან, ჩაიჭრა გული ჩემი შენისა სიყვარულისაგან უნებლივ, ვითა ნადირი ბადესა; ცნობა და სიწყნარე წამსლვია: გული ტანსა შიგან იავარ-მქმნია; არცა მძინარესა და არცა მღვიძარესა ჭირი ჭირად არა მიჩნს და ლხინი ლხინად; არცა ჴელმწიფობა რად ჩემი მიხარის, არცა საჭურჭლე დიდებად; აღარა მაქვს სიხარული, არცაღა დიდებულთა თანა მოედანსა ასპარეზითა ვიმღერი; არცა მინდორთა შიგან ავაზითა ვნადირობ და არცა მთავრითა ქორითა − კაკაბსა; არცა ნადიმთა თანა ღვინისა სმითა გავიხარებ და არცა კეკლუცთა თანა დავჯდები მათსა სიახლესა; და ვერცავის ქვეყანათა ზედა შენგან კიდე საჭვრეტელსა გამოვირჩევ და არცა ჭირისაგან წამსაცა აზატი ვარ; ვერცა შენისა გონებისაგან კიდე სხვითა რით გავიხარებ, არცავინ მოყვარე და გულის პასუხის შემწე მივის. თავისა სახლსა შიგან მყოფი ტყვესა ვჰგავ, შეღამებით გათენებამდის ვკვნესი და ვიღლარჭვნები, ვითა დაკოდილი გველი. ტანისა ჩემისა წამალი შენი საუბარი არის და გულისა ჩემისა მაცოცხლებელი − შენი ნახვა. მე მაშინღა ვპოებ ჩემისა ცნობისა ჭკუასა, ოდესაცა შენი ამო ჴმა მესმის. თუცა წელიწადია შენგან ჭირსა შიგან ვარ და სიხარულად გარდაქცევისაგან ცრემლი დამწითლებია, პირი გამყვითლებია, და ეგრეცა შენი მიჯნურობა სულთა მირჩევია. და სულთა მებრძვის შენისა სიყვარულისაგან, არ ვეძებ უშენოდ სიცოცხლესა და არცა უშენოდ სიხარულსა, ოდესცა ჩემი გული შენისა სიყვარულისაგან გაძღეს, თავსაცა ზედან თმა ჴრმლად შემექმნების. დღისა სინათლე შენისა პირისაგან მაქვს და ღამისა სიბნელე შენისა თმისაგან. ესე იცოდე: ვირე ცოცხალ ვარ, შენთა მონათაგან უფრო საკუთარი ვიქმნები და შენი მონა ვარ, და შენი თეთრ-ფეროვანი პირი ჩემი სიხარულისა მომცემია და ჭირისა მაქარვებელი. ჩემი მზე შენისა პირისაგან ნათობს და ჩემი მუშკი შენისა თმისაგან სურნელობს, შენისა ტანისაგან ჩემი ბროლი უტალაოა და შენისა საუბრისაგან ჩემი სამოთხისა შვენება, და მუნ შიგან მკვიდრ-ქმნა ჩემი იგია, ოდესცა შენი პირი, ჩემი მაცოცხლებელი, ვნახო. დავლა და წაღმართი ჩემი მაშინღა იქმნების, ოდესცა შენისა პირისა ჭვრეტა მომხვდეს. მე ღმრთისაგან დღე და ღამე ამას ვითხოვ, რომელ ერთხელ შენსა შემოხედვასა მაღირსოს. მაგას მაგარსა გულსა შენსა თუ შევეწყალო და სიბრალული ჩემი მოიღოს, წაზიდვად ამპარტავნობა არ დაიწყოს, და თუ მემტერებოდეს, სიშორესა ეძებდეს და, თუ გამწიროს, უცილოდ დაღვაროს სისხლი ჩემი. მაგრა არა ჴამს, შენმან მზემან, არა ჴამს, ესეთისა ყრმისა კაცისა სისხლთა დაღვრა და მოკლვა, რომელსა დღეთა მისთა შიგა შენდა არა შეუცოდებია. ასრე უყვარ მას გულითა მართლითა, რომელ სიცოცხლისაგან ათასჯერ შენ ურჩევნიხარ, და თავისა სულსა გასწირავს შენთვის და შენისა ფერჴისა მტვერსა თვალითა იყიდის, ამით რომელ შენ გული ჩემი ესრე გიხუთავს, რომელ მე მისგან ნაწილი არა დამრჩომია. მოწყალე იქმენ ჩემ ზედა, ტანიცა შენვე შემოგწირო და გაისაკუთრე, თვარა სულსა თანა ტანიცა გავწირო”.
რა ესე საუბარი ესმა ბერსა ძიძასა, ვითამცა გულსა მოწამლული ისარი სცემოდა, შეებრალა დია გულსა შინა რამინ, მაგრა მას არა გამოუცხადა და ეგრე არქვა:
”რამინ, ამოო სახელო! ვისი, ვითა შენი სახელი, არ დაამდების, ნუთუ შენ გულსა შიგან მისგან იმედი გაქვნდეს? იგი მზე შენზედა ვეროდეს ნათობს. არა გავა მას თანა ეგე შენი მაღორებლობა და ბიჭობა, ამით რომელ ერთსახე ქსუ და არავისი დამხედავია. და ნუცა აზრი ამისა გაქვს, თუ ძალითა რაჲთამე და ღონითა შეეყარო შაჰროს ასულსა. იცოდე: შენ ესე გიჯობს, რომელ გულისაგან კიდეგან-ჰქმნა ეგე საქმე, ამით რომელ ცუდი ოდენ ნატრა დაგრჩების. კაცსა გონებისა სისრულე, ცნობა და სირცხვილისა უფლობა ასეთსა ჟამსა მოეჴმარების, დუხჭირი კეკლუცისაგან და ავი კარგისაგან გამოარჩიოს და გულსა შიგან ესეთი რამე საქმე გამოარჩიოს, რომელ მიჰხვდებოდეს. თუცა შენ ცა ერთგან შეჰკეცო და ზღვა ჭაბუკობითა შენითა ამოაშრო, მინდორთა შიგან მტკვარი ადინო, ქვისაგან ნაყოფი ამოიყვანო, ერთი ქვეყანა ახალი დააგდო და მიწა მისი თმასა ზედა დააყენო გრძნეულობითა ესეთითა და ჴელმწიფობითა, − ვისის საქმესა ვერცა ეგრე შეჰმართებ. შენ მას მაშინ შეუყვარდე და მისი გული მაშინღა ჰპოო, ოდესცა ფიჭვისა ხისა შტოსა ხურმა გამოესხას. ვინ შეჰმართებს მას წინაშე ესეგვარსა კადრებასა, ანუ ვინ შეიწამებს მას თანა? არ იცნობ მისსა გუნება-საკვირველობასა, რომლისაგან თვით იგივე მიწყით იჭირვის. თუ ათასისა ლომისა გულოვნობაცა მაქვს, ვერცა ეგრე შევიწამებ. რასაცა ჟამსა ამას სცნობს და მოვაჴსენებ, გამიწყრების და პირის წყალი წამეღების. და თვით შენ არ გეკადრების და არცა გეჴამსოების, რომელ სიბერისა ჟამსა მე მოყივნებული დავრჩე. ჩემი გაზრდილი დიდის გემოობითა თავსა ცასა მოუსვამს და ადამის ტომსა ამპარტავნობითა სიტყვასა არავის მიუგებს. არცა დიდისა საქმისაგან შეშინდების და არცა დიდისა საქონლისაგან მოღორდების. აწ თვით ძნელად დაღრეჯილია, სიმარტოჲსა და ღარიბობისაგან მოწყვედილი და თავისა ქვეყანისაგან მოშორვებული, კაცთა სიხარულისა ყველასაგან დამფრთხალი და მკრთალია. ზოგჯერ თვალთაგან ცრემლსა იდენს და ღაწვთაგან სისხლსა, ზოგჯერ ეტლსა და ბედსა უჩივის. რა ძმა და მშობელნი მოიგონნის, ვითა ალავა, ცეცხლსა ზედა დაიწვების. დასწყევს დაბადებისა მისისა დღესა და შობისა მისისა − თუ ეგზომ უბედური რად დავიბადეო. ღმრთისაგან ქენებით ეთხოვა შაჰროს და ათასითა ნებიერობითა გაეზარდა. აწ შეუსვენებლად კვნესის და ტირს ღარიბობისა და მისისა ყველაჲსა კიდე-ქმნისათვის. მას წინაშე ვინ იკადრებს შენსა ჴსენებასა და ამა შენსა ბედითად შეთვლილობასა? თუმცა წვიმისაგან უმრავლესი ენა მედგა, ერთსაცა ამა შეთვლილობისათვის ვერ გავსწირავ [თავსა ჩემსა] და ესეთსა სამსახურსა ნუ მიბრძანებ, მით რომელ თავმან ფერჴულად სიარული არ იცის”.
რა უგულო-ქმნილსა რამინს ესეთი საუბარი ესმა, ცრემლისაგან მიწა დაატალახა, სიყვარულისა ცეცხლი ფერჴთათ ტვინამდინ გაუჴდა, საყელონი გარდაიხივნა, ძოწეულისა მსგავსი ფერი ზაფრანად გარდაექცა, ათრთოლდა, ვითა თავ-მოკვეთილი მფრინველი, ენისა მომორჩილებისა ღონე არა ჰქონდა, არცა საუბარი შეეძლო. ასრე დაღონებული მიჯნურია საბრალო. რა დიდხან ესრე იყო სულღებითად, გული მო-რე-უწყნარდა.
მერმე ძიძასა კვლაცა დაუწყო საუბარი, დიდისა ტკივილისა და უთმობლობისაგან ექენებოდა და ეხვეწებოდა. და ძიძა ეგრეცა უწყალოდ იყვის სამისოდ. რაზომსაცა თავსა აბრალებდის და ეხვეწებოდის, ძიძამან ეგრეცა უიმედო ყვის. მერმე ბოლოსა ჟამსა რამინ მოეხვია და დასვარა ძიძა სისხლიანითა ცრემლითა და ეუბნებოდა საბრალოდ. ეგრე უთხრა:
”ჰე, ძიძაო! ზენაარ, ზენაარ, სრულად სულისაგან იმედსა ნუ გარდმიწყვეტ, სიყრმისა სიცოცხლისაგან ნუ მომწყვედ, ნავღლისაგან საწუთროსა ნუ გამიჴდი. რა გაგვა, თუ შემიბრალო და უბედურობისა ჭანგისაგან დამჴსნა, წყალობისა კარი გამიღო და ვისის პირი მიჩვენო მადლისათვის? მე თუ შენგან უიმედოდ გავჴდები, უსაეჭვოჲთა სიკვდილითა აქა შენსა წინა მოვკვდები. აწ შენად მონად შექმნილ ვარ, მიმონე და ამა ჭირისაგან ჩემისა ჴსნისა ღონე ძებნე. შენ ხარ ჩემი წამალი ქვეყანასა ზედა არავინ ვიცი ჩემი მლხენელი. ჩემი გულისა პასუხი მას თან გამოაცხადე, ჩემი მოჴსენება ჰკადრე მას ტურფად ანაგებსა. მეტად ნურას მიზეზობ. ღონითა რა [არ] ეგების, რომელ ქარსა ზედა წისქვილსა აგებენ, ჰაერთაგან მფრინველსა ჩამოიყვანებენ, ჴვრელითგან გველსა გამოიყვანებენ, შელოცვითა დაამშვიდებენ! და შენ თვით შელოცვა უკეთე იცი ყოვლისა კაცისაგან, ღონისა აგება მიწყით შენი ჴელია. საუბრისა ჟამსა ენად შენებრი არავინ არის და არცავინ საქმით ქმნისა ჟამსა გასწორავს. აწ საუბარი და ღონე ერთგან შეყარენ და ორითავე ვისი მოიმორჩილე. მე თუცა ბედნიერი არ ვიყავ, ესდენ უაზროსა ადგილსა შენ ვერ გპოებდი”.
ესე უთხრა, ატირდა და მოეხვია, კოცნა დაუწყო და მასვე წამსა თანა-დაიწვინა და გულისა-ნება ქმნა. ვითამცა სიყვარულისა რაიმე წამალი ექმნა, ასრე შეუყვარდა ძიძასა.
არაკი: რა ერთხელ დიაცისაგან ნებასა აიღებ, პირს ავშარა ამოდებულსა დაამსგავსებ.
რა ძიძისაგან მოიცალა და რამინ ზე ადგა, ძიძასა მაშინვე გული რამინისკენ მოექცა, და დახია სირცხვილისა ფარდაგი, და მისი კუშტი საუბარი მოალმობიერა და ეგრე უთხრა:
”ჰე, მაღორებელო, რომელ ყოველსა კაცსა შენითა ენა-მაგალითობითა აჯობებ! აქამდინცა მიყვარდი, მაგრა დღეჲსითგან წაღმა გაწყდა ჩვენ შუა მიზეზი აქაჲთგან, ამით რომელ ჩემი საქმე გააადვილე. აწ, რაცა გწადდეს, მიბრძანებდი და მე შენისა მბრძანებლობისა სიტყვასა არ გარდავალ. აღვასრულებ შენსა ნებასა ვისისგან და მოვავლენ, ვითა შენ გინდა, ეგრე”.
რა ესე ესმა გულწყლულსა რამინს, ეგრე უთხრა:
”ჰე, თვალთა ჩემთა სარჩეო! თვით ნახე დღეჲსითგან წაღმა როგორ გმსახურო სულის ჩემის ამოსლვამდინ. თვით შენ იცი, რაშიგან ვარ: შეღამებით გათენებამდის არა მგონია სიცოცხლე და გათენებით შეღამებამდის არ ვეჭვ დარჩომასა. მას ვჰგავ, ზღვასა შიგან მარტო კაცი დიდსა ქარსა და ზვირთსა ჰხედვიდეს და წამსა და წამსა მორჩობასა მოელოდეს. მე ვისის შეჭირვებისაგან აგრე ვარ და დღესა და ღამესა კიდის-კიდე ვერ შევიგებ. აწე ჩემი იმედი და ღონე შენ ხარ, ამა ჭირისაგან მიშველე და შენი ჯომარდობა საქმითაცა გამოაჩინე, თვარა თქმა და არაქმნა ბედითია. ესე მიბრძანე, კვლა ოდეს მიჩვენებ შენსა სვიანსა პირსა, ჩემად ნახვად ოდეს მოხვალ? მე აწ წამსა ვიანგარიშებ და თვალნი შენსა გზასა ზედა მაქვს. ვირემდისცა მხიარულად მეორედ არ გნახავ, მუნამდის ცეცხლსა ზედა ვიწვები”.
ძიძამან გრძნეულმან სიცილით ეგრე უთხრა:
”შენ ენა-დიდად-მაგალითი ხარ. ამა ეგზომითა ქენებითა და ამოჲთა საუბრითა შენთა მტერთაცა შენკე გარდაიყენებ. ჩემი გული დაგიწყლულებია ეგზომითა მუდარითა, ზენაარითა და ანდერძობითა; შენთა ფერჴთაგან ბორკილი გამოგიღია და ჩემდა შეგიგდია, აწ ნუღარას შეიჭირვებ, მოვიდა ჟამი ჭირთაგან შენისა ჴსნისა. შენ თვით ნახო, შენი საწადელი ვითა აღგისრულო და შენი დაღრეჯილობა სიხარულად მოგიქციო და ვისის სადავენი ვითა ჴელთა მოგცნე, რომელ, ვითაცა გწადდეს, შენსა ფარმანსა ქვეშე იყოს. შენ ყოველთა დღეთა აქა მოხვიდოდი ამა-ჟამ, აქა მომელოდდი. მე თვით გაცნობებ, რასაცაღა ვიქმოდე”.
რა ორთავე პაემანი შექმნეს, ერთმანერთსა შეჰფიცნეს, ჴელი გამოუღეს, აკოცეს ერთმანერთსა და გაიყარნეს.
17. ძიძისაგან რამინის გაყრა და ვისის წინაშე მისლვა
რა ძიძამან ვისი ნახა, გრძნეულობითა და ორგულობითა საღორებელნი სიტყვანი შეკაზმნა და ბიჭობისა სიამოვნებითა შეამკვნა. და რა გულწყლული ვისი ესრე დაღრეჯილი ნახა, რომელ ცრემლთაგან სასთაული დაესოვლა, დედისა და ძმისა სიშორისათვის სამკაული კიდე შეეჴსნა, ეგრე უთხრა ძიძამან: ”ჰე, სულთა ჩემთაგან სარჩეო! არ სნეული ხარ, ნიადაგ ქვე რასა ჰწევ? შენი ტანი ისრისაებრი მშვილდად შეგიქმნია. რა ეგრე ხარ, ვითამცა საკანსა შიგან ჰზი, არა მარავს ქალაქსა? მო-რე-ისუბუქე შეჭირვებისა ტვირთი! კაცთა დღეთა დაულევს დიადი შეჭირვება და დაღრეჯილობა. შეჭირვებისაგან უარესი ჭირი არ არის და დათმობისაებრი სამისო ღონე არავე არს. მე თუ მომისმინო, მხიარული დასჯდე; თავისა ბედისაგან იქადოდე. კაცისათვის ღმრთისა მინდობა კარგი ზურგია და მისი მიუნდობელობა და შეჭირვება მესისხლეა კაცისა”.
რა ესე საუბარი მოისმინა, ვისი ცოტად და-რე-წყნარდა შეჭირვებისაგან, თავი მუჴლთაგან აიღო, პირი გამოუჩნდა, ვითა ამომავალი მზე. მისთა თმათაგან ქვეყანა ასურნელდა: ჰაერი ამბრად შეიქმნა და მიწა მისისა პირისაგან − სამოთხედ, და დარბაზი დაშვენდა. პირი მისი გაზაფხულისა ღრუბელსა ჰგვანდა, რომელ მისთავე თვალთაგან ზედა სწვიმდის; თვალთა უძილოთა და მტირალთაგან უკეკლუცე იყო ნარგისსა ნამიანსა. ძიძასა ტირილით ეგრე უთხრა:
”ესე როგორი ჟამი და დღე არის, რომელ, თუ სთქვა, ცეცხლი არს დათმობისა დამწველი? ყოველთა დღეთა, ვითაცა ახალი დღე მოვა, ჩემთვინ ეტლთაგან ახალიცა ჭირი მოვა, ბრალი ამა მარავისა, ანუ ვარსკვლავთა, ანუ თვით უსამართლოჲსა მოქმედისა ეტლისა. ესე ქვეყანა არა მარავია, ტანისა გამადნობელია; ესე არა ქალაქია, მაგარი, ღრმა და ბნელი ჭაა. ესე დარბაზოანი მოკაზმული და მოხატული, ვითა სამოთხე, ამოა, მაგრა მე, ვითა ჯოჯოხეთი, მებნელების და მეძნელების. დღისით ჭირი მომემატების და ღამით − ფათერაკი. წამსა და წამსა უარე და უარე ვარ. საწუთრო ასრე მომძულვებია, რომელ თავი ცოცხლად არა მიჩნს, და თვით იმედიცა გარდამიწყვედია სიცოცხლისაგან. მე, ვითა სიზმრივ, ვიროს პირი მინახავს; ესრე იყო, რომელ: ცხენსა ზედა ჯდა, ნადირობით შემოსრულ იყო, წელთა ჴრმალი ერტყა, და ჴელთა შუბი ჰქონდა და დია ენადირა. მხიარულად ცხენითა მომიდგა, დია ქება შემასხა და ამოდ ეგრე მითხრა: ”ვითა ხარ, ძმისა მოყვარეო და სულო, უცხოთა ქვეყანათა შიგან? როგორად ხარ უჩემობითა მტერისა ჴელთა შიგან?”. მერმე ვნახე ვითამცა ჩემსა გვერდით მწოლად, და მომეხვია, მაკოცებდა პირსა და თვალთა და გული ჩემი წყლული გამიმრთელა მე, რომელ წუხელის მეუბნებოდა, თუ სთქვა, აწცა მესმის მისი ჴმა, ჯერეთ მისი სურნელი სული მეცემის და, რადგან ჩემი ეტლი ეგზომსა ჭირსა მიჩვენებს, აღარცა ჩემი სულთა დგმა მინდა. მე ვირე ცოცხალ ვიყო, ესე ჭირად მეყოფა, რომელ სული ჩემი მკვდარი და ულხინოა და ასონი ცოცხალნი. თვით შენ გინახავს, ძიძაო, თუ ამა მარავსა ქალაქსა სხვა ღმრთის დაბადებული ვიროსებრი კეკლუცი ვითა არავინ აო”.
ესეგვარსა ეუბნებოდა და თვალთა სისხლის ცრემლსა ადენდა. ძიძისა ჴელი მისსა თავსა ზედა დაიდვა. და [ძიძა] ეგრე ეტყოდა:
”ჰე, დედისა თვალთა სინათლეო, შენს წინათამცა მოკვდების შენი ძიძა და შენსამცა ჭირსა ღმერთი ნუ მიჩვენებს. მესმის ეგე შენი ბრძანება და, ვითა რკინა და რვალი, მემძიმა. ნუ შეიჭირვებ ეგზომსა, ცუდად ნუ დაიმწარებ ამა ტკბილსა საწუთროსა. გული მხიარულად დაიჭირე, რაზომცა შეგეძლოს, მით რომელ სიხარულისაგან დღენი მოემატებიან კაცსა.
არაკი: საწუთრო, ვითა მოგზაურთა სადგომი, ფუნდუკია და ჩვენ მოქარავნენი ვართ. მოქარავნეთა ფუნდუკსა შიგან ცოტა ხანი მიუხვდების. მისი სიმძიმილი სიხარულსა გარეული არის და წამსა ვერ დაზმენ ერთგან, ვითა ღრუბლისა აჩრდილი.
თუ ერთი სიხარული და ნება წაგიღო საწუთრომან, ათასი უკეთესი გაგისრულა. შენ ყრმა-კეკლუცი და ჴელმწიფე ხარ და ჴელმწიფობითა ყოველსა ქვეყანასა ზედა ბრძანება გაგივა. ნუ გასწირავ ერთობით სიხარულსა და ნუ ჩაიგდებ ცუდსა ჭირსა შიგან გონებასა. რაცა ქვეყანასა შიგან ყრმა კაცია, ყველა თავის-თავისა ნებისა და გამოსვენებისა მძებნელია: ზოგისა სხვა ფერია და ზოგსა სხვა საქმე სჭირს, ამით გაიხარებდენ. ზოგსა ვისმე ლაშქარი უყვარს, ზოგსა − ცოლი და სახლი და ზოგსა − მონები დაკაზმულები, ზოგსა − მოწიფებული ქალი. აგრევე, რანიცა ფარდაგსა შიგან მყოფნია. ჴელმწიფეთა ცოლნი და ასულნი და აგრეთვე დიდებულთანი მრავალფერითა საქმითა იხარებენ. რაზომცა კეკლუცი და ჴელმწიფე ქმრები უვის, მალვით ეგრეცა მიჯნურობენ და სხვანი შეუყვარდებიან. შენ ოდენ დღე და ღამე იჭირვი და თავსა მოიკლავ ცუდად, ვიროსგან კიდე არცავინ მოგეგონების და არცა მოგინდების. იგი თუცა ჴელმწიფე და ჴელმწიფისა შვილია, ანგელოზი არაა, სამოთხესა შიგან გაზრდილი. წეღან ეგრე მკითხე, თუ მარავს ქალაქსა შიგან სხვა ვიროსებრი კეკლუცი არსცა და ანუ გინახავსმცაო? ღმერთმან იცის, მარავს შიგან კეკლუცი მოყმე კაცები, მზისა მსგავსი, დიდად მინახავს, რომელ კაცისა თვალი მათისა ჭვრეტისაგან ვერ გაძღების. ნაკვთად ყველა საროსა ჰგავს, და სახედ − უკლებნი და კეკლუცნი, და გულოვნობითა ყოვლისა ქვეყანისაგან გამორჩეულნი და ქებულნი. რა შემტყვე კაცი ამათ ნახავს, ვიროსაგან ყველა უფრო მოეწონების, და მათ შუა თვით რომელი ერთი არის ლომი ჭაბუკი, რომელ კაცისა გონება მისსა ქებასა, ვითა მართებს, ეგრე ვერ მიაგებს. ვითამცა იგი სხვანი ვარსკვლავნია და იგი მთვარე; და იგი სხვანი ვითამცა კენჭნია და იგი იაგუნდი. ესრე ჩანს მათ თანა გვარად ადამისითგან ჴელმწიფე მოაბადის საყვარელი ძმა, სვიანი და ბედნიერი, სახელად რამინ ჰქვიან, მიწასა ზედა ანგელოზი და ომსა შიგან დევი. სახედ ვიროს დია ჰგავს. ყოველი კაცი და აქაურნი დედანი მისნი მიჯნურნი არიან, ყოველი გულოანი ჭაბუკი მას აქებს და მოედანსა შიგან მას ვერავინ აჯობებს. ერანსა შიგან მისებრი ცხენოსანი არ არის შვენებითა. შუბითა თმასა გააპობს. თურქეთს და ხორასანს მისებრი მშვილდოსანი არ არის, მისითა მბრძანებლობითა მრავალი მფრინველი უსულო იქმნების, ბრძოლითა − ვითა ლომი გამწყრალი, და გაცემითა − ვითა მაისისა წვიმა; ეგზომითა კარგითა ზნითა, რომელ მას სჭირს, გულსა ზედა იგივე დაღი აზის, რომელ გულჩვილობით შენვე გგავს. ჰე, სანატრელო, საყვარელო ყოვლისა კაცისაო, თუ სთქვა, ერთი ვაშლი ორად გაყოფილნი ხართ. ნახე, თუ შენ ვითა ხარ, იგიცა აგრეა. შეჭირვებისაგან თმასა ჰგავს, ოქროჲთა შეღებულსა. მას შენი პირი უნახავს და გამიჯნურებულა შენთვის და შენისა სიყვარულისა იმედსა იგონებს. მისნი შვენიერნი ნარგისისა მსგავსნი თვალნი დღე და ღამე ღრუბლისაებრ წვიმან; პირი მისი, რომელ მთვარისაებრ ელვარე არის, უგულობისა და ჭირისაგან ბზის-ფერად შეჰქმნია. გულსა მისსა მიჯნურობისა ჭირი დიდად უნახავს და სამსალისაებრ სიყვარულისა სასმელი დიდად უსვამს. შენ მებრალები მიჯნურობისაგან და იგი მით, რომელ კეკლუცი პირი ჭირსა შიგან ყოველსა კაცსა ეწყალვის. თქვენ ორნივე მინახავთ მიჯნურნი, ნებისაგან მოშორვებულნი, ორნივე უგულონი და ორნივე ულხინონი”.
რა ვისმან მოისმინა ძიძისაგან ესე ბედითი საუბარი, დიდხან პასუხი არ გამოსცა და საშინელითა ცრემლითა ატირდა. ძიძისა სირცხვილისაგან თავი მოიდრიკა. ბაგე პასუხისა და სირცხვილისათვის შეკრა. მერმე თავი აიღო, ეგრე არქვა:
”კაცისა უკეთესი სათავნო სირცხვილია.
არაკი: რა კარგი არქვა ხვასრომან მოლაშქრესა: რადგან სირცხვილი არა გაქვს, რაცა გწადიან, იტყოდიო.
აწ, თუცა შენ ცნობა და სირცხვილი შეგწევდა, არ ესრე საუბარი გმართებს. ჩემგანცა და ვიროსაგანცა დია გრცხვენოდეს, რადგან ჩვენ დაგვივიწყენ და რამინ მოგეგონა. თუცა ჩემსა ფრჩხილზედა თმა გამოსრულ იყო, ეგრეცა მასვე ვიგონებ. ამას შენგან არ მოვლოდნივარ. თუ შენ ჩემი დედა ხარ და მე შენი ასული და შენ უხუცესი ხარ და მე უმრწემესი, მე ლამაზობასა და უსირცხვილობასა ნუ მასწავლი, მით რომელ დედათა უწრფელობა მოაყივნებს. ჩემი გული თვით ვით არიღა მხიარული და წყნარი, რომელ შენ კვლა მოსაღორებელსა ჟამსა ეძებდე. მაგაშიგან აუგითა საუკუნოჲთა დავისვრები და შენდობისა და სამოთხისაგან კიდეგან-ვიქმნები. თუ რამინ სიგრძითა ნაძვსა ჰგავს და ჭაბუკობითა როსტომს უფროა, მე არად მომინდების, რაზომცა კეკლუცია. ძმა ჩემი არ არის, თუცა ვიროს ჰგავსო. ვერცა იგი დრაჰკნითა მომაღორებს და ვერცა შენ შენითა საუბრითა. შენ თვით რად მოისმინე მისი საუბარი და, თუ მოისმინე, მე რასთვის მკადრე? იგი რად არ ავად გაჰჴადე? ვითა მართებდა მისსა ბედითსა საუბარსა, ეგრე პასუხი რად არ გაეც?
არაკი: კარგი არქვა მოაბადმან ოშანგს: ”დედანი ნებისაკენ უფრო იზიდვენ, ვირე სახელისაკენ. დედანი უსრულად დაბადებულნია, მით მიწყივ თავისა წადილსა მორევს საწუთრო და საუკუნოსა გასწირვენ ერთისა წადილისა გასრულებისათვის და ამას აღარ გაიგონებენ, თუ ბოლოსა ჟამსა მოვყივნდებითო”.
მე ათასისა ზნისა და უხანობისა მცოდნელმან რად მივსცე გული? მამაცისა ნადირი მიწყით დიაცია. ერთსახე ადრე შეიპყრობს და ადვილად ათასითა ქენებითა და სიტყვითა მოაღორვებს; შეჰფიცავს დიაცსა და, რა გულისა ნებასა აისრულებს მისგან, მოირჭვამს, აღარად გაიკვირვებს, სხვა მოუნდების. რაცა წინას ექმნას, უკანის ნებიერობს და ჴმა-მაღალ იქმნების შეუპოვრობისაგან. დიაცი გლახ უკანის გაუბედურდების და მამაცი მისგან ერთობ აბეზარ-იქმნების. გლახ მაშინ დიაცი ბადესა დაბმული იქმნების, აიღებს ნებასა, გასცემს პატიოსნებასა, არცაღა მერმე პატივსცემს მამაცი და არცა მისგან შერცხვენდების. აღარ ემოყვრების, ეკიცხვის, არა აქებს და აუგსა მოუთვალავს. დიაცი გლახ იმედის მოლოდნითა დნების, ვითა თოვლი მზისაგან, სიყვარულსა შიგან, ვითა ნადირი, დაკოდილი იქმნების: არცა დადგების და არცა გაქცევა შეუძლია; ზოგჯერ სასუმელთაგან შეშინდების, ზოგჯერ - ქმრისაგან, ზოგჯერ დნების მათისა შიშისა და სირცხვილისაგან. ამა საწუთროსა - შიში და მოყივნება და საუკუნოსა − რისხვა ღმრთისა! და სადაცა- მე ოდეს ვიქმ მე ეგეთსა საქმესა, რომელ კაცთაგან ვირცხვოდი და ღმრთისაგან ვიშიშოდი? თუ ეშმას წადილითა აქა მოვსცთე, საუკუნესა ღმერთი დამწვავს და, თუ ჩემი ხვაშიადი კაცთა ცნან, ყოველსა კაცსა წინა გავბედითდე. მერმე ზოგნი ჩემსა ძებნასა ეცდებიან, მათისა წადილისა გასრულებისათვის თავსა გასწირვენ, ზოგნი ჩემისა მოყივნებისათვის იჭირვიან და ავისა ზრახვისაგან კიდე არას მიდგებიან და, რა ყოველსა კაცსა ნება ჩემგან აუსრულდეს, მე ჯოჯოხეთისაგან კიდე აღარა რომელი ადგილი მემართების. ჩემიმცა მიწყით ღმერთი არის, რომელ მან მართალსა გზასა ზედა დამიფაროს! ჩემიმცა იმედი მიწყით ღმრთისაგან აღსრულდების, მით რომელ მისგან კიდე არავისგან ჴამს წყალობისა მოლოდნა!”
რა ესე სიტყვა ესმა ძიძასა ვისისაგან, რამინისა იმედისა ჴელი მოკლე ნახა მისგან, სხვისა კარისა პასუხი გამოსცა, ეგრე უთხრა:
”ყოველი კაცი ეტლისაგან იქმნების ბედნიერი და უბედური, ღმრთისა განგებისაგან მოვა კაცისა თავსა ზედა, რაცა მოვა, მით რომელ კაცთა სახელად მონა ჰქვიან.
შეგონება: შენ ეგრე გგონია, თუ ძალითა და ჭაბუკობითა ლომსა ლომისა ბუნებასა დააგდებინებს ვინმე, ანუ დიდებითა და ჴელმწიფებითა კაკაბსა ქორისა ბუნება მიეცემისო. ღმრთისაგან ყველა ჩვენსა თავსა ზედა განგებაა დაწერილი და სიცოცხლესა შიგა ვერ ავჰჴდებით ღმრთისა განგებასა და ჩვენგან არ იქცევის წერილი, თუ ვტირთ და თუ ვიცინით. აწ შენცა იგი წაგეკიდების, რაცა ღმერთსა გაუგია, არ მოგემატების და არცა დაგაკლდების”.
ეგრე უთხრა ვისმან:
”ყოველი საქმე ბედისაგან მოვა კაცსა ზედა, მაგრა ვინცა ავი ქმნა, ავი წაეკიდა! მრავალი არის, რომელ ერთსა ავსა იქმს და ასსა უარესსა ნახავს. პირველ ავი საქმე შაჰრომან ქმნა, რომელ მოაბადის ცოლი ვიროს მისცა. ავი მან ქმნა, ჩვენ არა გვიქმნია და ნახე, თუ რაზომი ჭირი ჩვენცა გვინახავს: მეცა მოყივნებული ვარ და ქმარიცა ჩემი, მეცა უიმედო ვარ და მოყვარეცა ჩემი. თვით მე რაჲსათვის ვიქმ ავსა და მერმე ბედსა ვაბრალობ? და მე უბედურისა ბედისაგან განაღა ბედითი ვიყო, რა ავისა საქმისა მიმდგომი ვიყო?”
კვლა ძიძამან ეგრე არქვა:
ჰე, ნათელო ჩემო, არ ჩემი შვილია უსწორო რამინ, რომელ მე ჩემისა შვილობისათვის უშველდე და ჭირისაგან ვიჴსნა. თუ ღმერთი და ბედი მას უშველის, ეტლთა და საწუთროჲსაგან ავი აღარა წაეკიდების.
შეგონება: განაღა გასმია მეცნიერთა სიტყვათაგან, თუ: ღმრთისაგან წადილი მისი ყოველივე შესაძლებელ არს? სოფელი და საწუთრო მბრძანებლობითა დაუბადებია და ყოველი მაშიგან მოძრავი და მათი საჴმარი ჴამსისაებრ გაუგია: ველნი და მოედანნი ვენახად და ნაშენებად შეიქმნებიან და დია დარბაზოანნი გაველდების; მრავალი დიდი დამცირდების და ცოტა გადიდდების. თუ მიჯნურობისაგან ჭირი და სიმწარე გაქვს, შენ ჩაუქობითა შენითა ვერ დაეჴსნები. თუ ღმრთისა განგებაა, გაგიმარჯვებს. იცოდე, ვერ აჰჴდები მისსა საქმესა: არცა კუშტობა გერგების, არცა სიდიდე, არცა მკლავი, არცა საჭურჭლე, არცა გონებიანობა, არცა ჴელმწიფება, არცა კრძალვა და პატიოსნება. რა სიყვარულისა საქმენი მოვლენ, უნებლივ ემორჩილებიან კაცნი ავთა და კარგთაგან. მაშინ საყვედურისა მოსმენისაგან კიდე ღონე აღარაა. აწ გამოჩნდეს ჩემი სიტყვა დია ადრე, რომელ ამა ცეცხლისაგან კვამლი ამოვიდეს. რა უჩნს, თუ რაზომცა ვინ შეგიყვარდა? ჩემსა სიტყვასა მაშინღა აქებ! ცხადად შენცა ნახავ და მეცა, თუ შენი მოყვარე ვარ ანუ მტერი”.
18. ძიძისაგან მეორედ რამინის თანა მისლვა
მეორესა დილასა, სადა პაემანი დაედვა, მივიდა. დასხდეს იგი და რამინ. ნახა, რომელ ძიძა მხიარულობდა და ნიშტიანად იყო. ეგრე უთხრა რამინ:
”ჰე, გასადიდებელო ძიძაო, გუშინდითგან ვითა ბრძანდები? შენ მართლად მხიარული ხარ, რომელ ვისისა პირი გინახავს და მისგან ამო სიტყვა გასმია”.
ჰკითხა რამინვე: ”ვით არის იგი მზე, რომელ რამინის დღენი მას წინათამცა დაილევიან? განაღა მოაჴსენე მას ჩემი მოციქულობა-შეთვლილობა და საბრალობა და გააგონე მიჯნურობისაგან ჩემი უბედურობა?”
ძიძამან საქმიანმან ეგრე უთხრა რამინს:
”მივედ მას შვენვარესა და მოვაჴსენე შენი შეთვლილობა. მე ავად გამჴადა, მაგინა და პასუხი ესე შემოუთვალავს და ამას მოგაჴსენებს:
”რამინ, მართალსა მრუდი ნუ გირჩევია, რომელ არ გამრუდდეს შენი საქმე. შენ რაჲსათვის ექენები? მშვიდობით ქვე დაჯედ! მეტის მოურაობა არავისათვის არის სვიანი. ნუოდეს მოელი ჩემგან შეყრასა, ნურცარას ამისითა იმედითა იჭირვი. წადი, შენი საქმე იურვე. თუ მიჯნურობა გწადიან, ქვეყანასა ზედა დია დიაცსა ჰპოებ. ვითომცა თვით ჩემი სახელიცა არ გასმია, ნუ ხარ ეშმაჲსა მიმდგომი და ნუ შესცოდებ პირველ ღმერთსა და მერმე ძმასა შენსა. შენ ნუთუ ერთხელ ჩემგან შენი ნება ჰპოო, ვიცი, რომელ ესრე მოგძულდები, რომელ ჩემისა სახელისა მოსმენაცა გეაუგებოდეს, და დამეჴსენო”.
მე თვით ესრე მიბრძანა:
”ზე ადეგ, ძიძაო, შენთამცა დღეთა შიგან ნუ გიკადრებია მაგისი შეწამება. და თუ კვლა შენგან მესმისღა ეგეთი სიტყვა, ვირე ცოცხალ იყო, ჩემსა პირსა ვერა ნახავო”.
მე რა მისგან ესე მესმა, მე აღარა შემიწამებია, ვეღარცარას ვჰკადრებ. ამისათვის შევშინდი: ნუთუ ჩემგან აბეზარ-იქმნას და მე ველევიო?!”
რა ძიძისაგან რამინ ესე მოისმინა, მიჯნურობისაგან ესრე ათრთოლდა, ვითა ტირიფი ქარისაგან; გული აუძგერდა და მეტისა სიმძიმილისაგან დაყოვნით-რე უთხრა პასუხი. ეგრე არქვა ძიძასა:
”შემიწყალე კვლადაც და მეორედცა მოაჴსენე ჩემმაგიერ, ვითა:
”ჰე, ელვარეო მთვარეო და მზისაებრ ნათელო! მამაცი ყველა არა სწორია. ნუ ხარ ჩემთვის უწყალო. ზენაარ, თუ მიბრძანო, მე ათასითა პაემნითა შემოგფიცო, რომელ, ვირე ცოცხალ ვიყო, შენი მიწა ვიყო, შენი მიწისაგანცა უფრო. შენი სიყვარული არაოდეს დავივიწყო, სულთაგან უფრო მიყვარდე და ჩემისა ტანისაგან შენი სიყვარული და ჩემი სული სწორად გამოვიდენ. არაოდეს მოვიცილვო მონობა შენი − არა ლხინსა და არა ჭირსა შიგანო”.
ესე თქვა და სისხლისა ცრემლნი ღვარულად ადინნა. თვალნი მისნი მაისისა ღრუბელსა ჰგვანდეს წვიმისა დაულევნელობითა.
შეებრალა ძიძასა უგულო რამინ, მით რომელ დაღონებულობისაგან დია საბრალოდ იყო. ეგრე არქვა რამინს:
”ჰე, თვალთა ჩემთა სინათლეო, მიჯნურობასა შიგან თმობისა იალმაგი ჩაიცვი ტანსა. მიჯნურსა ტირილი გამოაცხადებს და ავად მოუჴდების. ცხადსა მიჯნურსა დია ფათერაკი სდევს. ვისის ნაცვლად, თუ გწადდეს, ჩემი სული გიძღვნა. წავიდე, მოვავლინო და ვისსა კვლაცა შევება, ტანსა უსირცხვილობისა ჯაჭვი ჩავიცვა. მე, ვიდრე სულნი მიდგან, შენ ვერ გაგწირავ. ჩემი სული და სიცოცხლე შენდა შემომიწირავს. ამისგან უფრო გული მართალი არ ვიცი, რომელ ჩვენია და ნება ასრულდების, რა გული მართალი უც კაცსა”.
მივიდა ძიძა ვისსა წინაშე, ათასფერი სიტყვა ზეპირ დაესწავლა. ნახა, რომელ თავ-ჩამოგდებულივე ჯდა. შეჭირვებისაგან გული მწვადსა უგვანდა, თორნესა შიგან შემწვარსა თვალთაგან დაუწყვედელად ცრემლისა დენა ნოეს რღვნობისა ღრუბელსა უგვანდის; დღე და ღამე მოუსვენებელსა ჭირსა შიგან იყო. ძიძა ერთობ ენად მარჯვე იყო და კვლაცა დაუწყო საუბარი. ეგრე არქვა:
”ღმრთისაგანმცა მიწყით დაღრეჯით იგი ზის, ვინცა შენ აგრე დაგღრიჯა! ღმერთმან მისი ჭირი და ბოროტი ქმნას, ვისგანცა შენ აგრე შეჭირვებული და დამძიმებული ხარ! თავის სახლისა ნატამალთაგან მოგიშორა და კიდეგნად ტყვეურად დაგაბა; შვენიერთა დედისა და ძმისაგან მოგაშორა, რომელ ერთი სულსა გიგვანდა და ერთი გულსა! მაგრა აწ ამა უცხოთა შიგან შენცა მიწყით შმაგსა რასა ჰბაძავ? რასაღა გერგების ეგ ცნობა, რომელ ღმერთსა მოუცემია? რადგან შენითა ცნობითა თავსა ვერას ირგებ, მე შენითა ჭვრეტითა ვიწვი და დაღრეჯილი ვარ შენისა დაღრეჯილობისაგან. ბუნებიანი კაცი ცნობილობითა ეძებს თავისა წამალსა და ამით გააქარვებს შეჭირვებასა.
არაკი: შენ ღმერთმან გონება და ცნობა მოგცა, მაგრა ცნობისა და გონებისაგან სიხარული არა გინაწილა. ვირსა ჰგავ, რომელ ზურგსა ჴრმალი ეკიდოს და, რა ლომი ემთხვიოს, ვერად მოიჴმაროს.
აწ ეგზომსა ვირემდინ შეიჭირვებ და ასრე ბეჭედსა ოქროსა ზედა ჩამოჰყრი?
შეგონება: ნუ იქმ, შეიბრალე სიყრმე შენი! ჭირსა ჭირსა ზედა ნუ მოიმატებ. უცხოთა შიგან ნიადაგ ნუ იზახი, ბედსა და დიდებასა ნუ სწყევ! მოისმინე, ანგელოზი შენი მიწყით გახლავს დღე და ღამე და ესმის შენგან ღმრთისა უარის-ქმნა და წყევა დღისა დაბადებისა შენისა. შენ ერაყისა და ხორასნისა დედოფალი ხარ, ყოველთა კეკლუცთა მზე და უხუცესი. სიყრმესა ზღვასა შიგან ნუ ჩააგდებ და მაგა ტანსა ჭირსა შიგან ნუ დაადნობ! იცი, რომელ დღენი ჩვენნი ნათხოვნია და გარდასრულნი, გარე აღარა შემოიქცევის სული დია საყვარელი და აზიზია, შენსა წინა რად ეგზომ უპატიო და საძულველია? სიყვარულსა შენებრ არავინ დააბამს ჭირსა შინა და მიწყით არავინ დაღრეჯს და დააწყლულებს. შენ თუ მიწყით ესე ზნედ გჭირს, რომელ საყვარელთა ამძიმებ, შენსა სულსა შენ დია უყვარ. შენ იგი რაჲსათვის გძულს? რამინ შენსა სულსა ჰგავს, მას შენ უყვარ და იგი შენ გძულს. ნუ იქმ! მოყვარეთა თანა უამე იყავ! ვენაჴისაებრ ნაყოფიერი ხე იყავ, შეიბრალე იგი გლახ ყრმა-კაცი, ნუცა მას დაადნობ და ნუცა შენსა ტანსა უზამ მიწყით გაუხარებლობასა! ნუ უწყალო ექმნები ამას უსწოროსა ჭაბუკსა! გაზარდე მისი სიყვარული, ვინცა შენსა სიყვარულსა ზრდის. თუ შენგან არავინ გაიხარებს, შენი პირი დია კუპრისა სწორია”.
რა ესე სიტყვა ესმა ვისსა, აშფოთდა, აგინა, კუშტად ავი სიტყვა მიუგო ძიძასა და ეგრე არქვა:
”ჰე, საძაგელო და ღმრთისაგან დაწყეულო! ნუმცა შენ, ნუ ვისი და ნუ რამინ! ა-მცა-ოჴრდების ხუზისტანი, სადაურც ხარ! ნუმცა შენი არჯალი პირი და უბედური! შენისა ქვეყნისაგან მაჭაკლის მეტი არა გამოვა და შენისა გვარისაგან გრძნეულისაგან კიდე არა იშობების. თუ შენისა გვარისაგან ათასი შვილი გამოვა, ყველა ბოზი, გრძნეული და მატყუებლობასა უკანა-მდგომი იქმნების. ნურავის არწმუნოს ღმერთმან, რომელ თავისა ასული საზრდელად მისცეს ძიძასა, რომელ ავითა და არაწმიდითა ძუძუჲთა გაზარდოს, მით რომელ მას წმიდასა გვარსა და პატიოსანსა შვილსა აუგით დასვრის, ვითა თავისა შვილსა გარყვნის. თუ შენი ძუძუ მზისაცა შვილმან წოოს, მისისა სინათლისა მოლოდნა ბრალი არის. ღმერთმან ჩემსა დედასა გარდააჴდევინოს, რომელ ჩემი წმიდა გვარი დასვარა შენითა ძიძობითა და შენებრივისა გრძნეულისა და უსირცხვილოჲსა ჴელსა მიმცა, რომელ არცა ცნობა გაქვს და არცა სირცხვილი! შენ მტერი ხარ ჩემი, − არ ძიძა. აწ უღონიოდ წაგიღია და წა-ცა-იღებ ჩემსა პირის-წყალსა. მე ღმერთმან მისი საფარველი დამდვას და შენებრივისა უწრფელობისაგან მიჴსნას. შენ არა იგი ხარ, რომელ თავისა თავი გეფრთხილების მიწყით და პატიოსნობასა აქებ. აწ ამას შმაგურითა საუბრითა და უსირცხვილობითა შენითა ყველა შენი სახელი გააქარვე და შენისა სიყვარულისა ჭირი ჩემისა გულისაგან ამოგიგდია. შენ აქათგან აღარავინა გდებს პატივსა, მისგანვე კიდე, რომელ შენებრ ბოზი და გრძნეული იყოს. შენი საუბარი და სიკვდილი სწორად მიჩნს.
არაკი: ვითა შემოდგომათა ხისა ფურცელი ჩავიჭრები და ეგრე მასწავლი, მოკლეთა დღეთა რად არ გაიხარებ სიძვითაო? ნეტარ, თუ სიცოცხლესა ჩემსა ყველა მადლი ვქმნა, უარეა სიძვასა? სამოთხე და ღმრთისა ნახვა მაგა აგრე ქცევითა არ მიჰხვდების კაცსა. საწუთრო და ლაღობა მეცნიერთა სწორად უჩნს: ლაღობა არსად გრძლად არ იხარებს.
შენ, ძიძაო, სულითა შენითა ნუ იბრძვი მით, რომელ მე შენსა საუბარსა არ მოვისმენ და არცა ოდენ შენსა ბადესა დავებმი! არ ცოტა ყრმა ვარ, რომელ ჭრელითა რაჲთმე მოვღორდე, ანუ, ფრინველი რამე − ქვითა დავგორდე. რეგვენისა რამინის რომელ შეთვლილობა მოგიღია, ჩემსა ყურსა ზღაპარია ცუდი. თუ კვლა ოდესცა შეიწამო ჩემ თანა, ანუ ოდესცა ეშმაკთა წადილისაკე მიმზიდო, არ თურე ჩემისა გვარისა ვარ და შენგან ეგე საუბარი მიამების. მე ამა საწუთროჲსაგან აბეზარ-ქმნილ ვარ და ჩემსა სულსა ზედა მცველად გონება დამიყენებია. ესე კაცმან ყველამან იცის, რომელ ღმერთი და სჯული სჯობს ხუზისტანელსა ეშმასა და რამინსა”.
რა ძიძამან წყრომა ნახა ვისისი და საუბარი ღმრთისა და სჯულისაგან მოისმინა, გულსა შიგან იგონებდა, თუ აწ რა ტკბილად დაეწყო ლაპარაკი და საუბარიო. ეგრე თქვა:
”მე ამა ქალსა ვერაჲთ მოვაღორებ და ვერცა მოვერევი მისსა გულმაგრობასა. აწე ჩემი ღონე გრძნეულობა არის, რომელ შელოცვითა ნუთუ რამე ვქმნა”.
დაუწყო კვლაცა საუბარი ძიძამან და მოიჴმარა თავისა მაგალითობა ენითა და ეგრე მოაჴსენა:
”ჰე, ჩემთა სულთაგან უფრო საყვარელო და ყოველთა შვენიერთაგან უშვენიერესო! მიწყითმცა სიმართლისა მთქმელი და სამართლისა მოქმედი ხარ და მიწყითმცა მოკრძალი და პატიოსანი! მე რა დამეჭირების ეგეთი, რომელ შენებრსა გვარიანსა და წმიდასა მოვაცთუნვებდე? რაჲსათვის გეუბნები ილათითა სხვათათვის, არ უღონო ვინმე დაჭირვებულ ვარ! რამინ არცა ჩემი შვილია, არცა ნატამალი, არცა მზახალი, არცა პატრონი. ამას არ მიბრძანებ, თუ მან კარგი რა მიყო, რომელ მისად მოყვრად შემქმენ და შენად მტერად? მე საწუთროსა შიგან შენი წადილი მომინდების და, რაცა შენ გიამების, მე იგი მიამების. აწ ხვაშიადსა ბუკითა შენთანა გამოვაცხადებ, რადგან ღონე არა მათქმევს. რაზომცა სიდიდესა გემოობ, ეგრეცა ადამის შვილი ხარ, არცა ანგელოზი, არცა ქაჯი და არცა დევი. ასეთსა ქმარსა მოსწყდი, ვითა ვირო არის მაგალითობითა. ესეთი ჴელმწიფე შეგირთავს, ვითა მოაბად არის. შენგან აქამდის არვის გაჰხარებია, ამით რომელ საგებელთა შიგან არავისდა შეყრილ ხარ, და არცა ვისაგან გაგიხარებია და არცა ნივთი იცი.
არაკი: ორი ქმარი შეგირთავს და ორთაგანვე მოწყვედილ ხარ შენ და დიდსა წყალსა ზედა ჴიდი სწორნი ხართ.
თუ ყოლა გაგიგიაღა კაცთა გვერდის წოლა, ამა საწუთროსა შიგან რამინისებრსა ვერა ჰპოებ. რა სარგებელია, თუ შენ მზისაებრ კეკლუცი იყო და შენგან ნაყოფი არ გამოიჭამოს? შენ ესე არ იცი, რომელ მიჯნურისა უმოყვროდ საწუთრო არ ამოა? ღმერთს ფრინველიცა დედალი მამალისათვის დაუბადებია, არ შენ დედალი მამალსა ჰშვენი? მამაკაცი ცოლსა მით შეირთავს, რომელ ერთმანერთისაგან გაიხარნენ. თუ ერთმანერთისაგან არ გაიხარებენ, საწუთროსა ნივთთა უკანა რას უდგებიან? აწ თუ ესე იცი, რომელ მე მართალი მითქვამს, მაშ შენგან ჩემი წყევა და გინება არა პირიანია. მე ესე მითქვამს ამით, რომელ მიყვარ. შენი დედა და ძიძა ვარ. რამინ შენი შესაფერია და შენ მისი. მას შენ უყვარ და იგი შენ გიყვარდეს. შენ მზე ხარ და იგი უსწორო მოყმე. სიყვარულსა შიგან ერთმანერთსა ნუ გასწირავთ. რა მე ორთავე ესრე ერთად გნახავ, ქვეყანასა შიგან ჩემი შესაჭირვებელი აღარა არის”.
რა ძიძამან ესე ყველა მოიუბნა და მოაჴსენა, ვისის მოსაცთუნვებლად ეშმაცა ეშველა, მისითა ლაშქრითა ათასი ბადე დაუგო ძიძამან ვისსა, ათასი ჭა უთხარა გზასა ზედა. ეგრე უთხრა:
”ესე ჴელმწიფეთა და დიდებულთა ცოლები ნახე, ყველა მხიარულობს და ყველასა მალვით მოყვარე უვის, ყველა ცხადად და მალვით გაიხარებს, და შენ მიწყით სტირ და ბედსა უჩივი. ანაზდეულად სიბერე მოგესწრების და სიყრმისა სიხარულისაგან უწილო დარჩები. არცა ქვა ხარ და არცა რკინა, ეგზომსა ჭირსა ვით გასძლებ?”
რა ესე საუბარი ესმა ვისის ძიძასაგან, მეტისა ძიძისა საქმობისაგან აუდუღდა სიყვარული, და მო-რე-ლბა გულქვაობა მისი, დაება მახესა ყოველი ასო მისი ენისაგან კიდე და ენა შეუნახვიდა ხვაშიადსა. და მერმე ამოჲთა სიტყვითა ეგრე უთხრა ძიძასა:
”აჰა, მართალ ხარ, რომელ დიაცი მამაცისათვის დაბადებულია. რაცა გითქვამს, ყველა მართალი გითქვამს და არა გიხლათავს სიჭრელითა. დედანი რაზომცა უსუსურნი და ჯაბანნი არიან, მაგრა ლომთა ჭაბუკთა გულისა და ძალისა წამღებნია. ათასი ავი ზნე სჭირს დედათა სიყვარულთა. ესე სჯობს, თვით არავინ დაებას მათსა სიყვარულსა. მე ესეცა რაცა ვთქვი ამად, რომელ დედათა ადრე გაწყრომა ზნედ სდევს. ესე შენი სიტყვანი ძოღან ვითა მოწამლული ისრის პირი მეცა გულსა, ამით გავკუშტდი, რომელ დასამძიმებელი სიტყვა მესმა, ენა გამრყვნია ავის თქმითა და ამით დია მინანია. არა მიჴმდა შენი ავად გაჴდომა: თუმცა დამეთმო, ჩემთვის უფრო სახელი იყო. თუ მე სიტყვასა არავისსა მოვისმენდე და პასუხსა არ გავსცემდე, მას ჭირად ეყოფის. აწ მე ქენებით ღმრთისაგან მშვიდობით დაცვასა ჩემსა ვითხოვ და ავისა თქმისაგან ენისა ჩემისა შენახვასა და, ვირე ცოცხალ ვიყო, ჩემსა სიწმიდით დაცვასა, ვითა მოყვარეთა გაუხარდებოდეს და მტერთა დაუმძიმდებოდეს. და [შაგირდს] ნუ მისცეს ღმერთმან შენებრი ავის შემნდობელი და ეგზომ უბედურისა საქმისა მაწვეველი.
19. ძიძისაგან ვისის გაყრა და მესამედ რამინის ნახვა
რა მეორესა დღესა დილისა ჟამსა მზე ამოვიდა, მივიდა მუნვე ძიძა, სადა ვისის პასუხსა მოელოდა რამინ. ძიძა დაღრეჯით იყო და ეგრე უთხრა:
”რა ცუდად იჭირვი? ცეცხლსა შიგან წყალსა ვირემდინ ეძებ? არ ეგების ქარისა შეპყრობა, არცა ზღვისა ერთითა ჴელითა ამოშრობა, არცა ვისის ქვიანისა გულისა მოლბობა, ვითა მას გვერდით საგებელსა შიგან წოლა. ტინისა კლდისაგან სიყვარულისა წყალი გამოედინების და მისგან არა. სიყვარულსა შიგან მთაცა აჯობებს. თუ კლდესა შეჰყივლოს, იგი პასუხსა გამოსცემს კაცსა და ესე ავცნობითა პასუხსა არ გამოსცემს და არ იტყვის, ღრიანკალსა ჰგავს. შენი მოციქულობა მოვაჴსენე, შენთვის პასუხი არ მასმია, მაგრა მე დია მაგინა. და ესე უფრო მიკვირს მისგან, რომელ არცა გრძნეულობითა, არცა შელოცვითა, არცა არაჲთა ჴელოვნებითა იქმნების. მას თანა ჩემი მაღორებლობა ასრე გავა მას გვერდით, ვითა მთრვალსა თანა აქიმობა. ვითა წყალი ქვითა არ დაიკოდების, აგრე ჩემი ხვაიშანი და შელოცვა მას არა დაეკარების”.
რა ესე სიტყვა ესმა უგულოსა რამინს, ვითა შავარდნისა ჭანგთა შიგან მყოფი დაკოდილი კაკაბი, თავსა უწევარ იქმნა, საწუთრო დაუბნელდა და იმედი გარდაუწყდა; სიკვდილი მიეახლა და ფათერაკისა ღრუბელსა დაემსგავსა, თვალთა ნამი ჰქონდა და გულსა ელვა; უიმედობისაგან გული უმცრდებოდა, ათასი ისრის პირი გულსა უმსჭვალვიდა, ჴმამაღლა იზახდა და ყიოდა:
”ჰე, ძიძაო, ზენაარ, ზენაარ! ერთხელ კვლა მეწიე, ქვეყანასა ზედა შენს მეტი არავინ მივის. შენსა კალთასა და კისერსა მოკიდებულ ვარ; მე და ჩემი სიხარული შენი ზენაარი ვართ, თუ შენგან უიმედო ვიქმნები, აწვე სიცოცხლე დამელევის. ვეღარა ვთმობ, სრულად გავხელდები, და გულისა ჩემისა ხვაშიადსა გამოვაცხადებ და საარაკო და მოყივნებული დავრჩები ქვეყანასა შიგან. თუ ერთხელ კვლა მოიჭირვო, შემიწყალო და ჩემი უბედურობა მას მზესა გააგონო, ვირე ცოცხალ ვიყო, სულნი შენად მონაცემად მქონდენ. აროდეს დავივიწყო შენი მონობა. რა უჩნს: ნუთუ მოლბეს მაგარი გული მისი ჩემზედა და მოიღოს მოწყალება და აანთოს სიყვარულისა სანთელი, ნუთუ ინანდეს ავცნობობასა და მაშინდელსა შენთვის გაწყრომასა, და არა დაღვაროს მისთვის შეუცოდებელი სისხლი და არა წამიღოს მისთა დედათათვის ჩემგან უშურველად შესამატებელი სული? ჩემმაგიერ დია თაყვანისცემა ჰკადრე და ეგრე მოაჴსენე:
”ჰე, იმედო ბერთა და ყრმათაო! გული ჩემი, ვითა ცვილი, საზელად გაქვს და შენვე გმართებს მისი ქონება, მით რომელ გულისა შენახვა იცი. ჩემსა თავსა და ტანსა ზედა ჴელმწიფე ხარ და ესეთი ჴელმწიფობა შენვე გშვენის და გფერობს. და თუ მე ერთხელ გულსა მიჩვენებ, დღეთა ჩემთა შენსა სამსახურსა შიგან დავლევ. შენცა იცი განაღა, რომელ მონობასა მივაგებ, თუ მაღირსებ და მონად შეიწირავ თავსა ჩემსა. და თუ ერთხელ შემიყვარო სიყვარულითა, მაშინ შეიგებ, თუ სიყვარული ვით ამოა. თუ ასი ათასი მოყვარე გესვას, ერთი ჩემებრ შენთვის სულგანწირული ვერ ჰპოვო მათ თანა. შენ მზე ხარ და, თუ ჩემზედა ნათობ, სიყვარულსა იაგუნდად შემიქმ. ნუ გინდა ჩემი შენთვის არმონობა, ნუ გიჩნს აუგად ჩემი მოყვრობა, დამჴსენ ნიადაგისა ჭირისა და უბედურობისაგან! მაცოცხლე, რომელ დღენი ჩემნი შენსა სამსახურსა და ნების-ყოფლობასა შიგან დავლივნე! და თუ ჩემი სულთა ამოხმა გწადიან, მაშინ ასრე ადვილად ეგების ვითა? და თუ უწყალობასა მოიღებ ჩემზედა, მე აწვე უღონო-ქმნილ ვარ. ვერ გავძლებ შენისა ჯავრისაგან: ანუ დიდსა კლდესა, ანუ დიდსა წყალსა თავსა ჩავიგდებ, რომელ დავეჴსნა ჩემსა ყოფნასა. მას საუკუნოსა ჩემთა ბრალთა შენ გთხოვ და იგი შენ გკითხავს, რომელ მე მას ღმერთსა, ყოველთა დამბადებელსა და მოსამართლესა, წინაშე მითქვამს და მოწმად იგი დამიყენებია”.
ამა საუბარსა ზედა მეტის ტირილისაგან ცნობასა მიჰჴდა, ძიძასა ექენებოდა. და ძიძასა კვლაცა შეებრალა. მივიდა ვისისა წინაშე, რომელ რამინისაგან გული კვლა მას უფრო სტკიოდა. მივიდა, დაჯდა გულითა მდუღრითა სულ-დაღებით და გულსა შიგან შეკაზმა სიტყვა რამინის საქმისათვის. ეგრე მოაჴსენა:
”ჰე, კეკლუცთა ყოველთა ჴელმწიფეო! შენთვის კვდებიან, ვინ გახლვენ და ვინ გაშორვენ, იგინიცა. მე ერთი ხვაშიადი მიც შენსა წინაშე და შენისა სირცხვილისაგან დაბმულია ჩემი ენა. და მეშინიაცა შაჰი მოაბადისაგან, ამით რომელ ავთაგან ყველასა ეშინიან. ყვედრებისა და აუგისაგან ვიკრძალვი, ამით რომელ ნუთუ რა ავი წამეკიდოს. ჯოჯოხეთისაგანცა მაქვს შიში, რომელ შეცოდებული ვიწვებოდე მას შინა, მაგრა რა ვქმნა? რა რამინის საქმესა მოვიგონებ და მისსა პირსა ზოგჯერ გაყვითლებულსა და ზოგჯერ გაწითლებულსა, ნიადაგ ცრემლითა ბანილსა, მისთვის ნიადაგ ცნობისა ჩემისა თვალი შეიკვრის და გული ჩემი აენთების. ეგზომისა ზენაარისა თხოვნა ჩემთვის შიშსა მიმაცილვებს და საწუთრო მომძულვებია მისისა ბრალისაგან. მე იგი ასრე მებრალების, რომელ არცა სულნი მშურან მისად სარგებლად. დია მინახავს საწყალი მიჯნური გულ-ცეცხლიანი და თვალთაგან სისხლ-ცრემლიანი, მაგრა ამისად არაკად საბრალო მიჯნური არვინ მინახავს. ათასსა მიჯნურსა მისი ოდენ სულთქმა დასწვავს. სიტყვა მისი მკვეთია და თვალნი მიწყით ცრემლიანნი. ჩემი თმობა მისისა ჴრმლისაგან მოკვეთილია და მისთა ცრემლთა ღვრისაგან სახლი ჩემი დაქცეულა. თვით დია მეშინიან, ნუთუ ანაზდად მოკვდეს და ღმერთმან მე მკითხნეს მისნი ბრალნი! არა სარგებელია მისთვის უწყალობასა შინა ყოფნა. ნუ იქმ, ნათელო ჩემო, შეიბრალე მისი უღონო-ქმნილობა! შენსა კალთასა ნუ დაისვრი მისითა სისხლითა! რა დაგაკლდების, თუ იმა ჭირითა არ დაელივნენ დღენი? და რა გაგვა, თუ მისგან არ გაიქცე, რადგან საშენოა? ღმერთი სხვასა მისებრსა არ დაბადებს და არცა დაუბადებია. ესე ყოვლითურთ უკლები კეკლუცი მისთვის დაბადა, რომელ იგი შენი შესაფერი და უებროა. ღმერთმან მით მისსა საფარველსა ქვეშე დაგიცვა ქალწულად, რომელ შენი თავი რამინს მისცეს, იგი და შენ ჩვენი ჴელმწიფენი იყვნეთ და მან აიღოს შენი ბეჭედი. ამისგან კიდე არა იქმნების, რომელ შენი უხუცესი იგი იყოს, და სიყვარული ცოლობისა მისთვის გამოსცადო და ერთმანერთისაგან იხარებდეთ”.
ამას ვითა ძიძა უბნობდა და ფიცვიდა, ვისი გულსა შიგან იდასტურებდა. და შეუყვარდა გულსა შიგან ვისის რამინ. და დაუწყო წყალობა და დაუგდო მტერობა. სიყვარული გამოაჩნდა და მოიმატა მისისა ცეცხლისა კვამლიცა. მოვიდა ჟამი რამინის სიხარულისა და დაუბლაგვდა მახვილი ენა საპასუხოდ. სულისა დაღება ნიშანი იყო ძიძისა სიტყვისა დაჯერებისა და მიზეზსა ეძებდა დაუჩენელობისასა. მიდამო-იხედვიდა, სირცხვილისაგან პირისა ჰაერი მრავალ-ფერად ექცეოდა: ზოგჯერ გაუყვითლდის და ზოგჯერ გაუწითლდის. ვითა წყაროსთვალი − ცრემლი სდიოდა და ოფლი, აუგისა შიშითა იწოდა.
არაკი: მოყვარულისა გული ტანისაგან გულსა ესრე გამოსტაცებს, ვითა მაღნიტი-ქვა რკინასა. ცალკერძი სიყვარული ასრე არ გაიზრდების, ვითა ცალსა ტვირთსა ვირი არ დაიკიდებს.
იცოდა გრძნეულმან ძიძამან, რომელ ისარი მართლად შესტყორცა, დამფრთხალი კანჯარი ბადესა შეაბა და გრძნებითა და შელოცვითა ქარი დაებორკილა.
20. ვისისაგან რამინის ნახვა მოაბადის დარბაზთა შიგან და მისთვის გამიჯნურება
რამინის ბედისაგან შაჰი მოაბად დარბაზნი შეაკაზმინა. რამინ უჴმო და სრულად დიდებულნი და აზნაურნი. ყველანი ერთობით სმად და სიხარულად დასხდეს. მუტრიბთა ამღერებდეს, ცისებრ ავსილ იყო დარბაზი მზისა, მთვარისა და ვარსკვლავთაგან. სიხარული ჰქონდა დიდი.
მოაბადის ამირ-სპასალართა შიგან რამინ ესრე ჩნდა, ვითა ვარსკვლავთა შიგან მთვარე. გაზრახვით მოჭარბებით შეკაზმულ იყოცა. მუშკი და ქაფური ვარდრეული აშვენებდა. მიწყითისა გონებისა და შეჭირვებისაგან გული მისი წელთავე დამსგავსებულ იყო სიწლოჲთა და საწუთრო დაჰნაღვლებოდა. სმად, ნადიმად და სიხარულად მჯდომი მუტრიბთა თანა, წყალსა შიგან მრჩვალსა ჰგვანდა. მიჯნურობისა და ღვინისაგან ორფერი სიმთრვალე ჰქონდა: ღვინისაგან პირი ყაყაჩოსა დაჰმსგავსებოდა, მიჯნურობისაგან გული − მძინარესა. ვისის გონება ტვინსა გასჯდომოდა და სახე მისი თვალთაგან არ მიეფარებოდა.
ვისი თვით ძიძასა მოეყვანა, მალვით სარკმელითა აჭვრეტინებდა მსმელთა დიდებულთა და რამინს. თვით ძიძამან განაღამცა ეგრე მოაჴსენა ვისის:
”ჰე, თვალთა ჩემთა სინათლეო! ნახეცა ვინ რამინს უკეკლუცესი ლაშქართა შიგან? მიბრძანე, შენსა მზესა, არ წყლიანი და უმიზეზოა? არ დია ჰგავს რამინის პირი ვიროს პირსა? არ ღმრთისა წყალობაა, რომელ შაჰი მოაბადის დარბაზი მისგან ელავს? ჴამს, თუ ისი უსწორო გიყვარდეს და ერთმანერთისაგან გაიხარნეთ”.
ვისი ვითაც უჭვრეტდა რამინს, ეგრევე სიყვარული მოემატებოდა და, რა კარგად გაიცადა რამინ, ვიროს სიყვარული სრულად დაავიწყდა. გულსა შიგან ამასა იტყოდა:
”აჰა, ნეტარძი მას, ვისცა ესეთი ქმრად მიჰხვდა! ნეტარ რას უბედურობასა მომახვედრებს მისი ნახვა, რომელ ვირო იმან ისრე სრულად დამავიწყა? აწ რადგან ძმისა და დედისაგან მოწყვედილ ვარ, მიწყით რად ვიწვი, რაღა სარგებელია? რად ვზი მარტოდ ეგზომსა ხანსა? ვირემდის ჭირი გავძლო? არ რკინა ვარ. ამისსა უკეთესსა მოყვარესა ვერა ვპოვებ. მიჯობს მისი წადილი ავასრულო”.
ესეგვარსა რასმე იგონებდა გულსა შინა და მათ დღეთა ცუდად წარჴდომასა ინანდა. მას სიყვარული არა გამოუცხადა, თუცა მისისა მიჯნურობისაგან გახელებულ იყო და ცეცხლი ეგზებოდა. ძიძასა ეგრე უთხრა:
”ეგეთია რამინ, ვითარსა იტყოდი, დია კეკლუცი და წყლიანი არის. გვარიანობაცა აჩნია და ჩემსა ძმასა ვიროსცა ჰგავს, მაგრა, რასაცა ეძებს, ესეცა იცოდი, ვერ ჰპოებს. თუცა ჩემი პირი მზეცა იყოს, მას ზედა არ ნათობს. და არცა თავსა ჩემსა მისებრ გავჰჴდი და ვაჭირვებ, არცა აუგითა ავივსები და არცა ჭირსა შიგან ჩავიჭრები. მას ღმერთმან ჩემად ნაცვლად სხვა ვინმე მისცეს და ჩემი სახელი და სიყვარული დაავიწყოს”.
რა ვისი სარკმელთაგან ქვე ჩამოვიდა, თავისა დარბაზსა შევიდა, თვალთა აღარა უჩნდა რამინის სიყვარულითა და გონებანი აღარა ჰქონდეს; ფერი ჰკრთებოდა და გული ერთსა ალაგსა ვეღარ ეჭირა. მძლე ეშმა მისად ომად მისრულ იყო, მისსა გულსა შიგან ჭანგი ჩაემაგრა და მითივე ჭანგითა წაეღო პირისაგან ფერი, ტანისაგან ძალი და გულისაგან თმობა. ვისი თვით ჯაბანი იყო და, რა საქმე საზომისა გარდაჰჴდა, გული წაუვიდა, აღარცა ფერი დაადგა. ზოგჯერ ცნობა მოიჴმარის, თმობა და პატიოსნება გამოარჩივის. რა კარგად-რე-იგონა, ღმრთისა შიში ჩაიგდო გულსა; რა გუნებამან მისმან პატიოსნობა გამოურჩია, აუგისაგან იკრძალოდა და სიყვარულისათვის ნანვა დაიწყო. მიჯნურობასა სიწმიდე და მოღმრთეობა გამოარჩია. დადვა გული, რომელ არაჲთ ღონითა არ იავქცეოს და არ დადვას თავი მისი სასთაულსა, რომელი არა ჴამდეს; არცა უნდეს რამინ და არცა თავისა კრძალვა დააგდოს.
ესე ძიძამან არ იცოდა, თუ ვისის გული ექცა და მოსძალდა მიჯნურობა.
21. ძიძისაგან რამინის გვერცა მისლვა
მივიდა მხიარულად ძიძა და რამინს ეგრე მოაჴსენა:
”შენისა ჭირისა ბოლო მოჰჴდა, მგონია. ფრთხილი ვისი ცოტად დაწყნარდა, კუშტობა დააგდო და დამშვიდდა. შენისა შეჭირვებისა ხემან ნაყოფად სიხარული გამოიღო”.
რამინ ასრე გამხიარულდა, ვითა ნახევარ-მკვდარმან კაცმან რა სიცოცხლე დაისკვნას, მეტისა სიხარულისაგან ცრემლნი გარდმოსცვივდეს. თაყვანი-სცა ძიძასა და მას წინა მიწასა აკოცა და ეგრე არქვა:
”ჰე, ყოველთა გონიერთა უგონიერესო! ჩემგან მაგის მადლი არ მოიგონების, რომელ სიკვდილისაგან ჩემი უშიშობისა ღონე გიძებნია. თუ სულიცა ჩემი მოგცე შენისა ჭირისა ნაცვლად, არცა იგია, მაგრა ღმერთმან სამოთხით გარდაიჴადოს. შენ ჩემი მაცხონებელი და პატრონი ხარ. თავსა ჩემსა შენთვის არა ვსწყალობ და მბრძანებლობასა შენსა არ ვაქცევ, ტანი და თავი შენისა სამსახურისათვის არა მშურს”.
რა ესეგვარი მადლი დია გარდაიჴადა, ათი ათასი დრაჰკანი წინა დაუდვა და სხვა ერთი საჴელმწიფო ზანდუკი თვალითა და მარგალიტითა სავსე, ორასი ოქროსი ბეჭედი თვალადი და მრავალი მუშკისა უპე და ქაფური. ძიძამან ესე ერთიცა რამინისაგან არ აიღო. ეგრე მოაჴსენა:
”ჰე, ჩემო სიხარულო! მე საქონლისაგან შენ უფრო მიყვარ. მე საქონელი ულევნელი მაქვს. ჩემთა თვალთა სინათლე შენ ხარ, ჩემი თვალი და მარგალიტი შენი ნახვაა, შენ მომინდები, არ ოქრო”.
ერთი ბეჭედი აიღო რამინისაგან იადგრად და სხვა არა დაიჭირა.
ვისსა წინაშე მივიდა ძიძა და იგი დაღრეჯილად დახვდა, ცრემლისაგან მიწა დაესოვლა. სარჩელი დაუწყო:
”ვირემდისი ეგე, ანუ აწ რაღა გჭირს?”
იგი კვლაცა გაუწყრა ძიძასა და ღმრთისა საუკუნოჲსა შიშისა დაიწყო საუბარი. ეგრე უთხრა:
”მე ღმრთისა საქმენი მოვიგონნე, არცა რამინ მომინდების და არცაღა თავი. რად ვიქმ ავსა საქმესა, რომელ ერთხელ მისმან ქმნამან მომკლას და მომაყივნოს? ამა საწუთროსა ჩემთა ნატამალთა რაღა პასუხი გავსცე ანუ მას საუკუნესა რა ღმერთი გამიკითხვიდეს? რა მიზეზი უთხრა? ესე ვჰკადროა, თუ ერთისა წადილისათვის ათასი ნატამალი მოვაყივნეო?! თუ რამინ ამო და საყვარელია, მისგან უამესია სამოთხე და ღმრთისა წყალობა. თუ რამინ მემდუროდეს, არა მგამა, ღმერთი მოწყალე მექმნების. თუ აწინდლისა რამინის სიყვარულისათვის მაშინ ჯოჯოხეთსა ვისჯებოდე, რამინის სიყვარული არღარას მომეკერების. არაოდეს მიქმნია ავი საქმე და არცა ვიქმ, თუ დღეცა ნათელი ჩემთვის ღამისაებრ დაბნელდების”.
რა ესე სიტყვა ესმა ძიძასა, მისებრად დაიწყო ენა-მელურობა და ეგრე მოაჴსენა:
”ჰე, დედისა ღონეო და ნათელო! ავცნობობისაგან კიდე სათავნო არა გაქვს.
არაკი: ერთსა სიტყვასა ზედა ვერაოდეს დასდგები, მბრუნავი ხარ, ვითა წისქვილისა ქვა. ქვეყანა არ იქცევის და საწუთრო და შენ ბრუნავ, ვითა ნარდთა მღერისა ჟამსა კამათელნი, ვითა ფეროზი თვალი, ფერსა ადრე იქცევ და, ვითა რკინა, ადრე ჯანგდები.
შენ ღმრთისა ბრძანებისაგან ვერაოდეს გარდიხვეწები ეტლთა და საწუთროსა ვერ შეებმი. თუ შენ ამა ავცნობობასა ვერ დააგდებ, შენსა წინაშე ყოფნა ვერავინ გასძლოს. მარავის ქვეყანა და შაჰი მოაბად ღმერთმან შენ გიბედნიეროს და მაჰისა ქვეყანა და შაჰროს წინაშე ყოფნა ღმერთმან მე მომცეს. მე აქა მარავსა შენგან კიდე არავინ მედგა და შენცა იცი, რომელ აწ შენს გვერდით ვერცა დევი გასძლებს. მე მტერთაებრ უპატიოდ დამხედავ, მიწყით მაგინებ და ავად გამჴდი. წავალ შენსა დედასა წინაშე, ამოდ დავრჩები და შენ, შენსა სიკუშტესა ვეღარ გიჭვრეტ. შენ იცი და შენმა ღმერთმან და ვინცა მოგინდეს. მე შენი საუბარი და სიახლე დია მეყო”.
ეგრე უთხრა ვისმან:
”ძიძაო, რაჲსათვინ შეგიყვარდა ესრე რამინ? ერთი უცხო შეგიმეცნიერებია და მისითა გზითა ჩემგან აბეზარ-იქმნები. შენ გული ვით გეტყვის ჩემგან მოწყვედასა, წასლვასა და სხვაგან ამოდ ყოფნასა? მე უშენოდ გლახ ვით ვიყო? მე შენ აქა დედისა ნაცვლად მყავ. ვაგლახმე, რა შავადა და უბედურად ჩემი ბედი! რა უკუღმართად ყოველი ჩემი საქმე! დედისა და სახლისათვის მოწყვედილ ვარ და ძმისა და ნატამალისაგან კიდეგან-ქმნილ ვარ! შენ ოდენ იყავ ყველასაგან უფრო ჩემი იმედი და იმა სიმარტოესა შიგან ჩემი ჭირისა მაქარვებელი, და აწ შენცა აბეზარ-ქმნილ ხარ ჩემგან და ჩემთა მოსისხლეთა დამოყვრებულ ხარ. აწ ასრე ერთობ გამწირავ და თავისა სახელსა წყალსა შიგან ჩააგდებ, რომელ შენცა შეგექმნას სინანულად. ამა ჭირისა წამალსა ეძებდე და ვერა ჰპოვო”.
ძიძამან უპასუხა და ეგრე მოაჴსენა:
”მზე ხარ კეკლუცთა და არამცა მოგაცდუნვა სიკეკლუცემან. ღმრთისა განგება თავსავე ზედა ქმნილა შენთვის. ეგე ეგზომი უსარგებლო სიტყვა რასაღა გერგების? დააგდე სიჭრელე შენი და ლამაზობა და მიბრძანე ოდეს ნახავ რამინს და ანუ ოდესღა დაემოყვრები, ანუ ოდესღა დაჰჴსნი ჭირთაგან? ერთსახე გაგიგრძელებია უსარგებლო საუბარი, ჟამია, რომელ ბოლო შეუქმნათ და მისი სიტყვა-ამობა და შენი ჯომარდობა ერთგან შეჰყარნეთ. სიყრმისა სიამოვნე შენი მძინარე არის, გააღვიძე, გამოაჩინე გვარიანობისა კაცობა და ანაყოფიანე სიხარულის შტო, ჴელმწიფობისა და სიყრმისაგან ნაწილი აიღე და შენი დღენი სიხარულით დალიენ და სიყვარული უმუქფენ. თვით ღმრთისაგან შეიშინე. არ ეგების ეგეთი უზენარობა. გვარად არცა ქაჯი ხარ და არცა ანგელოზი. ერთი ჩვენგანი ხარ, მიწისაგანვე დაბადებული, მიწყით ნებისა და სიამოვნისა მონატრე და მიწყით სიამოვნისა ბადითა დაბმული. ღმერთსა კაცთა დაბადება ესრე გაუჩენია, რომელ დიაცსა და მამაცსა ერთმანერთისაგან უფრო არ უყვარს და, თუცა ამისი ძალი იცოდე, მემცა ეგზომსა აღარ მაქენებდი და ამას შემოგფიცავ, რომელ ესე ჩემი სათქმელი, ოდესცაღა ბოლო მოჰჴდეს ამა საქმისა, მაშინ არ გემტყუვნოს”.
ვისმან ეგრე უპასუხა ძიძას:
”შვენება სამოთხისა უამეა მაგას, რომელ შენ მაწვევ. თუცა შენ და შენს გრძნეულობასა დავეჴსნებოდე, მე დიდად ადვილად ველევი მამაცსა. მე შენისა დამძიმებისა გონება მეძნელების. თვარა რამინის დათმობა დია მეადვილების. თუცა შენსავე დამძიმებასა არ ვერიდებოდე, დია ჭირსა ნახვიდა ჩემისა მიჯნურობისაგან შენი რამინ. თუცა შავარდენი ყოფილ იყო, ვერცა ეგრე მომეწეოდა და, თუცა ქარი ყოფილ იყო, მტვერსა ჩემსა ვერ ჰპოებდა. აწ შენ ამისთვის მოაჭირვე, რაცა ეგების, რომელ ესე ჩვენი ხვაშიადი არ გამოცხადდეს. თვით შენ იცი, მოაბად ვითარი დიდი ჴელმწიფეა, გაწყრომისა ჟამსა ვითა ძნელად გამწყრომი, შეცოდებისა უნახავი ჴრმლისაებრ მკვეთია და დაუმძიმებელი ლომისაებრ, უზენაარო. თუ ჩვენსა საქმესა ოდესცა შეიგებს, უღონიოდ თანავე დაგვჴოცს და გამოცხადებამდინ გვაქვნ სულნი ნათხოვნად”.
22. რამინისი და ვისის ერთგან შეყრა
რა კარგი წელიწადი და კეთილი მოვიდოდეს, გაზაფხულვე შეეტყვების, ვითა ვისის და რამინის საქმე თავსავე ზედა მომარჯვებით იქმნა. რა ვისმან სიყვარულით შეჰხედა რამინს და საწუთროჲსა ზეინკალმან მისისა გულისაგან მტერობისა ჯანგი აღმოჰჴოცა, თუცა ჭირი და გულის ტკივილი დიდად ენახა სიყვარულსა შიგან, ერთგან დიადიცა გაიხარნეს. მასვე კვირასა ერთგან შეიყარნეს, რომელ უნებელი არსად ქარი ეცა.
შაჰი მოაბად აიყარა ხორასნით და ნობათსა-კარავსა პირი [გურგა]ნისაკენ აქნევინა, გურგანით ქოისტანს მივიდა და ქოისტანით რეს მივიდა და ხანსა დაზმიდის. თავისა ქვეყანათა შიგან იურვოდის და ინადირებდის. დარჩა რამინ ხორასანს, მარავს შიგან, ამით მიზეზითა, რომელ თავი მოისნეულა. ძმამან თავისა ადგილი, ტახტი და ქვეყანა მას შეავედრა და მოსამართლეობა და სიმდაბლე დაავედრა. შაჰინშა წავიდა მარავით ქალაქით და დარჩეს მარავშიგან ვისი და რამინ და ძიძა.
პირველსა დღესა დაჯდა ვისი პირ-მზე ნებიერად, ფეროვნად და სურნელიანად სადედოფლოსა მაღლად აგებულსა დარბაზსა შიგან, ზეით ქვეშემდისი ოქროჲთა მოხატულსა. ამას დარბაზსა სამნი კარნი ებნეს: ერთი დიდსა დარბაზსა გასავალსა, ერთი წალკოტისაკე და ერთი დაღმა გზისაკე. ჯდა ვისი, ვითა მზე, ტახტსა ზედა, სიკეკლუცისა და სიმხიარულობისაგან თავდაჯერებული დიდსა გემოობდა. თავით ფერჴამდინ თვალითა და მარგალიტითა შეკაზმული იყო. და ვისისა შვენებისაგან ყოველი კეკლუცი დადუხჭირებულ იყო. ასი ათასი ვარდი პირსა ზედა უყვაოდა და ოცდათორმეტი მარგალიტი დაცმული პირსა შიგან უნათობდა. ვისის სული ვისაც ეცემოდა, მკვდარსა გააცოცხლებდა და წყლულსა გაამთელებდა. წალკოტსა შიგან ვარდი მისისა პირისაებრ აყვავებულ იყო და მუშკისა სული სდიოდა. ვისისა საუბრისაგან სურნელობისა კვამლი, ვითა ჰაერსა ზედა ღრუბელი, დადგომილ იყო; თუ სთქვა, ამბარსა და ალვასა აკმევდეს.
სხდეს მათ წინაშე დიდებულთა ცოლნი და ასულნი, ვითა მზენი, თუცა მას წინაშე არად ჩნდეს, და ვარდის წყალსა ზედაჲთ აწვიმევდეს. სამოთხესა ჰგვანდა მათი დარბაზობა. ძიძა, ვითა სამოთხესა, ზოგჯერ ვისსა ჰკაზმიდის, ზოგჯერ დარბაზსა. რა დარბაზობა გამოიყარა და ხალვათად დასხდეს, ძიძამან ზემოჲსა გზისაკენ რამინ შემოიყვანა მოაბადის საწოლსა შიგან. ვითამცა არ იგი სახლი ენახა და არ მისი გულის წამღები ვისი გაეცადა და არ ადრითგანი მისი საწადელი გასრულებოდა, ასრე სიხარულითა უჭკუო იქმნა და გულსა ესე ვერ დაეჯერა, თუ ესე შენზედა ეგებისო. მისითა შეყრითა უკვდავებისა წყალი წვიმდა მას ზედა. რა რამინ ქვეყანისა დამაშვენებელსა მზესა გვერდით დაჯდა, მაშინვე მისისა გულისაგან ცეცხლი და კვამლი დაშრტა. სიხარულითა ორნივე ღაწვნი უყვაოდეს და ეგრე არქვა:
”ჰე, ყოვლისა სიხარულისა დასაბამო! ღმერთსა ყოვლითურთ უკლებობა შენდა უბოძებია, გვარად ყოველთა დედოფლთა უფროსი ხარ და საყვარლობისა საქმითა ყოველთა გრძნეულთა ოსტატი. ვარდი ხარ, ქაფურეული, მუშკ-სული, თმა-ამბარი, მთვარისა სახე და სარო-ნაკვთი. შენ სიკეკლუცითა მზე ხარ და ნეტარძი მას, ვისცა ანათობ.
არაკი: შენ ელვარებითა მნათობი მთვარე ხარ, მაგრამ მიჯნურისა გულისა დამაბნელებელი. ბედსა შენდა ესეთი სინათლე მოუცემია, რომელ უბედურსა ბედისაგან ჯანგსა ამოჰჴოც”.
რა ესე საუბარი ვისსა ესმა, სირცხვილითა ნელად და ლამაზად ნაზი პასუხი გამოსცა და აგრე არქვა:
”ჰე, ბედ-სვიანო ჯომარდო! მე საწუთროჲსაგან დიდად დიდნი ჭირნი მინახავნ, მაგრა ეს თურე არა ჭირი მინახავს, რომელ აწ ჩემი მოყივნება მომიადვილებია. ჩემი წმიდა გვარი და ტანი მისვრია, ცნობა და სირცხვილი გამიწირავს, მაგრა ესე ავი საქმე ორისაგან წამკიდებია: მიწყით უბედურისა ბედისაგან, მერმე ჩემისა ძიძისაგან. მან ჩამაგდო მოყივნებასა მისითა გრძნებითა და ფიცითა. ჩემზედა მოიჴმარა, რაცა შეეძლო, მისი მაგალითობა და ბიჭობა, ქენება და შეხვეწნა, მაგრა აწ ამას გკითხავ: ჩემზედა მტერთა ჩემთა გაახარება და ვარდისაებრ ცოტასა ხანისა მოყვრობასა შინა ხარა, ანუ დაიდგამ კაცობასა და იაგუნდისაებრ საგრძელო ხარ? თუ რაზომსაცა წელიწადსა ცოცხალი ვიყვნეთ, არა ინანი ამა საქმესა, რასა შიგან შესრულ ხარ და არა ცოტასა ხანსა ხარ, ეგრე თვით ესეცა ვიცოდე და, თუ არა, რაცა ამას საქმესა მოუთქს, მას ჭირსა და მოყივნებასა ნუ შესდგები.
არაკი: ერთისა წამისა გულის-ნების პოვნისათვის საუკუნოსა აუგსა და მოყივნებასა ნუ ჩაიჭრები. ათას წლამდინ გულის-ნებისა პოვნა ერთ აუგად არა ღირს, ამით რომელ ჯანგი მისი უკუნისამდი დაეკვრის კაცსა. იგი ნება, რომელ ერთისა დღისა იყოს, მისი ჴამს, რომელ გონებადცა არ შემოუშვას”.
კვლაცა დაუწყო რამინ ქება:
”მერე ესე ქვეყანა! მაჰისა ქვეყანისაებრი არა ვიცი, რომელსა შენებრი მზე გაზრდილა, და არცა შაჰროსებრი დედა მინახავს, რომელსა ძე ვიროსებრი უშობია და ასული შენებრი. ათასითა კურთხევითა ღმრთისაგან კურთხეულმცაა უკუნისამდი გვარი შენი და მშობელნი შენნი, რომლისაგან შენებრი გამოვა!
ნეტარძი შენსა დედასა და ნეტარძი შენსა მამასა და ძმასა!
ნეტარძი შენთა მოახლეთა და მსახურთა!
ნეტარძი მას, ვინცა შენსა პირსა უჭვრეტს ანუ სახელიცა ასმია შენი!
ნეტარძი შენსა ძიძასა და მასცა ნეტარძი, ვინცა შენი მიჯნური და მოყვარული არის!
მარავსა ესე სახელი უკუნისამდი ეყოფის, რომელ შენებრივისა მზისა სადგომი არის! დიდებად მოაბადს ესე ეყოფის და სახელად, რომელ სადედოსა შინა შენებრი უვის! მე ესე სიხარული, ვირე სულნი მიდგან, ღმრთისა წყალობად მეყოფის. შენებრისა მზისა შეყრითა გასახელოვნებულ ვარ და, რომლითა თვალითა შენი პირი მინახავს და რომლითა ყურითა შენი სიტყვა მომისმენია, აქათგან კარგისა სახელისაგან კიდე აღარა მესმის; აქათგან თავისა წადილისა და სიხარულისაგან კიდე აღარას ვნახავ”.
მერე შეჰფიცა რამინ მტკიცითა საფიცრითა ყოვლისა დამბადებელისა ღმრთისა ძალითა და სახელითა, ელვარითა მზითა და მთვარითა, რაცა ცასა ზედა არის ყველაჲთა: ცითა და ქვეყანითა, ღმრთისა სჯულითა და ყოვლითა საფიცითა, რომელ, ვირე სულნი ედგნენ, ვირე მთათა ზედა ქარნი ქროდეს და ზღვათა შიგან წყალი და თევზი იპოებოდეს, ბნელსა ღამესა სიშავე ჰქონდეს, ცათა შიგან ვარსკვლავი იპოებოდეს, და კაცსა სული ტანსა შიგან, − უყვარდეს, ვისის სიყვარულსა არ ინანდეს რამინ, არცა მისი ფიცი გატეხოს, არცა მისისა პირისაგან კიდე სხვა პირი მოეწონოს, არცავინ სხვა მისგან კიდე უნდეს, და არცავის სიყვარულისა თვალითა შეჰხედოს და არცარა ვისის უნებელი ქმნას.
და რა რამინ ესე შეჰფიცა და შეაჯერა, მერე ვისიცა შეჰფიცა აგრევე მტკიცედ, რომელ სიცოცხლესა მისსა შიგან რამინს არ ეცრუოს და არცა მისსა სიყვარულსა არ მოაკლდეს. და ერთი იისა კონა მისცა ჴელთა რამინს და ეგრე უთხრა:
”ჩემგან ნიშნად ესე დაისწავლე: სადაცა ახალსა იასა ნახევდე,
ამა დღესა და ფიცსა მოიგონებდი! ასრემცა ლურჯი და თავ-ჩამოგდებული ხარ, თუ ჩემი ფიცი გასტეხო. მეცა ვარდსა ნიშნად დავისწავლი. სადაცა წალკოტსა შიგან ვარდსა ვნახავ, ამა დღესა და ფიცსა მოვიგონებ. ვარდისაებრმცა დღე-მოკლე ვარ, ოდესცა ესე ფიცი გავტეხო, ღმერთი უარ-ვქმნა”.
რა ერთმანერთსა ესე შეჰფიცეს, დამბადებელი მოწმად დაიყენეს.
მაშინღა ერთგან დაწვნეს და გარდასრულსა ჭირსა და ლხინსა ერთმანერთსა უამბობდეს, და მიჯნურობათა სიხარულითა ვისსა ვითამცა ყოველთა ჴელმწიფეთაგან უფროსი სწოლოდა გვერცა, და მას ვითამცა მზე და მთვარე, ყელსა მოხვეოდა, − რამინს. თუმცა, ანგელოზთა ენახა, ნუთუ ვერცა იგინი შეიგებდეს მას, თუ რომელი უკეკლუცეა და, თუ ერთი წევს, ანუ ორნიო. საგებელი მათი ვარდისა და თვალისაგან ავსილ იყო. სიამოვნისა მოედანსა შიგან ბურთი ჩამოეგდო და ასრე მაგრად შემოეჭირა ერთმანერთისათვის, თუცა დიდსა წვიმასა მათზედა ეწვიმა, მკერდი არ დაუნამიანდებოდა, და პირი პირსა ზედა დაედვა. რამინის გული ადრითგან წყლული იყო; მიჯნურობისაგან დია ზიანი ენახა რამინს, ვისის სიხარულისაგან სარგებელიცა დია მიჰხვდა. რაზომიცა ისარი მიჯნურობისაგან რამინს სცემოდა, თვითოსათვის ათასი მეტად აკოცის. რა სიხარულისა მოედანსა შევიდეს და ნება აისრულა და გაჴვრიტა თვალი პატიოსანი მაჯნად და დააგდებია პატიოსანსა პატიოსნება და ცნა, რომელ ვითარი დედასა ეშობა, მითვე ბეჭდითა მიჰხვდა, მაშინ კვლა მეტად შეუყვარდა არარომლისა ქმრისაგან ჴელმიუყოფლობისათვის. რა ორთავე გულის-ნება აუსრულდა, ერთმანერთისათვის კვლა მაშინ უფრო დახელდეს და მოემატათ სიყვარული. ესრე ორი თვე ერთგან დაყვნეს. ყოველთა დღეთა ერთგან იყვნიან და ღამით განაღამცა იხარებდეს ერთგან.
მერე შაჰი მოაბადს ესმა ესე, რომელ ძმა მისი რამინ გამრთელებულ იყო. გაიხარნა და მაშინვე წიგნი მოსწერა რამინს, ვითა: ”უშენოდ ვერა ვარ მხიარულად, არცა გულ-ამოდ, არცა ასპარეზობა და სმა მიამების. აწ ადრე მოედ, დიდხან ერთად ვინადიროთ და გავიხარნეთ. ქვეყანა გამწვანებულა, ბევრი ათასი ფერი ყვავილი მიწისაგან ამოსულა, მთამან ბერძულისა ოქსინოჲსა კაბა შეიკერა და ყარყუმი ქუდი თავისაგან მოიჴადა. და ეგზომი წყარო გამოცემულა, რომელ წყლისაგან ავაზა უნავოდ თხასა ვერ შეიპყრობს. რა ესე წიგნი წაიკითხო, სწრაფით წამოედ და გაზაფხულისა ყვავილი ვისიცა თან მოიყვანე სწრაფით, მით რომელ დედისა ნახვა დია სწადიან”.
რა მოაბადის წიგნი მივიდა რამინს თანა, მაშინვე კაზმა დაიწყო. მიჰმართა, ვისიცა თან წაიტანა. თუცა გზა დია ავი იყო და ძნელი, მაგრა ორთავე მიჯნურთა სამოთხედ უჩნდა ერთგან მგზავრობა. რა მივიდეს მაჰისა ქვეყანასა, წინა მოეგება მოაბად და ლაშქარნი მისნი. მასვე წამსა ვისი დედისასა მიიყვანეს. დია რცხვენოდა ვისსა ძმისა პირისაგან. ვითა მართებდა, ვისისა მისლვისათვის ყველამა ეგზომ დიდად გაიხარნა. მაგრა მას სიხარული დამძიმებად მოექცა, მით რომელ რამინს მოშორდა და აღარ დია ნახვიდა. კვირას შიგან ერთხელ ანუ შაჰი მოაბადს წინაშე ნახის, ანუ გზასა ზედა, და ეგზომ ნახვა მას ყოლა არად უჩნდა და არცა ეყოფოდა. მეტად ნახვისა ძებნამან ჭირსა ჩაუგდო თავი და მიჯნურობამან ესრე მოაღორა, რომელ წამსაცა ერთსა ვეღარ ელეოდა რამინს და სულთაცა ერჩია იგი.
23. ცნობა მოაბადისაგან რამინისი და ვისის მიჯნურობისა
მოაბადს წინაშე დაყო რამინ თვე ერთი და ერთგან გაიხარნეს სმითა და ნადირობითა. მერე მუღანს ჰლამოდეს წასლვასა, ზღვისა პირსა, ნადირობად. მას ღამესა, რომელსა შაჰი მოაბად აიყრებოდა, ვისსა გვერდით უწვა. ასრე უყვარდა მოაბადს, რომელ ქვე არ დაეძინის მას გვერდით მყოფსა. ამასა შეიჭირვებდა, რომელ იგი მზისაებრ კეკლუცი მას გვერდით წვის, და მას მისგან ერთხელცა ვერ გაეხარნეს, ამით რომელ შეკრული იყო.
წამოვიდა მალვით ძიძა, მოაბადის ძილი ეგონა და ეგრე მოაჴსენა ვისსა:
”ესეთსა ჟამსა ვით დაგეძინების, რომელ შენისა მოყვრისა, რამინის წასლვასა იგონებდე? იგი ხვალე სომხითისაკენ ჰლამის წასლვასა ნადირობად; და მუნ მტერისა ბრძოლაცა დაემართების ლაშქრობად, და შენსა გულსა და სიხარულსა თანა წაიტანს. აწ მისი ლაშქარი ყველა შეყრილა, ნობათი-კარავი მისი გარეთ დაუდგამს და ხვალე ადრე აიყრების. და აწვე ასაყარსაცა ჰკრვენ და ლაშქარნიცა გადენასა დაიწყებენ. თუ მისისა პირისა, მზისა უკეკლუცესისა, ნახვა გწადიან, ადრე კოშკსა ზედა გაედ და ნახე. ძილი არ ეგების მოშორვებისა მისისა გონებასა შიგან. იგი ნადირობად წავა, მაგრა ქორითა და ავაზითა შენი გული დაუჭირავს სატყვეოდ. ადრე რადგან გაგეშორების და შენსა გულსა და ჩემსა თმობასა თანა წაიტანს და უჭვრიტე”.
მათისა ფათერაკისაგან მოაბადს ეღვიძა და ესე მათი საუბარი ყველა გაიგონა და ძიძისა სიტყვანი მოისმინნა. მოაბად გახელებული აიჭრა, პირი, ვითა ნაცარი, შეჰქმნოდა, მეტისა ჯავრისაგან ვეღარა გაიგო, თუ რამცა ქმნა. ჯდა ვითა მთრვალი მებრძოლი პილო. ძიძასა გინება დაუწყო და წყევა. ეგრე უთხრა:
”ჰე, ბილწო, საძაგელო, ღმრთისა უარის-მქმნელო, ყოვლისა ბოზობისა და ეშმაკობისა დასაწყისო, ძაღლისაგანცა უფრო მოყივნებულო და არაწმიდაო!”
უბრძანა მსახურთა:
”მომგვარეთ ისი საძულველი, ძაღლისაებრ არა-შესაწყალებელი, რომელ მოვკლა და მისისა დიაცობისა მსგავსი მივაგო მუქაფა. ჴამს, თუმცა ხუზისტანს წვიმისა ნაცვლად ქვა წვიმდა! სადაცა ესეთი ბოზი და მაჭაკალი გამოვა, უხუცესთა მოაცთუნვებენ და ჴელმწიფეთა ღალატსა უდგებიან. ხუზისტანით თვით წრფელი არავინ გამოვა, ყოველნი მაგალითნი და უსჯულონია. ვაგლახ მას, ვინცა მიენდოს მუნებურსა, ანუ შვილი ვინ გააზრდევინოს! რომელ მუნებური ძიძა მოიყვანა შაჰრო, მითცა აავსო თავისა დარბაზი აუგითა. ხუზისტანელი ძიძა და ბრმა გუშაგად სწორნია. ვისიცა წინამძღვარი ყორანია, მისი სადგური სამაროვანია”.
ესრე მოიწყრომა ძიძისათვის და მერმეღა ვისის ეგრე უთხრა:
”ჰე, ღმრთისა უარის-მქმნელო ვისი და ეშმასა მიმდგომო! არცა ცნობა გაქვს და არცა სირცხვილი, არცა სიმართლე, არცა პატივის ნდომა. შენისა აუგისაგან მოაყივნენ ნატამალნი შენნი; სირცხვილი გასწირე და აბეზარ-იქმენ, სჯულისაგან გაბედითდი. ვინცა გივის, მათთა თვალთა წინა და ჩემთანა ასუბუქდი. არ მოეწონების შენი ნაქმარი შაჰროს და არცა ვიროს და არცა ვის შენთა ნატამალთა. ყოველნივე სირცხვილეულ გიქმნიან. ვირემდინცა ძიძა შენი მოახლეა, განაღამცა ეშმა იყო წინამძღვარი. ხუცესი რა ორძალთა უკრევდეს, დიაკონმან შუშპარისა კიდე რამცა ქმნა?”
მაშინვე ვიროს თანა კაცი გაგზავნა, უჴმო და უჩივლა დისა მისისაგან, ყველა წვრილად უამბო და უთხრა, ვითა:
”წვართე ესე შენი დაი! რაცა ეგების და მისსა საქმესა ჰმართებს, ეგეთი საპატიჟო მიუპყარ! ძიძა სასიკვდილოდ ნუ გეწყალვის. მე თუ-გარდა-რას-ვაჴდევ, მეტისა გულისა ტკივილისაგან გავჰპატიჟებ. ვისსა თვალთა დავსწვავ და ძიძა განაღამცა მოვკლა. და რამინს ამა ქვეყანით გავაძებ და, ვირე ცოცხალ ვარ, აღარ ვაჴსენებ. სამისა უბედურისაგან დავცლი ქვეყანას!”
ვისი თუცა მორცხვი იყო, მიჯნურობისა საქმემან წაუღო სირცხვილი. აწ ნახე, თუ ძმასა წინა შაჰი მოაბადს რა პასუხი გასცა და სიყვარულმან თმობა, შიში და კრძალვა ვით მოაშორვა, მიჯნურობამან თავი სიკვდილად ვით დაადებინა, საწუთრო და სიყრმე მისთვის ვით გაწირა! აშფოთებული ტახტისაგან მოაბადს წინა ზე აიჭრა ვითა ასპიტი გველი, ჴელნი მოიჭვდნა და აგრე მოაჴსენა:
”ჰე, ძლიერო და მაღალო ჴელმწიფეო! ჩვენ შენითა წყრომითა და პატიჟისა ქადებითა ვეღარ დაგვაშინებ. რაცა სთქვი, ყველა მართალი და კარგი სთქვი და ესე უკეთესი ჰქმენ, რომელ აუგი არ დაგვიმალე. აწ თუ გწადიან, ჩამომარჩევ ანუ თვალნი დამწვენ, გწადიან − გამაძე, გწადიან − უკუნისამდე დაჭედილი გყვე. თუ გინდა ლაშქართა შიგან შიშველი მაარე. რაცა გწადიან, იგიცა მიყავ, ყველა ჴელგეწიფების. ამას ვეღარ უკუვიტყვი: მე რამინ ცასა და ქვეყანასა ყველასა მირჩევია და თავსა და სულსა ჩემსა მისსა ჭირსა ვანაცვალებ. თვალთა სინათლე და გულისა ჩემისა სიხარული იგია, მოყვარე და პატიოსანი გულისა წამღებია და თმობისა მომცემი. და რა მგამა, თუ ერთი სული მისთვის გავწირო? თუმცა ათი ათასი სული მედგა, ყველა მისთვისვე მინდა. მე რამინის სიყვარულსა არ მოვსწყდები, ვირე სიცოცხლე არ მომწყდეს. მე მისი მზისა მსგავსი პირი, ტანისა საროჲსა ნაკვთსა ზედა მყოფი, გონებისაგან არ მიმცილდების, და იგი მირჩევია ათასსა ჴელმწიფესა და მისი ნახვა ათასისა ჴელმწიფისა და მარავისა უფროსად მიჩნს. მზესა და მთვარესა მას ზედა ვხედავ, ჩემი იმედი და ნება იგი არის. მე რამინ შაჰროსაგან უფრო მიყვარს, მე რამინ ვიროსაგან უფრო მომინდების. შენ თუ გწადიან, მომკალ, გწადიან დამარჩინე! არ მომძულდების და ვერ დავივიწყებ რამინს. შენ და ვირო ორნივე ჩემნი პატრონნი ხართ, რაცა გწადიან ჩემზედა, ყველა შეგიძლიათ. თუ ვირომან მომკლას ანუ დამჭედოს, მიამების, მოვითმენ და ჯერ ვარ და, თუ შენმან ჴრმალმან სული ამომჴადოს, ამით არა მგამა, რომელ ჩემი სახელი უკუნისამდე დარჩების, ვითა: სული ვისმან რამინისათვის გაწირაო. თუნდა ათასითა სულითა ვიყიდი ესეთსა სახელსა. მაგრა, ვირე ლომი ცოცხალ იყოს, მისთა მართვეთა დაჴოცასა და ადგილისა აშლასა ვინ იკადრებს? ვირე რამინ ცოცხალ იყოს და მე მესვას, მრუდითა თვალითა შემოხედვასა ვერავინ მკადრებს. რა დიდი ზღვა, ვითა მწადდეს, ეგრე ჴელთა მქონდეს, ცეცხლისაგან კრძალვა ბედითია. შენ ჩემი რამინისაგან მოწყვედა მაშინ შეგიძლია, რა კაცისა დაბადება შენგან ეგებოდეს. მე ამისათვის ჭირსა არად გავიკვირვებ და ამაშიგან ნახე, თუ შენი ღონე რა იქმნების!”
რა ვიროს ესე საუბარი ვისისაგან ესმა, ათასჯერ თავისა სიკვდილი ინატრა. წავიდა და დაი თანა წაიტანა. მარტოსა ეუბნა, შეაგონებდა. ეგრე უთხრა:
”ჰე, ღმრთისა მტერო, შმაგო, რეგვენო! ეგე საუბარი ვით ეგების შენგან, ანუ შენ ჩემსა წინა რა უყავ შაჰი მოაბადს? ჩემიცა პირის-წყალი წაიღე და თავისაცა. შენ ჩემგან და მოაბადისაგან რად არა გრცხვენიან, რომელ ეგრე იტყვი: რამინ მინდა და მოაბად არ მინდაო! ამას რად არ მითხრობ, თუ რამინს შიგან ნივთი რა ნახე ესეთი, რომელ ყველასა იგი გამოირჩიე?! საჭურჭლესა შიგან რა უც ჩანგისაგან და ძალისაგან კიდე? მის მეტი რა იცის, რომელ ჩანგი მორთოს, ჩამოჰკრას და ზედა შეუჴმოს? ნიადაგ მთრვალი იზახის, ვითა მტერიანი. მიწყით მისი ტანისამოსი ხამართა თანა დაწინდულია, ურიანი მისნი არიფნია, ხარაბათნი მისნი ნადიმნია. არ ვიცი, თუ შენ სადა შეისწავლე იგი და რაჲსთვის ესრე გამიჯნურდი მისთვის? აწე სირცხვილი და ღმრთისა შიში მოიგონე და ნუ ხარ მაგაშიგან, რომელ აუგითა აგვავსნე. შაჰროსებრი დედა და ჩემებრი ძმა შენითა სიავითა აუგიანნი და სირცხვილეულნი არ ვეგებით. ნუ უდგები მიწყით ეშმაკისა წადილსა და ნუ გასცემ საწუთროსა და საუკუნესა რამინისთვის. თუ რამინ უკვდავებისაებრ გიჩნს, მოიგონე, სამოთხე ღმრთისა უამეა. მე მითქვამს, რაცა შენთვის სჯობს. აწ შენ იცოდე და შენმა ღმერთმან და შენმან ქმარმან! რაცა მითქვამს, თუ არ მომისმენ, შენის აბეზრობისაგან კიდე არა ღონე მაქვს”.
ვირო ვითაცა ეუბნებოდა, ვისი საბრალოდ ტიროდა და ეგრე უთხრა:
”რაცა გიბრძანებია, ყველა მართალია. მაგრა მე კარისა დაჴშვა რასაღა მერგების? რაცა მქონია, მპარავსა ყველა წაუღია. ჩემი სული არ ეგრე ჩაჭრილა ცეცხლსა შიგან, რომელ ვისიცა რა შეგონება ერგებოდეს. ჩემი გული არ ეგრე გატეხილა მიჯნურობისაგან, რომელ ჴელოვანმან კაცმან მისი შეკრვა იცოდეს. მე გული მისთვის ასრე მიმიცემია, რომელ მე მისგან ნაწილი აღარა დამრჩომია. ღმრთისა განგება აღსრულდა ჩემზედა. რაცაღა იქმნა, იქმნა! აწ თქმა და ნანვა აღარას გვერგების. მე რამინ ესრე შემყვარებია, რომელ უკუნისამდე ვეღარა მოვსწყდები; და თუ ეგრე მკითხო: სამოთხე გირჩევნია ანუ რამინიო, − მე, შენმან მზემან, რამინს გამოვირჩევ, ამით რომელ მისი შეხედვა სამოთხედ მიჩნს”.
რა ვირომან ვისისაგან ესე შეუწონელი სიტყვა მოისმინა, მარგალიტი ღორსა წინა აღარა დაყარა, კიდე წავიდა და იგი ქვე დააგდო. მოაბადისა და ვისის საქმე ღმერთსა შეავედრა.
მერმე შაჰინშა თამაშად გავიდა და მოედანსა ასპარეზსა სცემდა. დარნი-დარნი გაიყარნეს: მოაბად და ოცნი კაცნი დარჩეულნი ცალკე და ვირო და ეგრევ შერჩეულნი კაცნი ცალკე იყვნეს. რამინ მოაბადისაკენ იყო.
დაიწყეს ასპარეზობა, რომელ უკეთე და უტურფე აღარა ეგებოდა. თუ სთქვა, ცამდი ააგდიან ბურთი. მას დღეთა ყოველთაგან უფრო საქებარად გამოჩნდეს ვირო და რამინ. ზოგჯერ მან აჯობის და ზოგჯერ მან. ვისი კოშკიდაღმა უჭვრეტდა მობურთალთა ეგრე საქებურთა. რამინ და ვირო უფრო მოეწონნეს და მეტისა გონება შეჭირვებისაგან დაიღრიჯნა და პირისაგან ფერი წაუვიდა, ტიროდა და ეგრე თრთოდა, ვითა ცხროიანი. გვერცა დაუჯდა ძიძა და ამოდ ეგრე ეუბნა:
”რად მოგრევია ასრე ეშმა, რომელ თავსა სულისა დალევისათვის ესრე ებრძვი და ცრემლთაგან თვალნი დაგიშვრიან? რად იქმ? არ შენი მამა ყარან იყო და დედა შაჰრო? არ შენი ძმა ვიროა და ქმარი მოაბად? და შენ, ვისი დედოფალი, ყოველთა კეკლუცთა მზე ხარ! არ არანისა და ერაყის დედოფალი ხარ? არ თურქეთისა და ხორასნის დედოფალი ხარ და ხათუნი? არ გვარიანობითა და სიკეთითა გამოჩენილი და ყოველთა ჴელმწიფეთა საპატრონო? და თუ ათასიცა ჭირი გჭირს, არ ესეთი მოყვარე გივის, რომელ, რა მისი პირი ნახო, ყოველი ჭირი გაგიქარდების? ეტლიცა, ზღვა და ჴმელი შენებრსა ჴელმწიფესა ჰნატრის. ნუ უჩივი ღმერთსა დამბადებელსა, მისი სამოთხე აქავე შენთვის უბოძებია. მისგან უფროსსა და უკეთესსა შენ რასაღა სთხოვ? დიდი და საკრძალავი ჴელმწიფე ხარ, ყრმა და კეკლუცი ხარ, ამა საწუთროსა შიგან ნებიერი და მოსვენებული ხარ და ამისსა მეტსა რასაცა ეძებ? იცოდე, რომელ ღმერთსა გაირისხებ. ნუ იქმ, მთვარეო! დასჯერდი ბედსა და რაცა ღმერთსა უბოძებია! კმა ყავ შენი სიკუშტე, ნუ გაიწყრომებ ჴელმწიფესა და ნუცა ძმასა შენსა მოიმდურვებ, მით რომელ, შენისა შეცოდებისა ცვარ-ცვარი რა ერთგან შეიყრების, მისგან დიდი ღვარი ადგების”.
ეგრე უპასუხა ენოვანმან მთვარემან:
”ჰე, ძიძაო! ცუდსა და ბედითსა ვირემდინ უბნობ? ცეცხლსა შიგან წყალსა სადამდინ ეძებ?
არაკი: ნუთუ მეცნიერთა კაცთაგან არა გასმია, რომელ მჭვრეტელთა ომი არ ეძნელების?
მე ქვეითი ვარ და შენ ცხენოსანი. შენი ცხენი მალია და ველი − ვაკე. ჩემი ჭირი და მაშვრალობა არ იცი. მე სნეული ვარ და შენ მრთელი. არ იცი ჩემი, რომელი ადგილი მტკივის. ჴელმწიფე ჩემი უხუცესი და ქმარი არის, მაგრა მეეჭვი, სარიდო და ავცნობა არის. თუ ვირო ძმა არის, აწ მას მოვსძულებივარ, ჩემსა თვალსა − ვითა სხვისა ოქრო არის და, თუ მთვარეცაა, მე აღარას მერგების, რადგან არ ჩემია. და თუ რამინ არის, ცუდად მფერებელია. შენცა იცი, რომელ მისსა ენასა ღორებისაგან კიდე არა აქვს. ენად მაღორებელია კაცისა და საგრძელოდ სიყვარულსა ზედა დაუდგრომელი. ენა მისი საუბრისა ჟამსა შაქარია, მაგრა უკანის ნავღელი და ბიჭობითა სავსეა. მე, გლახ, ვარ გაწბილებული, ათასისა საქმისაგან უსაქმო და ათასისა მიჯნურისა და მოყვრისაგან უმოყვრო. ძმაცა მივის, ქმარიცა და მოყვარეცა და ამა სამთაგანვე ცეცხლთა ზედა ვიწვი. მე სახელი ოდენ დამრჩა ქმროსნობისაგან, მე საყვედური ოდენ დამრჩა მიჯნურობისაგან. მე იგი ოქროჲსა ტაშტი არად დიდებად მიჩნს, რომელსა შიგან მტერი ჩემსა სისხლსა დაღვრიდეს. თუმცა ბედნიერი ყოფილ ვიყავ, ჩემი ქმარი ვიროსგან კიდე არვინ იქმნებოდა. არცა რამინის პირი მენახა, არც მოაბადისი, რომელ მოყვარესა ჰგვანან და მტერნია საძულველნი. ერთი ვითა ჭირია, მიწყით სულისა გამპატიჟებელი, და ერთი საჩემოდ, ვითა ჭიქასა თანა, ქვაა; ერთისა გული ქვისაებრი, დაუდგმელია და მეორისა გული უსმართლოჲსა მძებნელია.
24. მოაბადისაგან ვისის წამოყვანა და მარავს მოსლვა და ხორასანსა
ხორასანი ფალაურითა ენითა ამოსა და მომცემსა ქვეყანასა ჰქვიან. ერაყისა და სრულისა სპარსეთისა საჭამადი სპარსეთით და ხორასანით მოვა. ამო მიწა-წყალი და წმიდა ჰაერია, და თვით მარავი ქალაქი ხორასანსა შიგან ეგზომ ამოა, ვითა თვეთა შიგან მაისი. კაცისა განსასვენებელია და სამოთხესა ჰგავს.
რა შაჰი მოაბად კარგითა ეტლითა შემოქცეული ქოისტანით მარავს ქალაქს მივიდა, კოშკთა ზედა ჯდა [ვისსა თანა], ვითა სოლომონ და ბალავ, და თამაშად მუნით უჭვრეტდა ველთა, ბაღთა და ვენაჴთა ამწვანებულთა და აყვავებულთა. და სიცილითა და ლაღობითა ვისის ეგრე უთხრა:
”ნახენ, ველნი და ვენაჴნი შვენიან შენისა პირისაებრ. წყალი და მიწა, ბოსტანი, სათიბნი, ველნი და წალკოტნი, მთა და ბარი მარავისა ღმერთსა, ვითა ედემი, შეუმკიან. ამას რად არ მითხრობ, ჰე, მთვარეო ჩემო, მარავი უფრო გიამების, თუ მაჰისა ქვეყანა? მე მარავისა ქვეყანა მირჩევნია, ამით რომელ მისი ქვეყანა ცასა ჰგავს, ვარსკვლავითა შემკობილსა. თუ სთქვა, სამოთხე არის ღმრთისა წყალობითა სავსე. ვითა მაჰისა ქვეყანისაგან მარავი უამესია, ეგრე მე ვიროსაგან უფრო ვარ. მე მაჰისა ქვეყანისაებრი ქვეყანა დია მაქვს და ეგრევე ზემდგომი ყმა ვიროსებრი დია მყავს”.
ნახე, ვისმან პასუხი რაგვარი გასცა, ვით უპატიოდ ეუბნა! მიჯნურობისაგან, ვითა ლომი, გაგულოვნებულ იყო და ვირისაებრ აღარა შესწონდა. ეგრე მოაჴსენა:
”ჴელმწფეო, მარავი და მისი ქვეყანა ამოა თუ არა, ღმერთმან შენ გიბედნიეროს. მე აქა დია უნებლივ დაპყრობილ ვარ; ვითა ნადირი, ბადესა შიგან ბმულ ვარ. და თუმცა რამინის ნახვისა მიზეზი არ იყო, აწმცა შენ ჩემი სახელი გარდასრულთა თანა გესმის. მაგრა რა მას ვნახვიდე, მაჰი და მარავი სწორად მიჩნს. თუმცა გული ჩემი არ მისთვის დამედვა, აქამდინცა თავი არ მიცოცხლებია. მე იგი მეწალკოტე ვარ, ვარდისა მნერგავი, რომელ ეკალსა ვემუდარები ვარდისათვის. მე შენ რამინის გზითა შეგეპოები, ამით რომელ ჩემი გული ნახუთევად მას აქვს”.
შაჰინშა რა ესე ძნელი პასუხი მოისმინა, წყრომისაგან პირი გაუწითლდა, მერმე გაუყვთლდა, გულსა ისრად დაესო და ჯავრისა მისისაგან ათრთოლდა, და ესრე გაწყრა, რომელ მოკლვასა ჰლამოდა. და კვლა სიყვარულმან და ცნობამან მორია. რა გაწყრის, ცნობა წინა დაუდგის და, რა გაფიცხდის, მისისა სიკუშტისა ცეცხლსა ღმრთისა განგებამან წყალი დაასხის. რადგან ღმერთსა მისი სიცოცხლე გაეგო, კაცი მას მტერობითა ვით მოჰკლვიდა? ვერავინ მოერევის მტერთაგანი, ვისცა ღმერთი სცვიდეს: დაეჴსნების ლომისა ჭანგთა და პილოჲსა ხორტუმსა. ვითა მრავალჯერ, მშვიდობით დარჩა ფათერაკისაგან. საქონელსა ჰგვანდა დამალულსა ნაოჴარსა შიგან ვისი, ყოველთა კაცთათვის შეკრული და რამინისათვის ოდენ გაჴსნილი.
რა დიდხან აშფოთებული წყრებოდა, ცნობამან მორია შაჰი მოაბადს და ვისსა ავი საქმე აღარა უყო, მაგრა გინება დაუწყო და ეგრე უთხრა:
”ჰე, ძაღლისა შექმნილო, ბებლთა და გრძნეულთა გაზრდილო, წელნიმცა მოსწყდების შაჰროს, რომელმან გშობა! სახლიმცა აუოჴრდების ვიროს, რომელ უსჯულოჲსა და მაგალითისაგან კიდე არა გამოვა შენისა გვარისა! გველისა მართვე განაღამცა გველი იყო და ავისა ხისა ნაყოფი განაღამცა მწარე იყო. ადრაბადი, ფარახზადი, ვირო, როინ და აბანოზი, ვისი და შირინი ყველანი თვითო მამისა შექმნილნი ხართ და ბოზისა ნაშობნი და გრძნეულთა გაზრდილნი. შენ ოდენ შავდებოდი ჯიმშედის გვარისა და შენცა მოაყივნე ჯიმშედის გვარი, აწ სამი გზა წინ გიც, სადაცა გწადიან, მიხვიდოდე: ერთი გურგანისა, ერთი დევმანდისა და მესამე ჰამიანისა და ნიავანდისა. აწ იქა წაშავდი, რომელსაცა გზასა გწადიან! შენნიმცა წინამძღვარნი მაცდურნი და დევნია და სადგურნიმცა შენნი ნაოჴარნი და უწყლონია, გზათამცა ყოვლგან ორმო დაგხვდების, ველნიმცა გველითა სავსეა და მთა თოვლითა, წყალიმცა სამსალიანი და ველთა ნაყოფი უძოვრიანი; დღისითამცა ლომი მოგეგებვის და ღამით მაცთური. წყალიმცა დიდი დაგხვდების და ხიდი აოჴრებული. და ღმერთიმცა გრისხავს, რომელ, რა დაიბადე, ჭირი არავის დაულიე!”
რა ესე ბრძანება ესმა ვისსა, შვენებით უაუგოსა, მოაბადის სიტყვისაგან მეტის-მეტად გამხიარულდა, ვარდისაებრ აყვავდა, თაყვანისცა და კიდე წამოვიდა.
25. მოაბადისაგან ვისის გაშვება
ძიძასა ეგრე უთხრა:
”წაე, ძიძაო, სამახარობლო სთხოე შაჰროს და ეგრევე ვიროს, გაახარე და საბოძვარი აიღე, ეგრე მოაჴსენე: მოვიდა დაი შენი საყვარელი, მოყვარე შენი; ამოვიდა ელვარე მზე შენი, სით არ მოელოდი, იმედისა შენისა ნიშანი გამოჩნდა, სით საეჭვი არ გქონდა. აწღა სიმარტოვე მოგაშორა ბედმან, შენთვის ხორასნით ორი მზე გამოსულა-თქო. და დედასა ჩემსა გაახარე და მოაჴსენე: ვეშპისაგან მზე დაეჴსნა, ბედსა სვიანსა მისსა გაეღვიძა და მომართა თავისა გვარსა პატიოსანმან თვალმან. რადგან ღმერთმან მოაბადისგან გვიჴსნა, ვითამცა ყოველთა ჭირთაგან ჴსნილ ვარ-თქო”.
მერმე მივიდა, მოაბადს ეგრე მოაჴსენა:
”მაღალო ჴელმწიფეო, მიწყითმცა მხიარული და ცოცხალი ხარ აგრე, ვითა შენთა მოყვარეთა გაეხარების! და მტერნი შენნი მოგაშორნეს ღმერთმან! მე ვირე ცოცხალ ვარ და სულნი მიდგან, შენი გულითა მლოცავი ვიქმნები. აქათგან ესეთი ცოლი შეირთე, რომელ თქვენი შესაფერი იყოს და ჩემებრი ასი მჴევალი ჰყვეს. ასდენ კეკლუცი და შვენიერი შეირთე, რომელ, ვინცა მტერმან ნახოს, დაუმძიმდეს და დაბრმდეს შურითა: გვარიანი მეტის-მეტად, სიწმიდითა და პატიოსნობითა ქებული, ვითა მზე, ყოველთა თვალთა სანატრელი და, ვითა სული, ყოველთათვის საყვარელი. უშენოდმცა მე ცოცხალ ვარ მხიარული და უჩემოდ შენ ღმერთმან დიდება მოგცეს და მოგიმატოს; ასრე ქმნას, რომელ ორთავე სინანულად არ გაგვიხდეს და ნება-აღსრულებით ვიყვნეთ, რომელ ერთმანერთი აროდეს ვაჴსენოთ”.
საჭურჭლეთა კლიტენი მოაბადს ჴელთა მიათვალნა და ეგრე მოაჴსენა:
”სხვასა მეჭურჭლესა შეჰვედრენ, რომელი შენსა სადედოსა შიგან ჩემსა უკეკლუცე იყოს და უერთგულესი. ღმერთმან უშენობითა მე ნურა დამაკლოს და უჩემობითა შენ ნურა დაგიმძიმოს!”
ესე თქვა და თაყვანისცა და წამოვიდა. და რაცა მონა და მჴევალი ჰყვა ნასყიდი ვისსა, ყველა ათავისუფლა და გაააზატა.
რა წამოვიდა ვისი, მოაბადის დარბაზი უმისო აიშალა და დაბნელდა. ყოველთა კუთხეთაგან ტირილისა ჴმა გამოვიდოდა. შაჰი მოაბადის ნატამალნი დედანი დაღრეჯით შეიქმნეს და ტიროდეს მისისა წასლვისათვის. აკოცეს ერთმანერთსა და გაიყარნეს. მრავლისა თვალი ტიროდა მისთვის და მრავლისა გული იწოდა მისისა მოშორვებისათვის, მაგრა ყოველთაგან რამინ განაღამცა უსაბრალოე იყო. რა წასლვა ვისისი დაისკვნა, შეჭირვებითა ცნობათა მიჰჴდა, ვითა ფრინველი თავ-მოკვეთილი ფართხალებდა. რა სულად მოიქცა, არ გამოისვენა წამსაცა ერთსა შეჭირვებისა და გულის-ტკივილისა და შეუშრომელად ცრემლთა დენისაგან.
კვლა ავად გაჴდა, პირველ გამიჯნურებისა აწ უძნელე იყო. თუცა ტირილითა არ ერგებოდა, ღონედ ეგრეცა იგივე ჰქონდა: ზოგჯერ მოყვრისათვის იზახდის, ზოგჯერ გულისათვის ტიროდის. დღე და ღამე გულსა ეუბნებოდა და თვალნი ვერ დაიხუჭნის. ეგრე თქვის:
”უღონო-ქმნილო გულო! გაგიშავებია ჩემი ტანი და სული, მიჯნურობისა დაღითა ნათელი დღე გაგიშავებია, სიხარული ჭირად შემცვალებია, სიცილი − ტირილად, სიმრთელე − სნეულებად და ისრისაებრი ნაკვთი მშვილდად შემქმნია. აწ ნახე სიმწარე მიჯნურობისა, თუ უმოყვროდ ცოცხალ იყო. ერთსა წამსა უმისოდ ყოფნა ვერ გასძლე, აწ რასაღა გლახ იქმ ანუ უმისოდ ყოფნა ვით ეგების? აქათგან დია ჭირსა ნახავ, აქათგან დია ნავღელსა სჭამ უმისობითა. მოიგონე, გულო, მარტოობისა სიმწარე, დაეჩვიე აწვე ჭირისა გაძლებასა, რადგან ანაზდეულად გაგეყარა მოყვარე [საყვარელი; შენთვის ხურმისა ჟამი წავიდა და ეკლისა მოვიდა. დათმე და მოიჭირვე, გულო! აწ მოგეწიფა, რაცა ავი დაგეთესა. გულო, შენგან ნაქმრისათვის ნუ გაქვს გამოსვენება! და თვალო, ცვრიდი ცრემლთა სისხლიანთა! ვეღარა ვნახავ სანახავად საყვარელსა მოყვარესა. მართალ ხარ, რაზომცა შეიჭირვებდე და ღაწვთა ცრემლითა დაჰბანდე. პირველი მესისხლეობა ჩემი შენგან იქმნა: შენ გაიცადე იგი პირმზე, შენ ჩამაგდე მიჯნურობისა ჭირსა და აწ მით არა გაქვს შენვე მოსვენება. სისხლად გმართებს გარდაქცევა, თვალო, სინათლისა აღარ ხედვა, რადგან ცისა მნათობთაგანცა უნათლესისა ჭვრეტა დაგაკლდა. ჴამს, თუცა ქვეყანა აღარ განიცადო, რადგან მისებრსა ვეღარას ნახავ. არ მინდა უვისოდ სიცოცხლე, შენგან კიდე მისგან არავის უნდი, შენი თნება მისგან კიდე არვის ჰქონდა. მე თუ მისისა ნახვისა იმედსა გარდავსწყვედ, ვაჩემებ თავსა, აღარ ვნახავ მზესა და მთოვარესა, თავისა ჴელითა ამოვიყრი თვალთა. რა მგამა, თუ აღარ მიჩნდეს,] რადგან ვისსა ვერ უჭვრეტ! ჰე, დაბნელებულო ბედო ჩემო, უბედურო, რად დამაგდე უჯუფთო და უმოყვრო! ჰე, მუხთალო საწუთროო, შენგან ვარ ამა ჯავრსა შიგან, შენ მომეც სიხარული და შენვე შეგშურდა და გაგეყარე უგრძნეულოდ! საწუთროო, თუ შენი ჴელი არ მუხთლობაა, ცოტასა ყმისებრი, რაცა მოგეცა, ეგრევე უსაეჭვოდ რადღა წამიღე?”
ესეგვარსა რამინ საბრალოდ გულსა ეუბნებოდა და ტიროდა. გული სიხარულისათვის მოეშორა და თავი გამოსვენებისად. და დია იგონებდა, თუ რაჲთაღა საქმითა დაეჴსნას მარტოობისა შეჭირვებასა, ანუ რა ბადე და ღონე დაუდგას თავისა საქმესა.
მერმე შაჰი მოაბადს კაცი მიუგზავნა, ვითა: ”ესე მეექვსე თვე არის, რაჲთგან ქვე-წოლილ ვარ და ავად ყოფილ ვარ, აწ ცოტად ძალისა და სიმრთელისა ნიშანი მომცემია, ადრითგან ცხენსა არ ჯდომილ ვარ, აბჯარი არა მცმია, ცხენნი დამხამებიან, ავაზანი და ძაღლნი ქვე-ბმითა დარყვნილან, ქორნი დამშავებიან, და ყოფნა და ქვე-წოლა მომწყენია. ფარმანი მიბოძე − წავიდე ამულს, გურგანს და სარავს, მივიდე, ვინადირო და ხანი დავყო: სანადირონი კვლა გავმართნე და წინაშევე მოვიდე”.
რა ესე ძმისა მოციქულობა შაჰი მოაბადს მოაჴსენეს, შეატყვა, რომელ ბიჭობა და მაგალითობა იყო ამა საუბარსა შიგან და ვისის სიშორე აღარა შეეძლო და არ შინ ყოფნა. გინება დაუწყო რამინს და წყევლა და ეგრე თქვა:
”ნუმცაა შენი წაღმართი და სიცოცხლე! ღმერთმან წაგიყვანოს, მაგრა მშვიდობით ნუღარა მოგიყვანოს, სიმრთელე და გამარჯვებამცა შენი ნუა! სადაცა გწადიან, წაედ! შენ შენი სული ვისის გრძნეულობისადა შეგიწირავს და, რა თვალად ნახო, შენთამცა თვალთა წინა მოკვდების, და შენ ესე ავი ზნე მისსა სულსა თანა ამოგჴდების და ამის ავის თესლისა ნაყოფად ჯოჯოხეთიმცა მოგხვდების! ჯერეთ ჩემი სიტყვა ყველა გემწარების, მაგრა ყველა ხვანჯია შენი. სიყვარულითა შეგაგონებ, თუ მოისმენ და ცნობა გაქვს. ქოისტანსა გვარიანი და კარგი ცოლი შეირთე, კაცისა შვილი, კეკლუცი. ნუღარა დაეკარები ვისის და ძიძასა, თვარა განაღა ოდესმე მათითა ჴელითა წაეგები. შენსა ცოლსა გვერდით გაიხარენ, მას დასჯერდი. თუ ესე არა ქმნა, თვით ნახო რა წაგეკიდოს! ჴრმალსა და ლახვარსა ზედა ცეცხლსა დავაგზებ და მაშიგან შენ და ვისის ორთავე შეგყრი მე, რომლისა ძმისაგან აუგიანი ვარ, მისსა სიცოცხლესა სიკვდილი მირჩევნია. ნუთუ ჩემი სიტყვა ლაღობა გეგონოს! გამწყრალსა ლომსა აღარა ეამხანაგების”.
რა რამინ ესე ბრძანება მოისმინა, დაწყევლა გულსა შიგან ძმა და მათითა საფიცითა შეჰფიცა მოაბადის მზითა, რომელ ჩემსა სიცოცხლეშიგან მაჰისა ქვეყანასა არ შევიდე, არცა შენისა ბრძანებისაგან ბიჯი გავდგა და არცა ვისი პირად ვნახო და არცა მისთა ნატამალთა თანა დავჯდე და გავიხარნეო. მერმე ეგრე მოაჴსენა:
”შენ არ ესეთი ჴელმწიფე ხარ, რომელ მე შენი ორგულობა ვიკადრო და, თუ შენისა ბრძანებლობისა ურჩი ვიყო, თავმოსაკვეთელი ვარ. თქვენგან, ვითა ღმრთისაგან, მეშინიან და, ვითა მისსა ბრძანებასა მოვისმენ, ეგრევე − თქვენსა”.
ზეპირ ესრე ტკბილად შესთვალა პასუხი და გული სისხლითა ავსოდა და სხვა-კალიბად იყო და ისწრაფდა გამართვასა და ვისის ნახვასა.
26. რამინისაგან ვისის თანა წასლვა
რა ქალაქისა კარნი გამოიარნა რამინ და გამოემართა, გამრთელდა, თუცა ჭირად არცარა წინათ სჭირდა. რა ქოისტანით ქარი აქროლდის, ესრე უჩნდის, ვითამცა სამოთხისა სული სცემოდა. ფიცხლად იარებოდის, ვითა მიჯნურთა წესია. მოყვრისა სანახავად არად ეჭირვებოდა გზისა სიგრძე და არ ეძნელებოდა გზათა სიავე. იგი მგზავრობა თამაშად უჩნდის, რაზომცა დიდი ჭირი ნახის.
აწ აქეთ ვისი ოდეს დედისასა მისრულ იყო, ურამინობისაგან შეავებულ იყო და დაღრეჯით იყვის. მისი სანდომი მაჰისა ქვეყანა ორმოდ უჩნდა უმისობითა. სამკაული ერთობით კიდე შეეჴსნა, ვითა მგლოვიარე ჯდის, არცა ჭამდის და არცა სმიდის; არცა გაიცინის და არცა რამინის სურვილისაგან კიდე სხვა საგონებელი ჰქონდის. ვითამცა არა თავისა სახლსა ყოფილ იყო და არა დედისათვის ეჭვრიტა, ვითამცა გველისათვის ხედულ იყო. რა ძმა ნახის, ვითამცა მესისხლე მისი ყოფილ იყო, ესრე უჩნდის. არა[რა] იამებოდის ქვეყანასა ზედა, სიხარულთა თანა სიტყვა არცავის მიუგის, არცა გაიცინის. დღისით მზესა უჭვრეტდის რამინის სანაცვლოდ და ღამისა სიბნელე რამინის თმათა სიშავისა ნაცვლად იამებოდის. დღე და ღამე ბანთა ზედა ჯდის და თვალნი ხორასნის გზისაკენ ჰქონდის და ინატრიდის: ”ქარიმცა მოვიდა ხორასნით და რამინის სურნელი სული მეცა!” ღამით იტყოდის: ”აჰა, თუმცა დილასა მოვიდა რამინ!” და დილასა იტყოდის: ”აჰა, საღამოდმცა მოვიდაო! და ეგრე თქვის: ”ნეტარძი, თუმცა ცხენსა ზედა მჯდომი მაშვრალი ვნახო, რომელ პირი ჩემკენ ექმნას და ზურგი მარავისაკენ! ნეტარ ვერ ვნახავ ჩემთვის მოსრულსა ჭაბუკად როსტომის საპატრონოსა?” დღე და ღამე ჰქონდა ნატრა და შეჭირვება, მიწყით თვალნი გზისაკენ ჰქონდის.
ჯდა ერთსა დღესა ბანთა ზედა მზისა ამოსლვისა ჟამსა და მისთვის ორი მზე ამოვიდა: მზემან ქვეყანა გაანათლა და ხორასნით რამინ − ვისის გული. ასრე მოვიდა მისად მლხენელად, ვითა სნეულისათვის აქიმი სნეულობისა ამსუბუქებლად. და იგი მისთა თვალთა და სულთა, ამოსლვად მიწურვილთა შემქცვველი იყო. რა დაინახა, სიხარულით აჩქარებული ქვე ჩამოვიდა და ერთმანერთსა მოეხვივნეს, ვითა უსურვაზნი. სიხარულითა ორნივე ტიროდეს და ღმერთსა მადლი მისცეს. ერთმანერთისა სიშორითა შეჭირვებულნი, შეყრითა, ვითა ვარდნი, აყვავდეს. ერთგან ხალვათსა სახლსა შევიდენ. რამინს ვისმან ეგრე უთხრა:
”შენმან გულმან ნება და თევზმან წყალი პოვა. არს ესე დარბაზი საჴელმწიფო, დაჯედ, დია გაიხარებდი, ვითა გინა ეგრე. ნადირობად მოხვე ხორასნით და დია ადვილად მოგხვდა ნადირი. მე შენი ჴოჴობიცა ვარ და კაკაბიცა, ველური თხაცა და შველიცა. ამოდ დაჯედ, ჩემებრითა ნადირითა იხარებდი, ჭამდი და სმიდი, თამაშობდი და იმღერდი, ვითა გმართებს. მე და შენ გავიხარებდეთ დღეს დია, ხვალისასა ყოლა ნურას მოვიგონებთ. ნებისაებრ ვიყვნეთ, ამით რომელ ერთმანერთისათვის ჭირნახულნი ვართ, მიჯნურნი ვართ ყრმანი და ნება-პოვნილნი ვართ!”
ეხვევოდეს და აკოცებდეს ერთმანერთსა, მერმე ქვე დაწვეს და დღე და ღამე იხარებდეს, ვითა სწადდა. შვიდი თვე ეგრე დაყვეს. და შემოვიდა ზამთარი, მთისა სიცივე. ორნივე მიჯნურნი ყრმანი ჴელმწიფენი მუხაერსა შიგან იყვნიან. ჰქონდა პატრონობა, სიკეკლუცე, მიჯნურობა, სიხარული. ასრე უკლებად გაიხარნეს, რომელ, რასაცა თანა სიხარული ეგების, არასთანა დაიკლეს.
27. ცნობა მოაბადისაგან რამინის ვისსა თანა მისლვისა
რა ესე ამბავი ესმა შაჰი მოაბადსა, რომელ რამინ გამოაჩინა ავი გვარი, მივიდა ვისსა თანა და კვლაცა დაჯდა და გაწყვედილი სიყვარული კვლა გამონასკვა, -
არაკი: რამინის გული მაშინ ელევის ვისსა, რა ეშმა ავისა ქმნასა ელიოს; ოდესაც ყურდგელი გალომდეს, რამინის გული ვისისაგან მაშინღა გაძღეს, ოდესცა ჩიტი ქორად შეიქმნების, მაშინ რამინ ავსა ზნესა დააგდებს, −
მაშინღა მივიდა მოაბად დედასა წინაშე და შესჩივლა რამინის საქმე. დაღრეჯით ეგრე მოაჴსენა:
”ეგების ესეთი საქმე გაუხელებელისა კაცისაგან, რომელ რამინს უქმნია? და ვინცა ცნობასა ზედა მყოფია, ვის მოეწონების რამინის ნაქმარი? მისრულა ჩემსა ცოლსა თანა ვისსა და მოუყივნებია ჩემი ჴელმწიფობა და სახელი. ვით მივიდენ ორნი ძმანი ერთსა დიაცსა თანა? ქვეყანასა ზედა ამის უარესი რა ეგების? მე ესე აუგი და ხვაშიადი შენთვის ადრითგან მიმალავს და, რა დამეჭირა, გამოვაცხადე, მით რომელ შენ სცნა ნაქმარი და უსამართლოდ არ მწყევლიდე. მე ასრე მოვკლავ რამინს, რომელ შენნი თვალნი, გაზაფხულისა ღრუბელნი, იქმნენ მტირალნი. ჩემი თავი ამის აუგისაგან მაშინ იჴსნების, რა პირი ჩემი რამინის სისხლითა დავიბანო. შენ ჩემი სამოთხეცა ხარ და ჯოჯოხეთიცა. და ესე საჩემო ავი სახელი არცა შენ გიამების”.
ეგრე უპასუხა დედამან:
”მეცნიერსა კაცსა თავისა ჴელ-ფერჴხი თვით აროდეს მოუკვეთია. ნუ მოჰკლავ მას, შენი ძმა არის და მისებრი ძმა სხვა არ დაგრჩების. რა ურამინო იყო, უნატამალო დარჩები. აღარ გიამების უმისო სიცოცხლე და სიხარული, რა არცა სმასა შიგან გვერდით გიჯდეს საყვარელი ძმა, არცა ომისა დღესა ზურგად გყვეს, არცა მტერსა და მოყვარესა გვერდით საქადურად ზურგით გიდგეს? ღმერთსა შენდა შვილი არ მოუცემია ქვეყანისა საწაღმართოდ პატრონად და, რა ღმრთისა განგება − ყოვლისა ადამიანისა სიცოცხლისა ბოლო − შენზედა მოვიდეს, შენი სახლი და საჯდომი შენთა მტერთა მიჰხვდების. დაეხსენ, რომელ ცოცხალი იყოს და შენი ადგილი შენად შედეგად შეინახოს.
შეგონება: კაცი უკუნისამდე ცოცხალი არ ეგების, გარნაღა ოდესმე სიკვდილი მოესწრების.
სჯობს, რომელ რამინ ცოცხალი გესვას, ნუთუ შენებრი ქვეყანისა მპყრობელი და ჴელმწიფე იყოს. ძმასა ნუ მოჰკლავ, ცოლი კიდე გააძე და სიყვარულისა კლიტე სხვასა ვისმე შეჰვედრე. კეკლუცნი, მზისა მსგავსნი, დია არიან, რომელ მათი მკერდი წმიდა ვეცხლია და თმა − ამბარი. ერთი მათგანი გამოირჩიე, და გული მას მიეც და საჭურჭლისა კლიტე მას შეჰვედრე, ნუთუ მისისა სადაფისაგან თვალი პატიოსანი გამოვიდეს, რომელ სიხარული მოგეცეს და ადგილი შენი შეინახოს! რასაღა გამოელი ვისისა საქმიანობასა? ამისგან კიდე კარგი რა სჭირს, რომელ ჯიმშედის გვარისა არის. თუცა გვარად ჴელმწიფე და კარგია, მისსა სიკეკლუცესა ათასი ავი ზნე სდევს. ნუ იქმ, ჴელმწიფეო, ცნობა მოიჴმარე და სულსა შენსა რამინის სისხლითა ნუ დაისვრი. ათასსა დიაცსა ვისისებრსა ჰპოებ. მის ბოზისა სიყვარულსა გულისაგან რად არ გააგდებ? მე ესე ამბავი კვლაცა მასმია და მგონია − უარესიცა მასმია მის დუხჭირისა თავისუფლისა. ძმა ვირო კვლაცა შეუყვარებია, დღე და ღამე მის გვერდით სმად ზის და ღვინისაგან უფროსჯერ მთრვალი არის ვისისა ბედისაგან. ნიადაგ ესე უნდოდა; აწ რა მიჰხვდა, აღარას შეიჭირვებს. შენ უბედურსა რამინს რასაღა უწყრები? შენი შემცოდე ვირო არის, არ რამინ; ჰამიანს არის, მით არის, რომელ შენებრვე ვისისი მიჯნური არის და ერთი ზნე ბოზისა ვისისი ესე არის, რომელ თვითოსა დღესა თვითო კურო ჰყვეს. ეგეთი სიკეკლუცე და შვენება რა სარგებელი არის, რომელ თვესა ერთსა მოყვარესა თანა არ დაზამს. ვარდსა ჰგავს: თუცა სურნელი და ამო არს, დიდსა ხანსა არ დაზამს და ადრე წავა”.
რა ესე სიტყვა გაათავა დედამან და მოისმინა მოაბად დედისაგან, ძმისათვის მაშინვე გულ-კარგად გაჴდა, მაგრა ასრე გაუწყრა ვისსა და ვიროს, რომელ წყრომისაგან პირი გაუყვითლდა. მაშინვე ვიროს წიგნი მიუწერა და სიკუშტითა კალამი ჴრმლისაებრ გაიმახვა და ეგრე მიუწერა:
”ვინ გიბრძანა, ამას არ მითხრობ, რომელ ჩემგან უფროსობასა ჰლამი? ვინაა ზურგი ანუ მეშველი შენი, რომელ ეგრე გადიდებულ ხარ? რად არ მითხრობ ამას, თუ ესრე ვინ გაგულოვნებს, რომელ მელსა ლომისა ბუნება აგიღია? შენ ლომთა თანა რად ჰლამი ლომობასა, კანჯარი სად მოერევი, ანუ სად გაექცევი ლომსა? თუცა ვისი შენი დაი არს, ჩემი ცოლია, და ეგრე მექცევი, გვერდით რად გიზის? სად გინახავს, ოდეს ერთი დიაცი ორთა ქმართა ცოლი, ანუ ორნი მებრძოლნი პილონი ერთითა ბეწვითა დაბმულნი? მე არ მინახავს! ნუთუ მუნითგან ქვეყანანი რანიმე აგიხმან ანუ ასაბიანი დიდძალოანნი მოგიკიდებიან და მით გულოვნობ? მე შენგან კარგნი ვერაოდეს რა მინახვან, არცოდეს ვინ ჴელმწიფე გაგიქცევია, არცა მტერი ტყვედ ვინმე წამოგიყვანია, არცავისი შენისა დამამძიმებელისა ქვეყანა აგიოჴრებია. რა ოდეს გიქმნია კარგი, არავისგან მასმია. შენი გვარი ამაღლებისა ჟამსა თავსა ჩაღმა იქმს, ჯორსა ჰგავს გვარიანობითა: რა მამა ჰკითხონ, დედასა აჴსენებს. შენი უკეთესი მშვილდოსნობაა, მაგრა საგნობასა შიგან, არ ომსა. ცხენოსნად კარგი ხარ, მაგრა მოედანსა შიგან, უკეთ გააჭენებ ასპარეზობასა შიგან, ვირე ლაშქრობისა და შებმისა ჟამსა. ვირე დედათა ახლავ, ჭაბუკობასა დია ეცდები, თუცა ომის დღესა და შებმისა ჟამსა, ვითა დიაცი, გაიქცევი. მაჰისა ქვეყანასა მიწყით ლომობ და სხვაგან მელიცა დაგიზაბუნებს. ნუთუ ჩემი შიში დაგვიწყებია, რომელ თავისაგან სული ამოგიღო, და ჩემთა ლაშქართა მარღუზელთა ნაკრავიცა დაგვიწყებია, რომელ მაჰისა ქვეყანასა შიგან ჯერეთცა ყოველგან კვნესა და ვაგლახი ისმის. მაშინდითგან მე იგი მკლავი და ჴრმალი ჯერეთ მაქვს, რომელ პირით ქვეყანისაჲთ ჩემთა მტერთა დამჴოცელია. რა ესე წიგნი წაიკითხო, ცოტად დამელოდე. ამათ დღეთა ნაუზმები ჴრმალი ჩემი გესტუმრების. მე იგიცა მასმია, რაცა ამას წინათ დაგიქადებია და მოახლეთათვის გაჩვენებულ ხარ. ეგრე გითქვამს: ”მოაბად უგრძნეულოდ დამესხა და მით წაიყვანა გორაბით ვისი. მე ღაფლად ვიყავ; თუმცა მუნ დამხვდარ ვიყავ, მოაბად ყოლა ვერ წაიყვანდა ვისსაო”. აწ აღარა მთრვალისაებრ მოღაფლებულ ხარ; თავისა ადგილსა მორჭმული ჴელმწიფე ჰზი. ჩემი საქმე შენთვის მიცნობებია, შენად ომად გამომართულ ვარ. საგუშაგოსა ზედა ყოველგან გუშაგნი დააყენენ, ყოველი ადგილი გაიმაგრე, ლაშქარნი შეიყარენ, ასაბიანი მოიკიდენ და, ვითაცა გწადიან, ეგრე დაემზადე. თვით მეცა ადრე მოგესწრები, გავანქრევ შენთა საჭურჭლეთა, იავარ-გიქმ შენ და შენთა ლაშქართა. აღარ ეგრე შეგებმი, რომელ ცოცხალი სადმე დარჩე და შენებურად გარდაიხვეწო. ქვეყანასა შიგან ეგზომსა სისხლსა ვადენ, რომელ სისხლისა ღვარი მკვდარსა იტანდეს. ვისსა გამოვიტან უპატიოდ და უზეწაროდ ლაშქართა შიგან ქვეითსა ვაცორვებ. ესრე გავჰჴდი და მოვაყივნებ, რომელ აქათგან წაღმართ უხუცესისა მტერობასა ვეღარავინ იკადრებდეს”.
ესე წიგნი შიკრიკსა მისცა და გაგზავნა ვიროს თანა და მაშინვე ლაშქართა ყველასა აცნობა ესე საქმე. შეეკაზმნეს დიდებულნი და ლაშქარნი. შეიყარა უამრავი, ზღვისა ქვიშთა ოდენი. ასაყარსა ჰკრეს, თუ სთქვა, ჯეონისა წყალი ქოისტანისაკე მივაო. ლაშქართა სიდიდისაგან ცისკარი დაიმალის. ესეთი ჭაბუკები იყო, რომელ ლომთაებრ სისხლისა მსმელნი. მიდიოდეს ფიცხლად მოწიგნარსა შიკრიკსა უკანა, ვითა ქარნი.
რა ფარანდამან წიგნი მიართვა, მოაბადის წყრომისა შიშითა ტანისაგან ძალი წაუვიდა და თვალთაგან სინათლე. ეგრე თქვა:
”მიკვირს ეგზომი წყრომა რა არის, ანუ ესრე დანაქადებით საუბარი? ჩემი დაი მისი ცოლი არის და მისსა დარბაზსა შიგან ჯდა, ზამთრის დღესა სახლისაგან გამოაძო. იგი გვცემს და იგივე ტირს. ორი უსამართლო მისგან გვჭირს: გამორჩეული ჩემი დაი, ვით მესისხლე, ათასითა უპატიობითა გამოაძო, ერთითა წიგნითა უკანის არცა მოიგონა და არცა უჴმო. მან შეგვცოდა და იგივე გვიწყრების. შაჰინშა არცა ქვისაა და არცა რვალისა. რად უნდა ეგზომი ქადილი და გაჩვენება? ერთხელ ლაშქარი შეყარა და მნახა. მგონია, მოეწონა ჩემი თავი. ესრე გაქცეული და გაწბილებული წავიდა აქაით, რომელ უპატიობითა ქვეყანათა შიგან არაკად დაიდვა. ჩვენი ომი არ დამალული იყო, რომელ აწ ვისმე გავაგონებდეთ. მაშინ ძლივ გარდაიხვეწა. აწ კვლა ფერება რადღა უნდა? ორთა კაცთა ერთისა გატეხილისა მშვილდისაგან ეშინოდაო”.
მერმე წიგნის პასუხი პირიანი მიუწერა:
”დიდო ჴელმწიფეო, მაღალო და მებრძოლო, ნებიერო! შენისა საცთურისაგან რა წაგეკიდა დაღრეჯილობისა და ავისაგან კიდე? შენ, ჴელმწიფეთა ჴელმწიფეო, მბრძანებლობა გაგივა. საჴამსო ესე არის, რომელ წყნარი იყო და ყოვლისა საქმისა მეცნიერი. რადგან პატრონი ხარ, ჴამს ესე, რომელ სიტყვა უნივთო არაოდეს ბრძანო, მეცნიერნი სამართლიანად უბნობდენ და თავსა მიწყით მოსამართლეობითა გასახელოვნობდენ. ჩვენს შუა მტერობა უპირულია, მით რომელ მოყვრობა და მტერობა ერთგან უფერეა. თქვენ ბედითსა უბნობთ და გვაგინებთ, ჩვენ ვერცა ეგრე გაგინებთ. თავისი ცოლი გაგიძია, სხვასა ნურვის აბრალებ. ამისთვის არცა წიგნის მოწერა გინდა და არცა ომი. აჰა შენი ცოლი, სადაცა გწადიან, წაიყვანე და, თუ მიბრძანებ, აწვე ვისსა შენსა წინაშე გამოვგზავნი. ოდითგან აქა მოსულა, ღმერთმან იცის, სამჯრის მეტად არ მინახავს და, თუ ვნახოცა, რა საკვირველია? ძმა დისა ნახვისათვის ოდეს ვის გაუყენებია? ცოლი შენი, რა გაგვა, თუ მე გვერდით მიჯდეს, და, თუ ავსა რას მეეჭვ, თვით იცი, რომელ მე უსამართლეობა არაოდეს გამომსლვია. ვისიცა ამასვე იტყვის და შენცა იცი, რომელ უღალატო მომიჴსენებია. აწ ამისად შედეგად შენ თუ არ იცი ჩემი საქმე, მე გაგაგონო ამა წიგნითა, რომელ მოგიწერია. შენ მარტო მისრულ ხარ ბრჭისასა და ცუდად უსამართლო დია გითქვამს, მაშინდლითა შებმითა შენ თავი გიქია: ”გამარჯვებული მე ვარო და გაქცეული - შენა”; ეგრე გითქვამს: ”იგივე მკლავი და ჴრმალი [ჯერეთ არისო, რომელ პირისა მიწისაგან ჩემი მტერი ავჴოცეო”. თუ შენი ჴრმალი] ბასრი არის, არცა ჩემია ბზისა. თუ შენი ჴრმალი ჯაჭვ-მუზარადსა სჭრის, ჩემი კვლა − ქვასა და გრდემლსა. ეგრე გითქვამს: ”ჩემი შიში ნუთუ დაგვიწყებიაო?” შენ თურე ჩემი ნაკრავი სიზმრივ ნახე, რომელ მღვიძარესა აღარ გეტკივნა. რაცა ჩემგან სათქმელად ჩემი ქება და შენი ძაგება ჴამს, ჩემად ნაცვლად ყველა შენ გითქვამს და დაგისწრია. თუ ესე წიგნი ლაშქართა ზედა წაიკითხო, მრავალი დამალული აუგი გამოგაჩნდების. ესეცა დაგეყვედრა ჩემდა, თუ: ”შენი დედა გვარად შენსა მამასა სჯობდაო”. კაცისა მამაცისა გვარი ომისა დღესა მისი მკლავი და ჭაბუკობაა. მაშინ გვარსა არ ეძებენ, შუბისა, ჴრმლისა და ლახტისაგან ეშინიან თუ. ომსა შიგან გამოვაჩინო, რა შევიყარნეთ, ჩემი გვარი და საქმით ვქმნა, არ ენითა, ოდენ ვთქვა. ოქრო-გოარი და ენა-მახვილობა ერთ დანგად ღირან მაშინ, რა ჭაბუკნი ერთმანერთსა შეებნენ. ეგრე საუბარი ქვე დააგდე და აწ ჭაბუკობა იჴმარე. დღეს ჩვენი მეშველი მკლავი, ჴრმალი და გული არის და გამარჯვება ღმრთისა ჴელთა შიგან არის”.
ფარანდა გარეშეაქცია ვირომან, შაჰი მოაბადს წინა მიეგება. რა მოაბად ესოდენი ძნელი პასუხი წაიკითხა, − მუნვე წყნარად კითხვა დაიწყო, სადა საეჭვი ჰქონდა, რომელ ვირო ვისის გზითა ავსა პასუხსა გასცემდა, და, რა სრულად წიგნი წაიკითხა, სიკუშტე და სიცრუე მაშინვე სინანულად გაუჴდა. სხვა კაცი გაგზავნა ვიროს თანა, ვითა: ”შენ გიჴსნივარ ყოველთა ჭირთაგან, დია ავად შეესმინე ჩემთანა და არა ვიცოდი, რომელ უსამართლოდ იყვნენ, აწ მტერობისა რაჴსისაგან გარდაჴდომილ ვარ და სიყვარულისა ჭარმაგსა შეჯდომილ ვარ. შენი სტუმარი ვარ თვესა ერთსა. ვით მოყვარეთა და მზახალთა ჰხვდების, აგრე იურვოდი მასპინძლობისათვის. შენსა დარბაზსა და წალკოტსა საჴელმწიფოსა შიგანა გესტუმრები. მერმე წელიწადსა ერთსა მე შენი მასპინძელი ვარ. ნუთუ რას ამა საქმისათვის მემდუროდე, აწვე აქა ბრძანე და ვისი თანა მოიტანე. ვისი ჩემი სულია და შენ ძმა გამორჩეული და შაჰრო ჩემი დედაა”.
რა მივიდა მოაბადის წიგნი ვიროს თანა, საყვარლიანი, და დია სალამი და ძღვენი შაჰროს თანა ჰქონდა, კვლაცა დაიმალა მტერობისა ეშმა და სიყვარულისა ვარდი აყვავდა, სიხარულისა თვალსა გაეღვიძა და მტერობა გაქარდა. მიიყვანეს დედოფალი ვისი, ვითა მზე, და მოაბადს შეჰვედრეს. ყოველსა კაცსა გაეხარნეს. თუ სთქვა, ქორწილი მაშინღა იყო. თვესა ერთსა მუნ გაიხარნეს, ინადირეს, იასპარეზეს, სმიდეს, მერმე ხორასანს მოჰმართეს და მაჰით მარავს ქალაქსა მივიდეს.
28. მოაბადისაგან საცეცხლისა აგზება ვისის საფიცრად
რა მარავს ქალაქშიგან მივიდა შაჰინშა, გულმხიარულობდა და ვისის სიახლისაგან მზე მისი ვისის პირი იყვის და მუშკი მისი - ვისის თმა.
ერთსა დღესა ამოდ ჯდა გულ-მხიარულად ვისსა გვერდით და ეუბნებოდა რამინის სიყვარულისასა, ვითა: ”ეგზომი ხანი მაჰისა ქვეყანასა დაჰყავ და ამით გასძლე, რომელ რამინ შენსა გვერდით იყო და, თუცა იგი არ გხლებოდა ჭირის მაქარვებლად, დილად ღამემდი მუნ ყოფნასა ვერ გასძლებდი”.
ვისმან კუშტად პასუხი ეგრე მოაჴსენა:
”ეგზომ ავსა და ბედითსა ნუ მეეჭვ. ზოგჯერ აგრე მეტყვი, ვიროს ჰყოლიხარო და მისსა ნახვასა მანავღლებ; ზოგჯერ ეგრე მეტყვი, რამინს ჰყოლიხარო. რად მაყვედრებ ეგზომსა?..
არაკი: ნუ ეჭვ ჯოჯოხეთსა ეგზომ ცხელსა, ვითა იტყვიან, და ნუცა დევსა ეგზომ დუხჭირსა, ვითა უზრახვენ. თუცა მპარვისა ჴელი მპარაობაა, ტყვილსაცა დიდად უზრახვენ.
ესე შენ თვით იცი, რომელ ვირო მონადირე არის და წამსა ერთსა შინ არ დაჰყოფს. სხვა ჴელი არ იცის ბურთობისა, ნადირობისა და დიდებულთა თანა სმისაგან კიდე. რამინს იგივე ზნე სჭირს, რომელი ვიროს, და მისი თვით მოყვარული არის. ამა ექვსსა თვესა, ვითა ორნი ძმანი, თამაშითა შექცეულან. ყრმასა კაცსა ყრმა კაცი ბერისაგან უფრო უყვარს, ამით რომელ უფროსი სიამოვნე სიყრმე არის კაცისა. სიკეკლუცე და სიყრმე ღმერთსა, ვითა სამოთხე, დაუბადებია. რა რამინ მაჰისა ქვეყანასა მოვიდა, მან და ჩემმან ძმამან გაიხარნეს ნადირობითა, ბურთობითა, სმითა გაგებითა. არ ეგების, რომელ ვინცა ვის შეუყვარდეს, ყველა შემცოდე და საკლავი იყოს, და არცა ესე, რომელ ვინცა მიჯნური იყოს, ყველა ღალატსა და მოღორებასა მოყვრისა უდგებოდეს. არ ყველასა გული შენებრ ღალატიანი არის და არ ყოველი კაცი შენებრ შეუპოვარი არის”.
შაჰი მოაბადს გაუკვირდა და ეგრე თქვა:
”თუ ესე ესრე, კარგია, რამინ საკურთხეველი არის, აღარ დასაწყევარი. აწ შენ შემომფიცე, რომელ შენ მუნ რამინს არა ჰყოლიხარ. რად გეშინიან? შეუცოდებელმან ფიცითა გამოაჩინე შენი სიმართლე. შეუცოდებელსა ღმერთი არ გარდააჴდევს. და მაძღრად უჭმელი პირი არ აყროლდების”.
რა ვისსა ესე მოაბადისაგან ესმა, გულოვნად ეგრე მოაჴსენა:
”ჰე, ჴელმწიფეო საშიშო! მაგა ფიცითა ვერ შემაშინებ, ამით რომელ მართალი ადვილად ფიცავს. კაცისა გული რა მართალია, წყლისა შესმა და ფიცი სწორია მისთვისაო”.
შაჰინშა ეგრე ბრძანა:
”ამის უკეთესი არაა, რომელ შემომფიცო, და საეჭვსა და საყვედურსა დაეჴსნა და შენთვის ყველაჲსა მზრახისა ენა დააბა. აწ მე დიდსა ცეცხლსა დავაგზებ, ალვასა და მუშკსა დავაკვამლებ და ამა ყოველთა დიდებულთა და ლაშქართა წინა შემომფიცე ცეცხლითა და მას შუა გამოიარე, რომელ მასვე წამსა, რა შემომფიცო, შეცოდებისაგან სულითა წმიდა იქმნე და ამისსა შემდგომად არცა რა საყვედურითა გკადრო და არცა უნებელი სიტყვა. მაშინ ჩემი სული და საწუთრო იქმნები და სიცოცხლისაებრ შემიყვარდები, და ჩემსა ჴელმწიფობასა ერთობით შენ მოგცემ და შენსა სიწმიდესა გამოვაჩენ”.
ვისმან ეგრე მოაჴსენა:
”ეგრე ქმენ, შენცა განწმდი და მეცა განმწმიდე მაგა საქმითა. ვირემდინცა შენ გულსა შიგან არაწმიდასა მეეჭვ, შენს სულსა და სჯულსა ყველასა ივნებ. შეცოდებისა ნახვა და მალვა სჯობს, ვირე უნახაობა და წამება”.
მერმე შაჰინშა უჴმო ყველა ერთობითა ცეცხლისა მსახურნი, დიდებულნი და ლაშქარნი მისნი და საცეცხლესა შიგან დიდი საქონელი შესწირეს, რომელ თვითოსა თქმა არ ეგების: ოქრო, თვალი, მარგალიტი და სოფლები, და მუნით ცოტა ცეცხლი მოაღებინა, მოედანსა შინა დიდისა მთისა ოდენი ცეცხლი დააგზებინა, რომელ მისი სიტფო ცამდინ მისწვდებოდა და მისი ალი კეკლუცსა დიაცსა ჰგვანდა, რომელ შარისა პერანგითა ლამაზად იარებოდეს. ანათობდა ქვეყანასა სრულად მის ცეცხლისა სიდიდე და სიცხითა დამწველი იყო, ვითა მოყვრისა გაყრა, და კვამლი მისი აბნელებდა ჰაერსა ცისასა. და ესე არავინ იცოდა, თუ შაჰინშას რაჲსთვის აუგზია ისი ცეცხლიო, და ესრე ამაღლდა, რომელ მთვარესა ატფობდა მისი ალი.
დადგეს ერთობით დიდებულნი ხორასნელნი ცეცხლისა წინა. მოაბადის კოშკისაგან ვისმან ნახა იგი საშინელი ცეცხლი და რამინს უთხრა:
”ნახე იმა კაცისა საქმე, ვითარი დიდი ცეცხლი დაუგზია ჩვენთვისო და იმაშიგან ჰლამის ჩვენსა დაწვასა! აწე ვირე იგი დაგვწვიდეს, მოე და ორნივე გავიპარნეთ აქაჲთ. და ჩვენ დავწვათ მოაბადის გული მისითავე ცეცხლითა. გუშინ მეუბნებოდა მოაბად ვითა − შემომფიცე, რომელ რამინს არა ჰყოლიხარო, და მეცა დაუწყე საუბარი, ვაღორებდი. აწ აქა მოქალაქეთა და ლაშქართა წინა დიდი ცეცხლი დაუგზია და მე იმა ცეცხლსა შიგან გამარებს, იმა კაცთა წინა მომაყივნებს და ეგრე მეტყვის: ამა კაცთა წინა შიშველი შედი, რომელ რამინს არავინ გიზრახვიდესო”.
მერმე ძიძასა ეგრე უთხრა:
”შენ რას იტყვი, ამა ცეცხლსა ვითა დამჴსნი? აღარ გულოვნობისა ჟამია, აწ გაქცევისა არის. შენ დია ღონის ამგებელი ხარ და ფრთხილი; გვითხარ თუ რა არის ჩვენი ღონე, ანუ ამისგან ვით ვიჴსნებით? ესეთსა ჟამსა ღონე სჯობს ჭაბუკობასა”.
მერმე ძიძამან მისებურად მაგალითად ეგრე უთხრა:
”ეგე დია ძნელი საქმე წაგვკიდებია, მე მაგისისა ღონისა აგება არ ვიცი. მაგრა ნუთუ ღმერთმან გვიშველოს და გაგვიმარჯვოს! აწ რადგან ესე წაგეკიდა, აქა ნუღარა სდგათ; სადა მე მივიდოდე, თქვენცა წამომყევით”.
სალაროსა შევიდეს და მუნით დია საქონელი, ოქრო, თვალი და მარგალიტი აიღეს და აბანოსა შევიდეს სამნივე. და ერთი გზა წყლისა სადინელი წალკოტსა გავიდოდა ესეთი, რომელ არავინ იცოდა. და მას ჴვრელსა გავიდეს სამნივე და წალკოტსა შევიდეს, მოაბადისაგან გულ-დადაღულნი მივიდოდეს. მაღალი ზღუდე იყო წალკოტისა. რამინ, ვითა ვეფხი, ზედა შეხლტა და ზეწარი ჩამოუშვა; ორნივე ზეწრითა ზე გაიყვანნა და იმიერით ჩაასხნა. თვით უჭირველად ჩახლტა. და სამნივე ზეწრითა, ვითა დედანი, პირდაბურვილნი წავიდეს.
იცოდა რამინ ერთი ვენაჴი, რომელსა შიგან ერთი კარგი მეზვრე იყო, მოყვარე მისი. მაშინ მისსა მივიდა და მუნ მოისვენეს. მერმე ვენაჴით მეზვრე გაგზავნა თავისა ყმასა კარგსა მისანდობელსა თანა და ეგრე უბრძანა, ვითა: ”უკეთესნი ცხენნი დამიკაზმენ და ჩემი აბჯარი. და თუ რა საჭამადი გაქვს, სულითა ზედა აქა მოიტანე, რომელ ვერვინ გიგრძნას”. მივიდა და მასვე წამსა, რაცა უნდოდა, შინაჲთ მოართვეს.
რა შეღამდა, შესხდეს და ესრე წავიდეს სამნივე, რომელ ქარი ვერ ეწეოდა. ადამიანმან ვერავინ ნახა. ესეთი მინდორი, რომელ ვეშაპთა ოდენ სადგომი იყო, უწყლო და უსაძოვრო, - მათ ერთგან ყოფნისათვის სამოთხედ უჩნდა: ქვიშა, ქვა, სიცხე და წყურვილი მათ მიჯნურობისაგან ღმრთისა წყალობად უჩნდა. და ერთმანერთისა სიახლისაგან ვერცა სიცხესა იგრძნებდეს, ვერცა სიცივესა. ვითამცა თამაშად იარებოდა, არ ეგზომ საჭიროსა ადგილსა და გზასა მიდიოდეს. ჩინეთს ქვაზედ წერია, ვითა: ”მიჯნურთა ჯოჯოხეთი სამოთხედ უჩნს. რა მოყვარესა ახლავს, მიჯნურსა, თუ პილწიცაა, მას ეტრფიალების. მინდორი ვენაჴად უჩნს, თოვლი − წალკოტად. მიჯნური მთრვალსა ჰგავს, რომელ, რა კაცსა ეთროს, ჭირი და ლხინი ყველა სწორად უჩნს”.
იგი მინდორი ათ დღეს დალიეს და მარავით რეს ქალაქს მივიდეს. რამინს ერთი მოყვარე ესვა კარგი და მისანდობელი; რესა მას კარგი სახლ-კარი ჰქონდა და დია უხვი და კარგი კაცი იყო. სახელი ბეჰროზ შეჰროს ძე ერქვა. და მისი სახლი სამყოფად ამო იყო და ყოვლითა კეთილითა სავსე. ძილპირისა ჟამსა, რომელ ღამისა სიბნელისაგან გზა არა ჩნდა, რამინ მივიდა ბეჰროზის კარსა გულ-მხიარული და ჭირთაგან ჴსნილი. რა ბეჰროზ ნახა რამინ, სიხარულითა არ დაიჯერა, თუ არა მეზმანებისო. ეგრე თქვა:
”ესეთსა ჟამსა რამინისებრი სტუმარი ვისთვის ეგების?”
რამინ ეგრე უთხრა:
”ძმაო, ესე ჩვენი ხვაშიადი შენისა სიკეთისაებრ დამალე და ნურავის უთხრობ, თუ რამინ მოსრულა ანუ სტუმარი მყავს”.
ეგრე მოაჴსენა ბეჰროზ:
”ღმერთმან და ჩემმან ბედმან მოგიყვანა ჩემად სტუმრად, შენ პატრონი ხარ, მე შენი ყმისა ყმა ვარ. თუ მიბრძანებ, სახლისაგან ყველათა კიდე გავალ. დარბაზი ჩემი და, რაცა მაშიგან არის, თქვენი არის და მე ღმერთმან თქვენი სამსახური გამიმარჯვოს”.
მერმე ვისი, რამინ და ბეჰროზ, ვითა მათ სწადდა, ეგრე იხარებდეს ერთგან ასსა დღესა, ასრე რომელ მათი ამბავი არავინ იცოდა. კარ-დაჴშულნი და გულ-გაჴსნილნი დღისით თამაშობდეს და ღამით გამოჩინებისა შედეგად რამინ ჩანგი აიღის და ცემა დაუწყის და ზედა სიმღერა თქვის და სამიჯნუროთა შაირთა იტყოდის ამოჲთა ჴმითა, ვითა:
”ჩვენ ორნი კარგნი მოყვარულნი ვართ, ერთმანერთისათვის სულთა გავწირავთ; სიხარულისა განძი ვართ, მაგრა მტერისა თვალთა ბოძალი ისარი; თუცა ჩვენ სიხარული და გულის ნება გვაქვს, ჩვენი მტერი ამით დია უპატიოდ არის და საწყლად; რაზომიცა ჭირი დაგვემართოს, ჩვენ ერთმანერთსა არ გავეყრებით, ვერცა ოდეს სიახლითა გავძღებით, ჩვენ სიხარულისაგან კიდე ვერას ვნახავთ; ბედსა ჩვენთვის ესე მოუცემია. ამოო ვისო, რამინს წინა მჯდომო! რამინ შენგან მხიარული, შენ რამინისაგან. ამოო ვისო, პირ-მხიარულად ბაგე-მღიმარეო! არ ვინანი ჩემსა თათბირსა, არ ვინანი ამა ესრეობისა ქმნასა; ვიხარებ ამა მგზავრობასა, რომელ ვისისებრი ნადირი ვინადირე. შაბაშ, რამინ, რომელ შენი საწადელი აისრულე! აწ, ვითა გწადიან, ეგრე ახარებდი გულსა, − მოყვარეთა ნება ერთგან გაქვს, სამოთხესა შინა ხარ. შენი ვარდი დაუმჭნარია, შენი მოყვარე მზე არის, რომლისა ბედითა რასაცა ეძებ, ჰპოებ. ღმრთისაგანცა კურთხეულ არს მაჰისა ქვეყანა, რომელსა შინა ვისი პირმზე დაბადებულა! კურთხეულმცა არის ვისის სიცილი, რომელ საწუთროცა მისისა სიცილისა მონა არის! მიბოძე, ვისო, ბროლისა ჴელითა საჴელმწიფო ჭიქა, რომელსა შიგან ღვინო შენის ღაწვისაებრ წითელი დგას. მე ოდესცა შენისა ჴელისაგან ღვინოსა შევსვამ, უკვდავებად მიჩნს. ღვინო ვერ დამათრობს, შეჭირვება არ მომივა შენისა სიყვარულისაგან, მე ჭირი არ შემწონს. რა ამოდ შემომხედნე, ღმრთის წყალობად მიჩნს. ჩემი პატივი შენგან გაძლიერდების და შეჭირვება ჩემი შენგან განქარდების. გული ჩემი სადაფი არის და შენ შიგან მარგალიტი; ჩემი მკერდი ცა არის და შენ მას ზედა ვარსკვლავი. ღმერთმან ესე სადაფი უმარგალიტოდ ნუ გაჴადოს და ესე ცა − უვარსკვლავოდ. მიწყითმცა შენად არის შენგან მხიარული! მოვა ესეთი ჟამი, რომელ ჩვენსა სახელსა აჴსენებდენ და ყოველსა კაცსა უკვირდეს ჩვენი სიყვარული, სახელი და სიხარული. და ესეთი სიკეკლუცე ჴამს, თუ უკუნისამდე იჴსენებოდეს. გულო, თუცა დია ჭირი და სასჯელი ნახე, აწ მოყვრისაგან ლხინსა და გულის-ნებასა ხარ. ჩემი გული მით სიყვარულითა სავსეა, რომელ მოყვრისა პირი მზე და მთვარეა. შენ დღე და ღამე იხარებდი მისითა პირითა და მტერთა და მეშურნეთა სიკვდილსა იგონებ. ხურმა და ეკალი ერთსა ხესა ზედა იქმნებიან, ეგრეთვე მიჯნურთა სიხარული და შეჭირვება მისი ერთგან იქმნებიან. აწ, გულო, თუ შენ სული შესწირო, მისისა ერთისა კოცნისა მუქაფა არაა. მე სული ასეთისა მოყვრისათვის მინდა და საწუთრო ესეთისა საქმისათვის დაბადებულია. აწ შენ სმიდი ღვინოსა, ნუ შეიჭირვებ! ხვალე რაცა ღმერთსა გაუგია, იგი წაგეკიდების. ნუთუ ხვალე თვით უკეთესი წაგვეკიდოს მისგან, რომელსა დღესა მიელი!”
ოდესცა რამინ ღვინოსა სმიდის, ესეგვარსა იტყოდის, იმღერდის და უბნობდის. ვისი, კეკლუცთა სანთელი, მხიარულად იყო. არა დააკლეს ორთავე გულის მონაცემი. აქათ ვისი და რამინ ესრე იხარებდეს და იქით შაჰინშა ჭირსა და მოყივნებასა და ჯავრსა შიგან იყო, რომელ ვისსა აფიცებდა და საეჭვისაგან გამოიყვანდა.
ოდეს ძებნა დუწყო ვისსა, ვეღარა პოვა. საწუთრო თვალთა წინა დაუბნელდა. ერთსა დღესა და ღამესა ეძებდეს. მოაბადს ღვიძლსა ცეცხლი ედებოდა და გული თვით მისგანვე დანაგზებსა საჴმილსა შიგან ეგზებოდა. რა პოვნისა იმედი გარდაიწყვიტა, თავისა სიკვდილი სანატრელად გაუჴდა; მერმე ძმასა მისსა ზარდის თავისა საჯდომი შეჰვედრა და მას მიანდო, ამად რომელ ძმაცა იყო და მისანდობელი ვაზირიცა.
29. მოაბადისაგან გაღარიბება ვისის საძებრად
მოაბად თავით თვისით ქვეყანათა შიგან ვისის საძებრად წავიდა. მარტო მისთა ეგზომ ქონებათაგან ერთი ჴრმალი და ერთი ცხენი, რომელნიცა ბუნებად ერჩივნა, წაიტანა და წავიდა. ქვეყანათა შიგან მარტო იარებოდა. გულის ტკივილისაგან და სიყვარულისაგანცა მიუცილვებელად ვისსა აჴსენებდის. მოიარა ყოველი პირი მიწისა: ოჴერი და შენი, ზღვა და ჴმელი, ჰინდოეთი, თურქეთი, საბერძნეთი, ჩინი-მაჩინი, რანი და ერაყი; ვისის ნიშანსა და ამბავსა იკითხვიდა. ვერცა თვით მიხვდა და ვერცარა მისი ნიშანი სხვაგან ესმა. ზოგჯერ არნისაებრ მთათა და კლდეთა ზედა იარებოდის, ზოგჯერ ლომისაებრ ლერწამთა და ტევრთა შიგან იარებოდის, ზოგჯერ გარე-თხისაებრ მინდორთა შიგან იყვის, ზოგჯერ გველისაებრ ჴვრელთა შიგან იყვის. არ დარჩა ადგილი, სადაცა არ ეძებნა.
ხუთსა თვესა ვითა ხელი და მტერიანი, ცურვიდა ვისის გზათა უკანა. ზოგჯერ სიცხითა მისჭირდის, ზოგჯერ სიცივითა თავუწევარ იქმნის, ზოგჯერ მგზავრთაგან ჭამის პური, ზოგჯერ მეცხორეებთან ჭამის პური; რაცა მიჰხვდის, მათითა ცოცხალ იყო. ქვე ვერა დაიძინის; ჴელმწიფესა ნანებიერებსა შართქუნად მიწა ჰქონდა და სასთაულად − მისივე მკლავი. ამა ხუთსა თვესა ქვეყანათა შიგან იარა. ამხანაგი მისი შეჭირვება იყო და ნადიმი − მგზავრობა. დია ქვა იკრის გულსა და დია სისხლი დაღვარის თვალთაგან. ოდეს უგზოსა გზასა იარებოდის ანუ მარტოდ სადმე დარჩის, ეგზომი იტირის, რომელ ტანისამოსი მისი დაიწურვოდის. ეგრევე თქვის:
”რა ვქმნა? აჰა, სადაა ჩემი ლაშქარი და საჭურჭლე და უთვალავი ოქრო და საქონელი? გულისათვის ყველა განვაქრვე, დავთმე და აწ არცა გული მაქვს და არცა ჴელმწიფობა; მოყვრისაგანცა კიდე დარჩომილ ვარ და ჴელმწიფობისაგანცა. ესეთსა ჟამსა სიკვდილიცა ამო არის. მისსა ძებნასა შიგან რა ერთი ბიჯი წავდგა, თუ სთქვა, ერთი ასო მაშინვე დამაკლდების. მე ჭირი მით მიმატებია, რომელ ჩემი სული ჩემგან აბეზარ-ქმნილია! მე, თუ სთქვა, ქარი რკინისა მეცემის და მიწა ფერჴთა ქვეშე ცეცხლი არის. თუ რა კეკლუცი ვნახო, ყველა გველვეშაპად მეჩვენების. გული ჩემი ღრუბელსა ჰგავს და ჰაერი - მკლველსა. ნავღლისაგან ძალი გამომღებია. მე სიბერისა ჟამსა თუმცა არ გამიჯნურებულ ვიყავ, ესე მიჯობდა და ჴამდა. ეგზომი ჭირი და მიჯნურობა ერთგან არ დამეტევის. ესეთსა ჭირსა შიგან ახალ-მოწიფული ყრმა დაბერდების, ჩემი ბერისა კაცისა ღონე რა არის? ესეთი სამოთხე მომხვდა ქვეყანასა ზედა, რომელ მისგან ჯოჯოხეთი თვალით ვნახე. ესე უარესი მჭირს, რომელ მისგან ავსა ნაქმარსა რა მოვიგონებ, მაშინ უფრო გავხელდები მისთვის; რა ნარგისნი მოვთვალნე, მიჯნურობასა უფრო მემატების, ვითამცა მისი აუგი მიყვარდა, ვითამცა მისგან ავის ქმნა მეამებოდა. მისისა სიყვარულისაგან თვალნი დამბრმობიან და გული უგუნებო მქმნია. საწუთროჲსა ლხინი აღარად მიჩნს, მიჯნურობასა წინათ ძლიერი ვიყავ და ყოვლისა საქმისა მეცნიერი და აწ დაუსუსურებულ ვარ და ესრე გასრულ ვარ, რომელ ვერცაღარას ავსა შევიგებ და ვერცა კარგსა. ცუდად წამიჴდა აქამდისი საჴელი, წამიჴდა სიყვარული, მოყვრისა ქარმან წამიღო ჩემი ნაჭირვები, გულსა ცეცხლი მომიდვა! აწ ქვეყანასა შიგან რასა ვინ მიზრახავს? ყოველსა კაცსა აწ მოვძულვებივარ და კაცსა წინა ასუბუქებულ ვარ, შმაგი და მტერიანი ვგონივარ და მართალან. თვით მათცა უარე ვარ. სიხარული და ჴელმწიფობა დამიგდია და მარტო მინდორთა შიგან ნადირთა თანა გარეულ ვარ. რად მოვისმინე მაშინ ჩემთა მტერთა და მეშურნეთა სიტყვა, ოდეს შვენება-უკლები ჩემი ვისი ჴელთა მყვა, რადგან უმისობისა გაძლება არა მქონდა? მე თუ ღმერთმან შემიწყალოს და ერთხელ მისი ნახვა მო-ღა-მხვდეს, მისსა ბრძანებასა, ვითა მონა, ვმორჩილობდე. და ჩემსა ჴელმწიფობასა და გვირგვინსა ყველასა მას მივსცემ; ვირე ცოცხალ ვიყო, პატრონი იგი იყოს. აწ რადგან მიჯნურობისა ძალი შემიგია, რაცა მას იამების, მე მისი ქმნა მინდა”.
რა მოაბად ექვსი თვე იარა ქვეყანათა შიგან, ერთსახე დასაწყლდა და დასნეულდა და საწუთროჲსა მუხთლობისაგან შეშინდა ღარიბად სადმე უკაცურად სიკვდილისათვის, და ნუთუ მტერმან ჩემი ადგილი დაიჭიროს უჩემობითაო. შეიჭირვებდა თავისა საქმესა და გამოარჩივა, რომელ გარეშეიქცეს და შინა მივიდეს, აწ ვისის ძებნა დააგდოს და იმედსა იყოს უკანის პოვნისა მისისასა. შემოიქცა და მარავს, თავისა ქალაქს მივიდა. და ყოველი კაცი მისითა მისლვითა გამხიარულდა, და სამახარობლო გასცა ყველამან, და ღმერთსა ჰმადლობდეს. შეკაზმეს ქალაქი და ბანთა ზედა მზისა მსგავსნი დედანი დასხდეს. ეგზომი ოქრო და თვალი შეაყარეს ქალაქსა შემომავალსა, რომელ მის ქვეყანისა გლახა ყველა გამდიდრდა.
30. მოაბადისაგან მარავს მოსლვა და ვისის ამბვისა ცნობა
ოდეს შაჰი მოაბად თავისა სადგომი დარბაზი, ქვეყანა და ჴელშწიფობა ქვე დააგდო და მინდორთა მიჰმართა, მაშინ რამინ წიგნი მიუწერა რე ქალაქით დედასა და გაახარნა თავისა სიცოცხლითა.
მოაბად და რამინ ერთისა დედისაგან იყვნეს და დედა ზარდისი სხვა იყო და ჰინდოსა იტყოდეს ზარდსა დედულად.
რამინის გამოგზავნილი მარავს მალვით მოვიდა, ქარისაგან უფიცხესად. მაგრა ოდეს მოაბად და რამინ წასრულნი იყვნეს, მაშინდითგან დედისა მათისა ცრემლნი არ შემშრალ იყვნეს უმათობისა შეჭირვებისათვის. რომელსაცა დედასა მოაბადისა და რამინისებრნი ორნი ძენი უსაქმოდ უჩინო ექმნებიან და ერთისა დიაცისათვის დედასა და თავისა საჴელმწიფოსა და ლაშქართა ქვე დაჰყრიან და ველთა გაჭრასა გამოირჩევენ, მისთვის შეჭირვებასა მართალა.
წიგნი მოართვეს რამინისი მისსა დედასა. ეგრე მოეწერა:
”საწუთრომან მეცნიერობასა და ძმასა მომწყვიდა ამა მიზეზითა, რომელ ძმა ჩემსა სიკვდილსა ინატრის ჩემთვის, მკვეთისა ჴრმლისაებრ უწყალოა, ჩემსა და ვისის დაჴოცასა ჰლამოდა. რადგან ესეთია, მე ერთი თმა ვისისი მისებრსა ათასსა ძმასა მირჩევია. მე ვისის სიამოვნისაგან კიდე სხვასა ვერას ვხედავ და მაგისგან გინებისა და თრევისაგან კიდე არა მაქვს რა. ოდესცა მაგას ვშორავ, ჩემი სიხარული მაშინღაა. სიკვდილი ჩემი რად უნდა? ძმა არის ჩემი, ერთის მამისა შექმნილნი ვართ და ერთის დედისა ნაშობნი. ყოვლისა საქმითა მე ვსჯობ. მოედანსა შიგან ორმოცდათი მაგისებრი ვერ გამისწორებს. რა მარავი დამიგდია, სიცილისა და სიხარულისაგან კიდე არა მიქმნია რა. რა მაგას ვიახლო, ვითა ველური თხა ავაზისაგან, კბილითა დანაყილი ვარ. ეგზომი ჭირი და ფათერაკი მაგისაგან არ გვეყოფოდა, რომელ გვჭირდა, კვლა ცეცხლითა რადღა გვწვიდა? არ ღმერთია, რომელ ჯოჯოხეთსა მიგვცემდეს. აწ შენ ჩემსა ნურას შეიჭირვებ. აქა, რეს ვარ მრთელად და კარგად. ვისის სიახლითა დია ვმხიარულობ. ესე წიგნი მალვით მომიჴსენებია, რომელ ჩემი კარგად ყოფნა გაიხარნე. ნურას შეიჭირვებ, საწუთროჲსა ჭირი და ლხინი უხანოა: დღეს ჩემი ამბავი მომიჴსენებია და, წაღმა ვითაცაღა ვიყო, მასცა გაცნობებ. მუნამდის ქვეყანათა შიგან ვიარები ღარიბად, ვირე მოაბადის ადგილი უმოაბადისოდ დარჩებოდეს, მერმე ღმერთი და ბედი ჩემი მისსა ტახტსა დამსვამს. არ უკვდავებისა წყალი უსვამს, არცა სული მისი მთათა ზედა დაუბამს და, თუ, რაჲ უჩნს და, არ მოკვდეს, შენმან სიყვარულმან, ლაშქართა შევჰყრი და ტახტისაგან ჩამოვითრევ და მე და ვისი დავსხდებით. დიდხან ესრე ყოფნა არ შეგვიძლია. ესე ჩემი სიტყვა დაისწავლე, რომელ ესე საქმე ადრე იქმნების. ვისი დია სალამსა და თაყვანისცემასა მოგაჴსენებს”.
რა მისმან დედამან რამინის წიგნი წაიკითხა, გახარებულმან ღმერთსა მადლი მისცა. და ამას სიხარულსა ზედა მეორესა დღესა მოაბად მოესწრა, შინა მივიდა და დიადი გასცა. საწუთროჲსა მინდობა ასრე არის, რომელ: იგი ბერი-დედა შვილთა მიზეზითა ზოგჯერ ტიროდის და ზოგჯერ იხარებდის. ნუ იქადი მისისა ლხინისაგან, ნუთუ ქადილი ცუდად წაგიჴდეს და ნუცა საწუთროჲსაგან სჩივი. ვირე მასვე არ მოსწადდების, ჩივილიცა უსარგებლოა.
რა შაჰი მოაბად კვირა ერთი შინა გამოისვენა, დარბაზობა შექმნის და კიდე მალე გაყარის, ვითა მგლოიარე დაჯდის, მიწყით დაღრეჯილი იყვის. ღამესა ერთსა დედამან ეგრე მოაჴსენა:
”რად ხარ ნიადაგ დაღრეჯილი, რომელ წამსაცა არა გაქვს სიხარული? რა გჭირს ეგეთი? ერანისა და თურანისა პატრონი ხარ, ჩინით ყიროვნამდის ყველა შენია და შენსა ფარმანსა ქვეშე არის. ნუ ხარ მიწყით ესრე შეჭირვებით. უმხიარულობისათვის შენი სული რად არ გებრალების? ანუ-მე ბერი-დედაშენისა ეგრე ხედვისათვის რად არ გეწყალვი?
შეგონება: ყოველი კაცი სიბერისა ჟამსა გაკეთდების, რა სიყრმისა სირეგვნე დააგდოს, ამით რომელ მას სიბერე მასწავლებლად ეყოფის, თმა თეთრი − შემაგონებლად. ავსა საქმესა ბერი აღარ დაებმის და სიბერესა შიგან სიყრმესა ვეღარ ეძებს.
შენ ვითაცა ჰბერდები, უარე და უარე ხარ. შენითა ეგეგვარობითა გული ჩემი დაგიწყლულებია. ზენაარ, რომელ ჩემი შეიგონეო და შენისა თავისა”.
შაჰინშა ეგრე მოაჴსენა:
”დედაო! ჩემი საქმე ესრე არის, ვითამცა ჩემი გული ჩემი მებრძოლი იყო. ვისის სიყვარულისაგან წამსაცა ვერ გამოვისვენებ. რაზომსაცა შევაგონებ, არ მომისმენს და არცა სიხარულად უჩნს. ექვსსა თვესა ქვეყანათა შიგან თავისა გზისა უმეცარი მარო და ღმერთმან იცის, თუ რა ჭირი ვნახე. აწ შფოთი და შემჭირნე ამად არის, თუ უმოყვროდ რად ვარ ცოცხალი. ვირე ესე გული ჩემსა ტანსა შიგან არის, სხვისა მტერისა ბრძოლად არა მცალს. მე თუმცა სით ვისის ამბავი მესმა, შეჭირვებისა ჭირი დამიმოკლდების. ესრე აღმითქვამს ღმრთისადა: თუ ვისი ვნახო, ერთობით ჴელმწიფობასა ჩემსა ჴელთა შევჰვედრებ, და მას მივსცემ და მისისა მბრძანებლობისაგან კიდე აღარ გამოვალ. რაცა ჩემთვის შეუცოდებია, ყველასა შეუნდობ. ვირე ცოცხალი ვიყო, არ დავაყვედრებ. არცარას რამინს უზამ ავსა. ძმა არის ჩემი და იყოს აქა ჩემად იმედად და ზურგად”.
რა ესე სიტყვა ესმა დედასა მისსა მისგან, გულსა ცეცხლი მოედვა რამინის საქმისათვის. ესრე ატირდა, რომელ უბენი დაისოვლნა, ჴელი გამოუღო შაჰინშას და ეგრე მოახსენა:
”მტკიცედ შემომფიცე, რომელ ავი არა უყო რამინს, არცარა ვისსა და არცარა ემტერებოდე და, რაცა აწ შემომფიცო, ყველა გაასრულო, რა აქა მოვიდენ. დია არ გამაწბილო ღმერთსა და კაცთანა და მე მოგაჴსენო, სადაცა არიან. და რა ესე შემაჯერო, მაშინღა გამოგიცხადებ”.
მოაბადს რა ესე ესმა დედისაგან, სიხარული შექმნა და ფერჴთა მოეხვია, შეეხვეწა და ათასჯერ პირი და ჴელნი მოუკოცნნა. ეგრე მოაჴსენა, ვითა: ”ვიცი, რომელ ჩემი სიცოცხლე გინა, და მე, ვითა მმართებს, აგრე შენი მოყვარული და მბრძანებლობისა ქვეშე მყოფი ყოფილ ვარ. აწ გამომიყვანე მგზნებარისა ცეცხლისაგან, მეწიე და შენითა სიკეთითა სულნი ჩამიდგენ. მე შენსა მბრძანებლობასა არ გარდავჰჴდები და, რასცა ზედა გწადიან, შემოგფიცავ”.
მერე შეჰფიცა მშობელსა დამბადებელისა ღმრთისა ძალითა და ყოვლითავე საფიცითა, რომელ რამინს ავი არა უყოს, არცარა მისთვის მოიგონოს და სამისოჲსა მტერობისაგან გული გაიწმიდოს, არცარა დაამძიმოს და არცარა დააკლოს, ვითა საყვარელსა ძმასა ჰმართებდეს, ეგრე დაიჭიროს და სწყალობდეს. აგრევე ვისი საყვარლად დაიჭიროს და დედოფალი იყოს დიდი; რაცა შეუცოდებია, ყველა შეუნდოს და არცაღა აჴსოვდეს, არცაღა დააყვედროს და მისად საყვარლად იგი უჩნდესო.
რა ესე შეჰფიცა შაჰინშა და შეაჯერა, რომელ ვისისა და რამინს ავი არა უყოს და არა უღალატოს, მერმე მასვე წამსა მისმან დედამან წიგნი დაწერა რამინს თანა და ყველა წვრილად გააგონა მოაბადის საქმე და სამისოდ ფიცი, და ეგრე მიუწერა:
”ჰე მშობლისა სულო, შენი სამოთხე და ჯოჯოხეთი ჩემი სიტყვა არს. თუ ჩემსა სიტყვასა არ მოისმენ, ღმრთისაგან ჭირისა და სასჯელისაგან კიდე არა მიგხვდების. რა ესე წიგნი წაიკითხო, სწრაფით წამოე, ნუთუ ვითა ცოცხალსა მომესწრა. უშენობისა ტირილითა თვალნი დამბრმობიან და სულნი ჴორცთაგან მიმწურვიან გასაყრელად. ჩემისა სიხარულისა სანთელი დავსილა და სულისა ჩემისა ვარდი დამჭნარა. შენდა მოსლვამდის, ვითა მითქვამს, ესრე ვარ და შენისა ნახვისათვის ღმერთსა ვევედრები. შაჰინშაცა შენთვის ჩემებრ მტირალია. რაცა შეეძლო, შენთვის ქვეყანათა ზედა იცორვა და ღმრთისაგან კიდე არვინ იცის, რაზომი ჭირი ნახა, შიმშილი და წყურვილი გასძლო, და ახლა მოსრულა შინა და შენთვის დია სურინ, მისისა ჭირისა წამალი შენი ნახვაა. ჩემთვის გულმართლად შემოუფიცავს: შენ ავი არა გიყოს, შეუნდვია შენდა ყველა შეცოდება, აქათგან ვითა თავისა სული უყვარ და ამა მისისა მეორისა ძმისაგან შენ უფრო საპატიოდ დაგიჭირავს, აგრე მისთა ლაშქართა ზედა პატრონი და ამირსპასალარი შენ იყო, და შინა პატრონი და დედოფალი ვისი იყოს და მოაბად ორთავე კარგისა მგონებელი იყოს, სიტყვით და საქმით ლმობიერი და თქვენთა წადილთა მყოლი. აწ შენებურად ნურას საკვირველობ, ნურას გეშინიან, წამოედ, მე მომენდევ. უცხოთაგან ვერას გაიხარებ, თუ ყოველიცა ქვეყანისა ოქრო გაქვს. თუ ხორასნისა პატრონობა მოგხვდების, სხვაგან სამიზდარი სახლი რად გირჩევია? რაზომცა მანდა ჭირი ნახო, ესრე ვერ გასდიდდები, რომელ უჭიროდ აქა თვით ხარ. თუ ღმერთსა ადვილად შენდა თვალი მოუცემია, შენ ძნელად ერთსა კენჭსა რად ეძებ?”
ესე წიგნი გაასრულა, მაშინვე გაგზავნა. რამინ რა მოწიგნარი ნახა, შეეშინდა და მოაბადისა [და] დედისა ამბავი იკითხა. მერმე რა წიგნი წაიკითხა ფიცისა და იმედისა, გაიხარნა და მაშინვე რე ქალაქით წამოვიდეს და მარავს ქალაქს მოჰმართეს. ვისი ჩასვა კუბოსა, ვითა გვირგვინსა შიგან თვალი პატიოსანი. თუცა ვისი ფარდაგსა შიგნით იყო, გარეთ ესრე ელვიდა, ვითა გავსებული მთვარე. გულის ქონებასა ესრე გაესუქა და მომატებით შვენოდა, რომელ მისი ქება არავისგან მიიგებვის. ექვსსა თვესა რამინ სიხარულით ვისსა გვერდით ყოფილ იყო. ვისის ასკეცი შვენება მომატებოდა.
რა მოვიდეს მარავს და მოაბად ნახა, ყოველი ჭირი მისგან გარდანაჴადი დაავიწყდა. ვითა ვისსა შვენება ჰმატებოდა, ეგრეთვე მოაბადს სიყვარული მოემატა, აღარ აჴსოვდა პირველი წყრომა; ძმისა ნახვითაცა გაიხარნა. და დედამან მათმან რამინის ნახვისათვის ღმერთსა მადლი მისცა და ერთმანერთისა ნახვითა დაიწყეს სიხარული და სმა, მუტრიბთა მღერება, საწუთროჲსა ჭირთა აღარ აჴსენებდეს.
31. რამინისაგან ვისის მოყვანა მარავს და მოაბადისაგან
გამხიარულება და მეჯლიში
რა მოაბად, ვისი და რამინ სამნივე ჭირისაგან დაიჴსნეს, სხდეს მხიარულნი, გარდასრულისა შეცოდებისა შენდობითა გულისაგან ჯანგი მოიჴოცეს.
დღესა ერთსა ჯდა შაჰინშა მხიარული. ვისი გვერც უჯდა, შვენებით ვითა მზე, და ბროლისა ჭიქა ჴელთა ჰქონდა და წვრილად სმიდეს. მოაბად რამინცა უჴმო და სამნივე ხალვათად სხდეს. რამინს სასმენლად ჩანგისა ჴმა იამებოდა და საჭვრეტლად − ვისის პირი. რამინ თვით ეგზომ კარგი მეჩანგე იყო, რომელ, რა მან ჩანგი აიღის და ცემა დაუწყის, სიამოვნითა ფრინველთაცა სულნი დაიღიან. სამიჯნუროთა შაირთა თქმა დაიწყის და ვისის პირი ვარდისაებრ აყვავდის, მისგან მისი თქმა იამებოდის. ეგრე თქვის:
”ნუ შეიჭირვებ, წყლულო გულო, არ ქვა ხარ და არცა რკინა. ნუ ემდურვი მოყვარესა და ნუცა გულსა. აწ წამსა ერთსა გაიხარენ ღვინითა, აიღე ჭიქა, დააგდე ჭირი, თუ დღემოკლე არა ხარ. საწუთრო მბრუნავი არის და ჭირსა ლხინად მოგიქცევს. და ეტლმან რომელმან დაგამძიმა, მოიქცევის, რომელ შენდობა გთხოვოს. მოვა ესეთი დღე, რომელ გულმხიარულ გყოს, ყოვლისა ჭირისაგან აზატი. საწუთრომან გამოგიცვალა ყოფნა. მისნიმცა საქმენი შეიცვალებიან!”
რა შაჰინშა ღვინო შესვა და ტვინსა გაუჴდა, ცნობასა მოჰრია ღვინომან; სხვა უამესი სიმღერა მოუნდა რამინისაგან. რამინ სიმღერა კვლა დაიწყო. ეგრე თქვა:
”სარო ვნახე მავალი, მთვარე გავიცადე; აშენებული და მოუბარი წალკოტი ვნახე, რომელსა შიგან სიყვარული იყო დათესული. ვარდი ვნახე შიგან შვენიერი, ზაფხულისა და ზამთრისაგან დაუჭნობელი, რომელ დაღრეჯილთა გაამხიარულებდა და მხიარულთა სიხარულსა მოუმატებდა. მე შევჰვედრე გული საკუთრად მისსა სიყვარულსა, საუკუნოდ მივსცემ და უჭვრეტ მის წალკოტისა ნაყოფსა ვარდსა. დღე და ღამე ამით ვიხარებ. კაცსა მოშურნეთა თვალი ვერ ავნებს; რასაცა ვინ ღირსა, ღმერთი მას მისცემს”.
რა შაჰინშა ესე სიმღერა და სიტყვანი მოისმინნა, სიხარულითა მოემატა მიჯნურობა ვისისათვის და ვისის მირთმული ღვინო მოუნდა, რომელ მან ღვინომან გულისაგა6 ჭირი უკუჰყაროს. ვისმან ღვინო მიართვა და ეგრე მოაჴსენა:
”ჴელმწიფეთა ჴელმწიფეო! ათას წელსამც მივი, ვითა შენ გინდა. ყოველთამცა დღეთა იხარებ, ყოველიმცა შენი საქმე და საწადელი ღმრთისაგან სრულია! ამო არს დღეს ჩვენი სმა შენს წინაშე და ჴამს, თუ გულითა გლოცვიდე. თუ მიბრძანებ და იკადრების, ძიძამანცა გაიხარნეს, თქვენს წინაშე უჴმე, მოვიდეს, ამით რომელ თქვენი დია ერთგული და მლოცველი არის”.
ბრძანება უბოძა. და უჴმეს ძიძა და ვისსა წინაშე დასვეს საპატიოდ. და შაჰინშა რამინს ეგრე უბრძანა:
”შენ მწდეობდი, ამით რომელ კაცსა მოყვრისა ჴელითა ღვინო უფრო იამებისო. გხვდების, მხიარულად მწდეობდე და სმიდეცა”.
რა ღვინო შესვა რამინ, გულის-ნადებსა ვეღარა ჰმალვიდა. ვისის ღვინო მიართვა და მალვითა ეგრე უთხრა.
”ჰე, ულეველო, მხიარულად სმიდი ღვინოსა ჩემითა ჴელითა და შენითა სიხარულითა გამახარე!”
ვისსა მოაბადის მალვითა გაეცინნეს, აქო და ეგრე უთხრა:
”ღმერთმან სიხარული ნუ დაგილიოს, ვირე ორთავე სულნი გვედგნენ, ნუ მოვიკლებთ სიხარულსა. შენ ჩემსა [გარეშე] ნუვის გამოირჩევ, რადგან მე არცა სულნი მირჩევნიან შენსა. ნუ დამივიწყებ და არცა მე დაგივიწყებ. შენიმცა გული მიწყით მხიარული არის და მოაბადის გული ღმრთისაგან საჩემოჲსა საქმისათვის დამწვარია”.
მოაბად ესე ყველა მათი საუბარი სრულად გაიგონა. გარნა, ვითამცა არ მასმიაო, აღარა თქვა, დაწყნარდა, ძიძასა ეგრე უბრძანა: ”ძიძაო, შენ მწდეობდიო”. რამინს ეგრე უთხრა: ”მეტსა ნუ უბნობ, ჩანგი აიღე და ზედა იმღერდიო”.
ძიძამან მწდეობა დაიწყო. მოაბად და რამინ ეგრე ორნივე ვისისათვის გახელებულ იყვნეს. რამინ ამო სიმღერა დაიწყო:
”მე მიჯნურობისაგან გამიყვითლდა პირი. აწ ღვინითა სიყვითლეთა ჩამოვირცხი და გულისაგან ჯანგსა ვარდისა ფერი ღვინო ამიყრის. და პირსა ჩემსა მხიარულად ჰხედავს მტერი ჩემი, ჩემსა ხვაშიადსა ვერ შემიგებს; რაცა შემიძლია, მოვიჭირვებ, რომელ გულისა ჩემისა ნადები ვერ შეიგნეს. დღე და ღამე ამით მთრვალი ვარ, იგი უკეთ დამავიწყებს ჩემსა ჭირსა. იცის ჩემმან მოყვარემან, რომელ მისთვის ვარ გულდაწყვედილი. თუ მე ლომთა სულისა წამღები ვარ, მიჯნურობასა ჩემთვინ წაუხმან სულნი. ჰე, ღმერთო, უღონოთა ღონეო! შეგიძლია შენთა დაბადებულთა რგება. ვითა ბნელისა ღამისაგან დღესა გამოიყვან ნათელსა, აგრევე ამის ჭირისაგან გული ჩემი სიხარულად გამოიყვანე”.
დიდხან რამინ ესე თქვა სიმღერად, რომელ მისისა სიამოვნისაგან ქვაცა დალბებოდა. თუმცა სიყვარულსა ჰმალვიდა, მრავლითა ნიშნითა აჩნდა მიჯნურობა. გულისა მონაცემთა ვერ ჰმალვიდა: ცეცხლსა შიგან მყოფი ჴორციელი წვასა ვერ ჰმალავს. იგი, მას აგეთსა წვასა შიგან მყოფი, მიჯნურობისაგან თვით მთრვალი და ყმა აგეთი, თვით შაირთა მთქმელი, საყვარლისა მჭვრეტელი და მას გვერდით მჯდომი, სიყვარულსა ვეღარ ჰმალვიდა. არა საკვირველი იყო. გუბი-წყალი რა აივსოს, განაღა საჲთმე გზასა შეიქმს გასადენელსა, აგრევე სიყვარული რა დასჭარბდეს, შეგონება და მეცნიერობა ცუდია მას თანა.
მოაბად რა დაითრო, მზითურთ საწოლს შევიდა. რამინ გულდაწყვეტილი თავისა გლახ სადგომსა მივიდა, საგებელი გველიან-მყვრიანად ეჩვენებოდა და საბურავი − ეკლიან-ბირკიანად. მოაბად სიმთრვალითა ვისსა ემდურვოდა და ყვედრება დაუწყო.
ეგრე უთხრა:
”ცუდია სიკეკლუცე, რა სიმართლე არ ერთოს.
არაკი: შენ მას ხესა ჰგავ, რომელ შვენიერი იყოს შესახედავად და ნაყოფი მისი სიმწარითა პირსა არ ჩაიშვებოდეს.
ნახვა და საუბარი შენი შაქარსა ჰგავს, მაგრა წესი და ნაქმარი ნავღელსა მიჰგავს. მიჯნურობითა დია გასირცხვილოებულნი კაცნი მინახავნ, მაგრა თქვენგან უფრო საკვირველნი არ მინახავნ და არცა მასმიან. თქვენ ეგრე გგონიათ, რა ჩემსა წინა სხდეთ, თუ მარტო ორნი ვართო. მიწყით მიჯნურისა ბედი ბრმაა, ამით აღარცა თვალთა უჩნს, ყოველთაგან ნახვად აჩნია და ეგრე ჰგონია − არავინ იცისო, და ათასითა კუროჲთა თავი პატიოსანი ჰგონია. მიჯნურთა კენჭი მთისა ოდნად უჩნსთ. თქვენ ორნივე მიჯნურობისა სიამოვნითა მოყივნებასა აღარ ჰხედავთ. მე, მთვარეო, ნუ მძაბუნებ ეგრე, ამით რომელ მეტისა შემართება მტერად გაჰჴდის მოყვარესა. თუ დღესა ერთსა ჴელმწიფე ვირად შეიქმნას, ნუ შეჰმართებ ზედა შეჯდომასა. ჴელმწიფე და ცეცხლი დია შეუპოვარია. თუ პილოსა ძალი გქონდეს და შემართება ლომისა, დამწველისა ცეცხლისათვის ნუცა ეგრე ჰგულოვნობ. ზღვისა სიწყნარესა ნუ მიენდობი, თვარა მაშინცა ნახე, რა ღელვიდეს, რომელ კაცი ვერ დაუდგამს. ჩემსა ესრე გაუკვირველობასა ნუ შეჰმართებ, თვარა რა გული გამიწყრეს, ვეღარ დამიდგამ. ნუ ააგებ ესეთსა კედელსა, რომელ, რა ამაღლდეს, შენვე დაგეცეს. მე შენისა სიყვარულისაგან დია ჭირნი მინახავნ და შენისა სიშორისათვის საწუთროჲსა სიმწარენი გარდამიჴდიან. არა სჯობს ეგზომი უპატიობა, თვარა ზიანი შენვე წაგეკიდების. ვირემდის ასრე შეკრულსა მრჯი და მტერობისა ჴრმლითა დაკაფულსა სიკვდილსა მანატრებ?! რა გაგვა, თუ ერთხელ გამჴსნა და მტერობა დააგდო, სიყვარული მოიღო და შემიბრალო, და მე ყოველი ჴელმწიფობა ჩემი შენ შემოგვედრო! მე ერთის მსახურისა პური მეყოფის”.
რა ესე სიტყვა ესმა, ვისსა სამისოჲსა სიბრალულისათვის გული დაეწვა და მართალ იყო: დიდი ჴელმწიფე ესრე გასრულ იყო მისთვის, მაგრა სიბრალული ოდენ დარჩა; სხვა აღარა ეგებოდა და ეგრე მოაჴსენა:
”ჰე, მაღალო ჴელმწიფეო და საპატივო პატრონო ჩემო! ღმერთმან უთქვენოდ სიცოცხლე ნუ მომცეს და წამსაცა თქვენგან ნუ გამაკიდეგანოს. შენი სიახლე თვალთა ჩენისაებრ მიამების, სხვის ვისიცა შეყრა ჩემზედა არამია. ჩემთა სულთა შენთა ფერჴთა ქვეშე მოვაგებ, ამით რომელ შენთა ფერჴთა მტვერი სჯობს რამინს. ამისა საეჭვი ნუღარა გაქვს, რომელ რამინ ცოცხალი მომაღოროს-ღა. ვითა შენებრი მზე ღმერთსა ჩემად მოუცემია, სინათლისა სინათლესა რადღა ვეძებ? შენ ზღვა ხარ და ისი სხვანი ჴელმწიფენი რუნია; შენ მნათობი მზე ხარ და იგი მთვარენია; შენი სიყვარული ჩემისა სულისა სწორად მიჩნს; ერთი თმათა შენთა ბეწვი მირჩევნია თვალთა ჩემთა. მაშინ რაცაღა ვქმენ, ვქმენ და ეშმამან მიყო. აწ შემინანებია და აქათგან ესრე შეგაგუო. რომელ მადრიელ იყო ჩემგან”.
გაუკვირდა შაჰინშას ვისისაგან ესე სიტყვა, კვლა არაოდეს ასმიოდა, თუცა სულთაგანცა იამა. დია იმედი დაუდვა გულ-დებითა, ამოდ დაიძინა თვით უფროცა.
ვისსა ჯერეთ ეღვიძა, მოაბადისასა და რამინისას შეიჭირვებდა. ზოგჯერ მას იგონებდის, ზოგჯერ მას. მაგრა რამინის ოდნად არცავინ ესრე ეგონებოდა. ზედადაღმა ფერჴის ჴმა ესმა: რამინ მათ ბანთა თურე ზედა გამოსრულ იყო, სადა იგი იყვნეს. მიჯნურობისგან არ დაეძინებოდა და ღამისა სიბნელე არა ჰკვირდა. ღრუბლიანი ღამე იყო. წვიმდა. ჰაერი რამინისებრვე ტიროდა, ამით რომელ მთვარე მისგან დამალულ იყო და რამინისაგან ვისი. რამინ გლახ ჯდა ბანთა ზედა ვისის ნახვისათვის იმედიანი. ამით თოვლი ქაფურად უჩნდა, ბნელი ღამე − დღედ ნათლად, ბანი − სამოთხედ და ფოცხვრის უპედ − ლამიანი გზანი. თუცა აშორვიდა, ნახვისა მომლოდნო გულსა ეგრეცა ალხენდა. არაა ესეთისა მაჯნურობისა უამესი, რომელ მტერისაგან გამჟღავნებისა ეშინოდეს, გამოცხადებასა ერიდებოდეს და გული ეგრეცა ერთმანერთისა ულევად იყოს! რამინს არ სათავისოდ ეშინოდა, მაგრა ნუთუ რა ვისის ევნოსო, თვარა თავსა აღარად სწყალობდა. რა დიდხან ბანთა ზედა დაყო, სიცივე ამით არ გაუკვირდა, რომელ გულსა ცეცხლი ესეთი ეგზებოდა, თუმცა ცისა თვითო ცვარი ასა-ასად მტკვრისა ოდნად შექმნილ იყო, მისისა ცეცხლისა ნაბერწკალსა ვერ დაშრეტდა. ნოეს რღვნობასა ჰგვანდა მისთა თვალთაგან გარდმომავალი ცრემლი. თოვლისა და წვიმისა ღვარნი დიოდეს. ჯდა რამინ გულ-დაუთმობელი და ღვიძლდამწვარი, ნება-ნებასა კვნესოდა და მოსთქმიდა:
”ჰე მოყვარეო! გეჴამსებისა ჩემთვის ესეთი საქმე, რომელ შენ შინა იყო და მე თოვლსა ქვეშე? შენ ზედა ყარყუმი გებუროს ნებიერად და მე აქა შიშველი მარტო მუჴლამდი ლამსა შიგან ვეფლაო? შენ სხვა მოყვარე გყავს და ათასითა ნებიერობითა ქვე გძინავს, და ჩემი ჭირი, შენისა მიჯნურისა, არ იცი, ვით საბრალო ვტირ? აჰა, ღრუბელო! ცით ცეცხლი დამწვიმე: უგულოსა ჭირი ყველა იამების. თუ სულთვითქვენ, შენ, ღრუბელსა და ჰაერსა, დაგწვავ. ჰე, ქარო, გაძლიერდი და დააქციე მარავისა ქვეყანა, შეძარ მისი საწოლი, ნუთუ გაიღვიძოს და შევეწყალო! მოასმინე ჩემი საბრალო კვნესა, გააგონე, რასა ყოფნასა შიგან ვარ! მარტო ვზი, თოვლთა შიგან ვზრები, მესისხლეთაგანცა შესაბრალებელი ვარ. ვიცი, რა ჩემსა ესრე ავსა ყოფნასა სცნობს, ეწყინების, ასრევე ჩვენთვის იგი ატირდების”.
ვისის კვლაცა ესმა ფერჴისა ჴმა, უგრძნა რამინს ყოფნა და ღონესა ეძებდა. რამინ ვეღარა დათმო, ძიძა გამოუგზავნა და ძიძისა ჩამოსლვამდის ასრე მოსწრაფებოდა, რომელ თავისა გზა არა იცოდა. ბანთაგან ძიძა მაშინვე ჩამოვიდა, უგულოჲსა რამინის შეთვლილობა ესე ჰქონდა ვისსა თანა:
”ადრე დამვიწყებელო მთვარეო, ჩემთა სისხლთა ღვრითა გაუძღომელო, რად გამწირე სრულად? რა სჭამე ჩემგან ესეთი, რომელ ადრე გასძეღ? მე არ იგივე შენი ულეველი მიჯნური ვარ, რომელ გენახე? მაშ შენ ჩემთვის გონება რად დააქციე? მე ოდითგან თოვლთა შიგან ვიჭირვი, შენითა გონებითა ჭირვეული, და შენ სტავრათა მრავალ-ფერთა და ტყავთა შენთა შესაფერთა შიგან გამოსვენებული ხარ. მე შენთვის დაუთმობელი და შენ ჩემი ეგრე დამთმობი, შენ მხიარული და მე შეჭირვებული ვარ და ვიყო! ნუთუ ღმერთმან ესრე ინება, რომელ შენ გაისვენო და მე ეგრევე ვიჭირვიდე? ნუთუ ღმერთმან ყოვლი ლხინი შენად შესაფერად მოგცა? მე ჯერეთცა ულხინოდ მინება და მართალიცა. შენმცა ოდენ უჭირველი იყავ, მე მმართებს შენი სამსახური, ჩემთვის ჴამს შეჭირვება: შენ ნაზი ხარ, ჭირსა ვერ გასძლებ. და ესე იცი, მე ვითარი საბრალო ვარ ყოველთა დღეთა და ღამეთა შენი მგონებელი და ნახვისა ჟამისათვის უკანა მდგომი ასეთსა ღამესა, ესრე დაუთმობელი, უძილო, გულ-დაწყლულებული, გულ-უწყნარო. ესეთისა ყოფნისა და სიცივისაგან დამჴსენ, შენთა უბეთა შიგან გამათბე, მიჩვენე პირი შენი, სულთა მდგმელი ჩემი, მომისვენე შენითა ლმობიერობითა! სურნელი თმა შენი ჩემსა ოქროსაებრ დაყვითლებულსა ყელსა მომახვიე! ჩემი გული შენისა ძებნისათვის დაკარგულა და შენი სიშორე წინა ორმო მქმნია და ჩააგდებს სიმარტოჲთა მისითა. ნუ უარ იქმ ჩემსა ესრე ყოფნასა. მე თუ შენისა ნახვისაგან ესრე უიმედო ვიქმნები, იცოდე, თმობისა ღონისაგან გამოვალ. ნუ მკრავ გულსა სიშორისა ღრიანკალსა, ნუ გარდამიწყვედ ნახვისა იმედსა. ვირე ცოცხალ ვიყო, შენისა ჴელითა შეკრული ტყვე ვარ”.
ესე შეთვლილობა ძიძამან უთხრა ვისსა და ვისის უკვამლოდ ცეცხლი მოედვა. ძიძასა ეგრე უთხრა:
”რასა ღონესა ამიგებ, მოაბადისაგან ვით მიჴსნი? აწ სძინავს. თუ გაეღვიძების, იგრძნობს ჩემსა საქმესა და ავი წამეკიდების და, თუ მარტო დავაგდოთ, უღონიოდ გაეღვიძების. აწ ღონე ესეა, რომელ შენ გვერდით დაუწევ. ამას სძინავს და არა იცის; ზურგი შეაქციე, შენი ტანი და ჩემი ერთმანერთსა ჰგავს, ჰარირისაებრ რბილია და, თუ ჴელი მოგყოს, ესდენ მთრვალი და უცნობო არის, რომელ ვერად შეიგებს”.
ესე თქვა, სანთელი დაავსო და ძიძა მოაბადის გვერდით დააწვინა. თვით წავიდა რამინს გვერდით მხიარული, კოცნისა სიამოვნითა რამინს წყლულსა მალამა დასდვა. ნებისაებრ ქვეშე დაიგეს და მრავალი ტყავი ზედა დაიბურეს. ერთგან შეყრითა ლამიანი პერანგი აიჴადა, გულისაგან შეჭირვება გააგდო. ნარგისი და ვარდი ზამთრისა ერთგან შეიყარნეს, შვენოდეს ერთგან, ვითა მთვარე და მუშთარი, ვითა კვლა გვარიანობა და სიმდაბლე. მიწა ყვავილითა აივსო მათისა პირისაგან, ჰაერი − მუშკითა მათისა სურნელებისაგან. წავიდა ღრუბელი და გამოჩნდა ვარსკვლავი. ორნი მიჯნურნი ერთგან შეყრილ იყვნეს; ვითა მათ სწადდა, ეგრე ამოდ იხარებდეს. ზოგჯერ სასთაული რამინის ჴელი იყვის და ზოგჯერ ვისისი. მათ შუა ბეწვი არ დაეტეოდა. ზოგჯერ საგულისოსა უბნობდიან და ზოგჯერ სალაღობელსა. იგინი მუნ ეგრე იყვნეს.
რა შაჰი მოაბადს გამოეღვიძა, ჴელი მოავლო. გვერდით მთვარე აღარ უწვა, მისად ნაცვლად ჴმელი ლერწამი პოვა. რაჲთამცა ჰგვანდა მოწიფებულსა ყრმასა ვისის ბერი ძიძა?! ანუ რაჲთა ჰგავს ისარსა მშვილდი? ჴელითა ეკალი და შარი კიდის-კიდე გამოიცნობის. მოაბად განაღამცა შეატყვა, ვითა ვეფხი საგებელთაგან აიჭრა, წყრომით იზახდა, ვითა ღრუბელი ქუხილიანი. ამა ძიძასა გრძნეულსა ჴელი ესრე მაგრა დაუჭირა, რომელ გამოძრობისა ღონე არ იყო. შაჰინშა ეგრე ეტყოდა:
”ჩემსა საგებელსა შიგან დევსა რა საქმე უც? მე დევი ოდეს შემირთავს ცოლად? ჩემსა გვერდით შენ ეშმა ვინ დაგაწვინა?”
მრავალჯერ ჰკითხა: ვინ ხარ, ანუ რა ხარო?
ძიძამან პასუხი არა გასცა. მსახურთაგან სანთელი ითხოვა, დია უზახა და უჴმნა, მაგრა არცავის გაეღვიძა, და ვერცა სანთელი მოიღეს და არცავინ კიდე რამინისაგან მღვიძარე იყო. მას გათენებისგან ეშინოდა, და, ვისის გაყრისათვისცა ნებასა მოსთქმიდა და ცრემლისა მარგალიტსა ვარდისა ფერსა პირსა აყრიდა. ვისი მას დღესა მსმელთა თანა ჯდომილ იყო და მას ღამესცა უძილო იყო. მაშინ ქვე დასძინებოდა. რამინ შეჭირვებით სიმღერასა იტყოდა, ეგრე თქვა:
”რა ამო ღამე იყავ, ყოველთათვის ღამე და ჩემთვის ოდენ დღე ნათელი! შენ რა ყოველთათვის გასთენდე, მაშინ ჩემთვის დაბნელდები. დაემზადე, გულო, აწ გათენების ჟამია, აწ ისარი გეცემის სიშორისა! რა ამოა შეყრა, თუმცა ბოლოდ გაყრა არ იყო! საწუთრო, ავისა ქმნისაგან კიდე ჩემთვის არა იცი! მომცემ სიხარულსა და, წამსვე თუ უკვდავებასაცა შემასვამ, მაშინვე ერთსა ჭიქასა ნავღელსა უღონიოდ მომცემ. ავი დღე იყო პირველ ჩემისა გამიჯნურებისა, გული უპოვარად მაშინვე დამეკარგა. რა ვნახავ, სიშორისა შიში მაქვს. და სიშორე თვით მოუთმენელია. ჩემებრ საბრალო ტყვე არავინ ვიცი და არცა დამბადებელისებრი მარგებელი, რომელ მისგან ჴსნასა მოველი”.
რამინ ესრე მალვითა უბნობდა, იგონებდა გულსა შიგან და კვნესოდა. თავისა საქმესა შეიჭირვებდა, გათენებისა ეშინოდა, ვისის გაყრისათვის გული უმცრდებოდა. ვისის ქვე ეძინა და მსახურსა მისსა რამინს ანაზდად შაჰი მოაბადის ჴმა ესმა, რომელ იზახდა მაღლად და სანთელსა ითხოვდა. რამინს შეეშინა და ვისი გააღვიძა, ეგრე უთხრა:
”მალე ადეგ, იგი წაგვეკიდა, რისა გვეშინოდა. და შენ უშიშად ქვე გძინავს, მე შენისა მოშორვებისა შეჭირვებითა და გათენებისა შიშითა მღვიძავს. ერთსა ავსა ვჰრიდობდით და მეორე უძნელესი წაგვეკიდა. ჴმა და ზახილი მოაბადისი მესმა, რომელ ცნობანი წამივიდეს მისისა ზახილისაგან და ესეთი გული შემექმნა, ამა ტალახისაგან ქვე ჩავიდე, თავი მოვკვეთო და ქვეყანა დავჴსნა იმა საძულველისაგან. ესეთი ძმისა სისხლი ერთისა კატისა სისხლისაგან უფრო მეადვილების”.
ეგრე უპასუხა ვისმან:
”დაწყნარდი და ცნობისაგან უცნობობასა ნუ იჴმარებ. ოდესცა შენი ბედი გიშველის, უსისხლოდცა აგისრულდების შენი საწადელი”.
მაშინვე ფიცხლად ჩაირბინა ბანი. შაჰინშას ჯერეთ ღვინო არ მოჰქარვებოდა. ძიძასავე დაუჯდა ვისი და ეგრე მოაჴსენა: “ესე ჩემი ჴელი დაგიწყლულებია მეტად შემოჭირებითა, ერთსა წამსა ესე სხვა ჴელი დაიჭირე, რომელ ამა ჴელმან ცოტად გამოისვენოს და, სადაცა გწადიან, წამიყვანე, არ გაყენებ“.
შაჰინშას რა ვისის ჴმა ესმა, გაეხარნეს. მისი სიბიჭე და ილათი არ იცოდა. ორთავე ჴელთაგან ძიძისა ჴელი გაუშვა და ბადისაგან დაეჴსნა საძულველი ძიძა. მერმე შაჰინშა ეგრე უთხრა:
”სულისა წამღებელო ვისო! აქამდინ რად სულდაღებით იყავ? ოდეს გიჴმე, პასუხი რად არ გამომეც, რომელ ამაშფოთე და გული ესრე დამწვი?”
ძიძა სრულად მახესა დაეჴსნა. ვისი გაგულოვნდა, დაიზახნა და ეგრე თქვა:
”ვაგლახმე, რომელ ესეთისა მტერისა და მესისხლისათვის მიწყით დაპყრობილ ვარ, რომელ მრუდად მავალსა გველსა ვჰგავ! რაზომცა მივალ, ჩემი კვალი მრუდად ჩანს. ქვეყანასა ზედა ნუვის მისცეს ღმერთმან ეგეთი ქმარი, მით რომელ მეეჭვი ქმარი ფათერაკისა ბადეა და მძებნელი. ქმარსა ჩემსა შეუჯერებელსა მე გვერდით ვუწევ და გატეხასა და მოყივნებასა ჰლამის ჩემსა”!
მოაბად, შენდობისა მთხოველმან, ეგრე უთხრა:
”ნუ მეჭვ, მთვარეო, შენსა უყვარელსა. შენ სულისა ჩემისაგან უსაყვარლესი ხარ, სიხარულ ჩემი შენ ხარ! სიმთრვალითა ვქმენ ესე ავი საქმე. ნეტამცა სამსალა შემესვა და ღვინო არა! შენ მიყავ, ღვინო დია მასვი, შენსა გვერდით მიამებოდა სმა და მით ესრე გავჴე, რომელ თავსაცა დავამძიმე და შენცა შეგცოდე. ღმერთმან ჩემი წაღმართი ნუ ქმნას, თუ შენი საეჭვი რამცა მაქვს. თუ შეგცოდე, შენდობასაცა ვითხოვ და, რადგან ვინანი, ჩემებრსა შე-ცა-ენდობის.
[არაკი: შეცოდება დია გამოაჩნდების მთრვალსა, მაგრა, რა შენდობა ითხოოს, აღარ გარდეჴდევის, ცნობასა ღვინო დაუჴშავს და თვალსა ძილი; შეცოდებასა შენდობის თხოვა გარცხის და სამოსელსა წყალი”.
რა შაჰინშა ესრე დია შენდობა სთხოა, მაშინღა შეუნდო შეცოდებულმან შეუცოდებელსა. მიჯნური კაცი მიწყით უპატიო არის, ველური თხა დია მინახავს გალომებული და მონადირე ლომი მისგან შეფრობილი. ლომიცა მისითა ბუნებითა გამიჯნურდების, მაშინ ბუნება ეგრეცა მელისა ჩაედების; ვითა გულ-დამწვარი უფროსი გვინახავს უმცროსისათვის, რა გამიჯნურდების მისთვის გახელებული და თავის გზისა უმეცარი. ვინცა ძალი იცოდეს მიჯნურობისა, ნუ ვინ უზრახავს მიჯნურობითა ტყვესა სიშმაგესა, ნურცა ვინ დასთესავს მიჯნურობისა თესლსა, თვარა მისსა ნაყოფსა ამოდ ათასისაგან ერთი ვერ გამოსჭამს; საწუთროჲსა წესი და საქმე ესე არის, რომელ მისთა მოყვარეთა ემტერების.
შეგონება: ვისცა აამაღლებს, დაამდაბლებს, რასაცა ვის ანიჭებს ჴელთა, სთხოვს, მისსა სიტკბოსა სიმწარე ჰრთავს, მისსა კურთხევასა − წყევა, დღესა − ღამე, ლხინსა − ჭირი, სიხარულსა − დაღრეჯა, სიმდიდრესა − სიგლახაკე, მოყვრობასა − მტერობა. მისი ლხინი უჭირო არაა, არცა შექცევა და გამარჯვება გაუქცეველი, თვარა წაიკითხე ვის-რამ[ინ]ის ამბავი და მისგან მოისმენ საწუთროჲსა მრავალფერად ქცევას].
32. მოაბადისაგან საბერძნეთს გალაშქრვა, ვისი და ძიძა ძმასა ზარდსა შეჰვედრნა
ოდეს შაჰინშა შეუნდო ვისსა და რამინს, მხიარულად და ამოდ იყვნეს. კვლა ჩამოეჭრა შუა მეშურნე ეშმა და დაუვსო სიხარულისა სანთელი და ძირისაგან ამოაგდო სიყვარულისა ხე.
დღესა ერთსა მოვიდეს მოჩივარნი ბერძენთა მეფისა, კეისრისაგან, ეგრე თქვეს: ”მოყვრისაგან ვჩივით, მოყვრობა შენი დაუგდია და გემტერების. გაძლიერებულა, შენი ფიცი გაუტეხია, მრავალი შენი ყმა დაუჭედია და დაუტყვევებია. აწ საბერძნეთით დიდი ლაშქარი გამოსრულა და რანის ქვეყანა ნახევრამდის აუოჴრებია”. და სხვანი მოვიდეს ტყვისა უფალნი ხორასანს, შესჩივლეს და თავსა ნაცარსა იყრიდეს, ბერძენთა მეფისა ლაშქართაგან ჩიოდეს და იზახდეს, საწუთროჲსა უსამართლობისაგან სამართალსა ითხოვდეს. შაჰინშას დაუმძიმდა. მაშინვე წასლვად კაზმა დაიწყო. უჴმნა ლაშქარნი მისნი და აცნობა ჴელმწიფეთა და დიდებულთა და წიგნი მიუწერა ყოველგან. ეგზომ დიდი ლაშქარი შეიყარა, რომელ მინდორნი ვეღარ იტევდეს. შაჰინშას ლაშქრად შეყრა ქარსა ჰგვანდა სთვლეულსა: ვითა იგი ფურცელსა არ გაუშვებს ხეთა ზედა, აგრეთვე მან წაუტანლად კაცი არ გაუშვა.
წასლვისა ჟამსა ვისის საქმე მოეგონა, თუ რამინ ვით უყვარს და ერთმანერთისათვის ვით ულევნიაო. ერთხელ გარდამეხვეწა, წავიდა და დაიმალა და მე მისითა გონებითა მომკლა, გამახელა და ველთა გამაგდო. აწ კვლა თუ მას მიზამსღა და წამივა, სისხლთა ჩემთა მიისხამს. ესე სჯობს, რომელ აწვე კარგად შევინახო. მისსა ძებნასა შიგან დიდნი ჭირნი გარდამიჴდიან, კიდეგანობასა მისსა ვერ გავსძლებ. მაშინდელიცა ჭირად მეყოფის, ოდეს მომეშორა. ოდესცა კაცი ფრთხილად არს, ერთისა ჴვრელისაგან გველი ორჯერ ვერ უცემსო. იგონებდა ვისის საქმესა, თუ ვითა ვქმნაო. მერმე ძმა მისი ზარდი უჴმო და ეგრე უბრძანა:
”ძმაო და სულო ჩემო! დღეთა შენთა შიგან ეგზომ საკვირველი საქმე გინახავს, ანუ გასმიაცა, რაცა მე მრავალჯერ რამინ მიყო? სიცოცხლე მომაწყინა რამინისა, ვისისა და ძიძისა საქმემან და ჯავრმან. დაპყრობილ ვარ იმა სამთა გრძნეულთად და ჩემისა ჭირისა წამალი აღარაა. არცა რცხვენიან კაცთაგან და არცა ეშინიან ღმრთისაგან, არცა ვისი შეგონება ესმის და არცა დაჭედისაგან ეშინიან. უსირცხვილოსა რაცა მოუნდების, ვეღარა დააცილებს და შიში არა აქვს. მე თუცა ეგზომი დიდი ჴელმწიფე ვარ, ჩემგან უფრო ბეჩარა და უღონო ქმნილი არავინაა ქვეყანასა ზედა. ყოველსა ადამის-ტომსა მე სამართალს უზამ და ჩემი ბედი ათასსა უსამართლოსა მიზამს. ჭაბუკნი გოლიათნი ჩემგან გაიქცევიან და მე ერთსა დიაცსა ესრე დაუძაბუნებივარ! გარნა მე ყველა ჩემისა გულისაგან მჭირს, რომელ მიჯნურობისაგან მტერნი დამიმოყვრებიან და ყოველი ქვეყანა იმა მოყივნებულისათვის მინდა, რომელსა ჩემნი სისხლნი შესასმელად ენატრებიან. აუგისაგან პირი ესრე გამშავებია, რომელ ხუთასისა ზღვისა წყალი ვერ დამბანს. ცალკე ჩემი ცოლი დამმტერებია და მისგან მზე დამბნელებია, ცალკე ძმა მალულსა მიზის ჴრმალ-ამოწვდილი და დროსა ეძებს ჩემზედა, რომელ, რა დრო პოოს, მტერისაებრ მომკლას. არ ვიცი, თუ რით იქმნების ჩემისა საქმისა ბოლო, ანუ რას მიზამს საწუთრო. დღე და ღამე ამისისა გონებისაგან უსულოსა ვჰგავ. რად ვეძებ მტერსა შორს? თვით შინა მიზის მტერი. კარისა დაჴშვა რას მერგების, თუ წყალი ჩემი შიგნიდაღმა ამოვა? სიბერისა ჟამსა ასეთსა ფათერაკსა შიგან ჩაჭრილ ვარ, რომელ მისგან საწუთრო დამვიწყებია. აწ ამად წასლვა მინდა და ვისის აქა დაგდება. ვით შევინახო? რვალისა ციხესა და რკინისა ბორკილთა გასტეხს რამინის ნახვისათვის. ამისგან კიდე ღონე არა ვიცი, რომელ რამინთანა წავიტანო და ვისი მტირალი აქა დავაგდო ციხესა შიგან აშქაფუთიდევანსა. რა ვისიცა ციხესა შიგან იყოს და რამინი ლაშქარსა, მათი შეყრა არ ეგებისღა. მაგრა ციხესა შენ შემოგვედრებ და შენ გინდა მოჭირვება და გაფრთხილება. შენგან კიდე გული ჩემი არავის მიენდობის, მით რომელ ყოვლითა ფერითა გამორჩეული ხარ და ფრთხილი. თვით არ დაგვედრებ, თუ ვითა ქმენ. ვითაცა შენ იცი და ჴამს, ეგრეცა შეინახე ისი ორნი გრძნეულნი. მას ციხესა შიგან რამინცა არსით შემოიპაროს. ესერა ორასისა დღისა სავალსა წავალ სახელისა ძებნად და, თუ რამინ რაჲთაცა ღონით აწ ვისსა შეეყრების, ყოველი ჩემი სახელი განქარდების და აუგითა აივსების. თუ ორასი კაცი სახლისა მაშენებელი იყოს, ერთი ამაოჴრებელი ცუდ იქმს მათსა ნაშენებსა. მე სამნი გრძნეულნი შინა მიდგან, რომელ თვითო მათგანი ეშმათა ლაშქარს მოერევის გრძნეულობითა. თუ ათასი დევი მათ სამთა დაესხას, საქმიანობითა იგინიცა არად კვირან. ვითა იცი, მე ასრე შემკრეს და სიხარული გულისაგან წამიღეს, თმობისა საფარველი დამიხიეს, ყოველსა ქვეყანასა შიგან მომაყივნეს. აღელვებულსა ზღვასა შიგან მრჩვალსა კაცსა ეგზომი შიში არ გარდაჰჴდია, რომელ ამათგან მე მჭირს და გარდამჴდია”.
ზარდს რა ესე შაჰი მოაბადისაგან ესმა, ეგრე მოაჴსენა:
”ჰე, მზისაგან უმაღლესო ჴელმწიფეო! ეგზომსა ნუ შეიჭირვებ! შეჭირვება კაცსა დაასნეულებს. ვინ იყოს ქვეყანასა ზედა კაცი ესეთი, რომლისაგან შენ ეგზომსა სჩიოდე და სტიროდე, როგორი ბრძანებაა, ერთისა დიაცისაგან? აწ, თუ გრძნებითა შავი დევიცა არის, მისგან უძაბუნესი ჩემსა ჴელსა არავინ იყოს. ესრე შევინახავ, რომელ ქარიცა არსით ეცეს, მზემან და მთვარემან ვერ ნახოს; ვისმან კაცისა სახე ვერ ნახოს და არცავისი ჴმა მოისმინოს. მას ციხესა შიგან თქვენად მოსლვამდის ესრე დავიჭირო. თუ მიბრძანო, მე იგი შენი ლამაზი ეგრე შევინახო, ვითა ძვირი კაცი ვეცხლსა შეინახავს; და ესრე საყვარლად დავიჭირო, ვითა სული, და ვიდრე ესრე არ გაუშვა, ვითა პურად კარგმან კაცმან სტუმარი”.
მაშინვე შაჰინშა შვიდასითა დარჩეულითა კაცითა აშქაფუთიდევნისა ციხესა წაიყვანა ვისი დედოფალი, ეგზომ მაღალსა მთასა ზედა, რომელ თავი ცამდი იყო, ღამით სანთლისა ნაცვლად ვარსკვლავნი უნათობდეს და მეციხოვნენი მთვარისა ნადიმნი იყვნეს, და ცეცხლისა ნაცვლად მზე ატფობდა. რა მოაბად ციხესა გაიყვანა ვისი, ცასა ერთი მზე სხვა მოემატა, ციხე მისისა პირისაგან დაშვენდა, ვითა აყვავებული წალკოტი. დასვეს ვისი და ძიძა ციხესა შიგან და ხუთი კარნი დაკლიტნეს და დაბეჭდნეს, და ციხე ზარდსა შეჰვედრა, ბეჭედი და კლიტენი თანა წაიტანნა. საჭურჭლე რაზომი უნდოდა, ეგზომი დაუგდო და სასვამად-საჭამადი, თუ უნდა, ასისა წლისა საყოფნელი. ვისის გასვენებათა თანა არა აკლდა რამინის სიშორისაგან კიდე.
რა შაჰინშა ციხისა გამაგრებისაგან მოიცალა, მარავსავე მივიდა. ლაშქარსა წამავალად შეეკაზმა. აურაცხელი ლაშქარი წაიტანა და ყველა ესრე დარჩეული, რომელ უკეთესი ვეჟანს არ იყო. რამინისაგან კიდე ყველა მხიარულობდა, იგი მიჯნურობისა შეჭირვებისაგან მაშინვე გააცხროა: ვისის შეყრისაგან იმედი გარდასწყვედოდა, სიცოცხლე მოსძულებოდა, არცა დღისით ჰქონდა თმობისა ღონე და არცა ღამით ეძინებოდა. უგულისნებოდ გასრულსა ღვიძლი სისხლითა ავსებოდა და გული ცეცხლებრ ეწოდა, − ესრე გასრულ იყო, რომელ მისთა მტერთა უხაროდა. მისი ღონე მისისავე გულისა საუბარი იყვის. ეგრე თქვის:
”ესეთი სიყვარული ვის ზედა მისრულა, რომელ წამსაცა მირიდება არა ჰქონდეს და არცა მოეშორვებოდეს გონებისაგან? ვირე ამა მიჯნურობისა ჭირსა შინა ვარ, ჩემი სიხარული არსით ეგების. თუ მიჯნურობისაგან ეკალი ოდეს მცემია, აწ ესრე უძნელე ვარ, რომელ მოწამლული ისარი მასვია, რომლისა სიშორესა ვერცა წამსა გავსძლებ. აწ რადგან მას მოვშორდი, რად არა ამისსავე დასკვნასა თანა მოვკვედ? ესეთი შეუწონელი ვარ, რომელ რასაღა ვჭვრეტ ქვეყანასა ზედა! რადგან უმისოდ დარჩომილ ვარ, ჩემთვის ესე უსანატრელესია, თუმცა უსულოცა დავრჩი. მე სიცოცხლე მისისა სიახლისათვის მინდა, მე თვალთა ჩენა მისისა ჭვრეტისათვის მიხარის, მე ენა მისისა საუბრისათვის მიამების, მე ჴელნი მისისა სამსახურისათვის მინდა! აწ უბედურობითა ჩემითა რადგან მოვშორდი, აბეზარი ვარ ყოვლისა ლხინისაგან”.
ესრე კვნესითა დაღონებულმან ქვე-ქვე სიმღერაცა თქვის:
”გულო, თუ მიჯნური ხარ, კვნესოდი! იცი, რომელ მიჯნურსა სამართალსა არვინ უზამს, არავინ ეწყალვის მიჯნური, არვის ებრალების დაჭირვებულობისათვის. თუ ვკვნესი, მართალ ვარ: მომაშორე სიხარულისაგან, მომწყვიდე მზისა სინათლისაგან, წყლულსა მარილი დამაყარეს და შარბათად ნავღელი მასვეს. თვალნო ჩემნო! წვიმდით სისხლსა, ნუღარა რომლის დღისათვის სწყალობ სულთა! შეჩემებაცა მცრობს, არა ოდენ ტირილი, რადგან წვიმისაგან ქვეყანა აშენდების. მე ჩემთა თვალთა წვიმისაგან პირი დამჭნობია, შეჭირვებისა ცეცხლმან დამილია გული და ღაწვთა ზედა გამდნარი ოქრო დამასხა. თუცა იტყვიან მამაცისაგან ტირილსა აუგად, ჩემგან ამით საჴამსოა, რომელ ესეთისა მოყვრისა სიშორესა ვიგონებ”.
რა შაჰი მოაბად მოვიდა, რამინ მეტადრე დაიდასტურა ვისის ამბავი, ტკივილი ტკივილს მოემატა და ჭირი ჭირსა. რა თვალთაგან ცრემლნი გარდმოყარნის, ყვითლისა პირისაგან ჯანგნი ჩამოჰრცხის, იტყოდის მიწყით საბრალოთა შაირთა:
”მე იგი გულ-წყლული ვარ, რომელი ყოვლისა რგებისა და იმედისაგან უღონოა. რა ჩემი მოყვარე გაციხოვნებულა, მუნითგან მე ათასითა ბორკილითა და ჯაჭვითა შეკრული ვარ. აწ, ქარო, მიართვი ამბავი ჩემი და მოაჴსენე ვისსა ჩემმაგიერ, თუ: უშენოდ შანთთა მრავალფერთაგან გული დამდაღვია, თვალთა ჩემთა შენი სახე დაჰრჩომია და ენასა − შენი სახელი. შენსა სახესა ძილი წაუღია ჩემთვის და შენსა ჴსენებასა ყოველი ლხინი მიუცილებია. მე ამა ჭირთაგან, თუ ალმასიცა ვარ, ვით დავრჩები? უნახაობისა შენისა ჭირნი ჩემნი თუ ყოვლისა ქვეყანისა კაცსა ზედა ვინ განყვნეს, იგინიცა ვერ მოითმენენ და მე მარტო ესრე გაუჴდივარ, რომელ თუ მნახოღა, ეგრე იტყვი, არ იგი არისო! მე ამა ჭირისაგან შენად ნახვამდი ვერღარაჲთ ვიჴსენები”.
რა ესე საქმე იქმნა, მუნითგან რამინ ტირილისა და კვნესისაგან ესრე დამჭლდა და გაჴდა, რომელ თმისაებრ დაწვლილდა და კვირასა შიგან ისრისაებრ ტანი მშვილდად შეექმნა. შაჰი მოაბად არცა ეგრე დააგდო, შიშისაგან კუბოსა ჩასვეს და გურგანამდის წაიტანა შაჰინშამ. და რამინ ესრე გაჴდა, რომელ მისისა სიცოცხლისაგან იმედი გარდასწყვიდეს, ვითამცა ათასი მოწამლული ისარი გულსა სობოდა. მოაბადს წინაშე დიდებულნი მივიდეს, რამინის დასაწყლება და ეგრე ყოფნა მოაჴსენეს. ქენებით ესე ჰკადრეს:
”ჰე ჴელმწიფეო, რამინ შენი ძმა არის და შვილი, ყოვლითა ფერითა მისებრივ არავინ არის და ჴელმწიფესა ესდენი უკლები ყმაცა მოუნდების, არ ძმაცა, მით რომელ მრავალფერად საჴმარი არის.
შეგონება: თუ ლმობიერად ხარ და არ უწყრები, ესეთი ძმა ერთისა თემისა ლაშქართაგან მოსაკრებელია შენთვის. ამისითა მიზეზითა მტერობასა ვერა გკადრებენ და მოყვარეთა ერთგულობასა მოემატების. ესე შენთვის ციხეა მაგარი, პილო ძლიერი და მწყრომი ლომი. თუ შე-რაოდეს-უცოდებია შენთვის, შეგინდვიაცა. აწ ბარე ნუ გაუახლებ ძველსა მტერობასა და ნუ მოჰკვეთ ახალ-მოწიფულსა შტოსა. ესრე გასრულა, რომელ სიკვდილი არა ჰშორავს. აწ შეიწყალე, მოულმობიერდი და ამა ბეგრისაგან დაჴსენ, აქა დააგდე ნუთუ-მცა დარჩა. მგზავრობა მრთელთათვისაცა არა ამოა და სნეულსა და უსუსურსა მეტადრე არ მოუჴდების; გამოისვენოს, დია საწყლად არის და, რა გამრთელდეს, შენითავე მბრძანებითა ხორასანს წავიდეს, იგი წყალი და ჰაერი უფრო აშვნია. ესე ქვეყანა ხორშა და უმაშვნოა”.
რა დიდებულთა ესრე შეხვეწით მოაჴსენეს, დააგდო გურგანს და შაჰინშა კიდე წავიდა. იგი მუნ დარჩა და მაშინვე გამრთელდა, ამით რომელ არა თვით რამე სჭირდა ჭირად. ზაფრანის-ფერი პირი გაუვარდდა, ვისის ნახვისა ღონეთა ძებნა შეექმნა, გულსა უკვამლო ცეცხლი მოედვა და თმობა აღარა ჰქონდა. შეჯდა ცხენსა მარტო და სწრაფით წავიდა. გზასა იადონებრითა ჴმითა მრვალფერთა სიმღერათა მოიტყოდა, ისწრაფდა მოსლვად. ეგრე თქვის:
”ვისო, უშენოდ სიცოცხლე არ მიამების, არცა მოსვენება და არცა გულისა ნება მაქვს. შენსა ძებნასა შიგან მე ვერა შემაშინებს. თუ საწუთროცა ჩემი მტერია, თუ გზანი გველითა სავსენია და ველთა თივა ჴრმალია, ქვიშა ლომი და ვეფხი, ღრუბელნი მეხიანნი იყვნეს, რომლისაგან დატეხასაც მოველოდე, და ყოველი ქვეყანა ჴრმლოსანი და ისრიანი ჩემი მებრძოლი იყოს, მე, შენმან მზემან, შენსა მძებნელსა, ვერვინ შემაქცევს და, თუ შევიქცე, არ მამაცი ვიყო. თუ ცეცხლსა შიგან მიმხვდების შენი ნახვა, მისისა წვისა უშიში ვარ და, თუ ლომნია შენნი მცველნი, ჩემი ჴრმალი მათი საპასუხოა. ორისა თვისა სავალი ერთ ბიჯად მიჩნს შენისა ნახვისა მოლოდებასა შინა. არ მიკვირს, თუ შენი სანახავი გზა საშიში იყოს, რადგან ელვა მეხიანი მთვარისა სიახლესა მოჰჴდებისო”.
ესეგვარსა რასმე მოუბნობდა და გზათა სიგრძესა ამით ამოკლებდა.
რა ვისი ციხესა მოიყვანეს და შაჰი მოაბად კიდე წამოვიდა, ვისმან სრულად დაასკვნევინა გულსა რამინის მოშორება და მისი ლაშქარს წასლვა, და მისგან მისისა ნახვისა იმედი გარდასწყვიდა, დღე დაუბნელდა და სიხარული გაუარმდა. მისი ვარდის-ფერობა გააზაფრანა და თვალთა მისთა მარგალიტი ხოვრიელად ამარტასა ზედა დაასხეს.
33. ვისისაგან ტირილი რამინის მოშორებისათვის
ორითავე ჴელითა პირსა ესრე უწყალოდ იცემდის, რომელ გაუიისფრდა. ტანისამოსი მგლოვიარეთაებრ ლურჯი შეიმოსა მოყვრისა გაყრისათვის. პირისა ხოჭამან სისხლითა კალთა გაუწითლა. პირი მისი ტანისამოსისაებრ გალურჯებოდა, ტანისამოსი მისი პირისაებრ გასწითლებოდა. იზახდა და ტიროდა, ძიძასა ეგრე ეტყოდა:
”აწ რა ვქმნა, ძიძაო? ჩემი სიყრმე და სიხარული, საწუთროჲსა გამოსვენება და ლხინი ყველა მიჯნურობისაგან გამკიდეგანებია, რომელ სიცოცხლე ჩემი აღარ ეგების. მე გული და თვალთა ჩენა რამინის სიყვრულისათვის ესრე შემიწირავს, რომელ აწ ყოველნი ჩემზედა გარდასრულნი ჭირნი დამნატრებიან. მე ესე გულსა ვერაოდეს მივეც, თუ ჩვენი გაყრა ოდესღაც ეგების, ანუ, − ვითა ჩვენ გვინდა, − არ მიწყით აგრე ვიხარებთ. გარნა ღმრთისა განგებამან, ვითა მაშინ სიყვარულისაგან სირცხვილისა ფარდაგი დაგვიხია, აწ ეგრე გაუგებელი გაყრა დაგვემართაო. − აჰა, საყვარელო და მიუცილვებელო რამინ, მე ვირე შენ გეახლე, ჩემი სიხარული თვით იცი. შენსა სიშორესა შიგან ჩემი სულთა-დგმა სიცოცხლედ არა მიჩნს. ამოდ ყოფნა თვით რას ჰქვიან, ანუ გამოსვენება? ამით უფრო არ მიმცილდები ჟამსა და უჟამოსა, რომელ მტერსა ბრძოლისაგან მიჭირვებული მეგონები. ჯაჭვი კაბისა ნაცვლად ტანსა გამძიმობს და მუზარადი − ჩაჩისა ნაცვლად, და ჴრმალი ჭიქისა ნაცვლად ჴელთა გაწყენს, და სიცხე მზისა გწვავს, და აწყენს შენსა ნაზუქობასა ესე მიჭირვება. მტერთა სისხლი ესრე დაგიღვრია, ვითა მოყვრისა. შენისა სიშორისაგან მე თავსა რად დავემტერე, რომელ წადილნი და მბრძანება არ მოვისმინნე და არ წამოგყევ: ნუთუმცა შენისა ცხენისა ფერჴისა მტვერი მცემოდა! მაგრა თუცა ჩემი ტანი აქაა, გული ჩემი საშენოდ არ მოწყვედილა, შენსა გვერდით მგზავრობითა იჭირვის შეჭირვებითა სისხლთა შიგან მრჩვალი. მეტად ნუღარ მიიჭირვებ, თვით რომელ დაგიმძიმებია. უშენობითა არცაღა მისი გაძლება აქვს. არ ამოა მოყვრისაგან მოყვრისა უსაკუთრობა. შენ მას ნუ იქმ ჩემზედა, რომელ არ შენისა პირისა მსგავსი იყოს. მომიგონებდი და ჩემსა ყოფნასა იჴსოვნებდი, მაგრა ოდეს მოიგონებს მდიდარი გლახაკსა? შენ ჩემისა მიჯნურობისა ცეცხლი ოდენ გენახა, აწ კვამლიცა გამოჩნდა. აწინდელმან გრძლად სიშორისა ტკივილმან აქამდინ ჩემნი ჭირნი დამავიწყნა. ნოეს რღვნობისა ღრუბელსა ჰგავს ჩემი თავი. ამით ჯეონისებრ მდიდრად მდის თვალთა ცრემლი, გული ჭირითა ამვსია, შიგნით დატევისა ღონე არა მაქვს და გარეთ მაჩნია და სისხლისა ზღვასა შიგან ვიღელვები”.
მოსთქმიდა ვისი და გულისა ტკივილისაგან ერთსა ადგილსა ვერ იყო. ძიძა სამისოდ მისოდნადვე იწოდა და ყველასა თმობასავე სწავლიდა.
ეგრე ეტყოდის:
”შეგონება: დათმე, არ ეგების მთმობისა კაცისაგან, თუმცა გულისა ნება არაოდეს მიახვედრა ღმერთმან. ყველა ჭირი დაილევის კაცისაგან და თმობისა ხე სიხარულისა ნაყოფსა მიწყით გამოიღებს, თუცა უგულოთა დათმობისაგან საბრისაცა ჭამა უფრო ეადვილების.
აწ მოისმინე ჩემი მოჴსენება და სთმობდი, ნუთუ ანაზდეულად გულისა წადილსა მიეწიო. ღმრთისაგან კიდე შენი რგება არავის შეუძლია, ვერცავინ ამა პატიმრობისაგან გიჴსნის. გული დადევდა თმობა მოიღე, ღმერთსა ევედრებოდე და მოალხენდე შენთა მოახლეთა, ნუთუ ღმერთმან მოიწყინოს ეგზომი ჭირი შენი და გულისა თქვენისა ცეცხლი დაავსოს! ანდერძადცა ამის მეტსა ვერას მოგაჴსენებ, რომელ მიწყით თმობასა გივაზირებ”.
პასუხად ვისმან ეგრე უთხრა:
”გულმან, უკვამლოჲსა ცეცხლისაგან დამწვარმან, თმობა ვით მიიღოს? იგი სიტყვა გასმია, რომელ კაცი ვინმე შეაგონებდა ვისმე და მან ეგრე უთხრა: ”ჰე, მოყვარეო, შენ მეტად ნუ მიჭირვებ, მე გულსა ესრე არ დამეკრვის, ვითა გუნბათსა ნიგოზი”? რამინ ჩემგან უნახავი წავიდა და მისი მიცილვება ჩემგან ვით ეგების? შენი შეგონება და დიდსა წყალსა იქით ჴიდი ჩემთვის სწორია. შენი გული და ჩემი არ ერთი არის. შენ კალთა გეწვის და მე გული. შენ რა გაგვა, თუ მე ვიჭირვოდე? შენ ეგრე მეტყვი: დათმობისა კიდე ღონე არა გაქვსო. ადვილია მხედველთაგან მეომართა ჭვრეტა. შენ არას გაბრალებ: ცხენოსანი ხარ და მგზავრობისა ჭირი არ იცი; შენ მდიდარი ხარ და უღონობისა ჭირი არ იცი; მაძღარსა მშიერი ემთრვალების. შენ, ძიძაო, ჩემთვის დათმობასა გამოარჩევ და მივაზირებ. გჭირსამცა ჩემებრ შენცა ესრე თავუწევარქმნით ხელობა? რამინ უფრო უთმინოდ იყო! უგულოსაგან თმობა არ ეგების. თუ მებრძოლსა ლომსა გულსა ძალა არა აქვს, მასცა მოერევის მელი მისითა სიჯაბნითა. ნუ გგონია, თუმცა ესე ჭირი და ზახილი საჩემოდ მეადვილებოდა, ანუ მიამებოდა და თვალთაგან სისხლისა ცრემლისა დენა არ საწყინოდ მიჩნდა. არავის უნდა გონებიანსა თავისა ჭირი და უბედურება. ამა უბედურებისა ჭა შენ მითხარე შენითა საქმიანობითა, შიგან ჩამაგდე და აწღა ამოდ და შეუჭირვებლად ზედა მოჯდომილ ხარ და ეგრე მეტყვი: დათმე, ღმერთსა ექენებოდე, მისგანვე კიდე შენი ღონე და ამა ადგილისაგან მჴსნელი არავინააო. ადვილია ნაბდის წყალსა შიგან ჩაგდება, მაგრა გამოღება საძნელოა”.
34. რამინისაგან მარავიდაღმა აშქაფუთიდევანს ვისის შესაყრელად წასლვა
რა რამინ გურგანით მარავს მივიდა, ვისი მუნ ვეღარა პოვა. მისისა სიხარულისა ვენაჴი გამჴმარი ნახა და წალკოტი უყვავილო. დარბაზსა შიგან ქვეყნისა მზე აღარ დახვდა, არცა საჯდომი მისთა თმათა სურნელობისაგან სავსე გაიცადა, არცა ქალაქი პირველისაებრ მოხარული დახვდა. თუ სთქვა, დარბაზი და მიდამო რამინის გულისაებრ უვისობისათვის ტიროდა. იგი ამო დარბაზი, მისგან გასახარებელი, საკნად აუჩნდა და შეჭირვებითა, ვითა ბროწეული ქერქსა შიგან, გასქდა, ტიროდა სულ-შეუღებლად; გაზაფრანებულსა პირსა ზედა მარგალიტსა აწვიმებდა. მისსა საჯდომსა ზედა პირი დასდვის და, ვითა იადონი ვარდსა ზედა, ეუბნებოდა და კვნესოდა და საბრალოდ მოსთქმიდა. ეგრე თქვის:
”დარბაზო, შენ იგი ხარ, რომელ ცისაებრ მზისა სიახლესა დაეშვენე, რომლისა გონებითა მე ცნობანი წამსლვიან! მიწა მისისა პირისაგან დაშვენებულ იყო და ჰაერი მისითა სურნელობითა ავსილ იყო, ვით აწ გული ნავღლითა მიწყით ავსილა”.
უცხოფერითა ჴმითა მომღერალნი მუტრიბნი მსმელთა სიხარულად იმღეროდიან:
”დარბაზო, შენ აღარა იგი დრბაზი ხარ, რომელ ყოვლითა ფერითა უკლები იყავ! შენსა კარსა ზედა ველისა ნადირნიცა თამაშად მოვიდიან და კაცთა მონატრეთა კარი იყვის. მე ვეღარ ვნახავ შენშიგან ვარსკვლავსა, მთვარესა და მზესა, რომლისა სიშორითა დამბნელებიან სახედავნი! საწუთრომან უხანობა შენზედა ჩემებრ მუხთლად ქმნა, წაგიღო სიხარულისა დღე, ვითა მე გულისა ნება და თმობა. სადღაა იგი ჟამი ჩემთვის? რაოდენი აქა გამიხარებია ანუ ოდესღამცა ეგებოდა ჩემთვის, თუმცა მე ეგრე მხიარული შემო-ღა-ვედ? აქა ესრე ყოფნასა შიგან ათასსა წელიწადსა ერთი იგივე დღე ღმრთისაგან უფრო სანატრელად მიჩნს”.
მოსთქმიდა და ტიროდა. უიმედომან ეგრეცა გამოიარნა ქალაქისა კარნი და მიაპყრა პირი მას ციხესა, სადა ვისი ჯდა. ესრე სწრაფით წამოვიდა, რომელ დღე და ღამე იარა. დია ბნელი იყო ღამე, ოდეს ციხისა ძირსა მივიდა, თუცა მას და ვისსა დღისაგან იგი ღამე უფრო გაუთენდა. ვერცა გუშაგთა ნახეს სიბნელითა. იცოდა რამინ დარბაზი, რომელსა შიგან იყო. მუნით ძირსა მივიდა, მოიჴმარა მეცნიერება, რომელ ყოველსა ქვეყანასა არ იყო მისებრ მშვილდოსანი. შესტყორცა ცერ-მართალი ისარი მას ადგილსა და ეგრე უთხრა: “სვიანიმცა ხარ, ჩვენთვის უსულო მოციქულო, ყოველგან სულისა წაღებასა მოციქულობ და აწ ჩემსა სულსა სულისა შეყრა ახარე!” ისარი მართლად წავიდა და ბანთად ვისის საწოლსა ჩაიჭრა. მასვე წამსა ძიძამან აიღო, იცნა და სიხარულითა აივსო. ვისის მიართვა. ეგრე მოაჴსენა:
”ნახე სვიანი ისარი, მოციქული, რამინისაგან მახარობლად გამოგზავნილი, რომელ ნიშანი აქვს. აქათგან ნუღარა ხარ შეჭირვებით, ღმერთსა ჰმადლობდი და მოყვრისაგან იხარებდი”.
ვისმან ნახა ისარი და რამინის სახელი ზედა წაიკითხა. მეტისა სიხარულისაგან, ვითა გული მოსცემდა, ეგზომცა სიხარულსა ვერ მიაგებდა, აკოცებდა, უყვავებდა და ეტყოდა: ”ჰე, სვიანო რამინის ისარო ჩემო და სულთაცა სარჩეო! ყოველი კაცი შენგან დაიკოდების და მე დაკოდილობისაგან წყლულსა მალამისაებრ მერგები. მიციქული ხარ შენ მისთა მკლავთა, რომელთა მიწყითმცა იჴმარებს... იაგუნდისა პირსა დაგაგებ და ოქროჲსა ხალასისა კილოსა გულისა ჩემისა ქარქაშსა შეგიქმ, ამით რომელ შენი პატრონი გამხიარულდების. თუცა მისითა სიშორითა ათასითა შენებრითა ისრითა წყლული მდგმია, აწ, რა შენ მოსრულ ხარ მუნითგან პირ-ალმასობა მათი ლხინად შემცვალებია. ისარი მკურნალი შენგან კიდე არ მინახავს, არცა შეთვლილობა შენსა უამესი მასმია”.
რა რამინ ისარი გასტყორცა, მერმე საგონებელსა ჩაიჭრა: ”ნეტარ რა იქმნა ჩემი ისარი? სად მწადდა, მუნ მივიდა ვითა, ანუ ნუ უნებლივ რაიმე დაემართა და სხვამან ვინმე აიღო? თუმცა იცოდა ვისმან ჩემი საქმე, ათასსა ღონესა ეძებს ჩემისა ზე-გაყვანისათვისაო”. მაშინ გულსა შიგან ეგრე თქვა: ”გულო, გაწირე სული, ნუ ვისგან გეშინიან! ღმრთისა ყოვლისა დამბადებლისა ძალმან, აქათ არ შევიქცევი, ვირემდინცა ანუ არ მოვკვდე, ანუ გულისა ჩემისა წადილსა არ მივჰხვდე. თუცა ამა ციხისა ზღუდე რკინისა იყოს, ჩემისა გულისაებრ გაჴურვებული, მიდამო ყველა მოწამლული, კლდისა თავნი − ასპიტისა გველისანი, მეციხოვნენი მათნი დევთაებრნი, ვერცა ეგრე შემაქცევენ. შეწევნითა ღმრთისაჲთა და მკლავისა ჩემისა მინდობითა ეგრეცა ვეცდები ვისის გამოყვანასა და ჩემისა გულისა წამღებისა კვლა შეყრასა. მე ვირე ცოცხალ ვარ, ვისისა ძებნისაგან კიდე არა საქმე მიც. მე რაზომცა დიდნი მტერნი მებრძოდენ და მათი გული საჩემოდ მოაბადისა და ზარდისაებრი იყოს, არცა ეგრე დავერიდები. მაგრა იგინი ცეცხლნია, ერთისა გვარისანი ვართ და შეატყვებენ კაცსა სიკეთე-სიავესა”.
აქათ რამინ ღონეთა ძებნითა საგონებელთა ჩაჭრილ იყო და იქით ვისი ბადესა დაბმულ იყო სიყვარულითა. მისი ენა რამინს იზახდა და აგრევე უთმობად მისი გული ეძებდა რამინს. მუნ სიცივეთა შიგან ყოფნა და მისგან მისი მუნ ვერ-სიახლე გულსა ლახვრად და შანთად ესობოდა და მისისა შეყრისა ილათსა ეძებდა.
ძიძამან ეგრე მოაჴსენა:
ჰე, დედისა სულო! ეტლი და ბედი, ყველა შენ გიშველის, და ესეცა შენისა ბედისგან ისეთი სიცივეა, რომელ ყინვისაგან კაცისა ველთა ყოფნა არ ეგების. გუშაგთა და ციხისა მცველთა ყველათა შიგან შეურიდებია სიცივისაგან. ორჯერ ოდენ გარდგომილან გუშაგნი და შინავე შესულან ყინვისაგან. რადგან ესრეა და გუშაგნი ბანთა ზედა არა სხენან, ჩვენგან ყველა ადვილად ეგების. რამინ აქა ჩვენსა სიახლესა არის, თუცა სიბნელითა არა ჩანს. მან იცის, რომელ ჩვენ ამა დარბაზსა შინა ვართ. დია ყოფილა ამა ციხესა შიგან უმოაბადოდ და ათასი გზა იცის გამოსავალი. ეგე სათამაშო სარკმელი ერთი გავაღოთ და სანთელი ავანთოთ. იგი გარედაღმან გვნახავს და ჩვენსა სიახლოესა მოვა. და მაშინ მისი გამოყვანა ეგების”.
რა ესე თქვა, სანთელი აანთო ძიძამან, მისითა გრძნებითა დევნიცა დააბორკილნა. რა რამინ სანთელი დაინახა, გამხიარულდა და მიჰმართა. შეიგნა, რაჲსათვისაც აენთო სანთელი და, ვითა შევარდენი, კლდესა ზედა გავიდა.
[ბრძენსა] უთქვამს: ”ასრე იქმნების მიჯნურისა გული: არცა ჭირი ეჭირვებოდა და არცა ზიანი ზიანად. მოყვრისა ძებნისათვის სჯულსაცა დააგდებს, მიიქცევის. გზისა სიგრძე მოკლედ და კუშტი ლომი მელად უჩნს. მიჯნურობისა სიხარბე ასე გაჰჴდის, რომელ უნაყოფო მინდორი ვენაჴად, მთა თმად უჩნს და ზღვა რუდ. აშიკობისად გულისაებრ მისყიდული არავინაა, მით რომელ გულსა საბჭოსა არავინ წაიყვანს. მიჯნურობამან სიკეკლუცე და სიდუხჭირე არ იცის, მით რომელ ცნობა მიჯნურობასა ბრმობით უყვავის”.
რამინ რა ახლოს მივიდა კედელსა ზედა, ვისმან დაინახა ზეიდაღმან. და ბერძული სტავრა ორმოცი და სხვა, რაცა პოეს, დაგრიხეს ორკეცად და მაგრად ერთმანერთსა გამოანასკვეს. ჩაუშვეს. მოეკიდა რამინ და ზე გავიდა ვეფხისაგანცა უკისკასედ. რა ციხესა ზე გავიდა, მზე და მთვარე ერთგან შეიყარნეს და ერთმანერთსა ასრე მოეხვივნეს, ვითა ერთითა ჭიქითა სძე და ღვინო; ოქრო და მარგალიტი ერთგან გაერია, მუშკი და ამბარი ერთად შეეზილა, ღამე ბნელი განათლდა, ვითა დღე, და ზამთარი გაზაფხულდა მათთვის. ორთავე მიჯნურთა გულმან გაისვენა შეჭირვებისაგან. გულისა და მონაცემთაებრ მოეხვივნეს ერთმანერთსა, მოჰკოცნეს ერთმანერთი და მერმე საწოლს შევიდეს; საჭამადი და ღვინო მოიღეს. ზოგჯერ თავისა გარდანაჴადსა უბნობდეს,ზოგჯერ ერთმანერთსა ეხვეოდიან. ღამე ბნელი და ცივი იყო, გარნა მათთვის სამგვარი სანთელი ენთებოდა: შეყრისა სიხარულისა, მათისა პირისა სინათლისა და ღვინისა სიწითლისა. სამნი მოყვარულნი ერთგან შეყრილ იყვნეს, სმიდენ და იხარებდეს მათისა ნებისაებრ. გარეთი კარი დაჴშული იყო, მორჭმით და გულდადებით იყვნეს. არცაღა ამისი საეჭვი ჰქონდათ, თუ გვიგრძნობს ვინმეო; არცა ამისი შიში, თუ: ჩვენი გაყრა ოდესმე იქმნების და სიხარული შეჭირვებად მოგვექცევისო. მათ ერთი ღამე ეგრე ყოფნასა შიგან ერჩია შორს ყოფნასა შიგან ათასისა წლისა სიცოცხლესა. რამინს რა გულისა საწადელი აუსრულდა, − ვითარი სწადდა, ეგეთი ყოფნა პოვა, − დაიწყო სიმღერისა თქმა მისებურითა ამოჲთა ჴმითა და იტყოდა:
”რა გაგვა, გულო, თუ მიჯნურობითა ჭირი ნახე და უნებელნი საქმენი დაგემართნეს! უჭიროდ ლხინი არ ეგების და არცა უმისოდ ესრე ამოდ ჯდომა ეგებოდა და სიხარული. ჭირ-უნახავად კარგი სახელი არ იპოების. თუცა მიჯნურისა ძებნისათვის ზღვა გაიარე, შეყრითა თვალი პატიოსანი ჰპოე; სიშორითა თუცა ნავღელი არ გაკლდა, აწ ნაყოფი ლხინიანი გაქვს. გულო, გივაზირებდი: დათმე, ყოვლისა ჭირისა ბოლო ლხინი იქმნებისო. რა კაცმან ჭირსა შიგან დიადი ხანი დაყოს, მერე ლხინისათვის ღმერთსა უფრო ჰმადლობს. აწ მე ვარ ჯოჯოხეთისაგან ჴსნილი და სამოთხესა მხიარულად მჯდომი. სიყვარული დავთესე და სიხარული მოვიმკე, ელვარე მთვარე სიყვარულითა მომექცა. არა გამწირავ-ვექმენ და არ მივაცილვე წამსაცა მოგონება. ყოვლითა საქმითა გაუსაკუთრე თავი და მითცა საწუთრომან მე არ გამწირა”.
ამა სიტყვასა ზედა ადგა ვისი და მოყვრისა სახელსა ზედა აივსო ჭიქა, ჴელთა დაიჭირა და ეგრე თქვა:
”ჩემისა რამინის სახელზედა ვსვამ ამას, სიყვარულისა მძებრისა, მოყვრისა არ გამწირავისა, ჩემისა იმედისა, თვალთა ჩენისაგან უფრო ნათელისა! მე მისგან ესრე იმედიანი და მხიარული ვარ, რომელ ადამისითგან არავინ ყოფილა ესრე მოყვრისაგან იმედიანი. სიკვდილისა დღემდინ ვიქმნები მოუწყვედლობისა მისისა მჴევალი, მისსა სახელსა ზედა გველისა ზარი უკვდავებად მერგების”.
მაშინვე შესვა იგი ჭიქა და რამინს აკოცა. იამებოდა რამინს ვისის საუბარი, ხალვათად სმა და მუშკისაებრ სურნელისა მოყვრისა თმათა მოკიდება. იასპსა, მუშკსა, ბროლსა და ბროწეულისა ყვავილსა სჭვრეტდის. მწარე აკაკი დაავიწყდა ტკბილისა იაგუნდისა სიხარულითა. ყოველთა ღამეთა ცისკრამდის საგებელი ვარდიანი და სასთაული მზიანი ჰქონდა. დილასა რა გაიღვიძიან, სმითა სიხარულითა და სიმღერითა დასხდიან. რა ვისის ჭიქა ჴელთა ჰქონდის, რამინ სიმღერად ეგრე თქვის:
”ფეროანი ღვინო გულისაგან ჯანგსა ამოჰჴოცს, მოყვრისა სიახლესა შიგან მისგან მოციქული ღვინოა! ფეროანი ღვინო სიყვითლესა ფეროვნებად შემიცვლის, მიჯნურობისა ჭირისა წამალი არის. მიჯნურობა მტვერი არის და ღვინო − წვიმა, ჭირისა განმაქარვებელი, სიხარულისა მომმატებელი. დღეს ბედნიერობა ჩემსა ჰქვიან. მე მიშველის ღმერთი და სვე ჩემი, რომელ გულისა ჩემისა წამღები წინა მიზის. ზოგჯერ დავწვები იასა და ვარდსა ზედა, ზოგჯერ სოსანსა, ამბარსა და მუშკსა შუა, ბაგე ჩემი ფეროვნისა მუშკისაგან შაქრისა უტკბოსა ლალსა ინადირებს. წალკოტსა ჩემსა შიგან წითელი ვარდი ყვავის, ნებისა გზასა მოსლვითა მე დია ვმხიარულობ. მე იგი შავარდენი ვარ, რომელ მაღლად ფრინვითა ცისა მზისაგან კიდე არას ვინადირებ. ჩემი ნიშატი ლომი არის ჭანგ-ოქრო, რომელ ჩემსა სულსა შეიპყრობს. ყოველთა დღეთა მოყვრის პირსა და თმათაგან საპალნითა ვარდსა, სუმბულსა, მუშკსა და შაქარსა ვჰკრეფ. არ მომინდების წალკოტი მისისა ელვარისა პირისაგან, არ მომინდების თამაში, მით რომელ ესე ადგილი ჩემთვის სამოთხესაცა უამეა. რაცა ღმერთსა სიამოვნე დაუბადებია, ყველა ჩემთვის აქა არის. მზე არის ნადიმი ჩემი და მწდე ჩემი მთვარე და მით ვარ მხიარული».
მერმე ვისსა ამოჲთა სიტყვითა ეტყვის:
”მასვი ღვინო, ღონეო, შენითა ჴელითა ვარდისა-ფერი, შენისა ღაწვისა მსგავსი, შენისა პირისაებრ სვიანი! ამის უამესი ჟამი აღარ ეგების, აღარცა შენისა პირისაებრი გაზაფხული! რა ვიცით ხვალისა წინამდებარე? მოვედ, რომელ თავისა კერძი სიხარულისა ნაწილი ავიღოთ დღეს, ხვალე დღესისსა ვერ მივეწევით. არცა შენ გწადიან ჩემი მოწყვედა და არცა მე შენსა მიჯნურობასა გავეყრები. ჴამს სიხარული და გულისა ნება! რა ვიცით, ღმერთსა ჩვენსა თავსა ზედა რა გაუგია, − ასრე რომელ მოაბადს შენ აქა ციხესა შიგან დაუჭედიხარ და მე სნეული გურგანს დაუგდივარ, ამისა არ მცოდნელსა, რომელ ღმერთსა ჩვენი შეყრა ცათავე შიგან გაუგია. ვის შეუძლია დამბადებლისა ღმრთისაგან კიდე ამისი ქმნა?!”
იგინი ცხრასა თვესა ამაშიგან იყვნეს, ჟამსა და უჟამოსა მხიარულნი და ნიშტიანნი; არ დაშვრეს სიხარულითა და სმითა. ჰქონდა შიგნით თუნდა ასისა წლისა განსასვენებელი სასმად-საჭამადი, გარეთ არა მოუნდებოდა კარისა გასაღებლად. ნახეთ, რაზომსაცა ხანსა გულისა ნება და სიხარული გამოიწვადეს გულისაგან და აიყარეს ჯანგი! არცა მოსძულდა რამინს ეგზომი სიხარული და არცა ვისსა რამინის სიხარულითა ნიშტიანობა მოეწყინა. ერთი სული ორთა ტანთა შიგან დამკვიდრებულ იყო, რომელ არა იყო მათი შესაქცევარი ერთმანერთისა საუბრისა, მიჯნურობისა და სიყვარულისაგან კიდე. იხარებდეს ერთმანერთითა; ეჯობნა მობურთალთად და ღვინითა მოერწყო სიხარულისა ნერგი.
ციხისა კარი, ვითა ჭირსა, დაეჴშა, მათი ხვაშიადი ქვეყანასა შიგან არავინ იცოდა, რომელ მარავს შიგან ზარნაგეს ხაყანის ასულმან იცოდა. გვარიანი იყო და სიკეკლუცითა კარგ იყო, ტურფათა საპატრონო პირი მისი მზესა ჰგვანდა და გრძნეულთა უხუცესი იყო. მისითა ჴელოვნებითა და გრძნეულობითა ეგზომ მაგალითი იყო, რომელ ბასრისა გრდემლისაგან ვარდსა ააყვავებდა.
ოდეს რამინ მარავს ქალაქს მოვიდა, მოაბადის დარბაზი მოიარა და ყოველსა კაცსა ვისის ამბავსა ჰკითხვიდა. რა მისი ციხესა მყოფობა ცნა, ვითა ზემო მითქვამს, ეგრე უცნობო იქმნა, თვალთაგან დიჯლა იდინა, პირი ცრემლითა დაიბანა. რა არცა თვალითა ვისის შვენვარე პირი გაიცადა და არცა ამო საუბარი მოისმინა, ვისის ძებნითა გახელებული შმაგურად ცურვიდა ქალაქსა შიგან და სწრაფით, სადა ვისი იყო, მას ციხესა მიჰმართა. ვეფხსა ჰგვანდა სიფიცხითა და მიჭირვება არად უჩნდა, კლდესა შიგან ქოშისაებრ აღმა-ჩაღმა რბოდა, ზოგჯერ ესრე მთასა გავიდის, რომელ თავი ღრუბელსა მიუწვდის და ზოგჯერ ქვე ჩავიდის, ვითა იოსების ორმოსა.
ესე გრძნეულმან ზარნაგესმან იცოდა, რომელ რამინ მუნ წავიდა და მისისა ჭირისა წამალი ვისის ნახვისაგან კიდე არა ეგებოდა; და გულსა შიგან მოაბადის საამბობლად დაისწავლა ხაყანის ასულმან.
35. მოაბადისაგან ცნობა ვისისი და რამინის ერთგან შეყრისა
რა ჴელმწიფე შაჰი მოაბად გამარჯვებული და მხიარული ლაშქრობისაგან შემოიქცა, − მას ვითა სწადდა, ეგრე ქმნილ იყო მისი საქმე, − მოვიდა თავისა სახლსა ხორასანს და მარავს ქალაქს შემოვიდა. ერთობით რანის ქვეყანა და სომხითისა წაეღო და მძევალნი და ხარაჯა ბერძენთა მეფისა, კეისრისაგან, აეღო, ყოველთა ხელმწიფეთად მორეულ იყო, მტერთა ზედათ მოქცეულ იყო. სიხარულითა ერთობ ცათა გასწვდებოდა მისი ზარი და ზეიმი, მიწა მისთა ლაშქართა სიმრავლესა ვერ იტევდა. რა ლარი მისი ერთგან შეყარა, მთათაგან უმაღლესი გორი შეიქმნა ლარისა, თუ სთქვა ცათად მიდგმულაო მისითა სიმაღლითა, და თავისა სილაღითა ბედისათა ჴელმწიფეთად ბურთი წაეღო, ჰელა მისი იყო და ჯობნა ყოველთა ჴელმწიფეთად. ყოვლისა ქვეყანისა ლაშქარნიცა იყვნეს მისსა კარსა ზედა და მძევალნიცა. ყოველთა ჴელმწიფეთა ჴელმწიფედ ქმნილ იყო და მისისა თავისა სწორი სხვა არავინ იცოდა ქვეყანასა ზედა.
რა ესდენ მხიარული და გამარჯვებული მივიდა მარავს ქალაქსა, სიხარული ზრუნვად მოექცა: ზარნაგესგან რამინის ამბავი ესმა, გული სისხლითა აევსო და ტვინი მისი გულჯარბობისა კვამლისაგან დუღდა. დიდხან ეგრე გატეხილი ჯდა. მერმე ჯავრისაგან გაყვითლებული ზე აიჭრა, ლაშქართა აცნობა, წასლვად კვლაცა აწვივნა, კაზმა დაიწყო. ასაყარსა ჰკრეს. დიდებულთა და ლაშქართა შეიგნეს გზასა წასლვა. ბუკმან მოაბადის დარბაზსა ტირილი დაიწყო, თუ − ”ჴელმწიფეო, ეგზომი მგზავრობა არავის შეუძლიაო”. აგრევე დუმბულმან ზახილი და კვნესა დაიწყო ვისისა და რამინის გაყრისათვის: ”ვაი, თუ მოყვარულნი გაიყრებიანო”. ციხესა შიგან, თუ სთქვა, რამინს გულმან უგრძნა, რომელ ეგდენ ამო ყოფნა დაუმწარდებოდა.
შაჰინშა მივიდოდა სწრაფით რამინის სიკვდილისათვის მოსწრაფე და ლაშქარნი ყველა მისთვის მისი მომდურავნი იყვნეს, რომელ ჯერეთ ნახევარნი არ მოსრულ იყვნეს შინა; ერთისა წლისა ბეგარქმნილთა ჯერეთ სარტყელი არ შეეჴსნა და მუზარადი არ მოეჴადა, რომელ კვლა ციხისა საძნელოსა გზასა აწვივნეს. ზოგნი ასრე უზრახევდეს: ”აწინდელი ბეგარა რად არ გვეყოფოდა, რომელ აწ სხვაგან გვაწვივნესო?” ზოგნი ამას იტყოდეს, თუ: ”მუნამდის მგზავრნი ვართ, ვირემდის ვისსა რამინისაგან დავსცვიდეთ, დია ცხენოსნობა გვინდაო”. ზოგნი ეგრე იტყოდეს, ვითა: ”დია უჯობს, თუმცა რამინის ნაცვლად ათასი ბერძენთა მეფეთაებრი უჩნდაო”. ათასსა რასმე იტყოდეს.
მოვიდოდა შაჰინშა ფიცხლად ლაშქრითურთ, ვითა ქარი. მისთა ლაშქართა მტვერი ღრუბელთამდის გაიწეოდა. ციხესა საგუშაგოდ გუშაგმან მტვერი დაინახა, მივიდა და ზარდის მოაჴსენა: ”მტვერი ჩანს, რომელ ცად გაიწევის და უღონიოდ შაჰინშა მოვა, თვარა ეგზომ დიდი მტვერი სხვაებრ არ ეგებისო”. ციხესა შიგან ჴმა და შფოთი შეიქმნა და ბრუალი შექმნეს, ვითა ტირიფისა ხეთა შიგან ქარმან. ზარდი ჯერეთ წინა არ მიგებებულ იყო მოაბადისთვის. მოაბად რა ციხისა კარსა მოვიდა, გული მტერობითა და ნავღლითა სავსე ედგა, შეუზახნა წყრომით ზარდსა და ეგრე უბრძანა:
”ჰე, ჩემთა ჭირთაგანცა უფროსო ჭირო! ღმერთმან დამბადებელმან მიჴსნას თქვენ ორთა ძმათაგან! კაცობისა ჟამსა ძაღლიცა გჯობსთ: ძაღლი პურსა მოიგონებს კაცისაგან და თქვენ არცა მას. ოდეს ღმერთმან თქვენ დაგბადნა, არ ვიცი, თუ მაშინ რა ეტლი ყოფილა! ერთი გრძნებითა ეშმასა სწორი და ერთი სირეგვნითა ზროხისა მსგავსი და ვირისა. შენ ნახირსა შუა ჰჴამ, ზროხათა შიგან, ვისსა რამინისაგან ვით დასცევდი? მე ღირს ვარ, რაცა აუგი წამეკიდოს, ყველასა, რადგან ციხისთავად ზროხა დამეყენე. შენ ღაფლად ჰზი, გარე კარი დაგიჴშავს, ეგრე გგონია, თუ კარგი გიქმნია ანუ ჩემისა სამსახურისათვის მოგიჭირვებია. შენ მანდა ჰზი და ზროხისაებრ ჰყვირი სირეგვნითა. ესე ვერ გიგრძნია, რომელ მალვით შიგნიდაღმან შენზედა იცინიან, ვითა სწადიან, რამინ ეგრე იხარებს; და გარეთ ყოველმან ქვეყანამან იცის ესე ამბავი. საშურველია შენთვის შენი საჯდომი!”.
ზარდმან ეგრე მოაჴსენა:
”ჰე, სვიანო ჴელმწიფეო! ვაშად ბრძანებ, მრავალი წელიცა გზისაგან მხიარული მოხვალ, ნუ დაიღრეჯ ცუდისა საქმისათვის, ნუ შეუშვებ ეშმაურს საქმესა გულად. შენ ჴელმწიფე ხარ მორჭმული და ავისა და კარგისა თქმა შეგიძლია. თუ მართალი იცოდე, ვერასა ვინ გკადრებს და, თუ ათასჯერცა მრუდი ბრძანო, ვერცარასა ვინ ეგრე შეგეცილების, თუ არ ეგრე არსო. შენ ეგეთსა რასმე მაბრალებ, რომელ საგონებელად არ მომსლვია. თქვენ რამინ აქათ წაიყვანეთ, მე რა გლახ ვიცი, თუ რა იქმნა? არ შავარდენი იყო, რომელ საბერძნეთით აიმაღლოს და აქა ჩამოფრინდეს, არცა − ისარი. თუმცა ამას ციხესა მით გამოსრულ იყო, ვით გამოვიდა რამინ? ნახე თქვენითა ბეჭდითა დაბეჭდული კარი, დაკლიტული; ერთისა წელიწადისა მტვერი ზედა ძეს. ასეთსა ციხესა რომელ კარი და ზღუდე ყველა რვალისა არის, რამინ ვით გაგიტეხდა? ყოველთა შემოსავალთა და გზათა გუშაგნი დღე და ღამე დამიყენებიან, ეგრე მიცავს, რომე, თუ რამინ გრძნეულიცა არის და ათასი ღონე იცის, აქა შემოსლვა არცა ეგრე შეუძლია და, თუ ესე კარები გააღო და დალეწა, თქვენითა ბეჭდითა კვლა ვინღა დაბეჭდა? ნუ დაიჯერებ. ჴელმწიფეო, ესეთსა ცუდსა სათქმელსა. ნუცა თქვენ დაიღრეჯთ და ნუცა ჩვენ დაგვჴოცთ. ეგეთსა ნურას ბრძანებთ, რომელ ცნობილთა არ მოეწონოს და ცნობამან ერთ ქრთილად არ იყიდოს იგი გონება”.
შაჰინშა ეგრე უბრძანა:
”ზარდო, ბედითსა რას უბნობ? კარისა და ბეჭდისა მიზეზსა ვირემდის იტყვი, მე რასაღა მერგების ამისი სიმაგრე? შენ არ გაფრთხილებულ ხარ. ციხისა და კარისა მცველნი ფრთხილნი დია სჯობან კლიტესა და ბეჭედსა. თუ ღმერთმან ცა მაღლად დაბადა, ზედა ვარსკვლავნი ეგრეცა მცველად დააყენნა. მე ესე ბეჭედი რას მერგების, რომელ ნიფხავსა ხონჯარი არ მიგდია? ხონჯარსა რას ირტყამ, თუ ნიფხავი არ გაცვია? რადგან ესე შენებრსა უგუნურსა შევჰვედრე, რაცა ერთსა წელიწადსა სახელი ვქმენ ჴრმლითა, ყველა შენითა ნაქმარითა ჩემად აუგად დამაჩნდა. დია ნათელი იყო ჩემი დარბაზი ჩემის სახელოვნობისაგან, მაგრა აწ კარი და კედელი მისი ყველა დააშავე და აბნელე”.
რა მოიწყრომა, ცოტა ხანი გამოჴდა; მოგვისაგან კლიტე ამოიღო, ზარდსა მიუგდო, ეგრე უბრძანა:
”გააღე კარი, თუმცა ამისი ქონება ჩემი წყალსა იქით ხიდისაებრ უსარგებლო არის”.
კარისა რეხვება ესმა შიგნით ძიძასა, ყური მიუპყრა, მოაბადისა და ზარდისა ჴმა და საუბარი ესმა, შიშითა ათრთოლდა, მივიდა, ვისსა და რამინს ეგრე მოაჴსენა;
”აღმოსავლეთით ჩვენთვის უბედურობისა მზე აღმოჰჴდა: შაჰინშა მოვიდა შავთა ღრუბელთაებრ! ჩვენთვის ელვა-ქუხილი გამოჩნდა და ჭირისა მათისაგან ღვარი დაიწყებს დენასა! აწ ვნახავთ ცეცხლსა ქვეყანისასა დამწველსა, რომელ მისმან კვამლმან დღე ნათელი დაგვიბნელოს და ჩვენი საქმე მას თანა არად გავიდოდეს”.
შიშითა გატყდეს ადგილსა ზედა სამნივე და აღარა იცოდეს, რამცა ქმნენ. ამისგან კიდე ღონე ვერღარა მოიგონეს, რომელ რამინ მუნითვე ქვე ჩაუშვეს, სით ამოეყვანათ, თუცა მას ვისის მოშორვებასა მუნვე სიკვდილი ერჩივა. გულითა შეშინებულითა და სახელითა აუგიანითა მივიდოდა კლდეთა შიგან, ტიროდა მოყვრისა გაყრისათვის და თმობისა კიდე ღონისა არღარაჲს ქონებისათვის. ცალკე ვისისათვის ეშინოდა მოაბადისაგან და ცალკე თავისა; გზა არ იცოდა, რამცაღა ექმნა. გულსა ეუბნებოდა:
”რას მიზამ, გულო, რას მიზამ? რაცა არ საგრძელოა ჩემი, ყველასა მას მაქნევ, ნუ ებრძვი ჩემსა ბედსა, ჴრმლითა ზოგჯერ სისხლსა ჩემსა ჰღვრი, ზოგჯერ სულთა მომაშორებ და ზოგჯერ ყოფნასა დამამწარებ!
არაკი: მშვილდოსანსა ჰგავს საწუთრო: მიწყით გაყრაა მისი ისარი და სული ჩემი სასაგნო, დათმობა ჩემი გატეხილსა ქარავანსა ჰგავს და სული ჩემი დაონავარებულსა ქალაქსა.
აწ ჴელმწიფე ნებიერი ვიყავ და აწ არნი ვარ, კლდესა შიგან მავალი. ღრუბელსა ჰგვანან, მთასა ზედან მავალსა, თვალნი ჩემნი და გულსა ჩემსა ზედა ათასსა ჭირსა სწვიმნ. ვტიროდე, რომელ შემომიჴმოს კლდემან და ცრემლთა ვიდენდე, რომელ წითლად ვღებვიდე ქვათა. ჩემსა ოხრვასა არა ჰგავს ქუხილი, მით რომელ იგი ქარისაგან იქმნების და ესე − ცეცხლისაგან. ჩემთა თვალთა არა ჰგავს ღრუბელი, მით რომელ მისგან ცვარად წვეთს და ამათგან ღვარად დის. მაგრა რა ვქმნა ესეთი, რომელ მმართებს? აჰა, აწღა გულიცა ჴელთა მქონდა და გულის-ნებაცა; აწ აღარცა გული მაქვს და არცა გულის წამღებელი მყავს. ჩემი ყოფნა ამას ჰგავს, ვითამცა ცა ყოფილ ვიყავ და აწ მიწად ქმნილ ვიყავ. გაზაფხულისა ყვავილისა უხანობასა ჰგვანდა ჩემი ლხინი”.
რა დიდი ხანი იარა რამინ კლდეთა შიგან, გონება, ტირილი, ვისის გაყრისა შეჭირვება, სამისა ამისი გონება, თუ რაშიგან ვარო, - ყველა ერთგან შეეყარა და ფერჴნი, ვითა ბორკილიანნი, ვეღარ წადგნა. თავისა გულსა და მოყვარესა ზედა ტიროდის. რა ტირილით გული იჴუის, ჯანგი გულისა მისისაგან აღიჴოცის, ვითა მოწვიმული ქვეყანა გამხიარულდის. სადაცა რამინ დაჯდის, თვალთაგან რუ ადინის მას ადგილსა. ესრე საბრალოდ მოსთქმიდის, რომელ მტერთაგანცა შესაბრალებლად ეგრე იტყოდის:
«არ იცი, გულისა წამღებო, რას ყოფასა შიგან ვარ, ანუ უშენოდ სიცოცხლე ვით გამარმებია! მე მახესა დაბმულსა კაკაბსაცა ვებრალები, შენისა სიშორისათვის შეჭირვებული. თუ რა ჭირი გინახავს, [ნუ იყოფინ!] შენ ლხინი გმართებს და სიხარული. მე ვარ ღირსი ჭირისა, რომელ თავისა სიცოცხლისა ღონე ვძებნო. მაგრა, შენმან მზემან, შენისავე საქმისათვის ვქმენ. მე ღმერთმან უშენოდ წამი სიცოცხლისა ნუ მომცეს. მე შენი სახე გულსა ჩემსა ზედა გამომისახავს. თუ შენი სიტურფე თვითო დავთვალო, დღენი არ გამიძლებენ სათქმელად და მიჴდომა არა მაქვს. თუ ტიროდენ თვალნი ჩემნი, მართალან, რადგან შენებრ ტურფასა ვეღარ ჰნახვენ. ათასითა ქენებითა ვითხოვ ღმრთისაგან, რომელ მუნამდის არ მოვკვდე, ვირე შენი პირი კვლა არ ვნახო, მაგრა, რადგან უშენო ვარ, არ ვეჭვ, რომელ ხვალემდის ცოცხალი დავრჩე”.
რა გულისა წამღებელი ვისი რამინს გაეყარა, ვითამცა ვეშპისა პირსა დარჩომილ იყო, ესრე გაჴდა და სათავისო შიში და ჭირისა გონება დაავიწყდა. რამინის საქმისა შეჭირვებისაგან, ვითა შმაგი, ბრუნევდა სახლსა შიგან და, რას იტყოდა ანუ რამცაღა ექმნა, არა იცოდა. ბროლისა ჴელითა უებროსა პირსა საბრალოდ იცემდა, ზოგჯერ პირსა იხოჭდა, ზოგჯერ თმათა იგლეჯდა, ქვეყანა მუშკითა აივსო მისთა თმათაგან, ჰაერი ცეცხლითა აივსო მისისა სულთქმისაგან. რა სულთქნის, თმათა იგლეჯდის, ციხესა შიგან ვითამცა მუშკსა და ალვასა აკვამლებდის. პირი და მკერდი დაელურჯა ცემითა და თვალთაგან მხურვალედ ევფრატი სდიოდა; გული გაჴურვებულსა შანთსა უგვანდა, რომელ, რა მკერდსა იცემდის, ნაბერწკალი სცვიოდის. სამკაული შეეჴსნა და დაეწყვიდა. მიწა მისისა სამკაულისაგან ცასა ჰგვანდა, ზედა ვარსკვლავთაებრ თვალი და მარგალიტი ელვიდა. ოქრო-ქსოვილი შესამოსელი აეჴადა, მგლოვიარეთაებრ შავი შეემოსა, გული შეჭირვებითა აღვსოდა და პირი მტვერითა. არცა მოაბადის შიში მოეგონა და არცაღა ზარდისი, ყველასა შეიჭირვებდა რამინისათვის და ამასვე იგონებდა, რომელ უაზროდ მისგან გაყრა დაემართა უნებელი.
რა შაჰი მოაბად ვისის დარბაზს შევიდა, ვისის პირი დახოჭილი ნახა და ორმოცი სტავრა და ატლასი ერთმანერთზედა გამონასკული ნახა, ვისის და ძიძასა წინა ედვა. ჯერეთ ნასკვი ნახევრამდის ვერ გაეჴსნა და მოაბად ზედა შემოესწრა. ძიძა მოაბადის შიშისაგან ფიცხლა დაიმალა, მით რომელ ყოვლისა ფათერაკისა და უნასისა მოქმედი იგი იყო. ვისის დედოფალსა თავისა ტანისამოსი გაეხია და მკლავნი თავისითა კბილითა მოეჭამნეს, მუშკის ფერნი თმანი დაეგლიჯნეს ერთობ და თვალთა სისხლისა ღვარი ჩამოსდიოდა. შაჰინშა ეგრე უთხრა:
”ვისო, დევისა შობილო და ყოვლითა წყევითა დაწყეულო! სულსა შენსა ცნობა აშორავს და თვალთა შენთა სირცხვილი, შენსა ზნესა სიმართლე მოშორვებია და ქცევისა პატივი. გაჰჴედ უზენაროდ და მოაყივნე თავისი თავი და ჩემი ჴელმწიფობა. ამას არ მითხრობ, თუ ჩემგან რა ჴამს საშენოდ მაგისად სამუქფოდ? ანუ სიკვდილისაგან კიდე სხვა რა გმართებს? აზომ მაგალითი და გრძნეული ხარ, რომელ ეგზომ მაგარი ციხე და ვაკე ადგილი სწორად გჩან. შენისა გრძნეულობისაგან არცა ესე საკვირველია, თუ ცათაგან ვარსკვლავნი ჩამოასხნე. არცა ცემისა გაგვა, არცა შეგონება გესმის, არცა ზენაარი და ფიცი არის შენი. ამას წინათცა გამომიცდიხარ ამოჲთა და მწარითა და შენსა უმეცრობასა თანა ყველა ურგები ყოფილა. არცა ჩემითა სიამოვნითა გამხიარულდები ოდეს და არცა ჩემის წყრომისაგან გეშინიან.
არაკი: ნუთუ მგელი ხარ, ყოვლისა მავნე? ნუთუ დევი ხარ, კარგისაგან აბეზარ-ქმნილი? სახედ და შვენებით თვალსა ჰგავ პატიოსანსა, ნივთად და საქმედ ბედითსა კეცისა ნალეწსა. სიტურფითა და შვენებითა დია სანდომი, სასურველი და საყვარელი ხარ და გამწირაობითა და უხანობითა საწუთროსა ჰგავ. ვაი, ესეთი შვენიერი და კეკლუცი სახე შენი და მრავლითა ავითა ზნითა და აუგითა დასვრილი!
დია მიმუდარებია შენდა ამით შეგონებითა, დია დამივედრებია შენდა იდუმლად, ვითა: ნუ იქმ, ვისო, ნუ მაწყენ ეგზომსა, რომელ შეცოდებისა ჩემისა ნაყოფი სიკვდილი არის შენი, და შენითა სირეგვნითა დასთესე ჩემისა შეცოდებისა თესლი. აწ შენგან დათესულისა მომკისა ჟამი მოვიდა. ვეღარ ვეძებ შენსა სიყვარულსა და ვეღარ გავძლებ, არ რკინა ვარ და არცა ქვა!
არაკი: ჩემგან შენისა კაცობისა მოლოდნა და წყალსა ზედა ჭრელისა წერა სწორია.
შენი შეგონება იგი არის, რომელ მლაშესა ადგილსა თესლი დავთესო. ვით შენგან სიხარული არაოდეს მინახავს და სიმწარისაგან კიდე შენგან არათ გამომისვენებია, ეგრევე მე უზენარო გექმნა; ასრე გაგაძღო სიმწარითა, რომელ რამინის სახელი ვერღა ოდეს მოიგონო, არცაღარა-ოდეს რამინ შენგან გაიხარნეს, არცა შენსა გულსა რამინის სახელი აჴსოვდეს, არცა მან შენსა წინა ორძალსა და ჩანგსა სცეს და [არცა] მას შენ გვერდით დაუჯდე მთრვალი სიყვარულითა! ეგზომი მიგაჭირვო ორთავე, რომელ ვერცა ტინი კლდენი გასძლებდენ. ვირე თქვენ ერთმანერთისა მოყვრად ხართ, მე მტერისა ძებნა გარეთ არ მინდა. ოდესცა თქვენ ერთად შეიყრებით ჩემისა სიკვდილისაგან კიდე არას იგონებთ. აწ მე იგი გიყო, რასაცა თქვენ ჩემთვის იგონებთ და მოვიცალო ჩემთა მესისხლეთაგან.
არაკი: თუ ჩემთანა გული და გონება მეცნიერთა არს, რად ორნი მტერნი უბეთა შიგან მისხენ? მტერისა შინა ყოლასა ლომისა გზასა ზედა წოლა სჯობს; მტერისა გუშაგად დგომა გველისა ფარდაგსა ჯდომა სწორია კაცისათვის”.
მერმე მოეკიდა მუშკისა ფერთა თმათა მოაბად და ნებიერსა ვისსა მიწასა ზედა ითრევდა; ვითა მპარავსა, ჴელნი უკუღმა შეუკრნა; უწყალოდ მათრახითა თავსა და ტანსა ეგზომი ყოველგან სცა, რომელ, სადაცა სცემოდის, ჴორცნი დაჴეთქოდეს და სისხლითა შესვრილ იყო. ბროლისა ტანი მისი სისხლსა ეგრე შობდა, ვითა მთა ლალსა. სადაცა მათრაჴი ვერ მიმხვდარ იყო, ლილასა დამსგავსებოდა; ტანი და ჴორცნი მისნი თეთრ-წითელი ზაფრანსა, ლილასა და ყაყაჩოსა დამსგავსებოდეს. კვლა ძიძასა ასი ეგზომი სცა, ყველა თავსა და პირსა. არ შეებრალა სასიკვდილოდ, ნუთუ ანუ მოკვდეს, ანუ გრძნეულობა და მჩხიბაობა ათქმევინოს, ადგილსა ზედა დაბნიდა. ვისი და ძიძა წითლითა მოსილთა ჰგვანდეს სისხლისა დენისაგან. აღარავინ ეჭვდა, თუ მათი სიცოცხლე ანუ დარჩომა ეგებისო. მერმე იგინი ეგრე გასრულნი ერთსა საკანსა შიგან ჩაყარნა და გული დადვა სამათოჲსა სიცოცხლისათვის და ზედა კარი მაგრად დაბეჭდა. და სამათოჲსა საქმესა ყოველი ადამიანი და ამა ამბვისა მსმენელნი შემჭირნეობდეს. და შაჰინშა ძმა მისი ზარდიცა გარდააგდო ციხისთაობისაგან და სხვასა კაცსა შეჰვედრა ციხე. თვით კვირასა ერთსა ფიცხლა იარა და მარავს ქალაქსა მივიდა. შეიჭირვებდა მათსა საქმესა და თავსა დია ანანდა ვისის ცემისათვის. თავისა გულსა ეუბნებოდა:
რაა ესე ბუნება ჩემი, რაა ესეთი კვამლი, რომელ სულისა ჩემისაგან ამოვიდა, საწუთრო და სიმრთელე მომაძულვა? რა იყო ჩემი აზომი წყრომა და დაუთმობლობა აგეთისა მოყვრისათვის, რომელ სულთაცა მერჩივნა? თუცა ყოველთა ჴელმწიფეთა ჴელმწიფე ვარ, მიჯნურობისაგან ესრე ძაბუნი ვარ, რომელ მტერთაგან საშუროდ გასრულ ვარ. რად დავეკუშტვი ესეთსა საყვარელსა, რომლისა მიჯნურობითა ხელი ვარ? მეტითა უცნობობითა თავისა სულთაცა ვებრძვი. დღეს ჰნახავ სახვალეოსა, საქმესა აღარ გაიგონებ რეგვნობითა: დღეს ერთსა საქმესა იქმ, რომლითა ხვალე გული გეტკივნების. ნუმცავინ მიჯნური გულის ურჩია, რომელ მისი ურჩობა მასვე გულსა ცეცხლად მოედებოდეს. რად ექუშვი, მიჯნურო, მას, რომლისა ლევა წამსაცა არ შეგეძლოს?”
36. შაჰროსაგან ვისისთვის მოთქმა და ტირილი
რა შაჰი მოაბად ციხით მოვიდა, თანა პირმზე აღარა ჰყვა. შაჰრო, ვისის დედამან, იგრძნა და მტირალი წინა მიეგება, პირსა ხოჭა დაიწყო და თავსა ცემა, იზახდა:
”ჰე, დედისა სულო და ყოველთა ჭირთა ლხინად შემცვალებელო, რად არ მოგიტანა მოაბად? რა წაგეკიდა ამა უზენაროჲსა დევისაგან, ანუ რა გიყო? ბედისა შენისა ქონებითა რაღა ჭირი მოგხვდა ამისგან?
მერმე მოაბადს ეგრე არქვა:
”რას მიზეზსა მითხრობ ჩემისა ვისისა არა მოყვანისასა? რა უყავ ჩემი მზე? რად გაჰჴადე უმთვაროდ ცა? შენსა დარბაზსა აწვე ნაოჴარსა გაჩვენებ, შენსა სამოთხესა ჯოჯოხეთად გასრულსა, თუ ჩემსა ასულსა დაუყოვნებლად აწვე ჴელთა არ მომცემ; დავიზახებ ასეთსა, რომელ კლდეთაცა შევებრალო და ჩემთანავე შეჭირვებულნი იზახდენ, ყოველი ჴორციელი გავაკვირვო. დავიდენ სისხლისა ღვარსა თვალთაგან, თუ ჩემსა ვისსა არ მიჩვენებ. აწვე დაგანავღლებ შენსა ჴელმწიფობასა, თვით არ გაგიმარჯვებს ღმერთი უბრალოჲსა ვისისა სისხლთა, ასრე რომელ თვით შენვე თვალნი მტერ გექმნებიან”.
რა მოაბადს წინა ესე საუბარი და სარჩელი ტირილით დაიწყო, შაჰი მოაბადცა საბრალოდ ატირდა და ეგრე უთხრა:
”თუ სტირ და თუ იცინი, თუ მწყევ და, თუ მლოცავ, ვქმენ, რაცა ვქმენ, რაღას მერგების და ნეტამცა არ მექმნა და ღმერთი არ შემრისხებოდა! ჩემი სიხარული და ჩემი პატივი გავაქარვე! შენ ვისის პირსა უმიწოსა ვეღარ ჰნახავ, თუცა მიწა არ მისგან დაშვენებული ნახო. კვიპაროზსა წაქცეულსა გაიცდი და სიყმაწვილესა მისსა მას ზედა მომთქმელსა, შვენებასა მისსა მას ზედა მტირალსა, ელვარესა პირსა მისსა დაუბნელებელსა სისხლისა ჯანგისაგან შეცვლილსა და თმათა დაცვივნულთა”.
რა ესე სიტყვა მოაბადისაგან შაჰრო მოისმინა, მიწასა ზედა დავარდა, თავსა და პირსა ცემა დაიწყო. დარბაზი მისისა ტანისაგან გასურნელდა და ცრემლთა მისთაგან სისხლისა ტბა დააყენა; გულსა შეჭირვებისა ისარი სცემოდა და მოსთქმიდა:
”ჰე, საწუთროო მუხთალო, მომპარეა ჩემი თვალი პატიოსანი? შენცა ნუთუ ჩემებრ გიყვარდა იგი თვალი და მისთვის მოიპარე, საწუთროო, რომელ, ანგართა ოქრო ვითა, დაჰფალ და დაჰმალე მიწასა? ნუთუ შეგშურდა, კვიპაროზისებრი წამიღე და საუკუნესა ვენაჴსა დარგე! რად გაზარდე, საწუთროო, ეგზომ შვენიერი და, თუ გაზარდე, ეგზომ უგრძნეულოდ რად წააქციე? აწ ოდესღა იზრდების მიწასა ქვეშე ამბარი სურნელი! ჰე, მიწაო, აქამდინ შენ კაცთა ოდენ სჭამდი და აწ მზისა და მთვარისა ჭამა დაგიწყია. რად არ გეყოფოდა, აქამდინ რად არ გასძეღ? რადღა წამიღე ჩემის გულისა გამამხიარულებელი მზე? რადგან წმიდასა ვეცხლსა მიწა სცვეთს, აწ მეშინიან, რომელ ტანსაცა შენსა ავნოს მიწამან; მით დამიბნელდა დღე ჩემი, ნათელი დააბნელა. ნუღარამცა [არს] ნაყოფთა მისთა ზრდა, რომელმანცა მიწამან მას დაფარვა ჰკადრა. აქათგან მთვარესა ელვარებისა ნათელი აღარა აქვს, რადგან ჩემი მთვარე დილეგსა შიგან დაიმალა. მე მიზრუნე, ცაო და ქვეყანაო! მით შეყრილ ხართ, ვარსკვლავნო, რომელ მე მტიროდეთ! ჰე, დედისა ნათელო, ნაკვთ-საროო, პირ-მზეო, ღაწვ-იაგუნდო, თმა-ამბარო, შენ იყავ ჩემი ჭირისა მაქარვებელი, შენ იყავ ჩემი სიქადული და სიხარული, აწ შენ აღარა მყავ! ვისითა ვიშვებდე, ვისითა ვლხინიანობდე! მე ესდენ უსამართლო ჩემი დაჭირვებულობა ვის თანა ვიჩივლო, ანუ ვის თანა ვძებნო? ვინცა შენ მოგკლა, ყოვლისა კაცისა სისხლი მან მოისხნა, მაგრა მე უფრო მომკლა ყველასაგან. ბრძენთა მოვასხამ საბერძნეთით და ჰინდოეთით, ნუთუ რა ვინ იცოდეს ღონე და სარგებელი ჩემი. ჩემო შვენიერო, შენ მარტო იყავ ამას ქვეყანასა და მით მოგეწყინა უჯუფთობა. ნუთუ სამოთხესა ჰპოო შენი მსგავსი, თვარა აქა არავინ არს. სულო ჩემო, მე ოდითგან შენი სიკვდილი მსმენია, მუნითგან ჩემი სიცოცხლე შენთანა მომკვდარა. აწ ვის ერგების შენეული სამკაული? ვინღა იჴმარნეს შენეულნი შესამოსელნი? ვინ ვპოვო შენისა სახისა შვენებითა? აწ ვიღა იკადროს შენისა ძმისა ვიროს ცნობება? ვინ შეჰმართოს ამისი თხრობა, თუ შაჰრო ვისის სიკვდილისათვის ტირსო? წავიდა კეკლუცთა მზე, დავრჩი − ვისის მძებნელი და მისი მჴსენებელი. ამა უზენაროსა ნუცამცა ღორისა ციხე დაჰრჩების და ნუმცა მთა, რომელ ჩემისა ბედისა თვალი მუნ დაბრმობილა; მუნ დაშრტა ჩემი მთვარე და მოკლული მე აღარ მიჩვენეს. აწ იხარებენ ეშმანი და ქაჯნი, იციან, თუ რაზომი ფათერაკი იქმნების ამა სისხლისა სანაცვლოდ, თუ რაზომი ჴელმწიფე და დიდებული მოკვდების. მე ვისის სისხლისა ნაცვლად ჯეონსა ვადენ მისისა მტერისა სისხლთაგან და ჩემთა თვალთაგან. და თუ ათასის ჯეონისა ოდენი სისხლი დავღვარო და მოაბადისნიცა, ერთსა წვეთსა სისხლსა ვისისასა არ ენაცვლებიან. რა ვქმნა? მიუგებელი და მიუმხვდარი არის ვისის სისხლთა ძებნა. ჰე, მარავო ქალაქო, ხორასნისა თავადო, ნუ იადვილებ ეგზომსა უსამართლოსა! წელსა წყაროჲსა ნაცვლად ფათერაკი მოვა შენსა მიწასა ზედა, ხისა ფურცელთაგან უმრავლესსა შუბსა და ჴრმალსა ჰნახავ მეომართასა. ვეღარ გაისვენოს შენზედა შაჰინშა, სისხლისა ღვარი ვადინო შენზედა. ჩაიცმიდენ აბჯარსა ვისის სისხლისა მძებნელნი. ხორავით ბახოთარამდინ ცხენოსანნი მებრძოლნი ეგზომნი მოვიდეს შენზედა, რომელ ცხენთა ფერჴთა იავარგყონ. ქვეყანა მოუოჴრდა მოაბადს ჩემისა საყვარლისა ასულისა მიზეზითა. აწ აღარა აქვს სიტკბო შაქარსა, რადგან თვალთა სანახავად მიიფარა ძოწეულნი, იაგუნდი; აწ აღარა იზრდების ნაძვი, რადგან ჩემი ხე ვალსამოჲსა წაიქცა. აწ აღარ სურნელობს მუშკი და ამბარი, რადგან უჩინო იქმნეს მათფერნი თმანი. ვარდსა სიწითლე აწღა არღარა აქვს, ვინაჲთგან ღაწვთა მისთა ფერი წაჴდა. ეგეთი ციხე, რომელ დევთა სადგომი იყო და ქაჯთა, მზე რად გაიყვანეს მას ზედა?
ვაი, ჩემო ვისო, რანისა დედოფალო!
ვაი, ჩემო ვისო, თურქეთისა ხათუნო!
ვაი, ჩემო ვისო, ხორასნისა მზეო!
ვაი, ჩემო ვისო, ქოისტანისა მთვარეო!
ვაი, ჩემო ვისო, ჴელმწიფეთა იმედო!
ვაი, ჩემო ვისო, კეკლუცთა შვენებისა წამღებო!
ვაი, ჩემო ვისო, ლაშქართა მნათობო!
ვაი, ჩემო ვისო, დედისა იმედო! რად გშობე მზე ჟამსა სიბერისასა?! ესდენ უდავლო რად ვემზახე უღმრთოსა დევსა? რად გაგზარდე, რადგან ბოლოდ უწყალოსა ქაჯსა მიგცემდი?!
აწ წავალ, სიკვდილამდის ვტირ გულითა დამწვრითა, შევალ აშქაფუთიდევანს და მუნით ჩამოვიქცევ თავსა! ლხინად მიჩნს მუნ სიკვდილი. გულის ნებასა ვერ ვჰპოებ, ვირემდის უმისოდ ვარ, უგულისნებოდ ცოცხალი ვით ვიყო? მაგრა რაზომცა სიკვდილი სანატრელად მიჩნს, მუნამდის არ მოვიკლავ თავსა, ვირემდის შაჰინშას ზედა გულის წადილი ავისრულო და ჩემგან უწინ შაჰინშა არ მოკვდეს. ვერ მოვითმენ ამას, თუმცა ჩემი ვისი მიწათა შიგან მეგონებოდეს და შაჰინშა წალკოტსა შიგან სმად ჯდეს. არ ეგების ჩემი ვისი მიწა-ქმნილი და შაჰინშა ცოლისა გვერდით მხიარული! წავალ, ფათერაკსა გავაღვიძებ, ქვეყანისაგან დამალულსა ხვაშიადსა გავამჟღავნებ.
წავალ, ქარსა მოვაჴსენებ: ”შენ იგი ქარი არა ხარ, რომელ მალვით ვისისაგან სურნელობასა იპარავდი და ქვეყანასა ზედა მოჰფენდი? აწ მისსა სიყვარულსა გაფიცებ, მისსა მტერსა ზედა მიშველე!”
მივალ, მთვარესა მოვაჴსენებ: ”შენ იგი მთვარე ხარ, რომელ სიკეკლუცე გშურდა ჩემისა ვისისათვის! მისსა შესწავლასა გაფიცებ, რომელ შენგან კიდე მისი მსგავსი არვინ იყო! მიშველე მისსა მესისხლეობასა ზედა!
წავალ, ღრუბელთა ვეუბნები: ”შენ იგი ხარ, რომელ ჩემის ვისისა თმათა ჰსახობდი, აწ მე მიშველეთ და აწვიმეთ მისისა მესისხლეობისათვის ფათერაკი, მეხი, ელვა, სეტყვა და ქუხილი და მისისა მოყვრისა ქვეყანა ააშენეთ ნელითა წვიმითა!
მივალ, მზესა მოვაჴსენებ: ”განაღა მისგან კიდე შენი მსგავსი არავინ იყო, მასვე შენებრსა დაამადლე, მისისა მტერისა ქვეყანასა ნუ აღმოხვალ და მისთა მოყვარეთა ქვეყანასა ნათობა ჰმატე!”
წავალ, ღმერთსა დამბადებელსა შევეხვეწები, მას წინაშე პირსა მიწასა დავსდებ: ”უფალო მოწყალეო, ძლიერო! მოაბადის თავსა ზედა ცეცხლი წვიმე რისხვისა შენისა! რად მიეც მორჭმა ამას უსამართლოჲსა მოქმედსა, რომელ ყოველთა დღეთა უფრო და უფრო უწყალო არის შენთა დაბადებულთათვის, არ შეიბრალებს შენთა მონათა და შენგან შექმნილსა ქვეყანასა სისხლითა აავსებს? ჴრმლისაებრ საქმე მისი გაკვეთაა და მგლისაებრ ჴელი მისი ტაცებაა. უფალო ღმერთო, მიძებნნე სისხლნი ჩემნი და უმისობითა ააოჴრე დარბაზი და ტახტი მისი! ვითა ამან უსამართლოჲსა მოქმედმან ჩემისა გულისაგან კვამლი ამოადინა, აგრე რისხვისა შენისა ალთაგან სული და გული მისი დააკლე!””.
რა შაჰი მოაბად საბრალო ტირილი ნახა და ესრე მოთქმა მოისმინა შაჰროსი, მისგან შერცხვენდა და ვიროსაგანცა შეეშინა. ეგრე უთხრა:
”ჰე, ჩემთა თვალთაგან უფრო საყვარელო და ჩემგან ქმნილთაგან დიდად ჭირ-ნახულო! შენ ჩემი და ხარ, საყვარელი, და ვირო ჩემი ძმა და ვისი, ჩემი დედოფალი და გულისა წამღები, ჩემთა თვალთა სინათლე არის და ჩემთა სულთა და ჴელმწიფობისაგან უფრო სანდომი. ვისი, ჩემი მტერი, ასრე მიყვარს, რომელ სიცოცხლეს ჩემსა იგი მირჩევია და, თუმცა თავისისა ნებისა მიმყოლი არ იყო და ჩემისა სიკვდილსაგანცა უფროსსა სააუგოსა და უსამართლოსა არ მიზმიდა, ჴელმწიფობისა ჩემისაგან დიდსა ნაყოფსა ჰპოებს. აწ მისი საქმე შენთვის დამემალა და ხვაშიადი ჩემი შენთვის მართლად არ გამომეცხადა; მე ეგეთისა კაცისა მოკლვა ვითამცა შევმართე, რომლისა სული მერჩიოს ჩემსა სულსა? თუცა მე ტყვე ვარ მისი, მას არ ვეწყალვი, ეგრეცა ესე მირჩევია, რომელ მას წინათცა მოვკვდე. აწვე გავგზავნი ციხესა კაცსა და ვისსა მოვაყვანინებ. მე წამსაცა ვერ გავსძლებ უიმისობასა და მოვსცეთ. კარგა ვიცი, რა წამეკიდების მისგან. სხვასაცა მრავალსა სიმწარესა ვჰპოებ და დიდსა უნებლობასა და სიძნელესა მივეცემი მისგან. ვირემდინცა ჩემსა სადედოსა შიგან ვისი არის დედოფლად, მისისა ხლათვისა და ორგულობისაგან კიდე სხვასა გამოსვენებასა არ მოველიო. რადგან ერთსაცა დღესა ჩემითა გულითა მხიარული არ ვარ, თუ ვისისგანცა არ მიხაროდეს, არა საკვირველი არის”.
მერმე ძმასა მისსა ზარდის ეგრე უბრძანა:
”წავედ ციხესა და ქარისაგანცა უმალე მიდი ორასის კაცითა და ორი ცხენი თანა წაიტანე და ვისი სწრაფით აქ მომგვარე!”
მივიდა ზარდი ციხესა ორასითა კაცითა და წამსა მოჰგვარა ვისი მოაბადს და შაჰროს. მერმე მოვიდა რამინ ზარდისასა და მისსა სახლსა შიგან თვე ერთი დაყო მალვით. მერმე შეეხვეწა ზარდი მოაბადს რამინის საქმისათვის და შეუნდო კვლაცა მოაბად. რამინის გახეული ბედი შეიკერა, მტერობისა დევი კვლა ქვე დაიმალა და სიხარულისა წალკოტი აყვავდა. ახლად კვლა აელვდა დარბაზი ჴელმწიფეთა ჴელმწიფისა მთვარეთა უმთვარესისა ვისის პირისაგან. ამო იყო მოაბადის ყოფნა სიხარულითა და სმითა და პირმზისა ვისის ჭვრეტითა. ბროლის ჴელი ვისისი შეღებული იყო ფეროვანითა ღვინითა. მხიარულმან მოაბად სმა დაიწყო და გულუხვად გაცემა ლაშქართა ზედა. დიდსა ხანსა ესრე სიხარულით იყვნეს. გავიდა ამბვად ყოველსა ქვეყანასა შიგან მათი ამბავი და მოაბადის მოსამართლეობისა სახელი. დაივიწყეს პირველი ჭირნახულობა.
არცა სიხარული დარჩების საწუთროჲსაგან, არცა სიმძიმილი, ბოლოსა გაასწორებს ჭირსა და ლხინსა. კაცმან გული მხიარულად დაიჭიროს, რომელ დღენი არ შეუმოკლდენ, რადგან კაცსა ბოლომდინ არ შერჩების; უსარგებლოა ცუდი დაღრეჯა.
მოაბად ცოტათა დღეთა დასაზმელად გურგანს წავიდა და მუნით სარავით მხიარული შემოვიდა მარავს, ვისის სიხარულითა გაიხარნა, მერმე თავისი დარბაზი ესრე გაიმაგრა: სადაცა სარკმელი ანუ გზა შემოსავალი იყო, ყველა დააჭედინა ჰინდოურითა ბასრითა რკინითა, რომელ ნიავი ვერსით შემოვიდოდა; ბერძულითა კლიტითა დაკლიტნა და თავისა ბეჭდითა დაბეჭდა, კლიტე ყველასი ძიძასა შეჰვედრა და ეგრე უთხრა:
”ჰე, გრძნეულობითა ჴელოვანო დევო! მე შენგან უზენარობა დია მინახავს, მაგრა აწ ზენარობითა შემოგვედრებ ამას; შეინახე კარი და შესავალი ყველაი, რომელ რამინ არსით შემოვიდეს. მე ზაულს წავალ ნადირობად და საურავად, ერთი თვე მუნ დამეყოვნების. შეინახე დარბაზი ჩემი და ესე კარნი რომელ[ნი] დამიბეჭდიან, რომელ მევე გავჴსნნე. კვლაცა გითხრობ, ზენარობით გვედრებ: თვით იცი, რომელ მინდობილობისა მიუნდობლობა უჴამსია. გამოგიცდია, ჩემი ერთგულობა სჯობს თუ არა? თუ ჩემსა უღალატობასა ზედა გპოებ, აგავსებ გულის ნებითა. ვიცი ესე, რომელ თავისა ჭირსა ვუმატებ, ოდესცა გამოცდილსა გამოვსცდი კვლა, მაგრა აწ მით გამომირჩევიხარ ამა ჴელსა ზედა, რომელ მეცნიერთაგან ესრე მასმია: ”კაცმან თავისა საქონელი მპარავსა შეჰვედროს, უკეთ შეინახავსო”.
დია შეაგონა ძიძასა, მიანდო და კლიტენი მისცნა. თვით იგი კარგსა დღესა გამოვიდა მხიარული, ქალაქისა კარსა სიახლესა დადგა და ერთი დღე მუნ იდგომა და ვისის საქმესა იგონებდა, მოშორვებასა შეიჭირვებდა და ნავღლობდა თავისა ჴელმწიფობასა. და რამინცა სათანაოდ ნადირობად ეწვია და მას წინაშე იყო. საღამოდ რამინ ქალაქს წამოვიდა და მასვე საღამოსა მოაბად სმისათვის ძებნა რამინ. ეგრე მოაჴსენეს: ”მარავს წავიდაო”. უგრძნა, თუ მისისა წასლვისა მიზეზი რა არის. რამინ რა დარბაზისა კარი ეგრე შეკრული ნახა, მოაბადის წალკოტსა ჩავიდა, რომელ დარბაზისა სიახლესა იყო და ვისის უნახაობისათვის, გახელებული ვითა, იარებოდა, გული უდუღდა, იზახდა და ეძებდა ვისის და ეგრე თქვის:
”მოყვარეო, ოდითგან მომაშორე შენსა პირსა, მუნითგან ჩემნი მტერნი იხარებენ. ერთხელ ბანთა ზედა გამოვედ, რომელ გნახო. შეჭირვებისა ჴელი ერთი თავსა ზედა მიც და ერთი გულსა. ამა ბნელსა ღამესა ესრე ვარ, ვითა უფსკრულსა ზღვასა შიგან ვირჩობი. თუცა აწ ვენაჴსა შიგან ვიარები, მაგრა ჩემთა ცრემლთაგან, ვითამცა ზღვათა შიგან, ვცურავ. მომირწყავს ბოსტანი ცრემლითა და სისხლისაგან მიწა დამიტალახებია, მაგრა რადგან შენ ჩემი აქა ყოფნა არ იცი, რას მერგების მე ესე ტირილი და ზახილი! თუ ვსულთქნე ამა მდუღარისა გულისაგან, დავწვავ მაგა დარბაზსა და კლიტეთა, მაგრა მე იგი ადგილი ვით დავწვა, სადა გულისა ჩემისა წამღებია? შენ ცეცხლი კალთასა მოგეკიდოს, მე თვით დამწვარსა გულსა სრულად დამიავლებს; მე შენი თვალნი მიწყით უწყალოდ სულისა წამღებელად მსურიან, წარბისა მშვილდად მჴმარებელნი წამწამისა ისრითა გულსა მიმსჭვალვენ. თუცა ბედსა ჩემსა შენგან მოუშორებივარ, შენი სახე ეგრეცა თვალთაგან არ მიმეფარვის, ზოგჯერ ძილსა მიკრთობს და ზოგჯერ სისხლისა ცრემლსა მადენს. ძილი ვით მიამოს შენგან შორსა მყოფსა, ანუ სულნი ვით მედგენ შენსა უჭვრეტელსა?”
დიდხან მოიტირა და ცრემლთა დენისაგან მაშვრალსა ვარდსა და ყვავილსა შუა ქვე მიეძინა, თუცა ვერცა ეგრე სრულად ეძინა გულსა ჭირითა სავსესა და თვალთა − ცრემლითა. იგი წალკოტი ჯოჯოხეთად უჩნდა. ვისის ეგრე იახლა და არცა სიახლისა ღონე ჰქონდა. კვლა ვისმან რამინის მუნ მყოფობა იცოდა და არმოახლეობისა მისისათვის, ვითა გახელებული, დარბაზსა შიგან ბრუნვიდა, პირსა იხოჭდა, სისხლისა ცრემლნი სდიოდეს. მისი ვენაჴსა [შინა] გონება უმისოდ, შანთივითა, სდაღვიდა გულსა. ათასითა შეხვეწითა ეაჯებოდა ძიძასა, თითთა უქნევდა:
”აჰა, შენდა ღმერთი, მოიგონე შენგან ჩემი გაზრდა და ჩემგან შენი სიყვარული, ერთხელ კვლა ამიგე ღონე, მეწიე და ჩემისა გულისაგან და კარისაგან ბეჭედი აიღე და ამა ბნელსა ღამესა შიგან, ვითა მთვარე, რამინის პირი მაჩვენე. შორსა გზასა წამავალია, რომელ სიცოცხლისა ჩემისა იმედსა, მას თანავე ჩემგან მოშორვებულსა, ვიგონებ. ესე ღამე ბედისა ჩემისა მსგავსად ბნელია და მე ჩემისა გულისა წამღებსა ჩემითა გზითა ბნელითა ვიგონებ. ასრე მოახლედ მყოფი, ესრე მაგრად დაბეჭდულთა კართაგან ნახვისა უღონო, რომელ ნეტარძი ჩემთვის, თუცა ასისა დღისა სავლითა მაშორვიდა, თუ ესრე უღონო ვიყავ მისისა ნახვისაგან! მოე, ძიძაო, შემიბრალე მე, თუ ვით ღმერთსა თავითგან უბედური და უგულისნებო დაუბადებივარ და ათასითა კლიტითა დაუკლიტავს გულისა ჩემისად სიხარულისა კარი. მე მისგან ესრე დაღრეჯილობა და მიჯნურობისა ჭირი მეყოფის, ეგზომი დაკლიტული კარი რადღა უნდა ჩემსა სიხარულსა და ყოფნასა? მე რა კარი დამიჴშეს, დაკოდილი ტანი და სული ჩემი კვლა დამიწყლულეს. მაშინვე უიმედო ვიქმენ სიცოცხლისაგან. რა მოყვარემან ჩემმან თმანი დამიგრუზნა, მუნითგან მით სურნელითა ტოილოჲთა გული ჩემი დაუბამს მაგრად. მაგრა ოდითგან შვენიერი სახე მისი მომეშორა, მუნითგან მასვია თვალთა შიგან პირ-ალმასი ისარი და არა მაქვსღა ღონე სიცოცხლისა გაძლებისა. შეიბრალე ჩემი სიყრმე, რომელ გაუხარებელი დავრჩე, და გამიღე წამსა ერთსა კარი, რომელ რამინ ვნახო”.
ძიძამან ეგრე უპასუხა:
”აღარ ეგების, რომელ ნიადაგ ავკაცობა და უზენარობა ვიჴმაროღა. შაჰინშასებრი ჴელმწიფე წუხელის აქათ წასრულა და ჩემთვის ეგზომჯერ ზენაარობით შემოხვეწილა, ანდერძი ვითა მოუცემია, ამას ღამე მე მისი ზენაარი ვით გავტეხო, მისგან დაბეჭდული კარი ვით გავაღო ანუ წყრომასა მისსა წინა ვით დაუდგე? თუ ასი ათასი კაცი დაკაზმული მყვეს, მე მას ვით გაუმაგრდე? თვით ესეღა უძებნია ჩემგან სამისო ერთგულობა და აწვე სამსახური მისი ვით დავაგდო, ანუ უზენარობა ვით ვქმნა? ნუღარა ეჭვ ჩემგან შაჰინშას გაწირვასა. ჯერეთ თვით ქალაქისა კართა ზედა დგას, არცა თუ დღისა ერთისა სავლითა მოგვშორვებია. ამას ვეჭვ, ღმერთმან იცის, რომელ ამას ღამესვე მუნ არ დადგნეს და აქა მოვიდეს. არ იკადრების და არცა ჴამსა ჩემგან მისი ეგზომ დიდი შეცოდება. მეშინიან, რომელ ავის ქმნისაგან ავი წაგვეკიდოს. ბრძენისა ვისმე ნათქვამია თუ: ”ავისა მოქმედსა უგრძნეულოდ ავი წაეკიდებისო».
რა ძიძამან ესრეგვარი სიტყვა უთხრა და უიმედო ყო, ეგრე მოაჴსენა:
- ”პირმთვარეო სულო, აწ შენცა კიდე წაედ თავისა საგებელთა ზედა. შაჰინშას ნუ შესცოდებ, ამასღამე დათმე, მოიჭირვე და მერმე თმობისაგან დიდხან გაიხარენ. დია მეშინიან, შენმან მზემან, ამასღამე უგრძნეულოდ მოაბადისაგან მოსლვასა და მისგან საშენოდ ავისა რაჲსმე დამართებასა. მომისმინე აწ და ეშმასა თვალი დააბრმე ამას ღამე!”
ძიძა კიდე წავიდა. ვისი უიმედო გაჴდა. საბრალოდ ბრუნვიდა დარბაზსა შიგან და გულსა მჯიღვსა იცემდა და ეძებდა ღონესა და გზასა რამინის სანახავად. გარნა არცა-სად სარკმელი პოვა ღია და არცა-სით გზა ბანთაგან გასავალი. მიაჭირვა მიჯნურობამან, დათმობისა გაუძლებელობამან და აუდუღდა გული სიყვარულით. იგონებდა და ესე პოვა ღონებად, რომელ სადა ფარდაგი იყო დარბაზსა შიგან გაბმული, ცალი წვერი კლდესა ზედა იყო დაბმული მაგრითა თოკითა, მას თოკსა ზედა უჴამურითა ფერჴითა გავიდა, ვითა მოშაითი, რომელ დარჩომისა ღონე უსაეჭო იყო. ”რა კაცსა მიჯნურობა დასჭარბდეს, საქმე საზომსა გარდაჴდეს. თავი ასრე არ ეწყალვის სიკვდილისათვის, ვითა გულმაგარსა კაცსა შებმისა ჟამსა”. რა თოკსა ზედა შევიდა, ვითა ფრინველი, ბანთა ზედა გავიდა. ქარმან თავისა საბურავი მოჰჴადა, ყელისაგან საყელო მოსწყვიდა, იალქანი თვით დარბაზსავე დარჩომოდა. რაცა ყურთა შიგან საყური ეგდო, ზოგი დალეწოდა და ზოგი გამოსცვივდა. დარჩა ბანთა ზედა შიშველი და უჴამური და ეძებდა მუნით წალკოტსა ჩასავალსა გზასა. ამისგან კიდე ვერა ღონე აიგო, რომელ კაჩასა მისი ზეწარა გამოუნასკვა სამე ხესა ზედა და მას მოეკიდა და მუნით თავი ჩამოიქცია. რაცა ტანისამოსი ეცვა, ყველა ლუსმარსა ზედა ჩამოეკიდა, დახია. მუნით ვენაჴშიგან ჩაჴდა. თუცა ადგილი ლბილი იყო, ფერჴნი ორნივე იტკივნნა, მუქასარი დახია. სადა დაცემულ იყო, მის ადგილისაგან ზე ადგა სრულად შიშველი და დანაყილი. შუაღამე ბრუნვიდა წალკოტსა შიგან, მოყვარესა ეძებდა და თვალთა ცრემლი სდიოდა და ფერჴთა სისხლი.
კვნესით თავისა ბედსა ემდურვოდა და ეგრე იტყოდა: “სადა ვძებნო შვენიერი, ჩემი გულისა სიხარული, ანუ სადა ვპოო ჩემი საყვარელი ყვავილი?”.
მერმე ეგრე თქვა:
”ჰე, სვეო, თუ უგულო ვინცა გეწყალვის, ერთი შესაბრალებელი მე ვარ. შენ არ დაშვრები და ჩემებრ ფერჴნი არ გეტკივნებიან. მოიარენ ესე წალკოტნი შიგან და ძებნენ ორფერნი ნარგისნი: ერთი უსულო და ერთი სულისა ჩემისა თმობისაგან გამომყვანებელი, და ჩემგან დამალული ნახე, თუ სად ჰპოო ესეთი კაცი, რომელ ჩემებრ მრავალი ცნობათაგან შეუცვალებია, ათასი საფარველიანი უსაფარველო უქმნია და მოუყივნებია, ათასი გული იავარ-უქმნია და ცეცხლითა დაუწვავს? ჩემსაცა ყოფასაც ხედავ, მისისა სიყვარულისა და ძებნისათვის ვით გასრულ ვარ; გულტკივნეული, დაღრეჯილი, თმობა-უქონებელი და ათასთა ფათერაკთა დასწრობილი, გამტვერიანებული ვცურავ მისისა მიჯნურობისათვის. აცნობე, ნიავო, მას, რომლისა პირსა ზედა შეიყრების ყოველი შვენიერება, ნუ იმალვის, გააღვიძე! მისგან მომართვი მუშკი, რომელ ვისუნო და ჩემგან მას მიართვი ამბარი და სცხე სუმბულსა ზედა. მოაჴსენე ჩემმაგიერ: ”ჰე, აყვავებულო წალკოტო, თავით ფერჴამდე სიხარულო და შვენებაო, მზეო გულისა წამღებელო, სიტურფითა ყოველთა ტომთა პატრონო! რად მომიდევ გახელებულსა ცეცხლი და მაცურვებ ესეთსა ბნელსა ღამესა? მე თვით გული შენგან ვერაოდეს მინახავს. ვითა მწადებია, ეგრე მორჭმით ვერაოდეს მომისვენებია შენთან. უბედურსა ბედსა ჩემსა გაუწირავ. ყოველსა ადამიანსა სძინავს და მე ოდენ მღვიძავს. მე თუ კაცთა ტომი ვარ, რად უწყალო მქმნია ესრე ღმერთი და ბედი, რომელ აღარავის ვგავ კაცთა ტომსა და ვიხარებ უგულობისაგან? ნუთუ თვით დედამან უგულო და უბედო მშობა და ნუთუ დედამან დამწყია, თუ რასაცა ეძებდე, შენგან შორს არისო? აწ ჩემი სანატრელი ჩემგან შორსაა და, თუ უიმედო ვიქმნები შენისა ნახვისაგან, დამრჩების წამლიანი ისრის პირი გულსა, შენისა პირისა ნაცვლად. და თუ თუმბუთური მუშკი ვისუნო, უბნისა მიწად მიჩნს. ჩემი სული შენ ხარ, არც მუშკი და არცა ამბარი. ჩემი წამალი შენ ხარ და უკვდავება. შენისა სიშორისა გველსა უკბენია ჩემთვის გულსა და ღვიძლსა. დაკოდილი სული ჩემი პირამდი მომსლვია და ჩემი წამლისა წამალი და თერიაყი შენი ბაგე არის და ჩემისა ბედისა მზე - შენი პირი. სადა ხარ? რად არ გამომიჩნდები? ვაი, უბედურო ბედო ჩემო, ამას ღამე რადღა მეტად აბეზარ-მექმენ? მე ჩემთა სჯა-მოუსვენებლობათათვის მტერთაგანცა საბრალო ვარ შენ ესრე, ვით თმობა, მექმენ!”
კვლა მთვარესა დაუწყო ამოსლვისათვის მუდარა. ეგრე თქვა:
”ჰე, მთვარეო! მას ღმერთსა გაფიცებ, რომელსა საყველაოდ გასამხიარულებელი გასანათებლად დაუბადებიხარ. ამოდი, ჟამია შენისა ამოსლვისა! მე სულნი ამოსლვად მიმწურვიან. ამოყვენ შუქნი მთისაგან, ნახე გულსა ჩემსა ზედა მთათა-ოდენი შეჭირვებისა ტვირთი. საწუთრო და ღამე ჯანგიანსა რკინასა ჰგვანან და სიბნელე საწუთროჲსაგანცა უფრო უზენარო მქმნია. გული აღარა მაქვს და გულისა წამღები ვერავე მიპოვნია. ზენაარ მთვარეო! შეიბრალენ ორნი ერთმანერთისაგან ხელ-ქმნილნი უერთმანერთობისათვის! ყოლაუზ გვექმენ, შეგვიხვეწენ, შეგვიბრალენ! თქვენ ორთა მთვარეთა კიდეგანობასა შიგან ჩემთვინ განაღამცა ბნელ იყო ჰაერი და არა მქონდა თვალთა ნათელი და ხედვა, რომელ ერთისა საჯდომი მაღალი ცა არის და მეორისა ტახტი და უნაგირია”.
ამა საუბარსა შიგან შუაღამე იქმნა და მთვარე ნათლად ამოვიდა, ცისაგან სიბნელე და ვისის გულისაგან შეჭირვება გააქარვა. რამინის შეჭირვებისა და მიდამო-სიარულისაგან მაშვრალსა ცრემლიანსა ვარდსა და სოსანსა შიგან ქვე მიეძინა და მოყვარემან მუნ პოვა მძინარე. რამინს გულმან უგრძნა, აიხედნა. რა დაინახა, ზე აიჭრა; მოეხვივნეს ერთმანერთსა. მზე და მთვარე ერთგან შეიყარნეს, მუშკი და ამბარი ერთგან შეიზილნეს; ვარდი, სუმბული და ნარგისი ერთად შეირია. ორთავე პირთაგან დღისაებრ განათლდა ღამე, ჭირთა აღარას აჴსენებდეს საწადელ-ასრულებისათვის, ფრინველნი შტოთა და იადონნი ვარდისა დაუბნებითა სიყვარულ-ულევარობასა მათსა აქებდეს; მათისა სიხარულისათვის წალკოტსა შიგან ყვავილნი მოცინარობდეს, ვარდი მათგან ითხოვდა სურნელობასა და ნარგისი სანდომობასა.
ამაზედა საწუთრომან და მათმან ბედმან კვლა გამოუცხადა ხვაშიადი.
37. ცნობა მოაბადისაგან ვისისი და რამინის ერთგან შეყრისა
საწუთრომან ჭირისა ნამგლითა სიხარულისა ყანა მომკო. ნუ ოდეს მოელი საქმისა მისგან სისრულესა, მით რომელ ყოველი ადამიანი და სოფლად მოსრული მისგან უპატიოა.
რა მოაბად რამინის ამბავი ცნა და მუნ მას წინაშე აღარა ყოფნა, იგრძნა მიზეზი წამოსლვისა მისისა. გაუახლდა მტერობა სამათო, იგონებდა თუ: ”ვირემდინ გავძლო მათგან ჩემი ეგზომი დაუხედაობა, ვირემდინ ვიყო ამა ჯავრსა შიგან? ვირეცა ქვეყანასა შიგან კაცი იპოების, მუნამდინცა დაიდების ესე სირცხვილად ჩემი ამბავი; სააუგოდ და საარაკოდ ქმნილ ვარ. თუ ვისი მზეცაა ცისა და სამოთხისაებრ მლოცავთა საიმედოდ საგონებელი, ჩემთვის ეგზომად - ჭირად და აუგად. არცა იგი ღირს, თუცა ბაგენი მისნი უკვდავებისანი იყვნეს, ჩემთვის ეგრეცა შხამია და, თუ ტანი მისი კაცთაგან წყლისაებრ სანდომია, ჩემთვის სიკვდილისაებრ მოუთმენელია. რა სარგებელია ჩემთვის ვისი, სულისა ჩემისა მავნებლობისაგან კიდე?
არაკი: ჩემგან ვისის შეგონება და ალიზისა რცხა სწორად სარგებელნია. მათი მინდობა და გამოცდისათვის ნავღლისა ჭამა ჰგავს ერთმანერთსა.
მაცთურისაგან ყოლაუზობა და ბრმისაგან გუშაგობა ვძებნე და ჭირი ჭირსა მოვიმატე. გამოცდილი კვლა გამოვცადე. რად ვეჭვდი ვისისგან ჩემსა სიყვარულსა, ანუ რად ვძებნე გამზრდელისა მისისაგან ჩემი ერთგულობა და მისი შენახვა? კარნი დავბეჭდენ, ბეჭედი მისსა ძიძასა შევჰვედრენ! რა უგუნური ვარ, რომელ ვერ შევჯერდი მათსა საქმესა!”
შაჰინშა ამა საგონებელსა შიგან იყო. ზოგჯერ დათმობა გამოარჩივის ესე, თუ: “ეგზომი მოყივნება კმაა, ნუღარ გაამჟღავნებ!” - და ზოგჯერ გონებასა ავცნობობა მოერიის. ადგა, ცხენსა შეჯდა და მაშინვე მარავს შემოვიდა და დარბაზისა კარსა მოჰმართა.
ძიძამან ბეჭედი და კლიტე ყველა წინა მიართვა. არცარა ძიძამან იცოდა ვისის საქმე. შაჰინშა კარი ყველა თავისა ბეჭდითა ნახა ჴელ-მიუყოფელი. რა შინა შევიდა, ვისი ვეღარა პოვა. ძებნა საცხადოსა და სამალავსა შიგან ყოველგან. ძიძასა ეგრე უბრძანა:
”რა უყავ ვისი? ესე კარი და სარკმელი ყველა ესრე შენახულია, რომელ ფრინველიცა ვერსით გავა; იგი რა ქმნილა? და თუ არტავაზსა თანა სწავლად წასრულა, თვით ესე არ უნდოდა მას; ათასისა არტავაზისებრი მოწაფე ბედითად უჩნს”.
რა ვეღარ შეიგნა, ძიძასა ეგზომი სცა, რომელ უსულო იქმნა და სიკვდილსა და მას შუა აღარა იდვა. ზოგან იალქანი პოეს, ზოგან საყელოჲსა ნაწყვეტი, ზოგან პერანგთა ნახევი. ვინამცავინ იაზრა, თუ მუშაითურებ თოკსა ზედა გასრულა და მუნით ბანთა და მერმე წალკოტსა ჩახლტომილა? შაჰინშა მრავლითა სანთლითა და მაშხალითა დარბაზით მას წალკოტსა ჩავიდა. ვისმან შორით მაშხალისა სინათლე დაინახა, შიშითა სული ჴორცთაგან გაეყარა, რამინისათვისვე შეეშინა. ეგრე უთხრა:
”ადეგ, შაჰინშა მოვიდა უღონიოდ და შენ კიდე წაედ სწრაფით, მტერისაგან მოკრძალვა არ უჴამსია. აწ ჩემად მოკლვად მოაბად მოვა. გარნა მე რაღა გინდა წამეკიდოს, ჩემთვის იგი მშიერსა ლომსა ჰგავს, ირმისათვის გამოჭრილსა, შენ ღმერთმან მშვიდობა მოგცეს და საშენო ჭირი და საძნელო საქმე რაცა გაგებულია, მევე მანაცვალოს. წაე, შენ გარდაიხვეწე. მე ვიყო აქა ფათერაკისა ღვარისაგან წაღების მომლოდე. მე თვით უბედურობისათვის საარაკოდ დაბადებული ვარ ქვეყანასა ზედა. ერთისა შენისა კოცნისაგან ესეთი სიხარული არაოდეს მომხდომია, თუცა იმის ნაცვალი ასი მათრაჴი იმისგან არა მცემოდა. ერთსა ხურმასა უეკლოდ ვერაოდეს ვჭამ და ვერცა უჭიროდ გავიხარებ”.
რამინ ესრე გაჴდა, რომე ღონე არღარაჲსა ჰქონდა, საკლავად შეკრულსა ვითა წაუვიდა ძალი გულისა და ჴმარება ჴელთა და ფერჴთა; მართ სახელი ოდენ დარჩა ვისის მოშორვებისა დასკვნითა და სრულად სიკვდილისა მნატრელი იყო. მერმე სხვა არა ეგებოდა, ადგა და ესრე ფიცხლად წავიდა, რომელ თვალი არ ეწეოდა. ბადისაგან წასრული ორმოსა ჩაიჭრა. უვისობისა ჭირთაგან საგონებლიანი თავისა დაჴსნა ვისის მუნ დაგდებისათვის აღარად უხაროდა. შეჰჴდა მიუჭირვებლად კარგად მაღლისა ზღუდისაგან და წავიდა ფათერაკთაგან დაჴსნილი.
ვისი მასვე ადგილსა მიწვა და თავი მოიმძინარა. ჴელი თავსა შემოიგდო და გული სისხლსა თვალთა უმწდეობდის. შაჰინშა ზედა წმოადგა ქვემწოლსა, უყივლა და ფერჴითა ძრვიდა. პასუხი, ვითა უსულომან, არ გამოსცა. რამინის საძებნელად ყოველგან კაცნი გაგზავნნა ცხენოსანნი და ქვეითნიცა და ვერა სადა პოეს. არცარა მას წალკოტსა შიგან სულიერი იყო ფრინველთაგან კიდე. შაჰინშა ვისის თმათა მოეკიდა, ჴრმალი ამოიღო და ეგრე უბრძანა:
”მითხარ მართალი, თუ რაჲთა ილათითა გამოხველ აქა? ესრე შენახვით დამეგდო კარი და სარკმელი! ანუ რამინ რა უყავ, ერთსა ღამესა ვერ შეინახე ჩემი მცნება და წვრთა? ფრინველი არა ხარ და, თუ დევი ხარ ანუ გრძნეული, რკინითა რად არ შეინახვი? არა ღონეა დაჭირვისა შენისა. ცნობა ასრე გაშორავს, ვითა ცა. წადილთა ასრულება ასრე გახლავს, ვითა სულნი. უბედურისა გონებისა უფალი ხარ, ორთა თვალთა ხედვება და ორთა ყურთა სმენა შენთვის უჴმარია.
არაკი: შენი შეგონება ასრე უსარგებლოა, ვითა უღონოჲსათვის ქოთანი და მგზავრისათვის იალქანი.
მე ოდეს გწვრთი და შეგაგონებ, ცნობისაგანცა აბეზარ-იქმნები. რგებისა ნაცვლად მე შენგან ეგზომი აუგი და უპატიობა მომითმენია, რომელ თვითო ეგზომ ას-ასად მიჩნს. შენ ეშმა ხარ, რომელ კარგსა სახელსა მიწყით ჰფრთხები და, თუ შორის სიმართლე დაინახო, სული ესრე ვერ გაგიძლებს, რომელ ზახილსა დაიწყებს მისისა ჭვრეტისაგან; წმიდასა გულსა დანასა შესცემ და კარგთა შეარცხვენ. თუ დევად გთქვა, მეტურფები, თუ - ეშმად, იგი შავი მასმია. ყველა პატიოსანი აუგიანი გიქმნია და ყოვლისა კაცისა სახელი გაგიტეხია. შენებრითა უსირცხვილობითა არავინ მინახავს და არცავინ ჩემებრ შეუჯერებელი. შენისა აგეთისა სიყვარულითა სირცხვილი წამსლვია. შენნი სისხლნი დასაღვრელად ალალნია, მით რომელ შენი სული მრავალთა შესაჭირვებელია. შენისა მოწვრთნისა წამალი ამა ჴრმლითა შენისა მოკლვისაგან კიდე არა ვიცი”.
თავისა მოკვეთასა ლამობდა და მას მის ჴრმლისაგან ეგზომი შიში არა ჰქონდა, ვითა ურამინობისა შეჭირვება. მერმე ზარდი, მისი ძმა, მივიდა და ეგრე მოაჴსენა:
”მაღალო ჴელმწიფეო! ღმერთმან გაამრავლნეს სიმხიარულისა დღენი თქვენნი! თვით შენი საქმე გაიგონე, თუ აწ მაგისითა მოკლვითა უკანის რას ჭირსა მიეცემი! გამოგიცდია ერთხელ მაგისი სიშორე და რა წაგეკიდა და ქვეყანისა ყოფისა და ლაშქართაგან ვით აბეზარ-იქმენ მაგისათვის. თვით იცი, თუ რაზომნი ცრემლნი დაღვარენ. ამისისა სახე-თვალადობისა მსგავსი სხვა არა იპოვების ქვეყანასა ზედა, არცა ღმერთსა დაუბადებია. თუ მოკლავ, იცოდე რომელ სინანულსა ჩაიჭრები და უკანის აღარა გერგების. იგი მაშინდელი ფერი თუ გეკეთა, აწ მეორეჴელ ეგეთითავე შეიღებე. ოდეს მოგეშორვა, გინახავს მაშინცა, რომელ ზოგჯერ ველურთა თხათაებრ მინდორსა იარებოდი უცნობო და ზოგჯერ თევზთაებრ ზღვათა შიგან ცურვიდი. არ დაგრჩა ადგილი ესეთი, სადაცა მისისა ძებნისათვის მისრულმან ჭირი არ ნახე. აწ ადრე დაგვიწყებიან იგი ჭირნი, რომელ მისისა მიჯნურობისათვის გარდაგიჴდიან, და ჩვენ, შენთა მონათა, სათქვენოჲსა გონებისაგან სიცოცხლე ჩვენი არად გვხარებია. აწ მოიგონე შაჰროს პატივი და ვიროს სიყვარული და სამსახური და თვით შენი ფიცი, რომელ შეგიფიცავს ღმრთისა და ყოველთა მისთა წმიდათა, და ნუ გატეხ ფიცსა, რომელ ფიცისა გატეხა არა რომელსა ყოფნასა კაცისათვის უვნებია. თუ კვლაცა რაოდენს შეუცოდებია, აწ უღონიოდ შეუცოდებელია. ჰხედავ, რომელ მარტო წევს ამა ბაღსა შიგან და ესე არ საკვირველია და, თუცა ვინ ჰხლებოდა, აქათ გარდახვეწა არავისგან იქმნებოდა ესრე მაღალთა ზღუდეთაგან. ნუ გაჰჴდი უბრალოსა შეცოდებულისად. და კარნი რკინისანი შენახვით გვიპოვნია. თუმცა ვინ ამასღამე აქა ყოფილ იყო, არა დაგვეფარვოდა. კაცისაგან აქათ გარდახვეწა არ ეგების. ჰკითხე, ნუთუ-რა ვით-რა ათქმევინო, რომელ მართალი სცნა და ეგრე შეანანო, თვარა უბრალოჲსა მაგისისა სიკვდილითა თავსა უფრო ავნებ!”
ამა ზარდისა მოჴსენებამან აჯითა მოაბადს გული მო-რე-ულბო. ჴელსა მოეკიდა და შინა წამოიყვანა. ვისის ეგრე უბრძანა:
”ვიცი, არცა დევი ხარ და არცა ეშმა. თუ გრძნეულობითა რაიმე არ გარდახვედ, რაით საქმითა შეხვედ ამა ბაღსა შიგან?”.
აფიცებდა დამბადებელისა ღმრთისა ძალითა და ცეცხლითა მართლისა თქმისათვის. მერმეღა ვისმან პასუხი გამოსცა და ეგრე მოაჴსენა:
”ჩემზედა ღმერთი მიწყით მოწყალეა. იგი არაოდეს გამწირავს და მოურავია ჩემისა საქმისა. არღარა მგამა შენისა წყრომისა, მით რომელ მას ჩემად შემწედ ვიგონებ. შენ მიწყით ჩემზედ უღმრთობასა მოიღებ, უბრალოსა მაჭირვებ, მიწყით ჭირსა შინა გყავ და მაპატიმრებ, დამჭედ, დამღრეჯ, მცემ, უპატიოდ დამიჭირავ და სიკვდილსა მომლოდე ვარ შენგან ნიადაგ. მე ჩემი დამბადებელი მიჴსნის ყოველთა ჭირთაგან; იგი გამომიჴსნის, მალხენს, გამომიყვანს, გამკურნებს, გამამხიარულებს, შემინახავს, დამიცავს და მატებულ მყოფს. შენ რასცა ჩემთვის იქმ, მას ღმერთსა ზედა იქმ, მას ემტერები, არა მე. ღმერთია ყოველთა დაღონებულთა ღონე და ჴელისამპყრობელი. მე იგი ნუგეშინის-მცემელად მეყოფის და მჴსნელად. მე წუხელის შენისა პატიმრობისაგან მიჭირვებული, მტირალი გულითა წყლულითა, შევეხვეწე ღმერთსა, რაცა შენგან უსამართლობანი მჭირდეს; ტირილით ვიკადრენ და ეგეთსა მასვე ადგილსა ზედა მიმეძინა. მოვიდა შვენიერი ანგელოზი მწვანოსანი, გამომიყვანა შენისა საკნისაგან და ესრე მომიყვანა, რომელ თმისაოდენიცა არა მტკივნებია. ამოდ მეძინა. აქა ლბილად ვწევ. ჩემი საწყენელი სამძიმარი გულსა შიგან აღარარა ჩამაწევდა და აღარცარა ჩემი უნებელი მჭირდა. ყოველნი ჭირნი ლხინად შემცვალებოდეს, ყოველნი საწადელნი ამსრულებოდეს. რა ჴმა და სინათლე ვიგრძენ, კვლა ჭირად მომექცა ჩემი საქმე. შენ შემოგხედენ, დაგინახე ჩემზედა წამოდგომილი, ჴრმალ-მოწვდილი. ამის მეტი არა ვიცი. შენ გწადიან, დაიჯერე ესე და, თუ არა, ნუ. ჩემი საქმე ესრე იყო. შენ ვითა გწადიან, ეგრე დაიჯერე. შენი ნაქმარი ჩემზედა თუ არ ყველა უსამართლოა, ღმერთი ასრე არ მიჴსნიდა, არცა ეგრე-რად მძინარე შემცოდე ეგების!”
შაჰინშა ესე ვისის სათქმელი დაიჯერა, მართალსა მიაფერა, შეიჭირვა, დია ღმრთისაგან შეეშინა. მისსა ნაქმარსა ინანდა, შენდობა სთხოვა და ვისის და ძიძასა დიადი უბოძა თვალი და მარგალიტი, ოქრო და ლარი. და დაამდეს ერთგან, დაივიწყეს საერთმანერთო ავი ნაქმარი და მხიარულობდეს.
ასეთია გული ადამის ტომთა, რომელ გარდასრულისა ჭირისა ლხინსა შიგან დამვიწყებელია: არცა შეჭირვება გუშინდელი დარჩების და არცა მოლოდინი ხვალისა. თუ ათასსაცა წელიწადსა მხიარული იყო, ვითა ერთი დღე, ეგრე გარდავა და, თუ შეიჭირვებდე ერთსა წამსა, ას წელიწადად გაგიჴდების. თუ იხარებდე, თუ შეიჭირვებდე, შენ იგი დაგრჩების. მხიარულად იყავ, რომელ თავისა დღისა ნაწილი სიხარულითა აიღო.
38. მოაბადისაგან შაჰროსი და ვიროს წვევა და ნადიმის ქმნა
ზაფხულისა ჟამი იყო, დღე - ამო. მინდორნი, ველნი და წალკოტნი სამოთხესა ჰგვანდეს. ხენი - ნაყოფიანნი, წყალნი - მდინარენი. და ფრინველნი ზედა დამღეროდეს. ნარგისნი მწდეთა ჰგვანდის და იანი თავ-ჩამოგდებულობითა - მთრვალთა, შტონი ნაყოფისაგან - ნოშრევანისა გვირგვინსა სიტურფითა, ველნი სიმწვანითა - ზურმუხტსა და მთანი - ბეჟმედსა. ყოველი ქვეყანა ყვავილითა, სიტურფითა და სურნელობითა ავსილ იყო. საწუთრო ახალ სძლისაებრ ნაზობდა.
ჯდა წალკოტსა შიგან შაჰინშა და უჯდა გვერდით პირმზე ვისი. მარჯვნით უჯდა ვირო და მარცხენასა მჴარსა შაჰრო, პირისპირ ჯდა რამინ და წინა სხდეს ხასნი. მუტრიბნი იმღერდეს, სმიდეს და გაიხარებდეს. იყო დიდებულთა ჯალაბობა. მგოსანმა სიმღერა თქვა ვისისა და რამინის მიჯნურობასა ზედა. ვინცა კარგად გაიგონებდა, შეეტყვებოდა ძალი სათქმელსა. იამა შაჰინშასა, ეგრე უბრძანა:
”ამოდ თქვი ეგე სიმღერა. აწ ვისის და რამინის მიჯნურობასა ზედა სხვა სიმღერა თქვი და გამოაცხადე მათი საქმე”.
ვისი, რა ესე მოისმინა, მუტრიბსა საბოძვარი უბოძა და ეგრე უბრძანა:
”რადგან შაჰინშას ჩემის საქმისა გამოცხადება სწადიან, ვისღა უმალავ, თქვიო!”
მუტრიბმან იგივე სიმღერა თქვა, ვითა: “ვნახე ხე დიდი და თავი მისი ცათამდის და ჩრდილსა ქვეშე დაეპყრა ქვეყანა და მზისაებრ ნათობდა. ქვეშე წყარო კეკლუცი დიოდა და მიდამო ია და ვარდი ყვაოდა, სუმბული და სოსანი. მისსა სიახლესა მოზვერი იყო მსუქანი, ზოგჯერ სათიბსა მოსძოვს. მიწყითმცა წყარო იგი მდინარეა დაულევნელი და სათიბი მწვანედ და მოზვერი მსუქნად და მძოვნელად, ხე ნაყოფიანად!”
ხედ შაჰინშა ეთქვა, წყაროდ - ვისი და ლაღი მოზვერი რამინ იყო.
რა ესე სიმღერა გამოცხადებითა კარგად გაიგონა, მოაბად ზე აიჭრა საჯდომთაგან და რამინს თმანი შესტაცნა, მოიწვადა დანა და ეგრე უთხრა:
”შემომფიცე აწვე, რომელ ვისის სიყვარული აღარ გქონდეს და არცაღა ოდეს დაეკარო, თვარა აწვე ავიღებ თავსა შენსა ტანისა შენისაგან, რადგან ტანი ჩემი შენისა აუგისაგან უთავო იარების”.
რამინ ეგრე შეჰფიცა მათითა საფიცითა მტკიცედ: პირველ - ღმრთითა, მერმე - ცეცხლითა, მზითა და მთვარითა, რომელ: ”ვირე სულნი მედგან, არცა დავაგდებ და არცა მისისა ძებნისაგან მოვისვენებ. და ჩემთა დღეთა მას შევაწევ, ასრე არ გავწირავ. თქვენ სალოცავად მზე გიჩნს ცისა და მე - ვისის პირი. იგი სული არის ჩემი და თავისა ნებითა კაცისაგან სულთა ლევა არ ეგების. შენ თუ გწადიან, მომკალ, და გწადიან, დამარჩინე. მე მისსა სიყვარულსა ვერ ველევი!”
შაჰინშას რა ესე ესმა, მეტად გაუწყრა და გინება დაუწყო; ქვე დადვა, თავის მოკვეთასა ჰლამობდა და, სადაცა ეგზომ ძნელი სიყვარული სჭირს, მის ადგილისა დანითა გამოკვეთასა. რა რამინ მოკლვა დაისკვნა, ორნივე ჴელნი დაუჭირნა მოაბადს, ჴელთა დანა გამოუღო და წამოვიდა.
მოაბადს თვით ეთრო და ამას ზედა სმა გამოიყარა, დაეძინა. დილასა აღარ აჴსოვდა მოაბადს, თუ რა წაჰკიდებოდა. მიჯნურობისა და სიმთრვალობისაგან კიდე ცნობა გაქცეოდა. სიმთრვალესა შიგან შეეტყვების კაცსა, თუ რას ზნისა მქონებელია. მოაბადს თუ ესე ორი ზნე არა სჭირვებოდა, არცარა ავი წაეკიდებოდა იმასა.